ინსტინქტი (მეორე)

download

როცა ვინმე იგებს, რომ ჩემი სამუშაო ადგილი მორგია, ანატომიური შეკითხვები უჩნდება, მაგალითად, რამდენ ხანში უდედდება გვამს სისხლი ან ორგანოებით თუ ვვაჭრობთ. მაგრამ უფრო ხშირია პირადი ხასიათის ინტერესი, მაგალითად, მარად სევდიან მუსიკას თუ ვუსმენ ან ახლობლის სიკვდილი მადარდებს თუ არა. პარალელურად ვმუშაობ კომპანიისთვის, რომელიც სექსოლოგიურ კლინიკასთანაა კავშირში. ეტყობა დეპროდუქციულობაზე ტასკმა რეპროდუქციულობისკენ დამლინკა.

ყველაზე რთული ქეისი გვაქვს ამჟამად, პოსტ საოპერაციო ლეველზე გვყავს ქალი და რეაბილიტაციას გადის, ვისაც საშო და საშვილოსნო არ გააჩნდა. ქირურგებმა არეალი ხელოვნურად გამოუშიგნეს, ნერვული დაბოლოებები შეუკოწიწეს, რადგან თავი სოციუმის სრულფასოვან წევრად ეგრძნო, თუმცა საქმის კურსშია, რომ შვილოსნობას ვერასდროს შეძლებს. ეს ფასადი უკვე ჩემამდე მიაწოდეს უფრო კომპეტენტურმა პირებმა. გინახავთ პლასტიკური ქირურგის სნობობა? გინახავთ სექსოლოგები როგორი სნობები არიან? და ახლა წარმოიდგინეთ პლასტიკური ქირურგი სექსოლოგიის განხრით. ჩემი აზრით, მათ უნდა მივათხოვოთ სილამაზის სალონში მომუშავე ქალები, ინერციებზე ან ჟანგბადის პროცედურებზე.

“ჩემსავით მორიელი ხარ? ალბათ ძალიან ერთგული ცოლი იქნები. აი, მეორე ქმარი მერწყული მყავდა და იმდენად ერთგული იყო, სხვისკენ არც მე გამიხედავს”, – მესაუბრება ერთ-ერთი ჩვეულებრივი სალონური საუბრებით კაცებზე. “არ ვიცი, არა”, – ეთიკის გამო ვპასუხობ პირად შეკითხვებს ორალურად, რადგან პირადზე მხოლოდ წერა მიყვარს. რომ მოეწერა ვეტყოდი, რომ პოლიგამი ვარ. ან არა, – “უნდა დაასწრო ღალატი სანამ ის გიღალატებს”, – ან რამე ასეთს, უფრო კომუნიკაბელურს.

ფრჩხილების გაკეთება ჩემთვის დიდ ნერვულ შეტევებთან ასოცირდება ქლიბისადმი ჩემი სენსიტიური გრძნობების გამო. არ ძალმიძს საკუთარ თავს ეს ტკივილი თავადვე მივაყენო, ამიტომ ვირჩევ მომსახურეობას, თან მაინცდამაინც ამ ქალს, ვისაც ცხოვრებაში არც ერთ ქმართან არ გაუმართლა, როგორც ვატყობ არც ამჟამინდელ საყვარელთან უმართლებს და იმდენად ბევრს მიყვება ამაზე, რომ მგონია მე მეხება. ეს მე ვიყავი მორიელი, ვისაც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი უყვარდა. ან ეს მე ვარ თითქოს შვილი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლის. და, რომლის ძმაც საზღვარგარეთ გადაიხვეწა. მაინცდამაინც ამ ქალს, რადგან ჯადოსნური ქლიბის პატრონია. იმდენად დელიკატურად ქლიბავს ჩემს ძვლებს, რომ მალებში არ მღრღნის. “სად მუშაობ?” “იმპორტსა და ექსპორტზე მომუშავე კომპანიაში”, – ვუპასუხე.

და როცა თვეების მანძილზე ისტორიები მესამე წრეზე მომიყვა, დადგა დრო რომ მეკითხა: “რატომ შორდებოდით შენ და ის ქმრები?” – მეგონა მეტყოდა რომ ურთიერთობა რთული რამაა, კუდმოქნეულ ამბებს დამიცხობდა, მაგრამ ძალიან ლაკონურად მიპასუხა: “უშვილო ვარ”. ამის მოსმენაზე დამექლიბა ხერხემალი, მეშვიდე მალასთან ძვალი შევიწროვდა, – ქლიბმა თავისი ჯადოსნობა დაკარგა. მორგში როცა მივედი აბორტის ჩანასახები დამახვედრეს. ჩვენთვის აბორტის ჩანასახები სოკოებივით მრავლდება. გავიხსენე ეს ჯადოსნურ ქლიბიანი ქალი, ვაგინას გარეშე დაბადებული ბავშვი, რადიოში ტექნო ფმ დავიჭირე და ვიფიქრე: “ორგანოები უნდა გავყიდო!”

