კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
Tag Archives: ხელოვნება
ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი
თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
ტანზე წერა
გრინვეის ფილმი მახსენდება, ადამიანები პირად დღიურებს ერთმანეთზე რომ წერენ. საბოლოო ჯამში ”წიგნისთვის” საქმე კანის აფხეკამდე და მის შენახვამდე მივა. ადამიანები ხელოვნების ნიმუშები არიან. ისინი მუზეუმში ინახებიან, არ კვდებიან.
ფაქტში, რომ იყო დოკუმენტური, ცუდი არაფერია, მაგრამ ზოგს მხატვრული ლიტერატურა ურჩევნია. სინამდვლეში, მხატვრულობა შეიძლება სიყალბე არც იყოს, როგორც ანტიკურ ხანაში იტყოდნენ, ეს არის არა ის, რაც ხდება/მოხდა, არამედ ის, რაც შეიძლება მომხდარიყო. ამას წიგნებიდან თუ ცხოვრებიდან გამომდინარე მივხვდი.
ცხოვრებიდან გამომდინარე იმასაც მივხვდი, რომ თუ მინდა ადამიანს ბოროტება გავუკეთო, სურვილები უნდა შევუსრულო. როგორც წესი, მათ აქვთ დუმილის უფლება, მაგრამ არც პოლიციის ინსპექტორები აყენებინებენ რამეში და არც მე. მეც ვაფრთხილებ: ნებისმიერი სიტყვა მათ წინააღმდეგ გამოიყენება. ჩემთან სიტყვიერი სურვილებისგან ფრთხილად.
საიდუმლო თვისება მაქვს. სიტყვებს პატივს ვცემ იმაზე მეტად, ვიდრე ქმედებებს. მეწინააღმდეგება, თუ ფაქტი სიტყვის მცდარობას ამტკიცებს და პირიქით, უპირატესობა მაინც სიტყვა როგორ აქვსო. ამაზე მერე.
ვეძებ მასთან დიალოგის შესაძლო გზებს. ჩემს საქციელებს ბუნებრივობით ვხსნი.
მირჩევს, ნუ ვარ ბუნებრივი, რომ მას ხელოვნება ხიბლავს. ეს უკვე ძველი, კეთილი ჯინის ლამპისთვის ხელის მიფათურებაა. ეშმაკები თვალებში მითამაშდებიან და ვფიქრობ:
”რქიანი ნიღაბი თუ შეიძლება”.