პროვინციულიდან აცდენილი უბრანული მზე

classic-view-of-world

ისევე, როგორც გლობალიზაციისკენ მიმავალ პერიოდში ერებს შორის განსხვავება იკლებს, არა თუ კუთხეების წარმომადგენლები ერთმანეთში ითქვიფებიან, ასევეა ზოდიაქალური თვეებიც. მაგალითად, თუ სექტემბერში ქალწულის ნიშანი მოსავლის აღებასთან იყო ასოცირებული, ოქტომბერში ღვინის დაწურვა სასწორულ დღესასწაულებთან, სამყაროს შექმნის მეშვიდე დღესთან ანუ დასვენებასთან დააკავშირეს, გასაკვირი არაა სტატისტიკა, რომლითაც ზაფხულობით დიდი რაოდენობით მშობიარობა მივიღეთ. ხოლო მას შემდეგ რაც ცხოვრებით პროვინციულიდან ურბანულ სისტემაზე გადმოვინაცვლეთ, დასვენება, ამჯერად ზაფხულთან ასოცირდება, შესაბამისად, გამნაყოფიერებელი თვეების სტატისტიკაც შემოდგომიდან ზაფხულზე შეიცვალა.
ამასთან, გასათვალისწინებელია თანავარსკვლავედთა აცდენა ასტრონომიულსა და ასტროლოგიურ ჭრილში: ასტრონომიამ თუ რეფორმა განიცადა, აჰყვა კოსმოსში მიმდინარე გადანაცვლებებს, კლასიკური ასტროლოგია უცვლელი დარჩა, და როცა ვამბობთ, რომ მზე დგას ვერძის ზოდიაქოში, ფიზიკურად თევზების ზოდიაქოში თავსდება. ამას კი მზის გეოცენტრული ვითარებით ხსნიან: როგორც არაფერი შეიცვალა დედამიწის გეოცენტრული მდგომარეობიდან მზის ირგვლივ ტრიალამდე თანავარსკვლავეთთა პირობითობის გამო. მთლიანობაში ვერსია ძალიან ჰგავს ელემენტარების გაქრობის პროცესს ტექნიკურ სამყაროში.
ანუ თუ კი ოდესმე არსებობდა ზოდიაქალური თვეების ენერგია, ურბანულ ეპოქაში უღონოა მისი კლასიკური ვერსია.

Greek_cosmology

რექტიფიკაცია დაკარგული დროის ძიებაში

timthumb

ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.

 timthumb (1)

პიროვნების ჩარჩოში ჩასმა ასტროლოგებთან მერკურის მზესთან დაშორების მაგალითზე

thermometer

ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.

mercury-path-mar-oct-2023
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.

thezodiac

მკრთალი ლურჯი წერტილი

pbdwords

ღრმა კოსმოსიდან ათინათის მტვერში დაკიდული მკრთალი ლურჯი წერტილი მოჩანს. ეს აქ არის. სახლია. ჩვენ ვართ. ერთადერთი სახლი, რაც ვიცით,  – ალბათ გეცნობათ კარლ საგანის მოხსენება “მთელი კაცობრიობის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელში ჩაეტია” კორნელის უნივერსიტეტში. შემდგომში მოხსენებითი წიგნიც უძღვნა 1990 წლის “ვოიაჟერ1”-ის (Voyager 1)  მიერ 3.7  ბილიონი მილით (6 ბილიონი კმ-ით) დაცილებულ დედამიწას მკრთალი ლურჯი წერტილი: მომავალი კაცობრიობის სურათები კოსმოსში (Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space ). იმის შემდეგ დედამიწის ბევრი ფოტო გვექნება, მაგალითად: დედამიწა სატურნის ბეჭედში (2006), რომელსაც  პნევმონიის გამო თავად ვერ მოესწრება, მაგრამ თაყვანისმცემლებმა წერილების ბლოგი შეუქმნეს, საუბრობენ მისი ფანტაზიები ფაქტები თუ როგორ ხდება ან მისი ნაშრომების კითხვისას იმპრესიებს გამოთქვამენ.

უმეტესობას, კარლ საგანი მხ. ფილმიდან “კონტაქტი” (contact) ეცნობა, რომელსაც ასევე ვერ მოესწრო. ფილმში ჰოკინგისა და არტურ კლარკის თანამედროვე ფუტურისტი, ასტრონომი და კოსმოლოგი სცენარის ავტორი იყო: შინაარსი ეხებოდა კოსმოსის კვლევის ფონზე ათეისტი და მორწმუნე ადამიანების კვეთას. ნასამ ორი წლის წინ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია მომავალს ყველაზე რეალისტურად რომ გადმოსცემს და “კონტაქტი” მეორე ადგილზე გაიყვანა “გატაკას” შემდეგ. ყველაზე ცუდად გადმოცემულ რეალობაში მაშინ ფილმმა “2012”- იმ გაიმარჯვა. ერთგან კარლ საგანი წერდა: კოსმოსმა ადამიანი თავისი მსგავსი შექმნა, რადგან თავი შეეცნოო.

