ერთხელ მაცხოვარი ბეთანიაში სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. მასთან ერთი ქალი მივიდა და მიიტანა ლავანდის ზეთისგან დამზადებული ნელსაცხებელი. ამ ნელსაცხებელს იყენებდნენ თმისა და კანის ლოსიონად, ტკივილგამაყუჩებლად, ლუბრიკანტად, ჩრჩილის გასაქრობად, სოკოსა და ალერგიების სამკურნალოდ, დიაზეპამის ნაცვლად და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდრული ნელსაცხებელი იყო. როგორც თვითონ მარკოზი ამბობს, სუფთა ლავანდი (ძველქართულად, ნარდი) იყო მოტანილი მინარევების გარეშე. ნელსაცხებელი ესხა ალაბასტრის ჭურჭელში. ქალმა გატეხა ალაბასტრი და ლავანდის ზეთით მორწყა მაცხოვარი. ანუ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი წამლის თვიური მარაგი ერთ ადამიანზე ერთჯერადად დახარჯა. ფარისევლები გაწყრნენ ქალზე, გაგეყიდა და აღებული ფული ღარიბებისთვის დაგერიგაო.
ა) მხოლოდ ალაბასტრის ჭურჭელი მარმარილოზე ძვირფასი იყო, რომ არ გაეტეხა;
ბ) ლავანდის ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად გაყიდვადი ნელსაცხებელი იყო, რომელსაც მხოლოდ არომატიზატორის კი არა, სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.
მაგრამ იესომ ფარისევლები გააჩუმა, აცადეთ ქალს, ასე გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებასო. ეტყობა ამ დროს უკვე დაწყებული ჰქონდა ნელსაცხებელს დიაზეპამური მოქმედება.
ა) კი, იესო იყო ნარცისი;
ბ) არა, ბიბლია არ გვეუბნება, რომ მოძღვარმა უნდა გაყიდოს აიფონ12 ფულის ღარიბებისთვის დასარიგებლად თუ ამ აიფონ12-ით ქრისტეს სიყვარულს დაამტკიცებს.
ამ ამბის მერე მარკოზთან უკვე ჯვარცმაა აღწერილი, რაც ისტორიას უფრო საინტერესოდ აქცევს. ქრისტეს უკვე აქვს რამდენიმე ადამიანის რამდენიმე თვის სამყოფი გამაყუჩებული მიღებული. ანუ იცის როგორ მოქმედებს ადამიანზე. შეიძლება ამიტომ, როცა ჯვარცმის წინ მურგარეული ღვინო მიუტანეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ დალია, საღ აზრზე მინდა მოვკვდეო.
ლავანდას ეზოთერული მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ძველ აღთქმას უნდა მივმართოთ, იმიტომ, რომ რთულია ძველი აღთქმის გარეშე ახალი აღთქმის გაგება. სერიალის მეორე სეზონის ნახვას გავს პირველი სეზონის ნახვის გარეშე. ლავანდის ნელსაცხებელს ცერემონიული მნიშვნელობა აქვს, ღმერთი გვირჩევს, რომ ლოცვის დროს არომატიზატორად გამოვიყენოთ.
დღევანდელ პირობებში სურნელებზე მეტად ვიზუალური ზეთოვანი კონცენტრატორები გვაქვს სალოცავად. მაგალითად, ხატები, ფრესკები. მამა გაბრიელის მაგალითზე, უკვე ფოტოგამოსახულებები.
ქართული ხატები იაპონური მანგების პერსონაჟებს მაგონებს მინიმალისტური ცხვირ-პირით, უშველებელი თვალებითა და უსუსური სხეულით. შეიძლება იმიტომ, რომ ქართულმა და რუსულმა კულტურამ რენესანსი გამოტოვა. სანამ პოსტ ბიზანტიელები სხვა ევროპელებთან კოლაბორაციით ნატურალისტურ ფორმებს ქმნიდნენ, იგონებდნენ საღებავებს, რომლებიც დღევანდელ რგბ ფერებს სიკაშკაშით წააგავს, სწავლობდნენ ანატომიასა და შუქ-ჩრდილების გამოყენებას, ჩვენი არჩილ მეფე ერწოს აძეძში თევზაობდა და ვეფხისტყაოსნის ფანარტით ერთობოდა, ვექტორებისა და სკეჩების სრულმქმნილ სურათად (შუქ-ჩრდილებით, ფონის ათვისებით, ფერთა თამაშით და ა.შ) გადაკეთების დრო არ ჰქონდა.
დაკვირვებული ხართ რანაირი ყელი აქვთ ჩვენს ხატებს? თითქოს ყველა წმინდანს თავი აქვს წაჭრილი და ტანს უბრალოდ ადევს. არ ვიცი ეს ექსპრესია რას ემსახურება, მაგრამ მაშინებს, არ ვიყიდიდი. რუსული ხატებიც მასეა. თითქოს ყველა წმინდანს ლავანდის ლოსიონი აქვს გადავლებული, მურგარეული ღვინო დალეული და მალავს, რომ ჭკუიდან იშლება. წმინდანებს თვალები უსივდებათ, ყელი ეღრიცებათ თითქოს კეტამინი გაიყნოსესო და მაინც ამაყად გვაჩვენებენ ცერა თითს არათითზე.
Tag Archives: ქრისტე
მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1
არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.
ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.
ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.
გადაყვარება
არსებობს რამდენიმე დავალება, რათა გავთავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის ლანდისგან დაშორების მერე და განვიცადოთ კათარზისი: 1) ვეცადოთ გავხდეთ უფრო ბედნიერები, ვიდრე ყოფილ პარტნიორთან თანაარსებობის დროს, რადგან ბედნიერი წუთების გახსენებამ ეფექტი დაკარგოს; 2) ვეცადოთ ხალხს კეთილად მოვექცეთ, რადგან აქამდე დაგროვილი სითბო უადრესატოდ არ დარჩეს და ბოღმად არ დაილუქოს. მაგალითად, გავანებივროთ ხალხი საჩუქრებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საყვარელი ადამიანი არ არის მატერიალურად არსებული და საკუთარი თავის ხატს, ავატარს წარმოადგენს. შეიძლება გადაიყვაროს საკუთარი პიროვნება ბილი მილიგანმა ან ქრისტემ გაღმერთებისას?
