შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!

საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.

მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.

სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების  კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე,  რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ  ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.

სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:

“დიდო დედაო,
ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში,
დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილოვ,
ცარიელა და სავსევ,
უჟამო,
უძრაო,
წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ლოცვით პირველივე ნახვისთანავე ხიბლში ჩავვარდი, ვუყურებ ნეგატიურისა და პოზიტიურის შეერთებიან იარაღს და ვიხსენებ პრექრისტიანურ ეპოქაში შექმნილ ლოცვას: შენდობის ნაცვლად სიმართლეს სთხოვდა და პურის ნაცვლად – თავისუფლებას. ლოცვაა, რომელიც,  ეტყობა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს მუხლის ჩოქვით საუბარს, არამედ მიმართებას შვილის მშობელთან. თანაც მაშინ, როცა სამყაროს მეორე მხარეს, ღმერთი აღიქმებოდა არა როგორც მამა მხსნელი, არამედ ძველი აღთქმის უძღები შვილის მამა.

მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
983605_472001682888751_392415099_n

ფაუსტის მშვენიერი მანქანა

უძილობისას, როცა ფანტაზიას ცხვრები ამოეწურა, გადავწყვიტე,  დროის მანქანა შემექნა, არა იმიტომ, რომ ვაშლი დამეცა თავზე, არამედ, საათის ისრის წიკწიკის გამო.
მახსოვს, როცა რამე ცუდი შემემთხვეოდა, დროს დავხედავდი, სახლში მისული კი საათს იმ მოცემულ დროზე დავაყენებდი და სურათს ვუღებდი. რაღაც ეშმაკის მანქანებით ვღუნავდი, დალის საათებივით მოჩვარულს ვხდიდი. უამრავი ფოტო დამიგროვდა.
შემაჩვიეს, რომ გაშეშებული წამები ჩიტების გამოფრენით იწყება. ეს კამერის მისტერია იყო თოვლის კაცუნაზე მეტად რომ მჯეროდა.
მოჭუტული თვალებით ვიფიქრე, რომ ადამიანები წარსულით ვცხოვრობთ, ცნების პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.
ანუ არაფერია ისეთი შედარებითი, როგორიც აწმყო, როცა თუნდაც დანახვა სინათლის სწრაფ ფეხებზეა დამოკიდებული, შეხება ტვინის ფუნქციისთვის მიწოდებულ ბიძგზე, რაშიც დრო გადის.
სადაც არ უნდა გავიხედო, მე წარსულს ვხედავ. წარსულს, პირდაპირი გაგებით.
ვიფიქრე, რომ წამის მიმართულება ორგვარი შეიძლება იყოს, – ინტრო ვერსიაში განვითარებისკენ და გარემოს მხარეს.
ხანდახან მგონია, რომ არსებობს მხოლოდ შეგრძნებული წარსული და შესაგრძნები გასავლელი მანძილი და ჩვენ მათ შორის შეჩერებული წამი, რომლით ტკბობაც ან სხვა განცდა არ შეგვიძლია.
აწმყო ფოტოსურათი შეიძლება მხოლოდ იყოს, თუ მას მატერიად არ აღვიქვამთ ქაღალდზე დინამიკურად დადებული მტვერით.  მისი შექმნით, აწმყოს პოტენციას ვიჭერთ.
იმ პოტენციას, რომელიც პირველი ნაბიჯია დროის მანქანის შექმნის თეორიულად მყოფ, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებულ დროსთან შეხების გამო.
მერე ვიფიქრე, რომ დროის საკონტროლებლად მისი არა მხოლოდ შუა, უკიდურესი წერტილების ფლობაც უნდა შევძლოთ და ამ კონსტანტის ენერგიის მატერიად მიმართვა.
თავად ტერმინი ”დროის მანქანა” ხომ ერთის მხრივ, დროის, მეორე მხრივ, სივრცის იარაღის შერწყმით მიიღება. შექმნა მანქანა ნიშნავს მოახდინო დროის ვიზუალიზირება.
დრო, როგორც დამოკიდებული ერთეული, ეჭვის ქვეშ დადგა, მისი სივრცის სხვადასხვა წერტილიდან აღქმის გამო.
