“მარფავ, მარიამ და პელაგიამ, – ლაზარეველნო დებო, მიეახელით თქვენს ძმას ლაზარეს და ჰკითხეთ:
– ლაზარე, ძვლები ხომ არ გტკივა?
– არა, დანო, არ მცვივა კბილები და არ მტკივა ძვლები, – შეგილოცავ მონა ღვთისას ლაზარეს, რომ არ გცვიოეს კბილები და არ გტკიოდეს ძვლები ამ წუთიდან, ამ დღიდან, ამ ცხოვრებიდან.
აღარ სტკივა ლაზარეს ძვლები, სტკივა კატას და ძაღლს მთელი მათი წუთები, დღეები და ცხოვრებები ტანჯვით და წამებით, მაგრამ არა ლაზარეს,” – შელოცვაა კბილის ტკივილზე სანამ არაყს პირში დაიგუბებდნენ.
შელოცვა იკითხება სამჯერ.
არაყი ივლება სამჯერ.
სიჩუმეა. სიჩუმე, რომელიც გავხდი. საკუთარი თავიც კი ცალმხრივად მიყვარს.
სიჩუმე, რომლებიც ვამბობთ:
“ჯოჯოხეთი სავსეა, მე დედამიწაზე ვარ”.
მაგრამ ლაზარეველო ძმაო,
“გახსოვდეს, ტყვიას გაქცეული ირემი და გახსოვდეს, ოდესღაც ირემი იყავი.”
ღრმად დაიმალე, დედამიწა წრეზე ტრიალებს.
ტკივილი ამოწურე.
Tag Archives: წრე
სიმონა
“ყველაზე რთული იცი რა არის? როცა დილით იღვიძებ და მიზეზს ეძებ გასაღვიძებლად. ზოგჯერ იგონებ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძილს იბრუნებ. ძილის დაბრუნებაა ყველაზე ცუდი, – ღამე შეგროვილ ენერგიას სულ ძილში ხარჯავ. მერე წყალს ვივლებ”, – მერამდენედ მიტრიალებს დილით თავში ეს აზრი. და მერე წყალს ვივლებ.
სადღაცას წავიკითხე, ფიქრები წყლის მეშვეობით შემოდიან სხეულში და მოძრაობენო. ვიბადებით მასე, სითხით და მერე ვაკვირდებოდი წყლების კრისტალებს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სხვადასხვა რელიგიებში ლოცვებისას მათი ფორმა სტერეოტიპულად განსხვავდებოდა.
ჯერ ერთი ადამიანი იყო, ფერების ვიზუალიზაცია რომ მოახდინა და ამბობდა: “ახლა იმას კი არ ვიცვამ, რაც კარგად გამოიყურება, არამედ რაც კარგად ჟღერსო”. ამ ფრაზაზე გავიღიმე და მეგობარს ვაჩვენე და იმასაც გაეღიმა.
ერთი ესსეს პაროდია რომ გავაკეთო, ხატი, არჩევნების გამო მოწყობილი მიტინგების, სახალხო გამოსვლების დღეს, ცარიელ მონიტორთან მჯდარი ადამიანის პოზისა, ოდესღაც ოცდამეერთე საუკუნის ანთროპოლოგიაში დამსახურებული ადგილით შევა.
ხოლო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იძულებითი სცენარია მხოლოდ, სიცარიელის შესავსებად მიმართული უწყვეტი ფიქცია, არა მხოლოდ ეკრანის სიცარიელიდან, არამედ, გონებრივ მონიტორს მიჩერებულები სიცარიელეში რომ ვუცდით გამოსახულებას.
ეს მაღლიდან, მაგრამ ერთხელაც მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთის შესწავლა მოვინდომეთ და გადავწყვიტეთ მიკროსკოპი გვეყიდა.
მანამდე კონფერენციებზე გამოტანილი ტვინის რუკა დავათვალიერეთ. ის ჩიზბურგერს ამერიკანოს აყოლებდა, მახსოვს, როცა დაავადებათა ნამდვილსა და ილუზიურ გამოვლენებზე მითხრობდა:
“ტვინი სულ რომ ნაწილებად დაჰყო და მიკროსკოპით უჩხიკინო, შიგნით მაინც ვერაფერს ნახავ, ცარიელია. მაგრამ ინჟინერია, სიცარიელე, როგორც გამოსახულების შემოქმედი”.
“სიცარიელე და ღმერთი ბევრ რელიგიაში ერთ ცნებად აღიქმება, ისევე, როგორც შემოქმედი და ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – გამახსენდა და ქალაქის შუაგულში სულ ყავის გემოთი ვათრიეთ გიტარა, მერე თქვა, რომ მწვანედ შეიღებავს ისედაც მოკლე თმას. გავიცინე, რადგან მიმიკები არ ჰქონდა და უმოძრაო სახეზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულს დაემსგავსებოდა. მერე სხვაც შეგხვდა და სამივემ ვიცინეთ.
“ვეღარ ვწერ, – ისევ ამოიღო ხმა, – რადგან ჩემი ფიქრები დღის მანძილზე ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება, გონებაში ბანკების გადასახადების ქსელები იხაზება: სად შევიტანო, რომ მერე გავიტანო, რომ მერე შესატანი იყოს, ოღონდ გატანა ხერხდებოდეს და ა.შ. და როცა თითოეულ ლარზე ვფიქრობ, ფიქრები იმდენად იტოტებიან, რომ მომიცავენ და მე სხვა რამეზე უკვე ვეღარ ვწერ.”
“მაგაზე დაწერე. საინტერესო მოთხრობა გამოვა ადამიანზე, რომელიც არ არსებული ფულით, კრედიტით ცხოვრობს და იქსაქსება”.
“კარგი აზრია,” – ენთუზიაზმი გამომდის ხოლმე, მე კი ორი კაცის, ბოდრიარისა და ჭილაძის, ენა მომწონს: როცა პირველმა ოქროს ვერძი იმას შეადარა, კაცმა რომ ბავშვს პირველად ხელი გაარტყა და ცოლმა ქმარი გააღვიძა, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია და ეს იყო პირველი ჭაღარა, რომელიც ნახა.
ბოდრიარმა კი მოქალაქეები ბევრ ტვინებად დახატა, ინტელექტუალურ სიცარიელეში მცხოვრებ სივრცეებად, ხოლო ისინი, დროთა განმავლობაში ვინც გაირიყა, ე.ი. მანამდე მასობრივი ინფორმაციის სხვა მხარეს მოხვდა.
მერე ისინი უსაქმურები გახდნენ, ხოლო უმუშევართა შთამომავლობას იმ ქალაქში დაასახლებენ, სადაც ინფორმაციული ქსელები იმატებს და გარიყულნი ხდებიან შრომის სამყაროდან. მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ისინი ჩვენ გამოვკეტეთ, არამედ ის, რომ ისინი ვხდებით.
“სიმონა” ალბათ გინახავთ, მშვენიერი ფილმია კაცზე, რომელსაც საკუთარი “ქალი პულტით” სულ უღებს ბოლოს, სხვის სამართავად შექმნილი კომპიუტერი მას აკონტროლებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ბოლოს.
“ჩემი სიზმრები გამახსენდა, სადაც გამოცანებს მისვამენ, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, პასუხს ძლივს ვპოულობ. რომ ვიღვიძებ მიკვირს შეყოვნება, კითხვა ხომ ჩემივე მოფიქრებული იყო ძილში”.
“ანუ ცხოვრებაშიც ასეა? თუ ცხოვრების ინჟინერი ტვინია, ხშირად ისეთ პრობლემებს გვახვედრებს, რასაც ვერ ვუძლებთ და ვხლართავთ, როცა მისივე გადაწყვეტა წინასწარ ვიცით?”
“მოდი, დღეს ისევ ვისნობებ და მომავალი ვნახოთ. ნეოპლატონიზმიდან მიღებული რელიგიები ვნახოთ: სამყაროს ოთხივე ელემენტი ადრე აბსტრაქცია იყო, ხელშეუხებელი იდეები, მერე კი მატერიად იქცა. იქნებ შესაძლებელია სხვა აბსტრაქციის ფიზიკურად აღქმაც?”
