ვერტერისეული დიასახლისები

53166ff380881e832aa898fdb9c78e0a

მე არ მაქვს ისეთი ასაკი მეგობრები ერთმანეთს შეყვარებულებით ვხვდებოდეთ. არ მაქვს ისეთი ასაკი, რომ მეგობრები ერთმანეთის ქორწილებში ვიკრიბებოდეთ. მე არც ისეთი ასაკი მაქვს, მეგობრები ბავშვებით ხელში ვიკრიბებოდეთ და ვკამათობდეთ თუ ვინ ვისი ნათლია უნდა იყოს. გამოვიარეთ სამეგობრომ ორ-ორი და სამ-სამი შვილები. ერთ ჩვენს მეგობარს მეოთხე აგერ ბაღში შეჰყავს უკვე. ჩვენ ახლა განქორწინებების ეტაპი გვაქვს. და ისევ ეულები ვიკრიბებით კაცების და ბავშვების გარეშე. ბავშვების გარეშე იმიტომ, რომ ერთ ბავშვს კიდევ წამოიყვანდი შეხვედრაზე, მაგრამ სამის წამოყვანა რთულია მარტოხელა დედისთვის. თანაც ბავშვები წამოიზარდნენ და სკოლებში დადიან. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ თუ რამდენადაა დასაშვები ქორწინებამდე სექსი, რადგან ვსაუბრობთ თუ რამდენადაა მისაღები განქორწინების მერე სექსი. მინახავს როგორ ცხოვრობს წყვილი ერთად დაქორწინებამდე და როგორ ცხოვრობს ერთად განქორწინების მერეც, რადგან გასაყოფი სახლი არ აქვთ. ამჯერად სამეგობრო შევიკრიბეთ იუსტიციასთან, გაყრის საბუთების მოსაგვარებლად და ჭორაობამდე ტრადიციული შეკითხვა დავსვით: “სად გავჩერდით?” “ჰოდა, ადევნების კანონის უნდა ეშინოდეთ ქალებსაც”.

რა გაგიგიათ ყველაზე ექსტრემალური ყოფილი შეყვარებულისგან? მაგალითად, მეგობრის ოჯახის წყევლაა ქალი, რომელიც კაცს თავს არ ანებებს უკვე რამდენიმე წელია, სადღაც ათი. “კახპას” ძახილით უვარდება ამის ახალ გოგოებს სახლში, არცხვენს მეზობლებთან და ა.შ. და ახლა, როცა ამ კაცს ათი წლის მერე ორსული ცოლი ჰყავს, იხტიბარს კი არ იტეხს, უფრო მიზანმიმართული ხდება. აი, ასეთმა ერთგულმა ქალებმა მოიყვანეს საქართველო დღემდე, ოღონდ სხვა მიმართულებით ჰქონდათ ენერგია დაბანდებული. კიდევ ერთი მაგალითია, ისტერიულისთვის დამახასიათებელი განწყობათა ცვალებადობით, კაცისთვის ჯერ თბილი სიტყვების ხვეწნით, უეცრად გადასული ლანძღვა-გინებებით. ჟანრის კლასიკა, ცუდი და კარგი პოლიციელის სინდრომი. დეტექტივობანას თამაში, ინტუიცია არეული შიშებში, ყოფილის ნებართვის გარეშე ტერიტორიული საზღვრების მონიშვნა, მაგალითად, ყოფილის მეგობრებთან და თანამშრომლებთან უნებართვოდ დაკავშირება. ასე მგონია ყველა ისტერიული ყოფილის პრობლემა სხვა სფეროშია. მაგალითად, შეიძლება იმ ეტაპზე ოჯახში აქვს იმდენად სერიოზული პრობლემები, ნაკლებად მტკივნეულზე გადააქვს მზერა, რაც თინეიჯერობაში ჩატარებულ სხეულის დასერვის აქტს უტოლდება, – მტკივნეულია, მაგრამ ძირითადისგან ყურადღება გადააქვს. ან პრობლემა საერთოდ სხვა კაცშია, სხვა კაცმა ასწავლა, რომ სიყვარული ურთიერთობა კი არა, ბრძოლაა, ნარკოტიკია, რაზეც დამოკიდებულება უნდა გაგიჩნდეს. ან საზოგადოებაში, რომელიც ქადაგებს, რომ სიყვარულის გარეშე სექსი ცოდვაა და ვისთანაც წევხარ, თუ არ მიეჯაჭვე კახპა გამოხვალ. ასეთი ქალები თავიანთ პრობლემებს აბრალებენ ყოფილების ამჟამინდელ ქალებს, ზოგჯერ ეხვეწებიან კიდეც რომ მათ კაცებს შეეშვან, ანუ ამ ქალების იდენტიფიცირებას ახდენენ თავებთან, რომლებიც მათთან შედარებით, upgrade ჩანან.

