შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!

საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.

მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.

სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების  კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე,  რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ  ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.

სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:

“დიდო დედაო,
ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში,
დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილოვ,
ცარიელა და სავსევ,
უჟამო,
უძრაო,
წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ლოცვით პირველივე ნახვისთანავე ხიბლში ჩავვარდი, ვუყურებ ნეგატიურისა და პოზიტიურის შეერთებიან იარაღს და ვიხსენებ პრექრისტიანურ ეპოქაში შექმნილ ლოცვას: შენდობის ნაცვლად სიმართლეს სთხოვდა და პურის ნაცვლად – თავისუფლებას. ლოცვაა, რომელიც,  ეტყობა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს მუხლის ჩოქვით საუბარს, არამედ მიმართებას შვილის მშობელთან. თანაც მაშინ, როცა სამყაროს მეორე მხარეს, ღმერთი აღიქმებოდა არა როგორც მამა მხსნელი, არამედ ძველი აღთქმის უძღები შვილის მამა.

მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
983605_472001682888751_392415099_n

ქალი, რომელმაც მამშობიარა

ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი.  ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.

მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.

ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.

ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.

ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…

არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში  დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.

მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.

მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.

აჩუ-აჩუ, დრაკონო, საით გაგაჭენო

მზისა და მთვარის ტანტრა

”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი.

არ იყო სხვა არაფერი… მან გაიფიქრა: ”ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…
მან შექმნა სამყაროები… მან გაიფიქრა:
”აი, სამყაროები. ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)

ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის დუალიზმის რაობაში მევლინება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ: ქრისტიანის დებულებას, –  ჩემკენ თუ არ ხარ, მათკენ ხარ, – ბუდიზმში დუალისტური, შუალედური პოზიცია უჭირავს. უძველეს ხანაში, როცა არაფერი იყო, ჩვენ ერთნი ვიყავით არაფერში, მერე ნაწილებად დავიშალეთ და რაღაცასთან ერთად ასე ვიქეცით. არსებობს ერთიანი სამყარო, ისინი მიზიდულობის კანონით ერთმანეთს უკავშირდებიან. შესაბამისად, მოქმედების ძალაში ერთიანობა დევს. ერთი სული იყო და ერთი თიხა, შემდგომ სხვადასხვა სახე რომ მიიღო. აი, ამიტომ, ადამიანები უნდა გვიყვრდეს. ჩემსა და შენს შორის არაფერია. კარმის კანონიც აქედან მოდის: სხვას თუ უშავებ, შენს ნაწილს უშავებ, უბრალოდ, სხვა რაღაც აცვია, ამიტომაც, არ შეგერგება და იგივე დაგემართება. ქრისტიანს შეუძლია ქრისტეზე მთელი დღე ილოცოს, ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, მაგრამ კარმის კანონის თანახმად, ამით ბედს ვერ შეცვლის, კარმა მისი საქმეებითაა აწყობილი. ის მაშინაც იწყობა, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს. თავად სიტყვა წარმოსდგება სანსკრისტული სიტყვისგან და კეთებას ნიშნავს. ის არაა შურისძიება, არამედ შრომაა. იწყება იმ მომენტიდან, როცა სული და მატერია ერთმანეთს უწონასწორდება და მთავრდება, როცა სული ხელმეორედ უთანაბრდება მატერიას.

