მოწმის როლი დანაშაულში

1106982-_br90cdqbgk___kgrhgoh_emejllluimhbk_wc9nz5g___12

თუ დე სადისთვის ბუნება სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს ჰგავს, რომელიც თავის შესაძლებლობებს განახებს, მაგრამ პოტენციას გიზღუდავს აკრძალვით, ბუნება ჩვენთან დომინანტური როლით თამაშობს ბონდაჟს. მას შეუძლია მარტო ან ვიზუალისტების თვალწინ ადამიანი აწამოს და მოკლას ნეგატივის კანონზომიერების გამო. გვაჩვენოს ნეგატიური ვნებები, მაგრამ არ გამოგვაყენებინოს, პოტენცია შეგვიზღუდოს აკრძალვით, – ციც, მხოლოდ მე მაქვს შენი მეგობრის წამების უფლებაო.

არც ერთ სადისტ მეამბოხეს არ შეუძლია იერარქიას ასცდეს და ბუნებაზე მოიპოვოს დომინაცია. ქრისტე კი, როგორც დიადი მაზოხიზმის ფუძემდებელი, თავისი საქციელით გვითითებს საბმისივის როლზე დომინაციამდე. ჩემთვის მარკიზი ჰორორია, მწერალი, რომელიც უნდა შეგვეხორცა ლავკრაფტამდე, კინგამდე. ჩემთვის მარკიზი არის ქვეცნობიერის გათავისუფლება სანამ ფროიდის კათარზისს მივაღწევდით.

ლისის ტბასთან არის პატარა ჭაობი ვაშლიჯვრისკენ გადასასვლელ გორამდე. იმდენად ამომშრალი, რომ შორიდან გგონია შუა ზაფხულში, თბილისთან ახლოს, მწვანე მინდორში თეთრმა თოვლმა დაისადგურა. ბოლოს მარიამი ავიყვანე, მარტინი და ფრიგლის ჩიფსები წავიღეთ, მონოტონურად დარდიანი საუბრები გავაჩაღეთ, უკანა გზაზე უპატრონო ძაღლი ავიკიდეთ, დარჩენილი კარტოფილი გავუნაწილეთ.

მერე როგორც ხდება, შორ მანძილზე გვდია კუნტრუშით, ისე, რომ დავინახეთ, როგორ გაიტანა მანქანამ, – მძღოლმა ჯერ ზიგზაგისებურად სვლა შეანელა, მერე კი გაზს მიაწვა და დაარტყა. იმხელაზე გადაისროლა ძაღლი, რომ 112-მა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და სადღაც გადაიყვანეს კრემაციისთვის. დამამახსოვრდა ძაღლის სახე დარტყმამდე, ძალიან ბედნიერი და მოკუნტრუშე იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიის პიკში.

უკანა გზაზე მოვდიოდით და ვფიქრობდით, სად გადანაწილდა ეს ენერგია, იქნებ ჩვენში? მანამდე თუ მონოტონურად დარდიანი საუბრები გვქონდა, ახლა შეგვეძლო გვეტირა, გვეყვირა, შურისძიებისთვის გამოძიება მოგვეთხოვა. ასე გვეგონა მძღოლის გარდა ჩვენი ბრალიც იყო, უენერგიო ადამიანებმა სხვისი სიკვდილის ხარჯზე მივიღეთ ძალა. შეიძლება ნარცისიზმია, მაგრამ, რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იმით, რომ ტკივილმა დღიურ პიკს მიაღწია, კათარზისი გვქონდა.

