როგორც აუტისტებზეა ტენდენცია, რომ გენიოსები არიან, თითქოს ისევე მოელიან შიზოფრენიით დავადებულთაგან მაღალ შინაგან ლოგიკას (ინტუიციას). თეორია 2012 წელს პოპულარული აქცია ჯერ კიდევ ელინ საკსმა (Elyn Saks) პრეზენტაციით “ზღაპარი მენტალურ ავადმყოფობაზე” (“A Tale of Mental Illness”), სადაც ტრადიციული მკურნალობა უარყო. “თქვენი ანგელოზები არ მინდა, ჩემი დემონები მირჩევნია”. ერთი წლის შემდეგ კი ელინისგან საფუძველჩაყრილმა ასევე შიზოფრენიკმა და ფსიქოლოგმა ელეანორე ლონგდენმა (Eleanor Longden) ტედისთვის წაიკითხა ლექცია სახელად “ხმები ჩემს თავში” (“The Voices In My Head”). ჯერ პიროვნების გაორებასა და შიზოფრენიას შორის განსხვავება ახსენა, – გაორების შემთხვევაში თუ პიროვნება გახლეჩილია, შიზოფრენიის შემთხვევაში – დამსხვრეულია. შესაბამისად, მისი ჰალუცინაციები აწყობას საჭიროებს და არა წამლებისგან ჩახშობას. ნათქვამის მიხედვით ჰალუცინაცია განხილული არაა როგორც შიზოფრენიის სიმპტომი, არამედ პიროვნების დამსხვრეული კადრები, საჭირო მასალა მთლიანის ასაწყობად, პაზლი, “შემოქმედებითი და მოხერხებული გადარჩენის სტრატეგია”. შეიძლება ეს გამოსვლა გახსოვდეთ, – 20 ონლაინ საუბარში, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, – შევიდა.
Tag Archives: შიზოფრენია
სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე
ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.
თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.
გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.
მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.
დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.
ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.
დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს. შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.
და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..
თოვლის ბაბუის ინსტიტუტი
#1. გოზინაყი მინდა
ძველმოდური ადამიანი ვარ, თუ დროს ტექნიკის კუთხით განვიხილავთ. ისე არ გამიგოთ, ვადარებდე და წიგნის სუნი ინტერნეტს მერჩივნოს ან ინტერნეტში მხოლოდ სოც. ქსელებისთვის შევდიოდე. : ) ძნელად ვიგებ ძვირადღირებულ მობილურებს და სხვაზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ მათ დაშლა-აწყობას. : ) პლიუს, დაილოცოს ზენიტი. : )) გამოგიტყდებით და ბლოგისთვის პოსტსაც ქაღალდზე ვწერ. და მერე ვკრეფ. ასე აზრები მეტად თანმიმდევრულია.
ამ თემაზე წერა 1 თვის წინ შთამეგონა, როცა მეგობარმა მკითხა, ნაძვის ხე დადგიო? მე არ შემიმჩნევია, არა თუ ის, რომ ოქტომბერია, ისედაც არ ვდგამ და გაკვირვების გარეშე ვპასუხობ:
– არა, შენ?
გითქვამთ ოდესმე ბავშვისთვის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? სახალისო ექსპერიმენტია, რომელზეც სხვადასხვა ობიექტი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგმა მცემა კიდეც. მათი ე.წ. ტკბილი ტყუილი დიდობაში აუცილებლად თავს იჩენს მეთქი, გავიფიქრე და მათ მშობლებს განვუცხადე:
– თქვენ ბავშვებს არასწორად ზრდით: ენას იჩლიფავთ და მეტყველებას უნაზებთ, გრამატიკას ართმევთ და მერე გიკვირთ, ჟურნალისტები როგორ მეტყველებენ. ცხოვრებისეულ სირთულეებში ენაზებით და აწოდებთ მასობრივ ტყუილს.
ჩვენც მასე ვართო აღზრდილები, – მედავებით, – და მერე რა, ვერ გავიზარდეთ? კი, აბტურიენტობისას ვსწავლობთ ენის გასატეხებს. მშვენიერია. ვგებულობთ, რომ თოვლის ბაბუა მშობლებისგან დაქირავებული მუშაკია და, როგორც წესი, მანქანით დადის. მაგრამ ილუზიებისგან ვერ გამოვდივართ.
– ატყუებთ და მერე გიკვირთ, რატომ იტყუებიან. თქვენ არასწორად ზრდით ბავშვებს!
#2. სისხლიანი მერი თუ ლაშარობა
მეც გაზრდის მსხვერპლი ვარ. იმ წლებში დავიბადე, ენთუზიაზმზე გაკეთებული ქვეყნები სსრკს რომ ცვლიდნენ. და მასთან ერთად პოლიტ. ათეიზმი ტრანსფორმაციას გადიოდა. ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და პარალელურად ხატები აღმართეს. ხატები და ჯვრები მასობრივად და მქუხარე ტაშით. მსგავსზე აპლოდისმენტებსაც აკრძალული ხილის გარდა გამოტოვებულის დადევნების მიზეზი ჰქონდა. ცოდვების მონანიებასაც ისტერიული ხასიათი მიეღო. აქაც მასობრივად უკრავდნენ ტაშს. ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ღმერთი სიყვარულის სახელით დამსჯელ ძალად აღიქმებოდა. და მეც მსჯიდნენ. არა, ფიზიკურად. არა, არც კუთხეში მაყენებდნენ და არც ჯოხებს მამტვრევდნენ. მადლობა ღმერთს, საკმაოდ ცივილურად და ლმობიერად, სიტყვებით:
– ღმერთი დაგსჯის!
ისიც მსჯიდა. უფრო სწორედ, თავს ცხელი წყლით ბანაობისას თავად ვისჯიდი, კუპრში დაწვას რომ შევჩვეოდი. მერე გავიგე, თურმე სხვებიც სჩადიოდნენ იმავეს. კუპრის რა გითხრათ, მაგრამ მას მერე სიცხეს კარგად ვიტან.
ზაფხულობით, როცა მამა ნადირობდა, მე სათამაშო ხაფანგი მქონდა, – სოფელში მათში წიწილებს ვიტყუებდი და ვკეტავდი. თითქოს საზიანო არ ყოფილა, მაგრამ ერთს ფეხი გაეჭედა და დაკოჭლდა. მამამ ფრინველი დაჭრა და შეჭამა. მას მერე, ხორცის ჭამა არ მიყვარს.
მითუმეტეს, არ მიყვარს წმინდა მსხვერპლშეწირვები და დანიანი ტიპები დღესასწაულებზე. და როცა ხალხი ერთობა, მე ვწევარ და ვკითხულობ რამეს. ზრდილობის გამო მაინც ხმა ამოიღეო და ვიღებ. ზრდილობის გამო ვიღებდი და ვკითხულობდი.
წარღვნაზე რომ წავიკითხე, ავტირდი. თან ის პერიოდი იყო, როცა სოფელში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. მას მერე ვიცი, რომ წარღვნას ყველა დროში ელიან.
მერე გავიდა დრო. სხვათაშორის, ამ დღეებში მეგობარმა ბავშვი მონათლა. ნათლიან მეგობრებთან ერთად ყაზბეგში დამპატიჟა. თითქოს დავთანხმდებოდი, რომ არა პოსტსკრიპტუმად დათანხმების მორიგი მცდელობა:
– ცხვარი ავიყვანოთ და დავკლათ. მორწმუნე ვარ და მიყვარს რიტუალები. ხომ წამოხვალ?
– არა! – ცივი უარი ვუთხარი მათ რამდენჯერმე გამეორებულ შეკითხვას. გაეცინათ კიდეც ისეთი ტონი აღმომაჩნდა. ლოტკინის თავიდან მეტრომდე ისე ჩავირბინე, არც დავმშვიდობებივარ.
რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას ღმერთის სახელით, საიდან მოდის?
გზაში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, რატომ არ ვუთხარი:
– თუ ქრისტიანი ხარ, წაგიკითხავს და ანსხვავებ ძველსა და ახალ აღთქმას, თუ ჯვარი გიკეთკია და იცი მისი სიმბოლური დატვირთვა. როცა ქრისტე ეწამა, ღვთის წამება ნებისმიერ ხორციელ მსხვერპლზე მაღლა დადგა, ღვთის შიში სიყვარულმა ჩაანაცვლა. სისხლიანი მსხვერპლი კი სულიერმა მსხვერპლმა (ბერ-მონაზვნობამ), – ბოლოს ვთხოვდი, ხორცის ჭამა თუ უნდოდა, ქრისტეს ნუ აბრალებდა.
