ბურთაობის წინ სათქმელი ლოცვა

“დიდებულო, წმინდა გიორგი, შენ შეეწიე შენს მრევლს, შენ მიეცი ძალა და ღონე და შეძლება, შენ გაამარჯვებინე აწინდელს ბურთის თამაშში”, – დროებაში ქექვისას საინტერესო ლოცვა ვიპოვნე, სადაც ფეხბურთის მფარველად კაპადოკიელი წმინდა გიორგი ითვლება. მეტიც, წირვის შემდეგ მთავარი მღვდელი ეკლესიაში ბურთს აკურთხებდა და მოედანზე ამ შელოცვით ააგდებდა. ლელოსთვის იკერებოდა ბურთი ტყავისგან, რაშიც ჩატენილი იყო თმა, საქონლის ბალანი, მატყლით ხავსი ან ბზა.

ოღონდ ქიქოძემდე, როცა გოგებაშვილი იყო სემინარიის ინსპექტორი, თამაშობანი გარდაუვალ ბოროტებად ითვლებოდა. პოლიცია უმანკო ვარჯიშსაც კრძალავდა. ქიქოძე კი თვლიდა, რომ თამაშობანი ამცირებდა ბავშვთა “საიდუმლო ბიწიერებანს” დახურულ სასწავლებლებში თავი რომ ეჩინა. რას უნდა ნიშნავდეს ” საიდუმლო ბიწიერება”?
ვარჯიშებსა და თამაშობზე უკვე 60-იანი წლებიდან იწერება ქართულ პრესაში. ხოლო აკაკის “თავგადასავალი” უკვე ახლებურად განვიხილე. მაშინ ფიზიკურად ქალაქელი ბიჭები ჯობნიდნენ სოფლელებს. სწორედ 60-იანელებისგან მოდის საახალწლო სროლები: შობის ღამეს თოფის ტყვიით უნდა ჩაგვექრო სანთელი, როცა ბავშვები ისრებით თამაშობდნენ. წაგებული მთელი წელი ხელში თოფს აღარ დაიჭერდა.

გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი

tumblr_mgnopnW5vO1r66km2o1_500

კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრიაjeromelim-277a3715  ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და tumblr_inline_mrk9pelCCi1qz4rgpსხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.

ლუდით დალოცვის შესახებ

imagesმას შემდეგაც, რაც პატრიარქმა ლუდი აკურთხა, ზოგი ქართველი, ადანაშაულებს რა ქართველობისგან გადაგვარებას, ლუდით დღეგრძელობას მაინც გაურბის: აი, რა გვიქნა დასავლურმა ცივილიზაციამო, – მაგრამ, მოდი, გავიგოთ რა არის  ქართული და რა შეძენილი, ამისთვის გავიხსენოთ ლეგენდა ხახმატის წმინდა გიორგის შესახებ, როცა ქაჯეთიდან ადამიანებს ფურის რქა ამოგვიტანა, გვითხრა, ლუდი ჩაგვესხა და ლოცვით მადლობა გადაგვეხადა, მეტიც, ლუდის შექმნა  წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.
“ი ცალ რქა ძროხა რო მაუყვანავ, იმისთვის რქაი მაუტეხავ, უთქვამ ი წმიდა გიორგის, რო ჩემს ლუდს რო მახარშავთო, ამ ქაჯვეთური ფურის რქით არწყევით სალუდე ფორიო,” – და სხვა მრავალი მაგალითია ქართულ ფოლკლორში, ასევე, ის ქართული ჯვრის დღესასწაულის მთავარი ელემენტია.
პირადად მე, იმ სასმელებს არ ვსვამ, სწრაფად დალევის კატეგორიაში რომ გადიან, ლუდიც ასეთია და ქაფიან ფსელს ვადარებ, მაგრამ ალბათ ამ შაბათ-კვირას ფესტივალზე მიხვალთ და როცა ლუდითა და თევზით გაგრილდებით, გახსოვდეთ, რომ ამისთვის თავის დროზე მეტალისტმა გიორგიმ, მძიმე ლითონზე მუშაობა რომ გვასწავლა, ლუდისთვის ბევრი ბაყბაყ დევიც მოკლა.
გადავხედავ რა ჩემი ბლოგის ინტერესებს, სულ ვამბობ, ფენტეზის უნდა ვწერდე, მაგიურ რეალიზმს მაინც, უფრო ნაცადია.

თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

 #1. გოზინაყი მინდა

ძველმოდური ადამიანი ვარ, თუ დროს ტექნიკის კუთხით განვიხილავთ. ისე არ გამიგოთ, ვადარებდე და წიგნის სუნი ინტერნეტს მერჩივნოს ან ინტერნეტში მხოლოდ სოც. ქსელებისთვის შევდიოდე. : ) ძნელად ვიგებ ძვირადღირებულ მობილურებს და სხვაზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ მათ დაშლა-აწყობას. : ) პლიუს, დაილოცოს ზენიტი. : )) გამოგიტყდებით და ბლოგისთვის პოსტსაც ქაღალდზე ვწერ. და მერე ვკრეფ. ასე აზრები მეტად თანმიმდევრულია.

ამ თემაზე წერა 1 თვის წინ შთამეგონა, როცა მეგობარმა მკითხა, ნაძვის ხე დადგიო? მე არ შემიმჩნევია, არა თუ ის, რომ ოქტომბერია, ისედაც არ ვდგამ და გაკვირვების გარეშე ვპასუხობ:

– არა, შენ?

გითქვამთ ოდესმე ბავშვისთვის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? სახალისო ექსპერიმენტია, რომელზეც სხვადასხვა ობიექტი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგმა მცემა კიდეც.  მათი ე.წ. ტკბილი ტყუილი დიდობაში აუცილებლად თავს იჩენს მეთქი, გავიფიქრე და მათ მშობლებს განვუცხადე:

– თქვენ ბავშვებს არასწორად ზრდით: ენას იჩლიფავთ და მეტყველებას უნაზებთ, გრამატიკას ართმევთ და მერე გიკვირთ, ჟურნალისტები როგორ მეტყველებენ. ცხოვრებისეულ სირთულეებში ენაზებით და აწოდებთ მასობრივ ტყუილს.

ჩვენც მასე ვართო აღზრდილები, – მედავებით, – და მერე რა, ვერ გავიზარდეთ? კი, აბტურიენტობისას ვსწავლობთ ენის გასატეხებს. მშვენიერია. ვგებულობთ, რომ თოვლის ბაბუა მშობლებისგან დაქირავებული მუშაკია და, როგორც წესი, მანქანით დადის. მაგრამ ილუზიებისგან ვერ გამოვდივართ.

– ატყუებთ და მერე გიკვირთ, რატომ იტყუებიან. თქვენ არასწორად ზრდით ბავშვებს!

#2. სისხლიანი მერი თუ ლაშარობა

მეც გაზრდის მსხვერპლი ვარ. იმ წლებში დავიბადე, ენთუზიაზმზე გაკეთებული ქვეყნები სსრკს რომ ცვლიდნენ. და მასთან ერთად პოლიტ. ათეიზმი ტრანსფორმაციას გადიოდა. ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და პარალელურად ხატები აღმართეს. ხატები და ჯვრები მასობრივად და მქუხარე ტაშით. მსგავსზე აპლოდისმენტებსაც აკრძალული ხილის გარდა გამოტოვებულის დადევნების მიზეზი ჰქონდა. ცოდვების მონანიებასაც ისტერიული ხასიათი მიეღო. აქაც მასობრივად უკრავდნენ ტაშს. ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ღმერთი სიყვარულის სახელით დამსჯელ ძალად აღიქმებოდა. და მეც მსჯიდნენ. არა, ფიზიკურად. არა, არც კუთხეში მაყენებდნენ და არც ჯოხებს მამტვრევდნენ. მადლობა ღმერთს, საკმაოდ ცივილურად და ლმობიერად, სიტყვებით:

– ღმერთი დაგსჯის!

ისიც მსჯიდა. უფრო სწორედ, თავს ცხელი წყლით ბანაობისას თავად ვისჯიდი, კუპრში დაწვას რომ შევჩვეოდი. მერე გავიგე, თურმე სხვებიც სჩადიოდნენ იმავეს. კუპრის რა გითხრათ, მაგრამ მას მერე სიცხეს კარგად ვიტან.

ზაფხულობით, როცა მამა ნადირობდა, მე სათამაშო ხაფანგი მქონდა, – სოფელში მათში წიწილებს ვიტყუებდი და ვკეტავდი. თითქოს საზიანო არ ყოფილა, მაგრამ ერთს ფეხი გაეჭედა და დაკოჭლდა. მამამ ფრინველი დაჭრა და შეჭამა. მას მერე, ხორცის ჭამა არ მიყვარს.

მითუმეტეს, არ მიყვარს წმინდა მსხვერპლშეწირვები და დანიანი ტიპები დღესასწაულებზე. და როცა ხალხი ერთობა, მე ვწევარ და ვკითხულობ რამეს. ზრდილობის გამო მაინც ხმა ამოიღეო და ვიღებ. ზრდილობის გამო ვიღებდი და ვკითხულობდი.

წარღვნაზე რომ წავიკითხე, ავტირდი. თან ის პერიოდი იყო, როცა სოფელში  რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. მას მერე ვიცი, რომ წარღვნას ყველა დროში ელიან.

