რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ მარტო სათამაშოდ უნდათ.
შეკითხვის სათავე იმ უახლესი წარსულიდან მოედინება, როცა მეგობრის ქმარმა ცოლთან და სკოლამდელ ბავშვებთან ერთად ცოლის მეგობრები ქალაქგარეთ დაგვპატიჟა. ვინაიდან განქორწინებაზე ფიქრს მშობლები ისტერიამდე მიჰყავს და ბავშვები სათქმელს მავნებლობით გამოხატავენ, ვიკისრე მოვალეობა და ჩემი მცირეწლოვანი მეგობრებისთვის თამაში გამოვიგონე: ყოველი მოწყენის შემთხვევაში ვიღებდით სათამაშო ცხოველს და საკუთარ წყენებზე მესამე პირში ვყვებოდით. ზოგადად, ბავშვის დატვირთვა აუცილებელი გვგონია, რადგან როგორც კი დაუსაქმებლები არიან, მოწყენისგან მავნებლობენ.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ქარის ეშინია.
თორნიკე ორი წლისაა და ძალიან ეშინია ქარის. პირველად ვნახე ადამიანი ჰაერისადმი შიშით. არა და მისი კულულა თმა სიარულისას ხტუნაობს და ტიტლიკანა თუ გაიქცევა, რენესანსული ფერწერის ანგელოზებს ჰგავს. მეთქი ნათლია ვარ, ჩემი ვალია ქარი შევაყვარო. ამიტომ გამოვიგონე ზღაპარი კეთილ ქარებზე, როგორ გადაჰქონდათ ყვავილებიდან ყვავილებზე სიცოცხლე ნანატრი და მოიმედე, რომ მხოლოდ ქარისას შეიძლებოდა სხვა დროს მდუმარე ფოთლების მოსმენა. და, ჰოი, საოცრებავ, ყურები ლეღვთა ფოთლებთან მივატანინე შრიალის მოსასმენად. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გეოგრაფიული ცოდნა ზღაპრებად მექცია, მაგრამ ქარი ვერ შევაყვარე. საღამოს დედამისი მეუბნება: ეს შიში მას შემდეგ დასჩემდა, რაც ეზოში ჩასვლაზე ქარის გამო უარს ვეუბნებიო. ჭირი იქა, ქატო აქა, გაციებისგან გადარჩენის სანაცვლოდ დაფობიებული ბავშვი მიიღო, დედის კალთაში ჩარგული სახით.
ბავშვის აღზრდაში მკაცრად განსაზღვრული წესების მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა რომ მგონია, ბევრი დამოუკიდებელი ლეველი უნდა განვავითარებინოთ, ამ ასაკში თავისუფლებას ვერ მივცემ. მაგალითად, არ მომწონს, რომ არც ერთი ჩემი მეგობრის შვილს საბავშვო სავარძელი მანქანისთვის არ უხმარია. ეს ბავშვებიც ისე იზრდებიან, რომ მცირე წუწუნის მერე მშობლები წინა სავარძელში დაჯდომის ნებას აძლევდნენ. უფრო ლიბერალურად დიქტატორიზმის მომხრე ვარ. ვიცი სხვა ორი წლის ბავშვი, ლოგინში შესაძლო დასველებით ისეთი შეშინებული, რომ ძილი ერღვევა და ყოველ საათში ერთხელ ეღვიძება. გადაუწიეს მშობლებმა ღამის ძილი – არ უშველა, შუადღის ძილი მოუშალეს – არ უშველა. სანამ არ წაიღეს დამსჯელობითი სიტყვები უკან, ნორმალურად ვერ დააძინეს.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ გოგოა.
