იქ, სადაც გადამფრენი ფრინველები დაისვენებდნენ

img_20160923_0072-copy

იქ, სადაც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ, შორია, მიწა წყალდება და შმორის სუნი აუდის. არ მინდა, რომ თქვენ ნამყოფი იყოთ, ვიეჭვიანებ და ბოღმისგან დამიჭაობდება კუჭი. არ მითხრათ ეს ამბავი, იყოს.
პალიასტომის ტბაზე ლეგენდა მოვიგონე: როცა დედამიწა ჯერ კიდევ დედაწყალი იყო და ეს-ესაა უნდა დამიწებულიყო, ადგილობრივი სამკავიანი მინისტრები გადადგნენ და დამიწება შუა გზაში შეაჩერეს. ასე შეიქმნა ფხვიერი ქანი, განაყოფიერდა წყალმცენარეები და გადამფრენი ფრინველებისთვის ფეხის ფრთის მოსასვენებელი შეიქმნა.
ინსტაგრამზე ერთ გოგონას გადავეყარე, ფოთის სახლების ფოტოებს აქვეყნებს. წლების მანძილზე პირველად მომინდა რომ ინტერნეტით ვინმე გამეცნო. თუ იცნობთ, არ უთხრათ, იყოს.
არასდროს მინახავს ფოთის შავი ზღვა, ასე მგონია შავია, ჩაღვრილია ბენზინი და მაზუთი, გემების სადგურზე კი ის მეოცნებე ადამიანები მუშაობენ, ცურვისგან ერთი ბეწო თმა რომ არა აქვთ ფეხებზე. და მერე ლოგინშიც ძალიან ბევრს სველდებიან, ოფლიანდებიან და იცრემლებიან. ჩემივე სტერეოტიპების გუდა რომ გავიზარდე, არ მითხრათ, იყოს.
ამბობენ, რომ შემოდგომის ზენიტში ზოგჯერ ჭაობზე იმდენი ფრინველი ჯდება, შორიდან კუპრივით ჩანს და გგონია ტბა შავია. იქნებ ამიტომ დაარქვეს შავ ზღვას შავი ზღვა? ფოთი კი გიორგი მედვედევის გარეშე ვერ წარმომიდგენია უკვე.
ჩვენ გავიცანით კაცი, რომელიც ლევ ტოლსტოის გავდა. თანდართული სურათი მისი პორტრეტია. გიორგი პაპას სახლიც გრუნტზე აშენდა. ჩვეულებრივი მეგრული ოდა გათანამედროვებული, მაგრამ უკანა ეზოს ტალახიან ჭიშკარს რომ გააღებ, ზღაპრულ სივრცეში შედიხარ, უკნიდან კი გიორგის კოკროჭინა შვილიშვილები გაცილებენ. გიორგი პაპა პირჯვარს იწერს და მშობლიურ ენაზე ლოცულობს.
გეფიცებით, მეგონა, რომ ფოთში ჩასვლისას, უფრო ზუსტად, ტალახიანი ჭიშკრის გაღებისას, მე გადავედი ფენტეზ სამყაროში ჩემს მეგობრებთან ერთად. იმიტომ რომ აქ ნისლში შესვლისას შემოდგომის მჭახე ფერებს ხედავ, ჭაობებზე დაშენებულ სახლებს, საიდანაც ადგილობრივები ეგრევე ფანჯრებიდან თევზაობენ, სანაპიროზე მოსწავლეები, შავ-თეთრ უნიფორმებში ჩაცმულები, ანტიკური არქიტექტურის ფონზე თითქოს ჰოგვარდის სტუდენტები არიან. წყალმცენარეები კი, ფრინველების დაწოლას რომ უძლებენ, თითქოს შენამდე თავისით იწევიან, დამეყრდენიო.
მახსოვს ვიბრაციის შეგრძნება ნავით სეირნობისას გამვლელი ნავის ტალღებზე რომ გასრიალდები. ლურჯფეხა ჩიტები მახსოვს და მაქსის ჯადოსნური იღლია, საიდანაც დაუტენელი ელემენტი დატენილი გამოდიოდა.
ერთი ბიჭუნა მახსენდებოდა კიდევ, თურმე მარიამსაც. ორივეს გვინდოდა რომ მისთვის ეს ადგილი გაგვეზიარა. ჭაობები ძალიან მიყვარს და იქ იშვიათად მინდება ვინმესთან ერთად წასვლა. მაგრამ იმდენად მომინდა ამ ბიჭს ენახა, მთელი ჩემი ეგოიზმი გავაქრე და მარიამს ვუთხარი ოდესმე, თუნდაც უჩემოდ წაიყვანოს. და მერე ძალიან ბევრი ვიტირე რომ არ წაიყვანა. იმედია, არ ეტყვის.
ეროვნული პარკებიდან ყველაზე მეტად კოლხეთის ნაკრძალი მომეწონა. სამწუხაროდ, იქ შესვლის უფლება მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრიდან გვაქვს. ამ ცენტრში კიდევ ჩაწერებითაა და რომელ დღეს მოგიწევს რიგი არ იცი, ადგილი წასვლამდე, თბილისიდან უნდა დაჯავშნო. სისტემა ძალიან კორუმპირებულია. რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ჭაობის თხილამურების პრაქტიკა დახვეწის პროცესშია.
ნადირობაზე რჩევას ვერ მოგცემთ, მაგრამ ფირით ფოტოების გადაღების შემთხვევაში ლომოგრაფის ან ზოგადად ვადაგასული ფირის წაღებას გირჩევთ, ან ისეთის, სადაც შემოდგომის ფერები თავიანთ მჭახეობას გამოხატავენ.

