ფასკუნჯი და მელაკუდა

ჯავახეთში არის პუნქტი, ზედმეტსახელად, ვინდოუსის ხედი, რადგან ძალიან ჰგავს მაიკროსოფტის შპალიერს. მე კიდევ იშვიათად მინახავს ამდენად ჰიპერაქტიური ღრუბლები, რომელიღაც თაიმ ლეფსის აპლიკაციით იხვეოდა მეგონა. სამხრეთის ალპური ქარის ენერგია დენით ფართო რეგიონს მოემსახურეობდა.

ჩემთვის ჯავახეთი არის მხარე, სადაც სტერეოტიპებს ვადა გაუვიდა. მაგალითად, ნაკელის ესთეტურობაზე, რომ პირამიდებს საქართველოშიც აშენებდნენ. ვნახე სახლები რუსული ფოლკლორიდან, ივანუშკას ამბების სათხრობად რომ უნდა გამოეხედა მოხუც მეზღაპრეს, სალათისფრად შეღებილი ფანჯრებიდან და ეთქვა: жили били старик со старухои. სანამ პანდას თვალებივით ამოღებილ სარკმლებს ვუყურებდი, თოლიები ფეხებში ისე მეჩრებოდნენ, როგორც კოლორადოს ჭიები კარტოფილის სეზონზე. ძაღლების ნაცვლად კი ოჯახებს ყარყატები მოეშინაურათ, მოსახლეობა რომ მათ მოფრენა-გამრავლება-გაფრენას უყურებს კალენდრის ნაცვლად. დაუმაგრებელი თივის ზვინები ფრინველებივით დაფრიალებდნენ, მათ შორის კი ერთი სლავური გარეგნობის თივისფერი გოგონა ველოსიპედის ბორბალს ჰაერით ტენიდა, გარეგნობით სალი მანის ქალიშვილს ჰგავდა. ალბათ ყველა დედა სალიმანია.

სახლიდან რომ გავდივარ, დედაჩემსაც ეშინია ჩემი. უკრაინაში მივდივარ მეთქი და ვინმეს სააკაშვილთან არ ეგონო და პოლიტპატიმარი არ გახდეო. ხევსურეთში მივდივარ მეთქი და სვანეთში წვიმამ მდინარე გაიტანაო. ჯავახეთში მივდივარ მეთქი და, მანდ ფასკუნჯები ბუდობენ, ჭრილობა ხომ არ გაქვს რომ სისხლზე მოვიდნენო. “ჭრილობა არა, მაგრამ თვიური ითვლება?” – ავკუნტრუშდი და როცა ჯავახეთში მეორედ მოვხვდი, ჩინური კიმონოსგან შეკერილი წითელი ფერის კაბა ჩავიცვი, იქნებ მიმეზიდა რომ დამენახა ეს ზღაპრული ძუძუმწოვარა. მთის კენწეროში ავედი და პლედზე დავწექი, რომ ფასკუნჯის ნაცვლად მელაკუდა მივიზიდე. ვინმეს გუგლიდან დედამიწისთვის რომ დაეხედა, ვინდოუსის შპალერის ყვითელ სივრცეში ორ წითელ წერტილს დაინახავდა.

