რაღაც ჯგუფში იკითხეს 9 წლის ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროო და მე-19 საუკუნის კლასიკოსები ლიდერობენ. 9 წლის ბავშვისთვის ყველაზე თანამედროვე ოტია იოსელიანის რომანებია დასახელებული.
გავჩუმდი, როგორც ჩემს მეგობრებთან ვჩუმდები ხოლმე, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს ტუქსავენ წიგნებზე მეტად ვიდეო თამაშების სიყვარულისთვის. გავჩუმდი, რადგან 9 წლის ასაკში წიგნების კითხვა მიყვარდა და შეჩვეული ვარ დადგენილი აზრების გაუპროტესტებლად მიღებას.
არა და როგორია, რომ 9 წლის ბავშვს აუხსნა, რომ, როცა ცხოვრება მის წინაშე ასეთი აქტიურია და გარშემო იმდენი რამაა შესაცვლელი, გინდა, პასიურ მდგომარეობაში ჯდომა და სხვების აზრები შეაყვარო.
თამაშებიც ლიტერატურაა, მიმდინარე თხრობასთან ერთად მოთამაშეს სიუჟეტის შეცვლაც შეუძლია. ბავშვი თვითონ არის ავტორებთან ერთად სიუჟეტის დამკორექტირებელი და მთავარი მოქმედი პირიც. თავად არის შესული თხრობაში და საკუთარ თავზე განიცდის ბიძია თომას ქოხის ისტორიულ ამბებს, – ეგ თამაში თურმე მართლა არსებობს. ხანდახან მგონია, რომ წიგნები პოლიტიკოსებმა გამოიგონეს სიუჟეტში ჩაურეველი მოქალაქეების შესაგროვებლად.
პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ეს პოლიტიკური ხარვეზი გამოსწორებულია, მკითხველსაც აქვს პატარა არჩევნების უფლებები, ხან მკითხველის გადასაწყვეტია რომელი ფურცლიდან დაიწყებს კითხვას აზრის გადმოსაცემად, როგორც ეს აკა მორჩილაძეს წერილებშია, ხან ნებისმიერ სოფისტური ლიტერატურაში მკითხველი მწერალთან ერთად პასუხობს შეკითხვებს. მაინც ეგოცენტრული საუკუნე გვაქვს.
დღეს უფრო პრეტენზიულები ვართ ხარვეზების მიმართ. მაგალითად, ჩემი ყური ვეღარ უსმენს გიტარიან ტიპებს უბანში, იმდენად რუტინულია მაღალი ჟღერადობის ფონოგრამიანი მუსიკა ჩემთვის, ნატურალური ხმები ხო ხარვეზებითაა სავსე. ასტრონავტების ინტერვიუდან ვიცი, პირველად რომ გადიან კოსმოსში და დედამიწას ზემოდან დაჰყურებენ, ამბობენ: ” ამმ, იური გაგარინს მოეწონებოდა”. თვალი ხომ ვერ აღიქვამს იმაზე უკეთ, ვიდრე – კამერა. და იცი, მშურს ხალხის, ვისაც პეიზაჟების ძალიან ბევრი ფოტო მასალა უნახავს და მაინც, როცა ჭაუხებიდან გადმოყურებს ხევს, ამბობს: “რა ლამაზია”.
Category Archives: ART
ლეგენდები თბილისის დაარსებაზე
საბჭოთა ლექსიკა ურბანულ სნობიზმში გადაიმალა. მაგალითად, ვერის ბაღის კიროვის პარკად მოხსენიება ხო ნიშნავს ჰიპსტერულ სინდრომს “ეგ ადგილი მე შენამდე ვიცოდი”. ურბანული სნობიზმი კი საკმაოდ დუალისტური ბუნებისაა, ეკონომიური ფაქტორები რომ გამოვაკლოთ, მის გამოა რომ ჩემს თაობაში მეტრო ინარჩუნებს სტილს და ვინმე რიგითი საბურთალოელი დიდი ჯიპის მაგიერ ჩადის მიწისქვეშ, მანქანები პროვინციაში უყვართო. სნობიზმის და ცოტა საიფაისაც.
ჩემში მცირეა სოციალისტური გემოვნება, ტიპური კაპიტალისტი გოგო ვარ fast fashion guilty pleasure-ებით. მაგრამ ჩემს თაობას სოციალიზმი ჩვევებში და გემოს რეცეპტორებში განსაკუთრებით შემორჩა. ჩემთვის სოციალიზმის სიმბოლოა ტკბილი ღვინო და შაქრიანი ჩაი, როცა კაპიტალიზმის სიმბოლო მგონია მშრალი ღვინო და უშაქრო ჩაი. კაპიტალიზმისთვის ხო პროდუქტი თავისთავად უნდა იყოს მაღალხარისხიანი შაქარმა რომ არ დაჩრდილოს. მაგრამ არის გემო, რაც მისი სოციალისტური ბუნების გამო მიყვარს, ესაა ოლივიეს სალათა. შეიძლება ბავშვობის ნოსტალგიის გამო, მაგრამ მთავარია ვერთობი. სიყვარული არის როცა ხედავ ვინმეს ქუჩაში, ვისაც შენნაირი ყურსასმენი უკეთია და ოლივიეს სალათა. შეიძლება იმიტომ მიყვარს, რომ ასოცირდება ბავშვობასთან და მამას ხელფასთან. შემწვარი კარტოფილი მანამდე და თვის ბოლოს ოლივიეს სალათა, როგორც ცუდი და კარგი პოლიციელის გათამაშება. დამნაშავე ვარ, შემწვარი კარტოფილი არ მიყვარს.
არც – ახალი წელი. მგონია, რომ პოლიტიკურად ცუდი მაგალითია, რადგან პირველობის ფეტიშს გვაძლევს. უპირატესობას აძლევს პირველ შვილს, პირველ ქმარს, პირველ ხილს, პირველად დაგემოვნებულ კერძს და ა.შ. მერე ვამბობთ, ებრაელთა გენოციდი კი არა, მასე გენოციდი პირველად ებრაელებმა დაიწყესო; ან გახარიას დარბევა კი – არა, ხალხი პირველად ნაციონალებმა დაარბიესო. არა და სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, როგორც თვის ბოლოს ჩარიცხული ტკბილი ხელფასი.
***
ხანდახან როცა მთაწმინდიდან თბილისს ვუყურებ, მის წარსულს წარმოვიდგენ. არა ისე, როგორც ტურისტებს უყვებიან გორგასალზე ლეგენდებს, უფრო შემდგომი პერიოდის თბილისის დაარსებას, ნამდვილი თბილისის დაარსებას, რადგან თბილისი მხოლოდ ორთაჭალა-ვერა არ არის, ნავთლუღი და დე ფაქტო ნაძალადევია, ფანჯრებზე გაქონილი ქაღალდებია, უსახლკარო გლეხებია კუთხურ ქსელებად ან ერთმორწმუნე ჯგუფებად დასახლებულები, სიმინდი რომ გაიტანეს ექსპორტზე და იმ თანხით თბილისში აიშენეს სახლი, ძველი სომხები რომ ახალ ემიგრანტ სომხებს ამრეზით უყურებდნენ, ჩამოსულოო, აზერებს რომ ჯერ ეროვნულობა არ აქვთ და მუსულმანს ნიშნავს, თბილისი ეს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაა, რკინიგზელელებია. თბილისი ხომ რკინიგზის მშენებლობის დროს დაარსდა.