ტანტრა აჩვენებს რა გამოცდილებას განიცდის პიროვნება შუამავლურ პერიოდში ყოფნისას, გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადებას შორის. მხატვრულად რომ ვთქვა, სამომზადებლო პერიოდია მოსამზადებელი ხანისთვის. ტანტრას ლოცვის სახე აქვს, რომელშიც ბუდა მოწაფეებს გადასცემს თავის დოქტრინას. ვინაიდან, ბუდიზმი რელიგიაა ღმერთის გარეშე, სადაც ღვთისა და ეშმაკის საწყისი ადამიანის გონს წარმოადგენს, შესაბამისად, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სიცოცხლეშივეა, მათი შუალედური პოზიცია კი ეგრეთ წოდებული, ნირვანა, გასხივოსნება. მათი რწმენით, სამყაროს სქესობრივი კონტაქტი ამოძრავებს, არა მხოლოდ მატერიალურ, მის აბსტრაქტულ გამოვლინებებშიც. შავისა და თეთრის შერწყმით (აქ ინი-იანურ პოზიციაზე მივდივართ), ღმერთებად ვიქცევით და თუ ჩვენში უპირატესი ძალაა, ის-ღა დაგვრჩენია, ვილოცოთ ერთმანეთზე. სექსთან მივდივართ. სექსთან ადამიანური გამოვლინებებით და ბუნების მოვლენების შეჯვარებასთან. ტანტრას დროს იქ ხარ, სადაც არ არსებობს არც დადებითი, არც უარყოფითი. რადგან დადებითი და უარყოფითი მხოლოდ მათი ურთიერთკავშირით ისაზღვრება, ხოლო სექსის დროს მამრობითისა და მდედრობითის ცალკეული აღქმა არ ხდება. არც ღმერთია სხვადასხვა და ცალკეული. მაგალითად, რამაკრიშნა ამბობდა, რომ ღვთის ბუნებაზე არანაირი სხვადასხვა შეხედულება არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი რამდენადაც წვდება ღვთის ბუნებას, იმდენადვე აცნობიერებს მას და სახავს თავის წარმოდგენაში. ამჯერად, ბუდიზმზე მინდა გესაუბროთ, ტიბეტის ბებერ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.

მზისა და მთვარის ტანტრა ეზოთერულ სწავლების წრეში ერთ-ერთია და მზესა და მთვარეს აუღლებს. ფსიქიურისა და გონების შერწყმაზე მიუთითებს.  პლიუს, თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებები, ეზოთერიკთა სიტყვებით რომ ვისაუბროთ, სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთიდაიგივე ადამიანი. მათი კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ბუნების ერთიანობის კანონთან მივდივართ, სადაც ყოველი ქვა, პლანეტა თუ ადამიანი ერთმანეთზე მიჯაჭვულია და შეერთებას საჭიროებს. მზისა და მთვარის ტანტრა ლექსად დაიწერა და დასაწყისში იოგის მიღებისთვის ამზადებს, საუბრობს რა ”არსით მოსულსა და არსით წასულზე”, რითიც უკვე ძლევამოსილი ვაკუუმის განდიდებას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ტანტრაზე მეტი ვისაუბროთ, ჯერ იოგის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას.