ამ თემაზე საუბარი ერთი ქალის გამო დავიწყეთ, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, კაცის გამო მოიკლა თავი. არ მჯერა!! არავინ იკლავს თავს სიყვარულის გამო, მხოლოდ სიყვარულის გამო. შეიძლება ეს პირამდე ავსებულ ვედროში კიდევ წყალის ჩამატებას გავდეს. გინახავთ შემდგარი პიროვნება, სოციალურ თუ კარიერულ საფეხურზე ასული ქალი, შეყვარებული დამშორდაო და თავი მოეკლა? მე –  არა. სტატისტიკა ამოვქექეთ და, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ის ქალები იკლავენ თავებს, რომლებსაც ნაკლები მიღწევები ჰქონიათ ცხოვრებაში, თუნდაც ეკონომიური ან მორალური, მაგრამ თვითმკვლელობას რომანტიკული საბურველის ქვეშ ფუთავენ. არ გეგონოთ რომ თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, პირიქით, – “ვინმეს გამო თავი როგორ უნდა მოიკლა” – ფრაზის წინააღმდეგი ვარ. თავს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიკლავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ განვითარებას ვწყვეტთ ან სეპეკუ თავმოყვარეობას აღგვიდგენს. არის თაობა, სადაც მხოლოდ კაცს აქვს ეჭვიანობის უფლება. ჩემი თაობა კი ფემინიზმის დამახინჯებული განვითარებით გამოვირჩევით. ჩემს თაობაში ქალები კაცებს ეჭვიანობაში, მესაკუთრეობაში ვეჯიბრებით. შედეგად იმხელა დამახინჯება , ომი მივიღეთ, რადიკალიზმმა თავისი შობა და პატარა თაობაში იშვიათად მინახავს მონოგამიური წყვილები. პოლიგამია კი სხვა არაფერია თუ არა განმეორებითი მონოგამია, როგორც, მაგალითად, ლიოსას “ცუდი გოგოს ოინებში” ვნახე. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, ამ წიგნიდან ორი აზრი გამოვიტანე: ა) საქართველო რუსულენოვანი ქვეყანა ვგონივართ, სადაც რუსული ენის გავარჯიშება შეიძლება; და ბ) ამ შემთხვევით შეხვედრებმა მსოფლიოს მასშტაბით მიმანიშნა, რომ პერსონაჟს ჩილელი გოგონა ყველა სხვა ქალში მხოლოდ ელანდებოდა და სინამდვილეში სხვადასხვა ქალზე წერდა. ექს შეყვარებულის ამბავი კი მომავალ ურთიერთობაშიც გრძელდება.

მაგრამ საიდან ჩნდება ჩაციკლული, ისტერიული ქცევა ურთიერთობის დასალიერს და რა არის გამოსავალი? თეორიულად ეს ყველამ ვიცით და მზა რეცეპტებიც არსებობს. ამას წინათ, ერთ კაცს შევხვდი, თავის მეწყვილესთან ერთად იყო. საინტერესო ისტორია მიამბეს შიშებზე. წყვილიდან ქალს ეშინოდა კაცის ყოფილი შეყვარებულის, რომელიც მას ყველა სოციალურ ქსელში უთვალთვალებდა, ძალიან გრძელ შეტყობინებებს უტოვებდა, სახალხოდ არცხვენდა. ყოფილი შეყვარებული ბოლოს იქამდე მივიდა, რომ სექსის თვალთვალი დაიწყო. ახალი წყვილი პირველ სართულზე ცხოვრობდა და ზაფხულში ყოფილი ქალი ღია ფანჯრიდან ფარდას გადაუწევდა, იყურებოდა და უხმოდ ტიროდა, შეიძლება ანძრევდა კიდეც, არ ვიცი. ქალმა შენიშნა, პატრული გამოიძახა და რაღაც რადიუსში მიკარება აუკრძალა, მაგრამ უნებურად უძილობა დაეწყო, ფრიგიდული ქცევები დასჩემდა. სიტუაცია უფრო საინტერესოა კაცის რეაქციიდან. ერთ ღამეს თაგვი გამოჩნდა ახალი წყვილის სახლში, მაგიდაზე იფხუკუნა, რაზეც ამ კაცს გული წასვლია. მეორე დღეს მეგობრებმა ამ კაცს დაბ.დღის სურპრიზი მოუწყვეს, და როცა ბნელ ოთახში ამან შუქი აანთო, უეცარი სტუმრების დანახვაზე ისევ გული წაუვიდა. სხვებმა შეიცხადეს ცინიზმით, ნამდვილი ბაროვანი ყოფილხარო. მე კიდევ ერთადერთი შეკითხვა დავუსვი ამ ტიპს: “მატყუარა ხარ?” – ყველამ გაიცინა თანხმობის ნიშნად. ეს კაცი იმდენად ხშირად ატყუებს ხალხს, მათ შორის თავის ყოფილის ტვინს, მძინარე მდგომარეობაში ამყოფებს სიფხიზლეშიც და არ აძლევს ტვინს გამოფხიზლების, საღი აზრის უფლებას. დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა ქცვეცნობიერით ტარებას და ისეთ საქციელებს სჩადის, მხოლოდ სიზმარში რომ მისცემდა ადამიანი თავს გაკეთის უფლებას. შედეგად კაციც იტყუებს თავს, რადგან სხვისი მოტყუება ადვილია თუ თავად გჯერა ტყუილის და გულის წასვლის მდგომარეობაში, სიზმარში გადადის. ან შეიძლება ერთ დროს მასაც ატყუებდნენ, ეს უკვე თერაპევტების საქმეა. თერაპევტების არ მჯერა, მაგრამ თუ განვითარება წყდება, შეიძლება გამოსადეგი გახდეს. ისტერიისგან გამოსავალი მისი გაჩენის მიზეზის გაგებაშია. იმ საკვანძო ტყუილის აღიარებაში, რომელიც მიიღე და გაეცი. შესაძლოა ეს იყოს ავადმყოფური სიყვარულისგან გათავისუფლების შანსი. ისტერიას ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის ტყუილი უდევს საფუძვლად, არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულის საბურველითაა მოწოდებული თუ კარიერული წინსვით.