სენტიმენტალურია, როცა ძველი თბილისის გაურემონტებელ იტალიურ ეზოში ცხოვრებისთვის თითქმის ორმაგს ვიხდით, ვიდრე რიგით უკეთეს ბინაში დელისთან. თითქოს საკუთარ ქალაქში ტურისტად ყოფნა გვინდა. სენტიმენტალური, სნობური და ნეკროფილური, იქაურ აბორიგენებს კი აგრესია უჩნდებათ და ამბობენ “ბელნსკი”, “კიროვი” და სხვა. სნობიზმი ესაა ომი ისტორიასა და სხვა ისტორიას შორის. ჩემთვის თბილისი მიერთებების გარეშე მკვდარია, როგორც ენების გრამატიკას სიცოცხლეს ზღვრების დარღვევა სძენს. თორემ იქნებოდა წალკა, რაიონი, რომელიც ისეთივე ოთხკუთხედია, როგორიც იყო და ალბათ დარჩება.
ჩემთვის თბილისი ქალებმა ააშენეს. ბატონ-ყმობის გადავარდნის მერე უსახლკარო გლეხკაცები თბილისში ჩამოვიდნენ და ახალი ქალაქის მშენებლობა დაიწყეს. კაცები დასაქმებულები იყვნენ ან რკინიგზის მშენებლობაზე ან სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. ანუ ქალებისთვის საქმე არ იყო. ბინის ქირა 2.5მანეთიდან 5მანეთამდე მერყეობდა. მაშინ ხელფასი დღიურად 20კაპიკი იყო, ხოლო ქალების ანაზღარება – უფრო დაბალი. ქალები მხოლოდ თამბაქოს დამფასოვებლებად მუშაობდნენ ან მეძავებად. და როცა აჯანყების დრო მოვიდა შრომითი რეფორმების გამო, სანამ მეძავები და თამბაქოს დამფასოვებლები არ გაიფიცნენ, არავინ ისმენდა. “ცოტა” ტერაქტებმაც გაამართლა.
***
ისტორიის გიკებისთვის და უფრო მელოდრამების მოყვარულებისთვის არის ასეთი წიგნი და სერიალი “უცხოელი”. მეოცე საუკუნის შოტლანდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის შოტლანდიაში, რადგან იმ ცოდნით, რაც გააჩნია სამშობლო ინგლისელებისგან იხსნას. ვიღაც საფრანგეთს შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნის კარანტინის შემოღებით. სხვა სეზონში მეოცე საუკუნის ამერიკელი ინდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის ამერიკის კოლონიებში, რათა საკუთარი ხალხი გააფრთხილოს ევროპელებზე. სულ მინდა მსგავსი სერიალი ვნახო საქართველოზეც. ისტორიის ან საკუთარი თავის შეცვლის მიზნით პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქაში ვამოგზაუროთ. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?
მე მეოცე საუკუნის დასაწყისი მაინტერესებს, ინდუსტრიული მშენებლობის აკვანი, ავანდგარდული ტენდენციები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებში, საპროტესტო აქციები და მისგან გამოწვეული კარანტინი. იცი, იმ დროს ნაბადით სიარული იკრძალებოდა, იარაღი რომ არ დაგვემალა. მაშინ თუ ვერაზე ან რიყეზე ცხოვრობდი, სემინარიელი იყავი ანუ ანარქისტი. იმ დროს თინეიჯერი სტალინი ამბობდა, პარლამენტი ბურჟუებისა და პლეხანოველებისაა, ნამდვილი პოლიტიკა ქუჩაში წყდებაო. მაგრამ რომ დავფიქრდე, ირონიულია, პოლიტიკური პროტესტებისგან და კარანტინისგან მინდა გაქცევა პოლიტიკურ პროტესტებსა და კარანტინში საცხოვრებლად? პირიქით სჯობს, წარსულზე ამ ცოდნით მომავლის შეცვლა. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?
***
ჩემი დიდი ბაბუა, ვფიქრობ, ლიბერალი იყო, ილიასთან მეგობრობდა, ფენსი წვეულებებს აწყობდა. გადმოცემის თანახმად, კეთილი ექიმი გახლდათ, თავადი, ორმოც ოთახიანი სასახლით გლეხების უფასო დამხმარე. მაგრამ თუ რომელიმე თავადიშვილს მოახლე შეუყვარდებოდა, მოახლის კუდიანობაზე ავრცელებდნენ ხმებს, სიყვარული-სიძულვილის ჯადოები იცისო. იმ მოახლეების შთამომავლები დღემდე არსებობენ როგორც გარიყულები ვაი და ჯადო არ გაგვიკეთონო. დედაჩემს დღემდე ჰგონია, ოჯახი იმიტომ არ მყავს, რომ იმათ ოჯახში 1 ცალი “პავიდლოს კანფეტი” მაქვს ნაჭამი. თავადიშვილებს კი მაშინ მოახლეებისგან შორს პიტერში აგზავნიდნენ სასწავლებლად.
ჩვენი სახლი თბილისში ახლანდელ ჭავჭავაძეზე იდგა, სოციალისტებმა გაასახლეს და საექიმო კორპუსში მისცეს ბინა ბაბუას სიკვდილის მერე. გადმოცემის თანახმად, ბაბუა ჭლექისგან მოკვდა, რადგან ბევრ ჭლექიან გლეხს უვლიდა. შუა რუსთაველზე დაკრძალეს, მაშინ იქ სასაფლაო იყო. კომუნისტებმა სასაფლაოს გადაფარვით იქ პარკი გააშენეს. ეს ადგილი თბილისის კიდე აღარაა სასაფლაო რომ იდგასო, უკვე თბილისის გულიაო. ალექსანდროვი ჰქვია იმ პარკს. მერე მაგ ტერიტორიაზე ხალხი ცოცხლად დამარხეს. ტერენტი გრანელი მაგაზე იძახდა “გახსოვდეთ სიკვდილი”.
უი, იცით, როგორ იპრანჭებოდნენ პოსტ თავადის ქალები მეზობლებთან? ფანჯარაში კარაქიანი პურითა და ჩაით საუზმობდნენ. ოღონდ ხელი სახის ოდნავ მაღლა ეჭირათ და სახის ზემოთ აწევა უწევდათ კარაქიანი პურის ჩასაკბეჩად. კაფეები ასეთმა სნობებმა დავაარსეთ, ხალხმა უნდა გვიყუროს როგორ ვჭამთ და ბოლოს მიმტანს ხურდა ვაჩუქოთ. ხანდახან ვფიქრობ, რაზე ფიქრობდა დაქვრივებული ბებია საბურთალოს კორსპუსების მეექვსე სართულზე რომ გამოიკეტა, რადგან ვეღარავინ დაინახავდა როგორ საუზმობს კარაქიანი პურით ფანჯარასთან. ვიცი რას ფიქრობ, – მოგვიანებით, საბურთალოზე კორპუსების წინ სხვა კორპუსები ალბათ მაგიტომ ააშენეს, ქვრივი თავადი ქალების საპატივცემულოდ.