გოგონა, რომელსაც მცენარედ ყოფნა უნდოდა

მე რომ მწვადი არ ვჭამო, დედაშენმა ყავა არ დალიოს, ირაკლიმ – კოკა-კოლა, შენ კი – ღვინო, – რაა ოჯახიო, – მამამ. მას მერე, რაც ძამიკომ სახლში არც მარხული, არც ვეგეტარიანელი, არამედ ვეგანი სტუმარი მოგვიყვანა. აქამდე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მოუთუშავი, მოუხარშავი, საღი და უმი ბოსტნეულით იკვებება და ამტკიცებს, ქრისტეც ვეგანი იყო, უბრალოდ თევზი იმ დროინდელი სადილის კრებითი სახელიაო.
თავის დროზე მშობლების მშობლებმა ჩემი აღმოცენების შესაწირად მსხლის ხე დანერგეს. მამამ კი დაკარგული ლეკვი ქუჩაში იპოვნა და ვიშვილეთ როგორც თანატოლი შვილი, მეგობარი, მამასახლისი. ვიცოდი, რომ დაახლოებით, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდით, ის დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ამასობაში წვრილძვალა მსხალი, რომელსაც ნაყოფი ჯერ არ გამოეღო, სიმაღლეში მისწრებდა.
სევდიანი ისაა, რომ მცენარეს ცისკენ წადილით მალევე ვაჯობე და ხეზე მაღალი გავიზარდე. ზაფხულობით სოფელში ჩასული ბებიაჩემს ვეკითხებოდი მსხალმა ნაყოფი თუ გამოიღო მეთქი, ისე მინდოდა თანატოლი ხის დაგემოვნება. მაგრამ ყოველ წელს ორიოდე მკვახე მსხალი ემშობიარა, ცრემლივით რომ ჩამოეკონწიალებინა თვალების ფორმიან ფოთლებზე. ერთ ზაფხულამდეც მოჭრეს. ისეთი დისტროფიკი იყო, ტოტები ლამის მიწიდან ეწყებოდაო. ჩრდილადაც არ ვარგოდაო ჩემი უშვილო ხე. იმ ადგილას გოგრები დათესეს, არ მიყვარს ოქტომბერი.
ძაღლს კი ღვინიანი ადამიანები არ უყვარდა. თექვსმეტის რომ გავხდი, უკვე შემეძლო დაღვინება. იმის მერე ძაღლი არ მყვარებია. მონოგამიის მოქადაგე ქვრივად ვიქეცი. მცენარეები მაინც მხიბლავდა, იმდენად, რომ ვჭამდი. ცხოველები რომ მყვარებოდა, ვეგეტარიანელი კი არ ვიქნებოდი, მაჩვენე ორგანიზმში რას იღებ და გეტყვი ვინ ხარ შენო, და გემრიელად ვისადილებდი უმად. კაცი რომ ვიყო, ალბათ მოძალადე ქმარი ვიქნებოდი.
ბავშვობიდან მეზიზღებიან კატები, თავნებები, თავისუფლები. თანაც იმდენად, რომ მათი მოკვლაც არ შემიძლია, არ უნდა გავისვარო მათში ხელები. იმდენად მეზიზღებიან, რომ ვინმე ჰომოფობივით სიძულვილის მიზეზის თქმაც კი არ შემიძლია. ჩემი სიძულვილი კი მაშინ ორკეცდება, როცა გოგოები მადარებენ ხასიათით კატას. ერთმანეთი გაიცნეს? პირი შეკრეს?
იცით, წმინდანები მალე რატომ არ იხრწნებიან? იმიტომ, რომ მარხულობენ და მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები ნახშირ(ის)წყლებისგან შედგებიან და ამიტომაც ნელა იხრწნებიან.
ერთი ძაძიანი შენაკადი აქვს ივრის მდინარეს. ამ ზაფხულს იქვე ოჯახმა დრაფტი მოვაწყეთ, რომ მანქანის ნომერი წყალში ჩაგვივარდა. შევცურე და ძალიან ლამაზი კუროს ქალა ვიპოვნე, სურათი გადავუღე, მუხლებზე დავისვი, მოვეფერე. თვალებში მცენარეები ჩადგმოდა, ძვალი დელფინივით სრიალებდა. რა ლამაზია წყალში გახრწნილი სხეული. მე თუ მოვკვდები, როდისმე მაინც, წყალში დამმარხეთ.
რამდენიმე დღის მერე აუზიდან სახლში ვბრუნდებოდი როცა ვაკეში მკვდარი ძაღლი ვიპოვნე. წარმოიდგინეთ კადრი, ცხოველია გახსნილი პირით, დიდი კბილებით. ასო მოეკვეთათ და ექვე ფეხებთან მიეგდოთ, ჭრილობაში კი მცენარეები ჩაებღუჯათ. მე არ ვიცოდი ვის დასჭირდა ამის გაკეთება და რატომ. ეს არ გავდა სექტის ნამოქმედარს. შეიძლება ბავშვები.. პირველი რაც გავაკეთე, ვეტერინარი კლასელი მყავს და ვურეკავ, ვეკითხები რჩევას, რა გავაკეთო. “არსებობს რაიმე ცხოველთა დაცვის კანონი, რომელიც დამნაშავეებს დასჯის?” “სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები არაა დაცული, ცხოველისას როგორ დაიცავ?!”
მახსოვდა ინფორმაცია ძაღლების ჩხუბის შესახებ, სადაც პატრონი სერიოზულად უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამბავი მსუბუქი შეშინებით დასრულდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მივმართე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: “არსებობს რაიმე რეაქცია მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საქართველოში?” “ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩავრთოთ, ჩაუტარდეს ცხოველს ექსპერტიზა და ყველაფერი ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული”. ანუ როგორც ადამიანის წამების შემთხვევაში, მაგრამ დასძინეს, რომ ათეული საქმეა სასამართლოს გადაცემული, თუმცა უშედეგოდ. მე მაინც ვცდილობ მასალების მოძიებას.
ამ დღეებში სახლში ხვლიკი და სხვა ქვეწარმავალი აღმოვაჩინე. ისინი ჩემი ლოგინის ირგვლივ დარბიან და წერისას შთამაგონებენ მიძღვნას. ეძღვნებათ ხვლიკებს, მცენარეებს და ცხოველებს, კატებსაც კი. და მგონი ამდენი ბალახის ჭამით ყვავილად ვიქეცი, ფოთლად ვიქეცი, დესტრუქციის უუნარო, არაფრის მოკვლა რომ არ შეუძლია, თვალების ფორმის ფოთლები თუ უწითლდებათ და სცვივათ, მათზე დაკიდებულ მკვახე ცრემლად. ჩემი ოთახი არის თეთრი ხისგან. რემონტი რომ გავაკეთეთ, დავატოვებინე. იყოს. ეს ის კუროა:

