ლიმნის ტესტი: ტეკილა თუ ჩაი?!

042df50dda540b946cb61e39139118bd

როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, სანამ ჩაიდანს შევამჩნევდი, გავიფიქრე: “ტეკილას მასმევს თუ ჭაჭას?” – ჩაიზე არც მიფიქრია. აი, მაშინ მივხვდი, რომ ლატენტური ალკოჰოლიკი ვარ. თქვენ როგორ გაივლიდით ლიმნის ტესტს? მერე მოვისმინე თეორია ლუდის სიყვარულის სტოკჰოლმის სინდრომში მოთავსებაზე, – თავიდან ლუდის გემო არავის მოსწონს, მაგრამ როცა ალკოჰოლი მოგწამლავს, მოძალადესადმი სიმპათიას იგრძნობ, ლუდის სმას სწორედ გემოს გამო იწყებ. მოცემული თეორია სხვა სასმელებზეც ვრცელდება. ზოგადად, ალკოჰოლთან შეხვედრის პირველი დღიდან ვიდრე დღემდე ტრანსფორმაცია განვიცადე, მისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა.

მაგალითი: სტუდენტობა რომ გავიხსენო, პირველი თრობა, იპოდრომზე გაზავებული სპირტების სმა, მერე გადაწოლა და ვარსკვლავების თვლა, ვარსკვლავების რა, მარტო დიდი დათვი, პატარა დათვი. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ხარისხიან ალკოჰოლს ვიღებდით, ყოველთვის ვაზავებდით კოკა-კოლით, კამპათი, ხიდან მოწყვეტილი ვაშლის ცხელ წყალში გახსნით, ბოლო-ბოლო ტერაფლუში ვხსნიდით არაყს. პირადად მე, ვერ ვსვამდი მისატანი წვენის გარეშე ღვინოსაც კი. მერე მიკვირდა ნაბახუსევი არ ვიცი მეთქი. და ჩემს ასაკში არავინ იცოდა ნაბახუსევი. ასაკი ალბათ თავისას შვრება, მაგრამ არავინ კვდება სიბერით, ხომ? სიბერეშიც ავადმყოფობებით ვკვდებით. უბრალოდ ახლა როცა ვისკის ვსვამთ, ხშირად ყინულებსაც არ ვუშვრებით, ტეკილას დროს მარილიან ლიმონს თუ მივადებთ ენას, მაგრამ წვენებს აღარ ვაყოლებთ. ნაბახუსევი კი სითხის ნაკლებობაა ორგანიზმში, სპირტისგან აორთქლებული სითხის მონატრება.  და როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, არა თუ ჩაიზე არ მიფიქრია, იცით რა ვიფიქრე? რა საჭირო იყო მისატანებელი მეთქი.

მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს

დამისპოილერეს, რომ ლი ტრამვების მერე გახსნის ლოტუსს, მე კი გაარასთან შედარებით, რა მიჭირს, დამიწებულია მხოლოდ ცალი ფეხი. ამგვარად, ოთხი კედელი გავარღვიე და ორი ყავარჯნით სიარული ვისწავლე. რაც თავის თავზე იღლიებმა იტვირთეს, ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუსადეგარმა სხეულის ნაწილებმა, სუნი აქვს, ეღუტუნება და ეპილაციისას თუ დაუწყებ ყურებას, კრიტიკულ სიტუაციაში კი მთელი სხეული ასწიეს. პირველი პრობლემა, რასაც მკურნალობისას წავაწყდი, სამსახური იყო. სამუშაოს გაცდენებმა უხელფასობა წარმოშვა, ხოლო მთელი დანაზოგი ჯანმრთელობაზე წავიდა.
მეორე პრობლემა მოტეხილობისა და ჰემატომის გამო დახურულ სივრცეში მშობლებსა და მეგობრებზე დამოკიდებულება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებდნენ, აწი ნარუტოსთვის მეტი დრო დაგრჩებაო, და მეც თავს ვიმშვიდებდი, რომ თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია, ლოგინში საკვების მორთმევისა და ხელში აყვანით გადაადგილების მომენტი ორივე მხარისთვის დისკომფორტულია. მაგრამ ანნა ბლუმი რის ანნა ბლუმი არის მეთქი, ყავარჯნებზე აზიდულს ტყეში არ ერბინა და მთიულეთში თოვლში მოპენტილი ენძელების მოსატანად გავიქეცი. დისკომფორტის კომფორტში გადასატანად კი მეგობრებმა ყავარჯნებზე ჯოხები დამიტაკეს და ულაზერო ვარსკვლავური ომები გავმართეთ.
მესამე პრობლემა, რასაც ქუჩაში გასვლისას მეგონა წავაწყდებოდი, თბილისური ინფრასტრუქტურა და ხალხი იყო. საბედნიეროდ, ზოგი დაწესებულება და მადლობა მათ, ჩემნაირი პირებისთვის უკიბო მისადგომს გვთავაზობს, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს ყავარჯნებით კიბეებზე ასვლა, განსაკუთრებით ისეთ წვიმიან ამინდში, თან ღამე, როგორიც გუშინ იყო. ამ დროს ყავარჯნების სიმაღლე იღლიებთან შედარებით მაღალ საფეხურზეა და რეზინა ჯოხების ბოლოებში შეიძლება ისე გაცურდეს, ვერ დავინახო. რაც შეეხება ქუჩაში ხალხს, ჩემი ტანჯული სიარულის ჟამს ბევრი მათგანი გავიცანი, თურმე ზოგს გამოუცდია ტრამვული მდგომარეობა და ყავარჯნებთან დაკავშირებით რჩევებსაც მაძლევდნენ. კარგებსაც და ასეთებსაც: თურმე საქართველოში ჩაი, როგორც კონტრაბანდა, ნიკო მარის შემოუტანია აღმოსავლეთიდან და ეს აკრძალული ბალახი ყავარჯენში ედოო, – პაპაჩემმა. მესამე სურათზე, თუ კარგად დააკვირდებით, კავკასიონი ჩანს.

546566

სხეული, როგორც ანტიდეპრესანტი

– როდესაც ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფები და ფილტვებში სუნთქვა აღარ მიგეწოდება, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გახსენდება, – ჩემი მეგობარი კულტურულ სნობს მეძახის, ვინაიდან თუ სადმე მივდივარ, ბუნების ან არქიტექტურის დათვალიერება მსიამოვნებს. ვერ გაგიგია, ბოდიალშიაო სიამოვნება, არა იმაში, რა დაგხვდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ მე მეკამათება, მისი მჯერა. სულ მინდება რომ ბლოგი გააკეთოს, რამე სოც ქსელში მაინც დარეგისტრირდეს, ტელეფონი მაინც ჰქონდეს, რადგან იშვიათად შემხვედრია მასზე მაქსიმალისტი ქალი, რომელსაც შეუძლია დაცემამდე იაროს. ერთხელაც გამომიტყდა, რომ სიკვდილის ძიებაში იყო, დაინვალიდების ძიებაში მაინც.
და დავფიქრდი, მოგზაურ ადამიანებში რამდენია თავისთვის შარის ამტეხველები, დეპრესიულები და თავგადასავლით სიკვდილის მსურველები. ჯანდაბა, რატომ გარბიან ადამიანები ადგილიდან ადგილზე და როდესაც სიარული უკვე მანიასავით ექცევათ, ტრიერის ჯოსავით ცახცახს აუტანიათ.
სექსი, როგორც ანტიდეპრესანტი.
სასმელი, როგორც ანტიდეპრესანტი.
კვება, როგორც ანტიდეპრესანტი.
ვარჯიში, როგორც ანტიდეპრესანტი.
სიარული, როგორც ანტიდეპრესანტი.
ზოგადად, სხეული, როგორც სამშვინველის ანტიდეპრესანტი.
ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. ნეტა იმ ქვეყანაში ვიყო, სადაც ჩემი ერის ხალხი არ დამხვდებაო. დიდი რუკა ვიყიდო და სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით მგზავრობები აღვნიშნოო.
მაგრამ როდესაც ჩემთვის საინტერესო ქალაქისკენ ბილეთი უნდა შემეძინა, ისე დამეზარა, როგორც პურის ამოსატანად მაღაზიაში ჩასაგზავნი ჩემი თავი. მანამდე თვეში სამი ავარია მოხდა, რამაც თავის ტკივილები დამიტოვა და ფეხზე შრამი, თითქოს ტონობით მომატებული თავის წონა ფეხებს დააწვა და ვფიქრობ:
გამართულად სიარული რომ ვერ შევძლო, ქალაქი რომ ფეხით ვეღარასდროს შემოვიარო, მთებზე უფრო მეტად რომ ვეღარ ავცოცდე, ის–ღა დამრჩეს, რომ სხვათა სალაშქრო ჩანაწერები ვიკითხო და ჩემთან მოსული მეგობრები ვეღარ გავაგდო, ალბათ ისეთი შეგრძნება იქნება, როგორც ჩაის სახლის საპირფარეშოს სარკეში ხელახლა აღმოჩენილი ძარღვები რომ დავინახე ფეხებზე.
მოდი, შეიარეთ, ლიმნიანი ნამცხვარი აიღეთ, სარკეში შიშველ ფეხებს დააკვირდით და თუ ლურჯ ზოლებს იპოვნით, მიხვდებით. კიდევ უფრო უნდა მეტკინოს, რომ მქონდეს შანსი, სიარული ახლიდან ვისწავლო.