ქრისტეს ტკივილგამაყუჩებლები
ერთხელ მაცხოვარი ბეთანიაში სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. მასთან ერთი ქალი მივიდა და მიიტანა ლავანდის ზეთისგან დამზადებული ნელსაცხებელი. ამ ნელსაცხებელს იყენებდნენ თმისა და კანის ლოსიონად, ტკივილგამაყუჩებლად, ლუბრიკანტად, ჩრჩილის გასაქრობად, სოკოსა და ალერგიების სამკურნალოდ, დიაზეპამის ნაცვლად და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდრული ნელსაცხებელი იყო. როგორც თვითონ მარკოზი ამბობს, სუფთა ლავანდი (ძველქართულად, ნარდი) იყო მოტანილი მინარევების გარეშე. ნელსაცხებელი ესხა ალაბასტრის ჭურჭელში. ქალმა გატეხა ალაბასტრი და ლავანდის ზეთით მორწყა მაცხოვარი. ანუ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი წამლის თვიური მარაგი ერთ ადამიანზე ერთჯერადად დახარჯა. ფარისევლები გაწყრნენ ქალზე, გაგეყიდა და აღებული ფული ღარიბებისთვის დაგერიგაო.
ა) მხოლოდ ალაბასტრის ჭურჭელი მარმარილოზე ძვირფასი იყო, რომ არ გაეტეხა;
ბ) ლავანდის ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად გაყიდვადი ნელსაცხებელი იყო, რომელსაც მხოლოდ არომატიზატორის კი არა, სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.
მაგრამ იესომ ფარისევლები გააჩუმა, აცადეთ ქალს, ასე გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებასო. ეტყობა ამ დროს უკვე დაწყებული ჰქონდა ნელსაცხებელს დიაზეპამური მოქმედება.
ა) კი, იესო იყო ნარცისი;
ბ) არა, ბიბლია არ გვეუბნება, რომ მოძღვარმა უნდა გაყიდოს აიფონ12 ფულის ღარიბებისთვის დასარიგებლად თუ ამ აიფონ12-ით ქრისტეს სიყვარულს დაამტკიცებს.
ამ ამბის მერე მარკოზთან უკვე ჯვარცმაა აღწერილი, რაც ისტორიას უფრო საინტერესოდ აქცევს. ქრისტეს უკვე აქვს რამდენიმე ადამიანის რამდენიმე თვის სამყოფი გამაყუჩებული მიღებული. ანუ იცის როგორ მოქმედებს ადამიანზე. შეიძლება ამიტომ, როცა ჯვარცმის წინ მურგარეული ღვინო მიუტანეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ დალია, საღ აზრზე მინდა მოვკვდეო.
ლავანდას ეზოთერული მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ძველ აღთქმას უნდა მივმართოთ, იმიტომ, რომ რთულია ძველი აღთქმის გარეშე ახალი აღთქმის გაგება. სერიალის მეორე სეზონის ნახვას გავს პირველი სეზონის ნახვის გარეშე. ლავანდის ნელსაცხებელს ცერემონიული მნიშვნელობა აქვს, ღმერთი გვირჩევს, რომ ლოცვის დროს არომატიზატორად გამოვიყენოთ.
დღევანდელ პირობებში სურნელებზე მეტად ვიზუალური ზეთოვანი კონცენტრატორები გვაქვს სალოცავად. მაგალითად, ხატები, ფრესკები. მამა გაბრიელის მაგალითზე, უკვე ფოტოგამოსახულებები.
ქართული ხატები იაპონური მანგების პერსონაჟებს მაგონებს მინიმალისტური ცხვირ-პირით, უშველებელი თვალებითა და უსუსური სხეულით. შეიძლება იმიტომ, რომ ქართულმა და რუსულმა კულტურამ რენესანსი გამოტოვა. სანამ პოსტ ბიზანტიელები სხვა ევროპელებთან კოლაბორაციით ნატურალისტურ ფორმებს ქმნიდნენ, იგონებდნენ საღებავებს, რომლებიც დღევანდელ რგბ ფერებს სიკაშკაშით წააგავს, სწავლობდნენ ანატომიასა და შუქ-ჩრდილების გამოყენებას, ჩვენი არჩილ მეფე ერწოს აძეძში თევზაობდა და ვეფხისტყაოსნის ფანარტით ერთობოდა, ვექტორებისა და სკეჩების სრულმქმნილ სურათად (შუქ-ჩრდილებით, ფონის ათვისებით, ფერთა თამაშით და ა.შ) გადაკეთების დრო არ ჰქონდა.
დაკვირვებული ხართ რანაირი ყელი აქვთ ჩვენს ხატებს? თითქოს ყველა წმინდანს თავი აქვს წაჭრილი და ტანს უბრალოდ ადევს. არ ვიცი ეს ექსპრესია რას ემსახურება, მაგრამ მაშინებს, არ ვიყიდიდი. რუსული ხატებიც მასეა. თითქოს ყველა წმინდანს ლავანდის ლოსიონი აქვს გადავლებული, მურგარეული ღვინო დალეული და მალავს, რომ ჭკუიდან იშლება. წმინდანებს თვალები უსივდებათ, ყელი ეღრიცებათ თითქოს კეტამინი გაიყნოსესო და მაინც ამაყად გვაჩვენებენ ცერა თითს არათითზე.
პოლიტკორექტულობა: იტალიკა და ამერიკა
ერთმა ქართულმა ტექნოლოგიების ბლოგმა გამოაცხადა ინოვაციური ბლოგპოსტების კონკურსი, სადაც ძირითად პირობებში მიუთითა, რომ ტექსტი აკრეფილი ყოფილიყო აუცილებლად ვორდის ფაილში აუცილებლად Sylfaen შრიფტით. ბარემ აკადნუსხური მიეთითა. მაიკროსოფტის ბობის სუნი მეცა. რამდენი გიკი იყენებს მაიკროსოფტის ოფისსა და შრიფტს? გარდა იმისა, რომ სილვაინს მოძველებული სტრუქტურა აქვს, სექსისტურია, ბოლდთან ერთად პატრიარქატულ ფონტად ითვლება. ამ სტერეოტიპს ხელი შეუწყო ფრაზამ – კაცები არიან მარსიდან, – რომელიც სილფაინის უხეში და წვეტიანი ფონტით დაიწერა და გაიტალიკებული ასოებით – ქალები არიან ვენერადან. ქალური ნაწილი იტალიკის ფონტით დაიწერა. იმ ირონიული სიმბოლიკით, რომ ქალების საქმე გადაწოლაა. იტალიკის ქალურ ფონტად წარმოჩენას მოყვნა ქალური საიტების მთლიანად დაწვენილი ფონტით წარმოება. გახსოვთ, ჯერ კიდევ 5 წლის წინ სადაც კი მაკიაჟისა თუ ბიუსჰალტერის შესახებ იწერებოდა, ყველგან ვარდისფერი იტალიკური ფონტი გვხვდებოდა?! დღეს იტალიკის ფონტი შედარებით ნაკლებად, იმ სიტყვებზე/ფრაზებზე ყურადღების გასამახვილებლად გვხვდება, რაც თვალში საცემი უნდა იყოს. აი, როგორც ბევრ ფილმშია, რიტუნულ პასაჟებ შორის ვამატებთ შიშველი ქალებით სცენას, – თვალს გადაახალისებს და შემდგომი დაძაბული პასაჟის აღქმისთვის გვამზადებს. იტალიკის ფონტს ყურადღების მობილიზაციის გარდა ვიყენებთ ჟარგონების, უცხო სიტყვების, ციტატების და სათაურების წერის დროს. თუმცა არის გამონაკლისებიც, ვერსად ნახავთ იტალიკის ფონტით დაწერილ სიტყვას – ბიბლია. ბიბლიას გადაწვენა არ შეიძლება.