მოვიფიქრე, რომ აზერბაიჯანისთვის მეორე შანსი მიმეცა, რადგან გობუსტანში სოლო ლაშქრობისას უპასუხო შეკითხვები გამიჩნდა. სხვა სტატიაში გობუსტანი აღვწერე, როგორც აზერების ოცნება ეთნიკური ვიკინგები ყოფილიყვნენ. აი, როგორც ქართველებს გვაქვს ოცნება “ვეფხისტყაოსნის” რენესანსურ პიონერობაზე, თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს თეორია პატარა ერის კომპლექსად რჩება, “ვეფხისტყაოსანი” კი – კარგი ხარისხის მაგრამ, მაინც სადევ-გმირო რომანად. სად დანტე და ბოკაჩო თავიანთი ცოდვილი რომის პაპებითაც კი, და სად რუსთაველი, პერსონაჟები ჯერ კიდევ არაადამიანურები ჰყავსო.
ამ ფოტოზე ვარ მე, ანდოგინი ანგელოზი და პლაგიატი მათე, იქვე კარავაჯოს ხელმოწერა იგულისხმება, აკაკი წერეთელივით რომ მწერალს მისიონერული პოზიცია მიაწერა. სხვა სახარებებიდან მათეს წიგნი ყველაზე გამოკვეთილად აღწერს ქრისტეს ადამიანურობას. კარავაჯოს ჩანაფიქრით კი ჩვენთვის ღმერთი ქრისტე, ციური სამყაროსთვის მაინც ადამიანია. ეს მათეს ქრისტეს “ჩორტის” ბრალია ისტორიულ სომხეთთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭდა.
საახალწლო უქმეებზე სამ დღიანი კასპიის კრუიზი მოვიწყე. სხვა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შემეძლო მთელი დღე მეარა ოთხკუთხედ ოთახში ჩემი შავი კიმონოთი და მესმინა პელევინის პოსტაპოკალიპტური საბჭოთა კავშირისთვის. არ მესმის როგორ უნდა იკითხო პელევინი. პელევინს უნდა მოუსმინო აუდიო წიგნებით. თუნდაც იმიტომ, რომ პელევინის შემოქმედება ჯერ მპ3 ხარისხით გამოდის და მერე იწერება. მაგრამ რუმმეითმა ჩემზე იძალადა, ოთახში მასე თბილისშიც გამოიკეტებიო, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიაო, ახალი წელიაო.
ვერ წარმოიდგენთ როგორ მეზარებოდა უცხო ქვეყანაში დალევა. მაგრამ რუმმეითის დაჟინებული თხოვნის, საბნის გადაწევის, წყლით გამოფხიზლების მერე, სადაც მეოთხე ტეკილას რომ ვსვამდით ბზრიალა ცათამბრჯენზე, ვკითხე, რას გაურბიხარ, რომ ერთობი მეთქი. ეს შენ რას გაურბიხარ, “ალი და ნინოს” წიგნის მაღაზიაში ჯერ მარტო ერთ წიგნში 59 მანათი რომ მიეციო. ეტყობა ვერ ვერთობი, უნარი დამეკარგა მეთქი.
ბაქოს ბოლო დღეს კარავაჯოს გამოფენას ვესტუმრე და ბოლო კვირების მერე პირველად გავიღიმე. სევდიანია, როცა ხვდები, ალკოჰოლი რომ აღარ გართობს, არც გლამურული სპა სალონები “კაიუტაში”, არც ოთახთან დატოვებული თაიგულის ავტორის ვინაობა გაინტერესებს, არც ნაპოვნი 1000 რეალის დაგუგვლა გაცინებს და აღმოჩენა რომ ამით 1 დოლარიც არ მოგივა. აი, თურმე რატომ იციან აზიელებმა მათემატიკა, მაღალ რიცხვებთან აქვთ შეხება. მაგრამ აი, მათეს სახე ძალიან მამხიარულებს და რა ვქნა. ასაკი ალბათ. გადაყვარებაზე ვსაუბრობდი და ალბათ საკუთარი სურვილები უნდა გადავიყვარო, საზოგადოებას რომ სახარებასავით მინდა მოვახვიო.
გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი
კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!
“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010
ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.
არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.
შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?
გოგონა, რომელსაც მცენარედ ყოფნა უნდოდა
მე რომ მწვადი არ ვჭამო, დედაშენმა ყავა არ დალიოს, ირაკლიმ – კოკა-კოლა, შენ კი – ღვინო, – რაა ოჯახიო, – მამამ. მას მერე, რაც ძამიკომ სახლში არც მარხული, არც ვეგეტარიანელი, არამედ ვეგანი სტუმარი მოგვიყვანა. აქამდე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მოუთუშავი, მოუხარშავი, საღი და უმი ბოსტნეულით იკვებება და ამტკიცებს, ქრისტეც ვეგანი იყო, უბრალოდ თევზი იმ დროინდელი სადილის კრებითი სახელიაო.
თავის დროზე მშობლების მშობლებმა ჩემი აღმოცენების შესაწირად მსხლის ხე დანერგეს. მამამ კი დაკარგული ლეკვი ქუჩაში იპოვნა და ვიშვილეთ როგორც თანატოლი შვილი, მეგობარი, მამასახლისი. ვიცოდი, რომ დაახლოებით, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდით, ის დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ამასობაში წვრილძვალა მსხალი, რომელსაც ნაყოფი ჯერ არ გამოეღო, სიმაღლეში მისწრებდა.
სევდიანი ისაა, რომ მცენარეს ცისკენ წადილით მალევე ვაჯობე და ხეზე მაღალი გავიზარდე. ზაფხულობით სოფელში ჩასული ბებიაჩემს ვეკითხებოდი მსხალმა ნაყოფი თუ გამოიღო მეთქი, ისე მინდოდა თანატოლი ხის დაგემოვნება. მაგრამ ყოველ წელს ორიოდე მკვახე მსხალი ემშობიარა, ცრემლივით რომ ჩამოეკონწიალებინა თვალების ფორმიან ფოთლებზე. ერთ ზაფხულამდეც მოჭრეს. ისეთი დისტროფიკი იყო, ტოტები ლამის მიწიდან ეწყებოდაო. ჩრდილადაც არ ვარგოდაო ჩემი უშვილო ხე. იმ ადგილას გოგრები დათესეს, არ მიყვარს ოქტომბერი.
ძაღლს კი ღვინიანი ადამიანები არ უყვარდა. თექვსმეტის რომ გავხდი, უკვე შემეძლო დაღვინება. იმის მერე ძაღლი არ მყვარებია. მონოგამიის მოქადაგე ქვრივად ვიქეცი. მცენარეები მაინც მხიბლავდა, იმდენად, რომ ვჭამდი. ცხოველები რომ მყვარებოდა, ვეგეტარიანელი კი არ ვიქნებოდი, მაჩვენე ორგანიზმში რას იღებ და გეტყვი ვინ ხარ შენო, და გემრიელად ვისადილებდი უმად. კაცი რომ ვიყო, ალბათ მოძალადე ქმარი ვიქნებოდი.
