მაფიოზობანა

მაფიოზობანას თამაში ეჭვიან ადამიანს უნდა მოეფიქრა, რათა სამეგობროსთვის თვალყური ედევნა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ საბჭოთა თხელი კედლების შიგნით გამოიგონეს. თამაში ყოველთვის პატიოსანი მოქალაქის (სამართალდამცავის) მხარესაა, რადგან ასწავლის როგორია მისი ამხანაგი ტყუილის თქმისას, აქვს თუ არა რამე ინდივიდუალური სტილი. და როცა მორიგ რაუნდში სამართალდამცავი მაფია ხდება, წრეში საკუთარ თვისებებსაც ისე გამოამჟღავნებს, რომ ერთმანეთის ტყუილებზე გაწვრთნილნი რეალურ ცხოვრებაში თავს გაყიდიან.

სულ მაინტერესებდა მითებად ქცეული ტყუილები, რომ თითქოს არმსტრონგმა გორსკის ორალურზე იზრუნა, დელონი დეპრესიიდან ვაჟა-ფშაველამ გამოიყვანა, ბექჰემმა ვიქტორია თბილისში შეიყვარა (არ დადასტურებულა და სულ მაინტერესებს), ადამიანი ტვინის 7%-ს იყენებს, ჯორდანო ბრუნო დედამიწის ბრუნვამ დაღუპა, ედისონმა ნათურა გამოიგონა, რომ ნაპოლეონი დაბალი იყო, თმა და ფრჩხილები სიკვდილის მერეც იზრდება, – როგორმა ტიპაჟებმა გამოიგონეს.

და კიდევ, როგორც ბავშვის ფეხის ადგმას იმახსოვრებენ მშობლები, ისე უნდა იმახსოვრებდნენ მათ პირველ ტყუილებს. სადღაც ორი წლის ასაკში როგორ გამოიმუშავეს კრეატიული აზროვნების უნარი. აი, ჩემი ძმის შვილი რომ წაიქცა და უფროსები ბავშვს ნატკენ ხელზე კოცნიდნენ, ამან ჭკუა იხმარა და უტკენი ადგილი მომიშვირა, აქაც მტკივა, მაკოცეო. ამჟამად კი “მაფიის” თამაშის მეშინია: მგონია, რომ ვასწავლი მეგობრებს ჩემი ტყუილის მიმიკებს, და მივიღებ იმედგაცრუებას მათი დაჟინებულ-დამაჯერებელი ტყუილის შემთხვევაში.

3 responses to “მაფიოზობანა

  1. ბექჰემმა ვიკა თბილისში არ შეიყვარა. მგონი კიშინიოვში მოხდა ეგ. თბილისი ნამდვილად არ იყო, წაკითხული მაქვს. ნაპოლეონიც იმ პერიოდის სტანდარტებით არც ისე დაბალი იყო. უბრალოდ ახლა გვეჩვენება მასე. დანარჩენ ამბებზე ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ :დდ

  2. გამოხმაურება: The Hanged Man | Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი