გული ზურგიდან

”ამიერიდან თუ ჩემთან სათამაშოდ მოხვალ, გული იქონიე”.

არ მიღალატო მეთქი, გამალებით ვუყვიროდი და სხვასთან წავედი.
მისგან მაქვს მეთქი, მარის ვაჩვენებდი შრამებს მაჯაზე: “გადავწყვიტე იქამდე მიყვარდეს, სანამ მომიშუშდება”. მაკვირდებოდა და არ გაქვსო. მე კი თავს ვაჯერებდი რომ მქონდა.
ხვალ ბოლოჯერ უნდა შევხვდე.

გადაბრუნდება და ზეწარს გადავაფარებ, მისი გულის ცემას ზურგიდან მოვუსმენ.
სულ მეშინია, ერთხელაც იმდენს დალევს, ფეთქვას შეწყვიტავს.
მოგისმენია გულის ცემა ზურგიდან?

ხომ გულუბრყვილოა ბავშვის აკვანთან ნათქვამი ტყუილი, რომ მამა დაბრუნდება?!
იქვე პირობა, რომ აღარასდროს წავიკითხო ზღაპრები, უბრალოდ მოვყვე, რაც ძილისთვის აუცილებელია.
როგორც მატარებლის ფონზე დაქნეული საყელო, კოცნას დადევნებული და შლაიპაში შენახული ღია ბარათები, ტყუილთან: – დავბრუნდები.
კიდევ დილაობით აღარ გასწორებული კისერზე ჰალსტუხი, შეგროვებული ქუდები და საყელოები მატარებლის სადგურთან.
სამაგიეროდ, ორშაბათობით მიღებული ფული ბანკიდან.

არავინ გისმენს სანამ შეცდომას არ დაუშვებ.
დარჩი, – ვეუბნები საკუთარ სხეულს, რომელიც სახლის კარებებთან დადგა და გაქცევაზეა.
ხანდახან მგონია, რომ ადვილია ჩემი გადაბირება. იმ დღეს ქარს შემადარეს და რომ დამიბერა, მეგონა საკუთარი თავი ვიგრძენი, მაგრამ უცებ აღარ ვიყავი.
ქარივით აღარ ვიყავი, აი, ასე გავქრი. ილუზია მქონდა გაქრომის, მიტოვების, გაქცევის.

დარჩი, – ვეუბნებოდი თითოეულს, თითოეული მპასუხობდა: – მუდამ.

მერე ფილმებში ვიპოვნე საუკეთესო პასუხი კითხვაზე:
– რატომ არასდროს არ მეკარები?
– არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
ხოლო იმისთვის, რომ მიიღო ზღვა სიამოვნება, ცურვა უნდა იცოდე.
დედამიწის ღერძზე ვიღაცა ჩამოკიდეს და ქანაობს.

შრამი არ წასულა.
უბრალოდ ვიცოდი, თუ ოთახში მარტო დავრჩებოდით, კონიაკს გახსნიდა და მხარზე მაკოცებდა.
მე კი მისთვის კონიაკი მიმქონდა, ჩაცმული კაბის ბოლოებს გადავაფარებდი, ის ხელს მასთან შეაცურებდა და ყურის ქვეშ მკოცნიდა.
მერე შეუხებლად ცივ იატაკზე ზეწრის გარეშე დამაწვინა და ყელის ახლოს აგრძელებდა სუნთქვას. მისგან გადავწიე სახე, ზედა მალები  დაორთქლებით გადამითვალა და ზურგზე ტუჩების მოჭერით მითხრა: – შეიცვალე, – მე მუცლისკენ მივუშვირე ხელი, მან მალებიდან ხელი ააცურა.. სუნი გადაწეულ თმასა და კისერს შორის, კანსა და ჰაერს შორის რომ გროვდება, იქ.
დედამიწის ღერძზე საწამებლად რომ ჩამოკიდეს და ქანაობს.

ვიცვლები.
ზუსტად არ ვიცი ეს როდის მოხდა, ალბათ მაშინ, როცა ქუჩაში გავედი, შარვალი ხელით გავიწმინდე და ვიგრძენი: ყურები შესამჩნევად გაზრდილიყო.
ის მომენტი იყო, ყველამ რომ შემომხედა, მე კი პირი მქონდა ღია და მკაცრად მოვკუმე.
ჩემი ყურები კი თანდათან იზრდებოდა და აბაზანიდან გამოსული სარეცხის თოკზე გადავეკიდე.
გაქვს ის მომენტი, როცა იცი, რომ მშვიდად ხარ, მაგრამ დილით ცრემლებით იღვიძებ? გუშინწინ მქონდა.
გადავწყვიტე აღარ მეოცნება.

და მე მესმოდა, როგორ ფიქრობდნენ ადამიანები და ხეები. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა პერსონაჟი ბავშვის აკვანთან მივდივარ, ფიქრობს: – მამას არ მოსწონს დიდყურა ქალები.

