ყელიწადის გზა

All-focus

როცა სამი მეგობარი ზღვის დონიდან 3800 მეტრიან უღელტეხილზე დაძინებას ვცდილობთ, რელიეფი კი მხოლოდ ორი ალპური ნაბიჯის სიგრძეზე არაა დამრეცი, ზაფხულის თხელი ქვეშაგებიდან ვგრძნობ, როგორ მეცლება ჯიხვებისგან აყრილი ხრიოკი ქვები ზურგიდან, ხოლო თამარას გაბედული ვერსია მამხნევებს: “არაუშავს, აქედან არშაში ჩავიდეთ და ხაჭაპურები ვჭამოთ”.

ღამე უმთვაროა და ბნელი, მაგრამ მე თეთრად ვათენებ. უჰაერობა თავბრუს მიხვევს და ტომარაში ქანდაკებასავით ვწევარ. მგონია, თავი იმხელაზე გამებერა, გამყინვარებისდროინდელ კლდეებს ჩაიტანს, რადგან მიწა თავისას მოითხოვს, ნიუტონის ვაშლებივით დაცვენას. ვფიქრობ როგორ აღვმოჩნდით 3800 მეტრიან უღელტეხილზე დასაძინებლად და სად დავუშვით შეცდომა.

თრუსო. ორი დღის წინ:

თრუსოს გადასახვევთან, სამხედრო გზიდან უკვე ფეხით რომ შემოვუხვიეთ, ცალი თასმა მეორის სათასმეში ამებლანდა და დავეცი. ნიკაპი, იდაყვები და მუხლები გადავიყვლიფე, შუბლზე კოპი დავიდე, კამერა გავტეხე, ერთადერთი რედ ბული დავღვარე. ჭრილობა თერგის წყალში დავიმუშავე, თერგი დავლიე, თერგდალეული გავხდი. მორალი: თასმები ენის ქვეშ შევიკრა. მორალი მეორე: ტექნიკა გულით არ უნდა ვატარო. მორალი მესამე: სასმელი ჩანთაში შევინახო და არა ჩანთაზე მიმაგრებულ ბადეში.

მგონი თავი ისე დავარტყი ან მზემ ისე დამაჭირა, რომ მირაჟი დამეწყო და ტურისტულ ზონაში უმგზავრო დელიკები მეჩვენებოდა. მაქსი ხუმრობდა, რომ ყაზბეგელებს აქვთ მანქანები და დელიკები. დელიკას არც თვლიან მანქანად, დელიკა ცხენია. სასაზღვრო ზონის საშვები არ გვქონდა, ამიტომ ავტოსტოპსაც ვერ ვრისკავდით. თან გავსებული დელიკების გარდა მხოლოდ რუსულნომრიანი მანქანები მოძრაობდნენ, მძღოლს კი სახეზე ეწერა, რომ ალუდა ან ალნახსიტი ერქვა.

მაქსმა მოგვიყვა ამერიკელების გადაჩეხვის ისტორია საქართველოს სამხედრო გზაზე. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ფოთიდან შემოსულან აშშს ბატალიონები ჯიპებით და დარიალიდან აპირებდნენ რუსეთში გადასვლას. მაშინდელ საურმე გზაზე ვერ დატეულან და გადაჩეხილან. მორალი: ამერიკა ომში თავიდანვე მონაწილეობდა. მეორე მორალი: საქართველოს სამხედრო გზას რუსულად ირონიული სახელი ჰქვია, Военно-Грузинская дорога. მორალი მესამე: ძლიერია ადამიანი ვისაც ლაშქრობის დროს სუნთქვა საუბარზეც ჰყოფნის.

თრუსოში ოსების საფლავები დავათვალიერეთ. თურმე ქართული საგარეო პოლიტიკა კრძალავს ოსი ჭირისუფლების თრუსოში შემოსვლას საფლავების ან მიტოვებული კერების მოსანახულებლად. ადგილობრივების თქმით, ოსების თრუსოში შემოსვლა უფრო მკაცრად კონტროლდება, ვიდრე ოსების თბილისში შემოსვლა, გასაგები მიზეზის გამო. მითუმეტეს, თუ სტუმარს ლოკაციასთან წინაპარი აკავშირებს.