ნატალი ოთხი წლისაა და ძალიან აკვირვებს ჩემი ცისფერი ჯემპრი, რომ ჩემს ნახატებში ბიჭებსა და გოგონებს ერთი ფერის აცვიათ, რომ რეალურ, საისტორიო წიგნებში დედოფლები დისნეის მულტფილმებივით გამოთლილნი კი არ არიან, გადაბმული წარბები და განიერი ბეჭები აქვთ. ეს ის ასაკი აქვთ, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას რომ ახდენენ ერთმანეთთან, ექიმობანას თამაშის ცნობილი მიზეზია, მაგრამ პირველად გავიგე, რომ ამ ხნისები ერთმანეთს სქესის განმასხვავებელი ნიშნებით მიმართავენ. დედამისი მეუბნება, რომ ცისფერისა და ვარდისფერის ფენომენი სათამაშოების გაყოფიდან დაიწყო. ბიჭური და გოგოური ნივთების კლასიფიკაცია საკუთრებას უკამათოდ უწყვიტავდა.
არა და როგორ გინდა უთხრა, რომ დედამისი ცდება, რომ კომფლიქტის გადაწყვეტის მარტივი ხერხია, ატყუებს, რადგან ეუბნება რისიც თვითონაც არ სჯერა. ან მაქვს საერთოდ უფლება დიდარქტიკული მოძღვრებები ვუკითხო. ან იქნებ ღირს ფანტაზიის გაღვივებისთვის ძილის წინ ატომების ატმებივით ხლეჩვისა ან ჭიანჭველათა შრომისმოყვარეობის ამბების ნაცვლად რაინდებზე, დევებზე ან ფასკუნჯებზე ვუყვებოდე. იქნებ თოვლის ბაბუის დაჯერებით გამომგონებლური ნიჭი უვითარდება. ან გვაქვს თუ არა მორალური უფლება წესების დარღვევისთვის ვტუქსავდეთ, როცა საღამოობით ხელებში ჩაძინებულ ბავშვებს ლოგინებს მივაბარებდით და სასაცილო ბალახებს ვეწეოდი. არა რა, არ შემიძლია ზრუნვა საკუთარ თავზეც კი. სამეგობროში კიდევ ერთი დედა გვყავს, ისეთი ისტერიულია, ძუძუებიდან რძე უკვე თვითნებურად უსხამს, ერთ დვრილს ჩაუდებს და მეორიდან გამოედინება. ჩემი აზრით, მეგობარი ლაქტაციის პერიოდში უნდა შეიცნო. არა და ვერც მისი ქმარი ხვდება რა სჭირს, უბრალოდ ქალები ვხვდებით.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ძალით აჭმევენ.
ოო, კვება ხომ ის პირველყოფილია დასაწყისში შვილს დედას რომ მოანატრებს. გამიგია, თავიდან შვილებს დედა კვების გამო უყვარდებათო. ისედაც, ბავშვები ყველაფერს პირში იტაკებენ და ამით საგნებს აღიქვამენ. ერთხელაც ძილის წინ ნატალიმ მომიყვა ზღაპარი, რომელიც ჩემს თვალში ჰორორი უფრო იყო: იყო და არა იყო რაო, ერთი გოგონა ცხოვრობდაო, საჭმელს არ ჭამდაო, ამიტომ დედამ ფანჯრიდან მოისროლაო, მერე ის გოგო მგელმა შეჭამაო. დასასრული. მეთქი, მეგობრულად, როგორც დაქალები ჭორაობენ, რა უნდა გავაკეთოთ უფროსებმა, რომ ბავშვებს მოსაწყენი სადილები შევაყვაროთ? დედა ძალიან ბევრს მაჭმევს და კვებისას ამიტომ ვტირივარო. სინამდვილეში სადილამდე ბავშვები კანფეტებით ძღებიან და კერძებისთვის მადა აღარ ჰყოფნით. დედა მაინც უყვება ხოლმე სადილობისას ზღაპრებს და თამაშით იკვებებიან, ეს მომწონს. ხანდახან ჭამობანას ვთამაშობთ, სხვადასხვა ოთახში დავსხდებით თეფშებით და აუცილებლად უნდა შევუსწროთ ერთმანეთს პირში კოვზის ჩადებისას. ან ვუყურებთ ზღაპრებს პროდუქტების მითიურ წარმომავლობაზე. ან ვულაგებთ სავარაუდო ბოსტნეულს და ნებას ვრთავთ, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა მზადებაში.