“ანუ ფიქრობ, რომ სიყვარული, სიძულვილი თუ ნებისმიერი აბსტრაქტული საგანი დროთა განმავლობაში მატერიალურ ფორმად გარდაისახოს?”
“თუ წინა თეორია სიმართლეა, ეს მომავლის სავსებით შესაძლებელი გზაა. შეიძლება აურაც მიებათ ადამიანებს და აზრები ეწეროთ შუბლზე. ეს ნებისმიერი იდეის ფიზიკურად ქცევის მაქსიმალიზაციაა”.
“ანუ მწვანეთა მოწოდებები, რომ დავუბრუნდეთ ბუნებას და აბსტრაქციას, წარსულში უკანსვლით წავსლაა და მსგავსი უკიდურესობა ადამიანს დაბოლოების მორიგ მცდელობაში მოხვედრილ დასაწყისად აქცევს? ადამიანია, რომელიც წარსულში ცხოვრობს?”
“ჰო, წარმოიდგინე აბა, საუკუნეების მიღწევები გააქრო და ახლიდან დაიწყო ცხოვრება მერე, ისევ მატერიალიზმისკენ არ წაგიყვანს? მერე სადღაც შუა გზაზე მიატოვებ და ახლიდან დაიწყებ. იდეების სამყაროში მოხვედრა ისედაც გექნება, უბრალოდ, გავიჭრათ წინსვლისკენ, კოსმოსისკენ, იქნებ მართლა აღმოვაჩინოთ შემოქმედი და როცა კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მატერიებს სულ ამოვწურავთ, იდეებისკენ მერე დავბრუნდეთ. არ ვიცი. არ ვიცი.”
მე კაბაზე ჩამოვისვი ხელი და ბოლოებში მოვჭმუჭნე, ნაკეცები მის ხელებს გადავაფარე, გაურკვევლობისგან რომ კანკალებდა:
“მე ამაზე პასუხი ვიცი, ჩემი ტვინი ხომ ამ კითხვების ინჟინერია, უბრალოდ დამავიწყდა.”
“ახლა პასუხები წიგნის ბოლო ფურცელზე გვეწერია, ცხოვრება ალგებრის სახელმძღვანელოს ჰგავს, შეიჭყიტე”.
ქურდის ქუდი
საკუთრების შეგრძნება არ მაქვს.
ბავშვი რომ საკუთარ თავს სახელით მიმართავს, პირველს მესამე პირში რომ აღიქვამს და სარკეში გაკვირვებით უყურებს თავის ტყუპისცალს, ისე ვარ. ოღონდ, რა თქმა უნდა, კონტექსტის გადატანით პლანში. საკუთარ სახელს იშვიათად წარმოვთქვამ და სარკეშიც შეგნებულად ვიყურები, თუ მაღაზიის კარის მოპირდაპირე მხარეს არ ჰკიდია და გასასვლელი მგონია და გავდივარ, რა თქმა უნდა. იმედია, თქვენც დაგმართნიათ. უხერხული მომენტია, ვერაფერს იტყვით.
კარებზე გამახსენდა, ეგოისტურ არქიტექტურაზე გსმენიათ ალბათ, გია სუმბაძემ რომ დაარქვა, თბილისური ბინების მიშენებებს, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ მოქალაქეებმა ერთბაშად რომ გამოიჩინეს დიზაინერული ნიჭი: ფანჯრები ამოქოლეს, აივნები შემოსაზღვრეს, კედლებიდან ოთახები საჯდომივით გამობერეს და სხვა. პროექტის ავტორი არ მახსოვს, გულმავიწყობას მიაწერეთ, საკითხი წამოჭრა, ყველა მოქალაქისთვის გარკვეული თანხის მიცემა, რათა ყველას შესძლებოდა ინდივიადუალური დიზაინით ბინა შემოესაზღვრა. პროექტი, რა თქმა უნდა, არ დაუფინანსეს, თუმცა იდეის ფარგლებში კონკურსის ჩატარება, ვფიქრობ, სანახაობრივი გამოვიდოდა.
კომუნიზმს დავუბრუნდეთ და საკუთრების შეგრძნება, ეტყობა, მას შემდეგ არ მაქვს, რაც კლასელებს ვუწერდი თემებს, იმათ დებს, მეზობლებსა და ნაცნობებს. ცოდვა გამხელილი სჯობს და თუ თემების პლაგიატით ვერა, ალგებრის გადაწერით მაინც ”დავიკვეხნი”, თამასუქად რომ ვიღებდი, კეთილი დაბანდება ჩანდა. დროთა განმავლობაში საკუთარი პროფესიები ვარჩიეთ, თუმცა ნაშრომების სხვათათვის დაწერა, თანაგრძნობის გამო მოვიდა და მემრკანტილური ზრახვები არ მქონდა.
წლების მერე შევამჩნიე, რომ თანდათან მიჩნებოდა მზარდი სურვილი, საკუთარი აზრი თუნდაც სხვათა თემებში მომექცია, რომელსაც ”კოპი-რაიტი” მოკლებული ჰქონდა, აი, ის, ფრჩხილებში ჩასმული ლათინური ცე და საავტორო უფლებები სხვისთვის დამეთმო. ამჯერად, ვეჭვობ, რომ ეგოს უგულველყოფით ზედაეგოისტური შრე გამოვხატე. თუმცა თავად კონსპექტებსაც ჩემი სიტყვებით ვყვებოდი და მეგობრები დამცინოდნენ, ამ კვაჭაძის მორფოლოგიას ისე ჰყვები, თითქოს მეზობლის თავგადასავალიაო.
სხვა სახის პლაგიატს დროთა განმავლობაში შევეჩეხე, როცა კამერა ხელში დავიჭირე და გადაღება დავიწყე. საიტებზე გამოქვეყნებას ვერიდებოდი, არა იმიტომ, რომ წართმევის მეშინოდა, თავმდაბლული მოსაზრებები მქონდა და მიჭირდა. ამიტომ ფოტოების შესახებ მხოლოდ მე და ჩემმა მოდელებმა ვიცოდით, სანამ სოციალურ ქსელებში არ ვიპოვნე სხვათა ავტორობით. მაშინ მე ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა მოდელთან საუბრებში ახსენეს, რომ ცნობილი ფოტოები იყო და არც ქართული. ვერ ვიტყვი, რომ თავი შეურაცჰყოფილად ვიგრძენი და საკუთრების დაბრუნება მომინდა, არც დავინტერესებულვარ, გამეგო ვინ იყვნენ. პირიქით, კომპლიმენტად მივიღე და საიტი შევქმენი. როგორც ჩანს, ქურდობა ზოგჯერ ბიძგია საკუთრების დასაფასებლად. მერე პიროვნებაც მიითვისეს და სოციალურ ქსელებში ჩემი სახელით დაიწყეს წერა.
მე კი ისევ გავნაგრძობდი გაოცებას მეგობრებზე, რომლებიც ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ ან მესაკუთრე წყვილებზე, რომლებსაც ვნება აერთიანებთ, და მივხვდი: ეგოისტი მას შემდეგ გავხდი, რაც ამბიციის პლიუსებზე მაფიქრებინეს. ანუ ძალით ვქაჩე, ვქაჩე და ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღებისთვის ბრძოლა ნულიდან დავიწყე. ეს კი დიდი ხნის მერე მოხდა, როცა ჰაერში სანგვინიკის ”მკიდია” ფარფატს საგნებთან მჭიდრო კონტაქტი მარჩევინეს და შეძახილმაც ხე გაახმო. თავიდან ეგოისტის მხოლოდ როლი მოვირგე, თუმცა ხანდახან მგონია, რომ თვისების მიძინებული სახე გამოვაღვიძე. დავიბენი.
ისე კი საინტერესო ისტორია აქვს პლაგიატიზმს. თუ არ ვცდები, ლათინური სიტყვაა და მიტაცებას ნიშნავს. უკავშირდება მონურ პერიოდს, როდესაც თავისუფალ ადამიანს ყიდიდნენ. დღეს მას დამამცირებელი ქვეტექსტით ხმარობდნენ, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ იყო. ეს პერიოდი საქართველომაც გაიარა რენესანსული ყვავობის ხანაში, როცა ვინცა რუსთველსა არ ბაძავდა, პოეტი არ იყო. დამოკიდებულებამ წრეზე ტრიალს რომ ანება თავი, პიონერი სულხან-საბა აღმოჩნდა თავისი მოგზაურობის დღიურებით და სხვა ნიმუშებით. პროზით მან საქართველოს რუსთველის სტილი დროებით მიავიწყა.