როცა მამა პატარა იყო

MjAxMS1kOWZmY2VmNWI2Mzg5NDkx

ხნიერი ნათესავის გარდაცვალების მერე ქელეხი არაა იმდენად გლოვა მიცვალებულზე, თუ რა გვეშველება მომავალში, არამედ წარსულის გახსენება უფროა. ალბათ ძალიან სევდიანია როცა თაობაში ბოლო დარჩენილი წევრიც კვდება მარტოობაში. მაგრამ მამხიარულებს აღმოჩენა, რომ ახალგაზრდობის ასაკიც გამოიარა და თიხისგან სტატიკურ ასაკში არ ჩამოსხმულა. მაგალითად, აწ გარდაცვლილი პირადი მოცეკვავე ყოფილა 60-იანი წლების მამაკაცებში. არა და ჩემს ცხოვრებაში მუდამ ელარჯთან ასოცირებული ბებია იყო. კიდევ აღმოვაჩინე, რომ 50+ ასაკის ნათესავები ჰიპსტერები მყოლია. მეკითხებიან: “სოციალურ ქსელში ხარ?” ვპასუხობ: “ფეისბუქში არ ვარ.” “ფეისბუქში არც ჩვენ ვართ, გოსტზე, ლინკედინზე, თამბლერზე ან ტვიტერში?” – სასიამოვნოდ გამაოცეს მოხუცებმა. მაგრამ ის შეკითხვა მაინც დამისვეს: დედა გიყვარს თუ მამაო. დედაჩემმა იეჭვიანა, ოჰ, ეს მამიკოს გოგოაო. ამასობაში აღმოვაჩინე რომ დედაჩემი ახალგაზრდობაში ბიძაშვილებთან ერთად ავტოსტოპით მგზავრობდა. ვერ წარმომიდგენია დედაჩემი მოლაშქრე, მგონია, რომ უკვე ორ შვილთან ერთად დაიბადა.

სათაური საბავშვო წიგნიდან ავიღე, სადაც მამა ავადმყოფ შვილს ზღაპრების ნაცვლად პირად ამბებს უკითხავს. მე კიდევ ზღაპრების გოგო ვარ, მშობლებთან დისტანციით აღზრდილი ფაიფურის თოჯინა, რომელიც სერვანდზე დადეს და მინის მიღმა რეალობას მოწყვიტეს, ტიპური მამიკოს გოგო. სანამ ნათესავები საუბრობდნენ როგორ ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ვიქეცი, თვალებს ვნაბავდი და ვიხსენებდი თუ როდის გადავწყვიტე მამის კალთიდან გამოყოფა. საქმე ისაა, რომ მამაჩემს ორივე ომი აქვს გადატანილი საკუთარ ტყავზე. მაგალითად, გალში, სადაც არა რიგით ჯარისკაცად, არამედ ტყვეების გასათავისუფლებლად გაუშვეს, მტრის ბანაკიში შესაპარებლად. რომ ვერ გაიგეს რომელი მხარე იყო, აფხაზებიც და ქართველებიც ორივე უშენდა ტყვიებს. ჩამოვიდა კაცი ნახევრად ინვალიდი, სმენის პრობლემებით და პირველად ვნახე ასე ერთ კვირაში გაჭაღარავებული ადამიანი. მეორე დღეს დაისვენა და მესამე დღეს სამსახურში გავიდა, რადგან ოჯახს შენახვა უნდოდა. სამართალდამცავი იყო, წარმოიდგინეთ, 90-იანების ანარქიულობაში სამართლის დაცვა. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან კარგად უნდა მესწავლა, უნდა მემუშავა ძალიან ბევრი, რომ ერთხელაც მამას დაესვენა. ჩემი აზრით, ძირითადად, ფემინიზმი მამების სიყვარულია, პასუხისმგებლობაა კაცების მიმართ. ეს არაა ბრძოლა კაცის წინააღმდეგ, არამედ სიყვარულის მოპოვების ცდაა. მინდა ვუთხრა, რომ მომცეს მისი ტვირთი, ცოტათი დაასვენოს ბეჭები, რადგან იმსახურებს.

ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

რა ძუნწი უნდა იყო

ძუნწი უნდა იყო რომ კრემაცია მოგინდეს, გამოიკეტო დაფერფლილი სხეული რომელიმე მეტალის ჭურჭელში ოჯახის წევრებისთვის სასუვენირედ. ძუნწი უნდა იყო, რომ გაანადგურო შენი ნალოლიავები სხეული და მატლები მშივრები დატოვო. ან გამოკეტო სხეული მეტალის კუბოში და დაგენანოს სხეული ნადირთა საგლეჯად, როცა სიცოცხლეში თავად სიხარულით მიირთმევდი მათ. ვალის არგადახდა ჰქვია ამას. ძუნწი უნდა იყო, ეკონომიური კრიზისისას უყურებდე გადაცემას როგორ აკეთებდნენ ფაშისტები ადამიანებისგან საპნებს და ფიქრობდე რომ ეს ამორალურია, თან ვეშაპის ქონისგან დამზადებულ ტუჩსაცხებს ხმარობდე. ძუნწი უნდა იყო, რომ წვავდე გარდაცვლილ სხეულს როცა ორგანოების დონორები ცოცხალი ადამიანები არიან. არა და იქნებ შენი სხეული ქმნის გარდატეხას მეცნიერებაში? დამანაწევრეთ, როცა მე წავალ.

ეს ჩემი სახლი არ არის

5676487568

ჩემი სააბაზანოს სარკმელი ისეა მოთავსებული, რომ მზის ეგზალტაციის პირველ მეორედში საშხაპე ონკანს თუ მოვუშვებ, ოთახში ცისარტყელა დგება. ამბობენ, თუ ცისარტყელას ქვეშ გაივლიან, გაბედნიერდებიან. მე კიდევ ვბანაობ, ვქაფდები და ცისარტყელას ფერებში ვბრჭყვინავ. ნეტა, სხვები თუ იქმნიან ცისარტყელებს სააბაზანოებში, მაგალითად, დედები წყლისმოშიშე შვილებს საბანაოდ ფერადოვნებით თუ იტყუებენ ან ფრიგიდული ქალები ცისარტყელას ქვეშ თუ ანძრევენ ოდესმე ბედნიერი ორგაზმის ლოდინში გოდოსავით.

