რაღაც ჯგუფში იკითხეს 9 წლის ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროო და მე-19 საუკუნის კლასიკოსები ლიდერობენ. 9 წლის ბავშვისთვის ყველაზე თანამედროვე ოტია იოსელიანის რომანებია დასახელებული.
გავჩუმდი, როგორც ჩემს მეგობრებთან ვჩუმდები ხოლმე, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს ტუქსავენ წიგნებზე მეტად ვიდეო თამაშების სიყვარულისთვის. გავჩუმდი, რადგან 9 წლის ასაკში წიგნების კითხვა მიყვარდა და შეჩვეული ვარ დადგენილი აზრების გაუპროტესტებლად მიღებას.
არა და როგორია, რომ 9 წლის ბავშვს აუხსნა, რომ, როცა ცხოვრება მის წინაშე ასეთი აქტიურია და გარშემო იმდენი რამაა შესაცვლელი, გინდა, პასიურ მდგომარეობაში ჯდომა და სხვების აზრები შეაყვარო.
თამაშებიც ლიტერატურაა, მიმდინარე თხრობასთან ერთად მოთამაშეს სიუჟეტის შეცვლაც შეუძლია. ბავშვი თვითონ არის ავტორებთან ერთად სიუჟეტის დამკორექტირებელი და მთავარი მოქმედი პირიც. თავად არის შესული თხრობაში და საკუთარ თავზე განიცდის ბიძია თომას ქოხის ისტორიულ ამბებს, – ეგ თამაში თურმე მართლა არსებობს. ხანდახან მგონია, რომ წიგნები პოლიტიკოსებმა გამოიგონეს სიუჟეტში ჩაურეველი მოქალაქეების შესაგროვებლად.
პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ეს პოლიტიკური ხარვეზი გამოსწორებულია, მკითხველსაც აქვს პატარა არჩევნების უფლებები, ხან მკითხველის გადასაწყვეტია რომელი ფურცლიდან დაიწყებს კითხვას აზრის გადმოსაცემად, როგორც ეს აკა მორჩილაძეს წერილებშია, ხან ნებისმიერ სოფისტური ლიტერატურაში მკითხველი მწერალთან ერთად პასუხობს შეკითხვებს. მაინც ეგოცენტრული საუკუნე გვაქვს.
დღეს უფრო პრეტენზიულები ვართ ხარვეზების მიმართ. მაგალითად, ჩემი ყური ვეღარ უსმენს გიტარიან ტიპებს უბანში, იმდენად რუტინულია მაღალი ჟღერადობის ფონოგრამიანი მუსიკა ჩემთვის, ნატურალური ხმები ხო ხარვეზებითაა სავსე. ასტრონავტების ინტერვიუდან ვიცი, პირველად რომ გადიან კოსმოსში და დედამიწას ზემოდან დაჰყურებენ, ამბობენ: ” ამმ, იური გაგარინს მოეწონებოდა”. თვალი ხომ ვერ აღიქვამს იმაზე უკეთ, ვიდრე – კამერა. და იცი, მშურს ხალხის, ვისაც პეიზაჟების ძალიან ბევრი ფოტო მასალა უნახავს და მაინც, როცა ჭაუხებიდან გადმოყურებს ხევს, ამბობს: “რა ლამაზია”.
Tag Archives: წიგნი
მოიპარე!
ერთი თეორიის თანახმად, თუ პირი ნივთებს ხშირად კარგავს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოწყენილია, ავანტურა აკლია და პოტენციური მპოვნელების გაცნობა უნდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ფსიქოლოგმა ასეთი რევიუ დაუტოვა ჩემს ინვალიდ კონცენტრაციას. გონებაში ეგრევე ყველა ნანახი ფილმის სცენა ამომიტივტივდა სადაც დაკარგული ნივთები ურთიერთობაში მედიატორია, რომანტიკული ტინდერია, სამეგობრო ჩატია, თუნდაც მტრად გადაკიდების შანსია. რაღაც წიგნიც მახსოვს ჩემნაირი დაბნეული გოგოს შესახებ, საფულე რომ დაკარგა და სიმპატიურმა მპოვნელმა დედამიწის გარშემო ამოგზაურა. ასეთი სცენარები ხომ ღარიბ და მარტოხელა გოგოებს სტიმულს გვაძლევს რომ კიდევ უფრო დაბნეულები ვიყოთ ან უბრალოდ ჩვენი დაბნეულობა თავგადასავალზე კონცენტრაციით ავხსნათ, ასე უფრო შინაარსიანია.
Anybooks-ის აპლიკაციით ახალი წიგნის კითხვა დავიწყე, რომელსაც “მოიპარე” ჰქვია. სადაც ორიგინალი ეს არის არაგამოვლენილი პლაგიატიზმი, ყოველი ლექსი კი გაზეთში წაკითხული სტატიით იწყება. ზოგადად, ყველა არტისტმა თუ მომხმარებელმა გავითავისეთ, რომ პოსტმოდერნიზმში ოქროს წესი მოქმედებს: თუ იდეას მოიპარავ ერთი პირისგან – არ არის ლეგალური, მაგრამ თუ მოიპარავ სხვადასხვა პირისგან – ლეგალურია. მწერალი რომ ვიყო, სიამოვნებით დავწერდი იმ უტოპიურ სამყაროზე, სადაც სუპერმარკეტიდან ტორტის მოპარვა ისჯება, მაგრამ ფქვილის, შაქრის და ნაღების სხვადასხვა სუპერმარკეტიდან აღება კანონიერია. ამ ბლოგისთვის მე მოვიპარე ქუჩაში ნანახიდან, ღრუბლების ფიგურებიდან, ტრამპის ტვიტებიდან და კიდევ ბევრი სხვა რესურსიდან. მაგრამ იქნებ იმიტომ ვკარგავ ნივთებს რომ ზედმეტად ბევრი მოვიპარე?