პირადად მე, როცა პაწაწინა დედამიწას ვუყურებ, ბიძგს მაძლევს, იქნებ ყოფითი პრობლემების არე შევამცირო, იქვე კი ასტროლოგიაში გამოთქმული აზრი მახსენდება, რომ პლანეტების ზოდიაქალურ სახლებში განხილვისას, დედამიწა მუდამ განზეა. კულისებში თითქოს დედამიწას ვენერას ნაცვლად კუროს ზოდიაქოს პატრონად განიხილავენ, ამ დროს შედარებით ეგზალტირებული მაგნიტური ველის თუ სხვა მიზეზების და გამო. ჩემთვის კი დედამიწა იმ ადამიანურობის და ინდივიდუალობის მომცემია, იმ ფონზეც რომ სხვათა მაგნიტური ველები ჩარჩოში სვამენ. რაც არ უნდა იყოს დედამიწა მზესა და მთვარესთან ერთად ის პლანეტაა, რომელის გავლენაც ადამიანიაზე ასტროლოგიაში არამორწმუნე ადამიანსაც სჯერა.

წინა კვირას მეგობარს ქორწილის გადაღებაში დავეხმარე, ჯვრისწერა არ იყო, პროტესტანტი კაცისა და ათეისტი ქალის მხოლოდ ხელის მოწერა, შემდეგ სტუდიაში გადავინაცვლეთ, სუფრის გარეშე. ქორწილის მუსიკოსების არ იყოს, ქორწილის ფოტოგრაფია ნაკლებად ელიტარული ხელობაა, მაგრამ საათნახევარში 150 ლარი მინდა. განცხადება: შვებულება ავიღე, ფული უნდა შევაგროვო, ათასი ლარიდან იწყება, ექსტრა ზუმის ობიექტივი უნდა ვიყიდო კოსმოსისთვის. ჯანმრთელობის გამო მე არავინ წამიყვანს ბილიონი კილომეტრებით შორს, ჩავიდე აბასთუმაში და ვიღო და ვიღო სახლიდან.

ასტროლოგია და ჩვენ

ასე ვთქვათ, ზოდიაქო (ანუ მზე) მთლიანი შენობის ერთი აგურია, თუმცა შენობის აღქმა მისი მთლიანად დათვალიერებითაა შესაძლებელი. პირადი ასტროლოგიური რუკა ერთგვარი სურათია დაბადების ადგილიდან დაბადების მომენტში გადაღებული. მისი მეშვეობით ვკითხულობთ სამყარომ რა ჩადო ჩვენში.
მახსოვს, პირველად ოთხი წლის წინ შევადგინე და მას შემდეგ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებ. შეჩვევა იცის: ცდილობ გამვლელებს ნიშნები შეუსაბამო, თუმცა შეგრძნებაა, რომ წრიდან გადახვევა შეგიძლია და ეს გარდაუვალი ჩარჩო არ არის. გამონაკლისები არსებობენ, მე კი მათი ხილვა მინდა.
ასტროლოგია ინდივიდუალობას არ გამორიცხავს, პირიქით, თვლის, რომ რუკა ერთგვარი კალათაა და ერთ მომენტში და ადგილზე დაბადებული ადამიანები იქიდან სხვადასხვა ”ბოსტნეულს” იღებენ.
ასტროლოგიის იმდენად მჯერა, რამდენადაც იდეა, რომ ადამიანი იქნება, ხე, ქვა თუ პლანეტა, ერთმანეთთან დამოკიდებულებაში არიან და მოქმედებენ. მთავარია კითხვა იცოდე.
მისი მეშვეობით შეიძლება ნათალური მონახაზი გააკეთო საკუთარი ან სხვისი თვისებების. სინამდვილეში თორმეტივე ნიშანი ხართ, არა რომელიმე ცალკეული, უბრალოდ გააჩნია რომელი ნიშნიდან რა თვისება გაქვთ აღებული. შეიძლება ითქვას, რა საჭიროა  ამის წაკითხვა, როცა ცხოვრების მანძილზე ისედაც ვხვდებით ვინ ვართ და ვინ არიან, მაგრამ საინტერესოა როგორ აისახება ცხოვრება ნახაზზე;
თუ ტრანზიტულ პლანეტებსაც დავაკვირდებით, ანუ თანამედროვედ მავალ პლანეტებს დაბადების მომენტში მდგარ პლანეტებთან შეფარდებით, პროგნოზს მოგვცემს. ამით ზოგი წინასწარ თვლის თარიღებს როგორიცაა, შვილის შეძენის რიცხვი იქნება თუ სხვა, მაგრამ პირადად აზრზე არ ვარ როგორ;
თუ სინასტრიულ რუკას შევადგენთ, ანუ ჩვენს რუკას დავადებთ სხვის მონაცემებს, იქნება ეს ადამიანი  თუ ქვეყანა, სადაც გამგზავრება გვინდა, ჩვენს ერთმანეთთან შეფერებას ვნახავთ. შენიშვნად დავწერ, რომ მასში არ ჩანს გრძნობები, ანუ ვერსად წავიკითხავთ ჩვენი სინასტრიული პიროვნება ჩვენდამი რას გრძნობს.
იმისთვის, რომ რუკა გამოვთვალოთ დაბადების ზუსტი საათის ცოდნაა საჭირო. არ ცოდნის შემთხვევაში ან სამშობიაროს მიმართეთ ან რატიფიკაციის ხერხს, საიდანაც ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვანი თარიღების შეჯამება ხდება (გადამწყვეტია ქორწინებისა და შვილების შეძენის დროები) და არითმეტიკული მოქმედებებით ვიგებთ საათს. შეიძლება ქანქარის ან მაგიური საათების გამოყენებაც დაბადების დროის გამოსაკვლევად, რადგან ასტროლოგიას მიაჩნია, რომ ჩვენი წარსულის არც ერთი თარიღი არ დაკარგულა და მოძიებაც შეიძლება. დროის გაგების ხერხებთან არასდროს მქონია ირიბი შეხებაც კი, თუ წიგნად ამოკითხულ მასალას არ ჩავთვლით. თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, სიამოვნებით მოგისმენთ.
წინა პოსტის დანაპირებს ვასრულებ და სანამ თილისმანებს შევიქმნით, ჯერ ნათალური რუკის შედგენას მივხედოთ.