ძველად ეზოდან ბაბუაწვერებს გავაფრენდი ხოლმე ბებიასთან მოსაკითხად და ქოშინით შემოვრბოდი სახლში ბებოსთან ტელეფონით გადასარეკად: “ბე, ბაბუაწვერა გამოვგზავნე და დახვდიი”. ის დრო იყო, როცა ზღაპრებს ჯერ კიდევ მშობლები მიყვებოდნენ და სატელეფონო ქსელები ერთმანეთზე იმდენად გადახლართულიყო, საჭირო ადგილას დასარეკად მთელი თბილისი უნდა შემოგეკითხა. და როცა სატელეფონო მილებივით ვიხუჭუჭებდი თითებზე თმას, ვფიქრობდი იმ ზღაპრულ სამყაროზე, სადაც დიდი ადამიანები ბინადრობენ და მე კი ბაბუაწვერა ვარ: ორი თითით ამიყვანდნენ ხელში კისერით, ვინაიდან მცენარეები თავდაღმა ვიზრდებით, რეპროდუქციული ორგანოებით მაღლა, სულს შემიბერავდნენ და ბებიების მოსაკითხად ათეულ ნაწილებად გამაცამტვერებდნენ. თითოეული ჩემი წვერი იწყებდა დამოუკიდებელ თავგადასავალს ბებიამდე მისასვლელ გზამდე.

ეს ის დრო იყო, როცა აფხაზები ჯერ კიდევ საქართველოს პასპორტებით მოგზაურობდნენ ევროპაში, რუსეთში ელცინის მდგომარეობა უარესდებოდა, ხოლო საქართველოში ტრამვაის მძღოლებს ჯერ კიდევ ამაოდ სჯეროდათ შევარდნაძე მუშაობის სანაცვლოდ რომ მათ ბინებს დაურიგებდა. ეს ის დრო იყო, როცა ვიცოდი, თუ ცუდად მოვიქცეოდი, სიკვდილის მერე ჯოჯოხეთის ცხელი წყლები მელოდა, მეთქი წინდახედული გოგო ვარ, ახლავე თუ შევეჩვევი სიცხეს, მერე აღარ გამიჭირდება, ამიტომ ადუღებულ წყალში ვბანაობდი. მხოლოდ ცივი წყალი რომ მოდიოდა და საღამოობით ვედროებით პლიტაზე ვაცხელებდით. მეზობელი გვსტუმრობდა ხოლმე ტელევიზორის საყურებლად და ერთხელაც დედას ჩემზე კითხა. “იცის?” არაო. მივხვდი, რომ რაღაც საიდუმლო არსებობდა და გავიფიცე. მახსოვს როგორ მომიჯდა პატარა სკამით სააბაზანოში ჯერ კიდევ თმაშეუღებავი დედა. ალბათ ყველა გოგოს ახსოვს სად და რა ვითარებაში გაიგო თვიურ სისხლდენასა და ფეხმძიმობაზე. ალბათ უნდა უარმეყო თავად დედა რომ დედობაზე გამეგო. გარდატეხა გამიჭირდა: თმა გამიუფერულდა, კბილები გამიტყდა, სათამაშოების ნაცვლად სახლში გულის ფეთქვის მზომი აპარატი დაიდგა, – ეტყობა რთულად ვიღებ სიახლეს.

465465

ეს შენობა არ არის ჩემი სახლი, სიმყუდროვისთვის წითელი აგურებით ნაშენები, მშობლიურობისთვის ფეხქვეშ დაგებული ხეებით, სიმშვიდისთვის ქოთნებში გადარგული ყვავილებით. პირიქით, როცა ეს შენობა შემოდის ჩემში, თავს სახლში გრძნობს. “ეს ჩემი ხეა”, – მეუბნება მერამდენე მეგობარი უდაბურში ამოსულ ერთადერთ ხეზე ჩემი ერთი ბაბუაწვერული მოგზაურობისას. მე კიდევ თვალი ტყის რიგითი ხეებისკენ გამირბის, ტყის წყობაში არაფრით გამორჩეულისკენ და ვჩურჩულებ: “რომელიღაც ვარ, უინდივიდო”. ესაა ერთი კაფეში ყოფნის ისტორია.

ამ აგვისტოში ლინვილის მაგიდის ირგვლივ ერთმა მეგობარმა დანარჩენ ოთხს  გვითხრა, რომ უხმო პრობლემებზე ფილმის გადაღება უნდა, ბარის ხმაურში პარალელურად მიმდინარე ფიქრებზე. რამდენიმე დღეში დაუგეგმავად მისი ბებია-ბაბუის სანახავად წავედი ნახევარ საათში ჩალაგბული ჩანთით. უძღები შვილიშვილი წლების უნახავ დედულეთში ჩავიყვანეთ. ისე ეშინოდა რომ ვერ მიიღებდნენ, რომ მიღება ვერ შეამჩნია და დატანჯული წამოვიდა უკან. ალბათ თვითონ არ მიუღია ისინი, რადგან ახალგაზრდები ისე გავურბივართ ყოფილებს, როგორც ძველი ლექსების, წლების წინ გამოქვეყნებული ფეისბუქის სტატუსების, ან უარესი და ჰაი ფაი თუ მაისფეისის პროფილების თვალიერებას. სირცხვილი როგორც განვითარების შეგრძნება, რომ ისინი ვიყავით, მათში ვიყავით და შეგვიძლია მეტად გავიზარდოთ, გენი ხომ გენიოსებზე ისვენებს, წყდება. და მხოლოდ წმინდანები არ უნდა აჩენდნენ ბავშვებს. და მხოლოდ ცოდვილები უნდა აჩენდნენ ბავშვებს.