დანა-ჩანგლის როლი მარტოობისთვის
წიგნები უფლისწულისა და გლეხი გოგოს მელოდრამული ურთიერთობის შესახებ შეიძლება რომანტიკულია, მაგრამ კლასთა შორის განმასხვავებელ ფაქტორებს მალავს. მაგალითად, იმას, რომ გლეხი ჭამისას დანა-ჩანგალს არ იყენებს, საჭმელზე აცემინებს და შეუძლია საწოლშივე დაანერწყვოს. როცა უფლისწული სუფრასთან ჯდება და თეფშთან სამი სახეობის ჩანგალი ხვდება, მთლად პაზოლინი თუ არ ხარ არ აღწერ, რომ გლეხი გოგო წაკუზულია და წყალს შუა გუბიდან თქვლეფს. თან წარა-მარა საზარდულს იქავებს, რადგან საცვალი არ აქვს და კოკებოვანი დაავადებები სჭირს. როცა უფლისული მიჯნურს ეუბნება რა ლამაზი ღიმილი გაქვსო, გულწრფელობის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ლამაზი ძაღლის, ვირის და პრუჟინის კბილები გაქვსო. რადგან სტომატოლოგიაში ადამიანური პროტეზი მხოლოდ მაღალი ფენის პრეროგატივა გახლდათ. სამაგიეროდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ გოგონა კეთილია და პრანჭია სეფე ქალებს არ ჰგავს.
კლასთა შორის განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში ეტიკეტი იყო, მითუმეტეს, სქესთა შორის დისბალანსის გამო, ქალების საზოგადოებისგან მოწყვეტის და განათლების ნაკლებობის გამო კონკიები ელემენტარულ ჰიგიენურ სტანდარტებში დაგვიანებით ჩასხდნენ. ეტიკეტმა მიღწეული სტანდარტი მაშინ დააფიქსირა, როცა სოციალური ცენტრიდან პერიფერიაში გადავიდა. არ იფიქროთ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მწერალი რომ ვიყო ასეთ მელოდრამას დავწერდი: უფლისწულმა გლეხ გოგოს აკოცა, გლეხ გოგოს უფლისწულის კბილები მოეწონა და მას მერე კაკალი კბილებით აღარ ჩაუმტვრევია. იდიალური happy end.
რარიტეტულ წიგნებში რომ ვიტრიალოთ, როცა ბატალურ წიგნებს ვკითხულობ, სადაც სამამულო ან რომელიმე ომის თავგანწირვებია აღწერილი, სულ მინდა ვკითხულობდე ბიჭებზე, რომლებმაც აბჯარი აისხეს, ავანტგარდში დაეწყვნენ, მაგრამ ომში გრიპის ვირუსით მოკვდნენ ან უბრალოდ იმ დღეს კბილი სტკიოდათ და სუფთა დარიშხანი ჩაიდეს. სტატისტიკურადაც, ომებში ჭირიანობით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე პირდაპირი შერკინებისას. ესეც იმ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უცოდინრობით, რაც საზოგადოებამ გვიან გაითავისა. მხატვრულ ლიტერატურას რაღაც კაზუალ თემები აკლია, რის გამოც მთელი ეს მორალური ბატალურობები სადევ-გმირო რომანებად ან სულაც ჰაგიოგრაფიებად მევლინება.
თანამედროვეობაში ომი პირდაპირი შერკინებიდან ირიბ იმანენტურობაში გადავიდა, ბიოლოგიურ თუ კიბერნეტიკულ შერკინებებს მტერთან სხეულებრობრივი კავშირები მინიმუმამდე დაჰყავს. მტერზე ხელის გასვრა არ გვინდა, ხშირად არც მოყვარეზე და ამის დამადასტურებელია ჩანგალი. ჩანგალი პოსეიდონის ჯოხივითაა, ის მფლობელის კუთვნილება უნდა იყოს. დანა-ჩანგლით ჭამა ნიშნავს ადამიანის ინსტინქტურ შიშს, რომ თანამემსუფრე ავად არის. პლუს, შთანერგილი გვაქვს დასვრილობის შიში სისუფთავეზე კულტივირებულ საზოგადოებაში, რაც საკუთარ თავთან გვატისტანცირებს. მაგალითად, გასაგებია რატომ არ ვძიძგნით ხელებით სინაზე დადებულ გოჭს ერთდროულად, მაგრამ თეფშზე გადმოღებულ ულუფასაც ჩანგლით შევექცევით, რადგან არა თუ სხვისი, საკუთარი კიდურებიდანაც კი შეიძლება ავიკიდოთ ჭირი. ჩანგალი, ეს არის პრივატიზებით ლამის კბილის ჯაგრისისთან გათანაბრებული ატრიბუტი, რომელიც სიმბოლოა ადამიანების ნერწყვების განმაცალკევებელი და საკუთარი ნერწყვისგანაც დამაშორებელი. ჩანგლის რეკლამა სტუდიაში.
აღდგომა სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში გავატარე. ასეთი ტრადიცია აქვთ: დააგდებენ სასაფლაოზე თონეში მთლიანად შემწვარ გოჭს ან ბეკეკას, ხოლო ირგვლივ იმა წლის სამზარეულო მიღწევებს შემოულაგებენ. ერთ კვირიანი კულინარიული დუელი ტარდება. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სუფრაზე სნიკერსის ტორტისა და სუშის როლების შუაში თონეში გამომცხვარი გოჭი გააწვინეს. ტრადიციაა, რომ გოჭი ხელებით გვეძიძგნა დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. მაგრამ სვანები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე სჩადიან, აქ შემონახულია წინაპრების ის წესები, რაც კულტურამ დავიწყებას მისცა. თუ ევროპული რენესანსი ჰიგიენის ნორმატიულობის განსამტკიცებლად ლიტერატურას ლიტერატურაზე ქმნიდა, ქართულ კულტურას ჰიგიენის აპოლოგეტი არ შეუქმნია. სუშის ხსენებაზე გამახსენდა, რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, აქ დანაა მონოპოლისტი. მე თუ მკითხავთ, ამ კუთხის კულინარიული პოპულარობა ცხოველთა სამყაროსადმი სინდისის ქენჯნით განისაზღვრება. თევზი იქნება, ქათამი თუ ძროხა, ისეთი მონდომებით გვინაწევრებენ ჩინელები საკვებში ბრინჯთან თუ კომბოსტოსთან ერთად, რომ შეგვიძლია სინდისი მოვატყუოთ, მაქსიმალურად დანაწევრებული ცხოველების მიღებით ცხოველურები აღარ ვართ, აი, როგორც სვანები დღესასწაულებზე.
დანა-ჩანგალი, როგორც ლეველური ეგალიტარისტი მიღებულ ცივილიზაციაში შეიძლება დამნაშავეა, რადგან ყველგან ჩვენს ნერწყვებს აღარ ვავრცელებთ, მაგრამ მარტოობაშიც აქვს ბრალი. ჩანგალში ადამიანის იზოლირება გამოიხატება სხვისი ან საკუთარი ნერწყვისადმი, როცა დანაში ილუზიის მორგება სინდისის ქენჯნის გამო. ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის საჭირო ყოფილა გარკვეული სახით იზოლაცია, მაგრამ იზოლაციას თითქოს მუხრუჭი აქვს სუსტი. ოჯახში თითქოს ყველას საკუთარი ჭურჭელი გვაქვს გარეცხვის მერეც კი. თანამედროვეობაში შეიძლება ჭირიანობის რიცხვმა იკლო, მაგრამ ფსიქიკურმა ავადმყოფობებმა იმატა. საუკუნეების მანძილზე ჩადებული სხვებისა და საკუთარი თავის შიში უკვალოდ არ გაქრა. ხანდახან კი ინსტინქტურ ლეველებზე ურთიერთობების დროს ჩვენი ქვეცნობიერი გვახსენებს რომ იყო დრო, როცა კოლექტივიზაციის პერიოდი იდგა, ინდივიდუალურობა გვაკლდა და ძალიან ვგავდით ერთმანეთს. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა, ცოლი რომ ქმარს ბასიანზე გაუშვებს და გულში ყველა რეივერ გოგოზე ეჭვიანობს, თავს სხვებთან აიგივებს და რახან ქმარი თვითონ მოსწონს ყველას უნდა მოეწონოს. უეჭველი კოლექტივიზაციის ნოსტალგიაა მიზეზი, სხვა რა უნდა იყოს.
გადაყვარება
არსებობს რამდენიმე დავალება, რათა გავთავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის ლანდისგან დაშორების მერე და განვიცადოთ კათარზისი: 1) ვეცადოთ გავხდეთ უფრო ბედნიერები, ვიდრე ყოფილ პარტნიორთან თანაარსებობის დროს, რადგან ბედნიერი წუთების გახსენებამ ეფექტი დაკარგოს; 2) ვეცადოთ ხალხს კეთილად მოვექცეთ, რადგან აქამდე დაგროვილი სითბო უადრესატოდ არ დარჩეს და ბოღმად არ დაილუქოს. მაგალითად, გავანებივროთ ხალხი საჩუქრებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საყვარელი ადამიანი არ არის მატერიალურად არსებული და საკუთარი თავის ხატს, ავატარს წარმოადგენს. შეიძლება გადაიყვაროს საკუთარი პიროვნება ბილი მილიგანმა ან ქრისტემ გაღმერთებისას?
მოვიფიქრე, რომ აზერბაიჯანისთვის მეორე შანსი მიმეცა, რადგან გობუსტანში სოლო ლაშქრობისას უპასუხო შეკითხვები გამიჩნდა. სხვა სტატიაში გობუსტანი აღვწერე, როგორც აზერების ოცნება ეთნიკური ვიკინგები ყოფილიყვნენ. აი, როგორც ქართველებს გვაქვს ოცნება “ვეფხისტყაოსნის” რენესანსურ პიონერობაზე, თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს თეორია პატარა ერის კომპლექსად რჩება, “ვეფხისტყაოსანი” კი – კარგი ხარისხის მაგრამ, მაინც სადევ-გმირო რომანად. სად დანტე და ბოკაჩო თავიანთი ცოდვილი რომის პაპებითაც კი, და სად რუსთაველი, პერსონაჟები ჯერ კიდევ არაადამიანურები ჰყავსო.
