გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი

tumblr_mgnopnW5vO1r66km2o1_500

კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრიაjeromelim-277a3715  ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და tumblr_inline_mrk9pelCCi1qz4rgpსხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.

სირაქლემას სინდრომი

1379284997_4440ადრე ერთ წიგნს ვკითხულობდი გაუხრწნელ სხეულებზე სხვადასხვა რელიგიებში და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ პრექრისტიანულ ეპოქაში დაბადებულ ზეზვა და მზიას ძვლებიც შეიძლება ბუნებამ შემოინახოს.
მამა გაბრიელის ნეშთს ისეთი პიარი გაუკეთდა, სულ რომ გახრწნილი ყოფილიყო, უნდა აეწყოთ. ურწმუნო ადამიანის სინდრომი ხომ იმაშია, სასწაულს ჩაეჭიდოს, როდესაც სხვა დასაყრდენი არ აქვს და ვერ ხვდება, რომ თავად გახრწნის შედეგიც ისეთივე სასწაულია, როგორიც დაბადება.
მაგრამ საკითხი იმაშია, რატომ დასჭირდა ადამიანს სასწაულებზე ჩაჭიდება, ტრიმიფუნტელის ფაჩუჩების გაცვეთა, ფორუმელები ზომბის/ზომბირების წარმომავლობას რომ მიაწერენ, გინდაც ცოცხლად აღდგენილი ადამიანი-ღმერთის?!
რატომ არის იშვიათი მოვლენა სასწაულად აღქმული?!
რატომ ვარ მე ერი, რომელსაც ისევე სჭირდება რწმენა არსებობისთვის, როგორც ნაღალატევ ცოლს ქმრის ნუგეში ერთგულებაზე?!
რატომაა საჭირო ერთმანეთის მოფრთხილებისთვის უღიარებლობა, რომ არც ისეთი ანტიკური ეროვნული თვითშეგრძნება გვქონია?! რომ მე-19 ს-ში, როცა მსოფლიოში ყველა ერს თვითცნობიერება ახლად უყალიბდებოდათ და ჩვენთან თერგდალეული 60-იანელები პირველი მერცხლები იყვნენ, ვთქვათ, რომ რამდენიმე ათასწლოვანი თვითშეგრძნება გვქონდა.
რატომ ვწუწუნებთ, რომ მთელი ერი ჩაერია ჩვენს ოჯახურ ამბებში, მას ხომ თავად მივეცით ნება ჩარეოდა ჩვენს ოჯახებში როცა ბნელი 90-იანები იდგა?! ნავთის ღუმელებს ვცვლიდით, უფროსი მეზობლები უმცროსებს ტანსაცმელს თუ სახელმძღვანელოებს ვუთმობდით, – ერთმანეთს სიბნელე ასე გადავატანინეთ, როცა ჟურნალ-გაზეთებში გვერდი-გვერდ ვუშვებდით ერთდროულად პორნოგრაფიასაც და ხატებსაც, ეროვნულ ცნობიერებაში თეორიულიდან განსხვავებით პირველ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამდით თავისუფალ განმარტოებას დახამებული ადამიანები.
ძალიან მაგარი გრძნობაა ეჭვიანობა, იგი ანალიტიკურ აზროვნებაში მყოფ ადამიანს განასახიერებს. სირაქლემას სინდრომის არსი კი მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ თავი დამალო, არამედ უკანალიც მიუშვიროო.

მოღალატე წმინდანი

დრო მოედინება უწყვეტად წარსულიდან მომავლისკენ და თუ ოდესმე დროის მანქანით წარსულში წავლენ, სვლა მაინც მომავლისკენ იქნება.

მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, სინათლე მარცხნიდან მარჯვნივ ნათლიდან ბნელის მიმართულებით.

ძველ საბერძნეთში თვლიდნენ, რომ თეთრის საშუალებით, შეეძლო ადამიანს ფერების მიღება.

არისტოტელემ, ფერები თეთრისა და შავის შერევით მოხდაო.

იოგის დროს ”ა” ასვენებს, სითეთრესთან ასოცირდება.

ყოველთვის მაინტერესებდა ფერთა ისტორიები.

ემბრიონის პოზაში მძინავს, მუხლები ლამის ნიკაპთან მივიდო. მეუბნებიან, ხერხემალი მომეღუნება. რომ ვსწორდები, – მცივა.

მე მახსოვს ჩემი დაბადება. გამოვიგონე, რომ მახსოვს.

ფასკუნჯი მახსოვს. აი, როგორიც ალფია, ისეთ ბანჯგვლიან არსებად წარმოვიდგენდი. დედამ შთამაგონა. ახლა ისიც ემბრიონის ფორმით წევს და მამა მეუბნება, გავხართო.

შემოდგომაა.

ჩემ წინაშე ხელებჩაქნეულები დგახართ. თქვენი რაოდენობა პროცენტულად სრულია.

დიახ, გღალატობთ.

გატყუებთ და დაგცინით.

მაგრამ ამას იმსახურებთ და არ ვნანობ.

წარსულში რომ დამაბრუნა, უფრო მეტად გიღალატებდით.

უფრო სასტიკად და ბევრთან.

ერთმანეთთან.

არა, არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხართ.

უთქვენოდ მოვკვდები :/ :*