ნახატი გალიფრეის ენაზე

tatoooგუშინ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, ძველ რუსეთში პირველი ტატუს ხელოსნების ნებართვა, ეწარმოათ თავიანთი საქმიანობა და ჩავფიქრდი ამ ჯეიმს კუკის დროინდელ ტერმინზე, როგორც ხელოვნებად ქცეულ სხეულზე, ძველად რიტუალის ჩასატარებლად ან პატიმართა დასანიშნად რომ იყენებდნენ. ერთი პიტერ გრინვეის ფილმი მოგვითხრობს, მკვდარი ადამიანის წარწერიანი კანის გატყავებაზე, დღიურად ქცეულ პოლიგრაფიულ კანზე. და მივხვდი, გადასაღებად, ერთჯერადი საღებავებით კანზე ნახატების მიუხედავად, ერთგულების არ ქონის გამო, ვერასდროს გავიკეთებ ტატუს. ეს ისეთია ამბავია, შენს ცხოვრებას ჯერ კიდევ საუკუნის მეოთხედში სათაური მისცე. თურმე ჯეკ ლონდონიც “პატარა დიასახლისის” მიუხედავად, ტუმინირების აპოლოგეტი ყოფილა: მაჩვენე ადამიანი ტატუთი და მე გაჩვენებ რა საინტერესო წარსული ქონიაო. ხოლო ჩემი საყვარელი ციტატა მაინც უილიამ დევაულთს ეკუთვნის: ციტატა ეს არის ტატუ ენაზეო.
მართლაც, ჩემთვის საკუთარი თავის შეგუება თავად იმხელა პროცესია, როცა სხეულის სტაბილურობის ატანა მიწევს, ნებისმიერი ხანგრძლივი დანამატი ისტერიაში მაგდებს. ერთი სიტყვით, შეფარული პანიკიორი ქალი ვარ. ხომ არსებობს ზოგადი საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ტატუირების პროცესი რეგულირდება, მაგალითად, პლიუს თვრამეტი, გადაწყვეტა ალკოჰოლის არა ზემოქმედების ქვეშ, არ უნდა იყოს შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არა ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, – მაგრამ ამ წესებს არც ჩვენთან და ზოგადი მასშტაბითაც ნაკლებად აკვირდებიან. მე კი დავამატებდი კიდევ სხვა პუნქტს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია: ადამიანის უნარის თუ უუნარობის გამოკვლევას უცხო ფორმების ფიზიკური და მენტალური მხრით, რამდენად ფლობს პიროვნება საკუთარი სხეულის სტაბილურობას და სიახლისადმი შეგუებას. არა, როგორც კანონს, თუნდაც როგორც სემინარს, სადაც ვივლიდი ამ ლამაზი ტატუს გაკეთების გამო: პლანეტების ენაზე დაწერილი ჩემი სახელი, რომლის ჯერ მხოლოდ ფეინთური მონახაზია.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში