თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1

არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.

ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.

ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.

20180210_150428.jpg

ბერლინის სინდრომი

berlin_syndrome_sundance_still_2_-_publicity_-_h_2017

მე არ ვიცი საავტორო უფლება გააჩნია თუ არა აწ უკვე ხალხურად ქცეულ ფრაზას, – “პრობლემა ჩემშია, წარსულის გამო სიყვარულის მეშინია”, – ან ოდესმე გულწრფელი დაშორების წყარო თუ იყო, მაგრამ სადღეისოდ ურთიერთობის ყველაზე ყალბ, მაგრამ ეთიკურ ეპილოგად ითვლება, რადგან ქვეტექსტად დაზარალებულთან ახდენს თვითიდენთიფიკაციას, მეც დამშორებიანო. ან მაჩვენეთ სად არის ამდენი საბედისწერო ქალი ქალაქში, ასე მგონია ერთი სახე აქვთ. საბოლოო ჯამში ფრაზა იმდენად ვირუსული აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვისმენ საშიში სიყვარულის შესახებ, ვფანტაზიორობ კადრს ჰორორ ფილმის ჟანრში: ბიჭი წევს აწმყო პარტნიორთან ერთად ლოგინში და საწოლის ქვეშ შეხედვის ეშინია, იქ დაბუდებული ყოფილი პარტნიორის აჩრდილის გამო. 

იმის მიუხედავად, რომ წიგნში, და იგივე სახელის მქონე ფილმში “ბერლინის სინდრომი”, ეს კიჩი ფრაზა არ არის ნახსენები და პოლიტიკური ქვეტექსტებიც კი ლაითმოტივად თუა ჩატვირთული, პოსტ ფაშისტურ უსიყვარულობისკენ მამისამართებს. ფაშისტური პროლოგის მქონე ბერლინმა საკუთარი თავისადმი სიყვარული იმდენად შეინანა, წარსულის გადახარშვას უცხოელებთან ინტეგრირებული მსუბუქი ფლირტით, ლიბერალური სავიზო რეჟიმით ცდილობს. ანუ ქალაქი ისევე იქცევა, როგორც ადამიანები ვიქცევით ხოლმე განქორწინებისას. ძლიერ ურთიერთობებს ვანაცვლებთ მსუბუქი ურთიერთობებით, და ვერ ვხვდებით, რომ მსუბუქთან კონტრასტით ძლიერი კიდევ მეტად ძლიერი გამოჩნდება და ამით წარსული მოჩანს ავტორიტეტი. ფილმი გადაღებულია გედეერის ბერლინის არქიტექტორულ ძეგლებში, რაიონში, სადაც კედელი იმდენად კალუსტროფობიული აღმოჩნდა, მონატრებულ მადაზე თითქოს თავად შენობები ისრუტავენ აქ ფეხგადმოდგმულ ტურისტებს.

ავტორმა აზრის გადმოსაცემად, გვაჩვენა გდრ ბერლინელი მანიაკის პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობაში დედა უკეთეს მხარეს გაექცა და ტურისტებზე გაუჩინა ფეტიში. დღისით ის ფორმალური ინგლისურის პედაგოგი გახლავთ, საღამოობით კი სახლში ვან ნაით სთენდით იტყუებს უცხოელ გოგოებს, ხოლო მეორე დილით სახლის კარებს უკეტავს რომ არ გაიქცნენ. მანიაკის ერთ-ერთი უცხოელი მსხვერპლი და ფილმის პირველადი პერსონაჟი ბერლინში გდრ შენობების ფოტოგრაფირების სურვილმა ჩამოიყვანა. რატომ უკავიათ ტურისტებს კამერებიო? იმიტომ, რომ ჩხაკუნით გაუცხოების უხერხულობა დაფარონო, – არის ასეთი თეორიაც, მგონი ისევ გერმანელისგან. როცა ტურისტი უკვე გდრის ცივი ოთახების ტყვედ იქცევა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ, როგორც ნამდვილმა არტისტმა, კედლის რომანტიკული კლაუსტროფობია, საკუთარ თავზე გამოსცადა, ლოგინის ქვეშ შეიხედა.