გრინვიჩი, სადაც, პირობითად, დრო იბადება, წრიულობის გამო, დედამიწის ათვლის წერტილი არ არის, ხოლო მანქანის შესაქმნელად დროებს სივრცის აღქმაც უნდა შევუთავსოთ. ანუ არა მხოლოდ სინათლის სიჩქარის დაპაუზება და მასზე სწრაფად ან საპირისპიროდ სიარული უნდა ვისწავლოთ ( აქ, ზღვისა და ნიჩბის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: მომავალში გადაადგილება წარსულზე იოლია, ამ უკანასკნელის სინათლის სიჩქარის დინების საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობის გამო), არამედ მისი არსებობაც სივრცეში.
თუმცა რაც არ უნდა წავიდე წარსულში, მაინც მომავალში ვიქნები, რადგან თავად წარსულში დაბრუნება სვლაა მომავალში, სპირალისებული განვითარების დინამიკა არ წყდება. ანუ დრო მაშინაც უძლეველია, როცა მისი მაკონტროლებელი მანქანაა შექმნილი და ეს მანქანა მუშაობს.
თუ კოსმოსში დრო მიწასთან შედარებით არ არის ადეკვატური, მათ შორის საზღვრის პოვნაა საჭირო. წერტილი გარდამავალი ზონის.
ამბობენ, რომ თუ შავი ხვრელი ბევრ სივრცეს შეჭამს, დარჩენილი სივრცე დამოკლდება, დაიჭმუჭნება და დრო შედარებით სწრაფად გავა ხოლმე.
ამ ფიქრზე შემეშინდა.
ისიც ვიფიქრე, ცხოვრება უნდა ამოვჭრა, დავჭმუჭნო და ისე შევკრა, რომ წარსული რეალობა ერთმანეთს მიეწეპნონ, – შორი წარსული და აწ უკვე წარსულად ქცეული აწმყო.
აქ მიჩნდება კითხვა სივრცისა და დროის პირველყოფილობის შესახებ.
არ ვიცი ბოლო თუ აქვს, მაგრამ დასაწყისი ექნებოდა.
კვერცხის და ქათმის ანეგდოტივით შეიძლება მართლა ერთი წერტილიდან ერთდროულად შეიქმნენ. დრო და სივრცე ერთმანეთია და ქაოსიდან გამოწვეულმა განსხვავებებმა მათი წარმოშობა განაპირობა.
საბნისა და ბალიშის შორის წამის დაჭერა ვცადე.
მერე ვიფიქრე, რომ დრო თუ არის სივრცის ნაწილი, წარსული და მომავალი ისევე აწმყოა, როგორც სხვადასხვა ადგილი სივრცის სიბრტყეზე განთავსებით. ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება აწმყოა, პარალელურად განლაგებული სხვა დროებით სხვადასხვა არა ეტაპზე, არამედ ადგილას.
შეგვიძლია თამამად ვწეროთ კაცობრიობის ან ადამიანის განვითარებაზე მხატვრული გზის და მოგზაურობის გამოყენებით.
შეგვიძლია მოგზაურობა თავადაც ვცადოთ.
შეგვიძლია მოგზაურობა ტრანსპორტის მეშვეობით და ფეხით. ოღონდ ფეხით ან შორს ვერ წავალთ ან გაცილებით დიდი დრო და ძალა დაგვჭირდება.
თუ დრო არსებობს, მისი კონტროლის გზებიც არსებობს, თუ არ არსებობს, შეგვძლებია მისი გამოგონება. ყველა გზა მანქანისკენ მიდის.
ჩვევების ქონა პირველი სიმფტომია რეალობა წარსულით აღქმული გვქონდეს.
მეგობრები მახსოვს, შეუხებლად ჯერ ასანთის გადაწევას რომ სწავლობდნენ, მერე ისრის. ისარი თვალსა და ხელს შუა ორი წამით იწევა და აზარტში შედიან. და ფიქრში, რომ მეტი ენერგია აიღონ სერიოზული გადაწევისთვის. ზოგი მცენარიდან ცდილობდა აღებას, ზოგი – ცხოველიდან, ზოგიც – ადამიანიდან. ისტორიის ბოლო არ ვიცი. არც მათ იციან.
ისიც ვიფიქრე, რომ დროს პერიოდული აღქმა ახასიათებს. ასაკსა და პერიოდზეა დამოკიდებული მისი შენელება თუ დაჩქარება. გაჩერებაც.
გაჩერება, როგორც  გარემოს დინამიკურ მოძრაობასთან შეფარდებით ტვინის სტატიკურად გახდომა, გაშეშება. აწმყოს აღმოჩენა-გახანგრძლივებით დაბერების შებრკოლება და შეიძლება გადახტომაც  ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებით, დროის აღქმაზე რომაა პასუხისმგებელი. ამას ჰქვია ინტუიცია.
ინტუიცია, როგორც მახსოვრობა მოვლენათა თანმიმდევრობისა გაუხსენებელ წარსულში და სიბრტყეზე დროის წინა ჰორიზონტის ხედვა. ამ მხრივ, წინასწარმეტყველური სიზმრებიც სხვა არაფერია, თუ არა, ხედვის მექანიზმის სტიმულირება.
