მოგზაურობა მზიანი საქართველოდან მთვარიან აჭარაში

IMG_20140716_000013

ალბათ იმდენი სათავგადასავლო ფილმი მაქვს ნანახი, მგონია, კონტროლიორი შემოვა და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მე კი ვერაფრით ვიპოვნი, ხან ჯიბეებში ვნახავ, ხან ჩანთას ამოვაქოთებ, ხან სავარძლების ქვეშ ვიბოდიალებ. მერე ეს კონტროლიორი უცხო პლანეტელის ნაბიჭვრად გადაიქცევა, საერთო გონი რომ ამოძრავებთ, პირზე რვა ხორთუმი რომ ჩამოუკონწიალებიათ და უბილეთო მგზავრებს ძალიან შორეულ გალაკტიკაში უშვებენ. სამწუხაროდ, ბილეთი აღმომაჩნდა.
მანამდე ვაგზლის სალაროში რომ მივედი, ლამაზი ბაქოელი ბიჭი ვნახე, ქერა და ხორბლისფერკანიანი, თაფლისფერთვალებიანი. ჰოლივუდის ვარსკვლავს გავდა. მერე გაიღიმა და ოქროს კბილები გამოაჩინა.
ლამაზ და უცხოელ გოგოებთან მოხვედრამ მიმანიშნა, რომ სხვათა ოცნებებს უაზროდ ვხარჯავ.
პატარა ბავშვის თვალების დანახვამ, თუ როგორ უყურებდა დედას, რომელიც დაკარგული ეგონა, გამახსენა, რომ დიდი ხანია ასე არავისთვის შემიხედავს.
თავი რომ ემოციურად გაძარცვულად ვიგრძენი, ვიფიქრე, რომ ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, თუ საკუთარი მეობა დაკარგე, ისიც, რომ მეებში ქურდი გყოლია.
ხანდახან ჩაძინებული მგზავრის გადაჯვარედინებული ფეხი მეხება. ფანჯრიდან ვუყურებ როგორ იცვლებიან შენობიდან ხეებამდე, ბოძებიდან სატელეფონო მავთულხლართები, ადამიანები, რომლებიც სეირნობდნენ და მატარებელი დაინახეს.
ღამის ცენტრში გაწოლილი ძაღლი, რომელიც თენდება და ეს ესაა ჩნდება.
IMG_20140718_0005
მე ვიმოგზაურე მზიანი საქართველოდან მთვარიან აჭარაში, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ, სადაც ალკადრის ღამეს ხდება ადამიანის ბედის განსაზღვრა. ჩვენთან რომ ბედობა იციან, თევზები და ლობიანები, საყვარელი ადამიანები, მუსლიმებმა ლოცვა იციან. ისე, ყავის ფსკერზე დამალული მომავალივით.
“თქვენი რელიგია გაცილებით რთულია, ამდენი დოგმებია. ჩვენთან მარტო ლოცვებია და ლოცვები”, – ჩემი სათქმელი გაიმეორა ხულოელმა ბიჭმა, რომლის სოფლიდანაც გავრცელდა ქრისტეს რჯული და ბოლო ადგილი იყო, რომელიც გამუსლიმანდა.
“ჩვენზე ამბობთ, რომ თათრები ვართ, არა და თქვენ პირველებმა მიგვატოვეთ, – ამ დროს ქრისტიანის კრებითი სახელი ვარ და საუბარში პასუხისმგებლობას ვგრძნობ, – თქვენი კუთხეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ამიტომ გაუძელით, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით, მოგვერივნენ. უნდა აგვერჩია სარწმუნოება თუ ენა და ჩვენ ენა ავირჩიეთ. მოღალატეები არ ვართ, ვიცით, რა არის ერთგულება, დღემდე ოჯახებისთვის არ გვიღალატია და ცოლების გარდა სხვა ქალები არ შეგვირთავს. მერე დავინახეთ, სინამდვილეში როგორ არ არის თქვენში ქრისტეს რწმენა. თქვენგან შედარებით ორივე რელიგია ვიცით, ვიცით და ვარჩევთ.”
რამდენიმე დღე გასტანა ჩვენმა საუბარმა, ფხიზლებზე, მთვრალებზე, სახლში დაბრუნების წინა საღამოს მორიდებით ვეკითხები: “მონათვლა გეტკინა?”
“გამოიბერა და უფრო დიდი გახდა”, – ეღიმება.
სინამდვილეში ერთი ქრისტიანი გოგო ყვარებია, მაგრამ რელიგიის გამო მოწამეობრივად დაშორდნენ.
ტურაშვილის ერთი ჩანაწერი მახსოვს, უცხოელი გოგონა რომ აფხაზეთზე ეუბნება: ვერ დაიბრუნებთ, სანამ თქვენთვის კურორტი იქნებაო. იქნებ ეს მოხდა და ხდება აჭარის შემთხვევაშიც? უფროსი თაობისგან ხშირად გამიგია: ბათუმში ვინ მიდიოდა, როცა გაგრა შეგვეძლოო; სოხუმში ისეთი კარგი ამინდები იყო, ქობულეთის ნესტიანი ჰავა ჭირიანიაო. სანამ აჭარისგან მარტო ზღვა გვინდა, ზაფხულობით ხმელეთზე რუჯისთვის წამოწოლა, მისი მთიანეთი და ზამთრობით იგი სულ ცალ ფეხზე გვკიდია, გვიყვარს, როცა ტურისტები მოდიან და ადგილობრივებთან კონტაქტი არა გვაქვს და თათრებს ვეძახით, დიახ, ჩვენ არ გვიყვარს აჭარა როგორც სამშობლო.
და კიდევ ამ ხულოელი მეგობრის მსხვერპლად გაღებულ სიყვარულზე გამახსენდა, ერთხელ ერთმა მოაზროვნემ მკითხა, რომ თუ სიძულვილი მხოლოდ სიძულვილს ბადებს, ხოლო სიყვარული სიყვარულს ამრავლებს, მაშ არ არსებობს წმინდა მოწამეები, მხოლოდ ბედნიერი წმინდანების სჯერა. ტკივილი ხომ მხოლოდ ტკივილს ამრავლებს, რა არის ამაში წმინდა?
და კიდევ თუ ღმერთი მართლა სიყვარულია და ამ სამყაროს სიყვარული ატრიალებს, რატომ ამბობენ ადამიანები რელიგიის გამო ღმერთზე უარს?
IMG_20140716_00088

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s