პლაგიატიზმის წრე ბევრმა ქვეყანამ განვლო, თუმცა დღეს, არა თუ ის, ავტორირეტის ყოლაც კი დასაძრახად ითვლება. განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როცა აწ მიღებული განათლება განათლების მიღებაში დამაბრკოლებელი გახდა და მოდერნიზმის ხანაში საკითხის ფუტურისტული დამოკიდებულება გამოიხატა. პოსტმოდერნიზმის ხანაში კი ზოგნაირი პლაგიატიზმი, როგორც ცალკე ჟანრი, ისე იქნა დახასიათებული.
ბონუსად, ფოტოგრაფების საყურადღებოდ დავწერ. ერთი საიტის ლინკს შემოგთავაზებთ, რომლის მეშვეობით, შეგიძლიათ სასურველი სურათი იპოვნოთ. შევამჩნიე, რომ იწერება იმ პროგრამების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულ ნაწერებს ეძებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება საკუთარი ფოტოების უცნობ ადგილებში აღმოჩენის ცდაც. დღეს მსგავსი დანიშნულების ბევრი საიტი თუ პროგრამაა, თუმცა კმაყოფილი არ ვიცი რომლით ვარ. ძებნას გავნაგრძობ, უფრო იმის გამო, რომ ბევრი ნანახი საიტის მისამართი შევიხსენო. წარმატებას გისურვებთ.
მზისა და მთვარის ტანტრა
”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი.
არ იყო სხვა არაფერი… მან გაიფიქრა: ”ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…
მან შექმნა სამყაროები… მან გაიფიქრა:
”აი, სამყაროები. ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)
ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის დუალიზმის რაობაში მევლინება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ: ქრისტიანის დებულებას, – ჩემკენ თუ არ ხარ, მათკენ ხარ, – ბუდიზმში დუალისტური, შუალედური პოზიცია უჭირავს. უძველეს ხანაში, როცა არაფერი იყო, ჩვენ ერთნი ვიყავით არაფერში, მერე ნაწილებად დავიშალეთ და რაღაცასთან ერთად ასე ვიქეცით. არსებობს ერთიანი სამყარო, ისინი მიზიდულობის კანონით ერთმანეთს უკავშირდებიან. შესაბამისად, მოქმედების ძალაში ერთიანობა დევს. ერთი სული იყო და ერთი თიხა, შემდგომ სხვადასხვა სახე რომ მიიღო. აი, ამიტომ, ადამიანები უნდა გვიყვრდეს. ჩემსა და შენს შორის არაფერია. კარმის კანონიც აქედან მოდის: სხვას თუ უშავებ, შენს ნაწილს უშავებ, უბრალოდ, სხვა რაღაც აცვია, ამიტომაც, არ შეგერგება და იგივე დაგემართება. ქრისტიანს შეუძლია ქრისტეზე მთელი დღე ილოცოს, ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, მაგრამ კარმის კანონის თანახმად, ამით ბედს ვერ შეცვლის, კარმა მისი საქმეებითაა აწყობილი. ის მაშინაც იწყობა, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს. თავად სიტყვა წარმოსდგება სანსკრისტული სიტყვისგან და კეთებას ნიშნავს. ის არაა შურისძიება, არამედ შრომაა. იწყება იმ მომენტიდან, როცა სული და მატერია ერთმანეთს უწონასწორდება და მთავრდება, როცა სული ხელმეორედ უთანაბრდება მატერიას.
ტანტრა აჩვენებს რა გამოცდილებას განიცდის პიროვნება შუამავლურ პერიოდში ყოფნისას, გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადებას შორის. მხატვრულად რომ ვთქვა, სამომზადებლო პერიოდია მოსამზადებელი ხანისთვის. ტანტრას ლოცვის სახე აქვს, რომელშიც ბუდა მოწაფეებს გადასცემს თავის დოქტრინას. ვინაიდან, ბუდიზმი რელიგიაა ღმერთის გარეშე, სადაც ღვთისა და ეშმაკის საწყისი ადამიანის გონს წარმოადგენს, შესაბამისად, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სიცოცხლეშივეა, მათი შუალედური პოზიცია კი ეგრეთ წოდებული, ნირვანა, გასხივოსნება. მათი რწმენით, სამყაროს სქესობრივი კონტაქტი ამოძრავებს, არა მხოლოდ მატერიალურ, მის აბსტრაქტულ გამოვლინებებშიც. შავისა და თეთრის შერწყმით (აქ ინი-იანურ პოზიციაზე მივდივართ), ღმერთებად ვიქცევით და თუ ჩვენში უპირატესი ძალაა, ის-ღა დაგვრჩენია, ვილოცოთ ერთმანეთზე. სექსთან მივდივართ. სექსთან ადამიანური გამოვლინებებით და ბუნების მოვლენების შეჯვარებასთან. ტანტრას დროს იქ ხარ, სადაც არ არსებობს არც დადებითი, არც უარყოფითი. რადგან დადებითი და უარყოფითი მხოლოდ მათი ურთიერთკავშირით ისაზღვრება, ხოლო სექსის დროს მამრობითისა და მდედრობითის ცალკეული აღქმა არ ხდება. არც ღმერთია სხვადასხვა და ცალკეული. მაგალითად, რამაკრიშნა ამბობდა, რომ ღვთის ბუნებაზე არანაირი სხვადასხვა შეხედულება არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი რამდენადაც წვდება ღვთის ბუნებას, იმდენადვე აცნობიერებს მას და სახავს თავის წარმოდგენაში. ამჯერად, ბუდიზმზე მინდა გესაუბროთ, ტიბეტის ბებერ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.
მზისა და მთვარის ტანტრა ეზოთერულ სწავლების წრეში ერთ-ერთია და მზესა და მთვარეს აუღლებს. ფსიქიურისა და გონების შერწყმაზე მიუთითებს. პლიუს, თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებები, ეზოთერიკთა სიტყვებით რომ ვისაუბროთ, სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთიდაიგივე ადამიანი. მათი კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ბუნების ერთიანობის კანონთან მივდივართ, სადაც ყოველი ქვა, პლანეტა თუ ადამიანი ერთმანეთზე მიჯაჭვულია და შეერთებას საჭიროებს. მზისა და მთვარის ტანტრა ლექსად დაიწერა და დასაწყისში იოგის მიღებისთვის ამზადებს, საუბრობს რა ”არსით მოსულსა და არსით წასულზე”, რითიც უკვე ძლევამოსილი ვაკუუმის განდიდებას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ტანტრაზე მეტი ვისაუბროთ, ჯერ იოგის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას.