პატარა ჭრილი რომ გავაკეთოთ და იოგაზე რომ ვთქვა ორიოდე სიტყვა ზოგადად, რთულია, თუ არ ვიცით მისი სახეობები ცალ-ცალკე. მაგალითად, ჰათჰა იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების, მზისა და მთვარის სუნთქვის (მოჰამარის თემაში რომ აქვს აღწერილი) ცოდნაა. იმისთვის, რომ სულს მივხედოთ, ჯერ ანატომია უნდა შევისწავლოთ დევიზით, – მე თვითონ ვარ ჩემი ორგანიზმი. სუნთქვის ვარჯიშებით გამომუშავდება ”პრანა” ანუ სასიცოცხლო ძალა. იოგით მიიღწევა ჰიპნოზური ტრანსიც. ამით ვაღწევთ არა მხოლოდ ორგანიზმის კონტროლს, არამედ ნებისყოფას ვიმუშავებთ. ორგაზმის კონტროლზე კამა იოგა ზრუნავს. რაჯა იოგას ჰათჰა იოგისგან განსხვავებით პიროვნების სული აინტერესებს. ”მეს” შემეცნებით ხდება შემდგომ ”მეს” გაფართოება. მისი შეცნობა იწყება მედიტაციის მდგომარეობაში გადასვლით, როცა ყურადღება კონცენტრირდება საკუთარ ინდივიდუალობაზე. ხდება სხვათა აზრების განდევნა ირგვლივ და თავის ”მედ” აღქმა, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. ამ დროს ”მე” აღიქმება, როგორც თვისებათა სახლი მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე. კონცენტრაციით ვცდილობთ, რომ აზრები მოდიოდეს ”მედან”. კი არ უნდა ითქვას, – ”მე ასე ვფიქრობ”, არამედ, ”მე ვარ”. ვარჯიშის მეორე სტადიაა ყურადღებიანობა, როცა ვცდილობთ, დეტალურად შევისწავლოთ ნივთები. თვალის ხეტიალიდან დეტალურ მზერაზე გადავერთოთ. ხდება მოვლენენების თანმიმდევრობით დამახსოვრება. ვიღებთ თემას და ვმსჯელობთ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ საკითხზე ყველაფერი ვიცით. შემდეგ უინტერესო თემას ვიღებთ და ვაკეთებთ უსიამოვნო საქმეს, მისი გამოსვლის შემთხვევა თავდაჯერებულობას მატებს. ჰათჰა იოგას დასკვნითი პოზაა სავასანა. ვჭიმავთ და ვადუნებთ კუნთებს, იმ იდეით, რომ ზოგ რამეს ვერ მივხვდებით, თუ არ შევიგრძნეთ. კრიტა იოგა ეს კავშირია მომავალთან. ამ დროს ენერგიას იღებ არარსებულიდან, არამედ, მომავალში არსებულიდან. იგი ეტიმოლოგიურად და შინაარსითაც უკავშირდება ქრისტეს. იოგას შეუძლია კარმა ააჩქაროს ან აანელოს. მთლიანობაში რომ განვიხილოთ, იოგა გათავისუფლებაა მიჯაჭვულობისგან. მიჯაჭვულობა ხომ არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება. ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძვნება. მასში სიძულვილიც განხილულია, როგორც მიჯაჭვულობის სახე.

დავუბრუნდეთ თემას, მზისა და მთვარის ტანტრის მეორე ნაწილში სიკვდილის მანიშნებელ სიმბოლოებს (ჭეშმარიტება ანუ ღმერთი ქვეყნად ხომ ისედაც სიმბოლოებით ეძლევა ადამიანს, ირიბი სახით, რაც საშუალებას იძლევა ჩვენივე განვითარების დონის მიხედვით იყოს აღქმული) აღწერს და მისი დაძლევის ცდაა, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აღნიშნულ სიმბოლოებს ამჩნევს. აღწერს ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით, ცხვირის ფორმითა თუ ენაზე მკითხაობით. ასწავლის სიკვდილის, როგორც რადიკალური წერტილიდან, საწინააღმდეგო მხარეს სიარულს. მეთოდები აღმოსავლურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, თუმცა, მიხვდებოდით, ექიმბაშური სახე აქვს დარჩენილი. ტანტრაში სიკვდილის მატერიალური პროცესები წარმოდგენილია სამყაროს ოთხი ელემენტის ერთმანეთში გახსნად: მიწა მიწაშია, წყალი წყალშია, ცეცხლი ცეცხლშია, ჰაერი ჰაერშია. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლის თანმხლებია ტემპერატურის დაცემა და კიდურების გაშეშება. ვასკვნით, რომ სიკვდილის მომენტში ხდება შემდგომ შესაძლო ვარიანტთა წარმოდგენა და უნიფიცირება. ტანტრაში იგავ-არაკთა მსგავსად არის ცხოველები თუ უსულო სხეულები გამოყვანილი, როგორც რეალურად სულის მქონენი.