აი, იმ მაგიდიდან მეორე მეგობარი გოგო რვა წლის ასაკში წერილის ან ზარის გარეშე მიატოვა დედამ. ამ აქტით იგი ლოდინის ბავშვად აქცია, სათამაშოებს მოწყინებული, გაკვეთილებიდან გამოქცეული და ქალაქის ყველაზე მაღალ ხეზე მჯდარი ყოველ დღე. ობლები მარადმწვანე ბავშვებად რჩებიან. არ ვიცი რამდენად შევცდი, მაგრამ ამ შემოდგომით გადავწყვიტე ესეც ბებოსთან დედულეთში წამეყვანა ნათესავების მოსანახულებლად, თუნდაც უპასუხო კითხვების დასასმელად. რა ლამაზი სიტყვაა ნათესავი, თითქოს ნათესლი, დათესილი. მეშინია რომ შევცდი, მაგრამ ნათესავებში მეგობრის უჩუმრად უძღები დედის ცხოვრებაზე გამოვიკითხე. ცოცხალი ყოფილაო. გააზრებაც ვერ მოვასწარით ოცი წლის მერე ისე ვსხედვართ მე და ეს გოგო დედამისთან ერთად რუსთავის ასკილში და ვიცნობთ, ვიპრანჭებით, გვეშინია. მეშინია პასუხისმგებლობის რომელიც ავიღე, ძველ ოჯახში დაბრუნებული მეგობარი და ახალი ოჯახიდან ძველში გამოპარული დედა. საუბრები ვეგეტარიანიზმზე, მიტოვების ახსნაზე, ტურიზმზე, მომავლის გეგმებზე, მარიხუანას ლეგალიზაციაზე. მეშინია, რომ მეგობრების პრობლემებით ჩემს პრობლემებს გავექცე.

იმ მაგიდასთან მესამე გოგოც იჯდა, როგორც მისი ახლანდელი შეყვარებული იტყოდა სითბოთი, ეს გოგო ცარიელი გრძნობა ფიქრის გარეშე. გარდაცვლილი დედით, სიყვარულის ძიების პროცესში, დედად ქცევის ზეცნობიერი სურვილით. ცოტა ხანში დონაციას მიმართავს. გინეკოლოგები თუ ორსულობის ტესტები. სამეგობრო მის რეპროდუქციულ სურვილებში ვეშვებით, ვეჩხუბებით ან ვაქეზებთ, ის კიდევ დგას და იპრანჭება, ყოველდღიურად იცვლება ვარცხნილობების გამო.

იმ მაგიდასთან ერთი ბიჭიც იჯდა, ვინც რამდენიმე დღეში ჩვენ რომ პირველი გოგოს დედულეთში ვიქნებით, გარდაიცვლება, ქობულეთში წავა და ზღვაში დაიხრჩობა. უფრო სწორად, საკოლექციო ფირფტებში გააგრძელებს ცხოვრებას. სიკვდილი ეს წარმოდგენილი გეგმების ჩაშლაა. მთელი ცხოვრება მშობლიურ სახლს გაურბოდა და ირონიით, სასაფლაო მშობლიური სახლის გვერდითაა, ეზოში ლამის. ჩემი ბიძაშვილივით, რომელიც წინა აგვისტოში მოკვდა, მოტოციკლეტს დადევნებული პატრულის გამო, ვინც დედამ სამშობიაროში ისტერიით მიატოვა, მამამ კიდევ მოგვიანებით სხვა ქვეყანაში ცხოვრება არჩია, ახლა მშობლიურ სახლთან ასვენია. სხვადასხვა ქვეყანაში, ერთდროულად ორივე მოტოციკლეტზე გარდაიცვლებიან ძმები ერთმანეთის დაუტირებლად. აგვისტო ჩემთვის სიკვდილის თვეა.

მე სადღეგრძელოს დალევა ვიცი ჩუმად, ჭიქისთვის სურვილის ჩაჩურჩულება და უხმო დალევა მეგობრებთან ერთად. ზედმეტად გადაპრანჭული სიტყვებით ვფიქრობ თითქოს ძველი ვიყო: რომ ეს ჩემი სახლი არ არის, დედაჩემო, სავსე ძუძუები დახურული ჭერივით, როცა მანიქაშის სუნი ამდის და ხელებში უნდა ვცხოვრობდე. პირიქით, ეს ძუძუები შემოდის ჩემში და თავს სახლში გრძნობს. რომ ეს არ არის ჩემი სახლი თქვენს სხეულებში, წინაპრებო, ჩემს დასატევად რომ გამრავლდნენ როგორც სოკოები ხეებისთვის კიბოს გასაჩენად. მე მხოლოდ თქვენთან გიღალატებთ. ეს არ არის ჩემი სახლი, მეგობრებო, ველურ ბუნებაში წაყვანილებო, ძუძუმტესავით ღვინოს შეცილებულებო, მე მხოლოდ სითბოს გიზიარებთ თხილის გულივით. იმის თქმა მომენატრა, რომ მიყვარხართ, იმის თქმა მომენატრა, რომ სახლში ვარ. ამასობაში გარეთ მოთოვლილია მე კიდევ ცისარტყელას ქვეშ ვბანაობ.

