მითები პიემესის ირგვლივ

სანაცნობოში ყველაზე მძიმე გარდატეხის ასაკი მე მქონდა: 11 წლის ასაკში თმის 40% გამიჭაღარავდა, მტყდებოდა კბილები, შევწყვიტე სიმაღლეში ზრდა 23 წლამდე, მქონდა სუნთქვის უკმარისობები და ყოველ კვირა მიმდიოდა გული, რომ აღარაფერი ვთქვათ მუცლის ისეთ აუტანელ ტკივილებზე, რომელიც ერთ წერტილში სააბორტე ემბრიონივით გკუნტავს. თუ სხვა თინეიჯერ გოგონებს ოთახში ნიკიტას ან 2ფაქის პოსტერები ჰქონდათ, მე პულსის მზომი აპარატი მედგა საწოლთან და კედლებზე მისი ქაღალდები მქონდა მიმოფანტული. ექიმები კი დედას ამშვიდებდნენ: “არაფერია, გარდატეხის ასაკი აქვს, ჰორმონალური იქნება”. დედაც მშვიდდებოდა. მერე იყო ჩემი ძმა გულისა და ფეხების პრობლემებით. ექიმები დედას ისევ ამშვიდებდნენ: “ქალთან იქნება და გაუვლის”. გადიოდა დრო, იზრდებოდნენ ჩემი და ჩემი ძმისხელა ბიჭები იმ იმედით, რომ სექსი მათ ტკივილებს მოურჩენდა. ვიზრდებოდით გოგოები იმ იმედით, რომ ჰორმონალური ცუდად ყოფნები არაუშავს, მენსტრუაციამდელი პერიოდი არაუშავს.

მენსტრუაციამდელი პერიოდი კი უბრალოდ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ განხრით, რაც ჩვენს სოციუმში გვხვდება. “პიემესი მაქვს”, – ამით ქალები ვხსნით ისეთ ქცევებს, რაც სოციუმში მიღებული არ არის ან ახსნა გვიჭირს. დეპრესიას გავს, განწყობის გამოსახატავად ყველას პირზე გვაკერია, თუმცა, ვიცით, რომ დეპრესიის სინდრომი დეპრესიის სიმპტომებისგან განსხვავდება. პიემესიც მასეა, როგორც კლინიკური სინდრომი, რომლითაც მენსტრუაციული ციკლის მქონე ქალთა მხოლოდ 28%-ს აღენიშნება. დანარჩენს უბრალოდ პიემესის სიმპტომები გვაქვს, ნეგატიურის გვერდით პიემესს მრავალი დადებითი სიმპტომიც აქვს: ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები გვიძლიერდება, ძუძუები ატმებივით გვიხდება, ორგაზმი უფრო გვიხანგრძლივდება, იოგას უფრო მოქნილად ვვარჯიშობთ, გონება მეტად კრეატიულად ფიქრობს, გვაქვს მეტი ემოციური ინსაითები. მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც საშინლად ტოქსიკურ ურთიერთობაშია, ოვულაციის დროს რომ ბედნიერია შეყვარებული კვერცხუჯრედების გამო, მხოლოდ პიემესის დროს გრძნობს საფრთხეს და ადეკვატურად იწყებს ფიქრს. მაგრამ, სამწუხაროდ, 1 კვირაში ისევ უბრუნდება ბედნიერ ტოქსიკურობას იდეით “უბრალოდ პიემესი მქონდა და არ ვიყავი ადეკვატური, თორემ შენი ღალატი, ეჭვიანობა და მანიპულაცია არ უნდა მწყენოდა, საყვარელო”.

ჩემთვის პიემესი ინდიკატორია თუ რამდენად გამართულად ვიყენებდი საკუთარ სხეულსა და ფსიქიკას თვის განმავლობაში. თუ საკუთარი გემოსა და ყნოსვის დათრგუნვას ვცდილობდი, პიემესის დროს მე არ მექნება ბერკეტი, რითიც ზედმეტ კვებას გავუმკლავდები. მაგრამ ამას საკუთარი სხეულის უცოდინრობით კი არა, პიემესის ქონით ავხსნი. არ მივაკითხავთ ფსიქოლოგებსა და ენდოკრინოლოგებს, იმიტომ, რომ ჰორმონალური პრობლემები წვრილმანია. ისევ ის 11 წლის გოგონები ვართ, სუნთქვა რომ არ გვყოფნიდა, ყველაფერზე ვღიზიანდებოდით და გვამშვიდებდნენ, “არაფერია, უბრალოდ ჰორმონალურია”. ძვირფასო ქალებო, დაანებეთ თავი ფლოს ან ემკალენდარს, ჩამოწერეთ რამე უფრო სამეცნიერო, არაჰეტერონორმატიული აპლიკაცია და გთხოვთ, არასდროს მოიხადოთ ბოდიში კაცებთან ან ოფიციალურ შეხვედრებზე თქვენი ემოციების გამო მითუმეტეს პიემესის დროს.

რატომ არ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნები?

რაღაც ჯგუფში იკითხეს 9 წლის ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროო და მე-19 საუკუნის კლასიკოსები ლიდერობენ. 9 წლის ბავშვისთვის ყველაზე თანამედროვე ოტია იოსელიანის რომანებია დასახელებული.
გავჩუმდი, როგორც ჩემს მეგობრებთან ვჩუმდები ხოლმე, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს ტუქსავენ წიგნებზე მეტად ვიდეო თამაშების სიყვარულისთვის. გავჩუმდი, რადგან 9 წლის ასაკში წიგნების კითხვა მიყვარდა და შეჩვეული ვარ დადგენილი აზრების გაუპროტესტებლად მიღებას.
არა და როგორია, რომ 9 წლის ბავშვს აუხსნა, რომ, როცა ცხოვრება მის წინაშე ასეთი აქტიურია და გარშემო იმდენი რამაა შესაცვლელი, გინდა, პასიურ მდგომარეობაში ჯდომა და სხვების აზრები შეაყვარო.
თამაშებიც ლიტერატურაა, მიმდინარე თხრობასთან ერთად მოთამაშეს სიუჟეტის შეცვლაც შეუძლია. ბავშვი თვითონ არის ავტორებთან ერთად სიუჟეტის დამკორექტირებელი და მთავარი მოქმედი პირიც. თავად არის შესული თხრობაში და საკუთარ თავზე განიცდის ბიძია თომას ქოხის ისტორიულ ამბებს, – ეგ თამაში თურმე მართლა არსებობს. ხანდახან მგონია, რომ წიგნები პოლიტიკოსებმა გამოიგონეს სიუჟეტში ჩაურეველი მოქალაქეების შესაგროვებლად.
პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ეს პოლიტიკური ხარვეზი გამოსწორებულია, მკითხველსაც აქვს პატარა არჩევნების უფლებები, ხან მკითხველის გადასაწყვეტია რომელი ფურცლიდან დაიწყებს კითხვას აზრის გადმოსაცემად, როგორც ეს აკა მორჩილაძეს წერილებშია, ხან ნებისმიერ სოფისტური ლიტერატურაში მკითხველი მწერალთან ერთად პასუხობს შეკითხვებს. მაინც ეგოცენტრული საუკუნე გვაქვს.
დღეს უფრო პრეტენზიულები ვართ ხარვეზების მიმართ. მაგალითად, ჩემი ყური ვეღარ უსმენს გიტარიან ტიპებს უბანში, იმდენად რუტინულია მაღალი ჟღერადობის ფონოგრამიანი მუსიკა ჩემთვის, ნატურალური ხმები ხო ხარვეზებითაა სავსე. ასტრონავტების ინტერვიუდან ვიცი, პირველად რომ გადიან კოსმოსში და დედამიწას ზემოდან დაჰყურებენ, ამბობენ: ” ამმ, იური გაგარინს მოეწონებოდა”. თვალი ხომ ვერ აღიქვამს იმაზე უკეთ, ვიდრე – კამერა. და იცი, მშურს ხალხის, ვისაც პეიზაჟების ძალიან ბევრი ფოტო მასალა უნახავს და მაინც, როცა ჭაუხებიდან გადმოყურებს ხევს, ამბობს: “რა ლამაზია”.