დღევანდელი პოლიტკორექტულობა ამერიკის პოლიტიკაზე უფროა აგებული ვიდრე გლობალურზე. ზოგჯერ ბუნებრივია, რადგან სიტყვა bitch ქალის ობიექტად წარმოჩენას განასახიერებს, მაგრამ მისი ქართული შესატყვისი – ძუკნა – არა მარტო ქალის ცხოველურობას უკეთებს აქცენტს, ცხოველთა უფლებებსაც არღვევს. შემედავებით, თვითონ ქალები ეძახიან ერთმანეთს bitch-ს და კაცმა რომ ქალი იგივეთი მოიხსენიოს, რა მოხდა. იგივენაირიად შემედავებით, რომ niga’-ს, ქართულად ზანგები ეძახიან ერთმანეთს და არ სწყინთ ერთმანეთისგან, მაშ თეთრებმა რატომ უნდა შევიკავოთ თავი. პასუხია, რომ პოლიტკორექტულობა მოიცავს ხელისუფლების ზრუნვას დაჩაგრულ პირზე მაშინაც კი თუ დაჩაგრული ვერ გრძნობს თავს დაჩაგრულად. თუ ფემინისტი ქალი ვერ გრძნობს პრობლემას რომ სხვა ქალს ძუკნა ან კახპა დაუძახოს, ან თუ ნეო შავი პანტერელი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას სიტყვა ზანგის მტკივნეულ აურაზე, ეს არ ნიშნავს რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. და დიახ, როცა ქალი მოიხსენიებს ქალს კახპად და აფროამერიკელი ნათესავს ზანგად – მაინც ისჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, საპირისპირო მხრიდან უფრო მტკივნეულია. მაგრამ ამერიკის პოლიტიკაზე აგებული პოლიტკორექტულობა სხვა ქვეყნებისთვის ხშირად ბუნებრივი არ არის. მაგალითად, ბოლო ხანებში სიტყვა – შავკანიანი – დემონიზებული გახდა და შეიცვალა სიტყვით – აფროამერიკელი. იმ იდეით, რომ სიტყვა – შავკანიანი – გამოხატავს რა არის ადამიანი, ხოლო – აფროამერიკელი – გამოხატავს ვინ არის ადამიანი. მაგრამ საქართველოს ბაზაზე, სადაც ზანგები უფრო ხშირად აფრიკიდან არიან, ვიდრე აფროამერიკიდან, უფრო გამართლებულია მათი შავებად ან ზანგებად მოხსენიება. თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტკორექტულობის ნიღბით ამერიკამ საკუთარი გლობალურობა ჩააშენა სხვა ერებში და იძახის, რომ ნიგერიელიც ამერიკელია, მაშინაც კი თუ მას ფეხი არ დაუდგამს ამერიკის მიწებზე.
rocketbook everlast – ჭკვიანი რვეული
თუ დიზაინერები სახატავ ტაბლეტებს იყენებენ ხელით ხატვის ნოსტალგიის გამო, ბლოგერები ჭკვიან რვეულებს ვიყენებთ ხელით წერის ნოსტალგიის დროს. მე Rocketbook Everlast-ს უკვე წელიწადია ვიყენებ ანუ იმ ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც ეს გაჯეტი ამაზონზე დადებისთანავე გამოწერა. რადგან ამ ხნის განმავლობაში სხვა ჭკვიან რვეულებთან შეხება მქონდა, შევეცდები მსურველები კომპარატიული პერსპექტივიდან დავაკვალიანო.
ისტორია და კონცეფცია
არის ასეთი კომპანია salesforce.com, რომელიც ტექნოლოგიური სიახლეებს უწევს მარკეტინგს. 2013 წელს მნიშვნელოვან კონფერენციაზე ამ კომპანიის წარმომადგენელ ჯო ლემეის სამუშაო რვეული აერია და, როგორც თავად დატვიტა, #meetingfail. ერთი წლის მერე პაბში გაიცნო დეველოპერი ჯეიქ ეფსთეინი და გაუმხილა, ქლაუდზე შეერთებული ფურცლის გამოგონება მინდაო. მუდამ ფრენის რეჟიმში იყოსო. სლოგანი – Always on airplane mode.
ასე დაწყეს ციფრული ფურცლების შექმნაზე მუშაობა, რომელიც ნაწერისგან მიკროტალღურ ღუმელში ჩაის გაცხელების ტემპერატურაზე დატოვებით ან მარკერის დაფასავით სველი ტილოთი გაწმენდით გასუფთავდებოდა. ინვესტორების კომენტარები იყო: “ელონ მასკი ხარ რვეულებში?” “რა აზრი აქვს მრავალჯერადი გამოყენების რვეულის გაყიდვას, ასე ხომ აღარავინ იყიდის მეორეს?”
ვადარებთ სხვა ჭკვიან რვეულებს
- ზოგადად, Rocketbook-ის სერიის რვეულები მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და ვიზუალურად ე.წ. პრუჟინიან ბლოკნოტს ჰგავს. ბამბუკელებისგან განსხვავებით, რომლებიც გლამურულ, ბიზნეს კლასის ვიზუალს გვთავაზობენ მოპირკეთებული ტყავის ყრდით და ჯვარედინული გახსნის სისტემით სოლიდურობისკენ ლინკავს. მაგრამ ბამბუკელებს ერთი ნაკლი აქვთ, უსბ მხარდაჭერის გარეშე არ მუშაობენ, როცა როკეტბუქებს უსბ მედიუმი საერთოდ არ აქვთ. ევერლასთი სხვა რაკეტელების რვეულებისგან განსხვავებით შავი ფერისაა და მისი ქველოგოც იგივენაირი სინთეტიკური მწვანე ფერისაა, როგორიც სრულად Rocketbook-ს აქვს. ეს იმის მანიშნებელია, რომ Everlast რაკეტელების საბაზისო ნაწარმია.
- Everlast გამოიცემა საშუალო ზომის 15.24*22.35 სმ-თი და 36 ფურცლით; დაახლოებით თაბახის ფურცლისხელა (Letter size) 32 ფურცლით; და მინი ევერლასთი ბლოკნოტის ზომის ჯიბით სატარებლად. მე საშუალო ზომის ევერლასთი მაქვს და საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ რახან ჩემი ცხოვრების არააკურატულ წესს, სალაშქრო ჩანთაში ჩატენვებს და საძილე ტომარაში ღამის გატარებას დაუზიანებლად გაუძლო, მინი ბუქი ჯიბით ტარებასაც გაუძლებს.