 87687960

დრონი, თევზი და ოპერაცია “საშა”

როგორც წესი, სანამ დრონს ვინმე შეიძენდეს, გუგლის ისტორია და ამაზონის ლისთი სავსე აქვს დრონის აქსესუარების გვერდებით. ასეც მოვიქეცი, სათამაშო ჯერ კიდევ შეძენამდე ორბო ქილად გავიხადე და ჩემი შემოსავლისთვის ცოტათი ძვირად შემომეყიდა. სახლში მიტანამდე აქეთ დავფრინავდი და დრონი პულტით აქეთ მმართავდა. გადავურეკე მეგობრებს და ველად გასაჭრელ გეგმებს ვაწყობდით. თბილისის ზღვა ხომ გადავიფრინე და სახლის ეზოში რომ შემოვედი, სტუმრად ძმიშვილი დამხვდა – ნიკოლა გვერდითა კორპუსიდან გადმოსული. მადლობაო, ეს რა კარგი საჩუქარი მომიტანეო, – ეგონა მისთვის ვიყიდე. შემომესივნენ მთელი ეზოს ბავშვები, მე კიდევ ვიდექი და ღიმილით ვფიქრობდი რასაც წინა წელს ვფიქრობდი: წელს მაინც ვისწავლო უარის თქმა.

****

მარიამმა და ეთერმა გადაწყვიტეს ჩემთვის სურპრიზი მოეწყოთ, გვიან რუსთაველზე დამიბარეს და თევზი მაჩუქეს.
აი, ნამდვილი თევზი, სააკვარიუმო, წყლიან პარკში დაცურავდა და ამბობდნენ, ჭაობისფერიაო, რომ გაგიცანით, თავს აკვარიუმის თევზს ადარებდიო. არც შემიხედავს ისე მოვუძახე განახლებული ლურჯი ფერის ურნაში და უკანმოუხედავად წავედი. ზემოდან დააყრიდნენ ნაგავს, მაგრამ მარიამი თავისი აკანკალებული ხელებით მაინც ამოიყვანდა ნარჩენებიდან და ვინმე გამვლელ ბავშვს აჩუქებდა. მარიამი ვერ მიხვდებოდა, რომ ეტკინა იმაზე ნაკლებად, ვიდრე რამდენიმე კვირაში თევზის მფლობელს ეტკინებოდა:
თევზს ბავშვი სახლად აკვარიუმს აჩუქებდა, ავეჯად კენჭებს ჩაუყრიდა, გაწირავდა მარტოობისთვის იმდენად შეიყვარებდა, საკვებს მოიკლებდა მის გამო, მაგრამ ერთ დილასაც მკვდარს იპოვნიდა. ბოროტებაა ჩუქნიდე მალე მომაკვდავებს. ძალიან ბოროტია მარიამი.

****

წიგნის ბიჭუნა შევარქვი საშას. ჰარიპოტერობაზე ვნახე პირველად და ეგრევე მივხვდი რომ ეს კრემისფერ სამოსიანი კაცი ამდენ თინეიჯერ ჯადოქრებში სწორედ ის წიგნის ბიჭუნა იქნებოდა ვის გამოც სანტა ესპერანსაში მოვხვდი. ეს ამბავი ცოტა ადრე დაიწყო:
თამარა რომ გავიცანი, “სანტა ესპერანსას” მენეჯერი ბიჭი მოსწონდა. მოსწონდა რა, შესვენებაზე დედა ენის ბაღს რომ შემოივლიდა ეს გოგო, სავარაუდოდ მტრედებისთვის ნამცეცების დასაყრელად, სანტაშიც შეივლიდა ვითომ წიგნების და რვეულების სათვარიელებლად. ოღონდ მაშინ არ იცოდა ამ კაცის სახელი და მე წიგნის ბიჭუნა შევარქვი.
აი, როგორ უნდა გაიცნოს ინტროვერტმა გოგომ ინტროვერტი ბიჭი დახლს აქედან, მითუმეტეს, თუ ეს ბიჭუნა 40+ კაცია და ყმაწვილობის მერე შეყვარებული აღარ ყოფილა?! არა, რამდენჯერმე მათი გზა გადაიკვეთა. მაგალითად, ღვინის ნაირსახეობებზე წიგნი გაქვთო, – ამან იკითხა და იმან, – საქართველო თითქოს ღვინის ქვეყანაა, მაგრამ წიგნი ამაზე არ არისო.
ორი წელი გასტანა ამგვარმა რომანტიკამ და ერთხელაც ჩვენმა მეგობარმა დაიწყო იმავე მაღაზიაში მუშაობა კონსულტანტად. დიახ, ჩვენი კაცი შემთხვევით შევუშვით ინფორმაციის გამოსატანად. დიახ, უკვე შეგვიძლია სანტაში მხოლოდ წიგნების საყიდლად არ შევიდეთ ხელფასამდე დარჩენილ ბოლო კვირაში. არა, ეს სვლა არ ყოფილა საკმარისი და საქმეში მესამე, უფრო აქტიური გოგო ჩაერთო: მან ჯერ ჩვენი მეგობარი კონსულტანტი გაიცნო, რომ მას საშა წარედგინა, რომ მერე საშა თამროსთვის გაეცნო.
იყო რაღაც მომენტიც, დენიელ კიზის წიგნების ეკრანიზაციებზე ვსაუბრობდით, ელჯერნონზე ფილმები არ მოგვწონდა, და საშამ – მილიგანზეც აპირებენ კინოს გადაღებასო. მაინცდამაინც მაშინ ჰქონდა შემოუხვეული თამარას ნაქსოვი კაშნე სიწვრილისგან რომ იპრუწებოდა. ეს ცალკე იდგა ჩუმად და ის კიდევ – ცალკე.
იმ კვირაში მე და თამარა აღმაშენებელზე ვაპირებთ სადილს, ბარემ სანტაშიც შევივლით და ვიკითხავთ, იქნებ გამოუშვეს წიგნი ღვინოზე. გეხვეწებით, ვინმემ გამოუშვით წიგნი ღვინოზე.

ბავშვები წინა სავარძლიდან

როგორც იქნა დადგა ის დღე, როცა ჩემი ბავშვიანი მეგობრები პაბში უნდა შევკრიბო და გავართო. ოღონდ ამჯერად პამპერსებისა და საწოვრების თემებზე კი არა, დიდურ ამბებზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, როგორ უყვარს სამი წლის ბავშვს მანქანის წინა სავარძელში დაჯდომა, რაზეც მშობლები უარს არ ეუბნებიან, სპეციალური სავარძლის ყიდვისგან ფულს ზოგავენ, სამაგიეროდ, რემენს უკრავენ. ჭკვიანი ბავშვია, პატრულს რომ დაინახავს, სულ თავისით იმალება ქვემოთო. დამშვიდობებისას მეგობარს ქმარმა მოაკითხა, ბავშვი ისევ წინა სავარძელზე იჯდა და ტიროდა. ალბათ ხვდებით რაც მოხდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მხოლოდ თავი მიარტყა, მაგრამ რომც მომხდარიყო, მგონია, ამაში ეს მშობლები თავებს არ დაადანაშაულებდნენ. ასე ხდება, როცა წესების დაცვა იძულების წესით განხორციელდება და მოქალაქე თავის წილ პასუხისმგელობას ვერ გრძნობს კანონთა შექმნაში.

მეორე დღესვე სტატისტიკისა და მოძრაობის წესების გაცნობა დავიწყე, ზოგადი წესებით 14 წლამდე, სადღაც 135 სმ-მდე ბავშვების მანქანის წინა სავარძელში დაჯდომა სპეციალური სავარძლის გარეშე აკრძალულია. არასამთავრებო ორგანიზაციებიდან კი ასეთი პასუხი მივიღე: საქართველოშიც მოქმედებს მსგავსი კანონი, თუმცა არ არის სრულფასოვნად ჩამოყალიბებული და ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის დარღვევა-არ დარღვევა სადავო ხდება. გამოკითხვა და სტატისტიკა ავიღე safedrive.ge-დან, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი 2011 წლიდან ისევ იზრდება. ხოლო გამოკითხვაში მიღებული 1308 ხმიდან ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ბავშვის წინა სავარძელზე დაჯდომა შეიძლება. აქ კი ჩნდება კითხვა:  რამდენად მისაღები იქნება სრული დემოკრატიული მმართველობის ფორმა სახელმწიფოში და კანონთა დაწერის შემთხვევაში მოქალაქეთა ჩაბმულობა. ვფიქრობ, კანონთა დარღვევის რომანტიკას მისი გაუანალიზება ქმნის: ხელისფულებისა და მოქალაქის დისტანციური კავშირი, პროკურატურისადმი რიდი. არა და პატარა ქვეყანაა საქართველო, ურთიერთობაა ადვილი.

ლეღვის ყვავილობისას

მას აქეთ იუდა ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.
ვინც კი ოდესმე ყიდულობდა, ყველა გაყიდა.
სანაცვლოდ სამოთხეს შეპირებული ქრისტეც.

მანამდე თუნდაც სარეცელზე მიჯაჭვული ეშმაკეული პეტრეს სიდედრით, გაელვებული პერსონაჟების ხიბლში ვარ.
მინდება ავიყვანო და სქელყრდიანი წიგნი ვუწერო როგორ შეიკრიბდნენ ეშმაკეულნი და მოარჩინეს.
სიტყვით, რომელიც უცვლელი იყო.
ხოლო როცა ანიმაციის სწავლა დავიწყე, პირველი რაც გავაკეთე პილატეს წყალში ჩაწყობილი ხელები იყო.
ნატურალისტურად აწყობილი დაბანა:
იმდენი იბანა, წყალი გაწითლდა.

კიდევ სიმთვრალის ხიბლში ვარ, როგორც საკუთარი ცხოვრების ანონსის.
როცა საკუთარ ძირს ხასიათის გაქრობით წყვეტილად ხედავ, მიმოსახილველ კადრებად, თან ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები მაშინ გახსენდება.
ჰო, მთლიანი ცხოვრების ანონსია სიმთვრალე, შეგიძლია უყურო ხუთი წუთი მთვრალს და ცხოვრების სიუჟეტი უკვე გაიგო.

გახსოვთ, იესომ სერობაზე რომ დალია, ლოცვა მოუნდა.
მოწაფეებმა კი მიიძინეს, სამჯერ გააღვიძა.
გახსოვთ, მათ ღვინო რომ დაალევინა, რა უთხრა:
“ყველამ შესვით აქედან,
ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა,
მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
მე გეუბნებით:
ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან
იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ
ახალს მამაჩემის სასუფეველში”,(მათე,20,28) –
მოკლედ, რა მინდა რომ ვთქვა: ფაქტია, რომ სამოთხეში ღვინო დაგვხვდება.