აი, როგორც ბავშვს მოსწონს ძუძუს წოვის პროცესი და საქმე მხოლოდ კვებაში არაა, ხელოვნური პროდუქტების მიღებისას იგივე უნდა გაგრძელდეს, უნდა მოსწონდეს როგორ ჭამს, რომ ჭამოს. მაგალითად, გაგანია ზაფხულში, მე არ დავაძალებდი ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. და კიდევ ერთი: მე მივაჩვევდი ღეჭვას. ბავშვი უნდა მიაჩვიოს ღეჭვას. არ უნდა გავიადვილოთ საქმე ბლენდერებით. აი, ნატალი ოთხი წლისაა და დაბლენდერების ან გამალებით ჩაზელვის გარეშე მგონი არ უჭამია. ხოლო რძეს რაც შეეხება, შვილიანი მეგობრების სახლში როცა შევდივარ, ცოტა ხანშივე ვატყობ ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი თუ ხელოვნურზე. რითი და მათი დასვრილი საფენის სუნით. დიდი ქონიანი კაცი რომ დააყენებს, ისეთი სუნი ასდით ხელოვნურებს. ეს მომწონს, რომ ძმის შვილს, დედაჩვენის ხელში, საფენი არ უხმარია სამი თვიდან. გამოთვლილად იცოდა კვება და წუთობით ხვდებოდა როდის სჭირდებოდა ბავშვს მონელება. ზოგადად, მოზრდილისთვის შეიძლება, მაგრამ ბავშვისთვის დაუგეგმავი კვება ისედაც სახიფათოა, მაგალითად, ხშირი კვებისას მომნელებელი სისტემა რომ არ გამოვიდეს წყობიდან და ა.შ.
რა სასაცილო სიტყვაა “ბოჩოლა” და თან მოსაწყენი.
ბავშვების სახელები შევცვალე.
ახლა კი ისევ ზღვარზე ვფიქრობ: მე რომ მეგობრების შვილებისადმი ურთიერთობა არ მომწონს, როდის შეიძლება ჩავერიო უცხო ადამიანი ოჯახში? თორემ უცემიათ ბავშვი და მე მხოლოდ ჩემი თეორიებით ვდგარვარ და მისთვის ცხვირ-პირიდან სისხლი თუ მომიბანია. ასე ბლოგიდან მაქვს დიდი გული და ვიტყვი: ნუ გააჩენთ ბავშვებს ოჯახის გასამტკიცებლად, საახლობლოში მე მხოლოდ ამ მიზეზით გაჩენილ ბავშვებს ვიცნობ და ვვარაუდობ, რომ კიდევ იქნებიან.
Tag Archives: ქმარი
23 გზა როგორ უნდა მოკლა წმინდანი
როცა შვებულება ცხრა მთისა და ცხრა მდინარის მიღმა გავატარე, თავი “ნაციონალური გეოგრაფიის” წევრად წარმოვიდგინე, მაინტერესებდა ფულის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი, კამერა გადავტენე, საგზალი მოვიკიდე ტყეები გადავლახე, მწვერვალები დავიპყარი, ღამე კარავში აღმოჩენილ მორიელთან გავატარე, მესმოდა როგორ ყმუოდნენ ცხოველები, მოგზაურის დღიურების წერა დავიწყე, მაზოლებიანი, დაჩეხილი დავბრუნდი ჩემთა ამბავთა გასაზვიადებლად, როგორ შევებრძოლე ღამით წვიმას ფოთლების ჩრდილით და როგორ ვარჩევდი კარაბადინებით სასარგებლო მცენარეებს შხამიანისგან და როგორ არ მეშინოდა ათგზის ჩაცმულ გოგონას ზაფხულში ყინულოვან მთებზე სიარულისას და როცა ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, გამვლელები ამ ჰეროიკულ ამბებს ისმენდნენ, უჩნდებოდათ ერთადერთი შეკითხვა: – არ გეშინოდა, რომ ვინმეს გაეუპატიურებინე?