ამ თეორიით, იმდენი სივრცეა, რამდენიც დრო, როცა იმდენი დროა, რამდენიც სამყარო.
გავიტრუნე. ტვინში იმ წერტილს დავუწყე ძებნა, დროის მსვლელობას რომ მითიშავდა. დაძინება დიდი ხანია აღარ მინდოდა.
გაშეშების მერე, ვასკვნიდი, დროის არსებობა პარალელურ სამყაროებს წარმოშობს და მისი რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ყველა შესაძლო გაელვება ნებისმიერ არსებულთან მიმართებით.
ისიც გამეფიქრა, რომ შეიძლება ყველაფერი ბლეფია და დრო ილუზიაა, ენერგია, ოღონდ რომელიც ფიზიკის კანონებში ვერ ჯდება. არა კონსტრუქციულია.
ეს კონსტანტაზე მიუთითებს, ილუზიის მიერ საათების გამოყენებით ძალით შექმნილი არც სუბსტანცია ორგანიზატორული სულის გასაღვივებლად.
მერე ისიც ვიფიქრე, რომ დრო, რომელიც ჰორიზონტალურად, ჩვეულებრივ, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, თუ არ შეუძლია ვერტიკალური მოძრაობაც  განახორციელოს, მიმართულება ამაოდაა სივრცეში დაკარგული.
შეიძლება, წარსული არც ერთ სივრცეში აღარ არსებობს. თითოეული გაელვება მკვდარია და რა კარგი გამოთქმაა: დროის დაკარგვა.
ამ შემთხვევაში, მისი სახე მომავალში გამოცდილების სახით არსებობს მხოლოდ და მე თუ უძილობა მაქვს უთვალავი წარსულის გადმონაშთი აჩრდილი თავს დამტრიალებს და ორგანიზმის პროცესის შენელებაში (ძილში) მიშლის ხელს.
ამ შემთხვევაში, მე ყოველთვის ვკვდები. ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და იბადება ახალი მე ჩემში, რომელიც პოტენციაა, რომ მოკვდეს და ერთხელაც აღარ დაიბადოს.
განადგურებამდე ამბობენ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია, ეს კი პირველი ნაბიჯია, დროს გადავუსწროთო.
ჯერ სიგნალები გადაუგზავნიათ მომავალში, სატელევიზიო არხები, სულ ამას იმეორებდნენ. ადამიანებსაც გადავგზავნით, – ფრთხილად იპირებიან.
მომავალს რომ გადავხედოთ, თუ შვილი მეყოლება, ვურჩევ, რომ ტურიზმი პერსპექტიული სფეროა, ჩააბაროს.
ცოტა ხანში შეიქმნება ტურისტული სააგენტოები და ფოტოაპარატით ხელში, დაბნეული სახეებით დროებს დავათვალიერებთ. გავხსნით ცემენტის სასტუმროებს ქვის ხანაში და კიბერ მომავალში ქოხებს ავაგებთ, – ანუ დროებს აწმყოდ ვაქცევთ.
ადამიანები ყველაფერს ვაჩანაგებთ.
გამოვფხიზლდი.
ახლა ისეთი რაკეტა გვინდა დროზე სწრაფად რომ იფრენს, მაგრამ მფარველ ანგელოზზე ნელა.
უკან ის ფიქრი დავაბრუნე, ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და ახალი პოტენციური გვამი იბადება მეთქი.
ცხოვრების სიცარიელით დამძიმებული აღქმა მაქვს და ყოველ ჯერზე არაფერი მტკივა. საშინელი ტკივილები იცის არაფერმა. არ არსებობის გამო ვერ უმკურნალებ.
არაფერზე გამახსენდა, როცა ასტრონომები კოსმოსში გავიდნენ და ცის იქით ღმერთი ვერ ნახეს, ღმერთი არ არსებობსო, აღნიშნეს. დრო თუ კონსტანტაა, დრო ღმერთია. ენერგია, რომელიც ყველა გამოვლინებაში ნაწილდება და ერთადერთია, რომელიც ყველაფერშია. მისი კონტროლით ღმერთი ხარ. სხვა რაღა თვისება უნდა გაგაჩნდეს.
****
უძილობას ძილის გადაგდებით ვძლევ, პერანგიანი ვდგები სარკესთან და თავს გაურკვეველ აწმყოსა თუ წარსულში ვხედავ. ჩამოკიდული მკლავებისა და მუქი ფანქრის მსგავსად დახაზული შუბლის პარალელურად. მიჩნდება შიში არა მომავლის არსებობის, მისი გაურკვევლობის გამო. შიში არა იმისა, რომ სიბერე ულამაზოა, დამძიმებული ცხოვრების გამო სილამაზე ასაკთან ერთად, ვეღარ აღვიქვა. თავს ვატან ძალას და ვაშეშებ:
”წამოდი, წამო! შეჩერდი, მშვენიერი ვარ!”

