თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

ოქროს საწმისი და ცნობიერების ხე

 

გიფიქრიათ ლილიტისა და ადამის მედეასა და იასონთან დაკავშირება?
რაც უფრო ხშირად ვეცნობი ნაწერებს მითების ერთმანეთისგან წარმომავლობაზე , – მით უფრო ხშირად.
წარმოიდგინე, ბაღი უამრავი ხილით, მოჩხრიალე ნაკადულით. ცენტრში აღმართული ხით, მასზე შემოხვეული გველით. ხემ ვაშლი გამოიღო ან ტოტზე კიდია ცხვრის ტყავი. ეს სამოთხეა ან კოლხეთი. რაღას არ ფიქრობენ, რა იყო აკრძალული ხილი.
თვლიან, რომ ბაღში არა ოქროს ვაშლები, არამედ ოქროს ცხვრები იმყოფებოდნენ. მეტიც, ეს ორი სიტყვა ერთნაირად იწერება. ეს ვარიანტი სამოთხის მითს უახლოვებს კოლხეთის ბაღს, სადაც გველი იცავს ხეს. ხეზე ცხვარი კიდია.
ცხვარი პირველი ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა. მის საწმისს ინახავდნენ იმიტომ, რომ ჰქონოდათ წმინდა რელიქვია, რომელიც თავისთავში შეიცავდა ღვთაებრივი არსების ნაწილს.
ბერძენ და რომაელ ავტორებს კოლხეთი და იბერია მიაჩნდათ ქვეყანად, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სწავლება შხამებზე, საწამლავებზე, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა. კოლხური მედიცინა კი მსოფლიო მედიცინის დასაბამი იყო.
შტაინერმა რომ დაწერა კაცობრიობის განვითარების გზაზე, მის მიხედვით, მითი არგონავტებზე აგვიღწერს მესამე რასიდან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ანუ ჯერ ადამიანი იყო მხოლოდ ინსტინქტებით, მერე მახსოვრება გაუჩნდა და ბოლოს განსჯის უნარი (ცუდისა და კარგის გარჩევის, საამაყოსა და სასირცხვილოს და სხვ.). სწორედ ეს მოხდა სამოთხეში ვაშლის მიღებისას.
ამბობენ, რომ სიყვარულსა და შემეცნებას ადრე ადამიანი ერთიანად აღიქვამდა ანუ პირველად სიბრძნეს ფლობდა. ვერძი სიყვარულისაა და შემეცნების სიმბოლო იყო. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ეს იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ნებათაგან ვერ მიიღწევა. კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი მისგან განწმენდის გარეშეც მიიღწევაო.
იმასაც ამბობენ, პირველად იყო მითი და როცა აღარაფერი იქნება, მითი დარჩებაო. ვიმკითხავებთ: არსებობს? – არ არსებობს? არსებობს? – არ არსებობს? მე ბლოგი მაქვს, სოციალური ქსელები და სხვა. რამე დარჩება ჩემი არსებობის დამამტკიცებლად. მითად დარჩენა გამიჭირდება. მოსაწყენია. სიკვდილამდე მოვიფიქრებ რამეს.

ადამიანის აგებულება რელიგიების მიხედვით

”სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთი და იგივე ადამიანი”.
ოტტო ვაინენგერი

და შექმნა ღმერთმა ადამი ხატად ღვთისა. თავისნაირი სრულყოფილი და სამება.  მოდი, ვნახოთ, რას ამბობენ სხვადასხვა რელიგიები ადამიანის ანატომიაზე.  ბევრ რელიგიას სწამს, რომ ადამიანს სული ფილტვებში გადაეცა. მისი კონტროლით შესაძლებელია ფრენა და წყალზე გავლა. ამ ცენტრს ტრალმუტაციის ცენტრი ჰქვია. გულის კონტროლის მეშვეობით ხდება ადამიანის შემდგომი განვითარება. მესამე თვალი ავითარებს შემეცნების შესაძლებლობას.

-გაგრძელება აქ