ქარაფშუტა

 

 1#.  როგორ მენგრევა ცხოვრება?!

გამომიმუშავდა, რომ, როცა პრობლემა მაქვს, ცხოვრებას მაყურებლის სავარძლიდან ვუყურო. იმ ფილმივით, სადაც ეკრანია შავ-თეთრი, დიალოგები ტექსტებით მომეწოდება და რაც მთავარია, ჩქარი კადრებით ინაცვლებს. მე ვუყურებ, როგორ მისხლტება ფეხი  ტექნო მუსიკის ფონზე. ვიღიმი. იმ ძირითად ინსტინქტებს შორის, რომლებიც ადამიანს აქვს, თავდაცვის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის მე არ მაქვს.

წყენას გულში არასდროს ვიდებდი. კამიუს იმ ლიტერატურულ პერსნაჟს ვგავდი, ტრანსპორტში მგზავრებს ადგილს რომ უთმობს და თბილად უღიმის მათაც, ვინც აწყენინა, არა იმიტომ, რომ კეთილშობილია, უბრალოდ არ ახსოვს. მერე გადავწყვიტე ძალით დამემახსოვრა, ხალხს უთავმოყვარეო არ ვეგონე მეთქი და გაბრაზებულ სახეს ვიღებდი. თავიდან მეღიმებოდა, მერე შევეგუე. ბოლოს კი, როგორც ხდება ხოლმე, როლი იმდენად შევითვისე, ჩემი ნამდვილი სახე ვიპოვნე.

 ვიხსენებ, რამდენი დაბადება მქონია. მეები მუდამ კვდებიან და იბადებიან. არ ვიცი, ვიღაც წერდა, მთელი ჩვენი ცხოვრება მკურნალობაა დაბადების შოკიდანო. ჰო, დაბადებები სწრაფად ხდება, მაგრამ წინაპირობებიც აქვს. ზოგი მე ისახება, ზოგი კი სპერმასავით კვდება და თხევად სითხედ გამოდის. მე გამოვდივარ სცენაზე და ვყვირი: ”ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ღმერთს!” მათრევენ კულისებში და მეუბნებიან, ქარაფშუტა ვარ.

ვიჯერებ და სათანადოდ ვიცვამ. თან ვიცი, რომ იცვლება პირობები, მაგრამ მე მე ვარ. არ იკარგება არასდროს, მაშინაც კი, როცა გაორებაზე ვსაუბრობ. ალბათ შეუძლებელიც კია, ის დაიკარგოს. მას უბრალოდ უპირისპირდებიან სტატუს-ქვოსთვის საზღვართან. მე ვცდილობ მაყურებლის როლს ფილმისთვის ”როგორ მენგრევა ცხოვრება”. გადავწყვიტე დავნგრიო სხვები.

2#. როგორ გავხდი დონ კიხოტი?!

ადვილი ასახსნელია, გაცილებით რთულია, რატომ? ჩემი ცხოვრება ტრადიციული გზით წავიდა, – ცხოვრება წიგნებში ვისწავლე. როცა დრო მოვიდა, გადავწყვიტე საკუთარი პერსონაჟი შემექმნა და რვეული ავიღე, მზიურის წინ რომ მიწისქვეშა გზაა, იქ რომ ვიყიდე. იმისთვის, რომ რამე დამეწერა, ცხოვრება უნდა მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე ისევ წიგნებზე მეწერა. კრიტიკოსი გამოვედი. ჩემ ირგვლივ ბევრი მზა წიგნი იყო. მათ შორის მოსიარულენი და მოლაპარაკენი. ადამიანები უკვე შექმნილი ხელოვნების პროდუქტები იყვნენ და მეც ვარჩევდი იმისთვის, რომ წაკითხვის ნება მოეცათ, ამისთვის თავი უნდა მომეწონებინა.

აქ კი უკვე ინდივიდუალური სცენარი იქმნებოდა. პერსონაჟთა ათქვეფას, ანუ მათი თვისებები ერთში გაერთიანებას ცოდვად მივიჩნევდი. ჩვევა მქონდა მათი გამოგონებისაც. საკუთარი თავიც გავიხადე მუზად და ისევე არ ვურევდი მეებს ერთმანეთში, როგორც ადამიანებს.

როგორც ავტორი ხშირად მოქმედებებში ვირეოდი. საკენკს ჩავყრიდი ხოლმე და მერე დამოუკიდებლად მიდიოდნენ. მსვლელობას კი საკუთარი ემოციურობით ვცვლიდი: გამოხტომებით. რაზე ვწერდი? ვერ ვიტანდი ღალატს და ეგოიზმს. თუ შევნიშნავდი ვინმეს ამ საქციელით, ვახმოვანებდი. მერე ისევ მე მომხვდა, მეუღლეებსაც ერჩივნათ სიჩუმე და ყველა თავის ვაის აქებდა. ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტის მერე საკუთარი ნაწერები გავანადგურე. ჩავიკეტე.

თავი დამანებეთ, – ვეუბნებოდი ყოველ შემხვედრს: მე არ დავწერ თქვენზე. ხელოვნებაში რომ დაფარული ქვეცნობიერი ყველაზე მეტად ჩანს, არ ვეთანხმები, რადგან ის თვითრეალიზაციის საშუალებაა. მასში ჩანს არა მხოლოდ თავი, არამედ საზოგადოების ინტერესი და სხვა.