როგორ ვიმართლებ თავს, როცა ვთვრები

რომელიღაც გაზეთში ამოიკითხა: მეორე კლასელ ნიკუშას სასწრაფოდ ესაჭიროვება სამეფო გვარის სისხლიო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, დაასკვნა:
იმაზე უსამართლო არაფერია, სამართლიანად კვდებოდეო.
“ბულგაკოვსკი წაგიკითხავთ, სერ? ნუ ღელავთ, ქალბატონო, სისხლი რომელიც დაღვრილია, დიდი ხანია მიწაში გაიჟღინთა და იქიდან ვაზი ამოიზარდაო. ის მომენტი გახსოვთ? ეშმაკს დოსტოევსკი რომ გაუგია და თავს ასაღებს მე ვარო. კი, მაგრამ ის ხომ გარდაიცვალაო? და ამან: დოსტოევსკ ბეზ სმერწენ”, – ეროვნული აქცენტით თავს იწონებდა.
ლიტერატურაზე საუბარი გავნაგრძეთ და ანა ბლუმს მივადექით:
“ანა ბლუმ! ანა ბლოსსამ! გაყვავების პერიოდში მდგარი არარეალური მუზაა გასული საუკუნის რობოტული რომანტიკისა”.
“ალბათ თეთრი სახე და წითელი ლოყები ჰქონდა,”– ჩუმად ისიც ვიფიქრე, რომ განსაკუთრებით მიზიდავდნენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ქალები, ფერმკრთალი ლოყებითა და ტუჩებით. შემატყო და შვილივით მომეფერა:
“ძალიან თეთრი ხარ, ანა ბლუმ, ანა ბლოსსამ!”

****

საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა გორები, მიცვალებული მიწას კი არ მიაბარა, დათესა.
მისნაირებზე იტყოდნენ, ისტორიაში კი არ შევიდა, ჩავარდაო. ჰოდა, იმდენი ამოჩიჩნა, ფეხი მოუცურდა და ჩავარდა.
მერე ყველანი დავცინოდით და ვაკოცე.
დიდხანს ამოგვყვავდა.

****

ჩახუტების არ სწამდა, ბრძენ ხალხთა ნათქვემებს ამეორებდა, არაფერი ისე არ ზღუდავს თავისუფლებას, როგორც ჩახუტებაო და ჩახუტებისას თვალებს ვერ ვხედავ და შეიძლება დანა დამარტყასო.
უკარება მოხუცი იყო, ფასკუნჯიზე ზღაპრები იცოდა, ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა დიდი ხანია შოკოლადზე გადავიდა.
ხელი და ფეხი არ ჰქონდა, ჩამოთალესო თითქოს მარცხენა მხრიდან.
სადღაც ისე ჩაეხლართა ცხოვრება, რომ ვეღარ გაეგო, უსაქმურობით დროს კლავდა თუ დრო კლავდა. ეგ მგონი ცხოვრებას ჯოჯოხეთში მოსახვედრ შესამზადებელ პერიოდად აღიქვამდა.
ამას წინათ დამკვირვებელთა აზრი გაგვიმეორა:
“სადგურს უფრო მეტი კოცნა ახსოვს, ვიდრე – ქორწინების სახლს, ხოლო საავადმყოფოს – ეკლესიებზე მეტი ლოცვაო.”

****

ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩაიწია, შვილისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
როცა ზოგიერთები ცხოვრების ხანმოკლეობაზე წუწუნებდნენ, ამან დაამთქნარა: ამიერიდან, ერთი ცხოვრება გაქვს, მაგრამ ყოველდღეო.
ისე გემრიელად დაამთქნარა, მეგონა დღეები მიყოლებით შთანთქა.
მერე სხვებიც მთქნარებაში აყვნენ და აყვნენ.
მთელი ოჯახი სამშობიაროში იდგა, მკურნალებზე და სამკურნალოებზე მეტნი იყვნენ.
ღმერთმა გამრავლოთო.

****

საზეიმო ლენტასავით გადაჭრილი ჭიპლარი სანაგვეში ერთჯერადი მოხმარების ნივთებთან ეგდო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
თიბვისას ერთხელაც ისე მოიქნია ნამგალი, ჯერ ხელ–ფეხი წაიჭრა. ის ნამგალი სათონეში ახლაც მიყუდებულია.

****

“ისევ?”
“ერთხელაც”.
“დუმილის უფლება გაქვთ, რასაც იტყვით ღმერთი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.”

****

მანამდე საკუთარი სხეულის ნაწილაკი გამოჰყო და დასამუშავებლად ქალს მისცა, რომელიც ჭრელი ფონიდან წინა რიგში გამოარჩია. ისინიც მთელი ცხოვრება აჯერებდნენ ერთმანეთს, რატომ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი სხვების ფონად, ბოლოს კი დაინახეს რას ჰგავდა მათი ურთიერთობა:
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩამოიწია, მამისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
იმ სამშობიაროში მთელი ოჯახი მკურნალები და სამკურნალოები იყვნენ.
დაშორება ისე ეწყინა, ფონში აითქვიფა, ვერავინ გამოჰყო და ნამგალი მოიქნია.
ის ოჯახი სამშობიაროდ აღარ წასულა.
ეს უფრო დიდი დაშორება იყო.

****

– დებილი ადამიანი იცი ვინ არის? ვისაც გვარი არა აქვს, გენეტიკაში გაწყდა და სისხლი წინაპართა გამოცდილებას აღარ აგრძელებს, ახლიდან იწყებსო, – მიყვებოდა ხოლმე მისი უშვილ–ტომო შვილიშვილი, – უცხო–უცხო მკვლევარები იყვნენ, ცხოველებზე ჩაუტარებიათ ცდა, პირმშოებს თუ ეცოდინებოდათ სად იყო დამალული ნივთები, რომლებიც მათმა მშობლებმა იცოდნენ და მაგრამ მკვლევარები მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ვერ მიხვდნენ. ფოთოლი რომ გასცვდივდება, ვაზი მაშინ უნდა მოსხლა.
ღვინოს მაწოდებს, წინაპართაგან ამოსული სისხლი დავლიოთო. დალევამდე სურვილი წარმოთქვი და ამ სისხლის პატრონები შეგისრულებენო.
– სტატისტიკა იცი? დამერწმუნე, შობადობის რიცხვი იკლებდა, ადამიანები რომ არ თვრებოდნენ.
ჯერ კიდევ თეთრი ხარო, უსისხლოდ. თეთრი და ნელი.
– ხანდახან მგონია, რომ გვარი არა მაქვს, რაც შეიძლება მეტი ღვინო უნდა დავლიო, რომ მქონდეს.