ბავშვობიდან მეზიზღებიან კატები, თავნებები, თავისუფლები. თანაც იმდენად, რომ მათი მოკვლაც არ შემიძლია, არ უნდა გავისვარო მათში ხელები. იმდენად მეზიზღებიან, რომ ვინმე ჰომოფობივით სიძულვილის მიზეზის თქმაც კი არ შემიძლია. ჩემი სიძულვილი კი მაშინ ორკეცდება, როცა გოგოები მადარებენ ხასიათით კატას. ერთმანეთი გაიცნეს? პირი შეკრეს?
იცით, წმინდანები მალე რატომ არ იხრწნებიან? იმიტომ, რომ მარხულობენ და მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები ნახშირ(ის)წყლებისგან შედგებიან და ამიტომაც ნელა იხრწნებიან.
ერთი ძაძიანი შენაკადი აქვს ივრის მდინარეს. ამ ზაფხულს იქვე ოჯახმა დრაფტი მოვაწყეთ, რომ მანქანის ნომერი წყალში ჩაგვივარდა. შევცურე და ძალიან ლამაზი კუროს ქალა ვიპოვნე, სურათი გადავუღე, მუხლებზე დავისვი, მოვეფერე. თვალებში მცენარეები ჩადგმოდა, ძვალი დელფინივით სრიალებდა. რა ლამაზია წყალში გახრწნილი სხეული. მე თუ მოვკვდები, როდისმე მაინც, წყალში დამმარხეთ.
რამდენიმე დღის მერე აუზიდან სახლში ვბრუნდებოდი როცა ვაკეში მკვდარი ძაღლი ვიპოვნე. წარმოიდგინეთ კადრი, ცხოველია გახსნილი პირით, დიდი კბილებით. ასო მოეკვეთათ და ექვე ფეხებთან მიეგდოთ, ჭრილობაში კი მცენარეები ჩაებღუჯათ. მე არ ვიცოდი ვის დასჭირდა ამის გაკეთება და რატომ. ეს არ გავდა სექტის ნამოქმედარს. შეიძლება ბავშვები.. პირველი რაც გავაკეთე, ვეტერინარი კლასელი მყავს და ვურეკავ, ვეკითხები რჩევას, რა გავაკეთო. “არსებობს რაიმე ცხოველთა დაცვის კანონი, რომელიც დამნაშავეებს დასჯის?” “სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები არაა დაცული, ცხოველისას როგორ დაიცავ?!”
მახსოვდა ინფორმაცია ძაღლების ჩხუბის შესახებ, სადაც პატრონი სერიოზულად უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამბავი მსუბუქი შეშინებით დასრულდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მივმართე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: “არსებობს რაიმე რეაქცია მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საქართველოში?” “ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩავრთოთ, ჩაუტარდეს ცხოველს ექსპერტიზა და ყველაფერი ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული”. ანუ როგორც ადამიანის წამების შემთხვევაში, მაგრამ დასძინეს, რომ ათეული საქმეა სასამართლოს გადაცემული, თუმცა უშედეგოდ. მე მაინც ვცდილობ მასალების მოძიებას.
ამ დღეებში სახლში ხვლიკი და სხვა ქვეწარმავალი აღმოვაჩინე. ისინი ჩემი ლოგინის ირგვლივ დარბიან და წერისას შთამაგონებენ მიძღვნას. ეძღვნებათ ხვლიკებს, მცენარეებს და ცხოველებს, კატებსაც კი. და მგონი ამდენი ბალახის ჭამით ყვავილად ვიქეცი, ფოთლად ვიქეცი, დესტრუქციის უუნარო, არაფრის მოკვლა რომ არ შეუძლია, თვალების ფორმის ფოთლები თუ უწითლდებათ და სცვივათ, მათზე დაკიდებულ მკვახე ცრემლად. ჩემი ოთახი არის თეთრი ხისგან. რემონტი რომ გავაკეთეთ, დავატოვებინე. იყოს. ეს ის კუროა:
0,001
ისე დაემთხვა, რომ პატრიაქრის ექისტოლისას მეტერლინკს ვკითხულობდი, სადაც აღწერილი ექსპერიმენტი სიმბოლური მეჩვენა მოწმუნე და ანარქისტის შედარებით: თავახდილ ქილებში ცალ-ცალკე ფუტკრებისა და ბუზებს მოვათავსებთ, ისე, რომ ქილის ძირი ნათელი ფანჯრისკენ იყოს მოქცეული, ხოლო ღია ნაწილი სიბნელისკენ, ფუტკრები იმდენჯერ მიარტყამენ თავს დახურულ სინათლეს, სანამ არ მოკვდებიან, ხოლო ბუზები, რომლებსაც არავითარი სინათლის რელიგია არ აქვთ, ინსტინქტებით მოახერხებენ გასასვლელი ადგილის პოვნას, ამიტომ ფუტკრები სულელ მწერებად წარმოიდგინეს, – თურმე რაში ყოფილა საქმე: ამას წინათ სასულიერო პირმა ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას უშვილო ოჯახისთვის გამოსავლად ტაძარში სიარული დაასახელა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში წყვილს სუროგაციის მიმართვა კანონით მოკვეთილი საშვილოსნოს შემთხვევაში შეუძლია, იმედი აქვთ, რომ ლოცვის ძალით მისი ნატურალური აღდგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეკლესიას მრევლის მოკლება არ სურს, ისე, როგორც სუიციდის აკრძალვით, პოტენციურ მლოცველს იძენენ, ჭარბად დემოგრაფიული აზიისგან განსხვავებით, მაგალითად, იაპონიაში, თვითმკვლელობის რამდენიმე სახეობა პატივად ითვლება, ან ინდოეთში, როცა მედიტაციით ტოვებენ სხეულებს, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ზოგადად, რელიგიაც ხომ დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ფარგლებიდან მოდის.
ჩათვალო ეპისტოლე პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად, ისეთივე გულუბრყვილო სურვილად მეჩვენება, როგორც ბერია სტალინს ’37 წლის ამბებს უმალავდა. სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა არქაულ წერილებში დაცემული ანგელოზების შესახებ დაიწერა: ლუციფერი ანგელოზებს განუდგა, ხოლო რამდენიმე მათგანმა ალტერნატიული გზა აირჩია და მატერიალურით ტკბობის სურვილით ადამიანებს გამოყვა, შეირთეს მათი ქალიშვილები და ასწავლეს მედიცინა, ხელოვნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგი, რითიც მოკვდავებს აჯერებდნენ ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობას. სინამდვილეში ეს ამბავი მაშინაც გაგრძელდა, როცა პლატონს თავისივე მოწაფე არისტოტელე დაუპირისპირდა, განაცხადით, რომ ხელოვნური ვარდი შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს ბუნებრივად შობილზე და უარყოფდა მასწავლებლის ე.წ. “ხატის ხატის” თეორიას: ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსის ანუ ადამიანის არსებობას მხოლოდ ჭეშმარიტების კოპიოდ, ხოლო ამ ასლისგან გადაქსეროქსებული შესაბამისად უფრო მეტად იყო დაშორებული ჭეშმარიტებასთან. თეორია ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ გააგრძელა ველურისა და შინაურის, ლონდონისა და პარიზული ბაღების შედარებამაც, მინიმალური სექსით მაქსიმალურ რეპროდუქციამდე.