პატარა ჭრილი რომ გავაკეთოთ და იოგაზე რომ ვთქვა ორიოდე სიტყვა ზოგადად, რთულია, თუ არ ვიცით მისი სახეობები ცალ-ცალკე. მაგალითად, ჰათჰა იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების, მზისა და მთვარის სუნთქვის (მოჰამარის თემაში რომ აქვს აღწერილი) ცოდნაა. იმისთვის, რომ სულს მივხედოთ, ჯერ ანატომია უნდა შევისწავლოთ დევიზით, – მე თვითონ ვარ ჩემი ორგანიზმი. სუნთქვის ვარჯიშებით გამომუშავდება ”პრანა” ანუ სასიცოცხლო ძალა. იოგით მიიღწევა ჰიპნოზური ტრანსიც. ამით ვაღწევთ არა მხოლოდ ორგანიზმის კონტროლს, არამედ ნებისყოფას ვიმუშავებთ. ორგაზმის კონტროლზე კამა იოგა ზრუნავს. რაჯა იოგას ჰათჰა იოგისგან განსხვავებით პიროვნების სული აინტერესებს. ”მეს” შემეცნებით ხდება შემდგომ ”მეს” გაფართოება. მისი შეცნობა იწყება მედიტაციის მდგომარეობაში გადასვლით, როცა ყურადღება კონცენტრირდება საკუთარ ინდივიდუალობაზე. ხდება სხვათა აზრების განდევნა ირგვლივ და თავის ”მედ” აღქმა, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. ამ დროს ”მე” აღიქმება, როგორც თვისებათა სახლი მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე. კონცენტრაციით ვცდილობთ, რომ აზრები მოდიოდეს ”მედან”. კი არ უნდა ითქვას, – ”მე ასე ვფიქრობ”, არამედ, ”მე ვარ”. ვარჯიშის მეორე სტადიაა ყურადღებიანობა, როცა ვცდილობთ, დეტალურად შევისწავლოთ ნივთები. თვალის ხეტიალიდან დეტალურ მზერაზე გადავერთოთ. ხდება მოვლენენების თანმიმდევრობით დამახსოვრება. ვიღებთ თემას და ვმსჯელობთ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ საკითხზე ყველაფერი ვიცით. შემდეგ უინტერესო თემას ვიღებთ და ვაკეთებთ უსიამოვნო საქმეს, მისი გამოსვლის შემთხვევა თავდაჯერებულობას მატებს. ჰათჰა იოგას დასკვნითი პოზაა სავასანა. ვჭიმავთ და ვადუნებთ კუნთებს, იმ იდეით, რომ ზოგ რამეს ვერ მივხვდებით, თუ არ შევიგრძნეთ. კრიტა იოგა ეს კავშირია მომავალთან. ამ დროს ენერგიას იღებ არარსებულიდან, არამედ, მომავალში არსებულიდან. იგი ეტიმოლოგიურად და შინაარსითაც უკავშირდება ქრისტეს. იოგას შეუძლია კარმა ააჩქაროს ან აანელოს. მთლიანობაში რომ განვიხილოთ, იოგა გათავისუფლებაა მიჯაჭვულობისგან. მიჯაჭვულობა ხომ არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება. ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძვნება. მასში სიძულვილიც განხილულია, როგორც მიჯაჭვულობის სახე.
დავუბრუნდეთ თემას, მზისა და მთვარის ტანტრის მეორე ნაწილში სიკვდილის მანიშნებელ სიმბოლოებს (ჭეშმარიტება ანუ ღმერთი ქვეყნად ხომ ისედაც სიმბოლოებით ეძლევა ადამიანს, ირიბი სახით, რაც საშუალებას იძლევა ჩვენივე განვითარების დონის მიხედვით იყოს აღქმული) აღწერს და მისი დაძლევის ცდაა, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აღნიშნულ სიმბოლოებს ამჩნევს. აღწერს ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით, ცხვირის ფორმითა თუ ენაზე მკითხაობით. ასწავლის სიკვდილის, როგორც რადიკალური წერტილიდან, საწინააღმდეგო მხარეს სიარულს. მეთოდები აღმოსავლურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, თუმცა, მიხვდებოდით, ექიმბაშური სახე აქვს დარჩენილი. ტანტრაში სიკვდილის მატერიალური პროცესები წარმოდგენილია სამყაროს ოთხი ელემენტის ერთმანეთში გახსნად: მიწა მიწაშია, წყალი წყალშია, ცეცხლი ცეცხლშია, ჰაერი ჰაერშია. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლის თანმხლებია ტემპერატურის დაცემა და კიდურების გაშეშება. ვასკვნით, რომ სიკვდილის მომენტში ხდება შემდგომ შესაძლო ვარიანტთა წარმოდგენა და უნიფიცირება. ტანტრაში იგავ-არაკთა მსგავსად არის ცხოველები თუ უსულო სხეულები გამოყვანილი, როგორც რეალურად სულის მქონენი.
მზისა და მთვარის ტანტრის მესამე ნაწილში საუბარია ბარდოს (სულის მდგომარეობა სიცოცხლიდან ხელახლა დაბადების შორის) მორგებაზე განუყოფელ რეალობასთან. ამ მდგომარეობაში პიროვნება ხედავს მანდალას, ანუ სამყაროს წრის სახით, შეკრულ სამყაროს, ათვლის წერტილი რომ არ გააჩნია. იგი ვიბრაციისა და ნაპერწკლების სახით იხილება. მულტი ფერიანი, ყველაფერიანი სინათლე არის, გულიდან გამოსული. პიროვნებას მისი შეგრძნება ასტრალური სხეულითაც შეუძლია, თუ მას ფიზიკურ ტანს მოაცილებს, ანუ იმ ტანს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომლითაც ღმერთმა შემოსა ადამ და ევა, შიშვლად რომ აღიქვეს თავი, მაშინ. ბუდისტური ტანტრა მსგავსია, რაც ქრისტიანისთვის ფსალმუნია. არსებობს თვალსაზრისი, რომ ასტრალურ სხეულს ადამიანი ძილის პერიოდში გრძნობს, ოღონდ ისინი, ვისაც განვითარებული აქვთ მასზე კონცენტრირება. მოცემულ ტანტრაში განიხილება იმ ნაგრძნობი, მულტი სინათლის აღქმის რვა გზა. გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, თუ პიროვნება გააცნობიერებს ამ სინათლის ისედაც მასში ყოფნას. როგორც მიხვდით, ის სინათლეა აღწერილი, მომაკვდავებს რომ ევლინებათ გვირაბის ბოლოს. თუ პიროვნებამ ეს სინათლე ვერ აღიქვა, შიში იცავს და შემდეგ ბარდოში, არსებობის მდგომარეობაში გადადის.
ტანტრას შემდეგი ეტაპი არსებობის ბარდოს განხილვაა. ის პროცესი, რა სამზადისსაც გადის სული ახალი სხეულისათვის. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია, იმავე გაგებით, რომ სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. ეტაპს არსებობის ბარდო იმიტომ ჰქვია, რომ პიროვნება საწყისის ექვს ტიპს ხედავს: ღმერთსა და ნახევარ ღმერთებს, ცხოველებსა და მშიერ სულებს, ჯოჯოხეთის არსებებსა და ადამიანებს. ასევე ზოგი ნახავს ტაძრებს, ხალხის მარაგს, უფსკრულებს, უდაბნოებს, ციხეებს, შენობებსა და ჟლეტვას. ეს სამი ხილვა განაპირობებს ადამიანის შემდგომ დაბადებას, მისი მომავალი საშვილოსნოს არჩევას. დავსძენ, რომ იმას, თუ რას ვნახავთ ბარდოს მდგომარეობაში ვედების შეხედულებით, დამოკიდებულია სიკვდილის უკანასკნელ სურვილზე, უკანასკნელი სურვილი კი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავთ, რომ აქ ერთგვარი წრე იკვრება და ამ მანდალურ წრეზე ვსაუბრობდი წეღან. ამ ტანტრაში მოცემულია ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც უფრო აწყობს, შეიძლება მტანჯველი, მაგრამ პიროვნების ფუნქციაა გააცნობიეროს, რომ ეს ტანჯვა მას აწყობს. ეს იდეა ბევრი თანამედროვე რელიგიისთვის მისაღებია, განსაკუთრებით ექსისტენციალური პერიოდისას. აქ უკვე გასარკვევია: რატომ ავირჩიეთ თავისთვის ტანჯვა? ბევრისთვის საძულველი ფრაზა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა და ყველაფერი კარგად იქნება, ამ მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. ბრძენი კი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაშივე ხვდება იმას, რასაც სიკვდილის მერე მიხვდება სხვა.