სურათზე ხედავთ რამდენიმე სიმბოლოს, რომელიც რუკის წაკითხვისას დაგვეხმარება. შესადგენად შეგვიძლია ვესტუმროთ სხვადასხვა საიტს ან პროგრამა კომპიუტერში ჩავამონტაჟოთ. ძველ დროში მისი გამოთვლა ხელით და ფანქრით ხდებოდა, თუმცა კომპიუტერიზაციის პერიოდში გამოთვლა გაადვილებულია.
შედით, მაგალითად, ამ საიტზე  (http://astrology.org.ua/aweb.htm) და მიყევით ფოტო ინსტრუქციას, ნათალური რუკისთვის შეავსეთ გაწითლებული ადგილები.    

      შედეგს შევსებული ბლანკის ქვემოთ იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ ტექსტი, რომელიც რუკას მოჰყვება ცალკეულია და სანდოობისთვის მთლიანობაში უნდა მოხდეს წაკითხვა. გაითვალისწინეთ არა მხოლოდ პლანეტები და ნიშნები ცალკეულად, არამედ მათი ურთიერთდამოკიდებულება, მათი დაშორებები ერთმანეთთან და ჩვენგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადმოწერეთ პროგრამა (http://zaytsev.com/downloads.html) და მიყევით ინსტრუქციას.

ქალი, რომელმაც მამშობიარა

ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი.  ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.

მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.

ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.

ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.

ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…

არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში  დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.

მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.

მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.

აჩუ-აჩუ, დრაკონო, საით გაგაჭენო

მზისა და მთვარის ტანტრა

”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი.

არ იყო სხვა არაფერი… მან გაიფიქრა: ”ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…
მან შექმნა სამყაროები… მან გაიფიქრა:
”აი, სამყაროები. ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)

ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის დუალიზმის რაობაში მევლინება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ: ქრისტიანის დებულებას, –  ჩემკენ თუ არ ხარ, მათკენ ხარ, – ბუდიზმში დუალისტური, შუალედური პოზიცია უჭირავს. უძველეს ხანაში, როცა არაფერი იყო, ჩვენ ერთნი ვიყავით არაფერში, მერე ნაწილებად დავიშალეთ და რაღაცასთან ერთად ასე ვიქეცით. არსებობს ერთიანი სამყარო, ისინი მიზიდულობის კანონით ერთმანეთს უკავშირდებიან. შესაბამისად, მოქმედების ძალაში ერთიანობა დევს. ერთი სული იყო და ერთი თიხა, შემდგომ სხვადასხვა სახე რომ მიიღო. აი, ამიტომ, ადამიანები უნდა გვიყვრდეს. ჩემსა და შენს შორის არაფერია. კარმის კანონიც აქედან მოდის: სხვას თუ უშავებ, შენს ნაწილს უშავებ, უბრალოდ, სხვა რაღაც აცვია, ამიტომაც, არ შეგერგება და იგივე დაგემართება. ქრისტიანს შეუძლია ქრისტეზე მთელი დღე ილოცოს, ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, მაგრამ კარმის კანონის თანახმად, ამით ბედს ვერ შეცვლის, კარმა მისი საქმეებითაა აწყობილი. ის მაშინაც იწყობა, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს. თავად სიტყვა წარმოსდგება სანსკრისტული სიტყვისგან და კეთებას ნიშნავს. ის არაა შურისძიება, არამედ შრომაა. იწყება იმ მომენტიდან, როცა სული და მატერია ერთმანეთს უწონასწორდება და მთავრდება, როცა სული ხელმეორედ უთანაბრდება მატერიას.

ტანტრა აჩვენებს რა გამოცდილებას განიცდის პიროვნება შუამავლურ პერიოდში ყოფნისას, გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადებას შორის. მხატვრულად რომ ვთქვა, სამომზადებლო პერიოდია მოსამზადებელი ხანისთვის. ტანტრას ლოცვის სახე აქვს, რომელშიც ბუდა მოწაფეებს გადასცემს თავის დოქტრინას. ვინაიდან, ბუდიზმი რელიგიაა ღმერთის გარეშე, სადაც ღვთისა და ეშმაკის საწყისი ადამიანის გონს წარმოადგენს, შესაბამისად, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სიცოცხლეშივეა, მათი შუალედური პოზიცია კი ეგრეთ წოდებული, ნირვანა, გასხივოსნება. მათი რწმენით, სამყაროს სქესობრივი კონტაქტი ამოძრავებს, არა მხოლოდ მატერიალურ, მის აბსტრაქტულ გამოვლინებებშიც. შავისა და თეთრის შერწყმით (აქ ინი-იანურ პოზიციაზე მივდივართ), ღმერთებად ვიქცევით და თუ ჩვენში უპირატესი ძალაა, ის-ღა დაგვრჩენია, ვილოცოთ ერთმანეთზე. სექსთან მივდივართ. სექსთან ადამიანური გამოვლინებებით და ბუნების მოვლენების შეჯვარებასთან. ტანტრას დროს იქ ხარ, სადაც არ არსებობს არც დადებითი, არც უარყოფითი. რადგან დადებითი და უარყოფითი მხოლოდ მათი ურთიერთკავშირით ისაზღვრება, ხოლო სექსის დროს მამრობითისა და მდედრობითის ცალკეული აღქმა არ ხდება. არც ღმერთია სხვადასხვა და ცალკეული. მაგალითად, რამაკრიშნა ამბობდა, რომ ღვთის ბუნებაზე არანაირი სხვადასხვა შეხედულება არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი რამდენადაც წვდება ღვთის ბუნებას, იმდენადვე აცნობიერებს მას და სახავს თავის წარმოდგენაში. ამჯერად, ბუდიზმზე მინდა გესაუბროთ, ტიბეტის ბებერ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.

