თუ შუა ქუჩაში წაქცეული გოგონა შეგხვდებათ, მე ვარ. გუშინაც ჯიქიიდან ქავთარაძეზე მოვსეირნობდი, რომ ფეხი გადამიბრუნდა დღის განმავლობაში მერვეჯერ.
ასეა, თაბაშირის მოხსნიდან მთელი თვის მანძილზე ვიქცევი სახლში, სამსახურში, ქუჩაში, ფეხით ყოველი ორასი მეტრის გავლისას.
ვათვალიერებ სპორტული მაღაზიის ვიტრინებს და ვოცნებობ იმ მთიან დღეებზე, როცა ვარჯიში შემეძლება, სალაშქრო ხეტიალი და მწვერვალებს დავიპყრობ.
როცა მოვიტეხე, ექიმთან ერთი თვის მერე მივედი, მანამდე ვიარე სამსახურში, “მტკვარზე” და “ბასიანზე” ვცეკვავდი, მოვიარე შიდა ქართლი და თუშეთი, ამიტომ აიღეთ და გადახიეთ სტერეოტიპი, რომ მოტეხილობამ დიდი ტკივილები იცის და ადამიანს არ ძალუძს სიარული.
ყავარჯენი თავიდანვე ავითვალწუნე და ქუჩაში გასვლისას თუ ვხმარობდი, სახლში კი ასკინკილათი დავხტოდი. უნდა გენახეთ გუდვილში, სტომატოლოგიდან ანესთეზიით ახალი გამოსული ყავარჯნებზე ვიდექი, გამობერილი ყბით, ჩექმის მაგივრად წინდით. შეიძლება ბედმა ჩამიარა და ვერ მიცნო.
გუშინ კი ვიწექი დავარდნილი შუა ქავთარაძეზე და ვფიქრობდი მფრინავ თეფშზე ამხედრებულ სიმპათიურ ყმაწვილზე, რომელიც ხელებით მტკივნეულ ადგილებს დამიამებდა, ვიქნებოდით ჯანმრთელად და ბედნიერად, სანამ ღალატი არ დაგვაშორებდა.
საღამოს ძმის შვილთან სტუმრობა მოვინდომე, თათას რომ მეძახის და იმ ასაკშია, საუბარს შედარებებით რომ სწავლობს. გადაუშლიან ანიმაციებსა და წიგნებს, ფლორასა და ფაუნას. მოძრავ კალიაზე ეკითხებიან: “ამას რა ჰქვია?” რაზეც პასუხობს: “თათა”.
Tag Archives: ყავარჯენი
მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს
დამისპოილერეს, რომ ლი ტრამვების მერე გახსნის ლოტუსს, მე კი გაარასთან შედარებით, რა მიჭირს, დამიწებულია მხოლოდ ცალი ფეხი. ამგვარად, ოთხი კედელი გავარღვიე და ორი ყავარჯნით სიარული ვისწავლე. რაც თავის თავზე იღლიებმა იტვირთეს, ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუსადეგარმა სხეულის ნაწილებმა, სუნი აქვს, ეღუტუნება და ეპილაციისას თუ დაუწყებ ყურებას, კრიტიკულ სიტუაციაში კი მთელი სხეული ასწიეს. პირველი პრობლემა, რასაც მკურნალობისას წავაწყდი, სამსახური იყო. სამუშაოს გაცდენებმა უხელფასობა წარმოშვა, ხოლო მთელი დანაზოგი ჯანმრთელობაზე წავიდა.
მეორე პრობლემა მოტეხილობისა და ჰემატომის გამო დახურულ სივრცეში მშობლებსა და მეგობრებზე დამოკიდებულება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებდნენ, აწი ნარუტოსთვის მეტი დრო დაგრჩებაო, და მეც თავს ვიმშვიდებდი, რომ თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია, ლოგინში საკვების მორთმევისა და ხელში აყვანით გადაადგილების მომენტი ორივე მხარისთვის დისკომფორტულია. მაგრამ ანნა ბლუმი რის ანნა ბლუმი არის მეთქი, ყავარჯნებზე აზიდულს ტყეში არ ერბინა და მთიულეთში თოვლში მოპენტილი ენძელების მოსატანად გავიქეცი. დისკომფორტის კომფორტში გადასატანად კი მეგობრებმა ყავარჯნებზე ჯოხები დამიტაკეს და ულაზერო ვარსკვლავური ომები გავმართეთ.
მესამე პრობლემა, რასაც ქუჩაში გასვლისას მეგონა წავაწყდებოდი, თბილისური ინფრასტრუქტურა და ხალხი იყო. საბედნიეროდ, ზოგი დაწესებულება და მადლობა მათ, ჩემნაირი პირებისთვის უკიბო მისადგომს გვთავაზობს, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს ყავარჯნებით კიბეებზე ასვლა, განსაკუთრებით ისეთ წვიმიან ამინდში, თან ღამე, როგორიც გუშინ იყო. ამ დროს ყავარჯნების სიმაღლე იღლიებთან შედარებით მაღალ საფეხურზეა და რეზინა ჯოხების ბოლოებში შეიძლება ისე გაცურდეს, ვერ დავინახო. რაც შეეხება ქუჩაში ხალხს, ჩემი ტანჯული სიარულის ჟამს ბევრი მათგანი გავიცანი, თურმე ზოგს გამოუცდია ტრამვული მდგომარეობა და ყავარჯნებთან დაკავშირებით რჩევებსაც მაძლევდნენ. კარგებსაც და ასეთებსაც: თურმე საქართველოში ჩაი, როგორც კონტრაბანდა, ნიკო მარის შემოუტანია აღმოსავლეთიდან და ეს აკრძალული ბალახი ყავარჯენში ედოო, – პაპაჩემმა. მესამე სურათზე, თუ კარგად დააკვირდებით, კავკასიონი ჩანს.