მეგობრების ქმრები, მათი შვილები და იმათი შვილების სათამაშოები

ტელევიზორში რომ აცხადებენ, დედამ შვილი მოკლაო, მერე სხვადასხვა აბსურდული მიზეზები მოჰყავთ, იქ ტელევიზორიო, იქ ფულიო, მგონია, ერთადერთი ადამიანი ვარ პლანეტაზე, რომელიც არ კიცხავს. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვამართლებ და ვუბიძგებ, მაგრამ მესმის. გესმით? მესმის.

ნათესავებთან ჭამა მიყვარს, ჰოდა, იმ დღესაც მიყვარდა, სანამ ჩემები გაბრიელს ეთამაშებოდნენ, მე ჯერ სალათა თეფშზე გადმოვილაგე, მერე ნამცხვარი მივირთვი, მერე აღარ მშიოდა და უხერხულობის დასაფარად ხელმეორედ გადმოვიღე სალათა. თავში კი სულ ის საშინელი აზრი მიტრიალებდა, რომ ახალშობილს როგორღაც ხელში დამაჭერინებდნენ. თან გამუდმებით ხუმრობდნენ იმის შესახებ, რომ ერთხელაც მეც დავორსულდები, რა ლამაზი ორსული ვიქნები და ნუ მგონია, რომ ცუდი დედა ვიქნები, შეუძლებელია დედამ შვილს თვალებში ჩახედოს და არ შეუყვარდეს. მერე ვიღაცა გამოჩნდა და, ის დედა არ იყო, ფეისბუქის გამო შვილი რომ მოკლაო? არა, თიკო მასეთი არ იქნებაო, მე კი ლამის ხმამაღლა წამოვიყვირე: “მართლა მასე გგონიათ? რა იცით?” ამიტომ მიყვარს ნათესავებთან ჭამა.

სულ პატარა რომ ვიყავი და ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ხშირად მახსენდება ეს ისტორია, ლექსი დავწერე დედაზე ბავშვი რომ გაეგუდა, ადრეც მიხსენებია. არა, დედაჩემი არაფერ შუაში იყო, თუ ეს გაინტერესებთ, პირიქით, საყვარელი შვილი ვიყავი და მივლიდა. ან ამჯერად რა მოსატანია. უბრალოდ ბავშვებთან ჩემს ცოდვებს გაგიმხელთ.

აი, ნათიას უკვე ილია შეეძინა. სინამდვილეში, ახლა გაჩერებული ვზივარ და ვფიქრობ, მართლა ილია თუ ჰქვია. ეკლესიაში შემხვდა, მაშინ ორსულად იყო, მახსოვს, მუცელი დავუნახე და სურპრიზიო მითხრა. მერე ჩამოვსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ, ოჯახურ ცხოვრებას არაფერს უწუნებს და სადღაც შუაში შეაპარა რომ შვილისთვის პატრიარქის სახელი უნდა. ეს ამომიტივტივდა. ჰოდა, ეკამ თავისი ანა მშობლებს დაუტოვა, ის ანა, თიკოს რომ ვერ ამბობს და თითეს მეძახის, საყვარელი თამაში წყლიან ჭიქაში რომ ხელის ჩაყოფაა და ეკა სულ ჩემით აშინებს, კარგად მოიქეცი, თორემ თითე მოვა და გცემსო. არ ვიცი, წესით, ამის გამო ანას არ უნდა ვუყვარდე, თუმცა არ მიფრთხის, თვალებში მიყურებს და სათამაშოებს მაძლევს. თანამედროვე ბავშვებს ხომ თოჯინებს ვერ შეაყვარებ, პულტი და მობილურიც ჰყოფნით. უნდა მომენათლა, მაგრამ ვერ ვქენი.

ჰოდა, ავიღეთ საჩუქრები და სანამ ნათიას ქმარი სახლში არ იყო, მივადექით. ეკამ ტანსაცმელი უყიდა, მე კი დიდხანს ვფიქრობდი და აფთიაქს მივადექი. უამრავი საწოვარა ვნახე, ზოგს იმხელა ფასი ეწერა, ნამდვილსაც უყიდიდა კაცი. რა განსხვავება იქნება მეთქი და შევცოდე, ის ვიყიდე, რაშიც ორნახევარი მივეცი, თანაც მთელი გზა ვნანობდი, იქნებ სხვაგან უფრო იაფად მენახა მეთქი. იმედია, ჩემი მეგობრები ოჯახური საქმეებით არიან ჩაფლულნი და სოც. მედიას არ ადევნებენ თვალს და ამას ვერასდროს გაიგებენ. მაგრამ იმ დღეს მეტიც შევცოდე, ყველაზე უცნაური გემოსა და ფორმის შოკოლადი ავარჩიე ჩემთვის, ვიცოდი, რომ ეკა და ნათია ახალი ნამშობიარები იყვნენ და ვერ შეჭამდნენ. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. თან მოვიბოდიშე, არ ვიცოდი, შოკოლადი თუ არ გეჭმეოდათ, უნებურად ვიყიდე მეთქი. მეც საცვლებზე საუბრისას უხერხულობის დასაფარად ვჭამდი. მათ კი საკითხი წამოჭრეს, რომ ქეთისთან აგვეარა, უკვე ორი გააჩინა და საჩუქარი ვერ ავუტანეთ. მე კი უკვე იაფიან აფთიაქებს ვათვალიერებ.

ცუდი მეგობარი ვარ. აი, მატამ ჯერ მეჯვარედ წამიყვანა, მერე გამომიცხადა, ვიცოდი შენი მდგომარეობა და აღარ მოგანათლინეო. მახსოვს, რომ ბავშვს ქეთო ჰქვია და მისი ქმარი მგონი ერთადერთი მეგობრის ქმარია, ვისაც ვუყვარვარ. აი, მგონია, რომ სხვებს არ ვუყვარვარ. ქეთოს წიგნების ბაზრობა რომ იყო, ნახევარი წლისაც არ იყო და წიგნი ვუყიდე, გამოვაცხადე, რომ მის განათლებაზე ვიზრუნებდი, მაგრამ დამავიწყდა. ვერაფრით ვიხსენებ როგორ გამოიყურება. მისი მეგობრის ბავშვი უფრო მახსოვს, ძალიან დიდია და თამამი. ქეთო ავადმყოფობდა, მახსოვს. უნდა მოვიკითხო.

აი, მაკა მესამედაა ორსულად. ჯგუფში ყველაზე ჰაეროვანი გოგო იყო, სიარულის ნაცვლად რომ დაფრინავს, მათხოვარს თუ მეგობარს ერთნაირი სითბოთი მოიკითხავდა და ყველას უყვარდა. ერთსაც ისე შეუყვარდა, რომ მოიტაცა. ცუდი არ იფიქროთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მოტაცება ძალადობა კი არა, დაბნეული ადამიანის არჩევანის წინაშე დაყენების მცდელობაა. პირველი მოეშალა და მერე რეზი გააჩინა. როცა გააჩინა, “ლომკასავით” დაემართა, რომ მშობიარობა ისევ უნდოდა და ლუკა მალევე მიაყოლა. თქვენ არ იცით რა მემართებოდა, როცა რეზიმ ფეხი აიდგა: ჯერ იყო და პლიტას მივარდებოდა, მერე კედლებს ეჯახებოდა. ფეხს რომ აიდგამენ, მე ჭამას ვერ ვახერხებ იმდენ პანიკაში ვვარდები, მაკა კი მამშვიდებს, ბავშვია და სიარულს სწავლობს, თავი დაანებეო. მე ალბათ საწოლზე დავაბამდი, პირს ავუხვევდი და ასე გავზრდიდი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვის დაცემა სიარულის სწავლად მიიღონ. და კიდევ იმის წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეუძლიათ ორივე ერთნაირად უყვარდეთ. ჯერ მარტო ამის შემეცნების გამო მიღირს ორი შვილი მყავდეს.

მეორეს ელოდება ელენე. პირველი გოგო ჰყავდათ, ბარბარე, და ბიჭიაო, უხარიათ მეორეზე. ასეთი ეგოისტი დედა არ მინახავს, სულ თავისთვის უნდა ბავშვიც და ბავშვის სათამაშოებსაც არავის ათხოვებს. ერთხელ ლუკას და რეზის არაფერი ათხოვა და ლუკამ პირში დანა ჩაიდო. კივილით მივვარდით სამივე. თეომ რომ მონათლა თავისი ნინი, მაშინ გვყავდა ისინი ტაძარში, ხელში მომაჩეჩეს, ჩვენ ვნათლავთ, შენ ეკლესიაში მაინც არ შემოდიხარ და დაიჭირეო. მაშინდელი ფოტოები ვნახე, ლამის იყო გამვარდნოდა, მამებს უფრო კარგად ეჭირათ და შემრცხვა. მერე საწოლზე ყველანი დავაწვინეთ და სურათებს ვუღებდით. ნინი ყველაზე უცნაური ბავშვია, თოჯინას ჰგავს, მგონია პლასტმასის თვალებს ახამხამებს და თმა რომ მოგლიჯო, თოჯინასავით ნაჩვრეტებს დატოვებს. იცით, რა მინდება? ბავშვები დავიჭირო და თითები გავუტკაცუნო, თქვენ არა? ერთხელ ლუკამ დედა დამიძახა: ის იყო, ლაპარაკს სწავლობდა, რომ აკვანში გადავაბრუნე და დედაო, მე მითხრა. არ დამიჯერებთ და ვიტირე.

