ეს ჩემი სახლი არ არის

5676487568

ჩემი სააბაზანოს სარკმელი ისეა მოთავსებული, რომ მზის ეგზალტაციის პირველ მეორედში საშხაპე ონკანს თუ მოვუშვებ, ოთახში ცისარტყელა დგება. ამბობენ, თუ ცისარტყელას ქვეშ გაივლიან, გაბედნიერდებიან. მე კიდევ ვბანაობ, ვქაფდები და ცისარტყელას ფერებში ვბრჭყვინავ. ნეტა, სხვები თუ იქმნიან ცისარტყელებს სააბაზანოებში, მაგალითად, დედები წყლისმოშიშე შვილებს საბანაოდ ფერადოვნებით თუ იტყუებენ ან ფრიგიდული ქალები ცისარტყელას ქვეშ თუ ანძრევენ ოდესმე ბედნიერი ორგაზმის ლოდინში გოდოსავით.

ძველად ეზოდან ბაბუაწვერებს გავაფრენდი ხოლმე ბებიასთან მოსაკითხად და ქოშინით შემოვრბოდი სახლში ბებოსთან ტელეფონით გადასარეკად: “ბე, ბაბუაწვერა გამოვგზავნე და დახვდიი”. ის დრო იყო, როცა ზღაპრებს ჯერ კიდევ მშობლები მიყვებოდნენ და სატელეფონო ქსელები ერთმანეთზე იმდენად გადახლართულიყო, საჭირო ადგილას დასარეკად მთელი თბილისი უნდა შემოგეკითხა. და როცა სატელეფონო მილებივით ვიხუჭუჭებდი თითებზე თმას, ვფიქრობდი იმ ზღაპრულ სამყაროზე, სადაც დიდი ადამიანები ბინადრობენ და მე კი ბაბუაწვერა ვარ: ორი თითით ამიყვანდნენ ხელში კისერით, ვინაიდან მცენარეები თავდაღმა ვიზრდებით, რეპროდუქციული ორგანოებით მაღლა, სულს შემიბერავდნენ და ბებიების მოსაკითხად ათეულ ნაწილებად გამაცამტვერებდნენ. თითოეული ჩემი წვერი იწყებდა დამოუკიდებელ თავგადასავალს ბებიამდე მისასვლელ გზამდე.

ეს ის დრო იყო, როცა აფხაზები ჯერ კიდევ საქართველოს პასპორტებით მოგზაურობდნენ ევროპაში, რუსეთში ელცინის მდგომარეობა უარესდებოდა, ხოლო საქართველოში ტრამვაის მძღოლებს ჯერ კიდევ ამაოდ სჯეროდათ შევარდნაძე მუშაობის სანაცვლოდ რომ მათ ბინებს დაურიგებდა. ეს ის დრო იყო, როცა ვიცოდი, თუ ცუდად მოვიქცეოდი, სიკვდილის მერე ჯოჯოხეთის ცხელი წყლები მელოდა, მეთქი წინდახედული გოგო ვარ, ახლავე თუ შევეჩვევი სიცხეს, მერე აღარ გამიჭირდება, ამიტომ ადუღებულ წყალში ვბანაობდი. მხოლოდ ცივი წყალი რომ მოდიოდა და საღამოობით ვედროებით პლიტაზე ვაცხელებდით. მეზობელი გვსტუმრობდა ხოლმე ტელევიზორის საყურებლად და ერთხელაც დედას ჩემზე კითხა. “იცის?” არაო. მივხვდი, რომ რაღაც საიდუმლო არსებობდა და გავიფიცე. მახსოვს როგორ მომიჯდა პატარა სკამით სააბაზანოში ჯერ კიდევ თმაშეუღებავი დედა. ალბათ ყველა გოგოს ახსოვს სად და რა ვითარებაში გაიგო თვიურ სისხლდენასა და ფეხმძიმობაზე. ალბათ უნდა უარმეყო თავად დედა რომ დედობაზე გამეგო. გარდატეხა გამიჭირდა: თმა გამიუფერულდა, კბილები გამიტყდა, სათამაშოების ნაცვლად სახლში გულის ფეთქვის მზომი აპარატი დაიდგა, – ეტყობა რთულად ვიღებ სიახლეს.

465465

ეს შენობა არ არის ჩემი სახლი, სიმყუდროვისთვის წითელი აგურებით ნაშენები, მშობლიურობისთვის ფეხქვეშ დაგებული ხეებით, სიმშვიდისთვის ქოთნებში გადარგული ყვავილებით. პირიქით, როცა ეს შენობა შემოდის ჩემში, თავს სახლში გრძნობს. “ეს ჩემი ხეა”, – მეუბნება მერამდენე მეგობარი უდაბურში ამოსულ ერთადერთ ხეზე ჩემი ერთი ბაბუაწვერული მოგზაურობისას. მე კიდევ თვალი ტყის რიგითი ხეებისკენ გამირბის, ტყის წყობაში არაფრით გამორჩეულისკენ და ვჩურჩულებ: “რომელიღაც ვარ, უინდივიდო”. ესაა ერთი კაფეში ყოფნის ისტორია.