შიში და სიყვარული

ფლირტი მენატრება. აი, პეპლების ტრიალი მუცელში, ქუჩაში რომ აგაცეკვებს, ხელებს რომ ერთმანეთს არ უშვებთ, მეგრული საწებლის დამზადებას რომ გასწავლის, ლეპტოპში ოპერატიულ სისტემას რომ შეგაცვლევინებს, ისეთი, უფრო შრომისუნარიანს რომ გხდის შესვენებაზე მისი 5 წუთით დანახვა. ფლირტი მომენატრა, რომელიც გამზრდის, გამავითარებს, არ დამაჭაობებს.

გუშინ ვისმენდი თეორიას, რომ ჰეტეროსექსუალური პენეტრაციისას ქალის ორგაზმი სტოკჰოლმის სინდრომს ჰგავს, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია ტკივილის გასაყუჩებლად. ჯერ იყო და ლუდის სტოკჰოლმის სინდრომთან შედარებამ დამაინტერესა. ალკოჰოლის მავნებლობაზე საპასუხო რეაქცია მისით ტკბობა გახდა. შიში შეიქმს სიყვარულსაო.

შიშისა და სიყვარულის სინთეზის საუკეთესო მაგალითი ჩემთვის დაბურძგვლაა. ზოგიერთი ცხოველი მეტოქის დანახვისას ზომაში იმატებს. მაგალითად, უშხამო გველსაც უდიდდება თავი ადამიანის ნახვისას. ლომს კიდევ თავი ეფოფრება. ადამიანებში ეს ინსტინქტი დაბურძგვლაში ვლინდება.

კუნთები, რომლებიც ბურძგვლაზეა ორიენტირებული შიშის, სიცივის ან აღგზნების დროს, მაგარი ტრაბახა ტიპია. სხეულის მოცულობითად წარმოჩენის იმედით იბურცება. დარვინის მიხედვით, დროთაგანმავლობაში დაბურძგვლაზე ორიენტირებული კუნთები ადამიანს მოსცილდება. მაგრამ მანამდე ისეთი ფლირტი მენატრება, ჩემი სულელი კანი რომ გადიდებით გაიპრანჭება.

ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

მზე ბადეში

High-Low map

წინა კვირას სლოვაკური კინოს დღეები რომ იყო, ერთი ფილმი დამამახსოვრდა, მთვარის შესრულებითა და მზის დაბნელების სამზადისით იწყებოდა, მინებს რომ მურავდნენ და სახურავებზე ადიოდნენ. მზის დაბნელება რომ სანატრელი გაგიხდება ადამიანს, მხოლოდ ერთი წელი მახსენდება, სექტები რომ კარდაკარ დადიოდნენ და გამურულ სათვალეებიან ხალხს მოძღვრავდნენ.

ფილმი პიროვნულ ჰორორს წარმოადგენს ბრმა ადამიანის ოჯახის ფანჯრიდან, მე კი ძალიან მეშინოდა, არ დაბნელებულიყო, ქვის ხანელი ბავშვივით, მხეცების ნაცვლად ბუნებრივი მოვლენების რომ ეშინია.

1236314_707072519307247_1309696713_n

გახსოვთ ის დრო, ქვეყანას ლოტო რომ აერთიანებდა, ტელევიზორის წინ დავსხდებოდით და ამოსულ ციფრებს შემართებით ვავსებდით, დიდი არაფერი მოუგია ჩემს ოჯახს. შიშზე იმ დროის საღამო მახსენდება, უხმო ბავშვი ვარ, მაინც არ შემამჩნევენ მეთქი და სოფლიდან ტყეში გავიპარე. თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა ხეების ჩრდილში მომაკვდავი მგელი დავინახე. პირდაპირ ვედექი და ვუყურებდი როგორ იწვა, ვეფერებოდი. ფილმის ყურებისას კი უფრო მეტად მეშინოდა, ვიდრე იმ დღეს. მეშინოდა მგლის, ანუ მეშინოდა, არ მომკვდარიყო.

ამ აგვისტოს, როცა ქალაქიდან მორიგი გაპარვა მოვიფიქრე იგივე ტყეში, მოლაშქრეები გავიცანი კარვებითა და საგზლით. ვითამაშეთ თამაში ამა და ამ დღეს რას ვაკეთებდით გარტყმის პრინციპით, და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ წელს მგელი დაუჭრიათ და მე ისინი ვიპოვნე. ასე მეგონა ბავშვობის სითამამე ვიპოვნე და ახლა  მზის დაბნელებასთან ერთად დავკარგე.