ლეგენდები თბილისის დაარსებაზე

საბჭოთა ლექსიკა ურბანულ სნობიზმში გადაიმალა. მაგალითად, ვერის ბაღის კიროვის პარკად მოხსენიება ხო ნიშნავს ჰიპსტერულ სინდრომს “ეგ ადგილი მე შენამდე ვიცოდი”. ურბანული სნობიზმი კი საკმაოდ დუალისტური ბუნებისაა, ეკონომიური ფაქტორები რომ გამოვაკლოთ, მის გამოა რომ ჩემს თაობაში მეტრო ინარჩუნებს სტილს და ვინმე რიგითი საბურთალოელი დიდი ჯიპის მაგიერ ჩადის მიწისქვეშ, მანქანები პროვინციაში უყვართო. სნობიზმის და ცოტა საიფაისაც.

ჩემში მცირეა სოციალისტური გემოვნება, ტიპური კაპიტალისტი გოგო ვარ fast fashion guilty pleasure-ებით. მაგრამ ჩემს თაობას სოციალიზმი ჩვევებში და გემოს რეცეპტორებში განსაკუთრებით შემორჩა. ჩემთვის სოციალიზმის სიმბოლოა ტკბილი ღვინო და შაქრიანი ჩაი, როცა კაპიტალიზმის სიმბოლო მგონია მშრალი ღვინო და უშაქრო ჩაი. კაპიტალიზმისთვის ხო პროდუქტი თავისთავად უნდა იყოს მაღალხარისხიანი შაქარმა რომ არ დაჩრდილოს. მაგრამ არის გემო, რაც მისი სოციალისტური ბუნების გამო მიყვარს, ესაა ოლივიეს სალათა. შეიძლება ბავშვობის ნოსტალგიის გამო, მაგრამ მთავარია ვერთობი. სიყვარული არის როცა ხედავ ვინმეს ქუჩაში, ვისაც შენნაირი ყურსასმენი უკეთია და ოლივიეს სალათა. შეიძლება იმიტომ მიყვარს, რომ ასოცირდება ბავშვობასთან და მამას ხელფასთან. შემწვარი კარტოფილი მანამდე და თვის ბოლოს ოლივიეს სალათა, როგორც ცუდი და კარგი პოლიციელის გათამაშება. დამნაშავე ვარ, შემწვარი კარტოფილი არ მიყვარს.

არც – ახალი წელი. მგონია, რომ პოლიტიკურად ცუდი მაგალითია, რადგან პირველობის ფეტიშს გვაძლევს. უპირატესობას აძლევს პირველ შვილს, პირველ ქმარს, პირველ ხილს, პირველად დაგემოვნებულ კერძს და ა.შ. მერე ვამბობთ, ებრაელთა გენოციდი კი არა, მასე გენოციდი პირველად ებრაელებმა დაიწყესო; ან გახარიას დარბევა კი – არა, ხალხი პირველად ნაციონალებმა დაარბიესო. არა და სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, როგორც თვის ბოლოს ჩარიცხული ტკბილი ხელფასი.

***

ხანდახან როცა მთაწმინდიდან თბილისს ვუყურებ, მის წარსულს წარმოვიდგენ. არა ისე, როგორც ტურისტებს უყვებიან გორგასალზე ლეგენდებს, უფრო შემდგომი პერიოდის თბილისის დაარსებას, ნამდვილი თბილისის დაარსებას, რადგან თბილისი მხოლოდ ორთაჭალა-ვერა არ არის, ნავთლუღი და დე ფაქტო ნაძალადევია, ფანჯრებზე გაქონილი ქაღალდებია, უსახლკარო გლეხებია კუთხურ ქსელებად ან ერთმორწმუნე ჯგუფებად დასახლებულები, სიმინდი რომ გაიტანეს ექსპორტზე და იმ თანხით თბილისში აიშენეს სახლი, ძველი სომხები რომ ახალ ემიგრანტ სომხებს ამრეზით უყურებდნენ, ჩამოსულოო, აზერებს რომ ჯერ ეროვნულობა არ აქვთ და მუსულმანს ნიშნავს, თბილისი ეს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაა, რკინიგზელელებია. თბილისი ხომ რკინიგზის მშენებლობის დროს დაარსდა.

სენტიმენტალურია, როცა ძველი თბილისის გაურემონტებელ იტალიურ ეზოში ცხოვრებისთვის თითქმის ორმაგს ვიხდით, ვიდრე რიგით უკეთეს ბინაში დელისთან. თითქოს საკუთარ ქალაქში ტურისტად ყოფნა გვინდა. სენტიმენტალური, სნობური და ნეკროფილური, იქაურ აბორიგენებს კი აგრესია უჩნდებათ და ამბობენ “ბელნსკი”, “კიროვი” და სხვა. სნობიზმი ესაა ომი ისტორიასა და სხვა ისტორიას შორის. ჩემთვის თბილისი მიერთებების გარეშე მკვდარია, როგორც ენების გრამატიკას სიცოცხლეს ზღვრების დარღვევა სძენს. თორემ იქნებოდა წალკა, რაიონი, რომელიც ისეთივე ოთხკუთხედია, როგორიც იყო და ალბათ დარჩება.

ჩემთვის თბილისი ქალებმა ააშენეს. ბატონ-ყმობის გადავარდნის მერე უსახლკარო გლეხკაცები თბილისში ჩამოვიდნენ და ახალი ქალაქის მშენებლობა დაიწყეს. კაცები დასაქმებულები იყვნენ ან რკინიგზის მშენებლობაზე ან სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. ანუ ქალებისთვის საქმე არ იყო. ბინის ქირა 2.5მანეთიდან 5მანეთამდე მერყეობდა. მაშინ ხელფასი დღიურად 20კაპიკი იყო, ხოლო ქალების ანაზღარება – უფრო დაბალი. ქალები მხოლოდ თამბაქოს დამფასოვებლებად მუშაობდნენ ან მეძავებად. და როცა აჯანყების დრო მოვიდა შრომითი რეფორმების გამო, სანამ მეძავები და თამბაქოს დამფასოვებლები არ გაიფიცნენ, არავინ ისმენდა. “ცოტა” ტერაქტებმაც გაამართლა.