- ევერლასთის ფურცლები სხვა ჭკვიანი რვეულებისგან განსხვავებით, ნორმალური სითხელისაა, განსაკუთრებით თუ Elfinbook-ს შევადარებთ, ამიტომ გადაფურცვლა არ უჭირს. სამაგიეროდ, მელნის გაშრობას უფრო მეტ ხანს, თითქმის 15 წამს ანდომებს. ამ 15 წამის განმავლობაში ნაწერის წაშლას არ გირჩევდით და სასურველია თუ მელანს ხელითაც არ შეეხებით. თუ ელფინბუქის ფურცლები ნამდვილი რვეულებივითაა დახაზული, ევერლასთის ფურცლებს წერტილოვანი ბადეები აქვს. ამიტომ როცა ევერლასთის ფურცელს cloud-ზე ავტვირთავთ, ჩვენი ჩანაწერები სუფთა ფურცელზე გამოჩნდება, ელფინბუქის ფურცელი კი ნამდვილი რვეულივით, ხაზოვანი სისტემით გადამისამართდება. ამიტომ ევერლასთის რვეულს იყენებენ დიზაინერებიც ილუსტრაციების შექმნისთვის.
- ილუსტრაციებისთვის ევერლასთზე მეტად გამართული როკეთბუქის Color არის. მისთვის მეტი ფერადი კალამია დამზადებული. როცა ევერლასთს მხოლოდ ერთი შავი კალამი მოყვება ტილოსთან ერთად. დასველებულ ტილოს საშლელის ფუნქცია აქვს. იმის მიუხედავად, რომ კალამს რეალური საშლელიც მოყვება, რეკომენდაციას უფრო ტილოთი წაშლას გავუწევდი, რადგან საშლელი ფურცელს აფუჭებს. როკეთბუქის Wave-ს ტილო არ მოყვება, რადგან მიკროტალღურ ღუმელში ჩაის გაცხელების ტემპერატურაზე სუფთავდება. არ აგერიოთ როკეთბუქის ევერლასთი Rocketbook Wave-ში, Everlast მიკროტალღურ ღუმელს არ უძლებს!
Rocketbook Everlast-ის გამოყენების წესები:
- დაწერეთ ან დახატეთ ევერლესტზე სპეციალური კალმით ან მარკერით. გამოიყენება ჩვეულებრივი კალამიც, მაგრამ ნაკლები რეკომენდაციით.
- ნამუშევარი ატვირთეთ ფურცლის ბოლოში დატანებული 8 სახის ქლაუდიდან რომელიმეს გადახაზვით. მაგალითად, თუ გადახაზავთ დრაივის სიმბოლოს, ნამუშევარი მოგივათ დრაივზე, თუ გადახაზავთ მეილის სიმბოლოს, ნიმუში მეილზე გამოგეგზავნებათ.
- მოძებნეთ გაგზავნილი ფურცელი QR კოდის მიხედვით. ყოველ ფურცელზე, იმ ადგილზე სადაც ტრადიციულ ბლოკნოტებზე გვერდებია დანომრილი, Everlast-ზე დატანებულია QR კოდები. დაასკანირეთ კოდი წამკითხველი აპლიკაციით და ნამუშევარი ნაპოვნია.
- წაშალეთ ევერლასთის ფურცლები სველი ტილოთი როგორც მარკერიანი დაფა და გამოიყენეთ თავიდან.
დანა-ჩანგლის როლი მარტოობისთვის
წიგნები უფლისწულისა და გლეხი გოგოს მელოდრამული ურთიერთობის შესახებ შეიძლება რომანტიკულია, მაგრამ კლასთა შორის განმასხვავებელ ფაქტორებს მალავს. მაგალითად, იმას, რომ გლეხი ჭამისას დანა-ჩანგალს არ იყენებს, საჭმელზე აცემინებს და შეუძლია საწოლშივე დაანერწყვოს. როცა უფლისწული სუფრასთან ჯდება და თეფშთან სამი სახეობის ჩანგალი ხვდება, მთლად პაზოლინი თუ არ ხარ არ აღწერ, რომ გლეხი გოგო წაკუზულია და წყალს შუა გუბიდან თქვლეფს. თან წარა-მარა საზარდულს იქავებს, რადგან საცვალი არ აქვს და კოკებოვანი დაავადებები სჭირს. როცა უფლისული მიჯნურს ეუბნება რა ლამაზი ღიმილი გაქვსო, გულწრფელობის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ლამაზი ძაღლის, ვირის და პრუჟინის კბილები გაქვსო. რადგან სტომატოლოგიაში ადამიანური პროტეზი მხოლოდ მაღალი ფენის პრეროგატივა გახლდათ. სამაგიეროდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ გოგონა კეთილია და პრანჭია სეფე ქალებს არ ჰგავს.
კლასთა შორის განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში ეტიკეტი იყო, მითუმეტეს, სქესთა შორის დისბალანსის გამო, ქალების საზოგადოებისგან მოწყვეტის და განათლების ნაკლებობის გამო კონკიები ელემენტარულ ჰიგიენურ სტანდარტებში დაგვიანებით ჩასხდნენ. ეტიკეტმა მიღწეული სტანდარტი მაშინ დააფიქსირა, როცა სოციალური ცენტრიდან პერიფერიაში გადავიდა. არ იფიქროთ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მწერალი რომ ვიყო ასეთ მელოდრამას დავწერდი: უფლისწულმა გლეხ გოგოს აკოცა, გლეხ გოგოს უფლისწულის კბილები მოეწონა და მას მერე კაკალი კბილებით აღარ ჩაუმტვრევია. იდიალური happy end.
რარიტეტულ წიგნებში რომ ვიტრიალოთ, როცა ბატალურ წიგნებს ვკითხულობ, სადაც სამამულო ან რომელიმე ომის თავგანწირვებია აღწერილი, სულ მინდა ვკითხულობდე ბიჭებზე, რომლებმაც აბჯარი აისხეს, ავანტგარდში დაეწყვნენ, მაგრამ ომში გრიპის ვირუსით მოკვდნენ ან უბრალოდ იმ დღეს კბილი სტკიოდათ და სუფთა დარიშხანი ჩაიდეს. სტატისტიკურადაც, ომებში ჭირიანობით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე პირდაპირი შერკინებისას. ესეც იმ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უცოდინრობით, რაც საზოგადოებამ გვიან გაითავისა. მხატვრულ ლიტერატურას რაღაც კაზუალ თემები აკლია, რის გამოც მთელი ეს მორალური ბატალურობები სადევ-გმირო რომანებად ან სულაც ჰაგიოგრაფიებად მევლინება.
თანამედროვეობაში ომი პირდაპირი შერკინებიდან ირიბ იმანენტურობაში გადავიდა, ბიოლოგიურ თუ კიბერნეტიკულ შერკინებებს მტერთან სხეულებრობრივი კავშირები მინიმუმამდე დაჰყავს. მტერზე ხელის გასვრა არ გვინდა, ხშირად არც მოყვარეზე და ამის დამადასტურებელია ჩანგალი. ჩანგალი პოსეიდონის ჯოხივითაა, ის მფლობელის კუთვნილება უნდა იყოს. დანა-ჩანგლით ჭამა ნიშნავს ადამიანის ინსტინქტურ შიშს, რომ თანამემსუფრე ავად არის. პლუს, შთანერგილი გვაქვს დასვრილობის შიში სისუფთავეზე კულტივირებულ საზოგადოებაში, რაც საკუთარ თავთან გვატისტანცირებს. მაგალითად, გასაგებია რატომ არ ვძიძგნით ხელებით სინაზე დადებულ გოჭს ერთდროულად, მაგრამ თეფშზე გადმოღებულ ულუფასაც ჩანგლით შევექცევით, რადგან არა თუ სხვისი, საკუთარი კიდურებიდანაც კი შეიძლება ავიკიდოთ ჭირი. ჩანგალი, ეს არის პრივატიზებით ლამის კბილის ჯაგრისისთან გათანაბრებული ატრიბუტი, რომელიც სიმბოლოა ადამიანების ნერწყვების განმაცალკევებელი და საკუთარი ნერწყვისგანაც დამაშორებელი. ჩანგლის რეკლამა სტუდიაში.