ამ ტანტრაში ძირითად თემად სიცოცხლე-სიკვდილისგან მკურნალობა იკვეთება. სიკვდილი, მთვარე, განხილული, როგორც უკიდურესად ნეგატიური მხარე, განხილულია, როგორც სიცოცხლისგან მარცხი. ეს, გადატანითი მნიშვნელობით ექიმის, მკურნალის, მარცხია. სიცოცხლე კი ისაა, რასაც ვეპოტინებით, ზოგ შემთხვევაში იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე გვიყვარს, უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა და სხვა ვარიანტს ვერ ვამჩნევთ. მზე ანუ ცეცხლი, სინათლე არის როგორც პირველადი სტიქია. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნო არ არის ტექსტში განხილული, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, არამედ, როგორც საპყრობილე. ტანტრაში სიცოცხლე შედარებულია სიზმართან, ილუზიასთან, ქართან. სიკვდილისას კი გამოყენებულია შედარებები: უჩინარი, შეუჩერებელი, უეცარი. ტექსტის კითხვისას შეგრძნება გრჩება, რომ სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად ცოტაოდენი სიკვდილიც აუცილებლად უნდა შეაზავო. ძენ-ბუდიზმი სვამს კითხვას: როგორ უნდა დააღწიო თავი შობა-სიკვდილის წრეს? საპირისპირო კითხვა დასვა: ვინ მომაქცია ამ წრეში? როგორ უნდა გათავისუფლდე ნაჭუჭისგან? მიხვდე, რომ თავად ხარ ნაჭუჭიც. ვისია სარკე, რომელიც მაჩუქეს: ჩემი თუ გამომგზავნის? ამ შემთხვევაში ”მეს” დაკარგვა ხდება და კოლექტიურ ცნობიერების მიღმა შევდივართ.
ეგოიზზე ვამბობდი, როგორც აზრის კონცენტრაციაზე კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე, აზრი კი სამყაროში ჩადებული ენერგიებიდან, რომლებსაც შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ენერგია თანაბრად გააჩნია, ყველაზე მკვეთრი აზრის (აქ აღსანიშნია, რომ ტვინის ფუნქცია აზრი კი არაა, არამედ აზრის დანერგვაა რეალურობაში) ენერგიაა. ამის გამო ადამიანი აზრების გამო ისევე აგებს პასუხს, როგორც მისი შედეგების, საქციელების გამო. მისი შიდა მიდრეკილებები ხომ წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოშვეს. თუ ადამიანი ეგოისტია და საკუთარ ოპოზიციას ანტონიმად ეკიდება, თავს გამოყოფილ არსებად აღიქვამს და დიდ ყურადღებას უთმობს თავს, მაშინ მისი აზრები არსადაც არ მიდიან, მის თავზე ტრიალებენ და ისევ მას აზიანებენ, როცა პასიურ მდგომარეობაში ნახავენ. თუ ის გარკვეულ ეგოისტურ აზრებს ხშირად ეძლევა და ისეთ დასკვნამდე მიდის, რომ მისი რომელიმე სურვილის დაკმაყოფილება მისთვის იმ ერთ-ერთ საარსებო მოთხოვნილებათაგანს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას ყოფნა არ შეუძლია, მაშინ ბოლოს ასეც მოხდება, მის გარეშე ვერ იარსებებს. ცნობილია, ადამიანის აუცილებელ მოთხოვნათა ძირითადი მატერიები: საკვები, წყალი, ჰაერი, ტემპერატურა. თუმცა მედიტაციის მნიშვნელობა იმაშიც ჩანს, რომ ადამიანი მათზეც ამაღლდეს. ციტატა რომ გამოვიყენოთ, ყველაზე დიდი ბოროტება ე.წ. მოხეტიალე აზრებია. ყოველი შეგნებული აზრი უკვე შეიცავს გარკვეულ ორგანიზებულობას. მაგრამ ყველაზე უარესია მცირე მოხეტიალეები, რომლებიც გზებს შეუგნებლად ანაგვიანებენ. ზოგადად, აზრებით და მათი შერწყმით საკუთარ ევოლუციას და მომავალს ვქმნით.
ამ აზრიდან ამოდის ტანტრული სექსი. თუ ტანტრა შეერთებაა, შეერთება ნიშნავს ორი ან მეტი არსების ერთ წრფეზე ისეთ განლაგებას, როცა მათ მოცემულ ადგილზე მყოფნი ერთი მიმართულებით იწყებენ აღქმას. ხოლო სადაც ორნი და მეტნი იკრიბებიან, მათი აზრები ერთიანდებიან, როცა მანამდე აღქმა ცალმხრივად ხდება. ეს იმიტომ, რომ ცნობიერების ფიქსაციის წერტილში მოვლენის მხოლოდ ის მხარეები ხვდება, რომლებიც გარკვეულ გრძნობებს იწვევს. როგორც გავიგეთ, ტანტრა არ არის მხოლოდ სქესობრივი კავშირი ადამიანებს შორის, უბრალოდ ადამიანთა შორის სექსი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ როგორც ესმით, ტანტრასა და სექსის გასინონიმება, არასწორია. თუმცა, როგორც ინდუიზმშია კამა-სუტრა, ტიბეტურ ბუდიზმში მის მსგავსს ცოდნას ტანტრა წარმოადგენს. ტანტრას თეორიის თანახმად, შეუძლებელია სექსი ცოდვა იყოს, ანუ პროცესი, რითიც ხდება შერწყმა და ახალი სულის შთაბერვა ხდება. ცოდვა მის არასწორ გამოყენებაშია. ეს კი ოფიციალური ქორწინების მიუხედავად ხდება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მის კანონიერობასა თუ ალეგალურობას. როდესაც სექსი მიზანი ხდება და არა საშუალება, ეს დეგრადაციაა, მატერიალურ სფეროში გაჭედვა. ასევე, იგი განიხილება, როგორც ენერგიის აღდგენის ეგოისტურ საშუალებად. როდესაც ერთი პარტნიორი მუდმივ გაცემაში იმყოფება და მეორე – მიმღებ მდგომარეობაში, ამით ორივე მხარე ცოდვილი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მის ლეგალურობას. მორალური მაზოხიზმიც, ისევე, როგორც სადიზმი, ბუდიზმში მატერიალური მიჯაჭვულობის სახედ ითვლება.
კაცის თვიური ქალის ციკლისგან განსხვავებით, თვიურად თესლისგან გათავისუფლებას წარმოადგენს. თუ ქალის თვიურზე მთვარეა პასუხისმგებელი, მთვარე, როგორც სიკვდილისა და ქვეცნობიერის სიმბოლო, კაცის თვიურზე მზეა კონცენტრირებული, მზე, როგორც სასიცოცხლო ძალა, ცნობიერება, მათი სასქესო ორგანოთა გარეთ და შიგა განლაგებების გამო. კაცის და ქალის ოვულაციათა მომენტში, ცნობიერი ჩადის ქვეცნობიერში, რათა ცნობიერში ამოიყვანოს ის. მამრობითის პერსონალური უმთვარო და ახალ მთვარეობისას, მამაკაცი ინტროსპექტული ხდება და განმარტოებას საჭიროებს. ეს პერიოდი ქალის მენსტრუაციის მსგავსია. ამ დროს ის შესაძლოა დაბალი ენერგიის მატარებელი იყოს და გრძნობს, რომ თავი დასვენებით გაანებივროს. შემდგომი ფაზა ოთხიოდე დღე გრძელდება და ინი-იანური პრინციპით, მასში ფემინური საწყისი ჩანს. შემდგომი 11 დღე სქესობრივი ანუ შემოქმედებითი ძალის მომატებას ემსახურება და ადის მწვერვლზე, რომელიც ქალური ოვულაციის მსგავსია. ეს მის პერსონალურ სავსე მთვარეობას ემთხვევა და ორიოდე დღე გრძელდება ახალ მთვარემდე. მისი მზის ციკლი ტესტოსტერონის ხარისხური აღგზნების დროა, რომელიც ყოველ 11 წელში იზრდება, იღებს მზის რადიაციას და მწვავდება. აღნიშნავენ, რომ ამ დროს კაცის სისხლი თხელი ხდება. მზეს 90 წლის ციკლი აქვს, რომლისგანაც პირველი 45 წელი პიროვნების აქტიურობას ემსახურება, მეორე 45 კი აქტიურობის შენელების ეტაპია. ამის მიხედვით, ასტროლოგიაში ადამიანის ცხოვრების სამი 30-30-იანი ეტაპი იყოფა, პერსონალური ჰოროსკოპის ნახვისას. მისი იარაღია განსაზღვროს მთვარისა და მზის ციკლი და ციურ სხეულთა ურთიერთობა მათ პერსონალურად მოარგონ.
დასკვნის სახით რომ ვთქვა, მზისა და მთვარის ტანტრა განხილულია, როგორც ინკარნაციის შეწყვეტის ცდები. ეს ტანტრაში ნახსენები მეტაფორებით ხდება. გიტოვებთ მზისა და მთვარის ერთობის მელოდიას. შემდეგ თვეში შევეცდებით ასტრალური სხეულის ან იოგის პრაქტიკული გამოყენება ვისწავლოთ, სხვა ტიპის ტანტრაზე ვისაუბროთ ან რეინკარნაცია მიმოვიხილოთ, ხავს მოკიდებულ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.
სპირალი
სეგალენმა თქვა, მას შემდეგ, რაც ასტრონავტებმა კრუგი დაარტყეს დედამიწას, ყველამ თავისით დაიწყო საკუთარი თავის დაკრუგვაო.
ტურიზმი დაიწყო. დაუსრულებელი ტური, რომელიც ხალხს კი არ ამოგზაურებს, ჩაკეტილ სივრცეში წრეს არტყმევინებს.
ტურისტი უხერხული შეგრძნების დასათრგუნად, კამერას ან რამე ნივთს ბღაუჭება.
ეგზოტიკა მოკვდა.
თითქოს ჩვენი გონება ჩვენში აღარ ზის, ირგვლივ მრავალგზის დატოტვილი წრის ელექტრომაგნიტური ტალღაა.
და ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან.
ეს აღარც კრიტიკული სიტუაციაა: კრიზისი ყოველთვისაა დაკავშირებული მიზეზზე, მიზეზისა და შედეგის დარღვეულ წონასწორობაზე.
ბოდრიარი გაიხსენე.
სიცარიელე არასდროსაა ტრაგიკული, შეჯერებულობა კი ყოველთვის ფატალურია.
იძახდი, არსებობის პიკს ვეძებო.
ძიება კი ჩვევაში იმდენად გადაგეზარდა, პირველადი ჩანაფიქრი მიივიწყე და პროცესით გამოწვეულ ტკბობას დასჯერდი:
არ არსებობს მწვერვალი.
არსებობს გაკვანძული ძაფი: გაკვანძავ – მაღალია, მოშლი – სწორია, ძაფი კი – ძაფი.
დედამიწას მთვარიდან შეხედავ: რა მაღლაა. დედამიწიდან შეხედავ მთვარეს: რა მაღლაა.
არც უკიდურესი წერტილები არსებობს, მხოლოდ მათი შეერთების ადგილი.
ანუ შენ იმდენად გიყვარვარ, რამდენადაც კი ან არა ერთვის.
სიყვარული კი ეგოცენტრიზმის ის გამოვლინებაა, როცა სხვა გიყვარს საკუთარ თავთან პროპორციაში.
თუ არ არსებობს მწვერვალი და არსებობის მიზეზი, პროცესი იდეაზე წინ იწევს.
და შენც დგები, კვანძავ ძაფებს – ერთობი.
ჯვაროსნები
და აი,იერუსალიმს მივუახლოვდით. ჩვენ რაინდები ვართ დასავლეთიდან მოსულნი. მუხლებამდე სისხლში ვიდექით. მათი სისხლიც მდინარესავით მოედინებოდა ტაძრებშში.
მერე იტყვიან, რომ რაც ქრისტე მოკლეს, მას მერე დღე არ გასულა, ვინმე რომ არ მოეკლათ მისი სახელით. ამის გამო იტყვიან, რომ ქრისტე დამნაშავეა და ხელახლა მოკლავენ. და ყვეალაფერი სპირალის პრინციპით განვითარდება. და ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ განვაახლოთ.
მერე იტყვიან, რომ ომი ჰიგიენაა, ან რომ ის მშვენიერი გასართობი იქნებოდა, ადამიანები ერთმანეთს რომ არ ხოცავდნენ.
წარმოიდგინე, ჯვრით აღმართული ლაშქარი რომ ხმალს ამოიღებს. იღებს სიმდიდრეს და ქალაქებს ის ეუფლება. ათი ათასი კაცი კვდება ამ ღამეს. ხვალ უფრო მეტი. დაეცა აღმოსავლეთი. დაეცა დასავლეთი.
ვტკბებოდით სანახაობით. ვამაყობდით იმათი დაჭერით, ვინც დიდხანს არ თმობდა ანტიოქიას. გვახალისებდა მედგარი ბრძოლები და სასიკვდილოდ დაჭრილი ერი. და როცა თურქნი გაეპარნენ ჩვენი ხმლის ელვას, უფსკრულში მოხვდნენ. ჩვენ გაგვიხარდა. მათი ტკივილი მუსიკად ჩაგვესმა გაყინულ კანში.
და გავა დრო. ისტორიკოსი რომელიმე გამოჩნდება სარბიელზე და ჩვენზე იმსჯელებს მატეანეში. სიტყვებითაც როგორ გავს მემატიანე მემეტანიეს.
გავა დრო და მემატიანე სინანულს გამოთქვამს მხოლოდ იმ 300 ცხენზე, რომელმაც თურქებთან ერთად მოიტეხა კისერი უფსკრულის ძირას.
გავა დრო და ქრონიკა შეგვაფასებს სხვადასხვა წლებში. ისინი აღწერენ ჩვენს სისასტიკეს და მაინც არ დავუხრით თავს. არ მოვუბოდიშებთ. არც გვეტკინება.
გავა დრო და დავასკვნით: ”უპირატესობა აგრესიულობაშია”.
****
ინაწილებდნენ საქონელს. ჩვენ კი გვტკიოდა ყურება, როგორ თვლიდნენ ჩვენს მშობლებს და დედმამიშვილებს ბასრი ხანჯლებით. ჩვენ მათ ვიწვევდით. მათ ყველაზე წმინდა წავართვით. მათ მეგობრები დაგვისახიჩრეს. ბავშვები გაგვიუპატიურეს და თავი მოვიკალით.
დასავლეთი მოგვერია. სასაცილო ისიც იყო, რომ მათ პატარა ქვეყნებიც ელაქუცებოდნენ. აი, აღმაშენებლის ლაშქრიდანაც ერია ზოგი. არ ვუხრიდით თავს ამ ლაშქრობებს. დაგვახრევინეს.
”შეგონებათა წიგნში” წერია: უპირატესობა აქვთ მძვინვარებასა და თავდადებაში, როგორც ცხოველებს ძალასა და აგრესიულობაში. როგორ იყენებ, სხვა საკითხია.
მოედინებოდა ჩვენი სისხლი ტაძრის იატაკზე. მათ სისხლში ვიბრძოდით გამალებით. გვინდოდა გმირობა ბრძოლის ველზე. გმირი კი სხვა აღმოჩნდა. და აი, იერუსალიმს მოუახლოვდნენ.
ყოფილი მეგობრების შესახებ
#1. იმდენად გამხდარი იყო, მიკვირდა, თავისი ზომის ტანსაცმელს სად იშოვნიდა. არც ეძებდა. მხრებზე ფართო და მძიმე პალტო აწვა. რომ ვუყურებდი, მხრები მტკიოდა. თითქოს გადმომედოო ზეწოლა და მოვიხარე.
ჩემს წინ იდგა. კბილებით ტუჩებს იკვნეტდა. კანს ისე ჭამდა, თითქოს მთელი ტანი თავადვე შეეჭამა, მოენელა და ტუჩებს დესერტად აყოლებდა. მის ხმას ვაყოლებდი თითებს.
იხდიდა თანდათან. ჯერ ქუდი მოიხსნა, ბერეტივით რომ ედო თავზე, შუბლთან. მერე ღილების შეხსნა დაიწყო. თან აგრძელებდა მონოტონურად საუბარს საკუთარ სამსახურზე და ვინაიდან უავეჯო შენობა იყო, პარალელურად სივრცე სმენით აღიქმებოდა, – იმეორებდა ექო მის ნათქვამს. ექოს სიმძლავრით სივრცის გაზომვა თუ შეიძლება მეთქი, დავფიქრდი.
ვფიქრობ, მისი მონოტონური საუბარი უკვე ბოდვას გავდა. ბოდვა რეფლექსია. ტუჩებს კვნეტავს გავს და თითებით ხელებს ჭმუჭნის.