***

ისტორიის გიკებისთვის და უფრო მელოდრამების მოყვარულებისთვის არის ასეთი წიგნი და სერიალი “უცხოელი”. მეოცე საუკუნის შოტლანდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის შოტლანდიაში, რადგან იმ ცოდნით, რაც გააჩნია სამშობლო ინგლისელებისგან იხსნას. ვიღაც საფრანგეთს შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნის კარანტინის შემოღებით. სხვა სეზონში მეოცე საუკუნის ამერიკელი ინდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის ამერიკის კოლონიებში, რათა საკუთარი ხალხი გააფრთხილოს ევროპელებზე. სულ მინდა მსგავსი სერიალი ვნახო საქართველოზეც. ისტორიის ან საკუთარი თავის შეცვლის მიზნით პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქაში ვამოგზაუროთ. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

მე მეოცე საუკუნის დასაწყისი მაინტერესებს, ინდუსტრიული მშენებლობის აკვანი, ავანდგარდული ტენდენციები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებში, საპროტესტო აქციები და მისგან გამოწვეული კარანტინი. იცი, იმ დროს ნაბადით სიარული იკრძალებოდა, იარაღი რომ არ დაგვემალა. მაშინ თუ ვერაზე ან რიყეზე ცხოვრობდი, სემინარიელი იყავი ანუ ანარქისტი. იმ დროს თინეიჯერი სტალინი ამბობდა, პარლამენტი ბურჟუებისა და პლეხანოველებისაა, ნამდვილი პოლიტიკა ქუჩაში წყდებაო. მაგრამ რომ დავფიქრდე, ირონიულია, პოლიტიკური პროტესტებისგან და კარანტინისგან მინდა გაქცევა პოლიტიკურ პროტესტებსა და კარანტინში საცხოვრებლად? პირიქით სჯობს, წარსულზე ამ ცოდნით მომავლის შეცვლა. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

***

ჩემი დიდი ბაბუა, ვფიქრობ, ლიბერალი იყო, ილიასთან მეგობრობდა, ფენსი წვეულებებს აწყობდა. გადმოცემის თანახმად, კეთილი ექიმი გახლდათ, თავადი, ორმოც ოთახიანი სასახლით გლეხების უფასო დამხმარე. მაგრამ თუ რომელიმე თავადიშვილს მოახლე შეუყვარდებოდა, მოახლის კუდიანობაზე ავრცელებდნენ ხმებს, სიყვარული-სიძულვილის ჯადოები იცისო. იმ მოახლეების შთამომავლები დღემდე არსებობენ როგორც გარიყულები ვაი და ჯადო არ გაგვიკეთონო. დედაჩემს დღემდე ჰგონია, ოჯახი იმიტომ არ მყავს, რომ იმათ ოჯახში 1 ცალი “პავიდლოს კანფეტი” მაქვს ნაჭამი. თავადიშვილებს კი მაშინ მოახლეებისგან შორს პიტერში აგზავნიდნენ სასწავლებლად.

ჩვენი სახლი თბილისში ახლანდელ ჭავჭავაძეზე იდგა, სოციალისტებმა გაასახლეს და საექიმო კორპუსში მისცეს ბინა ბაბუას სიკვდილის მერე. გადმოცემის თანახმად, ბაბუა ჭლექისგან მოკვდა, რადგან ბევრ ჭლექიან გლეხს უვლიდა. შუა რუსთაველზე დაკრძალეს, მაშინ იქ სასაფლაო იყო. კომუნისტებმა სასაფლაოს გადაფარვით იქ პარკი გააშენეს. ეს ადგილი თბილისის კიდე აღარაა სასაფლაო რომ იდგასო, უკვე თბილისის გულიაო. ალექსანდროვი ჰქვია იმ პარკს. მერე მაგ ტერიტორიაზე ხალხი ცოცხლად დამარხეს. ტერენტი გრანელი მაგაზე იძახდა “გახსოვდეთ სიკვდილი”.

უი, იცით, როგორ იპრანჭებოდნენ პოსტ თავადის ქალები მეზობლებთან? ფანჯარაში კარაქიანი პურითა და ჩაით საუზმობდნენ. ოღონდ ხელი სახის ოდნავ მაღლა ეჭირათ და სახის ზემოთ აწევა უწევდათ კარაქიანი პურის ჩასაკბეჩად. კაფეები ასეთმა სნობებმა დავაარსეთ, ხალხმა უნდა გვიყუროს როგორ ვჭამთ და ბოლოს მიმტანს ხურდა ვაჩუქოთ. ხანდახან ვფიქრობ, რაზე ფიქრობდა დაქვრივებული ბებია საბურთალოს კორსპუსების მეექვსე სართულზე რომ გამოიკეტა, რადგან ვეღარავინ დაინახავდა როგორ საუზმობს კარაქიანი პურით ფანჯარასთან. ვიცი რას ფიქრობ, – მოგვიანებით, საბურთალოზე კორპუსების წინ სხვა კორპუსები ალბათ მაგიტომ ააშენეს, ქვრივი თავადი ქალების საპატივცემულოდ.

ქრისტეს ტკივილგამაყუჩებლები

ერთხელ მაცხოვარი ბეთანიაში სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. მასთან ერთი ქალი მივიდა და მიიტანა ლავანდის ზეთისგან დამზადებული ნელსაცხებელი. ამ ნელსაცხებელს იყენებდნენ თმისა და კანის ლოსიონად, ტკივილგამაყუჩებლად, ლუბრიკანტად, ჩრჩილის გასაქრობად, სოკოსა და ალერგიების სამკურნალოდ, დიაზეპამის ნაცვლად და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდრული ნელსაცხებელი იყო. როგორც თვითონ მარკოზი ამბობს, სუფთა ლავანდი (ძველქართულად, ნარდი) იყო მოტანილი მინარევების გარეშე. ნელსაცხებელი ესხა ალაბასტრის ჭურჭელში. ქალმა გატეხა ალაბასტრი და ლავანდის ზეთით მორწყა მაცხოვარი. ანუ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი წამლის თვიური მარაგი ერთ ადამიანზე ერთჯერადად დახარჯა. ფარისევლები გაწყრნენ ქალზე, გაგეყიდა და აღებული ფული ღარიბებისთვის დაგერიგაო.
ა) მხოლოდ ალაბასტრის ჭურჭელი მარმარილოზე ძვირფასი იყო, რომ არ გაეტეხა;
ბ) ლავანდის ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად გაყიდვადი ნელსაცხებელი იყო, რომელსაც მხოლოდ არომატიზატორის კი არა, სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.
მაგრამ იესომ ფარისევლები გააჩუმა, აცადეთ ქალს, ასე გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებასო. ეტყობა ამ დროს უკვე დაწყებული ჰქონდა ნელსაცხებელს დიაზეპამური მოქმედება.
ა) კი, იესო იყო ნარცისი;
ბ) არა, ბიბლია არ გვეუბნება, რომ მოძღვარმა უნდა გაყიდოს აიფონ12 ფულის ღარიბებისთვის დასარიგებლად თუ ამ აიფონ12-ით ქრისტეს სიყვარულს დაამტკიცებს.
ამ ამბის მერე მარკოზთან უკვე ჯვარცმაა აღწერილი, რაც ისტორიას უფრო საინტერესოდ აქცევს. ქრისტეს უკვე აქვს რამდენიმე ადამიანის რამდენიმე თვის სამყოფი გამაყუჩებული მიღებული. ანუ იცის როგორ მოქმედებს ადამიანზე. შეიძლება ამიტომ, როცა ჯვარცმის წინ მურგარეული ღვინო მიუტანეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ დალია, საღ აზრზე მინდა მოვკვდეო.
ლავანდას ეზოთერული მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ძველ აღთქმას უნდა მივმართოთ, იმიტომ, რომ რთულია ძველი აღთქმის გარეშე ახალი აღთქმის გაგება. სერიალის მეორე სეზონის ნახვას გავს პირველი სეზონის ნახვის გარეშე. ლავანდის ნელსაცხებელს ცერემონიული მნიშვნელობა აქვს, ღმერთი გვირჩევს, რომ ლოცვის დროს არომატიზატორად გამოვიყენოთ.
დღევანდელ პირობებში სურნელებზე მეტად ვიზუალური ზეთოვანი კონცენტრატორები გვაქვს სალოცავად. მაგალითად, ხატები, ფრესკები. მამა გაბრიელის მაგალითზე, უკვე ფოტოგამოსახულებები.
ქართული ხატები იაპონური მანგების პერსონაჟებს მაგონებს მინიმალისტური ცხვირ-პირით, უშველებელი თვალებითა და უსუსური სხეულით. შეიძლება იმიტომ, რომ ქართულმა და რუსულმა კულტურამ რენესანსი გამოტოვა. სანამ პოსტ ბიზანტიელები სხვა ევროპელებთან კოლაბორაციით ნატურალისტურ ფორმებს ქმნიდნენ, იგონებდნენ საღებავებს, რომლებიც დღევანდელ რგბ ფერებს სიკაშკაშით წააგავს, სწავლობდნენ ანატომიასა და შუქ-ჩრდილების გამოყენებას, ჩვენი არჩილ მეფე ერწოს აძეძში თევზაობდა და ვეფხისტყაოსნის ფანარტით ერთობოდა, ვექტორებისა და სკეჩების სრულმქმნილ სურათად (შუქ-ჩრდილებით, ფონის ათვისებით, ფერთა თამაშით და ა.შ) გადაკეთების დრო არ ჰქონდა.
დაკვირვებული ხართ რანაირი ყელი აქვთ ჩვენს ხატებს? თითქოს ყველა წმინდანს თავი აქვს წაჭრილი და ტანს უბრალოდ ადევს. არ ვიცი ეს ექსპრესია რას ემსახურება, მაგრამ მაშინებს, არ ვიყიდიდი. რუსული ხატებიც მასეა. თითქოს ყველა წმინდანს ლავანდის ლოსიონი აქვს გადავლებული, მურგარეული ღვინო დალეული და მალავს, რომ ჭკუიდან იშლება. წმინდანებს თვალები უსივდებათ, ყელი ეღრიცებათ თითქოს კეტამინი გაიყნოსესო და მაინც ამაყად გვაჩვენებენ ცერა თითს არათითზე.