 dont-miss-the-train_1242

ხელთნაკეთი ნივთები და შავი მთვარის დები

tumblr_lty756NyEo1qb3upvo1_1280

tumblr_l4942776N21qa9yjmo1_500

ისეთი ჩითის კაბა ვიყიდე, ჩაის დალევას მოგანდომებს მეთქი, – ვთქვი და ამით გარემოს გამო სამოსის შეხამების ნაცვლად – ხაზი სამოსის გამო გარემოს არჩევას გავუსვი. შეიძლება მოდა ბრუნდება და თბილისში ვინტაჟური კაბები აცვიათ, მაგრამ თუ ეს ვინტაჟური მოდელი ძველებური ქსოვილითაა ნაკერი, თან ამ ქსოვილზე თუ იცი, რომელი ველის რომელი ნაყოფისგან დაამზადეს, თანაც თუ ეს კაბა ხელნაკეთია, უკვე გაინტერესებს: რაზე ფიქრობდა მკერავი ამ ქსოვილთან მუშაობისას. აი, ჩემი ჩანთების ავტორს, რომლებსაც რუსთაველის მიწისქვეშაში ვყიდულობ, მთელი ამბები შევუთხზი: ვითომ ჩემხელა უმუშევარი გოგოა, საკუთარი სამყარო ჰქონდა, შეყვარებულმა მიატოვა, ოჯახის კისერზე წოლა ეუხერხულება და ერთხელაც ნათესავმა ქსოვილები უპოვნა. ურჩია, მაღაზიებში ჩაბარება დაეწყო და ორი კაპიკი ეშოვნა. მერე რა, თუ ერთხელაც ჩანთის ყიდვისას მომისწრო და პუტკუნა ღაწვებიანი გოგონას ნაცვლად გავიცანი როგორც მამაჩემის ხელა ჯანიანი კაცი. მერე რა, უკვე თუ მაღაზიაში მეხუმრებიან, რომ ყველა ჩანთა მე გავუყიდე, და მეც ღიმილით ვეუბნები, რომ რა ვქნა, ესეთები მალე იხევა. არა და მართლა ძალიან მალე იხევა და ნაძენძები კაბასაც მისვრის. ვეძებ ქალს, რომელიმე ბარში ღვინის ბოკალით ხელში, ვისაც ფიშნეტზე ბებიამისის მოქარგული წინდები აცვია, ჩაის ჭიქებს ფერად კაბებს უქსოვს და ღუნღულა ხელთათმანებით ჩულქის თასმების გასწორება იცის რას ნიშნავს.
შავი მთვარი დები – იმ ბრენდის ქართული სათაურია, ჩემი მოდაზე წარმოსახვა რომ შეცვალა. თვალს გამოჩენის დღიდან ვადევნებ და შეიძლება ითქვას, მაცმევენ. სარიტუალო ნივთებთან ერთად მტვრიანი ფირის კამერებით გადაღებული შავგვრემანი ქალი, ჰიპურად გაჩეჩილი თმებით. პიანინოზე უკრავს, როცა მეგობრებთან იკრიბება. აქა-იქ კაცი, რომელიც უყვარს. ხისგან გამოთლილი ბეჭდები. შიშველი სხეულები და იქვე ბუჩქებში დატოვებული ეროტიული თეთრეულები. უცებ გამოჩენა მუცლით. მერე სამშობიარო კაბების დამზადება და სურათების გადაღება. მერე მშობიარობა და ახალი პატარა მთვარის ხაზის დამატება. ხაზი, რომელიც უწყვეტად ასახავდა მკერავი ქალების ცხოვრებას, რომელიც დიზაინერთა პირად ბლოგად იქცა და ეს სინამდვილე იმდენად მიზიდავს, რამდენადაც შეიძლება მკერავმა სამოსის მეშვეობით მათი პირადი ცხოვრება გადმოგვცეს. ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ქალი მორიელები ვიგრძნობთ და ლილითის თაყვანისმცემლებს დააფიქრებთ. ეს არის სამი ქალი, რომლებსაც უმთვარო ცხოვრება აერთიანებთ, ფენტეზურ ჩანთებს მოიკიდებენ, ველად გადიან. თქვენც მითხარით ხოლმე სად იყიდება ხელთნაკეთი ნივთები და კაბები.

