ეს მოხდა პეტერბურგში, როცა ცივილიზებული ქალაქის ფანჯრიდან პროვინციული ხედი მოჩანდა, პეტერბურგი იუბილესთვის ემზადებოდა. ვიკტორ კოსაკოვსკიმ ერთი წელი გაატარა ქალაქში, სადაც გზებს აგებდნენ. სახლის პირობებში ფანჯარასთან დააყენა კამერა და მთელი წელი ჩართული ედო. იმიტომ, რომ არქეოლოგები იმ უძველესი ცივილიზაციის “ზაცეპკას” ეძებენ, რომელსაც ამ ქალაქში არასდროს უარსებია. ძიება ავარიულ სისტემებს არღვევს და ძველი კულტურის მაძიებელი ქალაქი დიდ სოფლად იქცევა, სადაც საკანალიზაციო მილებიც კი დარღვეულია. ჩემნაირი ანტიპატრიოტი ვერარსებული გრაალის ძიებამ იმდენად ჩამითრია, საათნახევარი უსიუჟეტო ფილმს ვუყურებდი თხრაზე. ისე, შემთხვევით, გაბურღულ ხმებში მოწანწალე ძაღლების ყეფის ფონზე მოცეკვავე შეყვარებულები წვიმაში თუ ერთმანეთს დამყნობილი (სიტყვა არ შემშლია) მთვრალი ამხანაგები ათხრილ თუ დალაგებულ გზებზე ჩაივლიდნენ. ფილმი მაცხოვრებელი მოხუცის სასოწარკვეთილი ყვირილით სრულდება: ჩუმად იყავით! ჩჩჩუ!!
რომ მოხდეს თბილისში, ჩემს ფანჯარაზე კამერა რომ დავდო და ფილმი გადავიღო, უმუშევარ კაცებზე იქნება, დილას ნაბახუსევიდან რომ გამოდიან და საღამოს თვრებიან მემწვანილე ცოლისგან მიღებული ფულით, შვილს პურის ყუის ნაცვლად სატყუარა რომ მიაჩეჩა. იქვე პატარა ბავშვი ირბენს, ცოტა ხნის წინ რომ თმა გადაპარსეს, ტილების გამო – არა, სიმსივნე აქვს. მერე მამამისი თავს ჩამოიხრჩობს და პანაშვიდია. მერე მეზობლები იტყვიან, თვითონაც ავადმყოფი იქნებოდა ტვინით, თორემ ასეთ ცოდვას ჯანმრთელი ფსიქიკით როგორ ჩაიდენდაო. გალაკტიონიო? ეგ სხვაა, ეგ გენიოსი იყოო. რამდენჯერმე პოლიცია მოვა, გადმოსვლის პირველი დღე მახსოვს, სახლში ყუთები რომ ამოგვქონდა, ტელევიზორი ჩავრთეთ, ჩვენს უბანზე გადიოდა, ვიღაცა გაიტაცეს, დაჭრეს, გამოძალეს, მოკლეს, გაქურდეს. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე მოვა პოლიცია და მე ძილი გამიფუჭდება მთვრალი ხალხის სიმღერისა და დაცვის სირენების ხმებში. იმის მერე ბავშვები რამდენჯერმე გადმოეკიდებიან სარეცხის თოკებზე, თავიდან რომ მეშინოდა და მერე რუტინად იქცა. მერე ის სიმსივნიანი ბავშვი მოკვდება, მამალი ღამის 12 საათზე აღარ იკივლებს, ეტყობა დაკლეს. აქა-იქ მშენებარე ეკლესიის ზარები, მემწვანილე ცოლი იყვირებს, რომ ნისიად არ იძლევა, ჩამოტარებული მაწონი და ნაყინი მუსიკალური მანქანით. თავი რომ მოვიკლა, ან ავადმყოფი უნდა ვიყო, ან – გენიოსი. ფანჯრიდან გახედვისას გაიღიმეთ, იქნებ საიდანმე ჩიტი გამოფრინდეს. ჩხრკ.