ამ ფოტოზე ვარ მე, ანდოგინი ანგელოზი და პლაგიატი მათე, იქვე კარავაჯოს ხელმოწერა იგულისხმება, აკაკი წერეთელივით რომ მწერალს მისიონერული პოზიცია მიაწერა. სხვა სახარებებიდან მათეს წიგნი ყველაზე გამოკვეთილად აღწერს ქრისტეს ადამიანურობას. კარავაჯოს ჩანაფიქრით კი ჩვენთვის ღმერთი ქრისტე, ციური სამყაროსთვის მაინც ადამიანია. ეს მათეს ქრისტეს “ჩორტის” ბრალია ისტორიულ სომხეთთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭდა.
საახალწლო უქმეებზე სამ დღიანი კასპიის კრუიზი მოვიწყე. სხვა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შემეძლო მთელი დღე მეარა ოთხკუთხედ ოთახში ჩემი შავი კიმონოთი და მესმინა პელევინის პოსტაპოკალიპტური საბჭოთა კავშირისთვის. არ მესმის როგორ უნდა იკითხო პელევინი. პელევინს უნდა მოუსმინო აუდიო წიგნებით. თუნდაც იმიტომ, რომ პელევინის შემოქმედება ჯერ მპ3 ხარისხით გამოდის და მერე იწერება. მაგრამ რუმმეითმა ჩემზე იძალადა, ოთახში მასე თბილისშიც გამოიკეტებიო, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიაო, ახალი წელიაო.
ვერ წარმოიდგენთ როგორ მეზარებოდა უცხო ქვეყანაში დალევა. მაგრამ რუმმეითის დაჟინებული თხოვნის, საბნის გადაწევის, წყლით გამოფხიზლების მერე, სადაც მეოთხე ტეკილას რომ ვსვამდით ბზრიალა ცათამბრჯენზე, ვკითხე, რას გაურბიხარ, რომ ერთობი მეთქი. ეს შენ რას გაურბიხარ, “ალი და ნინოს” წიგნის მაღაზიაში ჯერ მარტო ერთ წიგნში 59 მანათი რომ მიეციო. ეტყობა ვერ ვერთობი, უნარი დამეკარგა მეთქი.
ბაქოს ბოლო დღეს კარავაჯოს გამოფენას ვესტუმრე და ბოლო კვირების მერე პირველად გავიღიმე. სევდიანია, როცა ხვდები, ალკოჰოლი რომ აღარ გართობს, არც გლამურული სპა სალონები “კაიუტაში”, არც ოთახთან დატოვებული თაიგულის ავტორის ვინაობა გაინტერესებს, არც ნაპოვნი 1000 რეალის დაგუგვლა გაცინებს და აღმოჩენა რომ ამით 1 დოლარიც არ მოგივა. აი, თურმე რატომ იციან აზიელებმა მათემატიკა, მაღალ რიცხვებთან აქვთ შეხება. მაგრამ აი, მათეს სახე ძალიან მამხიარულებს და რა ვქნა. ასაკი ალბათ. გადაყვარებაზე ვსაუბრობდი და ალბათ საკუთარი სურვილები უნდა გადავიყვარო, საზოგადოებას რომ სახარებასავით მინდა მოვახვიო.
ბოშა ქალი
“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.
ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.
ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.
მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.
ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.
მიტოვებულების ბიბლია
Leftovers იმიტომ არ მოგეწონა, რომ მიტოვებული არასდროს ყოფილხარო, – მიპასუხა მეგობარმა, რომელიც HBO-ს სცენარით დატენილ კომპანიაში იყო შეჩვეული საუბარს. სინამდვილეში სერიალმა დამაჯერა, რომ შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 4% სხვების თვალწინ ერთდროულად უკვალოდ გაუჩინარდეს, მაგრამ ვერ დამაჯერა მარადიული სიყვარულის არსებობა, რომელიც ყოველ წელს ავსტრალიაში გაგატარებინებს შვებულებას გაუჩინარებული მეუღლის ძიებაში. მომიტევეთ, არ მიყვარს სპოილერის გარეშე საუბარი. სერიალის ფინალი თინეიჯერ გოგოებზეა გათვლილი, რომელთა სხეულებში ჰორმონები კრეპტონური ძალებივით ბუდობენ და ჯერ მათი ფლობა არ შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ პრეისტორია მიტოვებული ადამიანის ბიბლიაა, ჰოლივუდური ღიმილიანი დასასრული არ შეეფერებოდა, რადგან მაყურებელმა ამოღეჭა მთავარი გმირების სასწაულებრივად გადარჩენების ხარჯზე მიღებული ემოციები.
ეს არის წიგნი პოლიციის ოფიცერზე სახელად კევინ გარვი, რომელიც არავის მიუტოვებია ერთი ღამით გაჩერებულ ქალს თუ არ ვიგულისხმებთ შუა აქტისას. კაცი, რომელმაც აბაზანის ნიჟარიდან სექსუალურად ამოძვრომა იცის და choking ფილია აქვს. როგორც პოლიციის შეფს, მას მიტოვებული მოსახლოების დაცვა ევალება და უპატრონო ძაღლებს ხოცავს, პატრონების გაუჩინარების შესწრებისას რომ გაავდნენ. მიტოვებულ სამყაროში ცხოვრებას ის ღამის იდუმალი ცხოვრებით უმკლავდება ანუ მთვარეულია. ცოლად ოჯახისგან მიტოვებული ქალი მოჰყავს, ვისთან ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, როგორც ზღაპრებში ცხრათავიან დევებთან გამკლავება, – მან ჯერ უნდა მოკლას მისი მსხვერპლი ქალის ენიგმა, გამოიმუშაოს განწყობის კონტროლი და იმღეროს როცა არ ემღერება, დასძლიოს საკუთარ ორეულს, რომ მიხვდეს მარტოა და მეუღლესთან ცხოვრება სჭირდება, ქალაქში ყველაზე მიტოვებულ ქალთან.