პირადად მე, ვცდილობ ყოფილ ადამიანებთან მეგობრობა შევინარჩუნო, რომ პერიოდის გასვლის მერე გულწრფელად საუბრის საშუალება მქონდეს და არც მათთვის ვიყო საბედისწერო ქალი, სულაც აღარ მიზიდავს ეს სტატუსი. კაცების მომავალი შეყვარებულებიც ძალიან მესიმპათიურება როგორც ჩემი ალტერნატივა. მაგრამ ისტერიული შეყვარებული მეც ვყოფილვარ. ტყუილზეც მაქვს ჩემი თეორია, – ყველა მატყუარა სერიულ მკვლელს გავს. სერიულ მატყუარას, ერთჯერადი მატყუარასგან განსხვავებით, ავტოგრაფის დატოვება უყვარს. ქვეცნობიერად იმდენად აქვს კოპირაიტის დაცვის შეგრძნება, რომ შემთხვევით სამხილებს ტოვებს. მეგობარი, ვისაც იუსტიციაში წამოვყევით მშვიდადაა, მე უფრო მაქვს ისტერიკა. ჩემს შეუმდგარ ფსიქოლოგობაზე საუბრობს, მზა რეცეპტებზე, მეხუმრება, რომ თუ ამაზე სტატიას დავწერ, რომელიმე ისტერიული ყოფილი სახლს გადამიწვავს, არა მე მართლა სიყვარულისთვის ვიკლავდი თავს, არც ოჯახური კომპლექსები მაქვს, შე კახპაო. P.S. ჯერ ოცდაათი წლისაც არა ვარ, პირველი აბზაცისთვის დავსძენ.

ღუზა

“ყველა ცარიელი ბოთლი სავსეა მოგონებებით”.
ფოტო აღებულია ღვინის სახლიდან.

7589709808

მე დაშორება მიყვარს, როგორც ურთიერთობის იდენტიფიკატორი და პარტნიორის გასაზღვრის საშუალება. რადგან თუ ამ პარტნიორთან ცხოვრებას ვაპირებ, ნეგატივის კულმინაციის მომენტი უნდა გავიაროთ ერთმანეთის ამ კუთხით გაცნობით. პირადად მე ყველაზე დიდ შეცდომებს ამ მომენტში ვუშვებ და ვიღებ. ამიტომ მაინტერესებს სად მიდის სიყვარული დაშორების მერე, რამდენად ხარისხიანია დაშორებისას სიმწარე, კომპლექსები მოგვარებადი, ურთიერთობაში დაბანდებული ენერგია ადეკვატური. კიდევ სიყვარული პატარა საწოლზე დატევით უნდა გამოსცადო, რადგან ამ დროს მთელი არაცნობიერი პრობლემები იგრძნობა. ჯერ შენმა წრიალმა და კოშმარებმა უნდა შეგაწუხოს და ახლა სხვისი წრიალი და კოშმარები უნდა აიტანო. რაღაც ჰორორ ფილმის იდეა მაქვს, რამდენად მზად ხარ ამ ადამიანს ინსომნიაში შეეწყო?

ბამბუკის ტყეში არის ხის სახლი, წვიმისას სველი ხის სუნი რომ ასდის. შიგნით ერთი წყვილი ცხოვრობს, ვინც მიატოვა თბილისი. ფერმერები გახდნენ, ბავშვი ჩასახეს და სამი წლის მანძილზე არც კი უკამათიათ. ერთ უქმეებზე სხვა წყვილებს გაგვიმასპინძლდნენ. ორი გოგონა იყო ურთიერთობის საწყის ეტაპზე, არცერთი აღიარებდა დაქრაშულობას და თბილისში ორივეს კაცები ელოდებოდათ. მე ყოფილ კაცთან ერთად ვიყავი, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე რომ ვართ, – ის ექსტრავერტული პაემნებით არის დაკავებული, მე კიდევ მის მერე პაემანი სიზმარშიც არ მქონია. ასე შევიკარით სამი აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე მდგარი წყვილები უკომფორტო სახლში.

წასვლამდე ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მირჩია: “ბიჭისთვის თავის მოწონება თუ გინდა უნდა წაიქცე რომ დაგიჭიროს”. ვუპასუხე: “ერთ სახლში რომ ვიცხოვრებთ ეგ არაა საკმარისი?” მერე განვიხილეთ რომ ურთიერთობაში არსებული კომპრომისი ბასიანზე გადის, ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ერთხელაც შეიძლება შეყვარებულს იქ გაყვეს. ბევრი ვისმინე თუ ცოტა ვისმინე ჯერ იყო და წყვილებმა მატარებელზე დავაგვიანეთ, ავტოსტოპში შეჯიბრებისას ბე პუნქტში ბოლო მივედი და ჩემს მეწყვილეს მასპინძლების კატები ეარშიყებოდნენ. ესეც ნებდნებოდა მათ და კბენის უფლებას აძლევდა. არ მიყვარს კატები. მათთან კონკურენციას ვგრძნობ. თუმცა პატივს ვცემ ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ერთ საწოლში ვიწექით მე, ის და კატა. და არა მხოლოდ კაცთან, კატასთან შეწყობაც მიწევდა. უძილობის მერე ციხისძირთან ტოლკინის სამყაროში მოვხვდით, საიდანაც ბებერ ხეებს ფეხები აედგათ. კლდოვან მდინარეებთან ბანანიანი ღვინო გავსინჯეთ ბუხართან შეყუჟულებმა. ორივე წყვილი ჩემზე ბედნიერი იყო, პლუს ჩემი ყოფილი – კატასთან.