ჩემი ოჯახი

ის დრო მოვიდა, რომ მარის ტელეფონი ვესროლე. მული მაინც მულია, სადაც ოჯახზე ჩამოვარდა საქმე, უთხრეს, მე კი ტელეფონი ვესროლე, მან რვეული მესროლა, მერე ჩემი და მისი მზითვის ბალიშებით გუნდაობა დავიწყეთ და შორიდან პიჟამოიან წვეულებას ჰგავდა. მერე ხელები მივუშვირეთ ერთმანეთს და შევეჯიბრეთ კოცნით ვინ უფრო ატკენდა. თამაშში ჩაგვეძინა.
ასე მგონია, სკოლის დავალებას ვწერ ”ჩემი ოჯახი” და ცოტას ვღელავ.

–         შენს კეტებში მტრედია!
დილა, ჩვეულებრივ, დედის მოყოლილი სიზმრებით იწყება. რამდენჯერმე სცადა წყლისთვის მოეყოლა და მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა, როცა წყალი შეწყდა, ონკანმა ბაყბაყი დაიწყო და კანალიზაციამ გაჭედა. ეს სიმბოლური ნიშანი ჩვეულების დასარღვევად საკმარისი ვერ აღმოჩნდა, ლოგინიდან წამოდგა და გამთენიისას მაღვიძებს ხმები:
– შენს კეტებში მტრედია!

მტრედმა თავი მოიმკვდარუნა, – ნისკარტი უგონოდ გადაეგდო გვერდით და დარტყმებზე არ რეაგირებდა. როგორც კი სადარბაზოს მოაჯირზე დავსვი, ფრთები იშვირა და ჰორიზონტი გაჭრა.
ამ ბოლო დროს ჩვენი სახლის ფანჯრებს მერცხლები ებერტყებიან, აი, ვერაფრით იცავენ წონასწორობას.

შავ-თეთრ კადრებად ფერადი აწყმო რომ გადავახვიოთ, ვნახავთ, რა საინტერესო ქორწილი ჰქონდა დედას. უფრო სწორედ, ის საჩუქრები, რომლებიც მიიღო: ბატკანი და შველი. დედას სოფელი არასდროს უნახავს და ძალიან შეშინდა. ბატკანი გამრავლების სინონიმი ყოფილა, შველი კი სტუმარს უღრან ტყეში უპოვნია ობლად და სახლში წამოუყვანია. ბატკანი მას შემდეგ დაკლეს, რაც ტორტი ამოლოკა. საბედნიეროდ, მაშინ არ ჰქონდათ ნეტსივრცისთვის კამერიანი ტელეფონები. ბემბი კი ნაკრძალში ჩააბარეს, სადაც ოლიმპიადებზე გავიდა, მთავარი ჯილდოები აიღო და სსრკ-ს მასშტაბით იმოგზაურა. მერე ალბათ შეჭამეს.

ვერ ვიტყვი, რომ დედა სიმბოლოსავით გამრავლდა, მაგრამ ორი შვილი შეეძინა, რომლებსაც ისევ გამრავლება უსურვეს, რადგან გაემრავლებინათ ისინი, რომლებსაც გამრავლებას უსურვებდნენ..

ფერად კადრებად აწმყოში გადმოვინაცვლოთ და ანიმაციაზე მინდა გიამბოთ: ადამიანები სხეულზე ნულიდან ცხრამდე რიცხვებით იბადებიან, რომლებიც მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. გაჩნდა ბიჭუნა, რომლის შესაძლებლობა ნული იყო, მხოლოდ კლასელები რომ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ როგორც საწვალებელ ობიექტს. მარტოსულმა ნულმა გოგო ნული გაიჩინა და სიამის ტყუპები შეეძინათ, ორი ნული ერთად რვიანს რომ ქმნიდა. შეგვიძლია, მორალს მივყვეთ, რომ მარტო არაფერი არაფერია და არაფერი სხვასთან ძალაა, როგორც ნულის რიცხვის შემდეგ მომატება ღირებულებას მატებს მას, ან შეგვიძლია რეტროსპექტული ოცნებები მოვყვეთ:

ბავშვობაში ხშირად დავფრინავდი სიზმარში. მაშინ მეგონა, რომ სამყაროს შევცვლიდი, მაგრამ ჩემი თავი შევცვალე. ეტყობა, თავი სამყაროში ამერია ან უბრალოდ, სამყარო შევიცვალე. გარედან შიდა სფეროებზე მიმართული გავხდი. ბორბლის მსგავსად, შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის ნიჭი მაქვს, განმეორებას კი სიმულაკრული კონტაქტი ახასიათებს. ალბათ ამიტომ მირჩევდა მოძღვარი, ზიარება ხშირად არ მიმეღო.

ფერად კადრებად გადმოვიცავლოთ და როცა ანიმაციას ვუყურებდი, ძმამ გუდა ნაბადი აიკიდა და წავიდა. ის და მარი ახალ სახლში გადადიან, პარალელურად კი წუწუნებენ ცალკეულ პრობლემებზე. მარი სახლის მონატრების შედეგებზე ჩივის, ირაკლი კი ბარგის სიმძიმეზე და ცდილობს მარის დააჭერინოს. მშვენიერი წყვილია ჩხუბისას.