ეს მიტოვებული ქალი ნორა ჯონსია, ყოფილი დიასახლისი ამჟამინდელი მიტოვების პრევენციის სამსახურის სტაფი. ქალი, რომელიც მსხვერპლის როლმა კარიერულ საფეხურზე აიყვანა და საჯარო სივრცეებში გამოსვლის სქილზი მისცა. მისი სამსახურეობრივი მისია გაუჩინარებულ ადამიანებში კანონზომიერების პოვნაა – ოფიციალურად რეგისტრირებულ მიტოვებულებთან დადის და მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ მიტოვებულ ოჯახებს კითხვარებს ავსებინებს. სწორედ ნორას წიგნიდან ვიგებთ, რომ გამქრალი ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელთათვის გამქრალები ჩვენ ვართ, ხოლო ისინი მიტოვების მსხვერპლები არიან, მათ ხომ დედამიწის მოსახლეობის 96% დაკარგეს. Leftovers-ის ფინალის ერთი თეორიის მიხედვით, ნორას წიგნის ფინალი რეალურ ფაქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ოცნებას, რომ მისი გამქრალი ოჯახი უმისოდ ბედნიერია და აწი თვითონაც შეეძლება ახალი ოჯახის შექმნა თუნდაც სიბერეში, თუნდაც ქორწილებში მტრედების გამშვებად მოუწიოს მუშაობა, თუნდაც ღვიძლი ძმის სიკვდილის მერე.
ნორას ძმას მეთ ჯეიმსონი ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატული ეკლესიის მღვდელია, იგი ერთადერთია, რომელიც გაუჩინარებული ადამიანების კულტს არ ქმნის და მორალურ-მატერიალურ წინაღობებს განიცდის იმ სტატიების გამო, რასაც ეკლესიებში არიგებს. სტატიებში წერია, რომ არ შეიძლება გაუჩინარებული ადამიანის კულტი ააგო, მხოლოდ იმიტომ რომ გენატრება. მეთი ტაბლოიდის ედიტორიბით ცდილობს მრევლს შეახსენოს, კულტად ქცეული გამქრალების მანკიერებები. თვლის, რომ ქრისტეს ტყუპისცალი ჰყავდა, ამიტომ როცა სიკვდილით დასაჯეს, მესამე დღეს ქრისტედ თავს ცოცხლად დარჩენილი ძმა ასაღებდა. ცოლად ჰყავს უშვილო და პარალიზებული მეუღლე, რომელიც სასწაულებრივად დაფეხმძიმდა, რამაც მასში ღმერთობის ამბიცია გამოიწვია. ჩემი აზრით, გემზე ნანახი ღმერთკაცა სწორედ მის ფარულ ორეულს განასახიერებდა. თავიდან მისი იდეები იმდენად კონსერვატული იყო მიტოვებულთა ქალაქებში, რომ ახალმა სექტამ ადვილად ჩაანაცვლა. მომავალში კი დაიჯერა ტყუილების, როგორც მომავალში პოტენციურად არსებული სიმართლის და ახალი მესიის, რომელიც დედამიწას ახალი მიტოვებებისგან იხსნის და ეს მესია კევინ გარვია.
მეთის შეხედულებებს წარსულზე ორიენტირებული სექტა უწევს ანტონიმობას, თეთრებში ჩაცმული სიგარეტიანი ტიპები დუმილის აღთქმით. მათ მემარცხენე ფრთას ლივ ტაილერის პერსონაჟი ასახიერებს. ვხედავთ სიბერისგან როგორ დაეჭიმა მსახიობს სახე, ერთ დროს ელფური გარეგნობის მქონეს. ქალაქებში არსებობენ მედიატორები, რომლებიც ფულს მიტოვებულებისგან შოულობენ, ცრუდ მიცემული იმედების სანაცვლოდ. ლაურა გარვის მორალი: წინასწარმეტყველებთან მისვლამდე სოციალური ქსელი წაშალე. და სხვა და სხვა დატვირთული პერსონაჟები სივრცეში. Leftovers-ს სამი სეზონი მოვლენების ეპიცენტრის სამ ქალაქშია გადაჭიმული. ნეიტრალური ნიუ ჯერსი, საიდანაც თვალს გაქრობას ვადევნებთ; ქალაქი, სახელად “სასწაული”, სადაც არავინ გამქრალა; და მელბურნი, სადაც პროცენტულობით ყველაზე მეტი მიტოვებული აღინიშნება და ერთგვარი ზღურბლია გამქრალების სამყაროში გადასასვლელად. სერიალი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი.