ნებისმიერი დიასახლისის ფიქრები ნებისმიერ დილას

ცხოვრების რაღაც სასაცილო ეტაპზე მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ფული გვეშოვნა მემარცხენე გზით: ბინა გვექირავა 6 თვით და დღიურად გაგვექირავებინა წვეულებებზე, უცხოელებსა თუ წყვილებზე. კომუნალურებიანად და გაფორმებებით ბინის შენახვა ათას ლარამდე გვიჯდებოდა. ანუ თვეში ოცი დღე მაინც უნდა ყოფილიყო დაკავებული რომ მოგება გვენახა. მოგება ვერა, მაგრამ ფილოსოფიური სტატისტიკა ვნახეთ: კაცები არ რეკავენ. კი, შეიძლება, შეკრების ინიციატორები იყვნენ კაცები, მაგრამ აბსტრაქტული სახით, ინტერნეტით განცხადებების მოძიებას და რეკვებს არ იწყებდნენ. არა და წიგნებიდან პირიქით ვიცოდი, თუნდაც ფემინისტური წიგნებიდან. შეიძლება ინიციატორები მართლა არიან, არ ვიცი, მაგრამ საშინლად არ იციან მენეჯმენტი. ხოლო ჩემი ეს მენეჯმენტური უნარები იმის ბრალი მეგონა, რომ მთელი ცხოვრებაა სხვადასხვა კომპანიის მენეჯერად ვმუშაობ, მეიბი სისხლში გამიჯდა. არასდროს მიჭირს დროის გადანაწილება და საქმეების კლასიფიკაცია. არასდროს მიმიყვანია საქმე დედლაინამდე. სკოლაშიც კი, არდადეგების პერიოდში ვსწავლობდი გაკვეთილებს წინასწარ რომ საქმე ბოლო წუთამდე არ მიმეყვანა. არასდროს დამიყენებია მაღვიძარა. ალბათ ერთადერთი რისი ნიჭიც მაქვს მენეჯერული უნარებია და უცებ გამახსენდა, რომ ყველა ქალი ასეა. უცებ გამახსენდნენ ნაცნობი კაცი მენეჯერები, ბოლო საათში რომ ავალებენ თანამშრომლებს საქმეებს; ჯობს.ჯი, სადაც მენეჯერის პოზიციაზე სულ მდედრობითი სქესი ესაჭიროვებათ; მამაჩემი, რომელიც დედაჩემს აძლევდა ფულს ყოველ ხელფასზე კომუნალურებისთვის და სახარჯოდ გადასანაწილებლად, და ახლაც კი, როცა დედაჩემი ავადაა, სიარული აღარ შეუძლია ავარიის მერე, მამაჩემიც, ძირითადად, სახლშია, დიაბეტიკია, ყოველ საღამოს დედას ეკითხება ორინაბიჯიდან ან სუფთა სახლიდან “რა წამოვიღო?” – ქალი ხო კაცს ამას არასდროს კითხავდა, მაშინაც კი, თუ კაცია სახლში და ქალი მუშაობს. ჩვენ ყოველთვის კონკრეტული პროდუქტი გვშივდება და ზუსტად ვიცით რომელ სასტუმროში გვინდა დასვენება და ზეპირად გვახსოვს ყველა ივენთი, რაც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, მუზეუმი იქნება თუ რეივ ღონისძიება.

თანასწორუფლებიანად გიცხოვრია კაცთან? თითქოს სადილსაც თვითონ ამზადებს, ჭურჭელს უვლის, ავეჯს მტვრისგან ათავისუფლებს, მაგრამ არაგეგმიური დასუფთავება არ იცის. აი, თავისით არ მოაფიქრდებათ, რომ მაცივარი ან გაზი დაშალოს, ქიმიური ხსნარები იყიდოს და გაწმინდოს ან ძველი გარდერობი გადასაყრელი აქვს. არა, თუ მიუთითებ, დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ მენეჯერული უნარები არ აქვს. აი, ერთ ჩემს საყვარელ თანამშრომელ გოგონას ქორწილი აქვს, კი ბიჭის ინიციატივით, მაგრამ ქორწილს პატარძალი გეგმავს, ხმა მესმის ხოლმე როგორ რეკავს პერიოდულად სასტუმროებში და გეგმავს. მე და ჩემი ქმარიც ასე ვართ, ის იტყვის “წამო, სადმე დავლიოთ”, – მე ვიტყვი – “იქსიგრეკ რესტორანში ივენთის ფარგლებში აქციაა ღვინოზე და წამო, დავლიოთ”. ქალები უფრო კონკრეტულები ვართ, პრაქტიკულები და ამ წინასაარჩევნოდ მაგნუმის დამაარსებლის კაპას სიტყვები მახსენდება: “ქალი ომის ფოტოგრაფიაში აუცილებელია, ნეგატივების დაბეჭდვის ორგანიზებას უწყობს ხელსო”. ხო ძალიან სექსისტური ფრაზაა? თავის შეყვარბულზე თქვა, იმ შეყვარებულზე, ვინც ომის გადაღების დროს დაიღუპა. რეცენზიაზე “ომი მაღალ ქუსლებზე” საპასუხოდ. თითქოს ამ ფრაზით კაპამ გერდა დაიცვა. ჰო და თუ ორგანიზატორები ვართ და ჯობს.ჯიზე ქალი მენეჯერები გჭირდებათ, პარლამენტში მეტ ქალს ვითხოვთ. ხომ მოგწყინდათ აბსტრაქტული დაპირებები? გინდათ პრობლემების პრაქტიკული გადამწყვეტელები? ჰოო? ბრაზობდით მთელი პეკინი და მერე ჭავჭავაძე რომ გადათხრილი იყო უვადოდ და დროის მენეჯმენტს ვერავინ ახდენდა? წადით არჩევნებზე, აირჩიეთ ქალები პარლამენტში და ინიციატივებს პრაქტიკული შეფუთვა მიეცემა. მოგწყინდათ გაწელილი რემონტი? პრარაბებად აირჩიეთ ქალები.