ფლავი და შარბათი მოჰამარისას

ჩემი ყურანით დაინტერესება სკოლის ასაკში დაიწყო, როცა მშობლებმა დამბანეს, ჩამაცვეს, ხელი ჩამჭიდეს და ნათესავების გასაცნობად წამიყვანეს, ჩემი ასაკის გოგონების. მათი ბებია, ბაბუაჩვენის და, დაუბანიათ, დაუვარცხნიათ და მუსლიმანისთვის მიუთხოვებიათ, ჩვენი ხაზი კი იმ ბებიის ხაზზე იძახდა: გაგვეყო, აღარაფერი გვაკავშირებსო.

როგორც კი შევედით, გოგონებმა თავიანთი კაბები შემომაცვეს და სამკაულები ამიწყვეს. ალაჰმა თქვა, თუ რამეს გაჩუქებენ, რაც არ გითხოვია, მიიღე, ეს ჩემგან არისო. მრგვალი მაგიდა მახსოვს, დასვენებულზე ჩაი შემომთავაზეს. ვიაურე, მაგრამ დედამ ჩუმად მითხრა: სხვანაირი ჩაი ექნებათ, დალიეო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და თავი დავუქნიე, მერე კი იმედი გამიცრუვდა ”მარიამის” ერთჯერადი კოლოფი რომ ჭიქაში ჩადო, შაქარი დააყარა და წყალი დაასხა.

ლამაზი გოგონები იყვნენ, დაწყობილი სახის ნაკვთები ჰქონდათ და სითბოს არ მალავდნენ. არც ქუჩებში სახეს და გაბედული ნაბიჯებით დადიოდნენ. ერთი გამომიტყდა: ოცნება მაქვს ჯვარი ვატაროო, – მერე მოინათლა. მთელი ოჯახი მოინათლა. მე კი გადავწყვიტე ჩაის დაყენება თავად მესწავლა. მოიმარაგეთ ჩაი, ფლავი და შარბათი, მინდა ყურანზე გესაუბროთ.

ამასობაში, ყურანი ვიპოვნე, რომელიც არც დაფლეთილი ყოფილა და არც სიძველისგან გაყვითლებული. მაშინაც ასე მივიღე და ახლაც, რომ წიგნი რელიგიური ტრილოგიის მესამე სერია იყო, ძველსა და ახალ აღთქმას რომ მოსდევს. თუ ძველი აღთქმა ქრისტეს მოსვლის შემზადებისთვისაა განკუთვნილი, ახალში ქრისტეს მოსვლაა მოცემული, ყურანში გადმოცემულია ქრისტეს წასვლის შემდეგ ცხოვრება.

ცხოვრება, რომელიც მეტისმეტად გამკაცრდა. ჰოდა, მუსლიმებსაც სჯერათ, რომ სახარების დაკარგულის აღმოსაჩენად დაიწყეს კითხვა. რაღაც სანახევროდ ქრისტიანები არიან, ოღონდ მონათმფლობელურ ეპოქაში დაწერილი წიგნით, სადაც არც ადამიანები ვართ ღვთის ძენი და არც ქრისტე. ყველანი მისი მონები ვართ, ქრისტეს კიდევ ჰო და მუჰამედს, შუამავლის წოდება ჰქონდათ. წინა ორი რელიგიიდან განსხვავებით მეტად მკაცრია. მორიელის ზოდიაქოში შექმნილი. შეიძლება ითქვას, დესტრუქციის რელიგიაა. ყურანის მიხედვით, ღმერთი სამყაროს მოშორებულია დიდი მანძილით. ყურანის ღმერთი აღამებს და ათენებს, სიცოცხლე სიკვდილისგან გამოჰყავს და სიკვდილი სიცოცხლისგან. “ამბობენ, ღმერთს ძე ჰყავსო. მისმა დიდებამან არა. იგი კმარობს თავის თავსა”.

მისი მიხედვით, იესო არ მომკვდარა ჯვარზე, არამედ ჯვრიდან იქცა ცად აყვანილი. მუჰამედი ბიბლიას აღიარებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს: ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, ქრისტეს და თვლის, რომ თავს აგვირგვინებს, რომელმაც უნდა გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული ხარვეზები. მუსულმანი მორწმუნესთვის მტერი მხოლოდ არამორწმუნე შეიძლება იყოს. დღეში ხუთჯერ ლოცვამ მეტად დისციპლინებული გახადა ცხოვრება.

ყურანი, როგორც დოგმატიკათა კრებული რელიგიური საფუძვლით, მუჰამედის სიცოცხლეში წიგნის სახით არ არსებობდა. აწ არსებული ზნეობა მუჰამედისგან ალაჰის გამოცხადებად გასაღდა, შეიკრა და დამოუკიდებელი სახე მიიღო, დამძიმებული რიტუალებით. სურები და აიათები ცალკეულად იწერებოდა ბრტყელ ძვლებზე, პალმის ფოთლებსა და ქვებზე. ნაწილი მოწაფეებმა ზეპირად იცოდნენ და ისე ავრცელებდნენ.

ერთი მეზობელი მყავდა, კაკლის ხესავით მაღალი იყო. კაკალს კი იმიტომ ვამსგავსებ, რომ თავად უყვარდა მასზე ცოცვა. სლიკინა კანზე ეჯაჯღურებოდა და მუდამ ფოთლების სუნი ასდიოდა. ერთხელ, როცა ყულაპის ფუნქციის ბოთლი გაჭრა, ხურდები ქაღალდის ფულში გადაცვალა, მეძავთან წავიდა. მაშინ ბავშვებს ეზოში შტაბი გვქონდა მოწყობილი, შევიკრიბეთ და წაკითხული რჩევები მივეცით.

მაგალითად, მკითხავი ხალხისგან ემბრიონის სქესის დადგენის ერთი საშუალება ვიცოდი: ღმერთის სახელი იყო “აუმ”, ორგაზმის დროს, ჩასახვისას, რომ აღმოხდებოდა კაცს, ქალს კი ჩასახულის დაბადებისას. მედიტაციისას და ლოცვებისას ამ ბგერას ამიტომაც მიმართავდნენ, როგორც ენერგიის გამოყოფას და შთაბერვას. თუ კაცი წევს მარცხენა მხარეს, ქალი კი მარჯვენაზე, მაშინ კაცის სუსნთქვა მზისა არის, ჰაერი, ძირითადად, მარჯვენა ნესტოად შედის, ქალის სუნთქვა კი მთვარისაა, ამ შემთხვევაში ბიჭი გაჩნდება. ხოლო თუ კაცი წევს მარჯვენა გვერდზე, ქალი კი – მარცხენაზე, მაშინ კაცი იმყოფება მთვარის სუნთქვაში, ქალი კი – მზისაში. ამ შემთხვევაში გოგო გაჩნდება. თუ კაცი და ქალი მზის სუნთქვაში იმყოფებიან ფემინური ბიჭი გაჩნდება, კაცი და ქალი თუ მთვარის სუნთქვაში არიან, – ვაჟკაცური გოგონა.

ჰოდა, ჩვენს მეზობელს ერთი პანკისელი მუსლიმი ჰყავდა ამოჩემებული, სუფიზმს მისდევდა. რომ დაბრუნდა, მაისური გადაიხსნა, დასერილი ზურგი გვაჩვენა და თქვა: მოჰამარი ჩემზე ჩაატარაო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და თანდათან შევაგროვე ინფორმაცია. მეზობელს კი მერე ჭლექი დაემართა.

მოჰამარზე ცნობები ჯერ კიდევ მე-7-მე-8 საუკუნეების არაბულ ქრონიკებში გვხვდება. მისტერიაში იკვეთება ძირითადი მომენტები: როუზე, დასთე, თაზიე. იმართება ყოველწლიურად. მთვარის კალენდრის მიხედვით, პირველი თვის დასაწყისში. მოძრავი დღესასწაულია. მთვარის ფაზებზე დამოკიდებული და ხშირად შემოდგომას ემთხვევა. დროთა განმავლობაში პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის ფორმად გადაიქცა სამღვდელოებისგან. წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული ისლამის წარმოშობასთან.

იკერავენ ახალ ტანსაცმელს, ყიდულობენ ახალ ჭურჭელს, შლიან სუფრას. ამზადებენ ფლავსა და შარბათს. არ იხდიან ქორწილებს და სხვა ზეიმებს. ერიდებიან სქესობრივ კავშირსა და მოგზაურობას. კაცები წვერს არ იპარსავენ. იცავენ ”ნამაზის” (ლოცვის) რიგს და სხეულის რიტუალური განბანის წესს. ორმოცი დღე მარხულობენ. აივნებს, ფარდულებს, გზებს ფერადი ქსოვილებით 2-3 დღის განმავლობაში ფარავენ. მწვანე, წითელი და შავი ფერის დროშებს შლიან. სურათებსა და სარკეებს შავი ფერის საბურავებს აფარებენ. ალმებსა და ლამპიონებს სირაქლემის ბუმბულით აწყობენ. საუბრობენ შიიტ წმინდანებზე: ალიზე, ჰასანზე და ჰუსეინზე.

შიიზმი აიდიალებს მუჰამედის შთამომავლობას. ჭეშმარიტად მხოლოდ იმ ჰადისების ცნობას, რომელიც მუჰამედის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. განსაკუთრებულ უპირატესობას იჭერს ალის კულტი. ალაჰმა ერთხელ მუჰამედს უთხრა: “შენ თუ არა, არ შევქმნიდი სამყაროს, მაგრამ თუ არა ალი, არ შეგქმნიდი შენ.” მეორე ლეგენდის მიხედვით კი ალაჰს შეშლია, ყურანი ალისთვის უნდა მიეცა და მექანიკურად მუჰამედისთვის მიუცია. ამის მერე ამბობენ, ვის არ შეშლიაო.

მოჰამარის გარდა ტანჯვა–წამების სიხარულით შემცვლელი რიტუალები ნამაზით იწყება. ნამაზის მოძრაობები ვარჯიშის ფუნქციაა, წვრთნა. მე თავის გამოლაყებას ვეძახი, როცა სისხლი აქეთ–იქით მოძრაობს და ბრუნვას ექსტაზში შეყავხარ. ვიღაცას თუ ეზარება ნამაზის შესრულება, მუჰამედი, როცა კვდებოდა, ისევ ნამაზზე ფიქრობდაო, ამბობენ ხოლმე.

ზრდილობის დაუწერელი კანონები, ისლამში დაწერილია. მაგალითად, დაბანის წესია: კბილების გახეხვისას სამჯერ გამოივლოთ წყალი. მარხვის შემთხვევაში ყელამდე არ უნდა ჩაიდო ჯაგრისი. წყვილი ორგანოების დაბანვისას მარჯვენათი უნდა დაიწყოთ. ხელებისა და ფეხების დაბანისას თითის წვერებიდან დაწყებაა საჭირო. წვერების ძირის გამობანა არ უნდა დაივიწყონ. ცხვირი მარცხენა ხელით უნდა მოიწმინდონ, ნესტოებში წყალი სამჯერ უნდა შეისხას. ყოველი დასაბანი ორგანო სამჯერ უნდა დაიბანოს. თითზე ბეჭედი უნდა შეიქანოს, წყალმა რომ გაუაროს. დაბანილ ორგანოებზე ხელი უნდა მოისვას. თითებს შორის ადგილები უნდა გამოიბანოს. ჯერ ჭუჭყი სადაცაა, ის ადგილი უნდა მოიბანოოს. სასქესო ორგანოები არ დაივიწყოს.

მოჰამარს რომ დავუბრუნდეთ, უმეტესად, საღამო ხანს იწყება. მქადაგებლები შავ განიერ ხალათებს იცვამენ, თავზე შავ ან მწვანე ფერის, მრგვალ, დაბალ ქუდებს იხურავენ. თვითგვემის იარაღებია: ჯაჭვი, ხელის ტვიფრი, ხის ჭურჭელი, ”კაშკული” და როუზეხანის ქუდი.

