სამშობლო,როგორც ანტიდეპრესანტი

”პესიმიზმისთვის ძალიან გვიანია”.
ძველად ერთმანეთისგან გასაყოფად აშენებდნენ არქიტექტურას. ამჯერად, არქიტექტურას ხშირად დასაახლოებელი ფუნქცია აქვს, ეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავები გამოიგონეს. პოტენციაა ღრუბლებიდან დახედო ქვეყანას და თქვა: ”დედამიწა ჩემი სამშობლოა”.

გაგიმხელთ, რომ თუ ცუდ განწყობაზე ვარ, ორი რამ მშველის: საკუთარი შიგნითა სხეული განვიცადო. მაგალითად, გულის ცემას ვუსმინო, წყლის ყელში გავლას დავაკვირდე, უცხო სხეული ჩავუშვა ჩემში და სხვა წვრილმანებს. ეტყობა ამით, საკუთარ მოძრაობას, ცხოვრების დინამიკას უკეთ აღვიქვამ. ამ თვისებას მას შემდეგ დავეჩვიე, რაც მულტსერიალის ყურება დავიწყე, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს რომ აღწერს: სისხლ(ებ)ი გადაადგილებას ცდილობენ, ნერვებთან, ვიტამინებთან თუ წყლებთან ერთად, ცრემლების გუბეებში პარაზიტები იღებენ შხაპ(ებ)ს, ტვინის უჯრედები მორიგეობით იძინებენ, თან ფილმს სახალისო მუსიკა ადევს. ნუ დამცინებთ, ძალიან სახალისოა.

მეორე ის, რომ ჩავჯდე სწრაფმავალ მანქანაში (რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებული სიჩქარით და ადგილას), ეტყობა ასე საკუთარ თავს სივრცის და დროის მჭრელად აღვიქვამ და პრობლემებს უკან ვიტოვებ. ვინც ჩემი ახირების შესახებ იცის, მანქანით მაკითხავს ხოლმე და უმიზნოდ ვსეირნობთ, მე სახეს და ხელებს ფანჯრიდან გავყოფ, ზოგ შემთხვევაში კი სხეულსაც, თუ ფანჯარა ზემოთაა გაჭრილი. თუ მგზავრობის საშუალება არ არის, მოძრაობის ილუზიას ფილმებით ვახერხებ. ასეთი ფილმი აუცილებლად დიდ სივრცეზეა, მაგალითად, კოსმიურ გალაქტიკებსა თუ წყლის ქვეშა სამყაროზე. ეტყობა პრობლემებს ასე უფრო მცირე ზომით აღვიქვამ.

ენივეი, ბოლო ფილმს, რომელიც მსგავსი თემატიკით, ვნახე, ერქვა ”home”. მისი პრემიერა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართა. გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით გადაიღეს მეთქი, თუ ვიტყვით, მის შინაარსსაც უცებ მიხვდებით. ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს, – ლუკ ბესონი და იან არტიუს-ბერტრანი, ცნობილი ველური ბუნების ფოტოგრაფი რომ იყო. საბოლოო ჯამში, საკმაოდ ფოტოგრაფული რომ გამოიყვანა, დასაპაუზებელი კადრებით. ვერთმფრენებით იღებდნენ, მაღლიდან. სამი დეთი უნდა უყუროთ.

ჰოდა, მე ვნახე ვულკანის ბოლი როგორ ერთიანდებოდა ღრუბლებთან, იმდენად, რომ არ ვიცოდი რომელი უფრო მაღალი იყო. შავ მიწაზე მარილის გროვები ვნახე, იმდენად მკვეთრი რომ იყო, რომ თვალს მჭრიდა. წითელი და მეწამული კლდეები ვნახე, ჩანჩქერები ვნახე ისე, რომ მეგონა ღრუბლები ცვიოდნენ ქაფში. ღრუბლები ვნახე და მეგონა ტალღები იყვნენ. გაზგარეული ოკეანე ვნახე, ცისარტყელასავით რომ ჭრიდა ფერებს. ოკიანეები ვნახე, ისე, რომ ვერ გაიგებდით მასში ცა იყო არეკლილი ღრუბლებიანად თუ ცაზე აირეკლა წყლები. იქვე თივის ზვინივით თევზების გროვა იყო, ნიადაგი მაღლიდან ღილებივით ჩანდა. ასეთ ადგილებში უმირაჟოდაც მირაჟით ცხოვრობ. მინვრები ვნახე, ღრუბლების ჩრდილი ზემოდან რომ გადაუვლიდა, თითქოს ეკრანზე ხარვეზს ქმნიდა. ღრუბლები ხეთა ქვეშ გაფენილნი ვნახე, ხეთა წვეროები კი ამაყად ჩანდნენ მათ ზემოთ.

