with love in jigolo

მას შემდეგ, რაც ღმერთმა განდევნილი სულები ღორებში ჩაამწყვდია, ქატოს ჭამა დაიწყეს.
იმ სოფელში ერთი ფერმერი ცხოვრობდა, ჟიგოლო ერქვა. ყოველ დილით ღორებს შეავლებდა თვალს, ტალახიდან თუ ამოჰყვეს ტანიო და მოსუქების მიზნით ქატოს უყრიდა.
დანაყრებულ ღორებს კლავდა და სჭამდა.
თუ ღორები ქატოს სჭამდნენ, ჟიგოლო – ღორებს, ანუ ჟიგოლო ქატოს სჭამდა.
ნაირ-ნაირი ღორები ჰყავდა: შავ-თეთრი გინდოდა თუ შავი და თეთრი.
ერთხელაც ხორცის ჭამა მოსწყინდა, თავის ჟიგულს მოაჯდა და მეზობელი სოფლისკენ გააჭენა, რადგან იმ სოფელში ყველანი ღორებსა სჭამდნენ.
გზად მწვანე ბალახს წააწყდა, თუმცა მწვანის არსებობა მანამდე არ იცოდა. გაუკვირდა და დიასახლისს მიუკაკუნა, რომელიც ჭიშკართან ცომიანი ხელებით გამოვიდა.
ქალს ეგრევე შეუყვარდა ჟიგოლო. აქ შეიძლება მეთქვა მთელი გულითო, მაგრამ ინფარქტგადატანილ ქალს სულაც არ ჰქონდა გული მრთელი.
ასე ამბობდა მაინც, გულგატეხილი ქალი ვარო.
ქალი ჟიგოლოს პერიოდულად უგზავნიდა ფქვილისგან დამზადებულ მჭადებს, ჯვარს გაუკრავდა ხოლმე მასზე, ხორბლის ლუდს მიატანინებდა და სიგარეტს მოუხვევდა.
ჟიგოლოც, თავის მხრივ, ქატოსგან მოსუქებულ ხორცს უყოფდა ხორბლის თავ-თავივით სიფრიფანა ქალს კაბაში და ეს ორნი ერთად იზილებოდნენ.
მთების იქით წააწვენდა ხოლმე და შორიდან ღმერთი მათ ერთმანეთში ზელდა, ზელდა და ზელდა. იქამდე მაინც, სანამ შვილიშვილები არ გამოიზილნენ.
ზღაპარი ქატოთი და ფქვილით დაიწყო, მაგრამ სკლეროზნარევი მოგონებით დასრულდა, იყო თუ არ იყო რაო.
(ტრილოგიის დასასრული.)

ტომ!

მღალატობს ხოლმე.
აი, ზუსტად ვხვდები, რომ მღალატობს. დილით დარეკა, შეხვედრაზე უარი ვთქვი და თუ ამ დღეებში შემთხვევით ვნახე, ქალის ხელებისგან დასერილი ზურგი ექნება. რომ მოკვდე, არ გამოტყდება, ალერგიას ან ეკლებს დააბრალებს. აი, ახლაც ეხება. მე კი, რადგან მისი მოძრაობები ზეპირად ვიცი, წარმოვიდგენ მის ღალატს: ჯერ მაჯაზე მოკიდებს ხელს, მერე კაბის უკანა მხარეს შეაცურებს, თან ტუჩებში კოცნას არ წყვეტს და ამბობს: გაიხადე. მაოცებს, – ყოველთვის რა ადვილად გამოსდიოდა ბიუსღალტერის გახსნა.

მე კი ტომი მყავს. იმ კაცთან ბევრი ვქექე თუ ცოტა ვქექე, ამგვარად გამოვქექე კატა. პირველად კარის ტილოზე მოკუნტული ვნახე, ხელი კისრის ბეწვში შევუცურე და ავწიე სახლის მიმართულებით. მას შემდეგ მე და ტომი ერთად ვიძინებთ: მე ზეწარში ვიკუნტები, ის კი ჩემი მუცლის ღრუს ნიკაპს ადებს და ღრუტუნებს. დროდადრო მკაწრის. დროდადრო შევამჩნიე, რომ გასუქდა. მუცელი ჩამოებერა და მივხვდი, ჩემამდე რა გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ინტერნეტში ვეძიე კიდეც, კატებს ტოქსიკოზი თუ სჭირდათ.

კედლის ღრმულების გასწვრივ სათაგურები მედგა, აღარ დამჭირდება მეთქი, ავიღე. ჩემმა ტომმა გაორმაგებით უნდა იკვებოს. სათაგური ძველ ყუთში პირქვე შევინახე და დავაფინე ტილო ტომისთვის. წინა თვეში ერთჯერად ცხვირსახოცებზე მორბენალი თაგვები დავინახე, რიგობის მიხედვით დამწკრივებულიყვნენ და სოროდან სოროში გადადიოდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა მილიმეტრების თუ იყო. პირველად სწორედ მაშინ ამოვიღე ძველ ყუთში პირქვე შენახული სათაგური და კედლის ღრმულების გასწვრივ დავდგი, სიტყვებით: აბა, დამაცადეთ!

მაგრამ ხშირად ცნობილი დასაწყისი დასასრულისთვის მეტად გამოდგება.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ კატას?
თურმე ტომისა და ჯერის ერთმანეთისთვის შვილები მოუნათლავთ.
მე ცხვირზე ჩამოვიშვი სათვალე და სათვალის ზემოდან მოვათვალიერე ოთახი:
– რას ვამბობდი ქატო და ფქვილიო?

ისე, ჩემებურად

დედა ამბობს, ისე გზრდიდი, ცუდი რა იყო არ გცოდნოდაო. ზღაპრებსაც თავისებურად ყვებოდა: ყველაფერი კარგად იყო, კარგად არის, კარგად იქნებას პრინციპით. დედა, მე რომ ნაზი ვარ, შენი ბრალია.
ერთი მეგობარი მყავს, წიგნი ბოლომდე არ წაუკითხავს, დაუმთავრობის პრინციპი ჰქონდა. მის საყვარელ მუზად ვიქეცი, მაგრამ მეექვსე თვეა აღარ გამოჩენილა. ჩემი ცხოვრებისეული წიგნის დასასრული ხომ არ იყნოსა მეთქი, ხანდახან ვფიქრობ.
თავადაც მთელი ცხოვრებაა ზღაპრების გადაკეთებას ვცდილობ. იმ მიზეზით, რომ საბოლოოდ ბოროტ გმირებს გამოკეტილი მეგობარიც არ ჰყავთ და მარტოობაში კვდებიან. საავტორო ზღაპრები რომ არ ჩავთვალოთ, სადაც დაიშვება, რომ წითელქუდა და მგელი საყვარლები ხდებიან, სტოკჰოლმური სიტუაციის არ იყოს, მსგავსია ტომმა და ჯერიმ ერთმანეთს ბავშვები მოუნათლონ.
ისე კი, ყველა ზღაპარი არარაობის მითებით იწყება და იდეალიზმით მთავრდება, უფრო სწორედ, უკიდურესი წერტილების განცალკევებით: ჭირსა და ლხინს რა ძალიანაც არ უნდოდეთ შეუღლება, მათი შერწყმა ”ჰეფი ენდით” ვერ გვირგვინდება. ასე ზღაპრის საერთაშორისო კანონმდებლობას უთქვამს: აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გავა და ქატო ფქვილთან ვერ შეიზილებაო.
ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის უარყოფითი პერსონაჟი ვარ, ფინალში მხოლოდ მშობლებს რომ უყვართ.
გავრისკავ, წითელ ქუდას მძევლად ავიყვან, ყურზე და კისერზე ვუკბენ ნაზად, რომ არ გამექცეს, მუცელში ჩავისვამ და დავუმტკიცებ, რომ ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს სიყვარულია, ისე, ჩემებურად.