ძალიან წითელი დღეები

1282659891469_4654585

Smoking can kill a woman’s eggs and cause periods to stop prematurely, – აი, რა უნდა ეწეროს რეალურად სიგარეტის კოლოფებს.

ძველი ქართველების აზრით, ჩვენ ყველანი მენსტრუაციას ვჭამდით და ვაი თუ ორსულ ქალს სისხლი წამოსვლოდა, ბავშვი მუცელში ხომ შიმშილისგან მოკვდებოდა. თავად პროცესი კი იმდენად უწმინდური იყო, მთაში ქალები იმ დღეებისთვის სოფლისგან შორს ცალკე იშენებდნენ სახლუკას, იმ სახლუკას გვერდით მეორე სისხლიანი კოშკი იდგმებოდა, და სოფლის შენებასაც მეტი რა უნდა: საბოლოო ჯამში ცალკე ქალაქი გვქონდა თვიურად, – გამობერილ მუცლებზე მუთაქებს შევიწყობდით და ვჭორაობდით სისხლებზე, ხინკლის ცომებსა თუ სხვა ქალურ, ძალიან ქალურ ამბებზე წითელი ლობიოთი, შავი მუხუდოთი, პიტნითა და თაფლით.

..და მე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ერთი პატარა, მიყრუებული სოფელი ავიშენოთ ბლოგერმა ქალებმა. ქალებმა, რომელთა ცოდვებს ღმერთი სერიოზულად არ უყურებს, სანამ კაცებს არ შევაცდენთ. თვეში ერთხელ მივატოვოთ ჩვენი ექსპრესიული ცხოვრება და თავი ორგანიზმებს დავუთმოთ. იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვესმის მათი არსებობა, ვიცით ყოველი ნაწლავის ფორმა და ზომა, შეუხედავად შეგვიძლია დავითვალოთ ყოველი კაპილარი გულამდე, გვესმის ფილტვების შინაგანი აკუსტიკა, როდესაც ხორხიდან ჰაერი ჩაგვდის და.. და კიდევ გვტკივა საკუთარი მკვდარი შვილები, ორგანიზმი, რომელიც ჩამოიშალა.

სტუდენტობისას ირანელი ქალის ფილმი ვნახე ეპილაციაზე. ქალები თავიანთი ინტიმური საათების განმავლობაში გულახდილად საუბრობენ: ერთ გოგოს მონოპაუზა აქვს, მეორემ აპკი უნდა გაიკეროს და სხვა. რაღაც დრამატული კადრი მახსოვს, – საპირფარეშოში შესული შუა ხნის ქალი, ქაღალდზე ტუჩსაცხს რომ წაუსვამს და ურნაში ჩააგდებს, ისე, გამოსაჩენად. იმის მერე მეშინია დაბერების. მეშინია დაბარების, რომ სხვანაირად ვეღარ ვიგრძნობ ჩემს ამ ელიფსურ ქირონულ მუცელს.

 butterflies-tummy

6 responses to “ძალიან წითელი დღეები

  1. ბოსელს ეძახდნენ ასეთ “მენსტრუაციის სახლებს” მთაში. ჩემი დეიდაშვილების ბებო იყო ფშავიდან და ის იხსენებდა, მის ბავშვობაში რომ იყო ბოსლები და კვირების განმავლობაში ისხდნენ მისი დედა, დეიდები, დები, (ქალიც მარტო აჩენდა ამავე ბოსელში ბავშვს და შორს იდგა ბებიაქალი, რომელიც მითითებებს აძლევდა, როგორ რა გაეკეთებინა, მერე მთელი 40 დღე იყო იქ მარტო. აი, პოსტპარტუმ დეპრესია წარმომიდგენია 😦 ) თვითონ უკვე კომუნისტი იყო და აღარ დამორჩილებია მსგავს წესებს.
    ისე, მხოლოდ ძველქართული არა, რამდენადაც ვიცი, მუსულმანებს ჰქონდათ მსგავსი წესი, შეიძლება კიდევ აქვთ კიდეც.
    (თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ სუპერმარკეტში მხვდება ხოლმე ერთი ულტრამულტიფანატიკოსი მუსულმანი ქალი სამი ბავშვით. ისეთი მულტირელიგიური, რომ მხოლოდ თვალები უჩანს, დანარჩენი სულ მთლად დაფარული აქვს ყველაფერი. აბსოლუტურად. არ ვიცი, თუ გინახავთ ცხოვრებაში ასეთი ქალი, საერთოდ არ ჩანს ადამიანი და ისეთი შემაძრწუნებელია, ისე გამოდის, თითქოს ადამიანები და კაცები ამ შემთხვევაში, ცხოველები ყოფილან და ამიტომ უნდა დაიმალო, დაიფარო… ან სალაროსთან რომ მივა პროდუქტის ფულის გადასახდელად, როგორ უნდა მიესალმოს და გაუღიმოს იქ მდგარ ადამიანს? ჩემი დიდი საფიქრალია ამ მომენტის. ჯერ არასოდეს შემხვედრია სალაროსთან…)

    სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი თავშესაფარი გახდა შენი ბლოგი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია სულ ორსულობა-ლაქტაციის პერიოდები მაქვს და სხვა “პერიოდი” აღარც მახსოვს, როგორია :დ

    მარჯანე სატრაპის რომელიღაც წიგნის სცენარს ჰგავს (“ქათამი ქლიავით” ხომ არა?), რაც აღწერე და სავარაუდოდ ეგ ფილმი უნდა იყოს, თუ არის, ზუსტად ირანელია სატრაპი. “პერსეპოლისის” ავტორია, გეცოდინება.

  2. ამ “ბოსელთან” პარალელს იმ ღვთაებრივ “ბოსელთან” ვავლებ ხოლმე. ბებიაქალი ცალკე ფენომენია, თან იმდენად შეძლებული, რომ ბევრს არ ჰქონდა ამდენი ძროხის გადახდის შესაძლებლობა და მშობიარეს მარტო ტოვებდნენ. სამაგიეროდ, ამ დროს მასთან ე.წ. მერცხლიანი (თვიურიანი) ქალები იყვნენ, ამხნევებდნენ და ერთგვარ ცალკე სოფელს ქმნიდნენ, – მუზაც აქედან დამებადა 🙂
    მეორე მხრიდან, მართალი ხარ, სქესთა იზოლაციას ემსახურება და ქალის უწმინდურად აღქმას უწყობს ხელს. ამჯერად არ ვიცი, მაგრამ კანის სრული დახურვა, ძველარაბული უდაბნოს კლიმატის გავლენა მგონია, ადამიანები იფარებოდნენ იქ არსებული ბინძური ქარების გამო, შემდგომში კი უმეცარ ტრადიციად შემორჩა, რომლის წარმომავლობაც კი არ იციან. იგივე მითხრა თავად მუსლიმმა მეგობარმა.
    ახლა შევამოწმე და ლივანურ-ფრანგული ფილმი “კარამელი” ყოფილა. ყოველთვის სიამოვნებით დაველოდები შენს კომენტარებს.

  3. ძალიან საინტერესო ფენომენია. ვინმემ უნდა გამოიკვლიოს მსგავსი რაღაცები, წიგნები დაწეროს, რომ დარჩეს ისტორიას ქართული ტრადიციები, რომლებიც ორიგინალური და საინტერესოა.
    (რა ადვილია 21-ე საუკუნის ევროპიდან მშვიდად განსჯა, არა? :დ )

    მეც ნამდვილად კლიმატი მგონია კანის დახურვა.

    “კარამელი” გამახსენდა, ლამაზი ფილმია.
    სატრაპის წიგნებშიც არის ბევრგან საუბარი ეპილაციასა და აპკებზე, აღმოსავლეთის ქალების მარადიული სატკივარი.

  4. არ გამომაპარო, თუ შენსას მიამატებ. მეც ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რაც რელიგიებს, მშობიარობას და სხვა ბუნებრივ მოვლენებს ეხება 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s