უმერცხლო

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა რობოტებმა ადამიანები გამოიგონეს.
ჯერ კიდევ გამათბობელი გაზის ბალონებიდან აორთქლებულ ღრუბლებში,
ასფალტზე ჩრდილებს რომ აკეთებენ, შოშიები ფრინავდნენ დაბლა,
ვიდრე მომავალი შვილი შორეული სტრატოსფეროდან
მიკროსკოპით ხილულ კაფსულაში მაკვირდებოდა, ჩემი ცხოვრებები  ვნახე,
კანში დამალული და ძველი.


უმერცხლო

ბევრი ცხოვრების წინ ვამბობ, ერთი გახვრეტილი სკამის ქვეშ ცეცხლი დამინთეს და ისე დამსვეს, რომ საშვილეში ბოლი შესულიყო და ცეცხლი პირიდან ამომსვლოდა. მოვუყევი, რომ ნიორშედებულმა დავიძინე, მაგრამ მეორე დღისით სუნი პირიდან არ ამომსვლია. იმან კი თავი დამიქნია და მითხრა, რომ მისი მზისა და ჩემი ხარის ქედის მადლმა, უმერცხლო ვიყავი და მალე შვილი მეყოლებოდა. თქვა: ვხედავ ან ძეს, რომელიც მიწაზე ძევს თუ ვხედავ ასულს, ზეცაში ასულს. სულთა მხარეში გარდაიცვალა ამქვეყნად მომავალი შვილიო.

მე დაძარღვული ყვითელი ფოთლის კაბა ჩამოვიწიე და სირას ნაჩუქარი ბეჭედი ვკოცნე, ოდნავ ოვალური მავთულებისგან, ბოლოებხსნილი, თავჩაბრუნებული მახათი, მთელი ქონების სანაცვლოდ რომ დევებს გამოაჭდევინა დაბალმა, ჭინკასტანიანმა კაცმა, ჩემმა ქმარმა სირამ. ვითომ საკმაული უნდოდა, ხაფანგში შეიტყუა და იდგა დევი მაწვნის დედით მოთხვრილი ცხვირითა და თითებით, როცა ღვთისშვილმა გიორგიმ შვიდკეცი შვიდი მხარი მათრახი ლურჯას გადაჰკრა, კუპრში ამოვლებული სავარცხლისპირიანი ისრები დაუშინა. ქაჯვეთამდე სდია, სანამ ქვესკნელის შუაგულიდან გრდემლი,  ლუდი, ქვედამიწეთს მდინარეებად რომ ჩამოუდის და ქალი არ ამოიტან-ამოიყვანა, ქალი თორემ კაცის მკერდითა და საშოთი, მთელი მთვარისას კი ქალის მკერდითა და უსაშო.

სოფლის ქალებს რომ ვახარე, ბარი ხელში დამაკავეს, ბავშვი დიდი არ გაგეზარდოს, მშობიარობა გაგიჭირდებაო. ხარებს ნუ ეკარები, რქამ მუცელი არ დაგიზიანოსო. ამ ბოლო დროს ბავშვები მუცელშივე კვდებიან და მერე დანით კაფავენო. აწი მუჭაში დაგუბებული წყალი შესვი, ეგრევე წყაროს ნუ დაეწაფები, არ გადასცდესო. სისხლდენისას ორსულობისას ქალი გაღმაა გასულიო, ქაჯების მხარეშიო. ფუი, ფუი, მჭედელი მოდის და ცოლი მისი, მოძუნძულე მგელიო. ეგ რკინები ქაჯვეთიდან მოაქვთო. ხვთისშვილებს სეტყვებს ეგენი უჭედავენო. ხარიპარია გიორგისო. ქრისტესთვის ლურსმნები მაგათმა გამოჭედესო.

მხოლოდ ჩალა ავიღე ხარების სადგომიდან და მაკრატელი, ქმართან სიამეში შესწრებული დალი რითიც მოვკალი, მიტოვებული ვერძისთავას ქვაბულისკენ დავბრუნდი, სანამ სიარული შემეძლო, ვიარე, გზა ქაჯებს ავურიო და მუცელში ბავშვი შევაწუხო, შობა მალე მოუნდეს მეთქი. მედეას ქოთნები ავაფეთქე, რომელი ქაჯიც ჩემს შვილს მიეკარაბა, შუასკნელში ვაცხოვრებ მეთქი. ქვაბულში დატკეპნილი შავი მიწა ეყარა, ზედ ჩალა დავაფინე, მაკრატელი მასში დავფარე, საშვილე კარაქიანი რძით დავიზილე და დავწექი. წვიმის წვეთებზე ვიოცნებე, თითქოს მხარზე ორიოდე წვეთი დამეცა, მერე გახშირდა და ტანში, როგორც სილაში ისე გაიხსნა. ვხედავდი როგორ მიცემდა თითებში გული და უმძრახად ვსუნთქავდი, ხმას თუ გავიღებდი, ვიცოდი, ქაჯები მომაგნებდნენ. ქაჯები ჰაერის მცველები არიან და ქაჯები ქალებთან უმერცხლობისას მოდიან.

ადრე ვერძისთავას ქვაბული ჭიანჭველის სპირტით იყო სავსე, დედა-ქურუმმა ქილაში ნადები არყით რომ დაალბო და მზეს იქამდე გაუკიდა, სანამ არ დაიმწნა. იქვე შაბი ელაგა, ქაჯვეთიდან ამოსული მომწოვი ძალის მქონე ქვები, ჩირქიან იარებს რომ კურნავდა. ხარის თავიან შაშას ვლოცულობდი, მაგრამ გენაცვალები შენსა მზესა მეთქი, მედეას უმერცხლობის ამბავს ვუმადლოდი. ბავშვობაში დაფლულ კაცებს რომ მანახებდა, ავსულიანები არიან, ხმაურით ამთქნარებენო, სხვადასხვა ხეთა ტოტებისგან ვუნთებდით ცეცხლსა და ჭინჭრებით ვბრუნავდით: უჟმურო, გამოდი მისგანო, უჟმურო, გამოდი მისგანო.

კაცების ნაწოლარ მიწას ვთხრიდით, რადგან ავი თვალი მიწიდან და წყლიდან მოდიოდა ხოლმე და სუფთა ქოთანში ისე გადაგვქონდა, თითქოს ტყის ყვავილის გაშინაურება გვინდოდა. ამ დროს კაცი ღრიალებდა და იხოკდა სახეს, ასოებს, რაც სხეულისგან დარჩა. ღრიალებდა ქარიშხალში გაფრიალებული დროშასავით იქამდე, სანამ ძილი არ წაიღებდა. იმ ჩალისფერი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი დროშასავით, ქარის დაბერვისგან ლომის ღრიალის ხმას რომ გამოსცემდა მტრების შესაშინებლად. მერე ქურუმი ამ ქოთნებს გოგირდით აავსებდა, ასფალტითა და ნავთით, ცეცხლს წაუკიდებდა და ისროდა.

თანდათან ფარშევანგების ქალაქი შეიცვალა, ქალაქი, სადაც ქალებს მიწაში მარხავდნენ, ხოლო კაცებს ხეებზე ჩამოაკონწიალებდნენ ხოლმე. რადგან კაცებმა საიდანღაც მოიგონეს, რომ ქალებში ბავშვებს თავად თესავდნენ და ქურუმებად ქცევა მოუნდათ. აქამდე გვარში მამაჩვენი შაშა გახურებული ქურიდან რკინას შიშველი ხელით აიღებდა, მუხლებზე გაიწვენდა და მუშტებით მოგვჭედავდა ხოლმე: ნაადამიანების ასოებს ერთ ვედრაში ხიკავდა და ერთმანეთს შეადნობდა. რკინის ძაფებით გვიკერავდა ხორცებს და ჭერში გვაწყობდა. არავინ იცოდა საიდან მოჰქონდა ხორცი და ძვალი, ამბობდნენ, ოქროს ვერძებმა მოიტანესო ან ქაჯვეთიდან იპარავსო.

ადრე საშვილეში ქარი რომ მიდგებოდა, სოფლის ქალები იღლიებში ხელებს შემაბჯენდნენ და წელში მხსნიდნენ. საღამოობით მდინარესთან გავდიოდით, ლუდითა და ხარისძირით ვბრუვდებოდით, წყაროსთავიდან სანადიროდ გასაშვებ ქმრებს ვეკეკლუცებოდით, მკერდზე თიხას წავისვამდით ფორმის მისაცემად და ქაჯვეთიდან ამოყვანილ ქალ-კაცას სხეულს ვუთვალიერებდით ქალური კითხვებით: ამირანი შენთან რომელი მთვარისას იყოო; მართალია, რომ ქაჯეთში ჩასულებს თავი ისევ შუამიწეთში ჰგონიათო.

გინდა, შვილო, მუცელში კაცისგან დანერგილო, გიამბო ამბავი, როგორ მიღალატა მამაშენმა,  ნაღალატევმა ქალებმა უკანასკნელი დედამთავრები როგორ დავხოცეთ ანუ ამბავი მანამდე არ არსებული მშობიარობის ჭინთვებისა, შურისძიების გამო შაშვის პირიდან დიდმა ხარებმა რომ დაგვაწყევლეს?! მისმინე:

მე და მამაშენი ვიყავით თუ არ ვიყავით, ლურჯაზე ამხედრებულ გიორგის გველეშაპთან საბრძოლველად ხმალი გამოვუჭედეთ. ვერაფერს გახდებოდა ხვთისშვილი ვერც ოქროს საცრიან და ცხრაძლიან ფანდურიან ქაჯევეთს უჩვენოდ. ქაჯვეთს, საიდანაც ამოვიღეთ მჭედლობისთვის ახალი გრდემლი. ვერაფერს, მაგრამ ისტორიას თაყვანსაცემად მოოქროვილი რძის საღებავით დაწერილი მზა ხატები უნდოდა, თაყვანისცემისას ვგულისხმობთ გამოთაყვანებას.

დიახ, ის გველი ჩვენ დავუმარცხეთ, ხახაში მიცემული ბასრი ლითონით მეტასტაზებივით რომ წაუვიდა თავები და როცა წყეული ამირანი ცხოვრების ხეს ისევე მიაჯაჭვა, როგორც ლობიო სარებს, ზემოდან ციცაბო გორა დაახურა. რომ არ აეწყვიტა, ყოველ დიდ ხუთშაბათს რამდენიმე ცხოვრება მორიგეობით მამიდან შვილი გრდემლზე უროს ვარტყამდით. მერე იმ გორაზე თქვენ ადიოდით და წრეებს არტყამდით. იმ გორაზე, საიდანაც ხვთისშვილები იყვნენ. იმ გრდემლზე, ნამდვილ ქაჯევეთს, ნაყოფიერების შემწე ქვეყანაში მცოდველები რომ მოჰყავდათ დასასჯელად ცოდვის შვილს ვაბამდით: იმ ამირანს, რომელიც ოქროსთმიანმა ტყიურმა დალიმ ჩემი ქმრისგან შვა დედამთავრულ წყობაში და ჩვენივე გამოჭედილი ხმლით ბაყბაყ დევებს კლავდა, მუცელში უჯდებოდა და კლავდა.

მამაშენმა ჯერ ჩემთან წოლის მარხვა შეინახა, ხმაც არ გაუცია, ისევე, როგორც გრდემლზე უროს დარტყმისას უმძრახად იყო. ვნებაჩახვეული ტყიური ქალი, ყურშასავით რომ გადაიხარა, ჩემმა ქმარმა კოჭებამდე დალალები უკანალიდან გვერდზე უმძრახად გადაუწია და შეუდო. მთიელებს ბილწი ენა გვაქვს, ხვნისას ნასწავლი, მიწა სიბილწით უფრო ნაყოფიერდებაო. იმ ყურშასავით გადახრილა, ჩემი ქმარი დალს ტყეში რომ გადაჰყარა: გაქცეული ძაღლი, დადევნებული სირა და ლეკვთან მოთამაშე დალი, ყურშასგან დანერწყვული ტუჩებით. დალის ყვირილზე ნედლი ხეები გამხმარან, ხოლო კლდეზე ცოცვისთვის გამოჭედილი სირას ეკლიანი ფეხსაცმელები მიწაში ჩაწეულა.

ვაი, მაშინ ჩვენ, ამირანმა რომ აიწყვიტოს. და ვაი ქალებსაც, – თავს თუ ვიხსნი, მდედრებს ამოვწყვეტო. ზედმეტად დედამთავრული ვიყავიო. და უფრო ვაი მჭედლის ქალებსო, ჩემზე გამოწეულა ამირანი. მაგრამ სიკვდილი ცელით იმიტომაც დადის, რომ ხალხი ფესვიდან კი არ ამოგლიჯოს, მოთიბოს. ასე უმძრახად მოვესწარით მამამთავრულში გადასვლას, კაცებს იარაღი გამოვუჭედეთ და სანადიროდ გავუშვით. მონადირეებმა რომ შექმნეს მამათმთავრობა, მჭედლებმა ხელით გამოვჭედეთ მათთვის იარაღები. მჭედლის ცოლებმა კი უკანასკნელ დედამთავრულ ქალებზე ვიეჭვიანეთ და დავხოცეთ. ცოტა ხანში სოფელში ატყდა ხმაური, რომ ქალები კაცებისგან მშობიარობდნენ. ჯერ ცოდვის შვილმა ქაჯვეთის ასული შეგვიცდინა, მერე ქალებმა თქვეს, იმის გამოა, რომ კაცები ამ ბოლო დროს ხახვებს ჭამენ და თესლი უდგებათო. მაშინ, როცა ქურუმიც კი უცხოეთში გადაიკარგა, ქალები შვილების გაჩენისგან გაწყდნენ,  ქაჯებს მიჰყავთო.

ახლა კი საბერტყელას ვიცემ მუცელზე, რომ ჩამომებერტყო, საყვარელო შვილო. მოვიკაკვე სხეული ოთხგზის, რათა შევიწროვდე და გამოხვიდე, როგორც ქურუმის გვამი უნდა მოიკაკვოს დასაფლავებისას. გახსოვდეს, რომ გვამი იმარხება, როგორც მუცელში დატეული ჩანასახი, მხარზე დაწოლილი და ოთხკეცი. სხვანაირად დაწოლის, შვილო, ძილის დროსაც გეშინოდეს ხოლმე. იმედია, ძეო, რომ არასდროს იმშობიარო. გამოდი, ძმები თივის დევებს აგიშენებენ და ზედ კუნტრუშით დაახტები. მოგატარებენ მეფის ვაზებში დანერგილ სისხლებს, რომლის ძირში რძის, ღვინის და სურნელოვანი ზეთის შადრევნები მოჩუხჩუხებს და მაინც იტყვი, რომ რკინის საწურე ქურის სითბოში ლუდი გირჩევნია.

