ნებისმიერი დიასახლისის ფიქრები ნებისმიერ დილას

ცხოვრების რაღაც სასაცილო ეტაპზე მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ფული გვეშოვნა მემარცხენე გზით: ბინა გვექირავა 6 თვით და დღიურად გაგვექირავებინა წვეულებებზე, უცხოელებსა თუ წყვილებზე. კომუნალურებიანად და გაფორმებებით ბინის შენახვა ათას ლარამდე გვიჯდებოდა. ანუ თვეში ოცი დღე მაინც უნდა ყოფილიყო დაკავებული რომ მოგება გვენახა. მოგება ვერა, მაგრამ ფილოსოფიური სტატისტიკა ვნახეთ: კაცები არ რეკავენ. კი, შეიძლება, შეკრების ინიციატორები იყვნენ კაცები, მაგრამ აბსტრაქტული სახით, ინტერნეტით განცხადებების მოძიებას და რეკვებს არ იწყებდნენ. არა და წიგნებიდან პირიქით ვიცოდი, თუნდაც ფემინისტური წიგნებიდან. შეიძლება ინიციატორები მართლა არიან, არ ვიცი, მაგრამ საშინლად არ იციან მენეჯმენტი. ხოლო ჩემი ეს მენეჯმენტური უნარები იმის ბრალი მეგონა, რომ მთელი ცხოვრებაა სხვადასხვა კომპანიის მენეჯერად ვმუშაობ, მეიბი სისხლში გამიჯდა. არასდროს მიჭირს დროის გადანაწილება და საქმეების კლასიფიკაცია. არასდროს მიმიყვანია საქმე დედლაინამდე. სკოლაშიც კი, არდადეგების პერიოდში ვსწავლობდი გაკვეთილებს წინასწარ რომ საქმე ბოლო წუთამდე არ მიმეყვანა. არასდროს დამიყენებია მაღვიძარა. ალბათ ერთადერთი რისი ნიჭიც მაქვს მენეჯერული უნარებია და უცებ გამახსენდა, რომ ყველა ქალი ასეა. უცებ გამახსენდნენ ნაცნობი კაცი მენეჯერები, ბოლო საათში რომ ავალებენ თანამშრომლებს საქმეებს; ჯობს.ჯი, სადაც მენეჯერის პოზიციაზე სულ მდედრობითი სქესი ესაჭიროვებათ; მამაჩემი, რომელიც დედაჩემს აძლევდა ფულს ყოველ ხელფასზე კომუნალურებისთვის და სახარჯოდ გადასანაწილებლად, და ახლაც კი, როცა დედაჩემი ავადაა, სიარული აღარ შეუძლია ავარიის მერე, მამაჩემიც, ძირითადად, სახლშია, დიაბეტიკია, ყოველ საღამოს დედას ეკითხება ორინაბიჯიდან ან სუფთა სახლიდან “რა წამოვიღო?” – ქალი ხო კაცს ამას არასდროს კითხავდა, მაშინაც კი, თუ კაცია სახლში და ქალი მუშაობს. ჩვენ ყოველთვის კონკრეტული პროდუქტი გვშივდება და ზუსტად ვიცით რომელ სასტუმროში გვინდა დასვენება და ზეპირად გვახსოვს ყველა ივენთი, რაც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, მუზეუმი იქნება თუ რეივ ღონისძიება.

თანასწორუფლებიანად გიცხოვრია კაცთან? თითქოს სადილსაც თვითონ ამზადებს, ჭურჭელს უვლის, ავეჯს მტვრისგან ათავისუფლებს, მაგრამ არაგეგმიური დასუფთავება არ იცის. აი, თავისით არ მოაფიქრდებათ, რომ მაცივარი ან გაზი დაშალოს, ქიმიური ხსნარები იყიდოს და გაწმინდოს ან ძველი გარდერობი გადასაყრელი აქვს. არა, თუ მიუთითებ, დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ მენეჯერული უნარები არ აქვს. აი, ერთ ჩემს საყვარელ თანამშრომელ გოგონას ქორწილი აქვს, კი ბიჭის ინიციატივით, მაგრამ ქორწილს პატარძალი გეგმავს, ხმა მესმის ხოლმე როგორ რეკავს პერიოდულად სასტუმროებში და გეგმავს. მე და ჩემი ქმარიც ასე ვართ, ის იტყვის “წამო, სადმე დავლიოთ”, – მე ვიტყვი – “იქსიგრეკ რესტორანში ივენთის ფარგლებში აქციაა ღვინოზე და წამო, დავლიოთ”. ქალები უფრო კონკრეტულები ვართ, პრაქტიკულები და ამ წინასაარჩევნოდ მაგნუმის დამაარსებლის კაპას სიტყვები მახსენდება: “ქალი ომის ფოტოგრაფიაში აუცილებელია, ნეგატივების დაბეჭდვის ორგანიზებას უწყობს ხელსო”. ხო ძალიან სექსისტური ფრაზაა? თავის შეყვარბულზე თქვა, იმ შეყვარებულზე, ვინც ომის გადაღების დროს დაიღუპა. რეცენზიაზე “ომი მაღალ ქუსლებზე” საპასუხოდ. თითქოს ამ ფრაზით კაპამ გერდა დაიცვა. ჰო და თუ ორგანიზატორები ვართ და ჯობს.ჯიზე ქალი მენეჯერები გჭირდებათ, პარლამენტში მეტ ქალს ვითხოვთ. ხომ მოგწყინდათ აბსტრაქტული დაპირებები? გინდათ პრობლემების პრაქტიკული გადამწყვეტელები? ჰოო? ბრაზობდით მთელი პეკინი და მერე ჭავჭავაძე რომ გადათხრილი იყო უვადოდ და დროის მენეჯმენტს ვერავინ ახდენდა? წადით არჩევნებზე, აირჩიეთ ქალები პარლამენტში და ინიციატივებს პრაქტიკული შეფუთვა მიეცემა. მოგწყინდათ გაწელილი რემონტი? პრარაბებად აირჩიეთ ქალები.

2 responses to “ნებისმიერი დიასახლისის ფიქრები ნებისმიერ დილას

  1. მეც მთელი ცხოვრება მეგონა, რომ რადგან სამი ძმა მყავს და მუდმივად მათზე ვზრუნავ, ასე გამოვიმუშავე დამენეჯმენტების უნარები. არადა ძმებზე ზრუნვა ზუსტად იმიტომ მიწევს, რომ ვუყურებ თავად რა უთავბოლო და მოუწესრიგებლები არიან )) ცუდად დამენეჯმენტებული სხვისი საქმეებიც კი ნერვებს მიშლის და მინდება ყველაფერი თვითონ გავაკეთო/გამოვასწორო.

  2. 3 ძმასთან ცხოვრება ალბათ ძალიან დამღლელია. და ის გამომრჩა, თუ შემთხვევით რაღაც დაამენეჯმენტეს ან სახლში ან სამსახურში, თავი overedthinker-ებად რომ მოაქვთ და ქრონიკული დაღლილობა სჭირთ:)

გამოთქვით აზრი