მზისა და მთვარის ტანტრა ეზოთერულ სწავლების წრეში ერთ-ერთია და მზესა და მთვარეს აუღლებს. ფსიქიურისა და გონების შერწყმაზე მიუთითებს.  პლიუს, თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებები, ეზოთერიკთა სიტყვებით რომ ვისაუბროთ, სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთიდაიგივე ადამიანი. მათი კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ბუნების ერთიანობის კანონთან მივდივართ, სადაც ყოველი ქვა, პლანეტა თუ ადამიანი ერთმანეთზე მიჯაჭვულია და შეერთებას საჭიროებს. მზისა და მთვარის ტანტრა ლექსად დაიწერა და დასაწყისში იოგის მიღებისთვის ამზადებს, საუბრობს რა ”არსით მოსულსა და არსით წასულზე”, რითიც უკვე ძლევამოსილი ვაკუუმის განდიდებას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ტანტრაზე მეტი ვისაუბროთ, ჯერ იოგის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას.

პატარა ჭრილი რომ გავაკეთოთ და იოგაზე რომ ვთქვა ორიოდე სიტყვა ზოგადად, რთულია, თუ არ ვიცით მისი სახეობები ცალ-ცალკე. მაგალითად, ჰათჰა იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების, მზისა და მთვარის სუნთქვის (მოჰამარის თემაში რომ აქვს აღწერილი) ცოდნაა. იმისთვის, რომ სულს მივხედოთ, ჯერ ანატომია უნდა შევისწავლოთ დევიზით, – მე თვითონ ვარ ჩემი ორგანიზმი. სუნთქვის ვარჯიშებით გამომუშავდება ”პრანა” ანუ სასიცოცხლო ძალა. იოგით მიიღწევა ჰიპნოზური ტრანსიც. ამით ვაღწევთ არა მხოლოდ ორგანიზმის კონტროლს, არამედ ნებისყოფას ვიმუშავებთ. ორგაზმის კონტროლზე კამა იოგა ზრუნავს. რაჯა იოგას ჰათჰა იოგისგან განსხვავებით პიროვნების სული აინტერესებს. ”მეს” შემეცნებით ხდება შემდგომ ”მეს” გაფართოება. მისი შეცნობა იწყება მედიტაციის მდგომარეობაში გადასვლით, როცა ყურადღება კონცენტრირდება საკუთარ ინდივიდუალობაზე. ხდება სხვათა აზრების განდევნა ირგვლივ და თავის ”მედ” აღქმა, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. ამ დროს ”მე” აღიქმება, როგორც თვისებათა სახლი მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე. კონცენტრაციით ვცდილობთ, რომ აზრები მოდიოდეს ”მედან”. კი არ უნდა ითქვას, – ”მე ასე ვფიქრობ”, არამედ, ”მე ვარ”. ვარჯიშის მეორე სტადიაა ყურადღებიანობა, როცა ვცდილობთ, დეტალურად შევისწავლოთ ნივთები. თვალის ხეტიალიდან დეტალურ მზერაზე გადავერთოთ. ხდება მოვლენენების თანმიმდევრობით დამახსოვრება. ვიღებთ თემას და ვმსჯელობთ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ საკითხზე ყველაფერი ვიცით. შემდეგ უინტერესო თემას ვიღებთ და ვაკეთებთ უსიამოვნო საქმეს, მისი გამოსვლის შემთხვევა თავდაჯერებულობას მატებს. ჰათჰა იოგას დასკვნითი პოზაა სავასანა. ვჭიმავთ და ვადუნებთ კუნთებს, იმ იდეით, რომ ზოგ რამეს ვერ მივხვდებით, თუ არ შევიგრძნეთ. კრიტა იოგა ეს კავშირია მომავალთან. ამ დროს ენერგიას იღებ არარსებულიდან, არამედ, მომავალში არსებულიდან. იგი ეტიმოლოგიურად და შინაარსითაც უკავშირდება ქრისტეს. იოგას შეუძლია კარმა ააჩქაროს ან აანელოს. მთლიანობაში რომ განვიხილოთ, იოგა გათავისუფლებაა მიჯაჭვულობისგან. მიჯაჭვულობა ხომ არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება. ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძვნება. მასში სიძულვილიც განხილულია, როგორც მიჯაჭვულობის სახე.