ამას წინათ, ფორუმზე წავიკითხე, თევზების ზოდიაქოზე ეწერა, სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ თავს დადებს რომ მოსემ ზღვა ორ ნაწილად გააპოო. სამწუხაროა, ნებისმიერი სიმბოლო რომ პირდაპირი მნიშვნელობით იგება. ვერც იმ მწუხარებას გავეცალე, რომ აღზრდის მსხვერპლები ვართ. გავიზარდეთ, დიდური ილუზიები გვაქვს. რასაც გვიყვებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებთ, უანალიზოთ, უეჭვოდ, ბრმად. თითქოს რა მოხდა, უწყინარია თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ კიდევ იმდენი ილუზიაა.
დღეს წმინდა გიორგობაა. ახლა ლიბერალები გამოდიან, ვეშაპის ნაცვლად ადამიანი იგულისხმებაო მახვილის ქვეშ. ზოგი ადამიანს ჩათვლის, ზოგი – არა. მაგრამ მე ისევ ქრისტიანული ფრაზა მახსენდება: ცოდვას ებრძოლე და არა ცოდვილსო. გიორგი ბოროტ ადამიანებს კი არ ებრძოდა, ებრძოდა ქრთამებს, თავისუფლების შეზღუდვასა და შიშს, პირველ რიგში საკუთარ თავში. მერე მოვიდა ქრისტე და ბრძოლის ხერხიც შეცვალა, – მახვილს ბზა შეუსაბამა.
საღამოს მეგობარი მპატიჟებს ბარში და ვსვამთ სისხლიან მერის. რას გაუმარჯოსო. ვპასუხობ:
– ოცნებას.
#3. რა განსხვავებაა შიზოფრენისა და ილუზიას შორის?
რამდენნაირად შეიძლება გავიგოთ ილუზია. მითუმეტეს, იმ კიბერ სამყაროში, სადაც რეალობის ცნება შედარებითია და ოპოზიციას არ უქმნის მას.
ადრე რელიგიის მასწავლებელმა გვკითხა, გვჯეროდა თუ არა, რომ სადღაც უკვდავების წყარო მოედინებაო. დასკვნა ასეთი იყო, რომ რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია მოიგონოს, ჰაერზე არაა, თავად ჰაერიც არ არის ჰაერზე, და რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში ვსაუბრობდი ამის შესახებ. თუ რა სახის მულტფილმი მიეწოდება ბავშვს დღეს? ფანტასტიკის ჟანრშიც კი ცდილობენ ვითარება ლოგიკური გზით განავითარონ. ეს ეპოქაა, სადაც ფანტასტიკაც სამეცნიეროა ხასიათისაა. და არა უბრალოდ ვაშლი, რომელიც სასწაულებს ახდენს. ფანტაზია გარემოს შეცნობას ალბათ ვერ ეხმარება, მეტიც, ართულებს. ჩემი აზრით, გრძნობადი, აღქმითი ორგანოები მისგან უნდა გავმიჯნოთ. სამომავლო გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე სიღრმეში ჩასახედად.
ფანტაზიურ აზროვნებას აქვს თვისება: ილუზიით შეიცნოს მომავალი. ამის შედეგად, მიღებულ მოახლოებულ განცდებს შეიძლება უკუღმაც ვიგებთ, – მოახლოებული ლხინის დროს ვტირით და პირიქით.
თუმცა ვერ გამიგეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფანტაზია უგულვებელყოფილი იყოს. მეტიც, მისი განვითარება გამოგონებას უწყობს ხელს, ახალი იდეების არსებობას, მაგრამ მისი წარსულთან გათამაშება საფრთხეს იწვევს. ეს საუკუნეა ფანტაზიის გამეცნიერების და მეცნიერების გაფანტაზიურობის. საუკუნეა, სადაც რეალობა, თავისი წარსული-აწმყო-მომავლით, ეჭქვეშაა. ეჭვქვეშაა თვითონ რეალობის რეალურობის განცდა.
როდესაც პირველად შეისწავლეს ჰალუცინაციები კლინიკურად, ის გამოიყო ილუზიებისგან. იგი მისგან ობიექტის არსებობა/არარსებობით განსხვავდება. ჰალუცინაციის დროს საგანი არ არსებობს. ილუზიის დროს არსებობს ობიექტი, მაგრამ სუბიექტურადაა აღქმული. როცა აღქმა ძლიერდება საგანი მაშინ იცვლება ან სახეს იცვლის. რჩევა შეიძლება შემდეგნაირიც იყოს: აზრთა თვითნებური ნაკადისას ყურადღება სხვა გრძნობად ორგანოზე გადავიტანოთ. მაგალითად, ხედვითი ორგანოდან სმენითზე. ეს ეხმარება ჰალუცინაციის გაქრობას საწყის სტადიაზე. იმავეთი ილუზიას ვერ განასხვავებ რეალობისგან.