ამას წინათ ვფიქრობდი, ისე დაემთხვა, ჩემი თითქმის ყველა სამსახური მიწის ქვეშ იყო, ფანჯარას ვერ გააღებდი, მზის სხივი ვერ მოგეკარებოდა. ალბათ ამიტომ მაქვს რუტინულად გაყინული კიდურები და სტაბილური დანაკლისი სიცხის.

დაბალ წნევიანთა კლუბი უნდა გავხსნა, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს როგორია იცოდე, რომ კოსმოსში ვერასდროს გახვალ, ცხოვრობდე მიწაზე განთხმული, თითქოს მთელი ცა შენზე დაემხო, მიწაზე და წყალზე, იცხოვრო ცოდვილივით ძალიან დაბლა, ინტროვერსიულად, შენგან ისედაც გადის სიცოცხლე, მაკრო კამერით აკვირდებოდე სამყაროს და სხეულზე ადრე ქვეცნობიერი იღვიძებდეს. იცოდე, რომ გღვიძავს, მაგრამ ვერ ინძრეოდე, სისხლი გიორთქლდებოდეს, ღვინო გწყუროდეს.

შიში

დუშეთი, 2012 წელი:
მე შეყვარებული ვარ.
შეყვარებული ვარ შიშზე და მხოლოდ შიში მაგრძნობინებს მოწონება სიყვარულისგან გავარჩიო.
ის შუამავალია სურვილსა და სხვა დანარჩენს შორის, რომელსაც ვხედავ.
თითქოს თავი ისე დამძიმდა დომინოს პრინციპით ფეხები მოუკეცა.
შიში არ უყვართ, მაგრამ უანგარო მეგობარია, როგორც წინათგრძნობა შესაძლო მომავლის.
არის შიში დროის მიხედვით.
უცებ დამტყდარი შიში, რომელიც ნელმავალისგან იმით განსხვავდება, რომ მეორე ნაზად გეფერება, იმდენად ნაზად, რომ მისი არსებობა არეალურია.
უცებ დამტყდარი შიში კი გულში ვნებიანად გიკრავს და სხეულით უხამსად გეკოცნავება.
როგორც ფოთლები მიაჭკნება მიწას, მზე ცას ისე შეეხამება.
ისე იჭმუჭნება შიში სხეულში და ღრნის.
ყველა შიში სიკვდილის შიშის თესლიდანაა.
სიკვდილის წინა შიში მასთან შეხვედრისთვის გამზადებს.
ჰოდა, სიკვდილის იმედენად მეშინოდა, რომ მუშაობა მორგში დავიწყე.
დაიკმაყოფილა ჩემს სხეულზე თავისი ვნება, ქოშინით გაათავა და სიგარეტს მოუკიდა.
ჰოდა, საკუთარი თავის იმდენად მეშინოდა, თავზე საუბრებს ვუმატე.
ჰოდა, მიტოვების ისე მეშინოდა, ადამიანებს თავი შევაზიზღე, დამცირების მეშინოდა და თავი დავიმცირე.
შიში ახალი ცხოვრების საწყისია, იმდენად გათავებს, ახალშობილი ხარ.
ჰოდა, ცხოვრების იმდენად მეშინოდა, რომ ახალი ცხოვრება დავიწყე.
აი, ჰიჩკოკს იმდენად უნდოდა არ შეშინებოდა, რომ შიში გადაიღო:
თუ გინდა არაფრის გეშინოდეს, ყველაფრის უნდა გეშინოდესო.
და ახლა იმის მეშინია, რომ შიში წავიდეს.
და მე ვეღარ ვიგრძნო განსხვავება მოწონებასა და სიყვარულის შორის.
და მე იმდენად მეშინია, რომ წავა.

თბილისი, დღეს:
ყველა შიში ერთად ამიხდა.
თავისუფალ პატიმარს ვგავარ, რომელმაც აღარ იცის როგორ იცხოვროს.
– ავად ხარ. შეგიძლია თავი მოიკლა? მე – არა.