და მე ვუპასუხე, რომ არა, რატომღაც არა. მსგავსი კითხვების დროს მახსენდება, რომ სამყაროს სიყვარული, ანუ სქესობრივი კონტაქტები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა ხდება ჩემს უნივერსიტეტში, ეზოში, სამსახურში, სამეგობროში, ეტყობა განვითარებით ჯერ კიდევ იმ ინფანტილურ საფეხურზე ვარ, როცა თავი ჩემივე სცენარის მთავარი გმირი მგონია და ვფიქრობ, სიკვდილი არ დამიგეგმავს. ალბათ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, რომ სუპერ გმირები იყვნენ, ფერად კოსტუმებს ჩაიცვამდნენ, ნარკომან მშობლებს ცხოვრებისკენ მოაბრუნებდნენ, ეჭვიან მეუღლეებს სიყვარულით რწმენას გაუჩენდნენ, მასწავლებლები აღარ გვეჩხუბებოდნენ და ქვეყანაც აშენდებოდა. ალბათ ჩემში ისევაა ღმერთის კომპლექსი.
შენებისას კი ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებებზე, როგორც ადამიანის უფლებებისგან დამოუკიდებელ წესებზე, რაც იმდენად თვითირონიული მგონია, რამდენადაც ფემინისტებისგან მოძალადე ქმრების დედებისადმი გაჟღერებული გინება. სწორედ ეს გინებაა ყველაზე სექსისტური ანეგდოტი რომელიც მომისმენია. სწორედ ეს გინებაა ყველაზე თვითგამომრიცხავი ფემინიზმი რომელიც მაშინებს. ხოლო თანასწორობამდე იმდენი ნაბიჯია დარჩენილი, რამდენჯერაც გავამახვილებთ ყურადღებას კაცისგან ქალის მკვლელობაზე, ვუგულველყოფთ ინფორმაციას იგივე პერიოდში ცოლისგან ქმრის მკვლელობაზე, კაცების ერთმანეთში ჩხუბზე ანუ ინფორმაციას სქესის მიხედვით გამოვარჩევთ. რატომ არიან მკვდარი ქალები უფრო საცოდავები ვიდრე მკვდარი კაცები ისევე არ მესმის, როგორც თეორია, რომ გაუპატიურებული კაცები ქალებზე მეტად დარდობენ. იმას ჰგავს, აპროტესტებდე ქალის პორნოგრაფიულ აღქმას და ღამის კლუბში ქალთა უფასო შესვლა გსიამოვნებდეს.
ამჯერად, საპატრიარქოს მიერ გამოცემულ დაბადებათა განმარტებანს ვეცნობი: ქალმა დაამტკიცა, რომ სუსტია, მალე ცდუნდება. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორები არიან, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ უბრძანა ღმერთმა დამორჩილებოდა ქმარს, – ხელი აწიეთ ვისაც გინახავთ პირიქით, კაცისგან ნაცდუნები ქალი. არ მჯერა, რომ ღმერთი ფიქრობს რომ ეს იშვიათი ამბავია. სხვა საქმეა, რომ მარიამს დედობრივი მზრუნველობა აკლდა, მხოლოდ მეორე დღის მგზავრობისას შეამჩნია, რომ პატარა იესო მოსალოცად დარჩენილიყო მამამისის სახლში (ვფიქრობ, მწერალს ამის გახსენებისთვის არა მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ იესო თავიდანვე დამოუკიდებელი და მამის მოყვარე იყო, იმისიც, რომ მარიამს ყველანაირი ეგრეთ წოდებული ქალური ინსტინქტები მოაკლო.), მთავარია, რომ ღვთისმშობელმა საკუთარ სხეულში ღმერთის დატევით ქალიც გააწმინდანა.
