ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი

თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
300px-Mtskheta-Georgia

როგორ გავხდი ხელოვნების ნიმუში?!

ვერ ვიტან ლუდს. მარტო იმიტომ, რომ გაზიანი ფსელის გემო აქვს და ადეკვატურ სუნს ტოვებს პირშიც. კიდევ იმიტომ, რომ მას უყვარს.

რომ მივუტანე, გაუხარდა. გამოხატა. არ გიყვარვარ მეთქი და წამოვედი. სისულელეა, იეჭვიანო ნივთზე ან ღმერთზე, მაგრამ კიდევ კარგი, მორწმუნე არ არის.

 მისთვის ყველაფრის გამოცვლა მინდა: კაშნეს, საფულის, მაისურის, – ანუ რაც ძველ ცხოვრებასთან დააკავშირებს, რაც კი სხვამ აჩუქა. სიმ-ბარათსაც შევუცვლი და მისი კონტაქტების რიცხვი შემცირდება.

 არა, ეგოისტი არ ვარ, ვერ გამიგეთ. არ მაქვს ერთადერთობაზე პრეტენზია. მშიშარა ვარ. მეშინია, რადგან ყველაფერი შემიცვალა: მეგობარი, ნაცნობი, გამვლელი, ჩემი წერის და სალაპარაკო ობიექტი გახდა. უბრალოდ უსამართლობაა, ცალმხრივი თავდადება. მეც ეგოისტს ვთამაშობ. ხანდახან ისე, რომ თავს დავაჯერე, რომ ვარ.

თავიდან ვეხვეწებოდი მივეღე როგორიც ვიყავი. თვისებებს ჯაჭვის ეფექტი აქვს, ერთს ამოიღებ და დომინოსავით დაინგრევა მეთქი. ხელოვანად მოჰქონდა თავი. თან გულწრფელად მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამდენ რამეზე ეეჭვიანა ან რატომ უნდოდა მხოლოდ მისი ვყოფილიყავი. მერე მივხვდი: უკან დასახევ გზას მიჭრიდა. როცა შევბრუნდი და მის გარდა არავინ მყავდა. მას ისეთი დიდი ნებისყოფა აქვს, მე ის გავხდი.

და ახლა ხედავს, როგორ გამოდის მწყობრიდან მისი ხელოვნების ნიმუში და ბრაზობს როცა სუნთქვის საშუალებას არ ვაძლევ. ვჩხუბობ. ჩხუბობს, მაგრამ ჩემგან მაინც არ მიდის. აღფრთოვანებული ვარ, რომ მიძლებს – რამხელა ნებისყოფა აქვს.