რექტიფიკაცია დაკარგული დროის ძიებაში

timthumb

ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.

 timthumb (1)

ქორწილისთვის მზადება

ეს ის პერიოდი იყო, პოდიუმზე ბრწყინავ სამოსში გამოწყობილ გოგონებს ფინალში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა რომ ცვლიდა.
უმეტესად, ხალიჩაზე დიზაინერთან ერთად გამოდიოდნენ.
მაშინ ლაგერფილდი შეეცადა შავი კაბის საქორწინოდ დაგეგმვას. აი, ისეთის, პანაშვიდზეც რომ გამოიყენებ. ამით ქორწინების სიკვდილთან კავშირს ხაზი გაუსვა.
მას სიკვდილზეც ჰქონდა თავისი შეხედულება. არ მინდა სიკვდილის მერე ვინმემ მნახოს, რადგან გარეგნობას ვეღარ გავაკონტროლებო, – წასცდა ინტერვიუში, ამით ეგზისტენციალურ საკითხებს სხეულზე აკავშირებდა.
ეს ის პერიოდი იყო, როცა მარი გავიცანი, – ლექციაზე დამაგვიანდა და დერეფანში გავისაუბრეთ, გზაზე კაბა ამირფიალდა და ამის გამო დღემდე დამცინის.
სახლში მივიწვიე, ჩემმა ძმამ კი ნომერი ჩაიწერა და მერე აკოცა.
არ მახსოვს, მაგრამ მითქვამს: თუ მარის აწყენინებ, არ გაპატიებ.
მარი სიფრიფანა გოგო იყო. სწორედ ეს სიტყვა შეეფერება მისი ტანის გოგონას.
თხელი ძვალი აქვს, ვამპირივით თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ქერა თმა, თითქმის ისეთი, დილით რომ არ ჩანს.
ირაკლი გაცილებით მაღალია, ოღონდ შტატივის ტარებისგან წელში მოხრილი.
ჯერ ირაკლი იყო თბილი და ყურადღებიანი. მერე მარი გახდა თბილი და ყურადღებიანი. როგორც ხდება ხოლმე.
იუბილეზე ჯერ იყო და ტელეფონი დაალომბარდა (მაშინ არ მუშაობდა) და აღებული თანხით გლობუსი უყიდა: დედამიწას გჩუქნიო.
მეორე წელს საცვლები აჩუქა. მესამე წელს კი მუშაობა დაიწყო, გლობუსის არეალი გააფართოვა და სასტუმროში წაიყვანა.
ამბობდა, ხელიდან იმიტომ არ ვუშვებ, რომ ერთადერთია, რომელიც მიცნობსო.
ხანდახან კვირობით იკარგებოდა, მაგრამ ჩემი სახელით ფარულად ისევ მას წერდა.
ხანდახან როცა ირაკლი არ იყო სახლში, მარი მაინც მოდიოდა ჩვენთან და რჩებოდა. დედაჩემთან ერთადაც ეძინა და ნელ-ნელა ეგუებოდა ოჯახს.
მესამე წელს იჩხუბეს. ისე იჩხუბეს, მარი იმ ადგილას წავიდა, სადაც ირაკლისთან სეირნობდა ხოლმე.
ირაკლიც იმ ადგილას მივიდა და ასე შერიდგნენ.
მეოთხე წელს ისე იჩხუბეს, ირაკლიმ რომ ჰკითხა, სად მიდიხარო, მარიმ უპასუხა, სახლშიო.
შენი სახლი, თბილისის მეორე მხარეზე უთხრა, იქ არისო და ჩვენთან წამოიყვანა.
დედა დაიბნა, თეფში უნდა დავუდოთო? მამამ, არ გინდაო. ის კი მოვიფიქრე, საქორწინო მარში ჩავურთე.
დედა მხოლოდ იმაზე წუხდა, მძიმე მარხვაში რომ მოუნდათ გაპარვა.
მამა ამბობდა, ისევ სპონტანურად თუ იზამდით, თორემ გეგმებით იწელებაო.
ირაკლი უკვე აღარ წევს ჩემს ოთახში, არც სამუშაოდან დაბრუნებული მირეკავს და მეკითხება: რა წამოვიღოო.
სამაგიეროდ, ესთეტიკური ოცნება მქონდა, – ყოველთვის მინდოდა მყოლოდა და: წვეულებაზე მისი კაბები ჩამეცვა და ღვინის და ყავის ლაქებით დამესვარა, ამაზე შეწუხებულიყო და სანაცვლოდ, ჩემი კაბებიც დაესვარა.
ვერც ერთი ვჩხუბობთ.
ხანდახან მგონია, რომ მარი მგავს. ორივე ჩხუბის დროსაც კი ვიღიმებით და ხანდახან ერთმანეთს ვკბენთ, ტრადიციააო ასე, მაგრამ ვერასდროს ავაწყეთ ჩხუბი.
ხანდახან რძალს ვეკითხები: ” ბედნიერი ხარ?”
”კი. ძალიან.”
ირაკლი და მარი ბინას ეძებენ.
მარის ბავშვი უნდა.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
მარი ამბობს, რომ ნუ ამბობს, რომ არ უნდა, თქვას, რომ ჯერ არ აპირებს.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
ქუჩაში ეკლესიასთან ჩავლისას მარი ყოველთვის იწერს პირჯვარს და ხატს ღიმილით კოცნის.
ირაკლი ჩათქმულ სურვილს ხვდება და ამბობს: არ მინ-და!
მარის ეღიმება და უკვირს, რა კარგად იცნობს მისი ქმა-რი (ეს სიტყვა აუცილებლად დამარცვლით).
ბოლოს ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ გოგო უნდა, დაკორა უნდა დაარქვას და ის თვითმფრინავში უნდა გაჩნდეს: ბავშვი ასე მოქალაქეობას გადაურჩება.
ოღონდ ცხრა თვის ორსულს თვითმფრინავს არავინ გააკარებს და შვიდ თვიანს ამშობიარებს.
დედა ამბობს, რომ საშიშია, სტუარდესებმა როგორ უნდა ამშობიარონ.
მამა უფრო სასაცილოდ კითხულობს: მაგრამ ბავშვი მანამდეც რომ გაჩნდეს?
მე ვიცინი, – შევეჩვიე ირაკლის ენას.
ირაკლის უნდა, რომ ქორწილი რესტორანში არ გადაიხადონ. არმაზის ხევში ერთი სახლი ვნახეთ, რომ ქირავდება. სახლი არა, კოშკი.
მარის არ უნდა ქორწილის გადახდა, ხალხი არ უყვარს და ყოფნა ყურადღების ცენტრში.
ირაკლის უნდა, რომ მის ქორწილში იყოს აუზი, საბილიარდო და კინო დარბაზი.
მე მინდა, რომ ორგანიზება მე გავაკეთო.
მთელი ჩემი რომანტიკული ენერგია დავფილტრო.
რა ცუდია, როცა მული გყავს და იმ მულს ბლოგი აქვს.
შემდეგ სიახლემდე.