Budcq2vCYAAA56GBudcqpZCUAEKJOi

ძაღლი

ვიღაცამ თქვა, ფუტკარი რომ არ იყოს, დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდებოდაო. სიცოცხლე რომ შეწყდეს.. შევეცადე წარმომედგინა იმაზე უარესი, ვიდრე დღევანდელი დღე იყო და კათარზისი განმეცადა. მთელი ცხოვრების სადარდებელი მაინცდამაინც დღეს მედარდა, დარჩენილი ცხოვრება კი უდარდელად გამეტარა. პრობლემები ა, ბე, ცე პუნქტებად დავყავი და ქვეთავები მივაბი. ფეხსაცმელი მიწის ჭრილში ჩამეჭედა და სანამ უძრავად ვიდექი, უცხო ძაღლი მომელაქუცა. ჯერ ჩემს ფეხებს დასუნა, მერე ჯიბეს წაეტანა. რამე ხომ არ მიდევს მეთქი, ვიფიქრე. ისეთი არაფერი, მხოლოდ ტელეფონი და ქაღალდი მედო. სიას დე პუნქტიც მივაბი და მტერს თვალებში დავაკვირდი: “სულ არ ხარ საყვარელი”. შემიღრინა იმდენად, რამდენადაც ვუღრენდი ცხოვრებას და ბეწვი ისე შეიბერტყა, სუნი დააყენა: კანალიზაციის მაგვარი და მძიმე.

”გშია?” უძრავად ვესაუბრებოდი ჩემს ფეხებზე თათებშემოწყობილ ცხოველს და ისიც მპასუხობდა: ”სნიკერსი არ გაქვს?” სნიკერსი იქით და ქუჩაში ჭამა მომენატრა. უფრო სწორედ, შემთხვევით საცხობში თვეებია არაფერი მიყიდია და ლიმონათი არ დამიყოლებია. ამაზე ათ თეთრიანი ლიმონათი გამახსენდა. გადასარევი ფასები იყო ჩემი მოსწავლეობისას. ჩემს ეზოში იყიდებოდა და იმასაც ცუდი გემო ჰქონდა. ”მეც მშია”. ვუთანაგრძე დაძველებულ რემნიან ძაღლს და დავმეგობრდით იქამდე, სანამ ქარმა ძვლებში არ გაატარა და სისხლი გაყინა. მერე ის თავისი გზით წავიდა, მე კი უცხო მანქანას შევეფარე: ფეხი გავითავისუფლე, მანქანას ხელი დავუქნიე და გააჩერა.