ხანდახან ცოლი გაბრაზებული სახით აფრთხილებს: თუ რამეს დამიშავებ, იგივეს ვიზამ.
– ძალიან გინდა, რომ გიღალატო, მაგრამ ვერ ეღირსები, – ღიმილი უჭრის სიტყვას.

ძველ კადრებში გამოჩნდება, რომ ოპერის პირდაპირ მათხოვარი ქურთი ბავშვივით, რომელიც ასევე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამვლელთან გაქორწინებს და მაჯერებს, რომ ლამაზი ვარ ვიტრინებზე არეკლილი ვარცხნილობის მიუხედავად, მამის ფეხებს ვებღაუჭები და ვცდილობ, იმდენად ავაცოცდე, განვლილ მანძილს გადმოვხედო თავიდან. კალთითად ბებო ცელოფანში შენახულ ბოჩებიანი შოკოლადის ტკბილეულს იღებს, მკლავებს იფერთხავს და მომწიფების სურვილით ვიკვებები. ვიკვებები ნიშნავს დეენემს ახალი მონაცემები შევმატო კაცობრიობის სპირალისებული განვითარების გამო.

ძმამ გუდა ნაბადი ზურგზე მოიკიდა და დამშვიდობებისას მარიმ მითხრა:
–         იცი, შენ მალე მამიდა გახდები.
მოთხრობის დასაწყისი.

one night stand

<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ. 
               შენი ლილიტი. >>

თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.

ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.

ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.

ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.

ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.

იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.

იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
–        იცოცხლებს?
–        ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.

”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.

2pac-ის ლირიკული ლექსები

ჩემი შვილი
იქ, სადღაც გარეთ,
ცისქვეშეთში
გველის მშფოთვარედ.
რადგან დალოცოს
სიყვარული,
ერთმანეთში რომ გავიზიარეთ
სიყვარულმა კი
არდაბადებული ჩემი შვილი
უნდა დაიცვას.
ვოცნებობ ხოლმე,
როგორია ერთად ჩვენ ორნი
და სათანადოდ როგორ დავიცავ.
მაშინაც, როცა მე არ ვიცი რა არის სწორი.
დაიბადება მდიდრად – ღარიბად
სიყვარული არ დააკლდება.
მივიღებ, როგორც ცისქვეშეთში
ღმერთის წყალობად.

=0=
მაშინ, როდესაც გარდავიცვლები,
როდესაც გულის ძგერას მოვრჩები,
იმედია, რომ პრინციპებისთვის,
რწმენის დაცვისთვის
მაინც მოვკვდები,
იქამდე, სანამ ჩემი დრო მოვა,
რადგან დამყვება ბნელი აჩრდილი.
რამდენი რამის მოსწრება მინდა,
სანამ შემხვდება გზაზე სიკვდილი.
მე ალბათობებს ვებღაუჭები,
და უკანასკნელ ცრემლებს ვამშრალებ.
სიკვდილის დროს კი ყველას ვიყვარებ
ვისაც სიკვდილი ჩემი ახარებს.

=0=
ხანდახან როცა მარტო ვრჩები, ვტირივარ ხოლმე.
ეს იმიტომ, რომ პრობლემებთან სულ მარტო ვრჩები.
ჩემი ცრემლები იკბინება, სახეს აცხელებს.
ცხოვრებიანად მოედინება,
ფორმას არ ეძებს.
ვტირივარ ხოლმე, იმიტომ, რომ გული დამეხა.
ეს ამბავი კი მე ამდენად მაფორიაქებს.
მე ვისურვებდი მეგობარი, მსმენელი მყავდეს,
არავის ვიცნობ ტირილისას რომ გამიჩერდეს.
ჩემი ცხოვრების აზიდვაში მეხმარებოდეს.
წუთისოფელი საკმარისად სწრაფად ტრიალებს.
იმისათვის, რომ გაჩერდე და იკითხო: რატომ
ტირის ვიღაცა მტკივნეულად და სევდიანად?!
ხანდახან როცა ვტირივარ ხოლმე
სულაც არავის აღელვებს: რატომ.

წერილი მფარველ ანგელოზს!