მეტი რა არის პენტაგრამა, ფაუსტის სახურავზე დახატული გამოსახულების გარდა, მეფისტოფელემ სიმბოლოს მცდარი გამოსახვის გამო შენობაში რომ შეაღწია. ერთი თელემისტური ჯვარის თანახმად, მუხლზე გადაჯვარედინებული ფეხით დაკიდებული ქრისტე, ემოციით, რომ პენტაგრამას ცალი ფეხი აკლია, ანდაც კათოლიკური ჯვარცმა ავიღოთ, ტერფი ტერფზე გადადებული ქრისტეს მაგალითად. ახლა მართლმადიდებლური ჯვარცმა გაიხსენეთ, კვადრატული პენტაგრამას, ადამიანურობის სიმბოლოს, უფრო უახლოვდება. თავიდან ხომ ეს ორსახოვნება იყო ჩაფიქრებული.
ამჯერად, ჩემს ოჯახში ბუნებრივად გაჩენილი ბავშვი იზრდება, მასზე არასდროს ამბობენ, რომ, სიტყვაზე, ნული მთელი ერთი დღისაა, დაბადებას აღნიშნავენ ერთისა თუ ორმოცი წლის იუბილესგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს აღიარებენ ნულობას. ნულობას, ჩვეულებრივ, -280 დღიდან მიღებულს, საიდანაც სხვა ციფრების სვლა იწყება და საწყისს უსახელო ასაკივით გაურბიან.
სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა სუროგატი ქალი რომ ვიყო, წეროდ უშვილო წყვილებისთვის გადავიქცე და სისხლი გავაგრძელო, რადგან ვფიქრობ, ორსულობა სამსახური არ არის, არამედ მადლი. და თუ სამოთხე მართლა არსებობს და სამსჯავროდან ვინმე მკითხავს, სიკეთე რა მიქნია, – ვეტყვი: ოჯახები გავამრავლე, შეუძლებელია სულის დაბადება იყოს ცოდვა.
ჩანაწერს ხელოვნების შესახებ ნეოარისტოტელური დიალოგით გავაგრძელებ:
” – დედა, ღმერთი მართლა ყოვლის შემძლეა?
– კი.
– მაშინ შეუძლია თავისზე სრულყოფილის შექმნა?”
მოციქულები ატარებენ “კვარცს”
მოციქულები ატარებენ “კვარცს” კი არა და.. სათაური ავიღე სერიალიდან “უკანასკნელი ჟამი”, საიდუმლო მესასგან შექმნილ 12 აპოსტოლზე, რომელთა რიგებში აინშტაინიც იყო, მთელი სერიები მშრალი ხიდისნაირ ადგილას ნაყიდ საათებში დატოვებული მინიშნებებით კრუციფიქსის, ქრისტეს ჯვრის ადგილს რომ იკვლევენ და ბოლოს მიზანი გახრწნილი ხვდებათ, ხოჭოებდახვეული. ფილმი რომ სიმბოლისტიკური მისტიკა ყოფილიყო, აქვე შეჩერდებოდა, “და ვინჩის” კოდის მაგვარ პესიმიზმს მიეცემოდნენ, მაგრამ საი ფაი რისი საი ფაი იქნებოდა, ხოჭოები ლაბორატორიებში არ წაეღოთ და ქრისტეს უხრწნელი სისხლის კლონირებით მეორედ მოსვლა არ მოემზადებინათ. აი, თურმე რა იგულისხმებოდა ქრისტეს სიტყვებში, მიცვალებულები აღდგენიან და მეც მოვალო. ბოლო-ბოლო შეჩვეულია კაცის გარეშე ჩასახვას. კი არა და..
სულ ვფიქრობდი, რომ დროის ნიჭი მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაში მაღვიძარა არ მომიქოქავს და ძილშიც კი პუნქტუალობა ვიცოდი (მასპინძლებო, თუ სადმე დავაგვიანე, სხვა რამის ბრალია, მოხუცები გზაზე გადამყავდა ან თავს დამესხნენ ან “მიწა თავისას მოითხოვსნაირ” სამეფოში ცხოვრება მომინდა). ამიტომ ჩანთა ელ. საათებით გავსებული მქონდა და სახლშიც სათანადო ადგილი ეკავათ. გუშინდელივით მახსოვს ლაპარაკსა და საათის ცნობას ერთდროულად რომ მასწავლიდნენ, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მესაათე ვყოფილიყავი. და სამწუხაროდ, ვერასდროს ვიქნები, ამისთვის ხელები ისტერიის ავადმყოფობით ზედმეტად მიკანკალებს. როგორც რაკეტაში არავინ ჩამსვამს დაბალ წნევიანობის გამო.
მაგრამ მაინც ვცადე. ვცადე და, წიკ-წიკი რომ თქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დრო დავბადე, ცხრა თვის ნაწვალევი, აი, საკუთარი საშოდან გამოვიღე, ჭიპლარი გადავუჭერი და სუნთქვა შეკრული ველოდებოდი, მკვდარი არ ყოფილა და, – წიკ-წიკო, – თქვა. მე მითხრა. საათი, რომელიც ადრეც დაბადებულა და კლონირებით აღვადგინე. და ერთხელაც თუ გალაკტიონის ორეული საყვარელი ლექსიდან მკითხავს: “რომელი საათია?” ვეტყვი, რომ გლოვის კი არა, თრობის და ღვინის კი არა, მეცამეტე კი არა, ეს ჩემი საათია.