დაემთხვა, რომ Leftovers-ის ყურებისას break up ქოუჩის საავტორო წიგნს ვკითხულობდი სახელად – The Ex Factory (c) ბრედ ბროუნინგი. ავტორი ყოფილ შეყვარებულებს წვრთნის მეორე შანსის მიღებისთვის დროში გაწელილი სტრატეგიით, სადაც პირველი რჩევაა ერთ თვიანი გაქრობის დაცვა. ავტორის აზრით, ყოფილთან შერიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სხვა ადამიანებთან პაემნებზე წასვლა, ვარჯიში, ახალი ჰობი. სტატისტიკის თანახმად, 3 კვირა საკმარისია უარყოფითი ემოციები გაიფილტროს მოგონებებიდან და ძველი ურთიერთობიდან სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყოს. ამიტომ მხოლოდ ერთ თვიანი პაუზის პოსტ ფაქტუმ შეიძლება პირველი შეტყობინებით რეაგირება, მენტალური დაინტერესების მიზეზით, წიპა “ახალი ამბავი გაიგე? შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის ქალაქში”, ან ფიზიკური აღგზნების გამოსაწვევად ტანსაცმელზე გაკეთებული აქცენტი “დღეს ის კაბა ჩავიცვი, ჩემთვის რომ მოიპარე. იმედია, კარგად ხარ”. პასუხზე ერთი საათის მერე პასუხი. სატელეფონო საუბრისას ხმა რომ მკვეთრი და ხმამაღალი უნდა გქონდეს. იგნორის შემთხვევაში წყენის ჩაყლაპვა და ახალი სტრატეგიის მოძიება ათ დღიანი იზოლაციის მერე. წიპა, “გამარჯობა, შვებულების გატარებას ესპანეთში ვგეგმავ. ვიცი, რომ იქ შენი საყვარელი ადგილებია. მირჩევ რამეს?” შეხვედრისას ძალიან ბევრი მიმიკური შეხება, მაგრამ ურთიერთობისთვის მზადყოფნამდე სექსზე უარი.
ასევეა Leftovers-იც, ახალი მიტოვებისთვის შემზადებაა წარსულის მტკივნეული გამოცდილების გამო, თან მეორე შანსისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვაა ძალიან შორ მანძილზე და როცა საუკუნის მესამედის მერე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სიბერეში ხვდებიან, თავს უცნობებად იკატუნებენ. ამიტომ როცა მეგობარმა მითხრა, სერიალი იმიტომ არ მოგეწონა, მიტოვებული რომ არ ყოფილხარო. ვუპასუხე, რომ პირიქით, დანაკლისში ცხოვრების გამო.
ინსტინქტი (პირველი)
ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.
მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.
ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.
ტედი და ალეკსეი ციმბირში
ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.
ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.
ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.
ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.
ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.
არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.
დრონი, თევზი და ოპერაცია “საშა”
როგორც წესი, სანამ დრონს ვინმე შეიძენდეს, გუგლის ისტორია და ამაზონის ლისთი სავსე აქვს დრონის აქსესუარების გვერდებით. ასეც მოვიქეცი, სათამაშო ჯერ კიდევ შეძენამდე ორბო ქილად გავიხადე და ჩემი შემოსავლისთვის ცოტათი ძვირად შემომეყიდა. სახლში მიტანამდე აქეთ დავფრინავდი და დრონი პულტით აქეთ მმართავდა. გადავურეკე მეგობრებს და ველად გასაჭრელ გეგმებს ვაწყობდით. თბილისის ზღვა ხომ გადავიფრინე და სახლის ეზოში რომ შემოვედი, სტუმრად ძმიშვილი დამხვდა – ნიკოლა გვერდითა კორპუსიდან გადმოსული. მადლობაო, ეს რა კარგი საჩუქარი მომიტანეო, – ეგონა მისთვის ვიყიდე. შემომესივნენ მთელი ეზოს ბავშვები, მე კიდევ ვიდექი და ღიმილით ვფიქრობდი რასაც წინა წელს ვფიქრობდი: წელს მაინც ვისწავლო უარის თქმა.
****
მარიამმა და ეთერმა გადაწყვიტეს ჩემთვის სურპრიზი მოეწყოთ, გვიან რუსთაველზე დამიბარეს და თევზი მაჩუქეს.
აი, ნამდვილი თევზი, სააკვარიუმო, წყლიან პარკში დაცურავდა და ამბობდნენ, ჭაობისფერიაო, რომ გაგიცანით, თავს აკვარიუმის თევზს ადარებდიო. არც შემიხედავს ისე მოვუძახე განახლებული ლურჯი ფერის ურნაში და უკანმოუხედავად წავედი. ზემოდან დააყრიდნენ ნაგავს, მაგრამ მარიამი თავისი აკანკალებული ხელებით მაინც ამოიყვანდა ნარჩენებიდან და ვინმე გამვლელ ბავშვს აჩუქებდა. მარიამი ვერ მიხვდებოდა, რომ ეტკინა იმაზე ნაკლებად, ვიდრე რამდენიმე კვირაში თევზის მფლობელს ეტკინებოდა:
თევზს ბავშვი სახლად აკვარიუმს აჩუქებდა, ავეჯად კენჭებს ჩაუყრიდა, გაწირავდა მარტოობისთვის იმდენად შეიყვარებდა, საკვებს მოიკლებდა მის გამო, მაგრამ ერთ დილასაც მკვდარს იპოვნიდა. ბოროტებაა ჩუქნიდე მალე მომაკვდავებს. ძალიან ბოროტია მარიამი.