ძვირფასო სარა!
მომართვის მრავალჯერადი წაშლის შემდეგ, იმდენი ხანი ვიფიქრე, როგორ დამეწყო, დრო უკან გადაიწია და ტრადიციული მიმართვა – ”ძვირაფასო” – შემრჩა.
იდეები იგივე დამრჩა.
უშედეგოდ ვცდილობ, ისინი საგნებად ვაქციო და ვხვდები, მხოლოდ ”ლუზერები” აჩენენ ბავშვებს, აუხდენელი აზრებისთვის საუკუნეები რომ ჰქონდეთ დრო.
ისევ ვფიქრობ, რომ რაც უფრო სახალხოა კეთილი ზრახვები, ეგოისტურ სურვილებს მეტად ემსახურება: ნატვრა, რომ ყველა კარგად იყოს, დედამიწაზე სიმშვიდე სუფევდეს, გამოწვეულია სურვილით, დაისვენო სხვების წუწუნისაგან.
და იმ დღის მერე აღარ გამოჩენილხარ. მე კი გონებაში ყველა შესაძლო აზრი დავღეჭე და მათ შორის ყველაზე ოპტიმისტურ ვერსიაზე შევჩერდი: უბრალოდ ცვლა შეიცვალე და საკუთარ მორიგეობას დამყოლად უცდი.
ადამიანები დღესვე მოვიკლავდით თავს იმედის გარეშე: სულ ვამბობთ – დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ – და იმდენს ვმერყეობთ, ინფარქტს ვიკიდებთ და ვკვდებით.
იმედის გარეშე და იმ მეორეს რა ჰქვია? ა ჰო, ცნობისმოყვარეობა.
ინტერესი სამყაროსი, სადაც ადამიანები პერსონაჟებთან ერთად თანაარსებობენ.
იმ პერსონაჟების, სარკეების პრინციპით, მათაც თავიანთი პერსონაჟები რომ დაჰყვებათ და ერთმანეთში იქსაქსებიან. რომ გგონია, ადამიანს იცნობ, აღმოაჩენ, რომ მხოლოდ პერსონაჟია.
ამბობენ, არსებობს სამყარო, სადაც მხოლოდ პერსონაჟები ცხოვრობენ, პეროიანი ტიპები არ დაჰყვებათ, ყოველ გაფაჩუნებას რომ იწერენ (მთლად შენზეც ნუ მიიღებ). ეს კი რთული წარმოსადგენია, ისევე როგორც ადამიანებს არ ჰყავდეთ პერსონაჟები.
ძვირფასო სარა!
მწერალი ღმერთია. ღმერთი კი სხვა თვისებებთან ერთად ყოვლისშემძლეა.
მწერალი საწყისია ანუ აბორტი.
მწერლები რომ არა, გაცილებით მეტი ბავშვი გაჩნდებოდა სამყაროში დარჩენის სურვილით.
იმ სამყაროში, სადაც თანადროული კარიკატურის მსგავსად, ღმერთის არსებობაც წარმოუდგენელია, სოციალურ ქსელში თუ არაა დარეგისტრირებული, შემუშავებული არაა მისი ციფრული ვერსია.
მათვე გაავრცელეს სამიჯნურო ისტორიები და კაცობრიობა ჯვარს ეცმის იმ ქვეთავში მოხვედრის გამო.
ჩვენი დრო კი ერთგვარი პოსტმოდერნიზმი, დანამატი ანუ განვლილი საუკუნეების პოსტსკრიპტუმია.
მე – პასს.
თუნდაც თავის ლიკვიდაცია იმდენად არ შემიძლია, რამდენადაც პერსონაჟების.
ამიტომ არიან სხვადასხვა სენშეყრილნი ჩემი გმირები.
მიდრეკილი ვარ დესტრუქციის უუნარო დაავადებისკენ.
რა მკაფიოდ ჟღერს ”გმირები”.
ამაზე ჩემი გუშინდელი მეგობარი მახსენდება: სიკვდილზე იმდენი წერე, ხელოვნურად მიიწეპებ და თავსაც მოიკლავ სხვებში.
ვიცი, მარტოობა არ მემუქრება და ყოველთვის გამოჩნდება იდიოტი, ვისაც ვეყვარები, მაგრამ ეს სიყვარულებიც იმდენად რიზომულია, რამდენადაც თავად გახლავართ.
ჰოდა, მეგობარი რომ მშორდებოდა, შენ გამახსენდი, ვიფიქრე, მისი პირით მწერდი, რადგან პირდაპირ მოსვლას ვერ შეძლებდი, საკუთარ ცვლას უცდიდი.
ხომ ცოცხალი ხარ?
ისიც კი ვიფიქრე, რომ გაქრი. ჩემი თავი შენში მოვკალი და აღარ დარჩი.
შემომიარე ხოლმე.
მაშინდელი ღვინო სანამ დაძმარდა.
მოდი, ჩავუსხდეთ.

ჩემი სხვა ღია წერილები:
მოხუც მეგობარს
ჩარლის
პეპის
ჩემგან წერილია

ბებიები

კანზე ღია წითელი ლაქები ჰქონდა.
შაჰმათის თამაშის დროს შევამჩნიე.
დავდგებოდი სარკის წინ და ვოცნებობდი, ამ უჩვეულო ლაქებს ჩემთვისაც გამოეყარა.
ერთხელაც აბაზანიდან გამოსულმა ხელებს შევხედე, წვრილი წითელი ხალები გამომსვლოდა, მაგრამ პირველი გაფიქრებიდან ახდენამდე წლები გავიდა.
დიახ, მე მჯერა, რომ აზრებით სპეციალურად გამოვიყარე.
წლების მანძილზე კი ბევრი შეიცვალა.
ქეთო ბებო გარდაიცვალა, მე კი მის ყოველ წითელ ლაქას ისე ვიმახსოვრებდი, რომ 15 წლის მერეც შემიძლია დავხაზო.