და რაც არ უნდა გაგკვიკვირდეს, საქართველო მატრიარქატული წყობის ქვეყანაა, მიწათმოქმედი, გეორგიანული, ფემინური, სადაც რადიკალური მატრიარქატის დამსხვრევაც ქალის ხელით მოხდა (მითი ამირანის დედაზე), კაცის სანადიროდ გასვლაც კი უსუსურ აქტს წარმოადგენდა ამორძალი დალის გარეშე. სადაც იდეალური სახელმწიფო ფორმის მეფე ქალი გვყავდა, იდეალური რელიგიის გამავრცელებელიც მდედრობითი სქესია, ხოლო ღვთისმშობელი წილ-ნაყრობს და გვიფარავს. აგერ, სახელმწიფოებრივობა მოვიპოვეთ ახლახანს და, სტატისტიკის თვალიერებისას გამოვტყდეთ, უმუშევარი კაცების ფონზე ეკონომიკა მეორე სქესზე ცხოვრობს. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალი წმინდანის საფეხურამდეა აყვანილი, მით უფრო დაკნინებულია მისი ადამიანური უფლებები. ამიტომ გვიჭირს დედების პორნოგრაფიული თვალით განხილვა, ცოლებისგან მფარველობას ვითხოვთ, რომ ისინი სწორ საკვებს და ჩასაცმელს აგვირჩევენ. ამიტომ გვიჭირს მათი სხვაგან გაშვება, რადგან ტრაგედიაა გაღმერთებული ადამიანის წასვლა, აღმოჩენა, რომ წმინდანსაც შეუძლია დაიგროვოს წყენა, არა მარტო წყენა, ღალატი. ამიტომ ვკლავთ. და ყოველ ჯერზე, როცა კაცები ქალებს ვკლავთ, სადღაც, სტერეოტიპთა სიღრმეში აქტი აღმოჩენას წარმოადგენს, რომ წმინდანი ადამიანია.
კაცებო, ყოველ ჯერზე როცა ერთმანეთს დედებს ვაგინებთ, ერთმანეთის წმინდანებს ვაგინებთ.
ქალებო, ყოველ ჯერზე როცა კაცებს დედებს ვაგინებთ, როგორც გვგონია, ეს არაა ჩვენი მოპოვებული თანასწორობის აქტი, ჩვენივე სქესს იმაზე მეტადაც ვკლავთ, აბორტის ლეგალიზაციით ფემინისტებმა რომ მოგვკლეს. ესაა მითი ამირანის დედაზე ხელახლა.
აი, ამიტომ არ ვიგინები.
ამ დღეებში საბოდიალოდ ისევე წავალ, და როცა ამბები დამიგროვდება, ძალიან მინდა უსქესო მსმენელი დამხვდეს, რომელიც მკითხავს, რას ვგრძნობდი ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, უდაბურ ტყეებში როგორი სოკოები ვნახე და როგორ გავაჩაღე ცეცხლი ნაფოტებით და ის ცეცხლი აბელზე მაღლა ავიდა, და თან წუხდეს დაღუპული კაცების და ქალების გამო თანაბრად.
გული ზურგიდან
”ამიერიდან თუ ჩემთან სათამაშოდ მოხვალ, გული იქონიე”.
არ მიღალატო მეთქი, გამალებით ვუყვიროდი და სხვასთან წავედი.
მისგან მაქვს მეთქი, მარის ვაჩვენებდი შრამებს მაჯაზე: “გადავწყვიტე იქამდე მიყვარდეს, სანამ მომიშუშდება”. მაკვირდებოდა და არ გაქვსო. მე კი თავს ვაჯერებდი რომ მქონდა.
ხვალ ბოლოჯერ უნდა შევხვდე.
გადაბრუნდება და ზეწარს გადავაფარებ, მისი გულის ცემას ზურგიდან მოვუსმენ.
სულ მეშინია, ერთხელაც იმდენს დალევს, ფეთქვას შეწყვიტავს.
მოგისმენია გულის ცემა ზურგიდან?
