“ყველაზე რთული იცი რა არის? როცა დილით იღვიძებ და მიზეზს ეძებ გასაღვიძებლად. ზოგჯერ იგონებ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძილს იბრუნებ. ძილის დაბრუნებაა ყველაზე ცუდი, – ღამე შეგროვილ ენერგიას სულ ძილში ხარჯავ. მერე წყალს ვივლებ”, – მერამდენედ მიტრიალებს დილით თავში ეს აზრი. და მერე წყალს ვივლებ.
სადღაცას წავიკითხე, ფიქრები წყლის მეშვეობით შემოდიან სხეულში და მოძრაობენო. ვიბადებით მასე, სითხით და მერე ვაკვირდებოდი წყლების კრისტალებს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სხვადასხვა რელიგიებში ლოცვებისას მათი ფორმა სტერეოტიპულად განსხვავდებოდა.
ჯერ ერთი ადამიანი იყო, ფერების ვიზუალიზაცია რომ მოახდინა და ამბობდა: “ახლა იმას კი არ ვიცვამ, რაც კარგად გამოიყურება, არამედ რაც კარგად ჟღერსო”. ამ ფრაზაზე გავიღიმე და მეგობარს ვაჩვენე და იმასაც გაეღიმა.
ერთი ესსეს პაროდია რომ გავაკეთო, ხატი, არჩევნების გამო მოწყობილი მიტინგების, სახალხო გამოსვლების დღეს, ცარიელ მონიტორთან მჯდარი ადამიანის პოზისა, ოდესღაც ოცდამეერთე საუკუნის ანთროპოლოგიაში დამსახურებული ადგილით შევა.
ხოლო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იძულებითი სცენარია მხოლოდ, სიცარიელის შესავსებად მიმართული უწყვეტი ფიქცია, არა მხოლოდ ეკრანის სიცარიელიდან, არამედ, გონებრივ მონიტორს მიჩერებულები სიცარიელეში რომ ვუცდით გამოსახულებას.
ეს მაღლიდან, მაგრამ ერთხელაც მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთის შესწავლა მოვინდომეთ და გადავწყვიტეთ მიკროსკოპი გვეყიდა.
მანამდე კონფერენციებზე გამოტანილი ტვინის რუკა დავათვალიერეთ. ის ჩიზბურგერს ამერიკანოს აყოლებდა, მახსოვს, როცა დაავადებათა ნამდვილსა და ილუზიურ გამოვლენებზე მითხრობდა:
“ტვინი სულ რომ ნაწილებად დაჰყო და მიკროსკოპით უჩხიკინო, შიგნით მაინც ვერაფერს ნახავ, ცარიელია. მაგრამ ინჟინერია, სიცარიელე, როგორც გამოსახულების შემოქმედი”.
“სიცარიელე და ღმერთი ბევრ რელიგიაში ერთ ცნებად აღიქმება, ისევე, როგორც შემოქმედი და ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – გამახსენდა და ქალაქის შუაგულში სულ ყავის გემოთი ვათრიეთ გიტარა, მერე თქვა, რომ მწვანედ შეიღებავს ისედაც მოკლე თმას. გავიცინე, რადგან მიმიკები არ ჰქონდა და უმოძრაო სახეზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულს დაემსგავსებოდა. მერე სხვაც შეგხვდა და სამივემ ვიცინეთ.
“ვეღარ ვწერ, – ისევ ამოიღო ხმა, – რადგან ჩემი ფიქრები დღის მანძილზე ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება, გონებაში ბანკების გადასახადების ქსელები იხაზება: სად შევიტანო, რომ მერე გავიტანო, რომ მერე შესატანი იყოს, ოღონდ გატანა ხერხდებოდეს და ა.შ. და როცა თითოეულ ლარზე ვფიქრობ, ფიქრები იმდენად იტოტებიან, რომ მომიცავენ და მე სხვა რამეზე უკვე ვეღარ ვწერ.”
“მაგაზე დაწერე. საინტერესო მოთხრობა გამოვა ადამიანზე, რომელიც არ არსებული ფულით, კრედიტით ცხოვრობს და იქსაქსება”.
“კარგი აზრია,” – ენთუზიაზმი გამომდის ხოლმე, მე კი ორი კაცის, ბოდრიარისა და ჭილაძის, ენა მომწონს: როცა პირველმა ოქროს ვერძი იმას შეადარა, კაცმა რომ ბავშვს პირველად ხელი გაარტყა და ცოლმა ქმარი გააღვიძა, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია და ეს იყო პირველი ჭაღარა, რომელიც ნახა.