ადრე როუზზე არამუსლიმის დასწრება აკრძალული იყო. ამ დროს სახლებს ისე აწყობდნენ, როგორც მეჩეთში. კამფეტების, ტკბილეულების, ხმელი ხილისა თუ ხურდის სანაცვლოდ პატარა ბიჭებს წყლით ამარაგებდნენ. წყალი არ უნდა შემოლეოდათ. ვარდის წყალს შუა როუზეს კითხვის დროს მომლოცველებს აპკურებდნენ ხელის გულებზე. ვინც ხანგრძლივად მარხულობს, ის არ მარხულობსო, მუჰამედმა. ერთი პერიოდი მუჰამედმა შარბათი აიკრძალა კიდეც ცოლების გამო, მაგრამ ალაჰი გამოცხადებია და უთქვამს, დალიეო. შენიშვნად ვიტყვი, რომ მარჯვნივ გადაწოდება საჭმლის, წესია. ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლით არ შეიძლება წყლის დალევა. სასმლის ჩამომრიგებელი სასმელს ბოლოს სვამს.

ადრე როუზე უფრო დიდხანს გრძელდებოდა. ზოგ ნაწილს მშვიდად კითხულობდნენ, ზოგ ადგილებში კი მიმიკების და ჟესტების დართვით. ხშირად გაისმოდა ხმამაღალი შეძახილები და ქვითინი. გავიხსენოთ, ვეფხისტყაოსანი, სანახევროდ, აღმოსავლურ მოტივებზე აწყობილი პოემა, ტირილისა და დახოკვის რა სცენებიცაა, მუსლიმანური გავლენითაა. ძველი ჩვევით, მუსულმანები ახლაც იფიცებენ მზეს, შენმან მზემანო, იტყვიან ქართველებიც. მზის კულტი ალაჰის მოსვლამდე წამყვანი რელიგია იყო.

მოჰამარისას სმის და ლოცვების შემდგომ გადიან ქუჩებში განიერი შარვლებით, წვეტიანი ჩხირები ჩაერჭოთ შიშველ სხეულებზე, ლურსმნები, ზანზალაკები, შუშის ნატეხები აქვთ ჩამოკიდებული, ზოგსაც ის ნივთები ტანში – გაყრილი. იძახიან: ”შაჰ ჰუსეინ”, ”ვაჰ ჰუსეინ”, ხალხი პასუხობს: ”მაჰზუმ-მაჰზუმ” (ტანჯულო-ტანჯულო).

გლოვა ხშირად მთელი თვე გრძელდება. გლოვის წინა დღეს კითხულობენ თასურის ხუტბეს, ჰასანისა და ჰუსეინის მწვალებლობის ისტორიას. ქალები მუხლის ჩოქვით დგებიან. ხორბლის კერძის ”ჰალალით” უმასპინძლდებიან რელიგიურ ექსტაზში მყოფ ხალხს. უშუალოდ დგამენ სცენაზე წამების სცენას. ყვიარიან: ”ომარ ქოშთ, ომარ ქოშთ(მოკლეს)”. ამ პროცედურის გამო ომარ ქაშანს ეძახიან. ღამის პროცესიის შემდეგ აბანოში მიდიან ჭრილობების დასაამებლად.

სამაგიეროდ, ალაჰი ლამაზ ქალიშვილებს ჰპირდება საიქიოში იმ მამაკაცებს, რომლებიც სააქაოში ერთგულებას იჩენენ ღვთისა და მუჰამედისა. ალაჰი ქალისთვის რამდენჯერმე გათხოვებას უშვებს, მაგრამ სამოთხეში კაცებს ცოლებთან ერთად მხოლოდ ქალწულები ელოდებიან. რიგ–რიგობით სარეცელზე წამოწოლილნი, იქ არიან დიდრონი შავთვალა ქალიშვილები, თვალად მორცხვნი, რომელთაც კაცი არასდროს მიჰკარებია, არც ჯინი. კარვებში დაცულნი ზრუნვით მოვლილი მარგალიტთა მსგავსი მზეთუნახავები. სამოთხის მზეთუნახავნი გაჩენილნი გვყვანან განსაკუთრებულის შემოქმედებით. გულმკერდიანნი, საამო საგრილნი ჰპოვონ წყლის ნაკადულით მორწყულ წალკოტებშიო. ასე რომ, ყურანი ღარიბებს სამოთხის ფანტაზიას უღვივებს. მომავალ შარბათამდე.

