მოთხრობა

მკერდში მოხვედრილ ისარს სიკვდილის იმედით გავაყოლე კიდისკენ თვალი. ბოლო იმედიც გაშრა, სნაიპერის ნაცვლად კუპიდონი რომ დავინახე.
ეგ ხანუმა დაბერდა და ხელები უკანკალებსო, სანამ გულამდე მიაღწევს, სხეულებს ჩიჩქნის.
მთავარია, სწრაფი იყო და მანევრირება ისწავლო.
განა რამეა, მეძავებსაც სისწრაფის გამო არ უყვართო.
საკვებთან მიუკარებლად შემაშრა ნერწყვი, გემო დავკარგე, რომ ვწერო. უნერწყვოდ პირში ლუკმასავით ჩანგლით ვატრიალებ სიტყვებს და წყალს ვაყოლებ იმას, რამაც უნდა გამზარდოს, დამაბეროს, დამქანცოს.
ნახევარი თბილისი გაქონილი დადისო, ორაზროვნად აღნიშნა ჯადოქარმა, რომელიც სუსტი აღნაგობის იყო. ის ბებერი მშვილდოსანი, ანგელოზური წარმომავლობის მიუხედავად, ვფიქრობ, დემონად დაეცა, ისარი გულის არეს მიმოდებულ ქონს გააკარა.
ისტორიულად, მკერდი მკლავებზე ადრე გაშიშვლდა. ქალმა ჯერ დეკოლტე გაანიავა და მხრებს პატივი სცა ყოფილიყო შენახული ქმართათვის. ქმართათვის, რომლებიც, თავის მხრივ, მათ პარიკის შიგნით მოთავსებულ არც თუ ხუჭუჭა თმებს ანახებდნენ.
მე კი საკუთარი ნებით განვახორციელე ექსორციზმი, როდესაც საყვარელი კაცი სხეულთან ახლოს მივუშვი და ჩემში შემოღწევა ვთხოვე. ლუდით და არყით დამზადებული სიყვარულის ელექსირი დავალევინე. მერე ნებით თავი გადავაყვარე.
საინტერესო შეგრძნებაა, როცა სხვისი ორგანიზმის კონტროლი გიწევს, შეგიძლია გულის არითმია დამართო და  სისხლის მიმოქცევას სასურველ ადგილას უნაცვლებ.
და მერე კიდევ იტყვიან: რა საჭიროა შეღწევა?იმეცნებ.
თუ გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ეს გზა ქვემოდან იწყება. თვალებამდე ჯერ კიდევ შორია. ამისთვის ჯერ ყელში უნდა გაგეჩხიროს.
მე კი იმდენად გამეჩხირა, ხორცზე მეტის ფლობის ამბიცია გამიჩნდა. ვკითხე, შაგრენის ტყავი რომ მიმეცა, სულს თუ მომყიდდა.
დამთანხმდა.
თავად კი ისღა დამრჩა, მისი დამზადება მესწავლა.
ვიყვანთ ცხვარს, ვამოწმებთ ქალწულია თუ არა..
ორი თვის მერე უსასყიდლოდ ვაჩუქე.
მთელი ცხოვრება სისწრაფეს არკვევს: ჩვენ შორის ვინ პირველი წავა, მისი მანქანა მეგობრების რომელ მანქანას გაასწრებს. ბოლოს აიხირა: იმაზე სწრაფად ვივლი, ვიდრე მფარველი ანგელოზი დამედევნება.
აქაც, პირველ პირში არ ვიყო, თავს მოვიკლავდი.