ქრისტეს წერილები ავგაროზს
როცა ძველ ქართულ მწერლობას ვიკვლევდი, სტუდენტური ცნობისმოყვარეობით მგონი მაშინ არსებულ ყველა სექტას ვეწვეოდი აპოკრიფების შესაგროვებლად, ორალური ამბების, სახელიც რომ შესაბამისი აქვს: ბერძნულად დაფარულსა და ძველ ქართულად დაუბეჭდველს ნიშნავს. ამბების, რომლებიც ეკლესიამ ავტორიტეტულიდან განაგდო, მაგრამ მკვლევრებს მაინც გვაინტერესებს კანონიკის ვარიაციებისა გამო, თავიდან მხოლოდ იდეურ დევნას რომ განიცდიდნენ და შემდგომ ფიზიკურ განადგურებასაც. კანონიერი აპოკრიფებისგან განსხვავებით, როგორიცაა თუნდაც ადამის და სამოთხის მითი, სადაც, ჩვეულებრივ, ხელოვნის ფანტაზია ჩანს, შეუწყნარებელი აპოკრიფები იმ სპეც. არსებულ ნუსხაში მოხვდნენ, რომელის აკრძალვის შესახებ დადგენილება მრავალგზისაა მიღებული და მათ ნუსხას “ინდექსი” ეწოდებოდა. ჩვენთან ცნობილია ექვთიმე ათონელის შექმნილი “ინდექსი”. მათგან ბევრია ქართულადაც ნათარგმნი და ორ ნაწილად იყოფა: მეათე საუკუნემდე და მერე.
აპოკრიფებმა, რომლებმაც ჩემზე იმოქმედეს, ღვთისმშობლის მიმოსვლა იყო სატანჯველ ადგილებში. ვინმეს ხელი რომ მოეკიდა, ალბათ მისგან საინტერესო ფენტეზიც გამოვიდოდა, თუ როგორ მოიარა ქალმა ჯოჯოხეთი. ქალის, როგორც უწმინდური არსების მომზადება მადლისთვის. ხოლო ლუკასგან თქმულ მამამთავრულ ამბავში მოცემულია გენეალოგიური ხაზი მარიამისა და ისტორიული გენეალოგიით დაინტერესებულ პირს დააინტერესებდა. “თქმული ღვთისმშობლის შობისთვის” მოგვითხრობს არა მხოლოდ მის შობას, არამედ ბავშვობასაც და შვილის შეძენასაც.
მაგრამ ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა აპოკრიფები, სადაც ქრისტეს ბავშვობაა აღწერილი, თუნდაც ბოლო დღეები, მაგრამ არა როგორც ღმერთი, არამედ, როგორც ადამიანი. დაწერილი დღიურის სახით, წერილებად. ჩვენამდე მოღწეულია აპოკრიფი, რასაც ახლა ვეცნობი, სახელად “ავგაროზი”, ანუ მიწერ-მოწერა ქრისტესა და იუდეის მეფის ავგაროზს შორის. თავიდან იმდენად აინტერესებდათ, რომ საქრისტიანოში კანონიკური უფლება ჰქონდა და მუდამ მის თარგმნაში იყვნენ. წერილებში აღწერილია დასნეულებული ავგაროზის თხოვნა განკურნებაზე და დადებითი დაპირებები მაცხოვრისგან. ამ ეპისტოლეს სნეულებათა განმკურნებლადაც მიიჩნევდნენ, შვიდი ბეჭდით დაბეჭდა და დართული აქვს ამ ბეჭდების ახსნა. აღწერილია მხატვრებისა და ხელთუქმნელი ხატის ისტორია და წესი სხეულიდან ეშმაკის განდევნისა. ქართულად თარგმნილია ექვთიმე ათონელის და გიორგი მთაწმინდელის მიერ.
მზისა და მთვარის ტანტრა
”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი.
არ იყო სხვა არაფერი… მან გაიფიქრა: ”ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…
მან შექმნა სამყაროები… მან გაიფიქრა:
”აი, სამყაროები. ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)
ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის დუალიზმის რაობაში მევლინება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ: ქრისტიანის დებულებას, – ჩემკენ თუ არ ხარ, მათკენ ხარ, – ბუდიზმში დუალისტური, შუალედური პოზიცია უჭირავს. უძველეს ხანაში, როცა არაფერი იყო, ჩვენ ერთნი ვიყავით არაფერში, მერე ნაწილებად დავიშალეთ და რაღაცასთან ერთად ასე ვიქეცით. არსებობს ერთიანი სამყარო, ისინი მიზიდულობის კანონით ერთმანეთს უკავშირდებიან. შესაბამისად, მოქმედების ძალაში ერთიანობა დევს. ერთი სული იყო და ერთი თიხა, შემდგომ სხვადასხვა სახე რომ მიიღო. აი, ამიტომ, ადამიანები უნდა გვიყვრდეს. ჩემსა და შენს შორის არაფერია. კარმის კანონიც აქედან მოდის: სხვას თუ უშავებ, შენს ნაწილს უშავებ, უბრალოდ, სხვა რაღაც აცვია, ამიტომაც, არ შეგერგება და იგივე დაგემართება. ქრისტიანს შეუძლია ქრისტეზე მთელი დღე ილოცოს, ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, მაგრამ კარმის კანონის თანახმად, ამით ბედს ვერ შეცვლის, კარმა მისი საქმეებითაა აწყობილი. ის მაშინაც იწყობა, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს. თავად სიტყვა წარმოსდგება სანსკრისტული სიტყვისგან და კეთებას ნიშნავს. ის არაა შურისძიება, არამედ შრომაა. იწყება იმ მომენტიდან, როცა სული და მატერია ერთმანეთს უწონასწორდება და მთავრდება, როცა სული ხელმეორედ უთანაბრდება მატერიას.
ტანტრა აჩვენებს რა გამოცდილებას განიცდის პიროვნება შუამავლურ პერიოდში ყოფნისას, გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადებას შორის. მხატვრულად რომ ვთქვა, სამომზადებლო პერიოდია მოსამზადებელი ხანისთვის. ტანტრას ლოცვის სახე აქვს, რომელშიც ბუდა მოწაფეებს გადასცემს თავის დოქტრინას. ვინაიდან, ბუდიზმი რელიგიაა ღმერთის გარეშე, სადაც ღვთისა და ეშმაკის საწყისი ადამიანის გონს წარმოადგენს, შესაბამისად, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სიცოცხლეშივეა, მათი შუალედური პოზიცია კი ეგრეთ წოდებული, ნირვანა, გასხივოსნება. მათი რწმენით, სამყაროს სქესობრივი კონტაქტი ამოძრავებს, არა მხოლოდ მატერიალურ, მის აბსტრაქტულ გამოვლინებებშიც. შავისა და თეთრის შერწყმით (აქ ინი-იანურ პოზიციაზე მივდივართ), ღმერთებად ვიქცევით და თუ ჩვენში უპირატესი ძალაა, ის-ღა დაგვრჩენია, ვილოცოთ ერთმანეთზე. სექსთან მივდივართ. სექსთან ადამიანური გამოვლინებებით და ბუნების მოვლენების შეჯვარებასთან. ტანტრას დროს იქ ხარ, სადაც არ არსებობს არც დადებითი, არც უარყოფითი. რადგან დადებითი და უარყოფითი მხოლოდ მათი ურთიერთკავშირით ისაზღვრება, ხოლო სექსის დროს მამრობითისა და მდედრობითის ცალკეული აღქმა არ ხდება. არც ღმერთია სხვადასხვა და ცალკეული. მაგალითად, რამაკრიშნა ამბობდა, რომ ღვთის ბუნებაზე არანაირი სხვადასხვა შეხედულება არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი რამდენადაც წვდება ღვთის ბუნებას, იმდენადვე აცნობიერებს მას და სახავს თავის წარმოდგენაში. ამჯერად, ბუდიზმზე მინდა გესაუბროთ, ტიბეტის ბებერ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.
მზისა და მთვარის ტანტრა ეზოთერულ სწავლების წრეში ერთ-ერთია და მზესა და მთვარეს აუღლებს. ფსიქიურისა და გონების შერწყმაზე მიუთითებს. პლიუს, თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებები, ეზოთერიკთა სიტყვებით რომ ვისაუბროთ, სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთიდაიგივე ადამიანი. მათი კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ბუნების ერთიანობის კანონთან მივდივართ, სადაც ყოველი ქვა, პლანეტა თუ ადამიანი ერთმანეთზე მიჯაჭვულია და შეერთებას საჭიროებს. მზისა და მთვარის ტანტრა ლექსად დაიწერა და დასაწყისში იოგის მიღებისთვის ამზადებს, საუბრობს რა ”არსით მოსულსა და არსით წასულზე”, რითიც უკვე ძლევამოსილი ვაკუუმის განდიდებას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ტანტრაზე მეტი ვისაუბროთ, ჯერ იოგის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას.
პატარა ჭრილი რომ გავაკეთოთ და იოგაზე რომ ვთქვა ორიოდე სიტყვა ზოგადად, რთულია, თუ არ ვიცით მისი სახეობები ცალ-ცალკე. მაგალითად, ჰათჰა იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების, მზისა და მთვარის სუნთქვის (მოჰამარის თემაში რომ აქვს აღწერილი) ცოდნაა. იმისთვის, რომ სულს მივხედოთ, ჯერ ანატომია უნდა შევისწავლოთ დევიზით, – მე თვითონ ვარ ჩემი ორგანიზმი. სუნთქვის ვარჯიშებით გამომუშავდება ”პრანა” ანუ სასიცოცხლო ძალა. იოგით მიიღწევა ჰიპნოზური ტრანსიც. ამით ვაღწევთ არა მხოლოდ ორგანიზმის კონტროლს, არამედ ნებისყოფას ვიმუშავებთ. ორგაზმის კონტროლზე კამა იოგა ზრუნავს. რაჯა იოგას ჰათჰა იოგისგან განსხვავებით პიროვნების სული აინტერესებს. ”მეს” შემეცნებით ხდება შემდგომ ”მეს” გაფართოება. მისი შეცნობა იწყება მედიტაციის მდგომარეობაში გადასვლით, როცა ყურადღება კონცენტრირდება საკუთარ ინდივიდუალობაზე. ხდება სხვათა აზრების განდევნა ირგვლივ და თავის ”მედ” აღქმა, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. ამ დროს ”მე” აღიქმება, როგორც თვისებათა სახლი მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე. კონცენტრაციით ვცდილობთ, რომ აზრები მოდიოდეს ”მედან”. კი არ უნდა ითქვას, – ”მე ასე ვფიქრობ”, არამედ, ”მე ვარ”. ვარჯიშის მეორე სტადიაა ყურადღებიანობა, როცა ვცდილობთ, დეტალურად შევისწავლოთ ნივთები. თვალის ხეტიალიდან დეტალურ მზერაზე გადავერთოთ. ხდება მოვლენენების თანმიმდევრობით დამახსოვრება. ვიღებთ თემას და ვმსჯელობთ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ საკითხზე ყველაფერი ვიცით. შემდეგ უინტერესო თემას ვიღებთ და ვაკეთებთ უსიამოვნო საქმეს, მისი გამოსვლის შემთხვევა თავდაჯერებულობას მატებს. ჰათჰა იოგას დასკვნითი პოზაა სავასანა. ვჭიმავთ და ვადუნებთ კუნთებს, იმ იდეით, რომ ზოგ რამეს ვერ მივხვდებით, თუ არ შევიგრძნეთ. კრიტა იოგა ეს კავშირია მომავალთან. ამ დროს ენერგიას იღებ არარსებულიდან, არამედ, მომავალში არსებულიდან. იგი ეტიმოლოგიურად და შინაარსითაც უკავშირდება ქრისტეს. იოგას შეუძლია კარმა ააჩქაროს ან აანელოს. მთლიანობაში რომ განვიხილოთ, იოგა გათავისუფლებაა მიჯაჭვულობისგან. მიჯაჭვულობა ხომ არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება. ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძვნება. მასში სიძულვილიც განხილულია, როგორც მიჯაჭვულობის სახე.
დავუბრუნდეთ თემას, მზისა და მთვარის ტანტრის მეორე ნაწილში სიკვდილის მანიშნებელ სიმბოლოებს (ჭეშმარიტება ანუ ღმერთი ქვეყნად ხომ ისედაც სიმბოლოებით ეძლევა ადამიანს, ირიბი სახით, რაც საშუალებას იძლევა ჩვენივე განვითარების დონის მიხედვით იყოს აღქმული) აღწერს და მისი დაძლევის ცდაა, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აღნიშნულ სიმბოლოებს ამჩნევს. აღწერს ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით, ცხვირის ფორმითა თუ ენაზე მკითხაობით. ასწავლის სიკვდილის, როგორც რადიკალური წერტილიდან, საწინააღმდეგო მხარეს სიარულს. მეთოდები აღმოსავლურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, თუმცა, მიხვდებოდით, ექიმბაშური სახე აქვს დარჩენილი. ტანტრაში სიკვდილის მატერიალური პროცესები წარმოდგენილია სამყაროს ოთხი ელემენტის ერთმანეთში გახსნად: მიწა მიწაშია, წყალი წყალშია, ცეცხლი ცეცხლშია, ჰაერი ჰაერშია. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლის თანმხლებია ტემპერატურის დაცემა და კიდურების გაშეშება. ვასკვნით, რომ სიკვდილის მომენტში ხდება შემდგომ შესაძლო ვარიანტთა წარმოდგენა და უნიფიცირება. ტანტრაში იგავ-არაკთა მსგავსად არის ცხოველები თუ უსულო სხეულები გამოყვანილი, როგორც რეალურად სულის მქონენი.