****
წიგნის ბიჭუნა შევარქვი საშას. ჰარიპოტერობაზე ვნახე პირველად და ეგრევე მივხვდი რომ ეს კრემისფერ სამოსიანი კაცი ამდენ თინეიჯერ ჯადოქრებში სწორედ ის წიგნის ბიჭუნა იქნებოდა ვის გამოც სანტა ესპერანსაში მოვხვდი. ეს ამბავი ცოტა ადრე დაიწყო:
თამარა რომ გავიცანი, “სანტა ესპერანსას” მენეჯერი ბიჭი მოსწონდა. მოსწონდა რა, შესვენებაზე დედა ენის ბაღს რომ შემოივლიდა ეს გოგო, სავარაუდოდ მტრედებისთვის ნამცეცების დასაყრელად, სანტაშიც შეივლიდა ვითომ წიგნების და რვეულების სათვარიელებლად. ოღონდ მაშინ არ იცოდა ამ კაცის სახელი და მე წიგნის ბიჭუნა შევარქვი.
აი, როგორ უნდა გაიცნოს ინტროვერტმა გოგომ ინტროვერტი ბიჭი დახლს აქედან, მითუმეტეს, თუ ეს ბიჭუნა 40+ კაცია და ყმაწვილობის მერე შეყვარებული აღარ ყოფილა?! არა, რამდენჯერმე მათი გზა გადაიკვეთა. მაგალითად, ღვინის ნაირსახეობებზე წიგნი გაქვთო, – ამან იკითხა და იმან, – საქართველო თითქოს ღვინის ქვეყანაა, მაგრამ წიგნი ამაზე არ არისო.
ორი წელი გასტანა ამგვარმა რომანტიკამ და ერთხელაც ჩვენმა მეგობარმა დაიწყო იმავე მაღაზიაში მუშაობა კონსულტანტად. დიახ, ჩვენი კაცი შემთხვევით შევუშვით ინფორმაციის გამოსატანად. დიახ, უკვე შეგვიძლია სანტაში მხოლოდ წიგნების საყიდლად არ შევიდეთ ხელფასამდე დარჩენილ ბოლო კვირაში. არა, ეს სვლა არ ყოფილა საკმარისი და საქმეში მესამე, უფრო აქტიური გოგო ჩაერთო: მან ჯერ ჩვენი მეგობარი კონსულტანტი გაიცნო, რომ მას საშა წარედგინა, რომ მერე საშა თამროსთვის გაეცნო.
იყო რაღაც მომენტიც, დენიელ კიზის წიგნების ეკრანიზაციებზე ვსაუბრობდით, ელჯერნონზე ფილმები არ მოგვწონდა, და საშამ – მილიგანზეც აპირებენ კინოს გადაღებასო. მაინცდამაინც მაშინ ჰქონდა შემოუხვეული თამარას ნაქსოვი კაშნე სიწვრილისგან რომ იპრუწებოდა. ეს ცალკე იდგა ჩუმად და ის კიდევ – ცალკე.
იმ კვირაში მე და თამარა აღმაშენებელზე ვაპირებთ სადილს, ბარემ სანტაშიც შევივლით და ვიკითხავთ, იქნებ გამოუშვეს წიგნი ღვინოზე. გეხვეწებით, ვინმემ გამოუშვით წიგნი ღვინოზე.
შიშველი მაიმუნი და ადამიანთა ზოოპარკი
ბიბლიაში არის იგავი თუ როგორ გაჩნდა ადამიანებში კლასობრივი განსხვავება, ბატონებად და მსახურებად დაყოფა. იგავის თანახმად, მთვრალ ნოეს სიშიშვლის გამო ქამმა დასცინა თუ სხეული დაუთვალიერა. ნაბახუსევზე ნოემ ქამი დაწყევლა და მის შთამომავლობას მუდმივი მსახურება უსურვა. ბიბლიაში სიშიშვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითშეცნობის ნაყოფის გასინჯვისას პირველი ადამიანები პირველ რიგში სიშიშვლეს მალავენ, და კლასობრივი განსხვავებაც სიშიშვლის ყურებისგან მოდის.
ნატურიზმის წარმომადგენელ ზოოლოგ დესმონდ მორისს ნაშრომში “შიშველი მაიმუნი” (‘Naked Ape’) ადამიანი განხილული ჰყავს ეტოლოგიის კუთხით. ეტოლოგია ზოოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის ჩვევებსა და ინსტინქტებს. ტექსტი იწყება მაიმუნთა სახეების გაცნობით: მაიმუნებს თმით დაფარული კანი აქვთ, გამონაკლისი კი ადამიანია, რაც მის სხეულს შიშვლად წარმოაჩენს. მთლიანი ტექსტის მანძილზე ზოოლოგი გაურბის ადამიანის ხსენებას და შიშველ მაიმუნად მოიხსენიებს, რომელმაც სიტყვა “მუშაობა” სიტყვა “ნადირობას” ჩაუნაცვლა, განაყოფიერების აქტი ორგანიზებული გახადა და ღამის საათები შეუფარდა , მკერდის განვითარებამ კი პოზიციები მოამრავლა და პარტნიორები აქტისას სახე პირისპირ დააყენა.