ადგილობრივები კი სადღაც აბანოსთან გავიცანით, სიონელი და ყაზბეგელი ბიჭები ზაფხულში თრუსოში დასახლებულან ტურისტული სტარტაპის იდეით. პიონერების დათესილ ხეებში ტურისტული თავშესაფარი აუშენებიათ, სადაც ქართველებს კოტეჯებში უფასოდ ტოვებენ, აჭმევენ, ასმევენ, კოცონით ათბობენ, მეორე დღის საგზლად ჩაისა და ყავას ატანენ. მომავალი წლისთვის თერგზე ჯომარდობის ტურებს აპირებენ, ყელიწადის მიმართულებით ნიშნულების გაბმას და ა.შ.

ადგილობრივებთან ვიჭორავეთ კიდეც. ჯერ მთელ სოფელში მარტოხელა მუდმივ მაცხოვრებელს დასცინეს. ოსი ქვირი ქალიაო, რომელიც ქართველებს ვერ იტანს, შეშლილიაო ჭკუიდანაო. ეჩვენება, რომ ებრძვიან და აუპატიურებენო. სიგიჟიდან თვითმკვლელობაზე გადავმისამართდით, და თურმე სუიციდური აქტივობის მაღალი ნიშნული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სნოსა და ქოსელში დაფიქსირებულა. მიზეზი კი სნოსწყალში უნდა ვეძიოთ, ორთავე სოფელს ერთი მდინარე ჩამოუყვება. უცნაური ხმა აქვს ამ წყალსო, დიდხანს ვინც უსმენს, ჭკუიდან შლისო. დავაფასეთ მუსიკის ძალა.

სამაგიეროდ, თავს აბანოში ვერ დაიხრჩობდით, გაზიანი წყლების გროვაში, რომელიც ისე ბუყბუყებდა, ავხსენი თერგდალეულ რუსებს ბაყ-ბაყდევებს რატომ ეძახდნენ მაგიური რეალიზმის წარმომადგენლები. ან ზოგადად, რატომ შემოვიდა წყალს დაპატრონებული ბაყ-ბაყ დევის პერსონაჟი ქართულ ფოლკლორში ხევიდან. არა, ამ ტბაში მართლა ვერ დაიხრჩობით. თამარას კამერა ჩამივარდა და კამერამ ზედაპირზე ტივ-ტივი დაიწყო. ჩემი არ მეყო და იმ დღეს სხვისი კამერაც გავაფუჭე. ველურ ბუნებაში უკამეროდ დავრჩით. კამერა კიდევ წყალივითაა. დავუშვათ და მოკვდით, თითქმის შავი ყუთია.

ღამე ცივი იყო და ქარიანი. საათში ერთხელ ბალიშად დადებული ჩანთები იჩუტებოდა და ტანსაცმელი საძილე ტომრის შიგნით თავსდებოდა. ღამე სამივემ თეთრად გავათენეთ. გათენდა და ადგილობრივებმა ყელიწადზე მისასვლელი ისეთი უღელტეხილი დაგვანახეს, საიდანაც სასაზღვრო ზონაში უსაშვოდ მოვხვდებოდით. თან შორი მანძილიდან შემოვლას, პირდაპირ აჭრა ვარჩიეთ. მახსოვს, ერთმა ადგილობრივმა სასხვათაშორისოდ ისიც დასძინა, რომ რაღაც ვიღაცამ დრონით ვიდეო გადაიღო, იმის მერე ყელიწადს მნახველები მოუმრავლდაო. მწვანე ზებრა იგულისხმა ალბათ და ლეონს რომ ვუთხარი ერთხელ, ჩაიცინა და “კაია მერე”. ჩვენი ამ გზაზე წამოსვლის მიზეზი კი მაქსია. არშასა და ვლადიკავკაზშია გაზრდილი და აინტერესებდა ეს მხარე.

