ტანზე წერა


გრინვეის ფილმი მახსენდება, ადამიანები პირად დღიურებს ერთმანეთზე რომ წერენ. საბოლოო ჯამში ”წიგნისთვის” საქმე კანის აფხეკამდე და მის შენახვამდე მივა. ადამიანები ხელოვნების ნიმუშები არიან. ისინი მუზეუმში ინახებიან, არ კვდებიან.

ფაქტში, რომ იყო დოკუმენტური, ცუდი არაფერია, მაგრამ ზოგს მხატვრული ლიტერატურა ურჩევნია. სინამდვლეში, მხატვრულობა შეიძლება სიყალბე არც იყოს, როგორც ანტიკურ ხანაში იტყოდნენ, ეს არის არა ის, რაც ხდება/მოხდა, არამედ ის, რაც შეიძლება მომხდარიყო. ამას წიგნებიდან თუ ცხოვრებიდან გამომდინარე მივხვდი.

ცხოვრებიდან გამომდინარე იმასაც მივხვდი, რომ თუ მინდა ადამიანს ბოროტება გავუკეთო, სურვილები უნდა შევუსრულო.  როგორც წესი, მათ აქვთ დუმილის უფლება, მაგრამ არც პოლიციის ინსპექტორები აყენებინებენ რამეში და არც მე. მეც ვაფრთხილებ: ნებისმიერი სიტყვა მათ წინააღმდეგ გამოიყენება. ჩემთან სიტყვიერი სურვილებისგან ფრთხილად.

საიდუმლო თვისება მაქვს. სიტყვებს პატივს ვცემ იმაზე მეტად, ვიდრე ქმედებებს. მეწინააღმდეგება, თუ ფაქტი სიტყვის მცდარობას ამტკიცებს და პირიქით, უპირატესობა მაინც სიტყვა როგორ აქვსო. ამაზე მერე.

ვეძებ მასთან დიალოგის შესაძლო გზებს. ჩემს საქციელებს ბუნებრივობით ვხსნი.

მირჩევს, ნუ ვარ ბუნებრივი, რომ მას ხელოვნება ხიბლავს. ეს უკვე ძველი, კეთილი ჯინის ლამპისთვის ხელის მიფათურებაა. ეშმაკები თვალებში მითამაშდებიან და ვფიქრობ:

 ”რქიანი ნიღაბი თუ შეიძლება”.

ბოროტი ჯინი


სთხოვე და აგისრულებს. ასრულების მერე უკმაყოფილების შეგრძნება გრჩება. ფიქრობ, შენს სურვილს ნაკლი ჰქონდა. არასდროსაა ისეთი, როგორიც ჩანასახში. მეტიც, შეიძლება რომ გავნოს.

დაბურულ მინას ხელით ვასუფთავებ. ის ეწევა სიგარეტს, სანამ არ ვუყურებ. იცის, რომ არ მიყვარს როცა ეწევა. ან რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი მოწიოს, თუ დღე ისედაც მშვენიერია. ჰო, მე არასდროს მომიწევია. ამ ბოლო დროს ისეთი ტონით მთხოვს ნებართვას, რთულია დაუშალო. მეც არ ვუშლი. დაბურულ მინას ხელით ვასუფთავებ. და ვფიქრობ: ”იდიოტი სიგარეტი”. ვუბრუნდები და თავად ვთხოვ მომიკიდოს. მშრალი პასუხი მრჩება: ”არ მინდა შეგაჩვიო”.

ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ჯინი მახლდა, ყოფიერების სიავ-სიკარგეზე რომ საუბრობდნენ და ავტობიოგრაფიას მიწერდნენ. მე თანდათან ვერეოდი ჩემს საქმეში დამკვირვებლის ფუნქციით. მერე დავიკიდე. დავიკიდე ის ძირითადი ადამიანებიც და გარსი მორიგი მატერიისთვის. შემეშინდა. თავი მარტოდ რომ ვიგრძენი და არავისი ნაზავი ვიყავი. მერე მივხვდი, რომ შევცდი. მე დღემდე მქმნიან. ოღონდ შეფარულად, აი, როგორც ბოროტი ჯინი.

ბოროტი ჯინი ბევრია და სულაც არ არიან ბოროტები. არც გარეგნულად, არც შინაგანად. მეტიც, ნეიტრალურები არიან, როგორც ბულგაკოვის ეშმაკები და თუ ქვეცნობიერი ამოგილაგეს, ეს სულაც არაა მათი ნაკლი, – ვფიქრობ, – თუ თავიდან მხოლოდ სიკეთე იყო, ღმერთი, და მან შექმნა ბოროტება, ეშმაკი, ღმერთი ბოროტი ჯინი გამოდის და ადამიანის ხატად არსებობს.

ცდილობს მოწევა მალე დაამთავროს და ჩამეხუტოს. მე ვცდილობ ძალიან ბევრი ველაპარაკო. იხსენებს, როგორ შევუყვარდი ორჯერ: ჯერ ბავშვობაში და ახლაც, როცა სრულიად შეცვლილი ვარ. ვასკვნით, არ აქვს მნიშვნელობა თვისებებს, როცა გიზიდავს. უბრალოდ, მასთან სიახლოვეს გრძნობ უხილავი ძაფებით თუ რაცაა.

მე მისთვის ბოროტი ჯინობა მინდოდა, დამეშალა და თავიდან ამეწყო. ნიძლავიც დავდე, რომ შევცვლიდი. რომ იცოდეთ, რა ენთუზიაზმი მქონდა. გამომიცხადა, შენთან იმ მეს ვგრძნობ, რომელიც არ უნდა არსებობდესო. ახლა უკვე ჩამქრალი ჰქონდა სიგარეტი და მე მინის თვალიერება – დასრულებული. ჩვენს შესახებ ფილმი გადაიღეო. გამეღიმა, ”მე ხომ მწერალი ვარ”. ”ოღონდ სახელისა და ნაციის გარეშე”. ”კაი”, – გამეღიმა, რადგან ისედაც ნაცვალსახელებით ვწერ და არც ნაციას ვანიჭებდი მნიშვნელობას. ვნება დაარქვიო. ანუ ერთხელაც დავწერ, იმაზე, როგორ კლავენ საკუთარ მეებს, რადგან ბოროტ ჯინებს არ გააკარონ.