ფასკუნჯი და მელაკუდა

ჯავახეთში არის პუნქტი, ზედმეტსახელად, ვინდოუსის ხედი, რადგან ძალიან ჰგავს მაიკროსოფტის შპალიერს. მე კიდევ იშვიათად მინახავს ამდენად ჰიპერაქტიური ღრუბლები, რომელიღაც თაიმ ლეფსის აპლიკაციით იხვეოდა მეგონა. სამხრეთის ალპური ქარის ენერგია დენით ფართო რეგიონს მოემსახურეობდა.

ჩემთვის ჯავახეთი არის მხარე, სადაც სტერეოტიპებს ვადა გაუვიდა. მაგალითად, ნაკელის ესთეტურობაზე, რომ პირამიდებს საქართველოშიც აშენებდნენ. ვნახე სახლები რუსული ფოლკლორიდან, ივანუშკას ამბების სათხრობად რომ უნდა გამოეხედა მოხუც მეზღაპრეს, სალათისფრად შეღებილი ფანჯრებიდან და ეთქვა: жили били старик со старухои. სანამ პანდას თვალებივით ამოღებილ სარკმლებს ვუყურებდი, თოლიები ფეხებში ისე მეჩრებოდნენ, როგორც კოლორადოს ჭიები კარტოფილის სეზონზე. ძაღლების ნაცვლად კი ოჯახებს ყარყატები მოეშინაურათ, მოსახლეობა რომ მათ მოფრენა-გამრავლება-გაფრენას უყურებს კალენდრის ნაცვლად. დაუმაგრებელი თივის ზვინები ფრინველებივით დაფრიალებდნენ, მათ შორის კი ერთი სლავური გარეგნობის თივისფერი გოგონა ველოსიპედის ბორბალს ჰაერით ტენიდა, გარეგნობით სალი მანის ქალიშვილს ჰგავდა. ალბათ ყველა დედა სალიმანია.

სახლიდან რომ გავდივარ, დედაჩემსაც ეშინია ჩემი. უკრაინაში მივდივარ მეთქი და ვინმეს სააკაშვილთან არ ეგონო და პოლიტპატიმარი არ გახდეო. ხევსურეთში მივდივარ მეთქი და სვანეთში წვიმამ მდინარე გაიტანაო. ჯავახეთში მივდივარ მეთქი და, მანდ ფასკუნჯები ბუდობენ, ჭრილობა ხომ არ გაქვს რომ სისხლზე მოვიდნენო. “ჭრილობა არა, მაგრამ თვიური ითვლება?” – ავკუნტრუშდი და როცა ჯავახეთში მეორედ მოვხვდი, ჩინური კიმონოსგან შეკერილი წითელი ფერის კაბა ჩავიცვი, იქნებ მიმეზიდა რომ დამენახა ეს ზღაპრული ძუძუმწოვარა. მთის კენწეროში ავედი და პლედზე დავწექი, რომ ფასკუნჯის ნაცვლად მელაკუდა მივიზიდე. ვინმეს გუგლიდან დედამიწისთვის რომ დაეხედა, ვინდოუსის შპალერის ყვითელ სივრცეში ორ წითელ წერტილს დაინახავდა.

ოდინა


კარლ რეიხენბახმა ოდი აღმოაჩინა, სახელი ნორვეგიელი ღმერთის ”ოდინას” საპატივცემულოდ დაერქვა. ის შეგრძნებადი გამოსხივებებია, რომელსაც სხეული გამოყოფს. ადამიანის მარჯვენა ნაწილი მოცისფრო სხივებს უშვებს და მარჯვენა ხელის მსგავსად მინერალურ მაგნიტზე დადებითად მოქმედებს, როცა მარცხენა მხარე მოწითალო სხივებს ასხივებს.

ქალი და კაცი მას სხვადასხვანაირად გამოყოფს. ჯანმრთელი მკვეთრ ფერს გამოყოფს, ავადმყოფის ოდა ბჟუტავს. მას ასხივებს ყველა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება. ადამიანში ქიმიური გზით წარმოიშვება და ქვედა ნაწილში მეტად მოყვითალოა, ზემოთ – მოცისფრო. ავადმყოფ სხეულში – მოყვითალო. მას ფოტოგრაფიური ფირების გაბუნდოვნება შეუძლია. ცოცხალი ორგანიზმის სითბური და ელექტრონული სხივებია.

შეგვიძლია მისი აღებაც და გაცემაც. თავის ინდივიდუალურ თვისებებს მაინც არ კარგავს, სხვა ორგანიზმს რომ გადაეცემა. სიფაქიზის გამო მკვეთრ საგნებშიც აღწევს. ხეებში, მაგალითად. მაგნიტურ რაპორტიტას შეიძლია ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს, რომელიც ასხივებს. ადამიანები ოდიური გამოსხივებებით მანიპულირებენ და მის ოდის ფიგურაში სვამენ, ფიგურას ჩხვლეტენ და იციან, რომ იმ ოდის მატარებელ პიროვნებას სტკენს.

ფიზიკური აღგზნება აძლიერებს ოდურ გამოსხივებას. სიბნელეში მოხვედრილი თვალი ნელ-ნელა მეტად ასხივებს და ადამიანებს ხედვა შეგვიძლია. ადამიანები ვართ მისით დაკავშირებულნი. მეტიც, ის ჩვენს ინდივიდუალობას უდევს საფუძვლად. ”ყველა ორგანული და ფსიქიკური თავისებურებანი, რომლებითაც ცოცხალი არსებები გამოირჩევიან ერთმანეთისგან უეჭველად იდიური თვისებაა.” (დიუ პრელი). თვლიან, რომ ის უკანასკნელი რგოლია, რის გამოც შევდივართ უხილავი ფიზიკის დარგში. მაგები აკეთებენ ისე, რომ შინაგანი ოდური ადამიანი შეუერთდეს ბუნების საგანთა ოდურ არსებას. აღიქვას მათი გავლენა და შეძლოს ზემოქმედება.