მზისა და მთვარის ტანტრის მესამე ნაწილში საუბარია ბარდოს (სულის მდგომარეობა სიცოცხლიდან ხელახლა დაბადების შორის) მორგებაზე განუყოფელ რეალობასთან. ამ მდგომარეობაში პიროვნება ხედავს მანდალას, ანუ სამყაროს წრის სახით, შეკრულ სამყაროს, ათვლის წერტილი რომ არ გააჩნია. იგი ვიბრაციისა და ნაპერწკლების სახით იხილება. მულტი ფერიანი, ყველაფერიანი სინათლე არის, გულიდან გამოსული. პიროვნებას მისი შეგრძნება ასტრალური სხეულითაც შეუძლია, თუ მას ფიზიკურ ტანს მოაცილებს, ანუ იმ ტანს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომლითაც ღმერთმა შემოსა ადამ და ევა, შიშვლად რომ აღიქვეს თავი, მაშინ. ბუდისტური ტანტრა მსგავსია, რაც ქრისტიანისთვის ფსალმუნია. არსებობს თვალსაზრისი, რომ ასტრალურ სხეულს ადამიანი ძილის პერიოდში გრძნობს, ოღონდ ისინი, ვისაც განვითარებული აქვთ მასზე კონცენტრირება. მოცემულ ტანტრაში განიხილება იმ ნაგრძნობი, მულტი სინათლის აღქმის რვა გზა. გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, თუ პიროვნება გააცნობიერებს ამ სინათლის ისედაც მასში ყოფნას. როგორც მიხვდით, ის სინათლეა აღწერილი, მომაკვდავებს რომ ევლინებათ გვირაბის ბოლოს. თუ პიროვნებამ ეს სინათლე ვერ აღიქვა, შიში იცავს და შემდეგ ბარდოში, არსებობის მდგომარეობაში გადადის.
ტანტრას შემდეგი ეტაპი არსებობის ბარდოს განხილვაა. ის პროცესი, რა სამზადისსაც გადის სული ახალი სხეულისათვის. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია, იმავე გაგებით, რომ სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. ეტაპს არსებობის ბარდო იმიტომ ჰქვია, რომ პიროვნება საწყისის ექვს ტიპს ხედავს: ღმერთსა და ნახევარ ღმერთებს, ცხოველებსა და მშიერ სულებს, ჯოჯოხეთის არსებებსა და ადამიანებს. ასევე ზოგი ნახავს ტაძრებს, ხალხის მარაგს, უფსკრულებს, უდაბნოებს, ციხეებს, შენობებსა და ჟლეტვას. ეს სამი ხილვა განაპირობებს ადამიანის შემდგომ დაბადებას, მისი მომავალი საშვილოსნოს არჩევას. დავსძენ, რომ იმას, თუ რას ვნახავთ ბარდოს მდგომარეობაში ვედების შეხედულებით, დამოკიდებულია სიკვდილის უკანასკნელ სურვილზე, უკანასკნელი სურვილი კი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავთ, რომ აქ ერთგვარი წრე იკვრება და ამ მანდალურ წრეზე ვსაუბრობდი წეღან. ამ ტანტრაში მოცემულია ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც უფრო აწყობს, შეიძლება მტანჯველი, მაგრამ პიროვნების ფუნქციაა გააცნობიეროს, რომ ეს ტანჯვა მას აწყობს. ეს იდეა ბევრი თანამედროვე რელიგიისთვის მისაღებია, განსაკუთრებით ექსისტენციალური პერიოდისას. აქ უკვე გასარკვევია: რატომ ავირჩიეთ თავისთვის ტანჯვა? ბევრისთვის საძულველი ფრაზა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა და ყველაფერი კარგად იქნება, ამ მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. ბრძენი კი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაშივე ხვდება იმას, რასაც სიკვდილის მერე მიხვდება სხვა.
ამ ტანტრაში ძირითად თემად სიცოცხლე-სიკვდილისგან მკურნალობა იკვეთება. სიკვდილი, მთვარე, განხილული, როგორც უკიდურესად ნეგატიური მხარე, განხილულია, როგორც სიცოცხლისგან მარცხი. ეს, გადატანითი მნიშვნელობით ექიმის, მკურნალის, მარცხია. სიცოცხლე კი ისაა, რასაც ვეპოტინებით, ზოგ შემთხვევაში იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე გვიყვარს, უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა და სხვა ვარიანტს ვერ ვამჩნევთ. მზე ანუ ცეცხლი, სინათლე არის როგორც პირველადი სტიქია. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნო არ არის ტექსტში განხილული, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, არამედ, როგორც საპყრობილე. ტანტრაში სიცოცხლე შედარებულია სიზმართან, ილუზიასთან, ქართან. სიკვდილისას კი გამოყენებულია შედარებები: უჩინარი, შეუჩერებელი, უეცარი. ტექსტის კითხვისას შეგრძნება გრჩება, რომ სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად ცოტაოდენი სიკვდილიც აუცილებლად უნდა შეაზავო. ძენ-ბუდიზმი სვამს კითხვას: როგორ უნდა დააღწიო თავი შობა-სიკვდილის წრეს? საპირისპირო კითხვა დასვა: ვინ მომაქცია ამ წრეში? როგორ უნდა გათავისუფლდე ნაჭუჭისგან? მიხვდე, რომ თავად ხარ ნაჭუჭიც. ვისია სარკე, რომელიც მაჩუქეს: ჩემი თუ გამომგზავნის? ამ შემთხვევაში ”მეს” დაკარგვა ხდება და კოლექტიურ ცნობიერების მიღმა შევდივართ.