ბოდვებზე და წიგნებზე

ტელეფონი უნდა გატყდეს.
ახლა საუკეთესო ვარიანტია შურისძიება საგანზე იდეის ნაცვლად.
ვხვდები გადაღეჭილ დებულებას, რომ მარტივად მსხვრევადია რწმენა ლოგიკის გარეშე და რა მარტივად შეიძლება დამზადდეს ლოგიკაც.
გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი წრიული მოძრაობა, ინსტინქტია ბავშვობიდან ღრმად ჩარჩენილი.
მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით, საკუთარი მეორე დაბადება.
პირველს არყოფნის რისკი დაემუქრა.
მომიტევეთ ჩემი გაორება ემოციურობის დაბალ ტონალობაში რომ შედგა.
მთავარია ტელეფონი გამორთული იყოს მიღებული ლოდინის ადვილად გადასატანად.
სარკის ეფექტს შეუძლია ნებისმიერი აზრის კოპირება.
ვდგავარ მის წინ და ვავარჯიშებ სავარცხლის სწორხაზოვან ბრუნვას.
ვფიქრობ, გულწრფელობას ჯერ არ მომიტევებს. არც ბოდვებს.
მეძინება საკმარისად, რომ არ დამეძინოს.
ასე ვიცი. ფიზიკურ ლტოლვას გონი არ მისრულებს.
ვიყოფი.
ვფიქრობ თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობისგან.
თუ ლოდინი არ მიყვარს, ტელეფონი უნდა გატყდეს.
****
ბიბლიოთეკაში ვაწყდები წიგნს ოკულტიზმზე.
”ფიქრების მიზანზე კონცენტრაციით, შესაძლებელია ნებისმიერს აიძულო დაკავშირება, შენი გავლენის ქვეშ მოქცევა.”
ჩემი სხვა მეუბნებოდა შემემოწმებინა, მითუმეტეს, მსგავსი ადრეც მიცდია.
გავითვალისწინე მწერლის მოთხოვნა და ჯერ მარტივი პროცედურით დავიწყე: ადგილობრივი მკითხველის კისერზე მივმართე მზერა და ფიქრი: ”ახლა მარჯვნივ მიიხედე”, ”ახლა მარცხნივ მიიხედე”, ”მინდა ჭერში აიხედო”..
წიგნში გაფრთხილება იყო, რომ საწყის სტადიაში შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ მგრძნობიარე ობიექტი აუცილებლად იგრძნობდა უჩვეულო ველს.
მე არ გამჭირვებია. ცდისპირი დამყოლი იყო.
საათიანი ვარჯიშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე მაგიდაზე მიგდებულ ფუჭურ ტელეფონზე. სეანსს მაწყვეტინებს მესიჯი მობიფეისგან.  😦
მე მხოლოდ ამას თუ გამოვიწვევდი.
მერე ჩემი ცდის პირი მოდის და მეცნობა: ”შეიძლება თქვენთან დავჯდე? რა საინტერესო წიგნს კითხულობთ.”
მეღიმება: ”არა, გმადლობთ”.
და ვფიქრობ, სულაც არ მინდა, ტელეფონი გატყდეს. 🙂
****
ერთი საინტერესო სიზმარი ვნახე.
ცხოვრების მანძილზე სამი სახლი გამოვიცვალე. მათ შორის პირველში დიდი ხანი ვიცხოვრე.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და ჯერაც პირველ სახლში ვცხოვრობ, მგონია.
სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ერთი გაჩერების მერე უნდა ჩამოვსულიყავი. ოცნებამ გამიტაცა და ერთი გაჩერებით გავცდი.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და რუმინეთის ქალაქ მოლდოვაში ავღმოჩნდი.
ყველაფერი ყვითელი იყო: სახლები, ცა, მიწა. უბრალოდ ადამიანები იყვნენ დაგრუზულები.
უკან გზა გაცილებით შორი აღმოჩნდა, ბევრი თავგადასავალი გამოვიარე.
თან ვღელავდი ოჯახის წევრების ნერვიულობაზე. ბოლო-ბოლო ვალოდინებდი.
გამეღვიძა. ტელეფონი ვეღარ ჩავრთე, ბატარეა მოეშალა.  მაინც არ მჭირდებოდა.
სამაგიეროდ, უბოტკინო სიყვითლის დადებითი განწყობა მაქვს.
ლოდინი არ მინდა, მოგზაურობა მინდა.
უფულოდ, მედიტაციით.

ოდინა


კარლ რეიხენბახმა ოდი აღმოაჩინა, სახელი ნორვეგიელი ღმერთის ”ოდინას” საპატივცემულოდ დაერქვა. ის შეგრძნებადი გამოსხივებებია, რომელსაც სხეული გამოყოფს. ადამიანის მარჯვენა ნაწილი მოცისფრო სხივებს უშვებს და მარჯვენა ხელის მსგავსად მინერალურ მაგნიტზე დადებითად მოქმედებს, როცა მარცხენა მხარე მოწითალო სხივებს ასხივებს.