მე დაშორება მიყვარს, რადგან ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა ვინც თავს შენზე მეტად გრძნობს. ადამიანები ხომ მაშინ შორდებიან ერთმანეთს, როცა ფიქრობენ რომ მეტს იმსახურებენ. ვუყურებდი იმ ფილმებს, რაც მას მოსწონდა, ვიყენებდი მის ფავორიტ ოპერატიულ სისტემას თავის მოსაწონებლად. მჩვევია პიროვნების ნაცვლად პიროვნების ინტერესების სიყვარული. დაშორების თვეების განმავლობაში რაღაც ღუზად მექცა, ჩემში რომანტიკა რომ გააჩერა. ვერ ვიტყვი რომ სიყვარულის გამო, უფრო იდეალური დაშორების ძიებაში. ჩვეულებრივი მწერლის კომპლექსი, ვისაც თავისი რომანისთვის საინტერესო დასასრული უნდა, არა და მხოლოდ დასაწყისში მოხდა კულმინაცია. და იცით ჩემი რომანი როგორ დასრულდა? წავიქეცი. ოღონდ არასპეციალურად. ამჯერად კოჭლი ვარ, გადაქლეტილი მუხლებით და ხელისგულებით, სახეზე შრამები მადევს, ისე მრცხვენია ყოფილ კაცს ხელსაც ვერ ვკიდებ, ალბათ აღარასდროს მოვეწონები და ჩემს ჭკვიან მეგობარს მივმართავ: ანუკი, თუ შენ ამ პოსტს კითხულობ, ბასიანზე მუშაობას გისურვებ.

