Leftovers იმიტომ არ მოგეწონა, რომ მიტოვებული არასდროს ყოფილხარო, – მიპასუხა მეგობარმა, რომელიც HBO-ს სცენარით დატენილ კომპანიაში იყო შეჩვეული საუბარს. სინამდვილეში სერიალმა დამაჯერა, რომ შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 4% სხვების თვალწინ ერთდროულად უკვალოდ გაუჩინარდეს, მაგრამ ვერ დამაჯერა მარადიული სიყვარულის არსებობა, რომელიც ყოველ წელს ავსტრალიაში გაგატარებინებს შვებულებას გაუჩინარებული მეუღლის ძიებაში. მომიტევეთ, არ მიყვარს სპოილერის გარეშე საუბარი. სერიალის ფინალი თინეიჯერ გოგოებზეა გათვლილი, რომელთა სხეულებში ჰორმონები კრეპტონური ძალებივით ბუდობენ და ჯერ მათი ფლობა არ შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ პრეისტორია მიტოვებული ადამიანის ბიბლიაა, ჰოლივუდური ღიმილიანი დასასრული არ შეეფერებოდა, რადგან მაყურებელმა ამოღეჭა მთავარი გმირების სასწაულებრივად გადარჩენების ხარჯზე მიღებული ემოციები.
ეს არის წიგნი პოლიციის ოფიცერზე სახელად კევინ გარვი, რომელიც არავის მიუტოვებია ერთი ღამით გაჩერებულ ქალს თუ არ ვიგულისხმებთ შუა აქტისას. კაცი, რომელმაც აბაზანის ნიჟარიდან სექსუალურად ამოძვრომა იცის და choking ფილია აქვს. როგორც პოლიციის შეფს, მას მიტოვებული მოსახლოების დაცვა ევალება და უპატრონო ძაღლებს ხოცავს, პატრონების გაუჩინარების შესწრებისას რომ გაავდნენ. მიტოვებულ სამყაროში ცხოვრებას ის ღამის იდუმალი ცხოვრებით უმკლავდება ანუ მთვარეულია. ცოლად ოჯახისგან მიტოვებული ქალი მოჰყავს, ვისთან ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, როგორც ზღაპრებში ცხრათავიან დევებთან გამკლავება, – მან ჯერ უნდა მოკლას მისი მსხვერპლი ქალის ენიგმა, გამოიმუშაოს განწყობის კონტროლი და იმღეროს როცა არ ემღერება, დასძლიოს საკუთარ ორეულს, რომ მიხვდეს მარტოა და მეუღლესთან ცხოვრება სჭირდება, ქალაქში ყველაზე მიტოვებულ ქალთან.
ეს მიტოვებული ქალი ნორა ჯონსია, ყოფილი დიასახლისი ამჟამინდელი მიტოვების პრევენციის სამსახურის სტაფი. ქალი, რომელიც მსხვერპლის როლმა კარიერულ საფეხურზე აიყვანა და საჯარო სივრცეებში გამოსვლის სქილზი მისცა. მისი სამსახურეობრივი მისია გაუჩინარებულ ადამიანებში კანონზომიერების პოვნაა – ოფიციალურად რეგისტრირებულ მიტოვებულებთან დადის და მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ მიტოვებულ ოჯახებს კითხვარებს ავსებინებს. სწორედ ნორას წიგნიდან ვიგებთ, რომ გამქრალი ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელთათვის გამქრალები ჩვენ ვართ, ხოლო ისინი მიტოვების მსხვერპლები არიან, მათ ხომ დედამიწის მოსახლეობის 96% დაკარგეს. Leftovers-ის ფინალის ერთი თეორიის მიხედვით, ნორას წიგნის ფინალი რეალურ ფაქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ოცნებას, რომ მისი გამქრალი ოჯახი უმისოდ ბედნიერია და აწი თვითონაც შეეძლება ახალი ოჯახის შექმნა თუნდაც სიბერეში, თუნდაც ქორწილებში მტრედების გამშვებად მოუწიოს მუშაობა, თუნდაც ღვიძლი ძმის სიკვდილის მერე.