ხომ გულუბრყვილოა ბავშვის აკვანთან ნათქვამი ტყუილი, რომ მამა დაბრუნდება?!
იქვე პირობა, რომ აღარასდროს წავიკითხო ზღაპრები, უბრალოდ მოვყვე, რაც ძილისთვის აუცილებელია.
როგორც მატარებლის ფონზე დაქნეული საყელო, კოცნას დადევნებული და შლაიპაში შენახული ღია ბარათები, ტყუილთან: – დავბრუნდები.
კიდევ დილაობით აღარ გასწორებული კისერზე ჰალსტუხი, შეგროვებული ქუდები და საყელოები მატარებლის სადგურთან.
სამაგიეროდ, ორშაბათობით მიღებული ფული ბანკიდან.
არავინ გისმენს სანამ შეცდომას არ დაუშვებ.
დარჩი, – ვეუბნები საკუთარ სხეულს, რომელიც სახლის კარებებთან დადგა და გაქცევაზეა.
ხანდახან მგონია, რომ ადვილია ჩემი გადაბირება. იმ დღეს ქარს შემადარეს და რომ დამიბერა, მეგონა საკუთარი თავი ვიგრძენი, მაგრამ უცებ აღარ ვიყავი.
ქარივით აღარ ვიყავი, აი, ასე გავქრი. ილუზია მქონდა გაქრომის, მიტოვების, გაქცევის.
დარჩი, – ვეუბნებოდი თითოეულს, თითოეული მპასუხობდა: – მუდამ.
მერე ფილმებში ვიპოვნე საუკეთესო პასუხი კითხვაზე:
– რატომ არასდროს არ მეკარები?
– არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
ხოლო იმისთვის, რომ მიიღო ზღვა სიამოვნება, ცურვა უნდა იცოდე.
დედამიწის ღერძზე ვიღაცა ჩამოკიდეს და ქანაობს.
შრამი არ წასულა.
უბრალოდ ვიცოდი, თუ ოთახში მარტო დავრჩებოდით, კონიაკს გახსნიდა და მხარზე მაკოცებდა.
მე კი მისთვის კონიაკი მიმქონდა, ჩაცმული კაბის ბოლოებს გადავაფარებდი, ის ხელს მასთან შეაცურებდა და ყურის ქვეშ მკოცნიდა.
მერე შეუხებლად ცივ იატაკზე ზეწრის გარეშე დამაწვინა და ყელის ახლოს აგრძელებდა სუნთქვას. მისგან გადავწიე სახე, ზედა მალები დაორთქლებით გადამითვალა და ზურგზე ტუჩების მოჭერით მითხრა: – შეიცვალე, – მე მუცლისკენ მივუშვირე ხელი, მან მალებიდან ხელი ააცურა.. სუნი გადაწეულ თმასა და კისერს შორის, კანსა და ჰაერს შორის რომ გროვდება, იქ.
დედამიწის ღერძზე საწამებლად რომ ჩამოკიდეს და ქანაობს.
ვიცვლები.
ზუსტად არ ვიცი ეს როდის მოხდა, ალბათ მაშინ, როცა ქუჩაში გავედი, შარვალი ხელით გავიწმინდე და ვიგრძენი: ყურები შესამჩნევად გაზრდილიყო.
ის მომენტი იყო, ყველამ რომ შემომხედა, მე კი პირი მქონდა ღია და მკაცრად მოვკუმე.
ჩემი ყურები კი თანდათან იზრდებოდა და აბაზანიდან გამოსული სარეცხის თოკზე გადავეკიდე.
გაქვს ის მომენტი, როცა იცი, რომ მშვიდად ხარ, მაგრამ დილით ცრემლებით იღვიძებ? გუშინწინ მქონდა.
გადავწყვიტე აღარ მეოცნება.
და მე მესმოდა, როგორ ფიქრობდნენ ადამიანები და ხეები. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა პერსონაჟი ბავშვის აკვანთან მივდივარ, ფიქრობს: – მამას არ მოსწონს დიდყურა ქალები.