იმ დღეს ვფიქრობდი ჰაიკინგში პოსტმოდერნიზმის ძალაზე. როდესაც რაღაც ნიშნულამდე ადიხარ, ეს არა მხოლოდ შენი ნაციის სიძლიერეზე მეტყველებს, არამედ იმ ქვეყნების მადლობელი უნდა იყო, შენი აღჭურვილობა ვისი ნაწარმიცაა. მაგალითად, მადლობა ვიეტნამს ჩემი ფეხსაცმლისთვის, ნორზ ფეისის ჩანთისთვის და ცალი სალაშქრო ჯოხისთვის. მადლობა იტალიას მეორე სალაშქრო ჯოხისთვის. მადლობა ამერიკას ჩემი თეთრეულისთვის. გერმანიას – ჩემი შარვლისთვის. თურქეთს – ჩემი მაისურისთვის. საქართველოს – ალტერ სოქსის წინდებისთვის. ინდოეთს – საწვიმარი ქურთუკისთვის.

ავდიოდი მჟავე წყლებზე, საფლავებზე, დეკაზე, ხრიოკ ქვებზე ვხტუნაობდი და ვფიქრობდი, რომ ძალიან სუსტი ვარ და პატარა, ბუნებისთვის სრულიად უმნიშვნელო გოგო. მენატრებოდა ტელეფონის ზარები, ჰენგაუთის ნოთიფიკაციები, დონალდ ტრამპის ტვიტები, ჰიპსტერული ბლოგები, ვიზუალური თეოლოგიის დიაგრამები, ამაზონ პრაიმი, ლონდონური ტექნოს არტისტები, ონიონის არალეგალურ ბაზარში ექსკურსიები, “ჩვენი სუფრას” კომპოტები, რომელსაც არასალაშქრო შეფუთვა აქვს და იძულებული ვარ მიწიანი, მჟავე წყლები ვსვა. თამარა უფრო ბუნების შვილია. ნაკლებად ენატრება ურბანული გარემო. ეს ჩემი პირველი გასვლაა ალპური ტბებისკენ. აბუდელაურზეც კი არ ვყოფილვარ.

დათვიჯვრისხეობაში გზაჯვარედინთან, სანამ ციცაბო აღმართები დაიწყებოდა, სამივემ ერთად შევისვენეთ ოფლის მოსაწმენდად, მზის კრემის წასასმელად და დარჩენილი მჟავე წყლის დასალევად. ჩვენ წინაშე ორი უღელტეხილი იყო, ერთი რამდენიმე მეტრით დაბალზე და სალაშქრო ჯოხებით შევძლებდით ასვლას, მეორე მაღალი საფოფხი უღელტეხილი გახლდათ. გავიხსენეთ ადგილობრივების დარიგება და მაღალი უღელტეხილით წავედით. ვხედავდით როგორ ნავარდობდნენ ჯიხვები. და როგორც თამარა იტყოდა, დამცინავად დაგვყურებდნენ ზემოდან.

უღელტეხილამდე გაგვიწვიმდა, ქლიავისხელა სეტყვები ცვიოდა, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოტაოდენი ფაფუკი ფიფქიც შევამჩნიე კლდეებზე. ავდივარ ამ ნაყარ ქვებზე და სეტყვა უკან მაბრუნებს. თითქოს გაისაპნა ეს ქვები. სამ ნაბიჯს რომ ვდგავ, ორი ნაბიჯით უკან ვიხევი. თან 3000+ მეტრზე თავი წნევისგან გამისივდა, ვახველებ თუ ვაღებინებ ვერ ვხვდები. სიცივისგან ვკანკალებ თუ შიშისგან. შარდისგან გებერილი მუცლით დავდივარ, არა და როგორ უნდა განვმარტოვდე სალ კლდეებზე? ან როგორ უნდა მოშარდო, როცა ფეხებს ვერ ათანასწორებ და ბობღვა გიწევს? თან რაც უფრო მაღლა ავდივარ, გულის რევის შეგრძნება მიმატებს.