დავუბრუნდეთ თემას, მზისა და მთვარის ტანტრის მეორე ნაწილში სიკვდილის მანიშნებელ სიმბოლოებს (ჭეშმარიტება ანუ ღმერთი ქვეყნად ხომ ისედაც სიმბოლოებით ეძლევა ადამიანს, ირიბი სახით, რაც საშუალებას იძლევა ჩვენივე განვითარების დონის მიხედვით იყოს აღქმული) აღწერს და მისი დაძლევის ცდაა, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აღნიშნულ სიმბოლოებს ამჩნევს. აღწერს ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით, ცხვირის ფორმითა თუ ენაზე მკითხაობით. ასწავლის სიკვდილის, როგორც რადიკალური წერტილიდან, საწინააღმდეგო მხარეს სიარულს. მეთოდები აღმოსავლურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, თუმცა, მიხვდებოდით, ექიმბაშური სახე აქვს დარჩენილი. ტანტრაში სიკვდილის მატერიალური პროცესები წარმოდგენილია სამყაროს ოთხი ელემენტის ერთმანეთში გახსნად: მიწა მიწაშია, წყალი წყალშია, ცეცხლი ცეცხლშია, ჰაერი ჰაერშია. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლის თანმხლებია ტემპერატურის დაცემა და კიდურების გაშეშება. ვასკვნით, რომ სიკვდილის მომენტში ხდება შემდგომ შესაძლო ვარიანტთა წარმოდგენა და უნიფიცირება. ტანტრაში იგავ-არაკთა მსგავსად არის ცხოველები თუ უსულო სხეულები გამოყვანილი, როგორც რეალურად სულის მქონენი.

მზისა და მთვარის ტანტრის მესამე ნაწილში საუბარია ბარდოს (სულის მდგომარეობა სიცოცხლიდან ხელახლა დაბადების შორის) მორგებაზე განუყოფელ რეალობასთან. ამ მდგომარეობაში პიროვნება ხედავს მანდალას, ანუ სამყაროს წრის სახით, შეკრულ სამყაროს, ათვლის წერტილი რომ არ გააჩნია. იგი ვიბრაციისა და ნაპერწკლების სახით იხილება. მულტი ფერიანი, ყველაფერიანი სინათლე არის, გულიდან გამოსული. პიროვნებას მისი შეგრძნება ასტრალური სხეულითაც შეუძლია, თუ მას ფიზიკურ ტანს მოაცილებს, ანუ იმ ტანს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომლითაც ღმერთმა შემოსა ადამ და ევა, შიშვლად რომ აღიქვეს თავი, მაშინ. ბუდისტური ტანტრა მსგავსია, რაც ქრისტიანისთვის ფსალმუნია. არსებობს თვალსაზრისი, რომ ასტრალურ სხეულს ადამიანი ძილის პერიოდში გრძნობს, ოღონდ ისინი, ვისაც განვითარებული აქვთ მასზე კონცენტრირება. მოცემულ ტანტრაში განიხილება იმ ნაგრძნობი, მულტი სინათლის აღქმის რვა გზა. გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, თუ პიროვნება გააცნობიერებს ამ სინათლის ისედაც მასში ყოფნას. როგორც მიხვდით, ის სინათლეა აღწერილი, მომაკვდავებს რომ ევლინებათ გვირაბის ბოლოს. თუ პიროვნებამ ეს სინათლე ვერ აღიქვა, შიში იცავს და შემდეგ ბარდოში, არსებობის მდგომარეობაში გადადის.

ტანტრას შემდეგი ეტაპი არსებობის ბარდოს განხილვაა. ის პროცესი, რა სამზადისსაც გადის სული ახალი სხეულისათვის. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია, იმავე გაგებით, რომ სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. ეტაპს არსებობის ბარდო იმიტომ ჰქვია, რომ პიროვნება საწყისის ექვს ტიპს ხედავს: ღმერთსა და ნახევარ ღმერთებს, ცხოველებსა და მშიერ სულებს, ჯოჯოხეთის არსებებსა და ადამიანებს. ასევე ზოგი ნახავს ტაძრებს, ხალხის მარაგს, უფსკრულებს, უდაბნოებს, ციხეებს, შენობებსა და ჟლეტვას. ეს სამი ხილვა განაპირობებს ადამიანის შემდგომ დაბადებას, მისი მომავალი საშვილოსნოს არჩევას. დავსძენ, რომ იმას, თუ რას ვნახავთ ბარდოს მდგომარეობაში ვედების შეხედულებით, დამოკიდებულია სიკვდილის უკანასკნელ სურვილზე, უკანასკნელი სურვილი კი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავთ, რომ აქ ერთგვარი წრე იკვრება და ამ მანდალურ წრეზე ვსაუბრობდი წეღან. ამ ტანტრაში მოცემულია ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც უფრო აწყობს, შეიძლება მტანჯველი, მაგრამ პიროვნების ფუნქციაა გააცნობიეროს, რომ ეს ტანჯვა მას აწყობს. ეს იდეა ბევრი თანამედროვე რელიგიისთვის მისაღებია, განსაკუთრებით ექსისტენციალური პერიოდისას. აქ უკვე გასარკვევია: რატომ ავირჩიეთ თავისთვის ტანჯვა? ბევრისთვის საძულველი ფრაზა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა და ყველაფერი კარგად იქნება, ამ მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. ბრძენი კი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაშივე ხვდება იმას, რასაც სიკვდილის მერე მიხვდება სხვა.