მზისა და მთვარის ტანტრის მესამე ნაწილში საუბარია ბარდოს (სულის მდგომარეობა სიცოცხლიდან ხელახლა დაბადების შორის) მორგებაზე განუყოფელ რეალობასთან. ამ მდგომარეობაში პიროვნება ხედავს მანდალას, ანუ სამყაროს წრის სახით, შეკრულ სამყაროს, ათვლის წერტილი რომ არ გააჩნია. იგი ვიბრაციისა და ნაპერწკლების სახით იხილება. მულტი ფერიანი, ყველაფერიანი სინათლე არის, გულიდან გამოსული. პიროვნებას მისი შეგრძნება ასტრალური სხეულითაც შეუძლია, თუ მას ფიზიკურ ტანს მოაცილებს, ანუ იმ ტანს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომლითაც ღმერთმა შემოსა ადამ და ევა, შიშვლად რომ აღიქვეს თავი, მაშინ. ბუდისტური ტანტრა მსგავსია, რაც ქრისტიანისთვის ფსალმუნია. არსებობს თვალსაზრისი, რომ ასტრალურ სხეულს ადამიანი ძილის პერიოდში გრძნობს, ოღონდ ისინი, ვისაც განვითარებული აქვთ მასზე კონცენტრირება. მოცემულ ტანტრაში განიხილება იმ ნაგრძნობი, მულტი სინათლის აღქმის რვა გზა. გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, თუ პიროვნება გააცნობიერებს ამ სინათლის ისედაც მასში ყოფნას. როგორც მიხვდით, ის სინათლეა აღწერილი, მომაკვდავებს რომ ევლინებათ გვირაბის ბოლოს. თუ პიროვნებამ ეს სინათლე ვერ აღიქვა, შიში იცავს და შემდეგ ბარდოში, არსებობის მდგომარეობაში გადადის.

ტანტრას შემდეგი ეტაპი არსებობის ბარდოს განხილვაა. ის პროცესი, რა სამზადისსაც გადის სული ახალი სხეულისათვის. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია, იმავე გაგებით, რომ სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. ეტაპს არსებობის ბარდო იმიტომ ჰქვია, რომ პიროვნება საწყისის ექვს ტიპს ხედავს: ღმერთსა და ნახევარ ღმერთებს, ცხოველებსა და მშიერ სულებს, ჯოჯოხეთის არსებებსა და ადამიანებს. ასევე ზოგი ნახავს ტაძრებს, ხალხის მარაგს, უფსკრულებს, უდაბნოებს, ციხეებს, შენობებსა და ჟლეტვას. ეს სამი ხილვა განაპირობებს ადამიანის შემდგომ დაბადებას, მისი მომავალი საშვილოსნოს არჩევას. დავსძენ, რომ იმას, თუ რას ვნახავთ ბარდოს მდგომარეობაში ვედების შეხედულებით, დამოკიდებულია სიკვდილის უკანასკნელ სურვილზე, უკანასკნელი სურვილი კი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავთ, რომ აქ ერთგვარი წრე იკვრება და ამ მანდალურ წრეზე ვსაუბრობდი წეღან. ამ ტანტრაში მოცემულია ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც უფრო აწყობს, შეიძლება მტანჯველი, მაგრამ პიროვნების ფუნქციაა გააცნობიეროს, რომ ეს ტანჯვა მას აწყობს. ეს იდეა ბევრი თანამედროვე რელიგიისთვის მისაღებია, განსაკუთრებით ექსისტენციალური პერიოდისას. აქ უკვე გასარკვევია: რატომ ავირჩიეთ თავისთვის ტანჯვა? ბევრისთვის საძულველი ფრაზა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა და ყველაფერი კარგად იქნება, ამ მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. ბრძენი კი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაშივე ხვდება იმას, რასაც სიკვდილის მერე მიხვდება სხვა.