ზოგი თვლის, რომ ბოდვები, გამოგონებები, არანორმალური ემოციური მდგომარეობები პიროვნებაში ევოლუციის მანიშნებელია. შეგვიძლია სიზმრების აღქმაც, როგორც ჩახშული ცნობიერი, რომელის ინტენსიურ მიფუჩეჩებაშიც სიზმრთა ნაკადი იმდენად ძლიერდება, რომ ფხიზელი ადამიანიც იმყოფება ძილში, ჰალუცინაციურ, შიზოფრენიულ მდგომარეობაში. ასე რომ, ნებისმიერი გამოგონილი საგანსაც რეალური საწყისი გააჩნია.
სამწუხაროდ, ზედმეტად ვცხოვრობ ოცნებაში, თუმცა ძალიან ეჭვიანი ვარ. მიჭირს გარკვევა რომელია ჩემი აზრი და რომელი მიბაძვა. ბავშვობიდან მაინტერესებს თეოლოგია და ეს ჩემს თემებსაც ეტყობა ალბათ. ეს ინტერესის განცდაა ის, რაც მეხმარება ოცნების განსხეულებაში. ბოლო-ბოლო თავიდან ყველაფერი სიტყვის დონემდე იყო.
#3. ჯამი ანუ რისი თქმა მინდა
თანამედროვეობის თვალსაზრისით, ილუზია პოტენციურია ან წარსულის გადმონაშთია. რეალობის ცნება ბრჭყალებში ჩასასმელად თუ გამოიყენება.
ეს 21-ე საუკუნეა, სადაც აზროვნებისთვის დამახასიათებელია არა გამარჯვება, არამედ, მიღებული გამოცდილება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს. დრო და სივრცე მხოლოდ პირობითია.
ადამიანს, რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებულ პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ ნუ მივაწვდით ბავშვებს ცრუ ინფორმაციას. პირიქით, ვეცადოთ ცნობისმოყვარეობის, ეჭვიანობის გრძნობა გავუღვივოთ.
თოვლის ბაბუის არსებობის თუ არ დაიჯერა, ნუ გავუფანტავთ ეჭვებს. დაე, თავად შექმნან თავიანთი ინდივიდუალური თოვლის კაცუნა, 21-ე საუკუნის ბავშვებს დასაქოქი ირმებით რომ ამარაგებს.
ნუ აღვზრდით ტყუილებში.
ნუ ვუკრძალავთ თავისუფალ ფიქრს და ნუ შევზღუდავთ ცოდვების დაშვებაში. გახსოვდეთ, ნიუტონი მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას, როცა თავში ვაშლი დაეცა.
არც მე ვიქნები კარგი დედა, რადგან პრაქტიკა მეტისმეტად მერთულება. მაგრამ იმაში მაინც შევთანხმდეთ, განათლების სისტემაში ცვლილებებია შესატანი.
გილოცავთ გიორგობას და დამდეგ შობა-ახალ წელს!
=0=
შენ შიზოფრენია გჭირს.
ღმერთს ელაპარაკები და გპასუხობს:
”ჩუმად. დაღლილი ვარ.” –
ღმერთები ასე არ პასუხობენ.
შენი შოზოფრენია წარმავალია და
სადილის მერე იწყება ვახშმამდე
სექსი თუ არ გაქვს.
მე შენ გივლი,
გნახულობ, მაგრამ
მომწონს შენი შიზოიდია
და ის, რომ (ალბათ) ხარ სუსტი
და აპოკალიფსს არ ელოდები.
არ ელოდები ყვრიმალებამდე სიყვარულს.
არ ელოდები ადამიანებს.
ისინი შენშია.
და შენს თავს სწრაფად ეთამაშები
დიალოგს სამში:
ხან – იგებ, ხან – აგებ.
მაგრამ გსურს წააგო, რადგან
”სუსტი” ხარ.
ესაუბრები ღმრთებს,
ფიქრობ, რომ ღრმა ხარ.
სიღრმე ჰაერშია.
ეზიდები ავეჯებს,
შენ სახლი გაყიდე.