შეიძლება შეგეხო მეთქი, – ვიკითხე, რადგან ვიცოდი, უცნაურად მოეჩვენებოდა ჩემი შეხება. პასუხს დიდხანს ველოდებოდი. სიმართლე ისაა, რომ მისი კანის სიგლუვე თუ ხორკლიანობა მსურდა გამეგო. ამისთვის ხელი საშუალო სისწრაფით მოვუსვი. სისწრაფე ან სინელე არასწორ შედეგს მომცემდა. გაარკვიეო, – მკითხა. თავი დავუხარე.
სივრცის გარდა დროსაც აღვიქვამდი მისი ფეხის ბაკუნის რიტმში. შეიძლება ითქვას, სივრცის და დროის შერძნებას ის მაძლევდა, მაგრამ ის ისეთი გამხდარი იყო, ცოტა ხანში მიილია და გაქრა.
=0=
#2. მეორეს გადახატვის პათოლოგიური სურვილი ჰქონდა.
ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თვისებები არ გააჩნდა, მეტიც, დაავადება მის გარეშე ვერ იპოვნიდა ასე მრავალფეროვან გამოვლინებებს.
ხშირად წინადადებას შუა გზაში წყვეტდა და საპირისპირო დებულების მტკიცებას იწყებდა, იქამდე, სანამ მასაც გაწყვეტდა და პირველს უბრუნდებოდა. ამას საკუთარი ცვალებადობით ხსნიდა და წუწუნებდა: ”ჩემი არ ესმით, ნეტა მუდმივა ვიყო”.
ყველაფერთან ერთად ხანმოკლე მეხსიერებაც ჰქონდა. მისი აღქმული პიროვნებები სიუჟეტებთან ერთად დახშულ წრეში მოძრაობდნენ და ფიგურირებდნენ, სანამ მათი ენერგიიდან განტვირთვა არ მოხდებოდა.
იცვლებოდა თავად, მაგრამ არა მისი გარემო. იქ, სადაც ახალი არაფერია, შეძენილი მოქმედების გამეორების წინაშე აყენებდა. ჰოდა, მასაც გადახატვის პათოლოგიური სურვილი ჰქონდა. ნიჭიც.
ზოგი კრიტიკოსი იმასაც წერდა, რომ ხელოვნებაა სიგიჟე და თუ არ იგიჟე.. მე კი მგონია, მას უბრალოდ ჩვევები ჰქონდა.
ჩვევების ქონა ნიშნავს გაუცხოვებას მსვლელ გარემოსთან იმით, რომ გახდე სტატიკური და გაშტერდე. მივხვდი, რომ მისი ცვალებადობაც წარსულის რეპროდუქციიდან იყო აღებული. აიღო და წრეზე წავიდა.
დროთა განმავლობაში დავცილდით უბრალო მიზეზის გამო: დროში ავცდით.
იდენტობადაკარგული გველი
ფაშისტურ სენტიმენტალიზმს ვგრძნობ, – ეს ფრაზა ამეკვიატა. თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია, მეტიც, გამოსარიცხი, მაგრამ დღევანდელ განწყობას ასახავს. დილით მოვდიოდი სახლში, წესით მაშინ, როცა სახლიდან გადიან. რობაქიძის ”გველის პერანგს” ვკითხულობდით მე და მეგობარი, იმ ადგილებს წინასწარ რომ გავხაზეთ და ჩაგვეძინა. მას არ მოსწონდა წიგნი, მწერალი ფაშისტი არისო. მე ვთქვი, რომ მომწონს როგორც წერს. მეტრო ნელ-ნელა გათავისუფლდა. ჩამოვედი. აქედან ორი ვარიანტი მაქვს: 28 ნომერი სამარშუტო ან 43 ნომერი ავტობუსი. დილაობით, საწინააღმდეგო მოძრაობისას (ანუ ჩემი უბნისკენ), ორივე ცარიელია. მე ავტობუსი ვარჩიე, – მალე გადის.
ლიტერატურაში არ მიყვარს დიალოგები. საკუთარ მეებთანაც გრძელი მონოლოგები მაქვს და წერის დროსაც ვცდილობ ნაკლებად ვიხმარო ბრჭყალები/ტირე. მეტიც, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დიალოგებს საერთოდ შევეშვა თვეში რომელიმე დღეს და მესამე პირში ვისაუბრო. ისე, მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნებისთვის უცნაური მგზავრები შემხვდნენ. უცნაურობა თავიანთი თავებისადმი უცნაურად აღქმაში გამოიხატებოდა. ჩემი საყვარელი თამაში დავიწყე: მომეგონა ისტორიები მგზავრებისთვის. მოგონება დიდხანს არც დამჭირვებია, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. ძირითადად აკრიტიკებდნენ ორ შავკანიან მგზავრს, ჩვენთან ახლოს რომ ცხოვრობდნენ და ახლა ავტობუსით მგზავრობდნენ. დიალოგის გამოყენება მჭირდება:
– წადით, სუნიანებო, ფეხით იმგზავრეთ. თქვენს ქვეყნებში წადით სულაც!
– მართალია. რა უნდათ აქ? გაუჩერეთ და ჩავყაროთ. მძღოლო!
ისინი ხშირად მართლაც ფეხით დადიან, უთენია დგებიან და ტრანსპორტს მეტრომდე არ იყენებენ. ძირითადად არც მე ვიყენებ და ვიცი. ისიც ვიცი, ავტობუსი სახლამდე რომ ათ წუთში მივა და, ზოგადად, ბევრი რამ ვიცი: 🙂 რომ მივალ, დავწვები, როგორც ყოველთვის გაჭიანურებით ჩამეძინება და პირველი საათისთვის კომპიუტერთან დავჯდები. რომელიმე ბლოგზე შევალ, წავიკითხავ. საკუთარში დღის გეგმას დავწერ. თან ლიმნიანი ჩაი მექნება გვერდით ჩაიდნითურთ და ყოველ ოც წუთში დავლევ. 🙂 დაგეგმვას აქ ვწყდები და საფქრალი თემა სხვა საკითხზე გადამაქვს: რატომ შევქმენი ბლოგი? აქ მახსენდება რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც ვწერ, მაგრამ აქ არ შემოსულან. ზოგადად, ნაცნობები არც შემოდიან და თუ შემოდიან, არ ვიცი თუ მცნობენ. გრავატარის უცნაური ფოტოა, მაკიაჟით ვარ და არ მგავს. თუმცა იმ წლებისაა, მათ რომ ვიცნობდი. რა ზოგანი ცნებაა უცნაური. რამდენჯერაც ვიხმარე, იმდენჯერ ვინანე. ის-ის იყო, მონოლოგი სხვა გზით განვითარდებოდა, რომ სახლში მოვედი.
ერთი რიგის მოვლენები სწორ ხაზზე დაეწყო. მითხრეს, რომ თურმე სახლიდან სახლში ტრანსფერისას ( გაზაფხულზე ) ათასობით ფოტო დავკარგე, ოჯახის წევრების, საუკუნის წინანდელი წინაპრების, ჩემი ბავშვობის ფოტოები.. მთელი ალბომები. რა დროს მშვიდად სუნთქვაა. პანიკა მაქვს. ის ანეგდოტი რომაა, სვანი რომ შიშველი გადაიღებს, ბავშვობის ფოტო დავკარგეო, ისეთ ხასიათზე ვარ. ხოდა, ან წინ უნდა წავიდე, ან ვიღო და ვიღო 😦 მინდა დავურეკო ძველი სახლის პატრონს და ვკითხო, მასთან ხომ არ ინახება. მაგრამ სახლის ნომერიც არ მახსოვს. არც იმ ბიჭის სახელი მახსოვს, ვინც იქ ცხოვრობს. მახსოვს, ქუდით ხშირად დადიოდა, – ციოდა. ეს არ კმარა. არ ვიცი, რამე უნდა ვქნა. რამე.