მერე გავიდა დრო. სხვათაშორის, ამ დღეებში მეგობარმა ბავშვი მონათლა. ნათლიან მეგობრებთან ერთად ყაზბეგში დამპატიჟა. თითქოს დავთანხმდებოდი, რომ არა პოსტსკრიპტუმად დათანხმების მორიგი მცდელობა:

– ცხვარი ავიყვანოთ და დავკლათ. მორწმუნე ვარ და მიყვარს რიტუალები. ხომ წამოხვალ?

– არა! – ცივი უარი ვუთხარი მათ რამდენჯერმე გამეორებულ შეკითხვას. გაეცინათ კიდეც ისეთი ტონი აღმომაჩნდა. ლოტკინის თავიდან მეტრომდე ისე ჩავირბინე, არც დავმშვიდობებივარ.

რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას ღმერთის სახელით, საიდან მოდის?

გზაში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, რატომ არ ვუთხარი:

– თუ ქრისტიანი ხარ, წაგიკითხავს და ანსხვავებ ძველსა და ახალ აღთქმას, თუ ჯვარი გიკეთკია და იცი მისი სიმბოლური დატვირთვა. როცა ქრისტე ეწამა, ღვთის წამება ნებისმიერ ხორციელ მსხვერპლზე მაღლა დადგა, ღვთის შიში სიყვარულმა ჩაანაცვლა. სისხლიანი მსხვერპლი კი სულიერმა მსხვერპლმა (ბერ-მონაზვნობამ), – ბოლოს ვთხოვდი, ხორცის ჭამა თუ უნდოდა, ქრისტეს ნუ აბრალებდა.

ამას წინათ, ფორუმზე წავიკითხე, თევზების ზოდიაქოზე ეწერა, სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ თავს დადებს რომ მოსემ ზღვა ორ ნაწილად გააპოო. სამწუხაროა, ნებისმიერი სიმბოლო რომ პირდაპირი მნიშვნელობით იგება. ვერც იმ მწუხარებას გავეცალე, რომ აღზრდის მსხვერპლები ვართ. გავიზარდეთ, დიდური ილუზიები გვაქვს. რასაც გვიყვებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებთ, უანალიზოთ, უეჭვოდ, ბრმად.  თითქოს რა მოხდა, უწყინარია თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ კიდევ იმდენი ილუზიაა.

დღეს წმინდა გიორგობაა. ახლა ლიბერალები გამოდიან, ვეშაპის ნაცვლად ადამიანი იგულისხმებაო მახვილის ქვეშ. ზოგი ადამიანს ჩათვლის, ზოგი – არა. მაგრამ მე ისევ ქრისტიანული ფრაზა მახსენდება: ცოდვას ებრძოლე და არა ცოდვილსო. გიორგი ბოროტ ადამიანებს კი არ ებრძოდა, ებრძოდა ქრთამებს, თავისუფლების შეზღუდვასა და შიშს, პირველ რიგში საკუთარ თავში. მერე მოვიდა ქრისტე და ბრძოლის ხერხიც შეცვალა, – მახვილს ბზა შეუსაბამა.

საღამოს მეგობარი მპატიჟებს ბარში და ვსვამთ სისხლიან მერის. რას გაუმარჯოსო. ვპასუხობ:

– ოცნებას.

#3.  რა განსხვავებაა შიზოფრენისა და ილუზიას შორის?

რამდენნაირად შეიძლება გავიგოთ ილუზია. მითუმეტეს, იმ კიბერ სამყაროში, სადაც რეალობის ცნება შედარებითია და ოპოზიციას არ უქმნის მას.

ადრე რელიგიის მასწავლებელმა გვკითხა, გვჯეროდა თუ არა, რომ სადღაც უკვდავების წყარო მოედინებაო. დასკვნა ასეთი იყო, რომ რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია მოიგონოს, ჰაერზე არაა, თავად ჰაერიც არ არის ჰაერზე, და რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ფეისბუქის ერთ-ერთ  ჯგუფში ვსაუბრობდი ამის შესახებ. თუ რა სახის მულტფილმი მიეწოდება ბავშვს დღეს? ფანტასტიკის ჟანრშიც კი ცდილობენ ვითარება ლოგიკური გზით განავითარონ. ეს ეპოქაა, სადაც ფანტასტიკაც სამეცნიეროა ხასიათისაა. და არა უბრალოდ ვაშლი, რომელიც სასწაულებს ახდენს. ფანტაზია გარემოს შეცნობას ალბათ ვერ ეხმარება, მეტიც, ართულებს. ჩემი აზრით, გრძნობადი, აღქმითი ორგანოები მისგან უნდა გავმიჯნოთ. სამომავლო გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე სიღრმეში ჩასახედად.