ამ ტანტრაში ძირითად თემად სიცოცხლე-სიკვდილისგან მკურნალობა იკვეთება. სიკვდილი, მთვარე, განხილული, როგორც უკიდურესად ნეგატიური მხარე, განხილულია, როგორც სიცოცხლისგან მარცხი. ეს, გადატანითი მნიშვნელობით ექიმის,  მკურნალის, მარცხია. სიცოცხლე კი ისაა, რასაც ვეპოტინებით, ზოგ შემთხვევაში იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე გვიყვარს, უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა და სხვა ვარიანტს ვერ ვამჩნევთ. მზე ანუ ცეცხლი, სინათლე არის როგორც პირველადი სტიქია. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნო არ არის ტექსტში განხილული, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, არამედ, როგორც საპყრობილე. ტანტრაში სიცოცხლე შედარებულია სიზმართან, ილუზიასთან, ქართან. სიკვდილისას კი გამოყენებულია შედარებები: უჩინარი, შეუჩერებელი, უეცარი. ტექსტის კითხვისას შეგრძნება გრჩება, რომ სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად ცოტაოდენი სიკვდილიც აუცილებლად უნდა შეაზავო. ძენ-ბუდიზმი სვამს კითხვას: როგორ უნდა დააღწიო თავი შობა-სიკვდილის წრეს? საპირისპირო კითხვა დასვა: ვინ მომაქცია ამ წრეში? როგორ უნდა გათავისუფლდე ნაჭუჭისგან? მიხვდე, რომ თავად ხარ ნაჭუჭიც. ვისია სარკე, რომელიც მაჩუქეს: ჩემი თუ გამომგზავნის? ამ შემთხვევაში ”მეს” დაკარგვა ხდება და კოლექტიურ ცნობიერების მიღმა შევდივართ.

ეგოიზზე ვამბობდი, როგორც აზრის კონცენტრაციაზე კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე, აზრი კი სამყაროში ჩადებული ენერგიებიდან, რომლებსაც შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ენერგია თანაბრად გააჩნია, ყველაზე მკვეთრი აზრის (აქ აღსანიშნია, რომ ტვინის ფუნქცია აზრი კი არაა, არამედ აზრის დანერგვაა რეალურობაში) ენერგიაა. ამის გამო ადამიანი აზრების გამო ისევე აგებს პასუხს, როგორც მისი შედეგების, საქციელების გამო. მისი შიდა მიდრეკილებები ხომ წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოშვეს. თუ ადამიანი ეგოისტია და საკუთარ ოპოზიციას ანტონიმად ეკიდება, თავს გამოყოფილ არსებად აღიქვამს და დიდ ყურადღებას უთმობს თავს, მაშინ მისი აზრები არსადაც არ მიდიან, მის თავზე ტრიალებენ და ისევ მას აზიანებენ, როცა პასიურ მდგომარეობაში ნახავენ. თუ ის გარკვეულ ეგოისტურ აზრებს ხშირად ეძლევა და ისეთ დასკვნამდე მიდის, რომ მისი რომელიმე  სურვილის დაკმაყოფილება მისთვის იმ ერთ-ერთ საარსებო მოთხოვნილებათაგანს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას ყოფნა არ შეუძლია, მაშინ ბოლოს ასეც მოხდება, მის გარეშე ვერ იარსებებს. ცნობილია, ადამიანის აუცილებელ მოთხოვნათა ძირითადი მატერიები: საკვები, წყალი, ჰაერი, ტემპერატურა. თუმცა მედიტაციის მნიშვნელობა იმაშიც ჩანს, რომ ადამიანი მათზეც ამაღლდეს. ციტატა რომ გამოვიყენოთ, ყველაზე დიდი ბოროტება ე.წ. მოხეტიალე აზრებია. ყოველი შეგნებული აზრი უკვე შეიცავს გარკვეულ ორგანიზებულობას. მაგრამ ყველაზე უარესია მცირე მოხეტიალეები, რომლებიც გზებს შეუგნებლად ანაგვიანებენ. ზოგადად, აზრებით და მათი შერწყმით საკუთარ ევოლუციას და მომავალს ვქმნით.

ამ აზრიდან ამოდის ტანტრული სექსი. თუ ტანტრა შეერთებაა, შეერთება ნიშნავს ორი ან მეტი არსების ერთ წრფეზე ისეთ განლაგებას, როცა მათ მოცემულ ადგილზე მყოფნი ერთი მიმართულებით იწყებენ აღქმას. ხოლო სადაც ორნი და მეტნი იკრიბებიან, მათი აზრები ერთიანდებიან, როცა მანამდე აღქმა ცალმხრივად ხდება. ეს იმიტომ, რომ ცნობიერების ფიქსაციის წერტილში მოვლენის მხოლოდ ის მხარეები ხვდება, რომლებიც გარკვეულ გრძნობებს იწვევს. როგორც გავიგეთ, ტანტრა არ არის მხოლოდ სქესობრივი კავშირი ადამიანებს შორის, უბრალოდ ადამიანთა შორის სექსი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ როგორც ესმით, ტანტრასა და სექსის გასინონიმება, არასწორია. თუმცა, როგორც ინდუიზმშია კამა-სუტრა, ტიბეტურ ბუდიზმში მის მსგავსს ცოდნას ტანტრა წარმოადგენს. ტანტრას თეორიის თანახმად, შეუძლებელია სექსი ცოდვა იყოს, ანუ პროცესი, რითიც ხდება შერწყმა და ახალი სულის შთაბერვა ხდება. ცოდვა მის არასწორ გამოყენებაშია. ეს კი ოფიციალური ქორწინების მიუხედავად ხდება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მის კანონიერობასა თუ ალეგალურობას. როდესაც სექსი მიზანი ხდება და არა საშუალება, ეს დეგრადაციაა, მატერიალურ სფეროში გაჭედვა. ასევე, იგი განიხილება, როგორც ენერგიის აღდგენის ეგოისტურ საშუალებად. როდესაც ერთი პარტნიორი მუდმივ გაცემაში იმყოფება და მეორე – მიმღებ მდგომარეობაში, ამით ორივე მხარე ცოდვილი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მის ლეგალურობას. მორალური მაზოხიზმიც, ისევე, როგორც სადიზმი, ბუდიზმში მატერიალური მიჯაჭვულობის სახედ ითვლება.