აღდგომა სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში გავატარე. ასეთი ტრადიცია აქვთ: დააგდებენ სასაფლაოზე თონეში მთლიანად შემწვარ გოჭს ან ბეკეკას, ხოლო ირგვლივ იმა წლის სამზარეულო მიღწევებს შემოულაგებენ. ერთ კვირიანი კულინარიული დუელი ტარდება. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სუფრაზე სნიკერსის ტორტისა და სუშის როლების შუაში თონეში გამომცხვარი გოჭი გააწვინეს. ტრადიციაა, რომ გოჭი ხელებით გვეძიძგნა დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. მაგრამ სვანები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე სჩადიან, აქ შემონახულია წინაპრების ის წესები, რაც კულტურამ დავიწყებას მისცა. თუ ევროპული რენესანსი ჰიგიენის ნორმატიულობის განსამტკიცებლად ლიტერატურას ლიტერატურაზე ქმნიდა, ქართულ კულტურას ჰიგიენის აპოლოგეტი არ შეუქმნია. სუშის ხსენებაზე გამახსენდა, რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, აქ დანაა მონოპოლისტი. მე თუ მკითხავთ, ამ კუთხის კულინარიული პოპულარობა ცხოველთა სამყაროსადმი სინდისის ქენჯნით განისაზღვრება. თევზი იქნება, ქათამი თუ ძროხა, ისეთი მონდომებით გვინაწევრებენ ჩინელები საკვებში ბრინჯთან თუ კომბოსტოსთან ერთად, რომ შეგვიძლია სინდისი მოვატყუოთ, მაქსიმალურად დანაწევრებული ცხოველების მიღებით ცხოველურები აღარ ვართ, აი, როგორც სვანები დღესასწაულებზე.
დანა-ჩანგალი, როგორც ლეველური ეგალიტარისტი მიღებულ ცივილიზაციაში შეიძლება დამნაშავეა, რადგან ყველგან ჩვენს ნერწყვებს აღარ ვავრცელებთ, მაგრამ მარტოობაშიც აქვს ბრალი. ჩანგალში ადამიანის იზოლირება გამოიხატება სხვისი ან საკუთარი ნერწყვისადმი, როცა დანაში ილუზიის მორგება სინდისის ქენჯნის გამო. ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის საჭირო ყოფილა გარკვეული სახით იზოლაცია, მაგრამ იზოლაციას თითქოს მუხრუჭი აქვს სუსტი. ოჯახში თითქოს ყველას საკუთარი ჭურჭელი გვაქვს გარეცხვის მერეც კი. თანამედროვეობაში შეიძლება ჭირიანობის რიცხვმა იკლო, მაგრამ ფსიქიკურმა ავადმყოფობებმა იმატა. საუკუნეების მანძილზე ჩადებული სხვებისა და საკუთარი თავის შიში უკვალოდ არ გაქრა. ხანდახან კი ინსტინქტურ ლეველებზე ურთიერთობების დროს ჩვენი ქვეცნობიერი გვახსენებს რომ იყო დრო, როცა კოლექტივიზაციის პერიოდი იდგა, ინდივიდუალურობა გვაკლდა და ძალიან ვგავდით ერთმანეთს. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა, ცოლი რომ ქმარს ბასიანზე გაუშვებს და გულში ყველა რეივერ გოგოზე ეჭვიანობს, თავს სხვებთან აიგივებს და რახან ქმარი თვითონ მოსწონს ყველას უნდა მოეწონოს. უეჭველი კოლექტივიზაციის ნოსტალგიაა მიზეზი, სხვა რა უნდა იყოს.
პატერსონები
მიკროავტობუსის ბოლო გაჩერებასთან ცხოვრების უპირატესობა ჯიმ ჯარმუშის პატერსონების გაცნობაში მდგომარეობს. პერსონაჟის, რომელმაც ქვეცნობიერებაში პროფესიული ფაშიზმი გააღვივა და თქვა, რომ მძღოლებს პროფესია არ აქვთ, მათ მხოლოდ პროფესიული ხალხის გადაადგილება ევალებათ.
ჩემი უბნის პატერსონებიც თავისებურად რომანტიკული ხალხია, წართმეული ორდიპლომიანი პროფესიებით, რომლებიც შესვენებებზე საარჩევნოდ გახსნილ საჯარო ტრენაჟორებზე ირთობენ თავს უკვე არაყის ნაცვლად. ხანდახან ნაცნობები დაემგზავრებათ და გადახდა-არგადახდის ცეკვას შეასრულებენ, ხანდახან საცობებში ვინმეს შეაგინებენ, მაგრამ წრიული მარშრუტით უკან მშვიდობით დაბრუნდებიან.
ხანდახან მგონია, რომ მგზავრებს იცნობენ, მაგალითად, ჩემზე ჩემი სამსახურის მისამართი იციან, სატელეფონო ზარებიდან ისიც იციან, რას ვსაქმიანობ. რამდენჯერმე ცრემლიანი სახით ვუნახივარ, თუნდაც ცუდი ვარცხნილობის დღეებში. იციან, რომ ვიღაც თამარაა ჩემი მეგობარი, დილაობით სამსახურის გზიდან რომ მეჭორავება და ა.შ.
რაღაცნაირად სხვა მგზავრები მეც გავიცანი. კაცი, ვისაც სასწაულად ეშინია სკლეროზის და გამუდმებით კროსვორდებს ავსებს. თუმცა შევსებული კუბიკების სივრცე მცირდება, მეუღლე გამუდმებით ამხნევებს, ბრძენის ეპითეტებით. ქალი, რომელიც ყოველ დილა მიკრობუსში ჯდება, ჩანთიდან სასიყვარულო წერილს იღებს სათაურით, “ძვირფასო, თამაზ”, – ეტყობა დღიურის ფურცლიდან რომ ამოხია, დაბრენდული 26 ოქტომბერი აწერია, – იღებს, კითხულობს და ისევ ჩანთაში აბრუნებს. ყოველ ჯერზე მინდება ვურჩიო, რომ ჩააბაროს წერილი ადრესატს, მაგრამ ყოველ ჯერზე ვჩუმდები.
პოეზიით სავსე მიკრობუსი კი მიდის. სულ გგონია, რომ პატერსონები გაიფიცებიან გადასახადების შემცირების მოთხოვნით, ხელფასების მომატების მოთხოვნით, სანტექნიკური მომსახურეობის მოთხოვნით, მაგრამ არასდროს გადადიან გზიდან. ერთი პატერსონი აფხაზეთიდანაა, ურჩევენ რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, რომ დაბრუნდეს მშობლიურ სოხუმში, მაგრამ ყოველ ჯერზე თბილისის მიკროხაზებზე მხვდება.