ხვრელი

ფუტურო იყო.
გარსი გადაუწიეს და ფუტურო აღმოჩნდა.
სისხლი უნდა დაღვრილიყო იმ ქალწულივით ჭრილობის მერე ვაკუუმში რომ შეგიყვანს. თუმცა, ეტყობა, ამდენი უნდა დაექცია ზუსტად ფუტურო რომ გამხდარიყო.
ჯერ თითები შეახეს, შეუყვეს და ვერ ხვდებოდნენ, რა უფრო უკვირდათ მისი სიცოცხლე თუ აწ ვაკუუმი სიკვდილის მერე.
გახსოვთ, როგორ მოკვდა ადამი? ჯერ დაიბადა, – ხვრელიდან თიხის გორგოლასავით დაეცა, რამდენადაც არსად ყოფნას შემეცნება არჩია, მერე მერკურიმ ისარი სტყორცნა. მერკური, როგორც გონების სიმბოლო ორ სამყაროს შორის გადამყვანია. ბოლოს ადამი მიწას შეერწყა, დააპურა და იქიდან წამოიზარდა ხე.
თავიდან იყო ხე.
მიწა იყო და მიწად იქცა კი არა, ხით შესცოდა და ხედ იქცა.
იმ ხიდან გამოთალეს ჯვარი, რომელიც იმდენს იწონიდა, რამდენსაც ადამი თავის დროს.
მხნე კაცი იყო შრომისთვის შექმნილი, მისი მკლავები კი შეხებისთვის ფართო და მკვეთრი:
მთელი ცხოვრება ხეებს რგავდა და ხედ იქცა.
ახლა კი, როცა მოწაფეები უთვალთვალებდნენ სიღრმეს ადამის ზურგზე მომკიდებლის და ლურსმნებით მასზე მიდებულის, ხედავდნენ, როგორი ფუტურო იყო.
ადამზე უნდა მიჯაჭვულიყო, რომ ეხსნა.
მოწაფეები ხანდახან ისმენდნენ, რომ ის ღმერთი იყო, ღმერთი კი მინუს-პლიუსის ნულოვანი სათავე, საწყისი. აინტერესებდათ როგორი იყო ის და აუწიეს გარსი.
რომ შეეხედათ, ჯერ გაეჭრათ უნდა.
იხილეს რა სიცარიელე,  რომლისგანაც სისავსე მოდის, არაფერზე დაიწყეს ლოცვა.
გამორიცხვის მეთოდს მიმართეს.
გამორიცხეს ყველა შესაძლო ვარიანტი ბუნების წიაღიდან – ციური სხეულებიდან, ფრინველებიდან, ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის გავლით და მიხვდნენ, ეს უკვე აბსურდი იყო.
თუ ღმერთი ჭეშმარიტება იყო და არაფერი ერთადერთი ჭეშმარიტება, რადგან მხოლოდ არაფერი არ რიცხავდა და არ ეწინააღმდეგებოდა არაფერს, ლოცვისას არაფერზე ფიქრობდნენ. სახლებს ხეებისგან აშენებდნენ და ფიქრობდნენ, რომ წვიმისგან არაფერი იცავს.

შავი ხვრელი

 შავ ხვრელში ვარ. დრო იყო მეტი სივრცე იყოო. დრო იყო ღმერთი. წარმოშვაო სივრცე ერთი წერტილიდან და დაიწყო სამყაროს გაფართოვება. შემცირდა მისი სიმკვრივე. სივრცე გამჭირვალე გახდა. თავისუფალი ელექტრონების გაქრობით, სინათლე არაფერთან ურთიერთობდა. ქსელებში თავს იყრიდა მეტი მატერია.

ჩემი პლანეტა ათასეული წლის წინ შავ ორმოში მოხვდა. ფართობითობის თეორიის მიხედვით, ნებისმიერ დიდ მასას თუ შევკუმშავთ მცირე მასად, შავ ხვრელად ვაქცევთ.  აქ მცხოვრებლებმაც მტვერი შეკუმშეს და ღერძი მისცეს. შექმნილი ხვრელი ჩვენს პლანეტასთან ერთად მოზრდილმა ხვრელმა შეჭამა. ახლა აქ პერსონალური დრო და სივრცეა ახალი სამყაროსთვის.

 ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას შიგნით. ასეულ წელიწადში ხვრელი აორთქლდება, გვარწმუნებენ მეცნიერები, და მიკრო სამყარო გალაქტიკისთვის გათავისუფლდება. მე კოსმონავტი გამოვალ და ვიმოგზაურებ ჩახშული სივრციდან უტოპიაში, რომელსაც ირმის ნახტომი ჰქვია.