one night stand

<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ. 
               შენი ლილიტი. >>

თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.

ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.

ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.

ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.

ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.

იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.

იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
–        იცოცხლებს?
–        ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.

”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.

მამაო ჩვენოზე

ტრადიციული ვერსიით, ”მამაო ჩვენო”, ლოცვა, რომელიც სხვადასხვა ქრისტიანულ მიმართულებებს აერთიანებს, იესო ქრისტემ წარმოთქვა. მისგან იღებს სათავეს მას შემდეგ შექმნილი სხვა ლოცვები. ითვლება, რომ იგი შეიცავს შვიდ თხოვნას და სამყაროს შვიდ საწყისს აერთიანებს.

სამკუთხედით აღნიშნულია ღვთიური საწყისი და ამ მხრივ მსგავსია ინდური ღვთაებრივი სამკუთხედის: ბუდას, ვიშნუს და შივას კუთხეების, როგორც სიყვარულის, იმედისა და რწმენის. ქალური ელემენტის არსებობა ღვთიურ კუთხეებში ქრისტიანობის ზოგ მიმართულებებში მკრეხელობად ითვლება. ღმერთი მამრობითი არსის მატარებელია და მდედრობითი საწყისი შუამავალია. სულიწმინდა, როგორც ქალური ბუნების ინტერპრეტაცია მწვალებლობად ითვლებოდა. თუმცა არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, ღვთისმშობელი არა მხოლოდ წმინდანია,  არამედ სამებას განეკუთვნება და სამყაროში ნებისმიერი მოვლენა სქესობრივი ურთიერთობის შედეგია.

კვადრატს  ენერგიის შესვლა-გაცემა ეხება. ლოცვაში გათვალისწინებულია ადამიანური ბუნების ოთხი ძირითადი ნაწილი. ყურადღება გასამახვილებელია, რომ ადამიანის ”მე” ითვლება ყოველგვარი ბოროტების სათავედ. ასევე შეიცავს ფიზიკურ სხეულს, ღმერთმა ადამ და ევას რომ მისცა ტყავის სახით, მას შემდეგ, რაც აკრძალული ხილი მიიღეს. შედგება ასტრალური სხეულისგან, ანუ გულისთქმისგან, განსაცდელისგან და ეთერული სხეულისაგან.

ფანტაზიამდე

ფანტაზიიდან ჩაიგუბე ჰაერი პირში

გადმოაფურთხო დედამიწას უკვე მთვარიდან.

რადგან გაიგო, შენს შექმნამდე როგორ რა იყო.

 

ფანტაზიამდე თამაშობდი ვარსკვლავთ ჭადრაკებს

მტვრიან სივრცეში გამაკეთე ექსპერიმენტად

და თამაშისას ატომები უცებ გაიყო.

 

ასე შეიქმნა დედამიწა და მოვიგონეთ ,

გამოვიგონეთ, რომ სიცოცხლე არსებობს მასზე.

რომ არსებობენ მუსიკების ნაწილაკები გალობის გარდა.

 

გამოვიგონეთ რომ სამოთხეს დავცილდით უცებ,

რადგანაც ხილი, აკრძალული, ლანდებას იწვევს,

გამოიგონა ევამაც ის, რადგანაც მგავდა.

 

გამოვიგონეთ სახელები და პოლიტიკა,

სინამდვილეში რელიგია მხოლოდ ერთია

და წარმოსახვა ფანტაზიის ანარეკლია.

 

ფანტაზიამდე თამაშობდა ჩემი ატომით, –

იხლიჩებოდა და სკდებოდა იგი მუსიკად,

და წუილამდე დაბადება მტვერში ძნელია.

 

ფანტაზიიდან წამოვიღე ახალი მტვერი.

მე ატომს ვხლიჩავ.

2009 წელი. 

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->

1+1=1(3)

  ” უფალმა ადამი ღრმა ძილით დააძინა, ამოსჭრა ერთი ნეკნი და მისგან ევა შექმნა”. (მოსე).  

” დასაწყისში ცოლსა და ქმარს ჰქონდათ ერთი სხეული და ორი სახე. შემდეგ ღმერთმა მათი სხეული ორად გააპო და თითოეულს თავისი ხერხემალი მისცა”. (თალმუნი).  

 ჯერ კიდევ განუყოფელი არსება სრულ წონასწორობას ფლობდა. მთელი იყო. პლატონი ”ნადიმში” წერს, რომ ადრე ადამიანებს სხვა სქესი ჰქონდათ, ანდროგინები იყვნენ, ანუ სრულები. ბედნიერები იყვნენ და ღმერთისთვის დრო არ რჩებოდათ. და ღმერთმა ისინი გაყო. გაყო ქალად და კაცად. ნაწილებმა ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. ვინც იპოვნა, სრულყოფილებას ეზიარა. 

 ანდროგინი ჰერმაფროდიტი არაა. ეზოთერულ მოძღვრებებში ნათქვამია, რომ ჰერმაფროდიტი არასდროს არსებობდა. იყო მხოლოდ სწრაფად შეწყვეტილი ცდები.