”გამოგყვები.” მეგობრულად მიმიღო და გათბობა ჩამირთო. ან რას იზამდა, გაფითრებული ვიყავი და კანკალს ვერ ვწყვეტდი. ავტოსტოპით სიარულმა შეჩვევა იცისო, – გამახსენდა, ამ დღეებში ვიღაც მეუბნებოდა. ვერ ვიმახსოვრებ ავტორებს. მე კი თანდათან ვთბებოდი. ყოველშემთხვევაში კანკალის რეფლექსი იკლებდა და მძღოლმა სიგარეტი მომაწოდა. ”არ ვეწევი”. ”ჩემი არ გეშინია?” ”არა.” ვისაუბრეთ ამინდსა და პოლიტიკაზე. უფრო სწორედ, ის საუბრობდა, მე კი ზრდილობიანად ვუღიმოდი: ”გმადლობ, რომ მიგყავარ!” საინფორმაციო გადაცემები ყველაფერს ისე ამუქებენ, გეგონება ზამთარში თოვლი პირველად მოვიდა, მალე იმასაც იტყვიან, ახალი სეზონი – ზამთარი – დაგვემატაო. მე მაინც ვუღიმოდი და ვფიქრობდი: როგორ მედარდა. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, გადავუხდი მეთქი, და შემთხვევით ძველი კანფეტი ვნახე.

”ძაღლი!” ”ჰო, ძაღლები არიან პოლიტიკაში”, – ამიბა საუბარი მძღოლმა და ტელეფონი ამოიღო, – ”ნომერს ჩავიწერ”. ეს სერია ზეპირად ვიცი. თუ გინდა კაცის კომპლექსი ნახო, მასთან დაწოლაზე უარი თქვი. ის კი გკითხავს: ”უკეთესი მანქანა რომ მყავდეს, ხომ დაწვებოდი?” ან ”გარეგნობას ნუ უყურებ, კარგი კაცი ვარ” და სხვა.  მე კი წარმოვიდგენდი როგორ კვდებოდა ძაღლი შიმშილისგან,  რემენი გაეწელებოდა, თავზე შარავანდედად დაეფერებოდა და გაქვავდებოდა. კიდევ ოცი წამი გავიდა და მანქანის გაჩერება ვთხოვე. ჩავირბინე დაღმართი ფეხით და ძაღლი ვიპოვნე. აი, ის სუნიანი და ღრენია. რა კარგი სახელია ”ღრენია”. კანფეტი მივეცი: ”გავიყოთ? ” სუნი აღარ მცემდა, – იმ ღამეს მოყინა. ვისკი არ მქონდა.

ჟასმინებამდე (ჩემს ძაღლს ბ. მ-ძეს)

ჟასმინებამდე იდეალიზმის ნამცეცებით ვიარსებებ და საბანში ნასუნთქ ჰაერს არავის ვუწილადებ. ეგოისტი ვარ.

არმორთმეული ჟასმინებივით მიყვარხართ, მთელი ჩემი გულით მიყვარხართ, ოღონდ იმიტომ არა, რომ კეთილი ვარ, გულში სიცარიელეა.

ჩემი ცხოველი თეთრია და ჯერ არატირებული თვალები აქვს. როცა ვეხები, ხუჭავს. მასაც ჩემსავით აღიზიანებს მთვრალი კაცები და იღრინება, უბრალოდ მას მთელი კბილები აქვს.

მე ჩემი ცხოველი მიყვარს, სიკვდილის წინ რომ გაიქცა ან სიბერეში გაიქცა და ჯერაც ცოცხალია. რთულია კვდებოდე და საკუთარი ორმოცი არ იცოდე რა არის.

ჟასმინებამდე დავქორწინდები და ქმარს მოვუყვები, როგორ გავიცანი ცხოველი და სიკვდილის წინ რა გააკეთოს, რომ მისი ბოლო ამოოხრება მოკლებული იყოს სენტიმენტებს.