ფაშისტური სენტიმენტალიზმი მაქვს. ტყუილად არ ამეკვიატა დილიდან. მგონია, მოლეკულა ვარ, რომელიც დიდ ქალაქში მოხვდა ან უპერანგო გველი, ახლახანს ტყავი რომ გაიცალა და გაშიშვლდა ევას მოდგმის ჩემი ერთი პერსონაჟივით. ვიცი, არ მჭირდება მტკიცებულება იმისთვის, რომ მეც ვიყავი ბავშვი. ან არქივი, რომელიც ”დეენკას” მინახავდა, ჩემშია. მაგრამ მე ისე ვარ მიჯაჭვული საკუთარ წარსულს, მასთან დაკავშირებულ საგნებს სიცარიელემდე მივყავარ. აი, ისეთამდე, საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს რომ მოყვები და ღრმულს გრძნობ. თანაც ისე, შინაგან მონოლოგებში რომ ვრცელია და სხვასთან საუბრისას საგრძნობლად იკვეცება, იფიტება და შრება. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ წარსული ტკბილი მქონდა, პირიქით, აწმყო მირჩევნია. არც ტკბილი მოგონებებია ჩემი საყვარელი სადღეგრძელო და არც თავის პატრიოტი ვარ. მინდა ყველა ის ფოტო, რაც მქონდა ხელახლა გადავიღო და წარსული აწმყოში გავამეორო. აქ გამახსენდა ბარბაქაძის სიტყვები, რომ სიყვარული ნოსტალგიაა წარსულზე, რომელიც არასდროს ყოფილა, მაგრამ რომლის დაბადების დიდი ალბათობა არსებობს. ან რა შუაშია სიყვარული. და ფიქრით სიყვარულში გადავეშვი. ხარანაული გამახსენდა, სიყვარულს რომ ილუზიას არქმევს, ლამაზი სიტყვააო ილუზია. ილუზია იგივე მაია. მაიასთანაც მქონდა ფოტო. ფოტოგენური ვარ. აიდი ფოტოებზეც მიყვარდა თავი.
ყოველთვის მინდოდა წერტილი დამესვა წარსულისთვის. ახალი ფურცლიდან დამეწყო ცხოვრება. საგნებიც კი ამისკენ მიმითითებენ. მე აღარ დავწერ ბლოგს რამდენიმე ადამიანისთვის ჩემი წარსულიდან.
რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას?!
მინდა ამ ნაწერს ამინდი შევუსაბამო, მაგრამ არ მახსოვს. ჩვეულებრივი დილა იდგა. ბიბლიოთეკაში ვიჯექი, წიგნის თვალიერებისას ეს ფრაზა/სათაური/ რომ მომხვდა თვალში. ტექსტი აშკარად ჩემზე იყო და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიღაც შენობაში დაკვირვების ობიექტად რომ გაიხადეს თავი. ექსპერიმენტში დაუსრულებელ ნახატს აწყვეტინებდნენ და ახალ ფურცელზე აწყებინებდნენ ხატვას. კვლევამ აჩვენა, რომ ”ადამიანი ზაზუნები” შიგადაშიგ უბრუნდებოდნენ ძველს ან ახალ ფურცელზე ძველის აღდგენას შედეგით/უშედეგოდ ცდილობდნენ. სიმართლე ვთქვა, დასკვნა არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ტვინში აშკარად შეინიშნება უამრავი დაუსრულებელი საქმე, რომელის აღდგენისკენ ორგანულად მივილტვი. მეტიც, ეს ხდება ურთიერთობებშიც: ძველ ადამიანთა დანიშნულებებით ხშირად ახალ ადამიანებს ვტვირთავ და მაინც, საშინელი განცდა მრჩება იმის, რომ რაღაც დავტოვე. აქ მაგალითად მოვიყვანდი უზნაძის ბურთებს, რომელიც იტყოდა, რომ ემოციური განწყობა სამომავლო დაბრკოლებისა, მცდარ ინტუიციურ დასკვნებში გამოიხატება.
მგონია, დაუსრულებელ საქმეებს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამ. რისი გავლენითაც ცხოვრება მუდამ წარსულში მაბრუნებს და ვტრიალებ წრეზე, რომელსაც პირობითად ზაზუნას დღე დავარქვი. მაგრამ მაინც რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას? მოკლედ ვუპასუხებდი: წერტილი. წერტილი შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიშანი, სასვენი ნიშანი თუ დიაკრიტიკული ნიშანი. მათი განსაზღვრება შორს წაგვიყვანს, მე კი იმ ფსიქოლოგიურ დასასრულზე ვამბობ, რომლის მერეც საფუძველს ქმნი ახალი წინადადების დაწყებისთვის. პირველად ორი წლის წინ სიტყვა – fin – გამოვიყენე იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რისკენაც მივილტვოდი. გავავსე სოციალური ქსელები და ნახატები ამ სიტყვით. მერე კი მივხვდი, რომ თუნდაც ფსიქიკური მორჩები, რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს, შეიძლება შეცვალო მძიმედ. და რომ სკოლაში ნასწავლ ცნებას: რაც იწყება, – დასასრულიც აქვს, რომ მხოლოდ დრო არ სრულდება, როგორც გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებშია”, – ალტერნატიული გამართლება მოვუძებნო.
1927 წელს ჯორჯ ლემეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც დრო და სივრცე არ ჰქონდა და ქროლოლოგიურად მატერიასთან ერთად წარმოიშვნენ. გამოკვლევებმა კი მეცნიერებისა და რელიგიის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ხალხები უკიდურესობებში გაიყვნენ.
მოდი, თავიდანვე გავხსნი კარტებს: ავიღოთ, ევროპა და აზია. არ არსებობს ევროპა და აზია. არსებობს ევრაზია, ისიც კონტინენტური თვალსაზრისით. კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთმანეთში ჩაუწვდენლობამ გამოიწვია. თუ ევროპაში ადამიანი მეტად ეგოცენტრუალია, თან ექსტრავერტი, აზიელი ინტროვერტია, რომლის მე-ს ფუნქცია უმნიშვნელოა. ვფიქრობ, გარემო და ინდივიდის გაყოფა, მითუმეტეს, ჭიდილი ულოგიკოა. ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, სადღაც წერტილში, იქ სადაც, თითქოს დასასრულია.
თუ სამყაროს ოდესღაც დასაწყისი ჰქონდა და ეს წერტილი იყო, მისი დასრულების, დასრულებული სახის, დუალიზმის თუ წერტილის /როგორც გინდათ ისე თქვით/ შემთხვევაშიც, პოტენციაა ახალი წინადადების ისევ წერტილიდან დაწყებისა. დასკვნა: ნებისმიერი დასასრული პოტენციური დასაბამია დასასრულისა.
ზაზუნას დღე
”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი. არ იყო სხვა არაფერი…. მან გაიფიქრა: ” ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…. მან შექმნა სამყაროები…. მან გაიფიქრა: ”აი, სამყაროები, ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)
მერე ადამიანმა თავად შექმნა სამყაროები და დაუდგინა მათ სამყაროს მცველები.
” რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. ”
(ეკლესიასტე)
მყავდა ადამიანი, რომელიც აღარ მიყვარს. მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ დაუსრულებელი საქმე მაქვს მასთან. როგორც იმ ფილმშია, ყველაფერი წრეზე ტრიალებს, მხოლოდ სახელები იცვლება. ალბათ წარსული შეცდომათა გამოსწორების შანსს იძლევა. სტერეოტიპული მოქმედებათა წრე ჩიხამდე მიდის. ფიქსირებული აწმყოს დანახვით ვხედავ მომავალს. მე ვარ.
”სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.”
(ეკლესიასტე)
პირველად დაიბადა განწყობა. განწყობა ატრიალებს სამყაროს. ცარიელი, საგნობრივი შინაარსისგან დაცლილი მოთხოვნილება ვერ შემცვლის. განწყობამ დინამიურობა მოიშორა. ესაა პირველი გზა დეპრესიისკენ. მანამდე მაინც, სანამ ახალ იდეას მოვიპოვებდე, მორიგი განწყობის დასამზადებლად. თუ კაცობრიობა ვითარდება სპირალის მსგავსად, კონკრეტული ინდივიდის სვლაც ამ გზით ხდება.
ერთიანი სიცოცხლე თავისი მრავალფეროვანი ვიბრაციებით, როგორც არსებობის ჩანასახი, მოცემულია მინერალში, მცენარეში – როგორც ჩანასახი მგრძნობიარობისა, ცხოველში – როგორც ჩანასახი აზრისა, ადამიანში – როგორც ჩანასახი სულისა.
ალ. კლიზოვსკი