გაექეცი პიკადეროს ქვეყნიდან
იმ ტიპაჟის გოგო ვარ, ხალხმრავლობაში კლაუსტრობოფიული შეტევა რომ ეწყება, კვირაობით წირვაზე რომ გული მისდის და რიგში საშუალო ასაკის მამაკაცებიც ასწრებენ, ორსულებსა და მოხუცებზე რომ არაფერი ვთქვათ. სამაგიეროდ, ნაკურთხი წყალი თქვენზე ხშირად უპკურებიათ ჩემს საანიჰალაციურ ჰაბიტუსზე.
მაგრამ კლაუსტროფობიული პრელუდია აეროპორტში ცოტა არ იყოს დისპუტური ყოფილა, მითუმეტეს, რა-ღა ამჟამად მოვინდომე უცხო ქვეყანაში როლური თამაში და ირანელი ქალის დისფლეითი წარვდექი. სამოგზაურო ახირებები მაქვს, ხან საშუალო ასაკის მარტოხელა დედა ვარ, ვისაც შვილები მობეზრდა და გულის გადასაყოლებლად სახეტიალოდ გამოვიდა, ხან მოგზაური მწერალი ალპინური ქვეყნიდან. თავად ქალაქი გიკარნახებს რა სთორილაინი უნდა მოხარშო.
ასე რომ წარმოიდგინეთ, ევროპის აეროპორტში ჩხრეკის რიგში მუსლიმურ კოსტუმში ჩამალული ქალი ფითრდება, ხელები უკანკალებს, ოფლიანდება და წრიალებს. შენიშვნა: მგონია, წრიალისას მეტ ჰაერს ვუჭამ ხალხს. ხალხს კი თავიდან იმისთვის ვეზიზღები, რომ შეიძლება ისინი მოვკლა, მოგვიანებით კი იმისთვის ვეზიზღები, რომ შემოწმებაზე გაცილებით მეტ დროს მითმობენ და რიგი იწელება. საკუთარი თავი კი იმისთვის მეზიზღება, რომ თავშალი თავზე გავიკეთე და არა ყელზე კაშნივით და არ დავაგვიანო რეისზე.
რეისი სამი საათით გადაიდო. მიზეზი არ ყოფილა უამინდობა, ოფიციალური ცნობით უადამიანობა იყო. ქართველებს უკანა გზის ბილეთები უყიდიათ, მაგრამ აეროპორტში აღარ გამოცხადებულან. ბაქანზე თითო-ოროლა მგზავრი ავედით, მოვყევით ისტორიები ემიგრაციაზე, გავიცანი ცოლები long distance relationship-ებში, შვილები, რომლებმაც მშობლები ბოლოჯერ ნახეს, რადგან თავად ამერიკაზე ოცნებობდნენ. საქართველო დისტანციური ურთიერთობების ქვეყანაა.
არა და წინა გზაზე უბილეთო მგზავრიც კი გვყავდა. თხრობას მეტად რომანტიკული ელფერი რომ შევძინო, გავიხსენებ ფაროსანას, როგორც უბილეთო მგზავრს. აეროპორტის ფანჯარაზე რომ იჯდა და იტალიაში მიფრინავდა. ღრუბლების ქვეშ იტალიურ ვენახებს რომ ვგულისხმობდი, ბორტზე შემოპარულმა ფაროსანამ აკლიმატიზაცია მარტივად გაიარა და ხედებით ტკბებოდა.
სათაური 2015 წლის ესპანური ფილმიდან ავიღე, გორკასა და ანეს მოწონების, თითქმის სიყვარულის შესახებ ეკონომიურ კრიზისში. გორკა საქორწინო ასაკს თითქმის გადაცილებული კაცია და სადღაც ორ ოთახიან სახლში მეხუთე სულად ცხოვრობს მშობლებთან, მშობლების მშობლებთან. ნათესავები ეკითხებიან: “ცოლი რატომ არ მოგყავს?” ბაბუამისი ეუბნება, ულვაში მოუშვი, იქნებ გოგოებმა შემოგხედონო. მაგრამ გორკას ანე უნდა, მისხელა ქალი, ვინც ასევე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, სექსი არა აქვთ.
პიკადერო არის საჯაროდ მოფარებული ადგილი, სადაც წყვილები სექსისთვის მანქანებით ადიან. მაგრამ გორკას და ანეს მანქანაც არ აქვთ. ვნებიან წყვილს ხან თავზე პოლიცია ადგებათ და ხან საჯარო საპირფარეშოში ქურდი პარავს ტანსაცმელს. როცა გორკა ძლივს რაღაც მანქანას ინათხოვრებს თანამშრომლისგან, როცა იმას კიდევ სხვისგან ჰქონდა ნათხოვარი, მიხვდება, რომ მთელი რომანტიკა ეკონომიურმა ფაქტორებმა გაუნადგურა და ერთმანეთზე აღარ უდგებათ.
ფილმის დასასრულს ანე ემიგრაციაში მიდის, იქიდან წერილს იწერება, რომ მოეწყო, სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს და ხანდახან მასთან ერთად გატარებული დრო ახსენდება. გორკას, როცა ამ წერილს კითხულობს, ულვაში აქვს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სევდიანი კადრია ფილმში.
ჩამოვდივარ საქართველოში, თავსახვევს ყელსახვევად ვაქცევ და ვფიქრობ ჩემს შეთხელებულ სამშობლოზე მინუს ერთი ფაროსანით და მომრავლებული მაღალჭერიანი მანქანებით. თუ ყველა ნაციას თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს, ქართველებს ალბათ ტყვიის სუნი გვაქვს.
The Hanged Man
კლუბში საუბრობდნენ, რომ თავის დროზე თამაში მონოპოლია მონოპოლისტების გასაკრიტიკებლად შეიქმნა, თუმცა ხალხს მონოპოლია კიდევ უფრო შეაყვარაო. დაფიქრებულხართ რა გავლენას ახდენს ინდივიდის თუ სოციუმის განვითარებაზე სამაგიდო თუ საველე თამაშები? აი, 4 წლის ნიკოლას ისე უყვარს დამალობანას თამაში, რომ ვხუმრობ ხოლმე, გაიზრდება და ბევრ გოგოს გაუკეთებს იგნორს. ან ბიჭს, გააჩნია.
საველე იქით იყოს, და მაფიოზობანასნაირი თამაშები სხვა პოსტში აქამდეც გამიკრიტკებია. იმიტომ, რომ აგებულია პანიკაზე, ჯერ განაჩენი გამოგაქვთ შემთხვევითობის პრინციპით, მტკიცებულების გარეშე, სიმართლეს კი განაჩენის შემდეგ გებულობ. შეიძლება ავალონის თუ მაქციის თუ რომელიმე მსგავსი საზღვრების მქონე თამაშის სცენარის ავტორსაც სოციუმისთვის საპირისპირო მიზნები ჰქონდა ჩაფიქრებული ან ისევე მემარჯვენე ყოფილიყო, როგორც ერთი იაპონური თამაშის კოპირაიტერი, ტაძრისთვის მონეტების შეწირვაზე რომ არის კონცენტრირებული.