მატერიას გააჩნია სხივების თვითჩასახვის უნარი. ჩასახული ოდა შეუნარჩუნებლივ გამოსხივდება და შეუჩერებლივ აღდგება. თუ ოდის დანაკარგი მისი აღდგენის პროპორციულია, სხეული ჯანმრთელია. სექსის დროს ყველაზე დიდი რაოდენობით სხივდება და ორგანიზმი მისგან სუსტდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდების გაცვლა თვისებების გაცვლასაც იწვევს. მისგანაა, რომ ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსება, როგორც ფიზიკურად, ისე თვისობრივად. ამის გამო სახიფათოა შემთხვევითი კავშირები.

მისი გადაცემა შეიძლება ხელის დადებით, სუნთქვით. ჭარბი ოდის შემთხვევაში ავადმყოფებს უწილადებენ ხოლმე. ოდის შეკავება არ შეიძლება. სასიცოცხლო ენერგიასთან შედარებით შეიძლება გადავცეთ შეგრძნებებიც. ბავშვის ჩასახვის წუთებში რა შეგრძნებაც არის, ბავშვზეც გადავა. დედები ასევე იყენებენ ოდიებით აღზრდის მეთოდს. ძილის დროს შვილებს ცალ ხელს თავზე დაადებენ, მეორეს – ხელებზე და ყურში რჩევა-დარიგებებს ჩასჩურჩულებენ.

ის ძირითადად თმიდან, ფეხებიდან და ხელებიდან გამოიყოფა. განსაკუთრებით შუა, ცერა და საჩვენებელი თითებიდან. ოდური ალი ოდურ ღრუბელს გავს. მბრწყინავი ნათებაა, რომელსაც სენსიტივური პირები ხედავენ. წმინდანი ადამიანის გარშემო ოდური ალია.

ჭია მაია

ვიყავი თუ არ ვიყავი, ვიყავი ერთი გოგონა კოპლებიანი წამწამებით და ბაფთით.

თხელი ვიყავი. თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

ჭიამაიისფერი წამწამები მქონდა: წითელი და შავი.

ვიწექი მდელოზე და ვითვლიდი ჩიტებს დაბლიდან, შორიდან.

ნივთი რომ მეპოვნა, მეგონა, რომ ჭიამაიას ვერ ვუპოვნიდი დედას.

გვირაბში რომ ვიყავი, მეშინოდა სინათლის გვირაბის ბოლოს: შეიძლება რაღაც აფეთქდა ან ჩემკენ მომავალი მეტროს სიგნალები იყო.

თუ სახრჩობელზე დაკიდებულ ბიჭს ვხედავდი, მეშინოდა ტოტი არ გამტყდარიყო.

მეშინოდა წეროების, რომლებმაც კომბოსტოში დამტოვეს. მეგონა, ერთხელაც უკან დამაბრუნებდნენ.

ხალხში მეშინოდა ამოსუნთქვის, მეგონა რომ ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს შეჭამდნენ.

ვიბუტებოდი.

ერთხელ, როდესაც ჩიტებმა ფრთები ჩემს ყურებთან შეაფრთხიალეს, მე გული წამივიდა. წეროებმა წამიყვანეს ექიმთან.

ამწონეს. გამზომეს. დამანაწევრეს. გამიკეთეს ტვინის პლასტიკური ოპერაცია.

მე აღარაფრის მეშინოდა.

ვცხოვრობდი ცხრა ქუჩისა და მოედნის მიღმა, კოპლებიან თმას ვივარცხნიდი ჩანგლით.

აივნიდან შემოფრინდა ჭიამაია. მე და ის დავმეგობრდით.

მას კოპლებიანი კანი ჰქონდა და ნეკა თითზე მეტეოდა. ბოლო დროს გასუქდა და მემძიმებოდა.

ტელევიზიაში დავიწყეთ მუშაობა. ის ამინდის პროგნოზს მატყობინებდა, მე კი ამას ხალხს ვუყვებოდი.

როდესაც ხალხი წვიმაში  უქოლგოდ გამოვიდა, შევამჩნიე, რომ არავინ მისმენდა.

როდესაც გვირაბში მეტრომ სხეულში გამიარა, შევამჩნიე, რომ ვერავინ მხედავდა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩიტები რომ დავითვალე, მივხვდი, რომ მხოლოდ ათამდე ვიცოდი დათვლა, მეორე დღეს შევამჩნიე, რომ – რვამდე. მეხსიერება იკლებდა.

თხელი ვიყავი, თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

აღარ მქონდა ჭიამაიისფერი წამწამები. გავშავ–თეთრდი: თმა თეთრი გამიხდა, წამწამები შავი დამრჩა.

ბიჭებს ტოტები უტყდებოდათ, კომბოსტოებისთვის ბავშვები მიჰქონდათ წეროებს. ბავშვები კი, ტოლმასავით შეფუთულები, ჩხაოდნენ.

აღარ მეშინოდა ამოსუნთქვის ხალხში, რადგან ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს ვერ შეჭამდნენ. მე არ მქონდა ჰაერი.

ვიბუტებოდი.

და აი, დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოს. გამიტანა მეტრომ და მე შიგნითა უსასრულობაში გადავვარდი.

ჩემი სხეული ასწია ჭიამაიამ, რომელსაც თიაქარი გაუჩნდა და მოკვდა.

მე მისი დედა ვყოფილვარ.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ვიყავი მე.

ეს ბედნიერი დასასრულია.