ქაჯები დავინახე კარისმაგიერ აყუდებული შეშიდან მითვალთვალებდნენ როგორ გამისერი შიგნიდან სხეული და სისხლიანი ფეხები გამოყავი. რძეს მოყოლილი ნაღებივით შეგისრუტე, ოღონდაც უკნიდან არ დაიბადო მეთქი. ხელების დახმარებით ფეხები თაროებზე შემოვაწყე და ზურგზე გავწექი, იქნება თავით ამოტრიალდე მეთქი. ვიგრძენი როგორ გადატრიალდი მუცელში და მუხლის ჩოქვით დავდექი. გავიჭინთე, თითქოს ყელში ღვიძლი ბოღმა დავიტოვე და გულქვევითა ნაწილი მოგიშორე. შიშველ მუცელზე გამომესახა შენი სახე და ჩემიდან ხვლიკივით გამოსრიალდი, ბუკითა და ყვირილით. ორი თითის სიგრძეზე გადავჭერი ჭიპლარი და ვიგრძენი მომყოლი როგორ შემეჩურთა. ვიყვირე, როგორც თითეული ჩვენგან ნაწამები კაცი ღრიალებდა დანაკუწებისას და მივხვდი, რომ ქვაბულის ნაცვლად ქაჯვეთში ვიყავი.

ჩემი პატარა სხეული მომწონს. ჩამოდენილი ლუდის მდინარეებში ვაბანავებ ფეხებს, შაბზე მოვიკუნტები ხოლმე, მგონია, რომ შეწოვილი სითხე გამოაქვს. დედა მეუბნება, რომ ეს მდინარე ადრე იყო განიერი და სქელი, მერე კი ხვთისშვილმა გიორგიმ შეისრუტა, მამა მოუკლა, მისი და გაიტაცა. იმასაც მეუბნება, რომ ულევი ხანიდან მიტაცებული გვამებისთვის შურისძიება უნდა, შუასკნელში ავა, ადამიანებს ბეგარას გამოართმევს და მოვა. ვიციო სადაა მამაჩემი, შენხელა არისო, ვიღაცა წყეულისგან ქვაბულში დაბადებულიო, წამოსაყვანად მივდიოდით, ვერ მივუსწარითო. ტირილით მხრებზე შემოდგომის ფოთოლივით ვეკონწიალები და ლოდინში ვწყდები. როცა პირველად წამომივიდა თვიური სისხლი, დედა დაბრუნდა, ცხვრებითა და ძროხებით, მაწვნის დედებით, სავარცხელი მოგიტანეო, ხის ხშირი ტოტებისგან გამოთლილი და ჭრილობა მელაკუდით ამომივსეს. იმ ღამეს გრდემლზე დაკვრის ხმა ჩამესმა და ჩვენი ტანისხელა კაცი მომელანდა, ცოლი დამიძახა და შემეშინდა.

4 დაბნეული დღის ისტორია

ვქენი რა ვქენი და მეორე დღეს წავედი უბნის პოლიციაში ქუჩის კამერების გადასამოწმებლად. შემავსებინეს განაცხადი და სახლში გამომიშვეს. სახლის გზაზე ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. ჩემი – არა, სხვისი ტელეფონი. შემთხვევით პოლიციელისთვის მომიპარავს. ხომ იცით როგორც ხდება, ხელი რომ მექანიკურად ეძებს ტელეფონს, თითქოს თვითგადარჩენის მერე შემდეგი ინსტინქტი იყოს.

მესამე დღეს თიბისიში შევედი თანხის მეგობართან ტრანზაქციისთვის, რომ მისთვის გაზის გადასახადის ჩემი წილი გადამერიცხა. ოპერატორს ვეუბნები, რომ არც ტელეფონი მაქვს და არც სიმ ბარათი, ამიტომ შესულიყვნენ ჩემს გვერდზე, ენახათ ესა და ეს ადამიანი კონტაქტებში და მისთვის ასი ლარი გადაერიცხათ, – თანხა გავუწოდე. ოპერატორმა ეს ასი ლარი შეიტანა ჩემს ანგარიშზე, მაგრამ შეცდომით, ჩემგან კი არ გადარიცხა ეს თანხა, არამედ, მეგობრისგან გადმორიცხა ჩემთან. თურმე ჰქონიათ ოპერატორებს ეს უნარიც.

მეოთხე დღეს ბუღალტერმა ხელფასი შემთხვევით ორჯერ ჩამირიცხა, მაგრამ საქმე იცით რაშია? მე კი მომდევნო თვეს დავრჩი ხელფასის გარეშე, მეგობარსაც დავუბრუნე სრული თანხა უკან, ღმერთო ჩემო, პოლიციელთანაც კი შევბრუნდი სინდისის ქენჯნით და ტელეფონით ხელში, მაგრამ ჩემი ლამაზი ანდროიდი წელიწადზე მეტია არ მინახავს. ხანდახან კომპიუტერიდან შევდივარ გუგლის ექაუნთზე და ლასთ სიინ-ის თარიღს ვაკვირდები. და მეღიმება იმ ოთხ ერთმანეთზე მიწყობილ დღეზე, როცა სამყარო თითქოს დაიბნა.

ნუ, მეხუთე დღეს ახალი ტელეფონი ვიყიდე, იმ ერთიანად ჩარიცხული ხელფასიდან, მაგრამ მეექვსე დღეს აზერბაიჯანის საზღვარზე მდინარეს გავატანე. თუმცა მე მირჩევნია აზერეთი დავიმახსოვრო კავკასიის აწ უკვე ვითომ დიდი კედლით, ბოსელები რომ აქვს მიშენებული, ან ფლომასტერით მიწერილი “მიყვარხარ”-ით ქართულად, ან იმით, რომ შექის რაიონში აფთიაქში რომ შევედი ჰიგიენური საფენის საყიდლად ბიჭი ფარმაცევტი გამექცა. პირდაპირი გაგებით, უსიტყვოდ გაწითლდა, დაიბნა, ჯერ ხელი შეაცურა ვიტრინის ქვეშ, თითქოს საფენს კი არა იარაღს იღებდა, მერე გადაიფიქრა და კულისებში შევარდა.

უარის თქმას ვსწავლობთ

ადამიანებს, ვისაც უარის თქმა არ შეუძლიათ, ფსიქოანალიტიკა განიხილავს როგორც დროის მარყუჟში (Time Loop) მცხოვრებებს, ავხსნი: ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, საყოველთაო სიმპატიის დამსახურება რომ სურთ. მიზეზი: წარსულში გადატანილი სირცხვილი თუ უარყოფა. უარის თქმის სწავლის სავარჯიშოს პირველი ამოცანა: ა) გავიხსენოთ როდის შევრცხვით პირველად და გაგვიჩნდა უარყოფის განცდა. სავარაუდოდ, ბავშვობაში ასე 2 წლის ასაკის მერე, სავარაუდოდ, ოჯახის წევრისგან; ბ) წარმოვიდგინოთ სრული სიუჟეტი და ხელახლა განვიცადოთ ის; გ) წარმოვიდგინოთ რომ მივედით ახლანდელი სხეულითა და მენტალობით ჩვენი ბავშვობის მესთან; დ) როგორ ვანუგეშებდით?

სენტიმენტალური სავარჯიშო მგონია, თვითონ კადრიც, როგორ ვდგავარ მუხლამდე დატოლებულ მესთან და ვეუბნები რომ მიყვარს. კი, წაიქცა შუა ხევში დაჭერობანას თამაშის დროს, ყველაზე ტლანქადაც ის დარბოდა და არც ქორწილამდე მოურჩება მუხლები, ქორწილი არც ექნება, მაგრამ ნუ რცხვენია, ოჯახის წევრებს მაინც უყვართ. ის ალბათ ტირილს იწყებს და გარბის სისხლიანი მუხლებით და ჩემი ძალიან ეშინია. ისე ძალიან რომ ჩემს ჯიბრზე ყველას უარს ეუბნება. ისეთ უარს, აი, ჰოდორივით რუტინაში რომ გადაეზარდა. როგორი იქნებოდა სავარჯიშოს იდეალური დასასრული? ალბათ რომ მეპასუხა: არ გავაკეთებ.