ორი თვე, ოთხი ქორწილი და ერთი კაბა

***

– ელე, შენს შვილს რა ჰქვია?
– ბარბარე, – მეგონა ხუმრობაზე გაეცინებოდა, მან კი სერიოზულად მიპასუხა.
ჩნდება კითხვა:
ნუთუ ასეთი უყურადღებო ვარ?!

ჰო, ბავშვებზე არ ვგიჟდები, არც ქუჩაში ძაღლებს და კატებს ვეფერები, მაგრამ მამახსოვრდებიან.
– ვერ გამოხატავ, მაგრამ შინაგანად თბილი ხარ, – ამას წინათ ვიღაც მეუბნებოდა.
– არაა, – ვიკვირვებ.
– სწორედ იმიტომ ხარ, რომ შენთვის ინახავ, – მპასუხობს, თითქოს ჩემზე მეტი იცოდეს.

როცა მგრძნობიარე ხალხის გარემოცვაში ვხვდები, კიბორგი არ ვეგონო მეთქი და სითბოს ვთამაშობ. სენტიმენტალური პაპსა გამოდის, სამაგიეროდ ძილის წინ მეცინება. 🙂 მოკლედ, არც თბილი ვარ, არც ცივი. ჩვეულებრივი ვარ. 🙂

– შეყვარებულთან მაინც ხარ თბილი?
– კი, რა თქმა უნდა, – და წარმოვიდგენ როგორ გაეცინებოდა იმას, რომ გაიგებს ცივიც შეიძლება ვიყო.

***

მარხვაა. ორი თვის მანძილზე ოთხი მეგობრის ქორწილია. მე ერთი კაბა მაქვს, ისიც მაღაზიის ვიტრინაში. მოპარვის გეგმას ვსახავ.
მარხვა გავიდა.
ახლოვდება.
ჩემი ძმა ქორწილის ფოტოგრაფია. თითქოს ყველაფერი ლამაზია, რომანტიკული, მაგრამ როცა მღვდლები ქადაგებას იწყებენ, თამადები – სადღეგრძელოებს, ყურთსასმენებს იკეთებს და რადიოს უსმენს. ქორწილები სძულს. ისევე როგორც მე. ჩემთვის კი ის მეტი არაფერია, თუ არა ანეგდოტი: ”საშოს გადაცემა პენისისთვის საექსპლუატაციოდ საზეიმო ვითარებაში”.
ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, არ მესმის რატომ უნდა წყვეტდეს მღვდელი ან მოსამართლე(თუ ვინც არის) ეს ადამიანი მიყვარს თუ არა. ჰო, რომანტიკული ვარ და სიყვარულს კანონს მაღლა ვაყენებ. ამით ეგზისტენციალური გრძნობის თავისუფლება კნინდება.
არც იმ ხალხის მესმის, ქორწინებას რომ შეზღუდვებად აღიქვამენ. შეუღლება არ ზღუდავს, მეუღლეები ზღუდავენ ერთმანეთს.
ჯერ გავერკვეთ რა არის თავისუფლება.
ის არის ქმედების. გონების. გულის.
მაგრამ მარტო ყოფნა სულ არ არის სინონიმი დამოუკიდებლობის. არც დამოუკიდებლობაა ტოლი მარტოსულობის. უბრალოდ მარტო ხარ და მორჩა.