ამ აგვისტოში ლინვილის მაგიდის ირგვლივ ერთმა მეგობარმა დანარჩენ ოთხს  გვითხრა, რომ უხმო პრობლემებზე ფილმის გადაღება უნდა, ბარის ხმაურში პარალელურად მიმდინარე ფიქრებზე. რამდენიმე დღეში დაუგეგმავად მისი ბებია-ბაბუის სანახავად წავედი ნახევარ საათში ჩალაგბული ჩანთით. უძღები შვილიშვილი წლების უნახავ დედულეთში ჩავიყვანეთ. ისე ეშინოდა რომ ვერ მიიღებდნენ, რომ მიღება ვერ შეამჩნია და დატანჯული წამოვიდა უკან. ალბათ თვითონ არ მიუღია ისინი, რადგან ახალგაზრდები ისე გავურბივართ ყოფილებს, როგორც ძველი ლექსების, წლების წინ გამოქვეყნებული ფეისბუქის სტატუსების, ან უარესი და ჰაი ფაი თუ მაისფეისის პროფილების თვალიერებას. სირცხვილი როგორც განვითარების შეგრძნება, რომ ისინი ვიყავით, მათში ვიყავით და შეგვიძლია მეტად გავიზარდოთ, გენი ხომ გენიოსებზე ისვენებს, წყდება. და მხოლოდ წმინდანები არ უნდა აჩენდნენ ბავშვებს. და მხოლოდ ცოდვილები უნდა აჩენდნენ ბავშვებს.

აი, იმ მაგიდიდან მეორე მეგობარი გოგო რვა წლის ასაკში წერილის ან ზარის გარეშე მიატოვა დედამ. ამ აქტით იგი ლოდინის ბავშვად აქცია, სათამაშოებს მოწყინებული, გაკვეთილებიდან გამოქცეული და ქალაქის ყველაზე მაღალ ხეზე მჯდარი ყოველ დღე. ობლები მარადმწვანე ბავშვებად რჩებიან. არ ვიცი რამდენად შევცდი, მაგრამ ამ შემოდგომით გადავწყვიტე ესეც ბებოსთან დედულეთში წამეყვანა ნათესავების მოსანახულებლად, თუნდაც უპასუხო კითხვების დასასმელად. რა ლამაზი სიტყვაა ნათესავი, თითქოს ნათესლი, დათესილი. მეშინია რომ შევცდი, მაგრამ ნათესავებში მეგობრის უჩუმრად უძღები დედის ცხოვრებაზე გამოვიკითხე. ცოცხალი ყოფილაო. გააზრებაც ვერ მოვასწარით ოცი წლის მერე ისე ვსხედვართ მე და ეს გოგო დედამისთან ერთად რუსთავის ასკილში და ვიცნობთ, ვიპრანჭებით, გვეშინია. მეშინია პასუხისმგებლობის რომელიც ავიღე, ძველ ოჯახში დაბრუნებული მეგობარი და ახალი ოჯახიდან ძველში გამოპარული დედა. საუბრები ვეგეტარიანიზმზე, მიტოვების ახსნაზე, ტურიზმზე, მომავლის გეგმებზე, მარიხუანას ლეგალიზაციაზე. მეშინია, რომ მეგობრების პრობლემებით ჩემს პრობლემებს გავექცე.

იმ მაგიდასთან მესამე გოგოც იჯდა, როგორც მისი ახლანდელი შეყვარებული იტყოდა სითბოთი, ეს გოგო ცარიელი გრძნობა ფიქრის გარეშე. გარდაცვლილი დედით, სიყვარულის ძიების პროცესში, დედად ქცევის ზეცნობიერი სურვილით. ცოტა ხანში დონაციას მიმართავს. გინეკოლოგები თუ ორსულობის ტესტები. სამეგობრო მის რეპროდუქციულ სურვილებში ვეშვებით, ვეჩხუბებით ან ვაქეზებთ, ის კიდევ დგას და იპრანჭება, ყოველდღიურად იცვლება ვარცხნილობების გამო.

იმ მაგიდასთან ერთი ბიჭიც იჯდა, ვინც რამდენიმე დღეში ჩვენ რომ პირველი გოგოს დედულეთში ვიქნებით, გარდაიცვლება, ქობულეთში წავა და ზღვაში დაიხრჩობა. უფრო სწორად, საკოლექციო ფირფტებში გააგრძელებს ცხოვრებას. სიკვდილი ეს წარმოდგენილი გეგმების ჩაშლაა. მთელი ცხოვრება მშობლიურ სახლს გაურბოდა და ირონიით, სასაფლაო მშობლიური სახლის გვერდითაა, ეზოში ლამის. ჩემი ბიძაშვილივით, რომელიც წინა აგვისტოში მოკვდა, მოტოციკლეტს დადევნებული პატრულის გამო, ვინც დედამ სამშობიაროში ისტერიით მიატოვა, მამამ კიდევ მოგვიანებით სხვა ქვეყანაში ცხოვრება არჩია, ახლა მშობლიურ სახლთან ასვენია. სხვადასხვა ქვეყანაში, ერთდროულად ორივე მოტოციკლეტზე გარდაიცვლებიან ძმები ერთმანეთის დაუტირებლად. აგვისტო ჩემთვის სიკვდილის თვეა.