ფაუსტის მშვენიერი მანქანა

უძილობისას, როცა ფანტაზიას ცხვრები ამოეწურა, გადავწყვიტე,  დროის მანქანა შემექნა, არა იმიტომ, რომ ვაშლი დამეცა თავზე, არამედ, საათის ისრის წიკწიკის გამო.
მახსოვს, როცა რამე ცუდი შემემთხვეოდა, დროს დავხედავდი, სახლში მისული კი საათს იმ მოცემულ დროზე დავაყენებდი და სურათს ვუღებდი. რაღაც ეშმაკის მანქანებით ვღუნავდი, დალის საათებივით მოჩვარულს ვხდიდი. უამრავი ფოტო დამიგროვდა.
შემაჩვიეს, რომ გაშეშებული წამები ჩიტების გამოფრენით იწყება. ეს კამერის მისტერია იყო თოვლის კაცუნაზე მეტად რომ მჯეროდა.
მოჭუტული თვალებით ვიფიქრე, რომ ადამიანები წარსულით ვცხოვრობთ, ცნების პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.
ანუ არაფერია ისეთი შედარებითი, როგორიც აწმყო, როცა თუნდაც დანახვა სინათლის სწრაფ ფეხებზეა დამოკიდებული, შეხება ტვინის ფუნქციისთვის მიწოდებულ ბიძგზე, რაშიც დრო გადის.
სადაც არ უნდა გავიხედო, მე წარსულს ვხედავ. წარსულს, პირდაპირი გაგებით.
ვიფიქრე, რომ წამის მიმართულება ორგვარი შეიძლება იყოს, – ინტრო ვერსიაში განვითარებისკენ და გარემოს მხარეს.
ხანდახან მგონია, რომ არსებობს მხოლოდ შეგრძნებული წარსული და შესაგრძნები გასავლელი მანძილი და ჩვენ მათ შორის შეჩერებული წამი, რომლით ტკბობაც ან სხვა განცდა არ შეგვიძლია.
აწმყო ფოტოსურათი შეიძლება მხოლოდ იყოს, თუ მას მატერიად არ აღვიქვამთ ქაღალდზე დინამიკურად დადებული მტვერით.  მისი შექმნით, აწმყოს პოტენციას ვიჭერთ.
იმ პოტენციას, რომელიც პირველი ნაბიჯია დროის მანქანის შექმნის თეორიულად მყოფ, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებულ დროსთან შეხების გამო.
მერე ვიფიქრე, რომ დროის საკონტროლებლად მისი არა მხოლოდ შუა, უკიდურესი წერტილების ფლობაც უნდა შევძლოთ და ამ კონსტანტის ენერგიის მატერიად მიმართვა.
თავად ტერმინი ”დროის მანქანა” ხომ ერთის მხრივ, დროის, მეორე მხრივ, სივრცის იარაღის შერწყმით მიიღება. შექმნა მანქანა ნიშნავს მოახდინო დროის ვიზუალიზირება.
დრო, როგორც დამოკიდებული ერთეული, ეჭვის ქვეშ დადგა, მისი სივრცის სხვადასხვა წერტილიდან აღქმის გამო.
გრინვიჩი, სადაც, პირობითად, დრო იბადება, წრიულობის გამო, დედამიწის ათვლის წერტილი არ არის, ხოლო მანქანის შესაქმნელად დროებს სივრცის აღქმაც უნდა შევუთავსოთ. ანუ არა მხოლოდ სინათლის სიჩქარის დაპაუზება და მასზე სწრაფად ან საპირისპიროდ სიარული უნდა ვისწავლოთ ( აქ, ზღვისა და ნიჩბის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: მომავალში გადაადგილება წარსულზე იოლია, ამ უკანასკნელის სინათლის სიჩქარის დინების საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობის გამო), არამედ მისი არსებობაც სივრცეში.
თუმცა რაც არ უნდა წავიდე წარსულში, მაინც მომავალში ვიქნები, რადგან თავად წარსულში დაბრუნება სვლაა მომავალში, სპირალისებული განვითარების დინამიკა არ წყდება. ანუ დრო მაშინაც უძლეველია, როცა მისი მაკონტროლებელი მანქანაა შექმნილი და ეს მანქანა მუშაობს.
თუ კოსმოსში დრო მიწასთან შედარებით არ არის ადეკვატური, მათ შორის საზღვრის პოვნაა საჭირო. წერტილი გარდამავალი ზონის.
ამბობენ, რომ თუ შავი ხვრელი ბევრ სივრცეს შეჭამს, დარჩენილი სივრცე დამოკლდება, დაიჭმუჭნება და დრო შედარებით სწრაფად გავა ხოლმე.
ამ ფიქრზე შემეშინდა.
ისიც ვიფიქრე, ცხოვრება უნდა ამოვჭრა, დავჭმუჭნო და ისე შევკრა, რომ წარსული რეალობა ერთმანეთს მიეწეპნონ, – შორი წარსული და აწ უკვე წარსულად ქცეული აწმყო.
აქ მიჩნდება კითხვა სივრცისა და დროის პირველყოფილობის შესახებ.
არ ვიცი ბოლო თუ აქვს, მაგრამ დასაწყისი ექნებოდა.
კვერცხის და ქათმის ანეგდოტივით შეიძლება მართლა ერთი წერტილიდან ერთდროულად შეიქმნენ. დრო და სივრცე ერთმანეთია და ქაოსიდან გამოწვეულმა განსხვავებებმა მათი წარმოშობა განაპირობა.
საბნისა და ბალიშის შორის წამის დაჭერა ვცადე.
მერე ვიფიქრე, რომ დრო თუ არის სივრცის ნაწილი, წარსული და მომავალი ისევე აწმყოა, როგორც სხვადასხვა ადგილი სივრცის სიბრტყეზე განთავსებით. ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება აწმყოა, პარალელურად განლაგებული სხვა დროებით სხვადასხვა არა ეტაპზე, არამედ ადგილას.
შეგვიძლია თამამად ვწეროთ კაცობრიობის ან ადამიანის განვითარებაზე მხატვრული გზის და მოგზაურობის გამოყენებით.
შეგვიძლია მოგზაურობა თავადაც ვცადოთ.
შეგვიძლია მოგზაურობა ტრანსპორტის მეშვეობით და ფეხით. ოღონდ ფეხით ან შორს ვერ წავალთ ან გაცილებით დიდი დრო და ძალა დაგვჭირდება.
თუ დრო არსებობს, მისი კონტროლის გზებიც არსებობს, თუ არ არსებობს, შეგვძლებია მისი გამოგონება. ყველა გზა მანქანისკენ მიდის.
ჩვევების ქონა პირველი სიმფტომია რეალობა წარსულით აღქმული გვქონდეს.
მეგობრები მახსოვს, შეუხებლად ჯერ ასანთის გადაწევას რომ სწავლობდნენ, მერე ისრის. ისარი თვალსა და ხელს შუა ორი წამით იწევა და აზარტში შედიან. და ფიქრში, რომ მეტი ენერგია აიღონ სერიოზული გადაწევისთვის. ზოგი მცენარიდან ცდილობდა აღებას, ზოგი – ცხოველიდან, ზოგიც – ადამიანიდან. ისტორიის ბოლო არ ვიცი. არც მათ იციან.
ისიც ვიფიქრე, რომ დროს პერიოდული აღქმა ახასიათებს. ასაკსა და პერიოდზეა დამოკიდებული მისი შენელება თუ დაჩქარება. გაჩერებაც.
გაჩერება, როგორც  გარემოს დინამიკურ მოძრაობასთან შეფარდებით ტვინის სტატიკურად გახდომა, გაშეშება. აწმყოს აღმოჩენა-გახანგრძლივებით დაბერების შებრკოლება და შეიძლება გადახტომაც  ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებით, დროის აღქმაზე რომაა პასუხისმგებელი. ამას ჰქვია ინტუიცია.
ინტუიცია, როგორც მახსოვრობა მოვლენათა თანმიმდევრობისა გაუხსენებელ წარსულში და სიბრტყეზე დროის წინა ჰორიზონტის ხედვა. ამ მხრივ, წინასწარმეტყველური სიზმრებიც სხვა არაფერია, თუ არა, ხედვის მექანიზმის სტიმულირება.
ამ თეორიით, იმდენი სივრცეა, რამდენიც დრო, როცა იმდენი დროა, რამდენიც სამყარო.
გავიტრუნე. ტვინში იმ წერტილს დავუწყე ძებნა, დროის მსვლელობას რომ მითიშავდა. დაძინება დიდი ხანია აღარ მინდოდა.
გაშეშების მერე, ვასკვნიდი, დროის არსებობა პარალელურ სამყაროებს წარმოშობს და მისი რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ყველა შესაძლო გაელვება ნებისმიერ არსებულთან მიმართებით.
ისიც გამეფიქრა, რომ შეიძლება ყველაფერი ბლეფია და დრო ილუზიაა, ენერგია, ოღონდ რომელიც ფიზიკის კანონებში ვერ ჯდება. არა კონსტრუქციულია.
ეს კონსტანტაზე მიუთითებს, ილუზიის მიერ საათების გამოყენებით ძალით შექმნილი არც სუბსტანცია ორგანიზატორული სულის გასაღვივებლად.
მერე ისიც ვიფიქრე, რომ დრო, რომელიც ჰორიზონტალურად, ჩვეულებრივ, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, თუ არ შეუძლია ვერტიკალური მოძრაობაც  განახორციელოს, მიმართულება ამაოდაა სივრცეში დაკარგული.
შეიძლება, წარსული არც ერთ სივრცეში აღარ არსებობს. თითოეული გაელვება მკვდარია და რა კარგი გამოთქმაა: დროის დაკარგვა.
ამ შემთხვევაში, მისი სახე მომავალში გამოცდილების სახით არსებობს მხოლოდ და მე თუ უძილობა მაქვს უთვალავი წარსულის გადმონაშთი აჩრდილი თავს დამტრიალებს და ორგანიზმის პროცესის შენელებაში (ძილში) მიშლის ხელს.
ამ შემთხვევაში, მე ყოველთვის ვკვდები. ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და იბადება ახალი მე ჩემში, რომელიც პოტენციაა, რომ მოკვდეს და ერთხელაც აღარ დაიბადოს.
განადგურებამდე ამბობენ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია, ეს კი პირველი ნაბიჯია, დროს გადავუსწროთო.
ჯერ სიგნალები გადაუგზავნიათ მომავალში, სატელევიზიო არხები, სულ ამას იმეორებდნენ. ადამიანებსაც გადავგზავნით, – ფრთხილად იპირებიან.
მომავალს რომ გადავხედოთ, თუ შვილი მეყოლება, ვურჩევ, რომ ტურიზმი პერსპექტიული სფეროა, ჩააბაროს.
ცოტა ხანში შეიქმნება ტურისტული სააგენტოები და ფოტოაპარატით ხელში, დაბნეული სახეებით დროებს დავათვალიერებთ. გავხსნით ცემენტის სასტუმროებს ქვის ხანაში და კიბერ მომავალში ქოხებს ავაგებთ, – ანუ დროებს აწმყოდ ვაქცევთ.
ადამიანები ყველაფერს ვაჩანაგებთ.
გამოვფხიზლდი.
ახლა ისეთი რაკეტა გვინდა დროზე სწრაფად რომ იფრენს, მაგრამ მფარველ ანგელოზზე ნელა.
უკან ის ფიქრი დავაბრუნე, ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და ახალი პოტენციური გვამი იბადება მეთქი.
ცხოვრების სიცარიელით დამძიმებული აღქმა მაქვს და ყოველ ჯერზე არაფერი მტკივა. საშინელი ტკივილები იცის არაფერმა. არ არსებობის გამო ვერ უმკურნალებ.
არაფერზე გამახსენდა, როცა ასტრონომები კოსმოსში გავიდნენ და ცის იქით ღმერთი ვერ ნახეს, ღმერთი არ არსებობსო, აღნიშნეს. დრო თუ კონსტანტაა, დრო ღმერთია. ენერგია, რომელიც ყველა გამოვლინებაში ნაწილდება და ერთადერთია, რომელიც ყველაფერშია. მისი კონტროლით ღმერთი ხარ. სხვა რაღა თვისება უნდა გაგაჩნდეს.
****
უძილობას ძილის გადაგდებით ვძლევ, პერანგიანი ვდგები სარკესთან და თავს გაურკვეველ აწმყოსა თუ წარსულში ვხედავ. ჩამოკიდული მკლავებისა და მუქი ფანქრის მსგავსად დახაზული შუბლის პარალელურად. მიჩნდება შიში არა მომავლის არსებობის, მისი გაურკვევლობის გამო. შიში არა იმისა, რომ სიბერე ულამაზოა, დამძიმებული ცხოვრების გამო სილამაზე ასაკთან ერთად, ვეღარ აღვიქვა. თავს ვატან ძალას და ვაშეშებ:
”წამოდი, წამო! შეჩერდი, მშვენიერი ვარ!”

жизнь как в кино

მგონია, ავეჯით გადატვირთულ სახლში მხოლოდ სკამია.
ისეთი, ქანქარასავით მოძრაობა რომ შეუძლია.
მაგრამ მე გაშეშებული ვზივარ, წერტილის პოზა მიჭირავს და საგნებს დროის მანქანად ვიყენებ.
არაფერი დამიტოვა გასახსენებლად.
გამოგიგონე, რომ შემეყვარეო.
კალამი რომ გაგითავდება დიდხანს წერისგან მაინცდამაინც წერტილის დასმის დროს, იხტიბარს რომ არ იტეხ და მაინც არჭობ ფარფატა ქაღალდს, იქამდე სანამ არ გაიხევა, – ისე ვარ.
გავიხიე.
დაშალე და იბატონეს პრინციპი ჰქონდა.
ჯერ მეები გადამიმტერა, მერე იმეფა.
და ახლა გამოაცხადა: ქვეყნიდან მივდივარ.
ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება ან არ იცის.
არ ვიცი სივრცის მანქანა მქონდეს თუ დროის.
დავაპაუზო ერთ ადგილას და ვუყურო.
ახლა სამი ვარიანტი მაქვს:
ფილმებში რომაა, აეროპორტში ისე მივვარდე და ვთხოვო, რომ დარჩეს.
იქნებ ქარმაც ამიწეწოს თმა, დროს შენელების ეფექტი დაედოს და როცა ვაკოცებთ, მუსიკის ფონზე, ხალხმა ტაში დაგვიკრას.
ეს შემთხვევა, მაშინ გამოდგება, თუ მიზანზე მნიშვნელოვანი პროცესია.
ანუ უარს იტყვის.
მეორე ვარიანტიც მაქვს:
ტელეფონის ჯიხურიდან აეროპორტში დავრეკო და ვთქვა: მგზავრობა საშიშია, თვითმფრინავში ბომბია.
და ასე სამუდამოდ.
გაუმარჯოს “replay” ღილაკს.
მესამე ვარიანტიც მაქვს და ვიცი, დაშორებისას “მეს” შეგრძნებაა მძაფრი.
ლოზუნგიც გამოვიდა:
გინდათ თქვენი “მე” იგრძნოთ? დაშორდით სხვა ადამიანებს.
არ მინდა ლოდინი.
ხვალ ავდგები და ვეტყვი: რომ ვღალატობდი, თან დავცინოდი, რომ მისი მოფერებისას ისევ სხვაზე ვფიქრობდი.
მე თუ გამითავდა კალამი, წერტილს ის დასვამს.
жизнь как в кино.
დიდხანს ყურება თვალებს ტკენს.

=0=

დავხუჭო გუგები.

ცოტაც და დავმშვიდდები.

დავთვალო ადამიანების რიგები.

შევკრა მუშტი.

ამოვიოხრო.

ჰო.

ახლა წადი.