ავტორი სვამს კითხვებს: როგორ ახდენს გავლენას ამ შიშველი ცხოველის ქცევა ავტოგადარჩენასა და შთამომავლობის დატოვებაზე? რა განაპირობებს თავად ქცევას? როგორ იცვლება ქცევა დროსთან ერთად ოთნოგენეზისას, ანუ ინდივიდუალური განვითარებისას? რა მსგავსი უნარებითაა აღჭურვილი ერთი რომელიმე სახეობა, თუნდაც ეს შიშველი მაიმუნი? პასუხები გაცემულია: პალეონტოლოგიის მიხედვით და ექსპერიმენტული დაკვირვებებით. მაგალითად, რომ სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად მდედრებს უფრო ეშინიათ თმიანი ცხოველების/ქვეწარმავლების. მკვლევარი ასკვნის, რომ ობობის შიშიც კი თმიანობის შიშისგან მომდინარეობს, ვინაიდან ობობის გრძელი და წვრილი ფეხები თმებს წააგავს.
ცხოველებისადმი ინტერესი ასაკობრივ კატეგორიას საზღვრავს: საწყის ეტაპზე ბავშვს იტაცებს დიდი ცხოველები, ვინაიდან სიდიდეებს უფროსების მზრუნველობასთან ასოცირებს. ამ სტერეოტიპის დარღვევის შემთხვევაში, დიდი შანსია ბავშვის რეაქცია განიხილებოდეს უფროსების მტრებად მოსაზრებით ანუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობებით. შემდეგ ეტაპზე ბავშვისთვის საინტერესო ცხოველები მცირე ზომის ხდება. ამ ეტაპს ცნობისმოყვარეობის პერიოდში ვხვდებით, როცა გვაინტერესებს ბაყაყების გაბერვები, ტარაკნების შეგროვებები ანუ ჩვენთვის მისაღწევი ექსპერიმენტები რომ ჩავატაროთ. შემდეგ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრება იწევს წინა ინტერესში ანუ ჩვენნაირი ცხოველები. ამ დროს ცხოველები ისევ ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ბავშვების სახით, კი არა და ბავშვებისთვის შერჩეული შინაური ცხოველების სახით. საბოლოოდ, როცა შვილები მოგვცილდებიან “გადასარჩენი” ცხოველებით ვინტერესდებით. ეს პერიოდი ადამიანს შეიძლება ადრეც დაუდგეს, როდესაც ფსიქოლოგიური თუ სხვა წნეხის გამო თავს “გადასარჩენად” აღიქვამს.
დესმონდ მორისის მეორე წიგნი “ადამიანთა ზოოპარკი” (‘The Human Zoo’) მოგვითხრობს ადამიანთა ჩვევებს არქიტექტურაში. არქიტექტურა შედარებულია ჯუნგლების გაქვავებასთან. ნაშრომი რეცენზენტის სიტყვებით იწყება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ განათლებისთვის, არამედ ჩაფიქრებისთვის უნდა წავიკითხოთ. მასში კონტემპორარული მსოფლიო განხილულია როგორც გალიები ანუ ქალაქები (Cities). შიშველი მაიმუნი კი იძულებულია რომელიმე გალიაში ანუ ლიმიტურ სფეროში დარჩეს სოციალური იზოლაციის შიშით.
ზოოლოგის თვალით დანახულ მეგაპოლისების გამოქვაბულებში გამყინვარების პერიოდიდან დროის მანქანით მოტაცებული ახალშობილები იზრდებიან. სტატუსი აღიქმება როგორც მოსანადირებელი ცხოველი. თუ მე ერთი მონიტორის შეძენა შემიძლია, მაგრამ ვყიდულობ ორს, ერთი მონიტორის მქონის თანასწორი ვარ, მაგრამ სტატუსით ვმაღლდები.
სტატუებიანი ქალაქის განხილვა კი სუიციდის გარეშე შეუძლებელია. თუ ცხოველი მტერს ვერაფერს უშავებს, ის საკუთარ ტყავს ან საკუთარ ნაშიერს გლეჯს, ოღონდ მხოლოდ ნაწილებს გლეჯს სიკვდილამდე მიყვანის გარეშე. თვითმკვლელობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მითუმეტეს, თუ ის მოშორებულია ცხოველურს, ანუ სოფელს და დიდ ქალაქში ცხოვრობს, სტატისტიკურად სუიციდის შანსი იმატებს. ავტოდესტრუქციის აქტი განხილულია როგორც მიზანმიუმართავი აგრესია ანუ მკვლელობის შედარებით გაკულტურებული ფორმა. მკვლევარის აზრით, უმეტესად არავინ იკლავს თავს, თუ სხვისი მოკვლის სურვილი არ აქვს. თეორიას ამტკიცებს ომიანობის ხანაში ჩადენილი თვითმკვლელობის დაბალი სტატისტიკა. რა საჭიროა ავტოდესტრუქცია სხვისი დესტრუქციის შესაძლებლობისას. სტატუსის მონადირების სურვილი კი ქალთა ემანსიპაციისკენ სწრაფვის ხანაში ქალებს მეტად სუიციდურს ხდის. თანამედროვე სამყაროში ცხოველებს ოთხი მიზეზით ვხოცავთ: საკვების თუ სამოსის მოპოვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, მავნე პარაზიტების გაწყვეტისთვის ან სიამოვნებისთვის.
რა საბოლოო დასკვნას გვთავაზობს ორივე წიგნის ერთი ავტორი და – პოლიტიკოსი უნდა იყოს ბიოლოგი. წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ უფასოდ: შიშველი მაიმუნი და ურბანული ცხოველი.