მალინიანი ჩაი

– მიყვარხარ.
არა, შენ ავად ხარ და ბოდავ. გადატრიალდი, საბანი უკეთ მოგეკუჭება. მე შოკოლადის კუბიკებს ვამტვრევ. ჩაის უხდება. შენი საწოლი და იატაკი ჭრაჭუნობს ჩემი სიარულისას. ფოკუზით ჩემკენ მომართე ნერვები. კუთხეში გახვრეტილი ნერვები ვიგრძენი.
– მიყვარხარ.
აგრძელებდი ჩემს შეგრძნებას კუთხეში. მე ვერ ვამბობდი, რომ არ ვარსებობდი.
– პარკეტი ამტკიცებს შენს არსებობას.
დაკარგულები პარალელურ სამყაროებში. საათის ტრიალი ზღვარზე. ხანდახან, როცა ნაჭრაჭუნები კბილები მტკივა, მე ვიზრდები ტკივილით ძვლებში და მარტოსული ჩვრები კაპილარებით იწელება, სივრცეში დროზე და დროზე ცოტა ადრე.
– გილოცავ, ჩვენ სხეულები არ გვაქვს, ჩვენ ჩვრები გვაქვს კაპილარებით.
შენ ბოდავ.
– ღმერთო, რომელიც მოკვდი ან ღმერთო, რომელიც, – მერე ლოცვას წყვეტს და მეუბნები, – მოდი ვინ უფრო ატკენს სამყაროს.
მძიმედ სუნთქავდი. მერე თანდათან ხელებიც დამძიმდა. სუნთქვას მუჭებში იჭერდი და გრძნობდი, ღმერთიც ხმაურობდა.
– გაჩუმდით.
გაჩუმდით.
მერე ყურები მივადეთ საწოლებს, რომლებმაც დაიძინეს.
– შენი ლექსები დაუბეჭდიათ, – მეუბნებოდი სიზმარში და მხედავდი უწამო დროში.
უამინდო სივრცეში მოხვდი, უსხეულოდ რომ სული ასწიე და მე მექანიკურად საბანი მოგახვიე.
– გიყვარვარ?
ლოგინის ქვეშ შევძვერი და დავატეხეთ ისრები საათს.
უმატერიო შიშველი სულებით მივუსხედით როიალს, აყრილი კლავიშების გამო სიშიშვლეს გრძნობდა. არაესთეტიურია როიალის ჩონჩხი. არწასულზე ვბრუნდები და უკან ვხვდები, როგორ მეხება კაპილარებიანი ჩვარი ძვალზე.
– გიყვარვარ?
არ ვიცი თუ მოუხდა ჩაის შოკოლადის ნამტვრევები. ნელ-ნელა გამოგდის სითბო და ხვდები უსიცოცხლობასთან ერთად ვფერმკრთალდები.
– ჩვენ ლამაზი შვილები გვეყოლება და ეზოში გირჩებით ირბენენ. ჩემი მეს და მეს შვილი. მერე რა, რომ პარალელურ სამყაროში ხარ, კომპრომისზე წავალთ და ნეიტრალურ სამყაროში იცხოვრებენ, სამყარო რომ მთავრდება, იქ.
ვასრულებ საკუთარი თავის სიყვარულს, რადგან მის პარალელურ სამყაროში აღქმას. მივდივარ, რადგან სიხშირეს დაუწიე.

/2011/

იქ, სადაც

უფუნქციო ნივთად ვიქეცი.
ვადა ჩემს ჩაისაც გაუვიდა, ხელებთან რომ მიდევს.
მეზარება მისი აწევა, დალევა და სხვ.
ცივი ვარ მისავით.
ხელებს ვიფარებ სახეზე, რომ გავთბე.
დამებლანდოს თვალები სინათლისგან შეუჩვევლობით.
მხოლოდ ვფიქრობ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
ქუჩების ქაოსში.
მივდივარ დასკვნამდე, რომ მოძრაობა მიჭირს.
დავდივარ დასკვნამდე, რომ
სიყვარული სისასტიკის გარეშე რა სენტიმენტალურს მხდის.
ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი და იმდენად არ ვავარჯიშე,
რომ ჭიქის აწევა მეზარება და სხვ.
შეიძლება არსებობს ბედნიერება
იქ, სადაც ნერვები იყრიან თავს.