იდენტობადაკარგული გველი

 ფაშისტურ სენტიმენტალიზმს ვგრძნობ, – ეს ფრაზა ამეკვიატა. თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია, მეტიც, გამოსარიცხი, მაგრამ დღევანდელ განწყობას ასახავს. დილით მოვდიოდი სახლში, წესით მაშინ, როცა  სახლიდან გადიან. რობაქიძის ”გველის პერანგს” ვკითხულობდით მე და მეგობარი, იმ ადგილებს წინასწარ რომ გავხაზეთ და ჩაგვეძინა. მას არ მოსწონდა წიგნი, მწერალი ფაშისტი არისო. მე ვთქვი, რომ მომწონს როგორც წერს. მეტრო ნელ-ნელა გათავისუფლდა. ჩამოვედი. აქედან ორი ვარიანტი მაქვს: 28 ნომერი სამარშუტო ან 43 ნომერი ავტობუსი. დილაობით,  საწინააღმდეგო მოძრაობისას (ანუ ჩემი უბნისკენ), ორივე ცარიელია. მე ავტობუსი ვარჩიე, – მალე გადის.
ლიტერატურაში არ მიყვარს დიალოგები. საკუთარ მეებთანაც გრძელი მონოლოგები მაქვს და წერის დროსაც  ვცდილობ ნაკლებად ვიხმარო ბრჭყალები/ტირე. მეტიც, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დიალოგებს საერთოდ შევეშვა თვეში რომელიმე დღეს და მესამე პირში ვისაუბრო. ისე, მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნებისთვის უცნაური მგზავრები შემხვდნენ. უცნაურობა თავიანთი თავებისადმი უცნაურად აღქმაში გამოიხატებოდა. ჩემი საყვარელი თამაში დავიწყე: მომეგონა ისტორიები მგზავრებისთვის. მოგონება დიდხანს არც დამჭირვებია, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. ძირითადად აკრიტიკებდნენ ორ შავკანიან მგზავრს, ჩვენთან ახლოს რომ ცხოვრობდნენ და ახლა ავტობუსით მგზავრობდნენ. დიალოგის გამოყენება მჭირდება:
– წადით, სუნიანებო, ფეხით იმგზავრეთ. თქვენს ქვეყნებში წადით სულაც!
– მართალია. რა უნდათ აქ? გაუჩერეთ და ჩავყაროთ. მძღოლო!
ისინი ხშირად მართლაც ფეხით დადიან, უთენია დგებიან და ტრანსპორტს მეტრომდე არ იყენებენ. ძირითადად არც მე ვიყენებ და ვიცი. ისიც ვიცი, ავტობუსი სახლამდე რომ ათ წუთში მივა და, ზოგადად, ბევრი რამ ვიცი: 🙂 რომ მივალ, დავწვები, როგორც ყოველთვის გაჭიანურებით ჩამეძინება და პირველი საათისთვის კომპიუტერთან დავჯდები. რომელიმე ბლოგზე შევალ, წავიკითხავ. საკუთარში დღის გეგმას დავწერ. თან ლიმნიანი ჩაი მექნება გვერდით ჩაიდნითურთ და ყოველ ოც წუთში დავლევ. 🙂 დაგეგმვას აქ ვწყდები და საფქრალი თემა სხვა საკითხზე გადამაქვს: რატომ შევქმენი ბლოგი? აქ მახსენდება რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც ვწერ, მაგრამ აქ არ შემოსულან. ზოგადად, ნაცნობები არც შემოდიან და თუ შემოდიან, არ ვიცი თუ მცნობენ. გრავატარის უცნაური ფოტოა, მაკიაჟით ვარ და არ მგავს. თუმცა იმ წლებისაა, მათ რომ ვიცნობდი. რა ზოგანი ცნებაა უცნაური. რამდენჯერაც ვიხმარე, იმდენჯერ ვინანე. ის-ის იყო, მონოლოგი სხვა გზით განვითარდებოდა, რომ სახლში მოვედი.
ერთი რიგის მოვლენები სწორ ხაზზე დაეწყო. მითხრეს, რომ თურმე სახლიდან სახლში ტრანსფერისას ( გაზაფხულზე ) ათასობით ფოტო დავკარგე, ოჯახის წევრების, საუკუნის წინანდელი წინაპრების, ჩემი ბავშვობის ფოტოები.. მთელი ალბომები. რა დროს მშვიდად სუნთქვაა. პანიკა მაქვს. ის ანეგდოტი რომაა, სვანი რომ შიშველი გადაიღებს, ბავშვობის ფოტო დავკარგეო, ისეთ ხასიათზე ვარ. ხოდა, ან წინ უნდა წავიდე, ან ვიღო და ვიღო 😦 მინდა დავურეკო ძველი სახლის პატრონს და ვკითხო, მასთან ხომ არ ინახება. მაგრამ სახლის ნომერიც არ მახსოვს. არც იმ ბიჭის სახელი მახსოვს, ვინც იქ ცხოვრობს. მახსოვს, ქუდით ხშირად დადიოდა, – ციოდა. ეს არ კმარა. არ ვიცი, რამე უნდა ვქნა. რამე.
ფაშისტური სენტიმენტალიზმი მაქვს. ტყუილად არ ამეკვიატა დილიდან. მგონია, მოლეკულა ვარ, რომელიც დიდ ქალაქში მოხვდა ან უპერანგო გველი, ახლახანს ტყავი რომ გაიცალა და გაშიშვლდა ევას მოდგმის ჩემი ერთი პერსონაჟივით. ვიცი, არ მჭირდება მტკიცებულება იმისთვის, რომ მეც ვიყავი ბავშვი. ან არქივი, რომელიც ”დეენკას” მინახავდა, ჩემშია. მაგრამ მე ისე ვარ მიჯაჭვული საკუთარ წარსულს, მასთან დაკავშირებულ საგნებს სიცარიელემდე მივყავარ. აი, ისეთამდე, საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს რომ მოყვები და ღრმულს გრძნობ. თანაც ისე, შინაგან მონოლოგებში რომ ვრცელია და სხვასთან საუბრისას საგრძნობლად იკვეცება, იფიტება და შრება. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ წარსული ტკბილი მქონდა, პირიქით, აწმყო მირჩევნია. არც ტკბილი მოგონებებია ჩემი საყვარელი სადღეგრძელო და არც თავის პატრიოტი ვარ. მინდა ყველა ის ფოტო, რაც მქონდა ხელახლა გადავიღო და წარსული აწმყოში გავამეორო. აქ გამახსენდა ბარბაქაძის სიტყვები, რომ სიყვარული ნოსტალგიაა წარსულზე, რომელიც არასდროს ყოფილა, მაგრამ რომლის დაბადების დიდი ალბათობა არსებობს. ან რა შუაშია სიყვარული. და ფიქრით სიყვარულში გადავეშვი. ხარანაული გამახსენდა, სიყვარულს რომ ილუზიას არქმევს, ლამაზი სიტყვააო ილუზია. ილუზია იგივე მაია. მაიასთანაც მქონდა ფოტო. ფოტოგენური ვარ. აიდი ფოტოებზეც მიყვარდა თავი.
ყოველთვის მინდოდა წერტილი დამესვა წარსულისთვის. ახალი ფურცლიდან დამეწყო ცხოვრება. საგნებიც კი ამისკენ მიმითითებენ. მე აღარ დავწერ ბლოგს რამდენიმე ადამიანისთვის ჩემი წარსულიდან.

რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას?!

მინდა ამ ნაწერს ამინდი შევუსაბამო, მაგრამ არ მახსოვს. ჩვეულებრივი დილა იდგა. ბიბლიოთეკაში ვიჯექი, წიგნის თვალიერებისას ეს ფრაზა/სათაური/ რომ მომხვდა თვალში. ტექსტი აშკარად ჩემზე იყო და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიღაც შენობაში დაკვირვების ობიექტად რომ გაიხადეს თავი. ექსპერიმენტში დაუსრულებელ ნახატს აწყვეტინებდნენ და ახალ ფურცელზე აწყებინებდნენ ხატვას. კვლევამ აჩვენა, რომ ”ადამიანი ზაზუნები” შიგადაშიგ უბრუნდებოდნენ ძველს ან ახალ ფურცელზე ძველის აღდგენას შედეგით/უშედეგოდ ცდილობდნენ. სიმართლე ვთქვა, დასკვნა არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ტვინში აშკარად შეინიშნება უამრავი დაუსრულებელი საქმე, რომელის აღდგენისკენ ორგანულად მივილტვი.  მეტიც, ეს ხდება ურთიერთობებშიც: ძველ ადამიანთა დანიშნულებებით ხშირად ახალ ადამიანებს ვტვირთავ და მაინც, საშინელი განცდა მრჩება იმის, რომ რაღაც დავტოვე. აქ მაგალითად მოვიყვანდი უზნაძის ბურთებს, რომელიც იტყოდა, რომ ემოციური განწყობა სამომავლო დაბრკოლებისა, მცდარ ინტუიციურ დასკვნებში გამოიხატება.

მგონია, დაუსრულებელ საქმეებს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამ. რისი გავლენითაც ცხოვრება მუდამ წარსულში მაბრუნებს და ვტრიალებ წრეზე, რომელსაც პირობითად  ზაზუნას დღე დავარქვი. მაგრამ მაინც რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას? მოკლედ ვუპასუხებდი: წერტილი. წერტილი შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიშანი, სასვენი ნიშანი თუ დიაკრიტიკული ნიშანი. მათი განსაზღვრება შორს წაგვიყვანს, მე კი იმ ფსიქოლოგიურ დასასრულზე ვამბობ, რომლის მერეც საფუძველს ქმნი ახალი წინადადების დაწყებისთვის. პირველად ორი წლის წინ სიტყვა – fin – გამოვიყენე იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რისკენაც მივილტვოდი. გავავსე სოციალური ქსელები და ნახატები ამ სიტყვით. მერე კი მივხვდი, რომ თუნდაც ფსიქიკური მორჩები, რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს, შეიძლება შეცვალო მძიმედ. და რომ სკოლაში ნასწავლ ცნებას: რაც იწყება, – დასასრულიც აქვს, რომ მხოლოდ დრო არ სრულდება, როგორც გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებშია”, – ალტერნატიული გამართლება მოვუძებნო.

1927 წელს ჯორჯ ლემეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც დრო და სივრცე არ ჰქონდა და ქროლოლოგიურად მატერიასთან ერთად წარმოიშვნენ. გამოკვლევებმა კი მეცნიერებისა და რელიგიის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ხალხები უკიდურესობებში გაიყვნენ.

მოდი, თავიდანვე გავხსნი კარტებს: ავიღოთ, ევროპა და აზია. არ არსებობს ევროპა და აზია. არსებობს ევრაზია, ისიც კონტინენტური თვალსაზრისით. კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთმანეთში ჩაუწვდენლობამ გამოიწვია. თუ ევროპაში ადამიანი მეტად ეგოცენტრუალია, თან ექსტრავერტი,  აზიელი ინტროვერტია, რომლის მე-ს ფუნქცია უმნიშვნელოა. ვფიქრობ, გარემო და ინდივიდის გაყოფა, მითუმეტეს, ჭიდილი ულოგიკოა. ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, სადღაც წერტილში, იქ სადაც, თითქოს დასასრულია.

თუ სამყაროს ოდესღაც დასაწყისი ჰქონდა და ეს წერტილი იყო, მისი დასრულების, დასრულებული სახის,  დუალიზმის თუ წერტილის /როგორც გინდათ ისე თქვით/ შემთხვევაშიც, პოტენციაა ახალი წინადადების ისევ წერტილიდან დაწყებისა. დასკვნა: ნებისმიერი დასასრული პოტენციური დასაბამია დასასრულისა.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,