one night stand

<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ. 
               შენი ლილიტი. >>

თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.

ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.

ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.

ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.

ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.

იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.

იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
–        იცოცხლებს?
–        ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.

”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.

– ალო, ორსულად ვარ.


ფორმალისტები გაუცხოებას მძაფრად აღიქვამდნენ. წარმოდგენის გამოსახატავად ზოგმა ზაუმიც შემოიღო. ჩემი გაუცხოებაც ზაუმურია. მოკლედ, მე და სანდრო ხიდის ქვეშ გავძვერით. ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის, მე კი მას თითქოს პირველად ვხედავდი კადრებად.
რეინკარნაციის სჯეროდა.
– იცი, რეინკარნაცია ვინ მოიგონა?
– ვინ?
– კაენმა. სიკვდილის გამოგონებით სიკვდილი დაბადა, გაუცხოება და ახალი შანსი. ბიბლიაში ორი დაჩაგრული პერსონაჟია.
– მეორე ვინაა?
იუდაო, მიპასუხა. მაკოცა და გავიდა.
სანამ ადუღებდა ჩაის, მეგობრის ნათქვამი მახსენდებოდა, რომ კოცნას მუღამი მაშინ ჰქონდა, როცა თავშეკავებით იყო გამოწვეული და ქორწილის დღეს ხდებოდა პირველად. მე კი უპასუხო კითხვა გამიჩნდა, პირველ კოცნასა და ბოლო კოცნას სხვაობა თუ ჰქონდა. წრიული ემოცია მქონდა, ყოველ მომენტს აღვიქვამდი როგორც პირველად ქმნილს. და როცა ვუშინაურდებოდი, საუბრის დროს მონოლოგს უნებურად ვწყვეტდი და ვუცხოვდებოდი. მერე ისევ თავიდან. ჰო, მე შევჩვევა არ ვიცი.
ყველაფერი უკეთესობისკენ იყო. ამის დამადასტურებელია ხალხის თვალში იუდას კომპლექსი, რომელსაც გამართლებას უძებნიან: სიბოროტე რომ არ ყოფილიყო, სიკეთე ვერ იშვებოდაო. ჰოდა, ჩვენც ვცოდავთ, ან როგორ შეიძლება ცოდვა იყოს ის, რითიც ბავშვის კეთება შეიძლება. მაგრამ ეს ისე მოხდა, უნებურად.
მეორე ღამეს თერმომეტრი დამესიზმრა, სიცხეს ვისინჯავდი და 37 გრადუსს თუ მიაღწევდა, ორსულად ვიყავი. რა კარგი სიტყვაა ორი სული. დამძიმებულ ფეხს ყოველთვის მერჩივნა. თითქოს მამა დამდევდა მოსაკლავად, მე კი ბავშვის მოსაკლავად მივდიოდი, სანამ მამა დარწმუნდებოდა და მართლა მომკლავდა.
გაღვიძებისთანავე გავარკვიე სად აკეთებენ აბორტს და სად ვიყიდო ორსულობის ტესტი. მე კი გული დამწყდა, აქამდე რომ არაფერი ვიცოდი.
საღამოს მეგობარმა მომიტანა ელესდი. მეგონა აქამდე საკუთარი თავი არასდროს მენახა, მიწა კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მიყვიროდა. მიწა ერთი დიდი ყური იყო. თანამედროვე დედამიწას უყვარს მაშტაბები.
მეორე დღეს მენსტრუაცია გადამიცდა. ნერვიულობისგან ჭამას ვუმატე. ერთი დღე არაფერია მეთქი, ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, აპკიანი თვალებით ბუნდოვნად რომ ხედავს და უცხოობას შეუხებლადაც გრძნობს. მამა მოდის და მკლავს. რეინკარნაციის მომლოდინე ბავშვები კი გაწბილებულნი რჩებიან. რიგმა არ უწიათ. რიგით პირველი კი ბოლოსკენ ინაცვლებს. ახალ ჯერს ელოდოს. ყველაფერი უკეთესობისკენაა და რომ გაჩნდება, შეჩვეული იქნება მოთმენას. სულსწრაფი არ იქნება. შემდეგ ცხოვრებაში მეც ასე მომექცევიან.
– დედა, მამა, მადლობა, რომ გამაჩინეთ. ალბათ ლოდინი ჯოჯოხეთია. მაგრამ მე მაინც ვიკეთებ აბორტს. რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. უკვე გაჩენილ ბავშვებს ავიყვან.