ცეცხლიდან ამოსული წითელი ღრუბელი ვნახე. ღრუბლები ვნახე, ოკეანიდან ხეთა პირისპირ, ერთმანეთის გასწვრივ როგორ ამოიზარდნენ და ტოლებად იქცნენ. მე კი ვგულშემატკივრობდი, ხეებისთვის გაესწრო, არეულიყო ცაში და კამერაც დაბლიდან ზემოთ აწევის ხერხით აყოლოდა. ხეები ვნახე ტყეში, ისე, რომ მიფრინავ, მიფრინავ და ვერ ცდები. ხეებზე მოდებული ცეცხლი ვნახე, ბუნებრივი აირი რომ უშვებ. ფრინველები, რომლებიც მის ირგვლივ კრუგავენ. მერე ცათამბრჯენები ავიარე, უზარმაზარი შენობებიდან გადმოვიხედე და დაბლა დავეშვი. ადამიანები ღრუბლების ქვემოთ ჩანდნენ. ასე რომ ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ ფერმებში, დელფინები როგორ ხტუნაოდბნენ ღრუბლის ქვეშეთში.

უსასრულოდ მწვანე მინდვრები ვნახე, გაფერადებული სამოსებით, შეჯგუფებული ნავები, მანქანები, თვითმფრინავები ვნახე. ვნახე ვერთმფრენები როგორ რწყავდნენ მინდვრებს, მანქანები როგორ იღებდნენ მოსავალს. უდაბნოზე გამოჩენილი ჩრდილები ვნახე, არც უდაბნოს და არც ჩრდილებს არ ჰქონდათ ბოლო. აქლემების ქარავანი ვნახე, საღებავებით ფერადი მიწები და წყლები. უდაბნოში ზედმეტად ყვითელი მზისგან მიწა ყვითლად როგორ ირეკლება, ვნახე. უსასრულო სივრცეში განლაგებული ტალახები ვნახე, მზე რომ არტყამს და ოქროსავით ბრწყინავს.

ვნახე უსასრულო ყინულებში მოსეირნე ყინულმჭრელი გემი. გეგონება, ყინული ასაწყობი მოზაიკაა და სად რომელი უნდა ჩამესვა. რძისფერი ზღვები ვნახე, ღამესავით ლურჯი ზღვები ვნახე, შუაღამისას ყინულისგან განათებული მიწა, როდესაც რამდენიმე მეტრში უკვე წყვდიადია. მერე ღრუბლებივით ფუმფულა თოვლში ჩავწექი და ჩავეფელი, როგორც შავკანიანი ქალები ვარდის ფურცლებივით რომ არჩევდნენ ბამბას წითელი ხელებით, მერე გუნდაობდნენ ბამბაში.

ასეულობით გედი ვნახე ტბების წინ, წყლიან ნაპრალებში ჩაწოლილი ცხოველები, ხეებზე მაღალი ჟირაფები და გადამფრენ ფრინველებთან ერთად თავადაც ვიფრინე. სარკეები, რომლებიც მზის ენერგიას იჭერენ და პირდაპირ თვალებში მანათებდნენ, დანიის წისქვილები ვნახე, დენის ენერგიას რომ ამუშავებენ. იდგნენ და ტრიალებდნენ, მე კი მუსიკის რიტმასავით ვაყოლებდი ფეხებს. კლდეში ამოკვეთილი შენობები ვნახე. ვუყურებ და ვამბობ: იმდენი რამის განცდას ვერ ვასწრებ, იმდენი ადგილის მონახულებას, წიგნის წაკითხვას, ფილმის ყურებას, შეცდომების დაშვებას, ადამიანების გაცნობას, მერე ისევ შეცდომების დაშვებას. ვფიქრობ, მოწყენისთვის რომ ძალიან ადრეა. თვითმკვლელობისთვის ძალიან ადრე.

თუ არ გაქვთ ფილმი ნანახი, გიტოვეთ სასიამოვნო მუსიკას და ამოჭრილ ფოტოკადრებს ფილმიდან.