ბოდრიარმა კი მოქალაქეები ბევრ ტვინებად დახატა, ინტელექტუალურ სიცარიელეში მცხოვრებ სივრცეებად, ხოლო ისინი, დროთა განმავლობაში ვინც გაირიყა, ე.ი. მანამდე მასობრივი ინფორმაციის სხვა მხარეს მოხვდა.
მერე ისინი უსაქმურები გახდნენ, ხოლო უმუშევართა შთამომავლობას იმ ქალაქში დაასახლებენ, სადაც ინფორმაციული ქსელები იმატებს და გარიყულნი ხდებიან შრომის სამყაროდან. მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ისინი ჩვენ გამოვკეტეთ, არამედ ის, რომ ისინი ვხდებით.
“სიმონა” ალბათ გინახავთ, მშვენიერი ფილმია კაცზე, რომელსაც საკუთარი “ქალი პულტით” სულ უღებს ბოლოს, სხვის სამართავად შექმნილი კომპიუტერი მას აკონტროლებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ბოლოს.
“ჩემი სიზმრები გამახსენდა, სადაც გამოცანებს მისვამენ, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, პასუხს ძლივს ვპოულობ. რომ ვიღვიძებ მიკვირს შეყოვნება, კითხვა ხომ ჩემივე მოფიქრებული იყო ძილში”.
“ანუ ცხოვრებაშიც ასეა? თუ ცხოვრების ინჟინერი ტვინია, ხშირად ისეთ პრობლემებს გვახვედრებს, რასაც ვერ ვუძლებთ და ვხლართავთ, როცა მისივე გადაწყვეტა წინასწარ ვიცით?”
“მოდი, დღეს ისევ ვისნობებ და მომავალი ვნახოთ. ნეოპლატონიზმიდან მიღებული რელიგიები ვნახოთ: სამყაროს ოთხივე ელემენტი ადრე აბსტრაქცია იყო, ხელშეუხებელი იდეები, მერე კი მატერიად იქცა. იქნებ შესაძლებელია სხვა აბსტრაქციის ფიზიკურად აღქმაც?”
“ანუ ფიქრობ, რომ სიყვარული, სიძულვილი თუ ნებისმიერი აბსტრაქტული საგანი დროთა განმავლობაში მატერიალურ ფორმად გარდაისახოს?”
“თუ წინა თეორია სიმართლეა, ეს მომავლის სავსებით შესაძლებელი გზაა. შეიძლება აურაც მიებათ ადამიანებს და აზრები ეწეროთ შუბლზე. ეს ნებისმიერი იდეის ფიზიკურად ქცევის მაქსიმალიზაციაა”.
“ანუ მწვანეთა მოწოდებები, რომ დავუბრუნდეთ ბუნებას და აბსტრაქციას, წარსულში უკანსვლით წავსლაა და მსგავსი უკიდურესობა ადამიანს დაბოლოების მორიგ მცდელობაში მოხვედრილ დასაწყისად აქცევს? ადამიანია, რომელიც წარსულში ცხოვრობს?”
“ჰო, წარმოიდგინე აბა, საუკუნეების მიღწევები გააქრო და ახლიდან დაიწყო ცხოვრება მერე, ისევ მატერიალიზმისკენ არ წაგიყვანს? მერე სადღაც შუა გზაზე მიატოვებ და ახლიდან დაიწყებ. იდეების სამყაროში მოხვედრა ისედაც გექნება, უბრალოდ, გავიჭრათ წინსვლისკენ, კოსმოსისკენ, იქნებ მართლა აღმოვაჩინოთ შემოქმედი და როცა კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მატერიებს სულ ამოვწურავთ, იდეებისკენ მერე დავბრუნდეთ. არ ვიცი. არ ვიცი.”
მე კაბაზე ჩამოვისვი ხელი და ბოლოებში მოვჭმუჭნე, ნაკეცები მის ხელებს გადავაფარე, გაურკვევლობისგან რომ კანკალებდა:
“მე ამაზე პასუხი ვიცი, ჩემი ტვინი ხომ ამ კითხვების ინჟინერია, უბრალოდ დამავიწყდა.”
“ახლა პასუხები წიგნის ბოლო ფურცელზე გვეწერია, ცხოვრება ალგებრის სახელმძღვანელოს ჰგავს, შეიჭყიტე”.