ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

გამოთქვით აზრი