ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

1 responses to “ტედი და ალეკსეი ციმბირში

გამოთქვით აზრი