მეგობრების ქმრები, მათი შვილები და იმათი შვილების სათამაშოები
ტელევიზორში რომ აცხადებენ, დედამ შვილი მოკლაო, მერე სხვადასხვა აბსურდული მიზეზები მოჰყავთ, იქ ტელევიზორიო, იქ ფულიო, მგონია, ერთადერთი ადამიანი ვარ პლანეტაზე, რომელიც არ კიცხავს. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვამართლებ და ვუბიძგებ, მაგრამ მესმის. გესმით? მესმის.
ნათესავებთან ჭამა მიყვარს, ჰოდა, იმ დღესაც მიყვარდა, სანამ ჩემები გაბრიელს ეთამაშებოდნენ, მე ჯერ სალათა თეფშზე გადმოვილაგე, მერე ნამცხვარი მივირთვი, მერე აღარ მშიოდა და უხერხულობის დასაფარად ხელმეორედ გადმოვიღე სალათა. თავში კი სულ ის საშინელი აზრი მიტრიალებდა, რომ ახალშობილს როგორღაც ხელში დამაჭერინებდნენ. თან გამუდმებით ხუმრობდნენ იმის შესახებ, რომ ერთხელაც მეც დავორსულდები, რა ლამაზი ორსული ვიქნები და ნუ მგონია, რომ ცუდი დედა ვიქნები, შეუძლებელია დედამ შვილს თვალებში ჩახედოს და არ შეუყვარდეს. მერე ვიღაცა გამოჩნდა და, ის დედა არ იყო, ფეისბუქის გამო შვილი რომ მოკლაო? არა, თიკო მასეთი არ იქნებაო, მე კი ლამის ხმამაღლა წამოვიყვირე: “მართლა მასე გგონიათ? რა იცით?” ამიტომ მიყვარს ნათესავებთან ჭამა.
სულ პატარა რომ ვიყავი და ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ხშირად მახსენდება ეს ისტორია, ლექსი დავწერე დედაზე ბავშვი რომ გაეგუდა, ადრეც მიხსენებია. არა, დედაჩემი არაფერ შუაში იყო, თუ ეს გაინტერესებთ, პირიქით, საყვარელი შვილი ვიყავი და მივლიდა. ან ამჯერად რა მოსატანია. უბრალოდ ბავშვებთან ჩემს ცოდვებს გაგიმხელთ.
აი, ნათიას უკვე ილია შეეძინა. სინამდვილეში, ახლა გაჩერებული ვზივარ და ვფიქრობ, მართლა ილია თუ ჰქვია. ეკლესიაში შემხვდა, მაშინ ორსულად იყო, მახსოვს, მუცელი დავუნახე და სურპრიზიო მითხრა. მერე ჩამოვსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ, ოჯახურ ცხოვრებას არაფერს უწუნებს და სადღაც შუაში შეაპარა რომ შვილისთვის პატრიარქის სახელი უნდა. ეს ამომიტივტივდა. ჰოდა, ეკამ თავისი ანა მშობლებს დაუტოვა, ის ანა, თიკოს რომ ვერ ამბობს და თითეს მეძახის, საყვარელი თამაში წყლიან ჭიქაში რომ ხელის ჩაყოფაა და ეკა სულ ჩემით აშინებს, კარგად მოიქეცი, თორემ თითე მოვა და გცემსო. არ ვიცი, წესით, ამის გამო ანას არ უნდა ვუყვარდე, თუმცა არ მიფრთხის, თვალებში მიყურებს და სათამაშოებს მაძლევს. თანამედროვე ბავშვებს ხომ თოჯინებს ვერ შეაყვარებ, პულტი და მობილურიც ჰყოფნით. უნდა მომენათლა, მაგრამ ვერ ვქენი.