მამა ამბობს, რომ მოკვდა, ჩემი ბრალია.
რა მაინცდამაინც იმ დღეს ავიტეხე ბანბიქტონის თამაში 70-ს გადაცილებულ ქალთან.
დედა ამბობს, რომ ბევრი ხილი ჭამა, მაშინ, როცა ჰავა გამოიცვალა.
წლები იყო სახლიდან არ გასულა და უცებ მაღალმთიან რეგიონში მოხვდა. კი გახალისდაო, იხსენებს ხოლმე.
ზამთრისთვის ქეთო ბებო და მამაჩემი დედა ერთად ემზადებოდნენ.
მერე ჩვენ თბილისში წამოვედით და ბებიები მარტო დავტოვეთ.
არასდროს მიფიქრია მისთვის რამე მეთქვა უხეშად, პირიქით, დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ეთერი ბებოს ვადარებდი.
ვამბობდი: ის უფრო მიყვარს. რადგან ჩვენთან არ ცხოვრობს.
თან ქეთოს სილამაზეს მაინც ყველა ხაზს უსვამდა, მე კი სულ მინდოდა მეეჭვიანებინა და ეთერზე დავიწყებდი ხოლმე საუბარს:
ქეთო ბებო, ნახე, ეთერი ბებო რა ლამაზია.
ისედაც, დედა რომ გათხოვდა, დედამთილზე ეჭვიანობდა.
დედაჩემი “დედას” რომ დაიძახებდა, ორივე მიტრიალდებოდა და თურმე დედამთილს ეძახდა.
მე კი სადისტურად, აი, მსიამოვნებდა, რომ ეჭვიანობდა.
ისევ სოფელში რომ დავბრუნდით, ვაპირებდი მეთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ სიტუაცია არ ჩამივარდა.
სანაცვლოდ კი ვკითხე: “წამო, ბანბიქტონი ვითამაშოთ”.

ისე უხაროდა, რომ საჭირო იყო, სიმღერის ხასიათზე მოვიდა.
დახვეწილი ქალი იყო. მწყობრი მანერებით.
დიდ მნიშვნელობას აქცევდა დეტალებს და გვიან გათხოვდა.
ეთერს უფრო პრობლემური ცხოვრება ჰქონდა.
ოჯახი ადრე შექმნა და დაენგრა კიდეც.
მერე ქეთოს გული გაეხა, იმდეჯერ, რომ ბოლო ორი თვე მხოლოდ წინა კედლით ცოცხლობდა.
როცა უკვე აღარ ესმოდა, დავუდგებოდი წინ და ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ სიტუაცია არ გამომდიოდა.
სანამ მოკვდებოდა, ბარგი ჩავალაგეთ.
როცა მოკვდა, არ მიტირია, მუცელი ამტკივდა.
ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ.
დედის მამიდა აღდგომობით მოგვყვებოდა საფლავზე, გემრმიელ პასკებს აცხობდა და ისე.
იქ ერთი მოხუცი კაცი ვნახეთ, ცოლისთვის სადღაც მოგლეჯილი ია მიჰქონდა.
გამიკვირდა, მოსაკრეფად როგორ დაიხარა.
მერე მამიდასაც სკლეროზი დაემართა და ლოგინად ჩავარდა.
ვისმენდი სადღეგრძელოებს, რომ წინაპრები გვხედავენ და ესმით.
ეს მათ გამოიგონეს, ვისაც ბევრი დარჩა სათქმელი თავის გასამართლებლად.
გადავწყვიტე არასდროს დავბერდე.
და მუცელი მხოლოდ მშობიერობისას მეტკინოს.
ასე მარტივად.