ჯოკრის პერსონაჟმა ტაროთი დამაინტერესა. ესაა ადამიანის პირველი ინკარნაცია, რომელიც სულელია ანუ გამოუცდელი. დემონთან ერთად ყველაზე რთულ კარტად ითვლება. სამაგიეროდ, ჩემი საყვარელი კარტია “ჩამოხრჩობილი კაცი”. თითქოს უმოქმედობაა, თვითმსხვერპლი, დროის მსხვერპლი, მოსწავლის როლი და უკუღმა ყურება. მითუმეტეს, ალ. კროულის საიდეო დასტაში ამობრუნებული სამკუთხედით, Ankh. ერთადერთი ტაროა, რომელიც მაქვს. მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე, შენსავით ჰაეროვანიაო ანუ ხმლის.
გითამაშია ტაროთი არასაწინასწარსამეტყველოდ, არამედ როგორც დავალებად? აი, როგორც “წითელი, ყვითელი, შავი” ან “ჯენგა” ფერებში. წიპა “ოო, ჩამოხრჩობილი კაცი ამომივიდა, არ უნდა გავინძრე.” ან “რეინკარნაცია ამომივიდა და ვარცხნილობა ხომ არ შემეცვალა?” როცა რუტინულ პალასაზე ვარ, იმ ბებერი, გარყვნილი კაცის დასტიდან იდეებს ვეძებ. აბა ფეისბუქი მე არა მაქვს და რამით ხომ უნდა გავერთო.
“იეჭვიანე.
შეიტანე ეჭვი საკუთარ თავში.
იეჭვიანე იმაში, რომ ეჭვიანობ საკუთარ თავზე.
იეჭვიანე ყველაფერში.
იეჭვიანე იმაშიც კი რომ ყველაფერში ეჭვიანობ. ხანდახან გეჩვენება, რომ ყველა ამ შეგნებული ეჭვიანობის მიღმა იმალება ღრმა თვითდაჯერებულობა. მოკალი იგი, დააღრჩე გველი. დეე აღიმართოს ეჭვიანობის თხის რქა.”
მერე რაღაც იყო მელაზეც.
Lingeries და მარინა აბრამოვიჩი
– მომეწონა შენთან ერთად შოპინგი.
– შოპინგი? ჩვენ ხომ მხოლოდ საათნახევარი ვიარეთ..
არა და ორი სავაჭრო ცენტრი მოვატარე ანუკის ჩემთვის ჩულქების ასარჩევად, აი, რეიტუზისდენიანი, მუხლზემაღალი ჩულქების, კაბის ქვეშიდან მხოლოდ მოძრაობის დროს რომ გამოუჩნდებოდა ბოლო.
რაც არ უნდა მომეზომა, ისე დაუღალავად მამხნევებდა, ლინგერიის მაღაზიის გასახდელში ან კაბების სექციაში კი არა, თავი გიფებში მეგონა. აი, წერწეტა გოგოები მოდური ბიუსჰალტერებით როქეთბუქებში რომ წერენ და თან ელებუხარში რომ ცეცხლი სიმეტრიულად გიზგიზებს და ფანჯრიდან ბევრქიმიანი თოვლის ფანტელები მოჩანს.
ლინგერიებით სიარული წიგნებმა შემაყვარეს, ჯერ კიდევ სკოლის მერე ლამპის შუქზე წაკითხულმა ფრანგულმა და გერმანულმა წიგნებმა, ქალებს რომ ანჟელიკები და ნიმფომანიური კორსეტები ეცვათ.
– იცოდე, ამ ბიჭსაც თუ დაკარგავ, არ გაპატიებ! – შეხვედრაზე მიმაცილა ანუკიმ.
ხომ იცი, რომ დავკარგავ მეთქი.
ბიჭუნას უპირატესობა ლამაზი თვალებია, კარგი მახსოვრობა და ანალოგიური ჯიბეა ზეინას კოსტუმზე. საქმე არა ფულშია, საკუთარ თავს თვითონვე მივხედავ, არამედ მის პროდუქტიულ უნარზე გამოირჩეოდეს სხვებისგან.
მოკლედ, არ ვეძებდი ისეთ კავშირს, როგორც მარინა აბრამოვიჩს ექნებოდა ულაისთან, რაიმე პერფორმანსულს, ჭრილობების მიყენება რომ გააესთეტიურა და დაშორებისას არც ჩინეთის დიდ კედელზე მოვაწყობდით ლაშქრობას. ჩვენ უფრო ამ კედელზე შემხვედრი ქვები იყო, მაგრამ ქვების შემჩნევასაც შრომა სჭირდება.
შეხვედრა მეგობრების გარემოცვაში მოაწყო, ეტყობა შინაურული გეგმების დასალინკად. მე ანუკის არჩეული კაბა და წინდები მეცვა. გოგოები ხომ სინამდვილეში ისევ გოგოებს ვეპრანჭებით, თორემ ბიჭები იშვიათად ხვდებიან რეიტუზი გვაცვია თუ ჩულქი, ჩულქი დამჭერზე იქაჩება თუ კანის წებოთი იმაგრება. აი, რაში აინტერესებთ.
სახლში რომ მაცილებდა, უკვე არ მომწონდა, ზედმეტად ექსტრემალური იყო ჩემთვის. ყველა შუქნიშანზე გაზით გაიარა და სავარძლის ქვეშ სანადირო თოფსაც მოვკარი თვალი. ან ვინ იწყებს პირველ პაემანზე ქორწილზე საუბარს?
გზაში თეთრეულზე ვფიქრობდი, თითქოს ქალებმა მეამბოხე ხმები სოციალური წყობიდან გამომდინარე შესაბამისი კაბების ქვეშ თეთრეულებში გადამალეს. მე ვნახე ქალი, ვისაც ზედმეტად ფემინური დეკოლტიანი კაბის ქვეშ ტომბოის ტრუსები ეცვა. დაილოცოს საჯარო საპირფარეშოები.
მარინას პერფორმანსი გამახსენდა ფაშიზმზე, სადაც არტისტი დროის მცირე მონაკვეთში ყველა იმ წამების ფორმას გამოცდიდა საკუთარ ტყავზე, რასაც მესამე რეიხი უტარებდა ტყვეებს. უფრო სწორად, აუდიტორია, სადაც ფილმი გადიოდა.
მაშინ 22 წლისები ვიქნებოდით, კიდევ უფრო ნაკლებად შეუსწავალილი ნორჩი სხეულებით. წამებისთვის არც ერთ ჯგუფელს არ მოგვიშორებია თვალი. სისასტიკეც კი არ გვაკვირვებდა, ყველას გვაკვირვებდა ჩვენი ნორჩი სხეულების შესაძლებლობები. თითქოს ტანსაცმლის შიგნით ვიყოფდით ხელებს და ვლოცულობდით: – არ აგვტკივდეს! არ აგვტკივდეს!
რა შეიძლება გააკეთო მარინას სიკვდილის თამაშების პირველად ყურების მერე? აი, თქვენ რა გაგიკეთებიათ? ნეტა ვინმეს თუ უსვრია მშვილდისარი საკუთარ გულში საყვარელი კაცის ხელით, იმ ცნობილი ფოტოს გამო, კონცეპტის გარეშე რომ აზიარებდნენ სადღაც 5-6-7.. წლების წინ? აი, ჩვენ რომ გამოვედით სამხატვრო ფილმის ჩვენებიდან, ეტამში წავედით ლინგერიების ასარჩევად, თითქოს სალოცავად: – კვლავ შეგვიყვარდეს საკუთარი სხეული, ამინ!