ქალაქთრემონტი


გავიბზარე. გამებზარა ხელები ვენებიდან მაჯებამდე, მაჯებიდან მტევნებამდე, მტევნებიდან ფრჩხილებზე, ხაზი ტუჩების ზემოთ და მოვიკუნტე შენს მუცელზე. ვწიწკნი ზურგზე ამოსულ ბეწვებს, ვხუმრობდით სახელმწიფოთა გლობალიზაციაზე და ვხვდებით რა პატარაა სამყარო.
პატარა რომ ვიყავი, გადავიღეთ სურათი ზოოპარკში, იმის მერე მაყვედრი, ზოოპარკში დამყავდიო. ფაქტები ბუნდოვნად მახსოვს, შეგრძნებები უფრო. ჯობს ალბათ.
მერე გავიზარდე, კონიაკისგან უღონოს მაფარებდი ხელებს სხეულზე და საბანს. შენ და დედა მომიწვებოდით ლოგინში და მისმენდით, როგორ ვტიროდი მორიგ საყვარელზე, რომელსაც ჩემი სიმთვრალე არ მოეწონა და მიმატოვა. გოგონები მამებისნაირ საყვარლებს ირჩევენო თანამგზავრად, მე კი არ მინდა შენ გგავდნენ, რადგან არ მინდა, რომ ვგავდე დედას.
გავიბზარე. მე თქვენი ორგანიზმიდან გამოღწეული უცხო სხეული ვარ, თქვენი ჰიბრიდი. მახსოვს, როგორ დაინგრა საბჭოთა კავშირი, მახსოვს კუპონებით ნაყიდი ფუნთუშა, ვაუჩერებით აღებული ბრინჯი და მურაბას მიმჯდარი ჩვენ. მახსოვს რამდენიმე ომი, შენ მახსოვხარ იქიდან ჩამოსული ჭაღარით, მახსოვს რამდენიმე არჩევნები, შენს სამსახურში დახატული ყვავილები მახსოვს ქაღალდზე, წლები რომ ინახავდი მაგიდის მინის ქვეშ.
მერე გავიზარდე. დავივიწყე რამდენიმე ომი, მე არ ვჭამ ბრინჯს. გავიზარდე, ვიპოვნე საყვარელი, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს. ერთად ვიხსენებთ რამდენიმე შემდგარ-არშემდგარ ომს და ვსვამთ. ჩვენ ნანგრევები გვაერთიანებს საკუთარი ქალაქის და გვამები ბინებშორისი. დაკარგული აზრები გვაერთიანებს და ჩვენ შორის მშენებარე ახალი აზრები.
მერე დამინახა როგორ დავთვერი და მიმატოვა.
ვიბზარები. მებზარება ასფალტი ფეხებშორის და ვარდებიან მანქანები უფსკრულში. ამებზარა დაბლა დაწეული წარბი ვერტიკალურად და გამებზარე შენ. მე ზურგიდან ამოგაცალე ბეწვები და მუცელზე ისე მოგადე თავი, თითქოს ვხვრეტდი.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s