ამ ტანტრაში ძირითად თემად სიცოცხლე-სიკვდილისგან მკურნალობა იკვეთება. სიკვდილი, მთვარე, განხილული, როგორც უკიდურესად ნეგატიური მხარე, განხილულია, როგორც სიცოცხლისგან მარცხი. ეს, გადატანითი მნიშვნელობით ექიმის,  მკურნალის, მარცხია. სიცოცხლე კი ისაა, რასაც ვეპოტინებით, ზოგ შემთხვევაში იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე გვიყვარს, უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა და სხვა ვარიანტს ვერ ვამჩნევთ. მზე ანუ ცეცხლი, სინათლე არის როგორც პირველადი სტიქია. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნო არ არის ტექსტში განხილული, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, არამედ, როგორც საპყრობილე. ტანტრაში სიცოცხლე შედარებულია სიზმართან, ილუზიასთან, ქართან. სიკვდილისას კი გამოყენებულია შედარებები: უჩინარი, შეუჩერებელი, უეცარი. ტექსტის კითხვისას შეგრძნება გრჩება, რომ სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად ცოტაოდენი სიკვდილიც აუცილებლად უნდა შეაზავო. ძენ-ბუდიზმი სვამს კითხვას: როგორ უნდა დააღწიო თავი შობა-სიკვდილის წრეს? საპირისპირო კითხვა დასვა: ვინ მომაქცია ამ წრეში? როგორ უნდა გათავისუფლდე ნაჭუჭისგან? მიხვდე, რომ თავად ხარ ნაჭუჭიც. ვისია სარკე, რომელიც მაჩუქეს: ჩემი თუ გამომგზავნის? ამ შემთხვევაში ”მეს” დაკარგვა ხდება და კოლექტიურ ცნობიერების მიღმა შევდივართ.

ეგოიზზე ვამბობდი, როგორც აზრის კონცენტრაციაზე კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე, აზრი კი სამყაროში ჩადებული ენერგიებიდან, რომლებსაც შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ენერგია თანაბრად გააჩნია, ყველაზე მკვეთრი აზრის (აქ აღსანიშნია, რომ ტვინის ფუნქცია აზრი კი არაა, არამედ აზრის დანერგვაა რეალურობაში) ენერგიაა. ამის გამო ადამიანი აზრების გამო ისევე აგებს პასუხს, როგორც მისი შედეგების, საქციელების გამო. მისი შიდა მიდრეკილებები ხომ წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოშვეს. თუ ადამიანი ეგოისტია და საკუთარ ოპოზიციას ანტონიმად ეკიდება, თავს გამოყოფილ არსებად აღიქვამს და დიდ ყურადღებას უთმობს თავს, მაშინ მისი აზრები არსადაც არ მიდიან, მის თავზე ტრიალებენ და ისევ მას აზიანებენ, როცა პასიურ მდგომარეობაში ნახავენ. თუ ის გარკვეულ ეგოისტურ აზრებს ხშირად ეძლევა და ისეთ დასკვნამდე მიდის, რომ მისი რომელიმე  სურვილის დაკმაყოფილება მისთვის იმ ერთ-ერთ საარსებო მოთხოვნილებათაგანს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას ყოფნა არ შეუძლია, მაშინ ბოლოს ასეც მოხდება, მის გარეშე ვერ იარსებებს. ცნობილია, ადამიანის აუცილებელ მოთხოვნათა ძირითადი მატერიები: საკვები, წყალი, ჰაერი, ტემპერატურა. თუმცა მედიტაციის მნიშვნელობა იმაშიც ჩანს, რომ ადამიანი მათზეც ამაღლდეს. ციტატა რომ გამოვიყენოთ, ყველაზე დიდი ბოროტება ე.წ. მოხეტიალე აზრებია. ყოველი შეგნებული აზრი უკვე შეიცავს გარკვეულ ორგანიზებულობას. მაგრამ ყველაზე უარესია მცირე მოხეტიალეები, რომლებიც გზებს შეუგნებლად ანაგვიანებენ. ზოგადად, აზრებით და მათი შერწყმით საკუთარ ევოლუციას და მომავალს ვქმნით.