მაგრამ ის უფრო საინტერესოა, იმ შემთხვევაში რას ვნახავთ, კამერა მეზობლის ფანჯარაში რომ მოთავსდეს და მე ვჩანდე: როგორ ამოვდივარ ღამის ორ საათზე სამსახურიდან იმდენად დაღლილი, რომ მგონია, ტანგაუხდელად იქვე მივწვები, როგორ გავდივარ მეორე დილით ათ საათზე სახლიდან ყოველ კვირა ახალი თმის ფერით და ვბრუნდები ყოველ საღამოს ახალი მანქანით, იმაზე გვიან, ვიდრე სამსახურიდან ვბრუნდები ხოლმე, როგორ მძულს სახლი. დარდისგან ძალაგაცლილი დედა როგორ მხდის ჯინსის ქურთუკს და მეორე დილისთვის აივანზე ფენს. როგორ ვფიქრობ, რომ მიყვარს სახლი. დამინახავს შიშველს ფარდების იქით და იფიქრებს, რომ აგვისტოს მერე წონაში მოვიმატე. მხედავს, როგორ ვხატავ ტუშით ტილოზე, ნერვიულობისგან ვისისხლიანებ ტუჩებს, მერე მომდის აზრი, დახატულ ქალს ტუჩები სისხლით გავუფერადო. შუაღამისას მაკითხავენ ნაცნობები სახლთან, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, ანეგდოტის მოყოლა დაგვავიწყდაო. მე სულ მეცინება, ტირილის დროსაც კი. აუცილებლად კომპიუტერის მაგიდასთან ვსაუზმობ და ახლაც დამინახავდა რომ ვწერ, წარბშეყრილი მიმიკებს ვიცვლი. სულ მინდოდა ვინმეს ჩემი ცხოვრება გადაეღო, სხვის ცხოვრებას როგორ ვიღებდი.
და ბოლოს, “ჩუმად” მართლა საინტერესო ფილმია ყოფაზე, როცა გათხრების გვერდით შეგიძლია შენიშნო ყმაწვილი გოგოს რომ უცდის და მაწანწალა ძაღლი რომ მიუვარდება კბენით ან როგორ თამაშობენ ბავშვები დარჩენილი სამშენებლო ნივთებისგან. ჩემი ძმა გამახსენდა, ხელში პირველი კამერა რომ ჩაუვარდა და მეზობლის გოგოს ფოტოებს უღებდა, მერე მთელი ეს ცხოვრება ერთ ფაილად შეუკრა და ფეისბუქში მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, თუმცა იმ გოგომ არ დაამატა და ფაილიც გაგზავნის გარეშე დარჩა. და უფრო ბოლოს, ვიკტორ კოსაკოვსკიმ კიდევ ბევრი რეპორტაჟი გადაიღო, მაგალითად, ანტიპოდებზე: წრიული დედამიწის პარალელურ ადგილებზე, მაგალითად, არგენტინა და ჩინეთი ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეებში იმყოფებიან, იღებს და ადარებს. ფანჯრიდან ვიხედები, ვერ არსებულ მეზობელს ხელს ვუქნევ. ნეტავ, ჩემი ანტიპოდი რას აკეთებს?
შენს ბლოგს კითხულობს, ალბათ.
გოგო შემეცოდა. არც იცის, რა გამოტოვა.
ანა ბლუმ, იმ დღეს დავათვალიერე შენი ბლოგი და იმდენი საინტერესო თემა გაქვს, ჩემთვის საინტერესო… არ ვიცი აქამდე რატომ არსად გადაგაწყდი.
ახლა ხომ ვიცი, ჰოდა ნელ-ნელა უნდა წაგიკითხო.
ეს ფილმი ჩავინიშნე, იქნებ ვნახო მერე მეც.
დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი და უკვე მიყვარს ❤