მესაფლავე

სტატისტიკურად ნეტა რამდენი ადამიანი ფიქრობს, სანამ უპასუხებდეს, როგორაა. მითუმეტეს, კარგად ვერ მოცილებული თმასავთ ფიქრებს აბრუნებდეს. არც ის ფიქრობდა. არ ვიცი ახლა. ბავშვი რომ ვიყავი, მასთან ვმუშაობდი.

ყოველ დღისით გასვენებებს ხედავს, საღამოობით ტელევიზორს უყურებს, ადიალას ჩაიჭმუჭნის თეძოებთან და მაგიდაზე წვება. მაგიდას გაზეთი აქვს მიკრული, ტელევიზორს კი ხელის დარტყმა სჭირდება. ამას წინათ ცოლი გააცილა, მთელი ცხოვრება რომ თავად უჭამდა ტვინს, რაც დარჩა, ის ნაწილი სიმსივნემ შეუჭამა, გათავდა. ამბობენ, კიბო სიკვდილის მერეც იზრდებაო, მან კი მუხას თავისი ხელით დაუჭედა ლურსმნები. ალბათ ისევე, როგორც დაღლილი დღის მერე ლოგინს ეჯაჭვები.

არაფერი ისე არ გახსენებს ყველაფერს, როგორც უძილობა და კროსვორდის შევსება.

ეს თმასავით ჩაბრუნებული ფიქრებია. ვეჯაჭვები. მერე ვიზრდები და მაინც ვერაფრით ვისწავლე ქალურად გადმოვიდე ლოგინიდან. დალურჯებული მუხლების მიუხედავად, გადმომეწია ფეხები თანაბრად, ესთეტიურად, სინქრონიაში. შემოდგომის დადგომა საშემოდგომო საბნით ვიგრძენი. შევიჩოჩე და არაფერი ისე არ მახსენებს ყველაფერს, როგორც უძილობა, თუ პირიქით, უძილობა შედეგი შეიძლება იყოს.

აი, ბებია და ბაბუა ერთმანეთს ხელებს გაუყრიან და ფეჩისთვის აგროვებენ ტოტებს, მე კი ვრწმუნდები, რომ თაობებს არაფერი ისე არ აერთიანებთ, როგორც ფრაზა: ადრე უკეთესი ცხოვრება იყო.

ღმერთის მეშინია. აი, ყველაზე საშიში კოშმარია ჩემთვის, იგი თუ ვნახე. ირგვლივ ისე გამალებით ცდილობდნენ მყვარებოდა, რომ შემაშინეს. შემეძლო დამეფიცა, რომ ის მცენარე მგავდა, ერთმანეთში გადახლართული ტოტები ჰქონდა და ფოთლები იჩხირებოდნენ ერთმანეთში. ისე წამოვიღე სოფლიდან, ერთხელაც არ მომივლია, არა და მაშინ შემეძლო დამეფიცა, რომ მუდამ ვიზრუნებდი მასზე.

ვამბობ, ჩემი ცხოვრების გამო რომ ვწუხვარ, მაგრამ ეტყობა, რადგან ვაკეთებ სათანადოდ არ შევწუხდი.
თუ ახალ ცხოვრებას მომცემდნენ, იგივენაირად არ ვიცხოვრებდი. არა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძველი ვინანო, უბრალოდ ახალი თავგადასავალი მინდა. და მაინც ვერ გავიგე, რატომ ამბობენ ადამიანები, რომ იგივენაირად იცხოვრებენ, ცნობისმოყვარეობა არ აქვთ?

– შეუძლებელია დააგვიანო საკუთარ პანაშვიდზე, – თქვა და ზიზღით გადაუშვა ნახევარსპირტი, მე კი მაშინ გავიგე, რომ ძმამ მოტოციკლეტი იყიდა და გასასინჯად წავედი, მანამდე ინტერნეტით საგზაო წესები მოვძებნე, ხოლო დედამ ერთი უბნის არსებობა გამახსენა. ადრე ბინას ვეძებდი და ერთი საკმაოდ მისაღებ მდგომარეობაში ვნახეთ, სახელის გამო რომ დავიწუნეთ. ან ვინ მოიფიქრა, დაერქმიათ: გარდაცვლილთა უბანი? იცით, სადაა? მგონი მაშინდელი აგვისტოს მერე დაურქმევიათ.

და მე ის მესაფლავე გამახსენდა, რომელიც რადიოში უსმენდა პარლამენტის სხდომებს. ალბათ ახლაც ტელევოზორსაა მიჩერებული. მე მისგან წამოვედი, ის ალბათ განაგრძობს. ვიფარებ საბანს და ვეუბნები მუცელს, როგორც აღქმით ორგანიზმს:

– გამოუშვი ყველა შენი ტყუილი და ირონია, გამოუშვი ტკივილებით დაგროვილი, მწერებივით, გამოუშვი ცრემლები,  იქამდე, სანამ არ ამოწურავ, – ბედნიერება აპირებს მოსვლას. სამი, ორი, ერ–..