მე სადღეგრძელოს დალევა ვიცი ჩუმად, ჭიქისთვის სურვილის ჩაჩურჩულება და უხმო დალევა მეგობრებთან ერთად. ზედმეტად გადაპრანჭული სიტყვებით ვფიქრობ თითქოს ძველი ვიყო: რომ ეს ჩემი სახლი არ არის, დედაჩემო, სავსე ძუძუები დახურული ჭერივით, როცა მანიქაშის სუნი ამდის და ხელებში უნდა ვცხოვრობდე. პირიქით, ეს ძუძუები შემოდის ჩემში და თავს სახლში გრძნობს. რომ ეს არ არის ჩემი სახლი თქვენს სხეულებში, წინაპრებო, ჩემს დასატევად რომ გამრავლდნენ როგორც სოკოები ხეებისთვის კიბოს გასაჩენად. მე მხოლოდ თქვენთან გიღალატებთ. ეს არ არის ჩემი სახლი, მეგობრებო, ველურ ბუნებაში წაყვანილებო, ძუძუმტესავით ღვინოს შეცილებულებო, მე მხოლოდ სითბოს გიზიარებთ თხილის გულივით. იმის თქმა მომენატრა, რომ მიყვარხართ, იმის თქმა მომენატრა, რომ სახლში ვარ. ამასობაში გარეთ მოთოვლილია მე კიდევ ცისარტყელას ქვეშ ვბანაობ.

 87687960

9 responses to “ეს ჩემი სახლი არ არის

  1. შენი ნათესავი ყოფილა?! 😦 მეც მოტოთი დავდივარ და ეს ამბავი განსაკუთრებულად განვიცადე. ძალიან სამწუხაროა 😦

    ეს ფრაზა მომეწონა ძალიან – “მხოლოდ წმინდანები არ უნდა აჩენდნენ ბავშვებს. და მხოლოდ ცოდვილები უნდა აჩენდნენ ბავშვებს”… საგულისხმო ფრაზაა, დამაფიქრებელი. მართალია, თეოლოგიური თვალსაზრისით, წმინდანი ვერასოდეს გააჩენს შვილს, რადგან ის ასეთად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხდება (ცოცხალი ადამიანი შეუძლებელია წმინდანი იყოს ამ ტერმინის თეოლოგიური დატვირთვით, რადგან “არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს”). თუმცა, მე კარგად ვხვდები რა მნიშვნელობითაც დაიწერა ეს ფრაზა და ძალიან საინტერესო იქნებოდა წმინდანთა შთამომავლობის ხილვა. :)) (დენ ბრაუნისა არ იყოს)

  2. კი, ჩვენ ვიყავით ჭირის უფლები.
    ისეთ ნაწერებზე მიკომენტარებ, რომ მგონია არავინ წაიკითხავს.
    შემოიარე ხოლმე.
    ფრთხილად იარე.

  3. “აგვისტო ჩემთვის სიკვდილის თვეა.” საინტერესოა ადამიანების განსხვავებული აღქმა და ამ აღქმისა და დამოკიდებულების მნიშვნელობა იმაში ეს თვეები,დღეები და ა.შ. რამდენად ექცევიან ამ დამოკიდებულებების ზეგავლენის ქვეშ. მაგ. მისთვის ვისთვისაც აგვისტო სიკვდილის თვეა, ბავში თუ გაუჩნდება აგვისტოში და გახდება თუ არა აგვისტო დაბადების თვე.

  4. აღმოჩნდა რომ ჩემი აგვისტოსადმი დამოკიდებულება ზოგადი რომ მეგონა, ძალიანაც ინდივიდუალური ყოფილა. რატომღაც მართლა ვთვლიდი რომ ეს თვე არ შეიძლებოდა ვინმეს არ ყვარებოდა. ბოლოს დავჯექი და დავიწყე ამ საკითხის “მოკვლევა”, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი შეხედულების შესაბამისად ყველაზე დეპრესიულ თვედაც კი მიიჩნევა. საინტერესოა ასეთი სხვაობა აღქმასა და დამოკიდებულებებში და საინტერესოა ასევე მოვლენები გვიყალიბებენ დამოკიდებულებებს თუ დამოკიდებულებები აძლევენ ბიძგს მოვლენებს. აგვისტო სხვათაშორის დასასრულების თვეა, ჩემთვისაც კი, მაგრამ უფრო ბოლოსკენ, კარგი რაღაცები სრულდება აგვისტოს ბოლოს, აგვისტოში კი მიმდინარეობს. პოსტის თემადაც გამოდგება 🙂

  5. ეს შენობა არ არის ჩემი სახლი, სიმყუდროვისთვის წითელი აგურებით ნაშენები, მშობლიურობისთვის ფეხქვეშ დაგებული ხეებით, სიმშვიდისთვის ქოთნებში გადარგული ყვავილებით.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s