ამ აზრიდან ამოდის ტანტრული სექსი. თუ ტანტრა შეერთებაა, შეერთება ნიშნავს ორი ან მეტი არსების ერთ წრფეზე ისეთ განლაგებას, როცა მათ მოცემულ ადგილზე მყოფნი ერთი მიმართულებით იწყებენ აღქმას. ხოლო სადაც ორნი და მეტნი იკრიბებიან, მათი აზრები ერთიანდებიან, როცა მანამდე აღქმა ცალმხრივად ხდება. ეს იმიტომ, რომ ცნობიერების ფიქსაციის წერტილში მოვლენის მხოლოდ ის მხარეები ხვდება, რომლებიც გარკვეულ გრძნობებს იწვევს. როგორც გავიგეთ, ტანტრა არ არის მხოლოდ სქესობრივი კავშირი ადამიანებს შორის, უბრალოდ ადამიანთა შორის სექსი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ როგორც ესმით, ტანტრასა და სექსის გასინონიმება, არასწორია. თუმცა, როგორც ინდუიზმშია კამა-სუტრა, ტიბეტურ ბუდიზმში მის მსგავსს ცოდნას ტანტრა წარმოადგენს. ტანტრას თეორიის თანახმად, შეუძლებელია სექსი ცოდვა იყოს, ანუ პროცესი, რითიც ხდება შერწყმა და ახალი სულის შთაბერვა ხდება. ცოდვა მის არასწორ გამოყენებაშია. ეს კი ოფიციალური ქორწინების მიუხედავად ხდება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მის კანონიერობასა თუ ალეგალურობას. როდესაც სექსი მიზანი ხდება და არა საშუალება, ეს დეგრადაციაა, მატერიალურ სფეროში გაჭედვა. ასევე, იგი განიხილება, როგორც ენერგიის აღდგენის ეგოისტურ საშუალებად. როდესაც ერთი პარტნიორი მუდმივ გაცემაში იმყოფება და მეორე – მიმღებ მდგომარეობაში, ამით ორივე მხარე ცოდვილი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მის ლეგალურობას. მორალური მაზოხიზმიც, ისევე, როგორც სადიზმი, ბუდიზმში მატერიალური მიჯაჭვულობის სახედ ითვლება.

კაცის თვიური ქალის ციკლისგან განსხვავებით, თვიურად თესლისგან გათავისუფლებას წარმოადგენს. თუ ქალის თვიურზე მთვარეა პასუხისმგებელი, მთვარე, როგორც სიკვდილისა და ქვეცნობიერის სიმბოლო, კაცის თვიურზე მზეა კონცენტრირებული, მზე, როგორც სასიცოცხლო ძალა, ცნობიერება, მათი სასქესო ორგანოთა გარეთ და შიგა განლაგებების გამო. კაცის და ქალის ოვულაციათა მომენტში, ცნობიერი ჩადის ქვეცნობიერში, რათა ცნობიერში ამოიყვანოს ის. მამრობითის პერსონალური უმთვარო და ახალ მთვარეობისას, მამაკაცი ინტროსპექტული ხდება და განმარტოებას საჭიროებს. ეს პერიოდი ქალის მენსტრუაციის მსგავსია. ამ დროს ის შესაძლოა დაბალი ენერგიის მატარებელი იყოს და გრძნობს, რომ თავი დასვენებით გაანებივროს. შემდგომი ფაზა ოთხიოდე დღე გრძელდება და ინი-იანური პრინციპით, მასში ფემინური საწყისი ჩანს. შემდგომი 11 დღე სქესობრივი ანუ შემოქმედებითი ძალის მომატებას ემსახურება და ადის მწვერვლზე, რომელიც ქალური ოვულაციის მსგავსია. ეს მის პერსონალურ სავსე მთვარეობას ემთხვევა და ორიოდე დღე გრძელდება ახალ მთვარემდე. მისი მზის ციკლი ტესტოსტერონის ხარისხური აღგზნების დროა, რომელიც ყოველ 11 წელში იზრდება, იღებს მზის რადიაციას და მწვავდება. აღნიშნავენ, რომ ამ დროს კაცის სისხლი თხელი ხდება. მზეს 90 წლის ციკლი აქვს, რომლისგანაც პირველი 45 წელი პიროვნების აქტიურობას ემსახურება, მეორე 45 კი აქტიურობის შენელების ეტაპია. ამის მიხედვით, ასტროლოგიაში ადამიანის ცხოვრების სამი 30-30-იანი ეტაპი იყოფა, პერსონალური ჰოროსკოპის ნახვისას. მისი იარაღია განსაზღვროს მთვარისა და მზის ციკლი და ციურ სხეულთა ურთიერთობა მათ პერსონალურად მოარგონ.