მეორე დღის პრობლემა

როგორც კი მარტყოფში შევედით, ტკბილი სუნი მეცა. ალბათ მზის, მწიფე ხეხილის და შუამავალი ნამის გამო. გზაზე ჭაობების დანახვამ გამახარა, ძალიან მომწონს მათი თვალიერება. ჩემთვის ის ბოღმის სიმბოლოა, რაზეც შეიძლება ლამაზი ნაყოფი გაიზარდოს. ტყის განაპირა სახლში დავბარგდით, პირდაპირ აივნიდან იწყებოდნენ ხეები. პურის საყიდლად ანუ უახლოეს სოფლამდე მისასვლელად სამი კილომეტრის გავლა მომიწია. უკან კი გზა ამერია, ცრუ ბილიკმა შემიტყუა, მთასთან გაჩერდა და თეძომდე ბალახებში ცოცვა მომიწია. სახლს ბუხრიდან ამოსული კვამლით მივაგენი. კი არ ვარ ბუხრების მომხრე, მაგრამ მომეწონა. სუფრა თანდათან გაიშალა, ღვინო მალე გაგვითავდა. ჭაჭასთვის მისაყოლებელი წვენი აღარ გვქონდა, სამეზობლოდ მიტოვებულ სახლში ალუბლის დასაკრეფად გადავედი. სიბნელეს რომ თავი დავანებოთ, ჭექა-ქუხილი იყო. ძალიან მომწონდა რომ მეშინოდა. გემრიელი წვენი გამოვიდა, როგორც მეორე დღეს ხეებიდან პირდაპირ ქვაბში დამზადებული წითელი ტყემალი. მეორე დღეს ტყეში შევედით, ყვავილები დავკრიფეთ და ხეებს ვეცეკვეთ. განსაკუთრებით მომეწონა ხეების გვირაბი. მინდოდა დამუხტვა გამომეხატა და ლირიკული აბზაცი გამომივიდა.

თბილისში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ორი წლის ძმის შვილი მოვინახულე, ნიკოლა. მიბაძვის ასაკი აქვს და კანფეტი რომ მომართვა, შეეცადა ჩემთვის შეფუთვისგან გაეხსნა. მე კიდევ მადლობის თქმა დამავიწყდა. აბა რა უნდა მითხრაო, მადლობაო. დავფიქრდი, რა იშვიათად ვიმადლი ზოგადად. ამბიცია მაქვს, რომ მეკუთვნოდა. ერთი გოგო გავიცანი მარტყოფში. ორსულად იყო, მაგრამ არ ამხელდა, სიტყვებით ლავირებდა. მაგრამ მე რას გამომაპარებდა, იმდენ ორსულთან მაქვს სისტემატურად მჭიდრო კავშირი, რომ ლამის აქეთ ცრუ ორსულობა დავიმართო. უი, ჩემი ძველი თანამშრომლის ძაღლს ჰქონდა ცრუ ორსულობა. იმდენ დროს ატარებენ ძაღლები ადამიანთა სამყაროში, რომ განწყობა უვითარდებათ. ნადირობისას საცხოველეთსაც ერჩიან ადამიანთა გამო, თავისიანებს ებრძვიან განვითარების ამბიციით. ჭაობის იდეაც ამიტომ მომწონს, სადაც გარდაცვალება დაბადებას ნიშნავს, რომ ბოღმიან წყალსაც აქვს დედობრივი ინსტინქტი, როგორც მე ვეძახი, გარდასახვის.

როგორც კი მარტყოფიდან გამოვედით, წვიმდა. სადღაც კილომეტრი სიმშრალე იყო, მერე კი ისევ წვიმდა. მინდოდა გადამეხვია გზა, რომ სახლში მალე მივსულიყავი. მეორე დღის პრობლემა მაქვს. იშვიათია, თუ სადმე წავედი და მეორე დღეს იქიდან გამოქცევა არ მომინდეს. თუ მეორე დღე გადარჩა, მესამე დღეს ეს აუცილებლად ხდება. რა ძალიანაც არ უნდა მიყვარდნენ ჩემი მეგობრები, უმეგობროდ ყოფნა მენატრება. ჩემში ეს დისტანციის სურვილი ხშირად მიქმნის პრობლემას, რადგან არ მყავს ისეთი მოლაშქრე მეგობარი, ერთ დღიანი გასვლები რომ უყვარდეს. საქმე ისაა, რომ მოძრაობა მიყვარს, ორი დღით ერთ სივრცეში გაჩერება ჩემთვის მდინარისთვის ჭაობში ჩადინება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ხანგრძლივი გასვლების მოყვარულ მეგობრებს ძალიან ვუყვარვარ. რადგან არასდროს წამომყოლიან იმ ადგილებში სადაც მე მინდა, არ მახსოვს ტური დამეგეგმოს და მოსწონებოდეთ. ასე რომ ყველაფერი სამართლიანია, სინდისი არ მქენჯნის. უბრალოდ მწყინს, რომ სიარულში ვერ ვეწყობით და მაკვირვებს, რომ სტაბილურ ადამიანებს ვიყვარებ. დავწერე ის, რაზეც ფსიქო-თერაპევტს გავესაუბრებოდი პირველ სეანსზე, მათი რომ მჯეროდეს.