ბოტოქსი, შეიმინგი, სექსიზმი

პირველად ბოტოქსი ნათესავს გავუკეთე. მიმიკური ნაოჭების დაფარვა მინდაო, რამე კრემი ხომ არ იციო და მე ბოტოქსის შრატი შევთავაზე: სადაც კრემებში ამდენ თანხას ხარჯავ და არ გშველის, ბარემ ბოტოქსი გაიკეთე და ნახევარი წლით დაისვენებ მეთქი. მერე ბუნებრივი სილამაზეო? თითქოს ყველა ის კრემი, რასაც სახეზე ისვამდა, ბუნებრივი ყოფილიყო. 

ბოტოქსი არაა ჯანმრთელობისთვის საზიანო, ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში მას ისედაც იყენებენ სამკურნალო დანიშნულებებით. მაქსიმუმ ის ზიანი გამახსენდა, რომ ახალი ბოტოქსით “მაფიის ღამე” კარგად ეთამაშა.

არა და ჩვენს ცხოვრებაში ბოტოქსი ირიბი სახით მაინც არსებობს, – თანამედროვე სმარტფონებს ბოტოქსის რეჟიმი აქვს ჩართული, რომ კანი გლუვი და მკვრივი გამოჩნდეს. თანაც სარკის სელფი უფრო ძლიერი არტილერიაა, ნებისმიერი სირთულის ნაოჭის გაქრობა შეუძლია. ეს რომ ავუხსენი, დამთანხმდა და ამჟამად “ბიუთი მოუდისა” და სარკის გარეშე ვუღებ ფოტოებს. 

რატომ აშეიმინგებენ ქალებს ბოტოქსის გამო? სოციალურ ქსელებში გამოკითხვა ჩავატარე, ვიკითხე, თუ მყავდა ფრენდი ვისაც ბოტოქსი გაუკეთებია და დიდად არავინ გამომხმაურებია, ისინიც კი, ვიზეც ზუსტად ვიცოდი, რომ პერმანენტულად იკეთებდნენ, დადუმდნენ. 

სამაგიეროდ, კაცები საუბრობენ. ჩემი ყველა მეგობარი ბიჭი, ვისაც ბოტოქსის გამოცდილება აქვს საუბრობს ამის შესახებ ჩემთან, ალბათ საჯაროდაც. თითქოს ტრენდია, რომ მამაკაცის თავმოვლილობა გამოსაჩენია, ეტყობა სადღაც გულის სიღრმეში ახალგაზრდობის მეორე შანსისკენ, ფაუსტობისკენ ლინკავთ. 

სტიმულისთვის ქალი ფაუსტები გვჭირდება, სადმე არქივში სამეცნიერო კვლევები გვერდზე გადადონ, ნაოჭების სახით სევდიანი გამოცდილებები მოიშორონ და ცხოვრება ახლიდან დაიწყონ.

ტინდერი

იყო დრო, როცა დეითებზე დავდიოდი. ადრე ტინდერში ბიჭი გავიცანი, აი, ისეთი, ჯერ ცოლი რომ არ ჰყოლია და თან რომ საყვარელია. ერთმანეთს საკმაოდ ნორმატიულად შევხვდით, საბურთალოს “4სეზონში”, პოსტსამსახურეობრივი გარეგნობებით. იქვე ვმუშაობო, თან ჩემს კოლეგებს გაგაცნობო. დეითის ბოლოს ანგარიშის გადახდა თავად მოითხოვა, ქალებს ისედაც მცირე ხელფასები გაქვთო. გჯერა? და ფაქ? ჯერ ერთი: იმ ქალებს, რომლებიც თან დედები არიან და თან მუშაობენ, აქვთ მცირე ხელფასი კარიერული ზრდის ტემპის გამო. მაგრამ მათ სტატისტიკაში უშვილო ქალებიც ვხვდებით და ყველას ჰგონია რომ მენსტრუაციის საკომისიოს გვაჭრიან. მეორე რიგში გამახსენდა, სტენდაფერის ხუმრობა, რომ კაცებს ქალებთან შედარებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რადგან უსამართლობაა თანაბარი შემოსავალი იმ პირობებში, სადაც ყოველთვის კაცები იხდიან ანგარიშს. მახსოვს, რაღაც პერიოდი ხშირად წერდნენ სტატიებს, თუ რამდენი უჯდებათ კაცებს ურთიერთობები. დაიწერა სადმე იმ ირიბ ხარჯზე, რასაც საშუალო სტატისტიკური ქალები იხდიან ურთიერთობებისთვის? თუნდაც სვუპზე ნაყიდი ეპილაციის ვაუჩერი, ვარცხნილობა, შილაკი უბნის სალონიდან და წიწაკის სპრეი ტანის გასაპრიალებელ-გასამკვრივებლად კოლმეურნეობის მიწისქვეშიდან – 200ლარამდე ადის. არა და კაცმა “4სეზონში” შეიძლება მაგის მესამედი დატოვოს.

ამიტომ გვაქვს ქართველებს მეგობრული დეითები. ქართული დეითები უბრალოდ შემოერთებაა ახალი ადამიანის იმ სივრცეში სადაც ისედაც ვართ. “გამო, მეგობრები მონოპოლიას ვთამაშობთ”, ან “გამო ამბავში და იქიდან ჩემი და მშობიარობს ჩაჩავაში”, ვთფ? მაგრამ შინაურულია, ნაცადია. არა ისეთი, როგორიც ჰოლივუდურ ფილმებშია, სადღაც ბილტმორის რესტორანში რომ უნდა შევხვდეთ 4 დღის მერე და ამ 4 დღის განმავლობაში რომ ვნერვიულობთ და განვიცდით და მეგობრებს შემოვიხვევთ ცალ-ცალკე და ისინი რომ თავიანთ ტანსაცმელს გვაზომებენ კომედიური მუსიკის ფონზე ან საშოპინგოდ დავდივართ, პეპლები მუცელში ფრიალებენ და რომ ვმეცადინეობთ უნარებში, ისტორიაში, კომიქსებში, ნერდოლოგიასა თუ ნიუსფიდიზმში, რავი, ცხოვრებაში, რომ სასაუბრო თემა იმ 40 წუთში არ დაგველიოს ანუ დეითამდე მისასვლელი გზა რომ უნდა ავიაროთ, მანდ მთელი რიტუალია. თან მობილურებში რომ სფიჩებს ვალაგებთ: “რა პროფესიის ხარ? აა, ფინანსისტი? ფინანსისტებზე ის ხუმრობა იცი? სიყვარულის ახსნა სხვადასხვა ენაზე. რა იქნება შემდეგი? ალიმენტები სხვადასხვა ვალუტაში? ჰიჰიჰი”. ან “ვა, პროგრამისტი ხარ? ბარში რომ შემოხვედი და 2 ლუდი შეუკვეთე, ბარმენს რამდენი თითი აჩვენე? ჰიჰი”. და ასე წინასწარ რეპეტიცია ყველა შესაძლო პროფესიაზე, რადგან მხოლოდ ჭკვიანები კი არა, მხიარულებიც უნდა გამოვჩნდეთ. კი, ვიცით, რომ ამ დეითისთვის მთელი თავისუფალი დრო, ენერგია და ფული დავხარჯეთ, მაგრამ არაუშავს, არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვეწონება, არა, შეიძლება რომელიმე ჩვენგანი მოძალადეც აღმოჩნდეს ან დამაბულინგოს რომ ღარიბი ვარ, უბრალოდ ტრადიციაა ასეთი, უნდა დაგვეხარჯა.