წვიმის დამთავრებამდე გაჩერება ვარჩიეთ. წვიმამ კი მაშინ გადაიღო, როცა მზემ თავისი დღიური ვადა ამოწურა. რა გვექნა, უღელტეხილზე ასვლა სიბნელეში გავაგრძელეთ. თითქოს ტრანსში ვიყავი და ფეხები თავისით დადიოდა. ბოლოსკენ სამივე იმდენად დაქსაქსულები ვიყავით ერთმანეთისგან, მარტოობამაც ძალიან დამთრგუნა. ყვირილი ან ტირილი მინდოდა, როცა რაღაც მომენტში, ჩემს აკანკალებულ ზურგს მაქსი მოეკრო და დამამშვიდა. აქეთ თამარა მელაპარაკებოდა ხაჭაპურებზე, ხვალ ყელიწადის დანახვისას მშობიარობის ტკივილისავით დავიწყებულ დღევანდელ გზაზე, მატყუებს, რომ ასეთი გზები თოვლიან მყინვარწვერზე უფრო რთულია.

უკვე იმდენად დაბნელდა, ფანარი დაგვჭირდა. უმთვარო ღამე იყო და წყვდიადი სუფევდა. ახლავე დათვის ბუნაგში საძილე ტომრებით დარჩენას, ორიოდე საათი აღმართი და უღელტეხილზე კარვის გაშლა ვარჩიეთ. ალბათ ორ საათზე მეტი მოვუნდი 80 მეტრის გავლას. ჯერ მაქსი მიდიოდა წინ და მერე ფანარს მინათებდა უკან. თამარა ჩამკეტი იყო და ცალკე ის მეშინოდა, ქვა უკან არ გამესხლიტა. დროდადრო შესასვენებლად ვჩერდებოდი, ოღონდ ფეხები მქონდა შპაკატში. რამდენჯერმე იმიტომ შევჩერდი, რომ სხეულს ქანცი გაუწყდა და უბრალოდ ლოდზე დაეცა. თან თითები სიცივისგან ისე გამეფშიკა, ლოდსაც ვერ ვეჭიდებოდი. აი, ფეხები შპაკატშია, ხოლო ხელები ნაყარ ლოდებს კი არ ებღაუჭება, უბრალოდ აგდია. მაგ დროს ვისწავლე ის, რაც საცოცმა კედლებმა ვერ მასწავლა. ენერგიის მოდუნება ხელებიდან ფეხებში. ან საერთოდ, რატომ დავდიოდი ამ ცოცვაზე?

უღელტეხილზე რომ ავცოცდით, მაქსმა და თამარამ თასმები მოიძრეს და კარავი გაშალეს. მახსოვს კადრი, უღელტეხილიდან ყელიწადისკენ რომ ჩავიხედე და უკუნითი წყვდიადი იდგა. სამარისებულ სიჩუმეში აქა-იქ ქვები ხოხავდა. არავითარი გენდერული განსხვავება ან ზრდილობა მე არ მახსოვდა და ნახევარი დღის ნაგროვები შარდი იქვე გავუშვი, შორს არ წავსულვარ. მაქსი კი იყო მაინც მხნედ და ყველაზე მორიდებულად ჩვენ შორის, ისედაც წყვდიად ღამეში მოსაშარდად ლამის მეზობელ უღელტეხილზე გადავიდა.

იმ ღამით, როცა ტომრებში შევიფუთეთ, ვგრძნობდი, როგორ ვცურავდი დამრეცი რელიეფის გამო უკან, თრუსოსკენ. სამმა მეგობარმა ალპური ჰაერი გაიყოო. ის ღამეც თეთრად გავათენე. და როდესაც მეორე დილა გათენდა და უღელტეხილიდან გადავიხედეთ, ყელიწადი ვერ დავინახეთ. ირონიით, გზაჯვარედინთან რომ შევრჩერდით, თურმე მეორე, მარტივი და დაბალი უღელტეხილი უნდა გადაგველახა რომ ყელიწადზე მოვხვედრილიყავით. და სულ ამაოდ ჩაიარა ბობღვამ.