ქალი და კაცი მას სხვადასხვანაირად გამოყოფს. ჯანმრთელი მკვეთრ ფერს გამოყოფს, ავადმყოფის ოდა ბჟუტავს. მას ასხივებს ყველა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება. ადამიანში ქიმიური გზით წარმოიშვება და ქვედა ნაწილში მეტად მოყვითალოა, ზემოთ – მოცისფრო. ავადმყოფ სხეულში – მოყვითალო. მას ფოტოგრაფიური ფირების გაბუნდოვნება შეუძლია. ცოცხალი ორგანიზმის სითბური და ელექტრონული სხივებია.

შეგვიძლია მისი აღებაც და გაცემაც. თავის ინდივიდუალურ თვისებებს მაინც არ კარგავს, სხვა ორგანიზმს რომ გადაეცემა. სიფაქიზის გამო მკვეთრ საგნებშიც აღწევს. ხეებში, მაგალითად. მაგნიტურ რაპორტიტას შეიძლია ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს, რომელიც ასხივებს. ადამიანები ოდიური გამოსხივებებით მანიპულირებენ და მის ოდის ფიგურაში სვამენ, ფიგურას ჩხვლეტენ და იციან, რომ იმ ოდის მატარებელ პიროვნებას სტკენს.

ფიზიკური აღგზნება აძლიერებს ოდურ გამოსხივებას. სიბნელეში მოხვედრილი თვალი ნელ-ნელა მეტად ასხივებს და ადამიანებს ხედვა შეგვიძლია. ადამიანები ვართ მისით დაკავშირებულნი. მეტიც, ის ჩვენს ინდივიდუალობას უდევს საფუძვლად. ”ყველა ორგანული და ფსიქიკური თავისებურებანი, რომლებითაც ცოცხალი არსებები გამოირჩევიან ერთმანეთისგან უეჭველად იდიური თვისებაა.” (დიუ პრელი). თვლიან, რომ ის უკანასკნელი რგოლია, რის გამოც შევდივართ უხილავი ფიზიკის დარგში. მაგები აკეთებენ ისე, რომ შინაგანი ოდური ადამიანი შეუერთდეს ბუნების საგანთა ოდურ არსებას. აღიქვას მათი გავლენა და შეძლოს ზემოქმედება.

მატერიას გააჩნია სხივების თვითჩასახვის უნარი. ჩასახული ოდა შეუნარჩუნებლივ გამოსხივდება და შეუჩერებლივ აღდგება. თუ ოდის დანაკარგი მისი აღდგენის პროპორციულია, სხეული ჯანმრთელია. სექსის დროს ყველაზე დიდი რაოდენობით სხივდება და ორგანიზმი მისგან სუსტდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდების გაცვლა თვისებების გაცვლასაც იწვევს. მისგანაა, რომ ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსება, როგორც ფიზიკურად, ისე თვისობრივად. ამის გამო სახიფათოა შემთხვევითი კავშირები.

მისი გადაცემა შეიძლება ხელის დადებით, სუნთქვით. ჭარბი ოდის შემთხვევაში ავადმყოფებს უწილადებენ ხოლმე. ოდის შეკავება არ შეიძლება. სასიცოცხლო ენერგიასთან შედარებით შეიძლება გადავცეთ შეგრძნებებიც. ბავშვის ჩასახვის წუთებში რა შეგრძნებაც არის, ბავშვზეც გადავა. დედები ასევე იყენებენ ოდიებით აღზრდის მეთოდს. ძილის დროს შვილებს ცალ ხელს თავზე დაადებენ, მეორეს – ხელებზე და ყურში რჩევა-დარიგებებს ჩასჩურჩულებენ.

ის ძირითადად თმიდან, ფეხებიდან და ხელებიდან გამოიყოფა. განსაკუთრებით შუა, ცერა და საჩვენებელი თითებიდან. ოდური ალი ოდურ ღრუბელს გავს. მბრწყინავი ნათებაა, რომელსაც სენსიტივური პირები ხედავენ. წმინდანი ადამიანის გარშემო ოდური ალია.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,