 მდედრობითში დარჩა მამრობითი და მამრობითში – მდედრობითი. უარყოფითი და დადებითი ორივეში ნაწილდება.  დიფერენციის დროს წარმოებს საწყისების განცალკევება, ხოლო განცალკევებული საწყისები განსხვავებულ სფეროებში არიან გატაცებულნი. ეს საჭიროცაა. სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც საწყისებში ჩადებულმა მაგნიტმა გარდაქმნას და საწყისები გააერთიანოს. ესაა კოსმოსის მწვერვალი და იდეალური დასრულება.  

 კაბალა ამბობს, რომ იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთაც შენს ირგვლივ ხედავ, მათი სულები უნდა ნახო, ანუ ის პაწაწინა წერტილი, მარცვალივით რომ ნებისმიერ ადამიანში არსებობს. სიყვარული კი ამ ორი მარცვლის ერთიანობაა. მაგრამ მათ სწამთ სულის დაყოფის. მაგალითად, რეინკარნაციის დროს ქალს ვერაფერი დაეხმარება მამაკაცად დაბადებაში. ის იბადება ქალად, იმიტომ, რომ სულის სხვა ტიპი აქვს. ქალის სული კაცის სული მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ კაცის სული აცხონოს. ქმრის სულის ცხონებით, სული თვითონაც გაუბრწყინდება. 

ინდოეთს კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი თვითჩაღრმავებისკენ და სამყაროს მთლიანობის ძიებისკენ. თუმცა კასტების სისტემამ და ქალებისადმი დამოკიდებულებამ, ეს პროცესი შეაფერხა. აქ ქალის გაუთხოვრობა უბედურებად ითვლება. ბავშვებს ხშირად ჩვილობის ასაკში ათხოვებენ. მეტიც, ათხოვებენ ორსულ მდგომარეობაში მყოფი დედის მომავალ შვილებს. თუ ერთი სქესის ორი ბავშვი იბადება, ბრამინები მას ქორწინების აუცილებლობისგან ათავისუფლებენ. აქ ქალს არ აქვს უფლება, მხოლოდ მოვალეობათა ხროვა. მართალია, ინგლისის მთავრობამ გარდაცვლილ ქმრებთან ერთად ქვრივი ქალების დაწვა აკრძალა, მაგრამ ბრამინებმა მათ სიკვდილზე გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს. ქალს თმას და წარბებს პარსავენ, ოჯახის წევრებს რომ მონებად ემსახურონ.

  თეოსოფოსების აზრით, ადამიანი ბრძენია, თუ იმას შეიცნობს ამ ქვეყანაზე, რასაც სიკვდილის მერე იგრძნობს ანუ შეიმეცნებს რა მთლიანობას სამყაროსთან და საკუთარ აზრებს არ მიმართავს ეგოისტურად მხოლოდ თავისკენ. ნარცისიზმი ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, რადგან ადამიანი აღარ ვითარდება, – ღრუბლების სახით აზრთა ნაკადი ჯგუფდება და ისევ მას აზიანებს.

 ტანტრათი დაკავების შემთხვევაში, საწყისების გაერთიანებით ადამიანები იცნობენ ორგაზმს და მის მერე ჭეშმარიტებას. აქ ორგაზმი განხილულია როგორც ველი და არა როგორც სიამოვნების პიკი. მთავარია გრძნობა (ანუ გონება) არ უშლიდეს ხელს. ამ დროს სრული გათიშვა უნდა ხდებოდეს სამყაროსგან.

 ძველად, ვენერასა და  მარსს ერთ ადამიანად გამოსახავდნენ. ვენერას უკეთებდნენ კაცურ გარეგნობას და ამით მარსთან შერწყმის ხდომილებას კვეთდნენ. მაგრამ მერე პლატონისეული სიყვარულიდან რომანტიკული სიყვარულის გავლით სიყვარულის ფროიდისეულ, იუნგისეულ  გაგებასთან ვჩერდებით: ყველა კაცშია ფარული ქალი, ანიმა. სამყაროს კი საკუთარი სქესი ამოძრავებს.

 ჩემი აზრით, სიყვარულში სამების, სამი ერთიანობის კანონი უნდა იყოს: ფიზიკურობის,  მენტალობის, სულიერების ( Душа́ ). ერთის დაკლების შემთხვევაშიც, ირღვევა მეორე ნახევრის პრინციპი. ვერ გამოვყოფ, რომელია ურთიერთობის მწვერვალი: ფიზიკური სიახლოვე, გონებრივი შეთავსება თუ სულიერი მხარე. ყოველშემთხვევაში, ქალი კაცის ისეთივე ნაწილია, როგორც კაცი ქალისთვის. ესაა ინი და იანის პრინციპი. ერთობა კი ძირფესვიანად მოქმედებს სულზე ( Дуx ). თუმცა ორი ადამიანი ეს დუალიზმია. მათ მესამე ( შვილი ) აკლიათ სამებისთვის.