ეგოიზზე ვამბობდი, როგორც აზრის კონცენტრაციაზე კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე, აზრი კი სამყაროში ჩადებული ენერგიებიდან, რომლებსაც შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ენერგია თანაბრად გააჩნია, ყველაზე მკვეთრი აზრის (აქ აღსანიშნია, რომ ტვინის ფუნქცია აზრი კი არაა, არამედ აზრის დანერგვაა რეალურობაში) ენერგიაა. ამის გამო ადამიანი აზრების გამო ისევე აგებს პასუხს, როგორც მისი შედეგების, საქციელების გამო. მისი შიდა მიდრეკილებები ხომ წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოშვეს. თუ ადამიანი ეგოისტია და საკუთარ ოპოზიციას ანტონიმად ეკიდება, თავს გამოყოფილ არსებად აღიქვამს და დიდ ყურადღებას უთმობს თავს, მაშინ მისი აზრები არსადაც არ მიდიან, მის თავზე ტრიალებენ და ისევ მას აზიანებენ, როცა პასიურ მდგომარეობაში ნახავენ. თუ ის გარკვეულ ეგოისტურ აზრებს ხშირად ეძლევა და ისეთ დასკვნამდე მიდის, რომ მისი რომელიმე სურვილის დაკმაყოფილება მისთვის იმ ერთ-ერთ საარსებო მოთხოვნილებათაგანს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას ყოფნა არ შეუძლია, მაშინ ბოლოს ასეც მოხდება, მის გარეშე ვერ იარსებებს. ცნობილია, ადამიანის აუცილებელ მოთხოვნათა ძირითადი მატერიები: საკვები, წყალი, ჰაერი, ტემპერატურა. თუმცა მედიტაციის მნიშვნელობა იმაშიც ჩანს, რომ ადამიანი მათზეც ამაღლდეს. ციტატა რომ გამოვიყენოთ, ყველაზე დიდი ბოროტება ე.წ. მოხეტიალე აზრებია. ყოველი შეგნებული აზრი უკვე შეიცავს გარკვეულ ორგანიზებულობას. მაგრამ ყველაზე უარესია მცირე მოხეტიალეები, რომლებიც გზებს შეუგნებლად ანაგვიანებენ. ზოგადად, აზრებით და მათი შერწყმით საკუთარ ევოლუციას და მომავალს ვქმნით.
ამ აზრიდან ამოდის ტანტრული სექსი. თუ ტანტრა შეერთებაა, შეერთება ნიშნავს ორი ან მეტი არსების ერთ წრფეზე ისეთ განლაგებას, როცა მათ მოცემულ ადგილზე მყოფნი ერთი მიმართულებით იწყებენ აღქმას. ხოლო სადაც ორნი და მეტნი იკრიბებიან, მათი აზრები ერთიანდებიან, როცა მანამდე აღქმა ცალმხრივად ხდება. ეს იმიტომ, რომ ცნობიერების ფიქსაციის წერტილში მოვლენის მხოლოდ ის მხარეები ხვდება, რომლებიც გარკვეულ გრძნობებს იწვევს. როგორც გავიგეთ, ტანტრა არ არის მხოლოდ სქესობრივი კავშირი ადამიანებს შორის, უბრალოდ ადამიანთა შორის სექსი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ როგორც ესმით, ტანტრასა და სექსის გასინონიმება, არასწორია. თუმცა, როგორც ინდუიზმშია კამა-სუტრა, ტიბეტურ ბუდიზმში მის მსგავსს ცოდნას ტანტრა წარმოადგენს. ტანტრას თეორიის თანახმად, შეუძლებელია სექსი ცოდვა იყოს, ანუ პროცესი, რითიც ხდება შერწყმა და ახალი სულის შთაბერვა ხდება. ცოდვა მის არასწორ გამოყენებაშია. ეს კი ოფიციალური ქორწინების მიუხედავად ხდება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მის კანონიერობასა თუ ალეგალურობას. როდესაც სექსი მიზანი ხდება და არა საშუალება, ეს დეგრადაციაა, მატერიალურ სფეროში გაჭედვა. ასევე, იგი განიხილება, როგორც ენერგიის აღდგენის ეგოისტურ საშუალებად. როდესაც ერთი პარტნიორი მუდმივ გაცემაში იმყოფება და მეორე – მიმღებ მდგომარეობაში, ამით ორივე მხარე ცოდვილი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მის ლეგალურობას. მორალური მაზოხიზმიც, ისევე, როგორც სადიზმი, ბუდიზმში მატერიალური მიჯაჭვულობის სახედ ითვლება.
კაცის თვიური ქალის ციკლისგან განსხვავებით, თვიურად თესლისგან გათავისუფლებას წარმოადგენს. თუ ქალის თვიურზე მთვარეა პასუხისმგებელი, მთვარე, როგორც სიკვდილისა და ქვეცნობიერის სიმბოლო, კაცის თვიურზე მზეა კონცენტრირებული, მზე, როგორც სასიცოცხლო ძალა, ცნობიერება, მათი სასქესო ორგანოთა გარეთ და შიგა განლაგებების გამო. კაცის და ქალის ოვულაციათა მომენტში, ცნობიერი ჩადის ქვეცნობიერში, რათა ცნობიერში ამოიყვანოს ის. მამრობითის პერსონალური უმთვარო და ახალ მთვარეობისას, მამაკაცი ინტროსპექტული ხდება და განმარტოებას საჭიროებს. ეს პერიოდი ქალის მენსტრუაციის მსგავსია. ამ დროს ის შესაძლოა დაბალი ენერგიის მატარებელი იყოს და გრძნობს, რომ თავი დასვენებით გაანებივროს. შემდგომი ფაზა ოთხიოდე დღე გრძელდება და ინი-იანური პრინციპით, მასში ფემინური საწყისი ჩანს. შემდგომი 11 დღე სქესობრივი ანუ შემოქმედებითი ძალის მომატებას ემსახურება და ადის მწვერვლზე, რომელიც ქალური ოვულაციის მსგავსია. ეს მის პერსონალურ სავსე მთვარეობას ემთხვევა და ორიოდე დღე გრძელდება ახალ მთვარემდე. მისი მზის ციკლი ტესტოსტერონის ხარისხური აღგზნების დროა, რომელიც ყოველ 11 წელში იზრდება, იღებს მზის რადიაციას და მწვავდება. აღნიშნავენ, რომ ამ დროს კაცის სისხლი თხელი ხდება. მზეს 90 წლის ციკლი აქვს, რომლისგანაც პირველი 45 წელი პიროვნების აქტიურობას ემსახურება, მეორე 45 კი აქტიურობის შენელების ეტაპია. ამის მიხედვით, ასტროლოგიაში ადამიანის ცხოვრების სამი 30-30-იანი ეტაპი იყოფა, პერსონალური ჰოროსკოპის ნახვისას. მისი იარაღია განსაზღვროს მთვარისა და მზის ციკლი და ციურ სხეულთა ურთიერთობა მათ პერსონალურად მოარგონ.
დასკვნის სახით რომ ვთქვა, მზისა და მთვარის ტანტრა განხილულია, როგორც ინკარნაციის შეწყვეტის ცდები. ეს ტანტრაში ნახსენები მეტაფორებით ხდება. გიტოვებთ მზისა და მთვარის ერთობის მელოდიას. შემდეგ თვეში შევეცდებით ასტრალური სხეულის ან იოგის პრაქტიკული გამოყენება ვისწავლოთ, სხვა ტიპის ტანტრაზე ვისაუბროთ ან რეინკარნაცია მიმოვიხილოთ, ხავს მოკიდებულ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.