მირეკავდნენ რეალური პერსონაჟები, წერა გავაგრძელოთო. ტელეფონს ხმას ვუწევდი ან ვთიშავდი. თავად მაშინ არ ვწყვეტ ხოლმე რეკვას, თუ იმ ადამიანის სურვილს პატივს არ ვცემ.მეუბნებიან, რომ ჩემზე დაწერეს, მე კი სულ მავიწყდება თუ მეზარება რომ ვნახო. ან რაში მაინტერესებს.

3#. როგორი ვარ კონფორმისტი?!

ქუჩაში გიცდიდი.
როცა ზამთარია, საშინელი სანახავი ვარ, უფრო სწორედ, უჩინარი: თვალებამდე ჩამოფხატული ქუდით და აჩაჩული კაშნეთი. რომელი საათიაო, მკითხა. თეთრი გოგონა იყო, დასამახსოვრებელი. ჩემზე ოდნავ დაბალი. ხალისიანი ხმა ჰქონდა და მეც ხალისიანად მივუგე.
”ხუთი ხდება”.
”არ მიყვარს ლოდინი”.
რთული იქნებოდა ჩემგან სიმართლის თქმა: მე მიყვარს ლოდინი. ანუ არაფრის კეთება. მიყვარს, როცა დროს ვკარგავ. თან მარტოობის შეგრძნებაც იშვიათად მაწუხებს. ასე რომ, ვერავინ დამაბრალებს დაგვიანების გამო რომ ვუსაყვედურე. სინამდვილეში, თავიდანაც ხშირად ვიგვიანებ და არც მინდა უსამართლო ვიყო.
თვითონ ვიღაც ბიჭს ელოდებოდა, მე – გოგოს. ის ბიჭი არ მოსწონდა, უბრალოდ ხვდებოდა. ასე მითხრა. როგორც გვალოდინებენ, ჩვენც ისე ვალოდინოთო და კაფეში წავედით. მე ყველას ვუთმობ.

4#.  დეპრესიის სკალა 

თითქოს დეპრესია არ მაქვს. იმდენნაირი ემოცია მაქვს, ჩემნაირ ადამიანებს ეგ არ სჭირთ. მაგრამ წინა კვირას ტესტი მაინც ჩავიტარე. საპირისპირო აჩვენა და თავიდან დავფიქრდი. ეს ტ. ი. ბალაშოვის ტესტია ნარკოლოგიური განყოფილებისთვის. ტესტების არასდროს მჯეროდა, მაგრამ მაინც სცადეთ. მასში მონაწილეობა ასე ხდება: ვუპასუხოთ დებულებებს შემდეგი ქულებით:

*არასდროს, იშვიათად = 1 ქულა

*ზოგჯერ = 2 ქულა

*ხშირად = 3 ქულა

* სულ, ყოველთვის = 4 ქულა

გაითვალისწინეთ, რომ

დდ= E(პირდაპირ)+E(პირუკუ).

სადაც, E(პირდაპირ) არის გახაზული ციფრების ჯამი: N1,3,4,7,8,9,10,13,15,19 პირდაპირ დებულებებზე, ხოლო E(უკუ) არის შემდეგი ციფრების ჯამი:  N2,5,6,11,12,14,16,17,18,20 უკუ დებულებებზე. მაგალითად, თუ N2 დებულებაში გახაზულია 1, მაშინ 4 ქულას ვიწერთ.

1. თავს ვგრძნობ ახლა უგუნებოდ, დათრგუნულად.

2. დილით ყველაზე უკეთ ვარ.

3. მაქვს ხოლმე ტირილის ან აცრემლებიც პერიოდი.

4. ღამით ცუდ სიზმრებს ვხედავ.

5. ცუდი მადა არ მაქვს.

6. მსიამოვნებს კაცთან (ქალთან) ყოფნა, ყურება, საუბარი.

7. ვკარგავ წონას.

8. ჩაკეტილობა მაღელვებს.

9. ვიღლები ყოველგვარ მიზეზგარეშე.

10. გული მიცემს ჩქარა.

11. ვაზროვნებ საღად, როგორც ყოველთვის.

12. მიადვილდება იმის კეთება, რისი გაკეთებაც შემიძლია.

13. მოუსვენრობას ვგრძნობ, ვერ ვჩერდები ადგილზე.

14. მაქვს მომავლის იმედი.

15. ახლა უფრო გაღიზიანებული ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ.

16. იოლად ვღებულობ გადაწყვეტილებას.

17. ვგრძნობ, რომ საჭირო და აუცილებელი ვარ.

18. სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ.

19. სხვა ადამიანები უკეთ იგრძნობდნენ თავს, მე თუ მოვკვდები.

20. მე დღემდე მახარებს ის, რაც ყოველთვის მახარებდა.

მაშასადამე, 50 ქულამდე – თქვენ დეპრესია არ გაქვთ.

50-59 ქულა – სიტუაციური ან ნევროზული გენეზის  მსუბუქი დეპრესია.

60-69 ქულა – სუბდეპრესიული მდგომარეობა ან მდგომარეობა ან ფარული იდეა

70 ქულაზე მეტი – ჭეშმარიტი დეპრესია.

გისურვებთ წარმატებას!