როგორ გადამეზარდა ისტერია ინსომნიაში?!

ვფიქრობ, დაბადებიდან არამორწმუნე ადამიანები ჩემზე ჯანსაღი ფსიქიკის არიან. რადგან ჩემს სხეულს ცნობიერთან შეუთავსებლად მექანიკური მოძრაობები დარჩა, ემოციას მოკლებული ჟესტები: პირჯვრის წერა იქნება ეს მიჩვეული მდგომარეობისას თუ ჯდომის მანერა ეკლესიის ეზოში, – მაგრამ საუბარი საეკლესიო რწმენაზე არ მინდა, არამედ გაროხის წვნიანსა და წყალმცენარეებზე: როცა ღებინება დავიწყე ხორცის გემოიან კერძებზე, მივხვდი, რომ ვეგეტარიანულმა სურვილებმა ორგანიზმი მოირგეს. ეს კი სხეულის გადმოსახედიდან კლასიკური ისტერიის შემთხვევაა, როგორიც აღდგომისას ჯვრებიანი სტიგმატების ან საახალწლოდ ნაძვებიანი ჭრილობების გაჩენა. მაგრამ საუბარი ამაზეც არ მინდა.

ბოლო ათწლეულში ფსიქიკამ ორგანიზმზე იმდენი სხვადასხვა რწმენა გამოიმუშავა, ამჯერად, ინსომნიურ მდგომარეობაში მოვხვდი. ხშირად უძილობა ილუზიებს აჩენს, მაგრამ მე უძილობა ილუზიებმა მომცეს. სადღაც ორი წლის წინ დამეწყო ე.წ. მომაკვდავის რეფლექსი, როცა პრობლემის დავიწყება იმდენად ვცადე, მთელი თვის, სეზონის მოგონებები გავინადგურე და დროთა განმავლობაში თუ შევძელი მათი წყვეტილად აღდგენა. პარალელური სიმპტომი ჩემი ჰიპნოზური მდგომარეობა იყო. ჩემი მეტყველება ქვეცნობიერული ნაკადებიდან თითქოს და ფხიზელ მდგომარეობაში. გავხდი დაბნეული არა მხოლოდ სიფხიზლეში, ძილზეც კი გამიჭირდა კონცენტრირება. სიფხიზლეში ძილისმაგვარი მდგომარეობით მივადექი უძილობას ძილში.

როგორც წესი, ესსეს მესამე ნაწილში უნდა მესაუბრა ინსომნიასთან გამკლავების გზებზე, ითხოვს. მაგრამ ხელში მხოლოდ მცდელობების სია შემრჩა. ეტყობა რაღაც ჯაჭვი გამომრჩა. წავშალე და მხოლოდ წიგნებზე დავწერ: ამ დღეებში ჩამივარდა ხელში შრომები ასათიანის და პავლოვის ექსპერიმენტების შესახებ. ექსპედიცია სვანეთში ამტკიცებდა, რომ სტატისტიკურად ნევროზული მდგომარეობა მაღალ მთიან რეგიონებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ფშავში არაისტერიული ადამიანთან შეხვედრა გამონაკლისს წარმოადგენს. ექიმებმა კი დაასკვნეს, რომ ისტერიული იყო ფშავში, ნორმაა, პირიქით, სიჯანსაღეა ავადმყოფურიო. საღამოობით შემოსხდებიან ცეცხლის ირგვლივ და ერთმანეთს საშიშ ამბებს უგონებენო, ვინ უნდა გადარჩესო.

ოქროს საწმისი და ცნობიერების ხე

 

გიფიქრიათ ლილიტისა და ადამის მედეასა და იასონთან დაკავშირება?
რაც უფრო ხშირად ვეცნობი ნაწერებს მითების ერთმანეთისგან წარმომავლობაზე , – მით უფრო ხშირად.
წარმოიდგინე, ბაღი უამრავი ხილით, მოჩხრიალე ნაკადულით. ცენტრში აღმართული ხით, მასზე შემოხვეული გველით. ხემ ვაშლი გამოიღო ან ტოტზე კიდია ცხვრის ტყავი. ეს სამოთხეა ან კოლხეთი. რაღას არ ფიქრობენ, რა იყო აკრძალული ხილი.
თვლიან, რომ ბაღში არა ოქროს ვაშლები, არამედ ოქროს ცხვრები იმყოფებოდნენ. მეტიც, ეს ორი სიტყვა ერთნაირად იწერება. ეს ვარიანტი სამოთხის მითს უახლოვებს კოლხეთის ბაღს, სადაც გველი იცავს ხეს. ხეზე ცხვარი კიდია.
ცხვარი პირველი ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა. მის საწმისს ინახავდნენ იმიტომ, რომ ჰქონოდათ წმინდა რელიქვია, რომელიც თავისთავში შეიცავდა ღვთაებრივი არსების ნაწილს.
ბერძენ და რომაელ ავტორებს კოლხეთი და იბერია მიაჩნდათ ქვეყანად, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სწავლება შხამებზე, საწამლავებზე, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა. კოლხური მედიცინა კი მსოფლიო მედიცინის დასაბამი იყო.
შტაინერმა რომ დაწერა კაცობრიობის განვითარების გზაზე, მის მიხედვით, მითი არგონავტებზე აგვიღწერს მესამე რასიდან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ანუ ჯერ ადამიანი იყო მხოლოდ ინსტინქტებით, მერე მახსოვრება გაუჩნდა და ბოლოს განსჯის უნარი (ცუდისა და კარგის გარჩევის, საამაყოსა და სასირცხვილოს და სხვ.). სწორედ ეს მოხდა სამოთხეში ვაშლის მიღებისას.
ამბობენ, რომ სიყვარულსა და შემეცნებას ადრე ადამიანი ერთიანად აღიქვამდა ანუ პირველად სიბრძნეს ფლობდა. ვერძი სიყვარულისაა და შემეცნების სიმბოლო იყო. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ეს იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ნებათაგან ვერ მიიღწევა. კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი მისგან განწმენდის გარეშეც მიიღწევაო.
იმასაც ამბობენ, პირველად იყო მითი და როცა აღარაფერი იქნება, მითი დარჩებაო. ვიმკითხავებთ: არსებობს? – არ არსებობს? არსებობს? – არ არსებობს? მე ბლოგი მაქვს, სოციალური ქსელები და სხვა. რამე დარჩება ჩემი არსებობის დამამტკიცებლად. მითად დარჩენა გამიჭირდება. მოსაწყენია. სიკვდილამდე მოვიფიქრებ რამეს.