ნორას ძმას მეთ ჯეიმსონი ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატული ეკლესიის მღვდელია, იგი ერთადერთია, რომელიც გაუჩინარებული ადამიანების კულტს არ ქმნის და მორალურ-მატერიალურ წინაღობებს განიცდის იმ სტატიების გამო, რასაც ეკლესიებში არიგებს. სტატიებში წერია, რომ არ შეიძლება გაუჩინარებული ადამიანის კულტი ააგო, მხოლოდ იმიტომ რომ გენატრება. მეთი ტაბლოიდის ედიტორიბით ცდილობს მრევლს შეახსენოს, კულტად ქცეული გამქრალების მანკიერებები. თვლის, რომ ქრისტეს ტყუპისცალი ჰყავდა, ამიტომ როცა სიკვდილით დასაჯეს, მესამე დღეს ქრისტედ თავს ცოცხლად დარჩენილი ძმა ასაღებდა. ცოლად ჰყავს უშვილო და პარალიზებული მეუღლე, რომელიც სასწაულებრივად დაფეხმძიმდა, რამაც მასში ღმერთობის ამბიცია გამოიწვია. ჩემი აზრით, გემზე ნანახი ღმერთკაცა სწორედ მის ფარულ ორეულს განასახიერებდა. თავიდან მისი იდეები იმდენად კონსერვატული იყო მიტოვებულთა ქალაქებში, რომ ახალმა სექტამ ადვილად ჩაანაცვლა. მომავალში კი დაიჯერა ტყუილების, როგორც მომავალში პოტენციურად არსებული სიმართლის და ახალი მესიის, რომელიც დედამიწას ახალი მიტოვებებისგან იხსნის და ეს მესია კევინ გარვია.
მეთის შეხედულებებს წარსულზე ორიენტირებული სექტა უწევს ანტონიმობას, თეთრებში ჩაცმული სიგარეტიანი ტიპები დუმილის აღთქმით. მათ მემარცხენე ფრთას ლივ ტაილერის პერსონაჟი ასახიერებს. ვხედავთ სიბერისგან როგორ დაეჭიმა მსახიობს სახე, ერთ დროს ელფური გარეგნობის მქონეს. ქალაქებში არსებობენ მედიატორები, რომლებიც ფულს მიტოვებულებისგან შოულობენ, ცრუდ მიცემული იმედების სანაცვლოდ. ლაურა გარვის მორალი: წინასწარმეტყველებთან მისვლამდე სოციალური ქსელი წაშალე. და სხვა და სხვა დატვირთული პერსონაჟები სივრცეში. Leftovers-ს სამი სეზონი მოვლენების ეპიცენტრის სამ ქალაქშია გადაჭიმული. ნეიტრალური ნიუ ჯერსი, საიდანაც თვალს გაქრობას ვადევნებთ; ქალაქი, სახელად “სასწაული”, სადაც არავინ გამქრალა; და მელბურნი, სადაც პროცენტულობით ყველაზე მეტი მიტოვებული აღინიშნება და ერთგვარი ზღურბლია გამქრალების სამყაროში გადასასვლელად. სერიალი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი.
დაემთხვა, რომ Leftovers-ის ყურებისას break up ქოუჩის საავტორო წიგნს ვკითხულობდი სახელად – The Ex Factory (c) ბრედ ბროუნინგი. ავტორი ყოფილ შეყვარებულებს წვრთნის მეორე შანსის მიღებისთვის დროში გაწელილი სტრატეგიით, სადაც პირველი რჩევაა ერთ თვიანი გაქრობის დაცვა. ავტორის აზრით, ყოფილთან შერიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სხვა ადამიანებთან პაემნებზე წასვლა, ვარჯიში, ახალი ჰობი. სტატისტიკის თანახმად, 3 კვირა საკმარისია უარყოფითი ემოციები გაიფილტროს მოგონებებიდან და ძველი ურთიერთობიდან სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყოს. ამიტომ მხოლოდ ერთ თვიანი პაუზის პოსტ ფაქტუმ შეიძლება პირველი შეტყობინებით რეაგირება, მენტალური დაინტერესების მიზეზით, წიპა “ახალი ამბავი გაიგე? შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის ქალაქში”, ან ფიზიკური აღგზნების გამოსაწვევად ტანსაცმელზე გაკეთებული აქცენტი “დღეს ის კაბა ჩავიცვი, ჩემთვის რომ მოიპარე. იმედია, კარგად ხარ”. პასუხზე ერთი საათის მერე პასუხი. სატელეფონო საუბრისას ხმა რომ მკვეთრი და ხმამაღალი უნდა გქონდეს. იგნორის შემთხვევაში წყენის ჩაყლაპვა და ახალი სტრატეგიის მოძიება ათ დღიანი იზოლაციის მერე. წიპა, “გამარჯობა, შვებულების გატარებას ესპანეთში ვგეგმავ. ვიცი, რომ იქ შენი საყვარელი ადგილებია. მირჩევ რამეს?” შეხვედრისას ძალიან ბევრი მიმიკური შეხება, მაგრამ ურთიერთობისთვის მზადყოფნამდე სექსზე უარი.
ასევეა Leftovers-იც, ახალი მიტოვებისთვის შემზადებაა წარსულის მტკივნეული გამოცდილების გამო, თან მეორე შანსისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვაა ძალიან შორ მანძილზე და როცა საუკუნის მესამედის მერე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სიბერეში ხვდებიან, თავს უცნობებად იკატუნებენ. ამიტომ როცა მეგობარმა მითხრა, სერიალი იმიტომ არ მოგეწონა, მიტოვებული რომ არ ყოფილხარო. ვუპასუხე, რომ პირიქით, დანაკლისში ცხოვრების გამო.