ფანტაზიურ აზროვნებას აქვს თვისება: ილუზიით შეიცნოს მომავალი. ამის შედეგად, მიღებულ მოახლოებულ განცდებს შეიძლება უკუღმაც ვიგებთ, – მოახლოებული ლხინის დროს ვტირით და პირიქით.

თუმცა ვერ გამიგეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფანტაზია უგულვებელყოფილი იყოს. მეტიც, მისი განვითარება გამოგონებას უწყობს ხელს, ახალი იდეების არსებობას, მაგრამ მისი წარსულთან გათამაშება საფრთხეს იწვევს. ეს საუკუნეა ფანტაზიის გამეცნიერების და მეცნიერების გაფანტაზიურობის. საუკუნეა, სადაც რეალობა, თავისი წარსული-აწმყო-მომავლით, ეჭქვეშაა. ეჭვქვეშაა თვითონ რეალობის რეალურობის განცდა.

როდესაც პირველად შეისწავლეს ჰალუცინაციები კლინიკურად, ის გამოიყო ილუზიებისგან. იგი მისგან ობიექტის არსებობა/არარსებობით განსხვავდება. ჰალუცინაციის დროს საგანი არ არსებობს. ილუზიის დროს არსებობს ობიექტი, მაგრამ სუბიექტურადაა აღქმული. როცა აღქმა ძლიერდება საგანი მაშინ იცვლება ან სახეს იცვლის. რჩევა შეიძლება  შემდეგნაირიც იყოს: აზრთა თვითნებური ნაკადისას ყურადღება სხვა გრძნობად ორგანოზე გადავიტანოთ. მაგალითად, ხედვითი ორგანოდან სმენითზე. ეს ეხმარება ჰალუცინაციის გაქრობას საწყის სტადიაზე. იმავეთი ილუზიას ვერ განასხვავებ რეალობისგან.

ზოგი თვლის, რომ ბოდვები, გამოგონებები, არანორმალური ემოციური მდგომარეობები  პიროვნებაში  ევოლუციის მანიშნებელია. შეგვიძლია სიზმრების აღქმაც, როგორც ჩახშული ცნობიერი, რომელის ინტენსიურ მიფუჩეჩებაშიც სიზმრთა ნაკადი იმდენად ძლიერდება, რომ ფხიზელი ადამიანიც იმყოფება ძილში, ჰალუცინაციურ, შიზოფრენიულ მდგომარეობაში. ასე რომ, ნებისმიერი გამოგონილი საგანსაც რეალური საწყისი გააჩნია.

 სამწუხაროდ, ზედმეტად ვცხოვრობ ოცნებაში, თუმცა ძალიან ეჭვიანი ვარ. მიჭირს გარკვევა რომელია ჩემი აზრი და რომელი მიბაძვა. ბავშვობიდან მაინტერესებს თეოლოგია და ეს ჩემს თემებსაც ეტყობა ალბათ. ეს ინტერესის განცდაა ის, რაც მეხმარება ოცნების განსხეულებაში. ბოლო-ბოლო თავიდან ყველაფერი სიტყვის დონემდე იყო.

#3. ჯამი ანუ რისი თქმა მინდა 

 თანამედროვეობის თვალსაზრისით, ილუზია პოტენციურია ან წარსულის გადმონაშთია. რეალობის ცნება ბრჭყალებში ჩასასმელად თუ გამოიყენება.

ეს 21-ე საუკუნეა, სადაც აზროვნებისთვის დამახასიათებელია არა გამარჯვება, არამედ, მიღებული გამოცდილება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს. დრო და სივრცე მხოლოდ პირობითია.

ადამიანს, რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებულ პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ ნუ მივაწვდით ბავშვებს ცრუ ინფორმაციას. პირიქით, ვეცადოთ ცნობისმოყვარეობის, ეჭვიანობის გრძნობა გავუღვივოთ.

თოვლის ბაბუის არსებობის თუ არ დაიჯერა, ნუ გავუფანტავთ ეჭვებს. დაე, თავად შექმნან თავიანთი ინდივიდუალური თოვლის კაცუნა, 21-ე საუკუნის ბავშვებს დასაქოქი ირმებით რომ ამარაგებს.

ნუ აღვზრდით ტყუილებში.

ნუ ვუკრძალავთ თავისუფალ ფიქრს და ნუ შევზღუდავთ ცოდვების დაშვებაში. გახსოვდეთ, ნიუტონი მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას, როცა თავში ვაშლი დაეცა.

არც მე ვიქნები კარგი დედა, რადგან პრაქტიკა მეტისმეტად მერთულება. მაგრამ იმაში მაინც შევთანხმდეთ, განათლების სისტემაში ცვლილებებია შესატანი.

გილოცავთ გიორგობას და დამდეგ შობა-ახალ წელს!