კაცის თვიური ქალის ციკლისგან განსხვავებით, თვიურად თესლისგან გათავისუფლებას წარმოადგენს. თუ ქალის თვიურზე მთვარეა პასუხისმგებელი, მთვარე, როგორც სიკვდილისა და ქვეცნობიერის სიმბოლო, კაცის თვიურზე მზეა კონცენტრირებული, მზე, როგორც სასიცოცხლო ძალა, ცნობიერება, მათი სასქესო ორგანოთა გარეთ და შიგა განლაგებების გამო. კაცის და ქალის ოვულაციათა მომენტში, ცნობიერი ჩადის ქვეცნობიერში, რათა ცნობიერში ამოიყვანოს ის. მამრობითის პერსონალური უმთვარო და ახალ მთვარეობისას, მამაკაცი ინტროსპექტული ხდება და განმარტოებას საჭიროებს. ეს პერიოდი ქალის მენსტრუაციის მსგავსია. ამ დროს ის შესაძლოა დაბალი ენერგიის მატარებელი იყოს და გრძნობს, რომ თავი დასვენებით გაანებივროს. შემდგომი ფაზა ოთხიოდე დღე გრძელდება და ინი-იანური პრინციპით, მასში ფემინური საწყისი ჩანს. შემდგომი 11 დღე სქესობრივი ანუ შემოქმედებითი ძალის მომატებას ემსახურება და ადის მწვერვლზე, რომელიც ქალური ოვულაციის მსგავსია. ეს მის პერსონალურ სავსე მთვარეობას ემთხვევა და ორიოდე დღე გრძელდება ახალ მთვარემდე. მისი მზის ციკლი ტესტოსტერონის ხარისხური აღგზნების დროა, რომელიც ყოველ 11 წელში იზრდება, იღებს მზის რადიაციას და მწვავდება. აღნიშნავენ, რომ ამ დროს კაცის სისხლი თხელი ხდება. მზეს 90 წლის ციკლი აქვს, რომლისგანაც პირველი 45 წელი პიროვნების აქტიურობას ემსახურება, მეორე 45 კი აქტიურობის შენელების ეტაპია. ამის მიხედვით, ასტროლოგიაში ადამიანის ცხოვრების სამი 30-30-იანი ეტაპი იყოფა, პერსონალური ჰოროსკოპის ნახვისას. მისი იარაღია განსაზღვროს მთვარისა და მზის ციკლი და ციურ სხეულთა ურთიერთობა მათ პერსონალურად მოარგონ.

დასკვნის სახით რომ ვთქვა, მზისა და მთვარის ტანტრა განხილულია, როგორც ინკარნაციის შეწყვეტის ცდები. ეს ტანტრაში ნახსენები მეტაფორებით ხდება. გიტოვებთ მზისა და მთვარის ერთობის მელოდიას. შემდეგ თვეში შევეცდებით ასტრალური სხეულის ან იოგის პრაქტიკული გამოყენება ვისწავლოთ, სხვა ტიპის ტანტრაზე ვისაუბროთ ან რეინკარნაცია მიმოვიხილოთ, ხავს მოკიდებულ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.

დაბადება

 

ახალი წელი ყოველთვის გეგმებს უკავშირდება: ”ამ დღიდან არავითარი ალკოჰოლი” ან ”ახლა მაინც დავიწყო კარგი სამსახური”, – სურვილები სტიმულს გვაძლებს ახალი ცხოვრება შევქმნათ ძველის მოკვლით, შენაცვლებით ანდაც მასთან თანაარსებობით. ახალი კალენდრის დადგომამ და მეგობრის დაორსულებამ ამ თემაზე დამაწერინა. ანუ მანქანის მიზეზსა და შედეგზე.  ამ საახალწლოდ ამეკვიატა ფრაზა, რომ ქრისტე  მკვლელობამდე დაბერდა. დაბადებამდე. არ ვმკრეხელობ. ხანდაზმულობა რადიკულიტს არ ნიშნავს მხოლოდ.

როგორც აღვნიშნე, ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიდი ხანია გაიგო და უხარია. მხოლოდ შარშან ამ დროს სამ მეგობარს გაუჩნდა ბავშვი, – დღემდე ვერ შევეჩვიე მათ ხელში დაჭერას. მგონია, ვატკენ. ვერც მოფერებას. მგონია, ჩემი შეეშინდებათ. მეგობრებს კი ჰგონიათ, ბავშვები არ მიყვარს. არ ვიცი. ალბათ პასიური ვარ. თუ არ მოდიან, იქით მე – ვერ.