დასკვნის სახით რომ ვთქვა, მზისა და მთვარის ტანტრა განხილულია, როგორც ინკარნაციის შეწყვეტის ცდები. ეს ტანტრაში ნახსენები მეტაფორებით ხდება. გიტოვებთ მზისა და მთვარის ერთობის მელოდიას. შემდეგ თვეში შევეცდებით ასტრალური სხეულის ან იოგის პრაქტიკული გამოყენება ვისწავლოთ, სხვა ტიპის ტანტრაზე ვისაუბროთ ან რეინკარნაცია მიმოვიხილოთ, ხავს მოკიდებულ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.

მედიტაცია სავსე მთვარეზე

მისტერ დენიელს, ჩვენ გვაქვს ფართოდ ღია თვალები და გრძელი ყურები. ანუ ჩვენი შეგრძნებები ფართოდაა ღია.
ჩვენ დაჭიმული კუნთები გვაქვს, ნახველი, ქოშინი, ნეკნებს შორის ამოვსებული მანძილი.
ჩვენ გვაქვს ტვინი. იგი საშუალოდ 1300გრამს იწონის. ასტრალისას ამიტომაა ყველაზე რთული თავის აწევა.
საკუთარ სითხეში დაცურავს. ნაზ სისხლძარღვებს რომ დააწვეს, გაჭყლიტავს.
გაჭყლიტავს და მოკლავს.
მე რომ მოვკვდე, პარკეტი დივანის გადაზიდვისას დაიკაწრება,
ერთი დივანი მისაღები ოთახიდან საძინებელში გადაინაცვლებს,
მაგიდა სამზარეულოში გავა,
სერვანდზე ფარდები გადაიფარება,
შამპანიურები მაცივარზე დაიდგმება,
ბევრი ქუსლიანი ფეხებისგან პარკეტი იჭრაჭუნებს.
ხალიჩა ქუჩიანი ფეხსაცმელებით დაისვრება.
დალაგდება, მერე ისევ დაისვრება.
მე რომ მოვკვდები, ბევრ კოლიოს შევჭამ, მოპკურებულ ღვინოს მოვწრუპავ.
განვიცდი მაინც.
განცდას დროულობა ახასიათებს.
ვეშაპივით განახლებადია, რომელსაც რამდენიმე თავი აქვს, მათი წაჭრა კი არ შველის.
გასაღები უნდა ვიპოვნო, მისტერ დენიელს!
მერე სერვანდს ფარდა ჩამოეხსნება,
დივანიც დაბრუნდება უკან,
შამპანიური მასზე დაიდგმება,
პარკეტი ვერ შეწყვეტს ჭრაჭუნს.
მაგიდა შემოვა ან დარჩება, რადგან უხდება,
ხალიჩა ისევ დაისვრება, გაირეცხება, მაგრამ დაისვრება.
ზეგ ანალიზზე მივდივარ ექიმთან და განვიცდი, იმის გამო, თუ განცდებს ვერ ვასწრებ.
ისეთი არაფერი, მაგრამ დავფიქრდი.
სამაგიეროდ, უჩემოდ უმაღლეს ხარისხს მიაღწევ, მისტერ დენიელს!

მედიტაცია სავსე მთვარეზე:

მზე ტყუპების ზოდიაქოში არის, მთვარე მშვილდოსანში შევიდა.
ანუ მთვარის ხილვა ოპოზიციური მდებარეობის დროს სრულად შეიძლება.
სავსემთვარეობას ადამიანები იბნევიან, ამიტომ ძილის წინ ვუყურებთ მთვარეს,
ვაახლოვებთ მთვარეს ფოკუზით და ვცილობთ, გავერთიანდეთ.