ეჭვები ცარიელ წრეზე

სვანეთში ვიყავი. იქ ერთი ადგილი იყო. აქეთ-იქით მწვანე მთები და შუაში ერთი ლანდივით ღია ნისლისგან. ქვემოთ კი ჭუჭყისგან შავი, ან წვიმისგან და სისწრაფისგან შავი მდინარე. და სერი ქვები. თან ძალიან გოთიკური და იყო და თან მშვიდი. ის ადგილი წამით გავიარეთ. მანამდე ცუდად ვიყავი, დაჭიმული კანკალით და ეს რომ ვნახე, სხვანაირად ვიგრძენი თავი. დავცარიელდი, არა და თითქოს პირიქით, სიბნელეს უნდა დავეთრგუნე. უკვირდათ, ხასიათზე რატომ მოვედი. მე ვიცოდი, ჩემნაირი იყო ადგილი და ჩემნაირის პოვნით, დავმშვიდდი. ალბათ ადამიანებს გვაქვს მოთხოვნა მეს აღმოჩენით გაწმენდის. ეჭვიანობამ დამიკარგა ვნება. ერთი. ორი. სამი. ეს მე უკვე გავიარე, დავტრიალდი და იგივე ვარ. წრეზე ყველას ერთნაირად ვხვდები.

წრიული

ნუ გეშინია ჭექა–ქუხილის,
ღმერთი არ არის.
უბრალოდ ასე იგონებენ მასწავლებლები.
არავინ ეფერება მათხოვარ ბავშვებს
ჩემი ქუჩის წინ. ხის კუნძებზე
ვეთამაშები ჯეირანს.

შევუშვირე ხელი
პლიტაზე დენგამტარ სპირალს,
ვსუნთქავდი ჩაიდნიდან გამოსულ ორთქლს
ამინდის ლოდინში.

ვბორძიკობ და
საკუთარ საყელოს ვეყუდები.
ვფიქრობ, გითხრა, რომ
გიღალატე.
მეტი არასდროს გამიშვა მარტო.

გრძნობების ეპილაციას ვიკეთებ.
საყელოებამდე ჩამოწოლილ ქუთუთოებზე,
ვენაში გადასხმულ დეენკაზე,
ფაიფურით შეცვლილ კბილებზე
და მომწონს.

არ მეცინება.
ჩემი ემოციები ფორმას კარგავენ, –
დეფორმირდებიან ოთხკუთხედებად.
მე ვთვლი, იცი ჩემი სისუსტეები
და ამიტომაც ვტრანსფორმირდები.

რენდგენი.
აჩონჩხლილი ძვლების ფონზე
საკუთარ სულს ვხედავ.
–ექიმო, ანთებულ მონიტორს
ხელებს მივადებ! –
მცივა.