მახსოვს, პირველად რომ ვნახე ბავშვი ექოზე, ოთხის ვიყავი. შავ-თეთრ მონიტორზე ბევრი შავ-თეთრი ლაქა რომაა და მკითხაობ, რომელი ლაქაა უცხო სხეული. მერე სქესს გეუბნებიან და გიკვირს, თანდათან იჯერებ. ოღონდ რომც სხვა ლაქაზე მიგითითონ, ალბათ მაინც დაიჯერება. ბოლოს ამგვარად სამი წლის წინ ვიყავი. ამჯერად, მეტად შედეგიანად. ვერის ბაღის მიწისქვეშა გამოვიარე. თეთრი ქსოვილი მახსოვს, ქალები რომ ყიდიდნენ ბავშვისთვის წინდებს.

სახლში მოვედი და გამუდმებით ვამტკიცებდი, რეინკარნაცია რომ არ არსებობდეს, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო. ღარიბების დაბადებას ვერ გავამართლებდით იმით, რომ ქონებას სხვათა საზიანოდ იყენებდნენ წინა ცხოვრებაში, რომ მტაცებელ ნადირად დაბადება ნიშნავს, წინაზე ხორცის ჭამის მოჭარბებულ იმპულსს, რომ ხეიბრებს უსამართლოდ არ მოქცევია  ცხოვრება უხელფეხოდ რომ დაიბადნენ, თავი მოიკლეს ფანჯრიდან ასფალტზე გადმოხტომით და სხეული დაუზიანდათ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს ან ომში იღუპება, უსამართლობას როდი ნიშნავს, არამედ – სამართალს. მართლაც, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო, ადამიანთა უთანასწოროდ გაჩენის გამო.

ვცდილობ ხელის მიდებით ვიგრძნო, როგორ მოძრაობს ბავშვი მეგობრის მუცელში, წარმოვიდგინო როგორი ცხოვრება ჰქონდა. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავად ვირჩევთ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, დაბადების ადგილს, დროს, მშობლებს.. ვფიქრობ, რა მინდოდა ამ კონკრეტულ ქალაქში ან რატომ ავირჩიე ეს საუკუნე, 24 წლის ჩვეულებრივი წყვილი დედა და მამად. ამ დროში, იმის მაგივრად, რომ ღმერთის არარსებობას ადამიანისთვის ფუნქცია წაერთმია, პირიქით – გააძლიერა.

წლების წინ როცა ერთ მეგობარს ვკითხე წინა ცხოვრების შესახებ როგორ იგებდა, რამდენიმე წიგნი მირჩია, – მათი წაკითხვის მერე ხვდებიო. მერე ჰოროსკოპი შევადგინე, ანუ გრაფიკული ნახაზი ჩემი თვისებებისა. ამის მიხედვით, წინადან დაგროვილი გამოცდილება აწმყოში რეალიზდება. არ არსებობს შემთხვევითობა. სპონტანურად გადასხმული ყავაც კაბაზე დროის მანძილზე დაგროვილ ინსტინქტს უკავშირდება. ცხოვრების ანარეკლიაო და პროგნოზი, და არა წინასწარმეტყველებას, ვაკეთებ: წინა ცხოვრებაში ბავშვებს ცუდად ვექცეოდი. თუმცა დედად ვიღაცას მაინც მოვუნდები. ბიჭი უნდა იყოს. რატომღაც იოსები მინდა დავარქვა. ალბათ მასაც ექნება წარსული. მშობლად რომ ამირჩევს, ვფიქრობ, დედობაზე ზედაპირული შეხედულება ჰქონია. ნეტა, ქრისტეს რამდენი დაბადება ჰქონდა?

თავი ყოველთვის ფემინისტად მომქონდა, თუმცა ყველანაირ -ისტობას თავს ვარიდებდი. მომწონდა, როცა ჩემში ფემინური ჭარბობდა კაცურს, ინტუიციის, მიმღებობის, ჩაკეტილობის, დიალოგის (ანუ ყველა იმ რიგით, რითაც ქალს კაცისგან ანსხვავებენ) გამო ვაფასებდი. თუმცა ვიცი, ეს ყველაფერი პირობითია, ვამბობდი, რომ ქალად თავს სრულფასოვნად ვერ ვიგრძნობდი, თუ შვილი არ მეყოლებოდა. ეს სქესის უკვე პირობითი განმსაზღვრელი არ არის. არც საკეისრო კვეთა მირჩევნია ბუნებრივს. მინდა დაბადება რიტუალად ვაქციო. და რაც მეტად მაშინებენ მეგობრები, რომ ლამისაა მოკვდნენ, ცხოველებად იქცნენ, მით მეტად მინდა ჩემთვის ერთადერთი ქალურობის აღმნიშვნელი რიტუალი.

ამბობენ, ადამიანი კარმას რომც არაფერს აკეთებდეს, მაინც აკეთებსო. იმასაც ამბობენ, სიკვდილის წინა სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. იმასაც ამბობენ, რომ მორიელის ზოდიაქო ტრანსფორმაციის პერიოდს უკავშირდება, – სიკვდილს და ხელახლა, ფერფლიდან დაბადებას, სიკვდილს და მემკვიდრეობის დატოვებას, მოკლედ, მომენტს დაბადება-სიკვდილსა და დაბადებას შორის. და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, თურმე ისე მიცხოვრია, სიკვდილ-სიცოცხლის განგაში დავდე. სინამდვილეში ძალიან დაბნეული ვარ. აღარც ხორციელი ღმერთის არსებობას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ლამაზი სახელია იოსები.