მსგავს თემებზე: მე
მუნჯი
სახლი, რომელშიც ვიპარებოდი

04:30

– გიყვარვარ?
ისე ვიკითხე, ყელი ჩამიშრა. ადგა და ჩაშრა, ყველა სისველე დაშრა, ცრემლიც გადმოსვლამდე შემაშრა, ვიფიქრე, ღვინოს დავლევ მეთქი. ხელის უნებური კანკალით ავიღე ბოთლი, მეორე ხელი შევაშველე წონასწორი მოძრაობისთვის. იგი მკაცრი ხმით მაფრთხილებდა, არ დამელია და საკუთარი ყავა დამითმო. სახეზე შევხედე, წუხანდელი ღამე არეკლილი ჰქონდა, წამლის ნდომა, არყის, ღვინის და წყლის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, ძეხვი პურით, მოფერება ზურგზე და თმაზე ხელის გადასმა, კოცნა, ირონიული საუბრები მის შვილზე, სამყაროს მასთან შედარებით არარაობაზე. მოვსვი ყავა, გაწელილი მოძრაობით პალტოს ვიცვამდი და გაქცევა იმდენად მსურდა, რამდენადაც გონების დაკარგვა, ორი წუთით მისი გათიშვა. ან მისი მოკვლა.. დიახ, მოკვლა. მის სხეულზე წამოწოლა და მის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ბალიშის სახეზე დაფარება. იცოდა, ძალა არ მეყოფოდა და წინააღმდეგობისგან ვთავისუფლდებოდი. მერსოს მდგომარეობაში იწვა. დუნდებოდა. ისე დუნდებოდა, როგორც გუშინ მოფერებისას, სხეულზე კოცნისას. მე კი უკანასკნელ ღილს ვიკრავდი პალტოზე. ამბობდა: “თუ წახვალ, არ დაბრუნდები.” ჩემთვის კი სულერთი იყო, ისევე სულერთი, როგორც საკუთარი ცხოვრება, მეხუთე სართულიდან გადამხტარი სხეულის ხილვით. გავთავისუფლდი მიჯაჭვულობისგან, რომელსაც ტოვებდა, მას კი თავი სტკიოდა. სასმლისგან, უძილობისგან და ჩემგან. მე კი ისევე ცარიელი ვიყავი, რამდენადაც ახალი ცხოვრება შემეძლო. ის კი ისევე სავსე, რამდენადაც წრეზე განაგრძობდა ტრიალს. იმ მომენტში შემეძლო ფრენა. მეგონა იმ დედას ვგავდი, ცხრა კი არა, წელიწად ნახევრის ნატარები შვილი ამ ღამით რომ იმშობიარა. არა საკეისრო კვეთით, მცირე ხანში რომ ხდება, უმტკივნეულოდ და მარტივად, მაგრამ შემდგომ ტკივილებს რომ ტოვებს. ბუნებრივი ჭინთვები იყო და გაბუჟებულ სხეულზე მეტად მოშორებული მუცელი მახარებდა, სიმსუბუქის შეგრძნება მასში. ჩავირბინე კიბეები, გადავახტი ბოლო სართულებს და ჩაჩუტულ მუცელს, დამძიმებული შვილის ნახვა მომინდა ცალკე. ნამშობიარევი შვილის მოკვლა მომინდა, კომედიის გათამაშება მომინდა, სადაც მედეას როლი მქონდა, შეცდომის ნაყოფი რომ გააქრო, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ან ახალი შეცდომების დასაშვებად. ჩვენი შვილის მოკვლა მის სატკენად. ის კი მერსოს ჰგავდა, ცხოვრებას რომ ამინდით ზომავს. სადარბაზოდან შემოსული ქარი სახეზე მილაწუნებდა, თავისუფლებისგან მისუსტებულ სხეულს თავისით დაატარებდა. საათზე 04:30 იყო. ის დრო, როცა იბადებოდა. გამოვლილი მქონდა ხუთი სართული, ის სართულები, ერთი ხელის მოსმით გადახტომა რომ მსურდა. ამოვირბინე უკან, გადავწყვიტე როლი ხელმეორედ მეთამაშა. იმდენად, ნებისმიერი გამეორება რომ ფარსია. დავაკაკუნე კარზე და ვიკითხე:
– გიყვარვარ?
მერე ისევ თავიდან.

ნახატი, რომელიც არ დამიხატავს

ისეთი სურათი მინდა, მე რომ ფონი ვიყო. პრეტენზია არ მაქვს წინ წაწევაზე. წინა პლანზე საკუთარი შვილი მეჭიროს, გაზრდის პროცესში იყოს და მკლავებზე ჟაკეტი გამოხეოდეს, ფეხსაცმლიდან ფეხი ამოდსიოდეს, შარვალი უბეში გარღვეოდეს. თითქოს თვალებსაც ასკდებაო, კაკლები ძარღვებისგან ებერებოდეს და უპეებიდან სცვიოდეს. ცრემლი ეღვრებოდეს კანიდან გადმომდგარ ლოყებზე და გუბდებოდეს. მე ფონი ვიყო, დავჯერდები, მშობიარობის პროცესში დახატული. ნატურალურ ჭინთვებს რომ იღებს თავისი ხელით. შვილი კი თანდათან ფონს ემსგავსებოდეს, ზრდის პროცესში დახატული ვერსია იყოს. მე რომ მხატვარი ვიყო, თავს დავხატავდი, ქმნილებას წინა პლანზე, ჭიმვის პროცესში. როგორც შემოქმედებს ურჩევნიათ ქმნილების განდიდება, თავად კი სასხვათაშორისო ნივთად იქცევიან. დამხატეთ, თუ ვინმე ხატავთ.

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

 /წინასაახალწლო ამბავი/

თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.