29395_547045111976656_1220563515_n

სალი მანის შვილები


ხანდახან სალი მანის მეშინია.
ჩემნაირებს სალი მანის იმიტომ ეშინიათ, რომ მისნაირებს ჩვენნაირების ეშინიათ. ჩვენნაირებში მასთან შემხვედრი ყოველი ადამიანი თუ ჭია იგულისხმება. იღებს კამერას და იღებს. ჩვიდმეტი წლიდან იღებს.
სამი შვილი ჰყავს, ცხენი და ქმარი. თუმცა ცხენი დიდი ხანი არაა რაც მოკვდა. ანევრიზმა ჰქონდა და სიკვდილის წინა ტკივილები რომ დაეწყო, სალი მასზე იჯდა. ცხოველმა ის მიწაზე მოისროლა, ხერხემალი გაუტყდა და მკურნალობამ წლები გასტანა. თან ამბროტიპიულ ფოტოებს იღებდა: ”ნათება და სული” დაარქვა. ორი წლის წინ ნიუ-იორკში გამოაქვეყნა.
სალი მანის იმიტომ მეშინია, რომ შიშს იღებს. მე ის მაშინ გავიცანი.
ძირითადად, შვილების ეშინია, როცა მდინარეში ყელამდე წვებიან და თითქოს ეს ესაა, უნდა დაიხრჩონ. უფროსი, ეზოებში რომ შიშველი დადის, ჯერ ათის თუ იქნება, ხანდახან სიგარეტს ეწევა და დედას ამისიც ეშინია. სალი მანი, ძირითადად, დედებმა უნდა ნახონ.
ერთი სერია გააკეთა, მიცვალებულთა ნეშთებიც ჩართო, სიკვდილის შიშები ნაკვთებზე რომ ჰქონდათ შემხმარი.
პეიზაჟისაც ეშინია. მისი ბუნებაში გადაღებული ფოტოები რომ გამჭირვალე გახადო და ერთმანეთს დაადო, ერთი გიგანტური საშიში ადგილი გამოჩნდება.
ადამიანების სხეულებისაც ეშინია. შიშველ სხეულს იმგვარად იღებს, რომ თუ კარგად დააკვირდებით, მათზე ბუნება ჩანს. ის ბუნება, ერთ სხეულს რომ ქმნის. მისი სხეულები ან ძალიან ახალგაზრდაა ან დამჭკნარი და ბნელი. მისი სხეულები გარემოსთანაა შერწყმული, აი, ისე, ფონი რომ ითრევს.
ამბობს, რომ პატარა ფლობერია (ამერიკის ველთა შვილი), პატარა გოგონას ყურებისას მის რენდგენულ ჩონჩხს რომ ხედავს. ავად არ ვარ, ცნობიერებას ვიმაღლებ კონტრასტისთვისო.
ამბობს, რომ თავად სამგლოვიარო ბავშვი იყო, სამოქალაქო დამცველის შვილი.
ბედის ირონიაა, მას იმდენად ეშინია, რომ ჯილდოებს იღებს. ჩემთვის სალი მანი მაგალითია ბნელი ემოციების ნათლად გამოყენების. შიშებს რომ ებრძოლო, აღარ იქნები ის, რაც ხარ, ისინი მოგეცა, არა ჩახრშობის, როგორც პოტენციად მათი გამოყენების.

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1879 წელი ითვლება, როცა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვ. ვუნდტის მიერ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტული ლაბორატორია შეიქმნა. შეიქმნა და ატარებდნენ ცდებს, ნერგავდნენ მათემატიკური მეთოდის გამოყენებას, ჩვენ რომ ”ზოგად უნარებს” ვეძახით, იმას. ცდისპირებს სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ, მაგალითად, ფიგურების დალაგებას სიდიდის, ფორმის, ფერის მიხედვით. უმეტესობა ალაგებს ფერის, ფორმის და სიდიდის მიხედვით.
მე-18 ს-ის ინგლისელი ფილოსოფოსი დ. ჰარტლი თავის რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავდა ფორმულით: W = FxF:L
სადაც X არის ამ ქვეყნის სიყვარული, F – შიში ღმერთის წინაშე, ხოლო L კი – ღმერთის სიყვარული.
ჰარტლის აზრით, როცა ჩვენ ვბერდებით, L უსასრულოდ იზრდება, ხოლო W კი ნულისკენ მიისწრაფვის.
ბოლოს ჟ. ჯეიმსის ფორმულა:
თავის თავისადმი პატივისცემა = წარმატებულობა:მომთხოვნელობა.