ჰოდა, ავიღეთ საჩუქრები და სანამ ნათიას ქმარი სახლში არ იყო, მივადექით. ეკამ ტანსაცმელი უყიდა, მე კი დიდხანს ვფიქრობდი და აფთიაქს მივადექი. უამრავი საწოვარა ვნახე, ზოგს იმხელა ფასი ეწერა, ნამდვილსაც უყიდიდა კაცი. რა განსხვავება იქნება მეთქი და შევცოდე, ის ვიყიდე, რაშიც ორნახევარი მივეცი, თანაც მთელი გზა ვნანობდი, იქნებ სხვაგან უფრო იაფად მენახა მეთქი. იმედია, ჩემი მეგობრები ოჯახური საქმეებით არიან ჩაფლულნი და სოც. მედიას არ ადევნებენ თვალს და ამას ვერასდროს გაიგებენ. მაგრამ იმ დღეს მეტიც შევცოდე, ყველაზე უცნაური გემოსა და ფორმის შოკოლადი ავარჩიე ჩემთვის, ვიცოდი, რომ ეკა და ნათია ახალი ნამშობიარები იყვნენ და ვერ შეჭამდნენ. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. თან მოვიბოდიშე, არ ვიცოდი, შოკოლადი თუ არ გეჭმეოდათ, უნებურად ვიყიდე მეთქი. მეც საცვლებზე საუბრისას უხერხულობის დასაფარად ვჭამდი. მათ კი საკითხი წამოჭრეს, რომ ქეთისთან აგვეარა, უკვე ორი გააჩინა და საჩუქარი ვერ ავუტანეთ. მე კი უკვე იაფიან აფთიაქებს ვათვალიერებ.
ცუდი მეგობარი ვარ. აი, მატამ ჯერ მეჯვარედ წამიყვანა, მერე გამომიცხადა, ვიცოდი შენი მდგომარეობა და აღარ მოგანათლინეო. მახსოვს, რომ ბავშვს ქეთო ჰქვია და მისი ქმარი მგონი ერთადერთი მეგობრის ქმარია, ვისაც ვუყვარვარ. აი, მგონია, რომ სხვებს არ ვუყვარვარ. ქეთოს წიგნების ბაზრობა რომ იყო, ნახევარი წლისაც არ იყო და წიგნი ვუყიდე, გამოვაცხადე, რომ მის განათლებაზე ვიზრუნებდი, მაგრამ დამავიწყდა. ვერაფრით ვიხსენებ როგორ გამოიყურება. მისი მეგობრის ბავშვი უფრო მახსოვს, ძალიან დიდია და თამამი. ქეთო ავადმყოფობდა, მახსოვს. უნდა მოვიკითხო.
აი, მაკა მესამედაა ორსულად. ჯგუფში ყველაზე ჰაეროვანი გოგო იყო, სიარულის ნაცვლად რომ დაფრინავს, მათხოვარს თუ მეგობარს ერთნაირი სითბოთი მოიკითხავდა და ყველას უყვარდა. ერთსაც ისე შეუყვარდა, რომ მოიტაცა. ცუდი არ იფიქროთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მოტაცება ძალადობა კი არა, დაბნეული ადამიანის არჩევანის წინაშე დაყენების მცდელობაა. პირველი მოეშალა და მერე რეზი გააჩინა. როცა გააჩინა, “ლომკასავით” დაემართა, რომ მშობიარობა ისევ უნდოდა და ლუკა მალევე მიაყოლა. თქვენ არ იცით რა მემართებოდა, როცა რეზიმ ფეხი აიდგა: ჯერ იყო და პლიტას მივარდებოდა, მერე კედლებს ეჯახებოდა. ფეხს რომ აიდგამენ, მე ჭამას ვერ ვახერხებ იმდენ პანიკაში ვვარდები, მაკა კი მამშვიდებს, ბავშვია და სიარულს სწავლობს, თავი დაანებეო. მე ალბათ საწოლზე დავაბამდი, პირს ავუხვევდი და ასე გავზრდიდი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვის დაცემა სიარულის სწავლად მიიღონ. და კიდევ იმის წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეუძლიათ ორივე ერთნაირად უყვარდეთ. ჯერ მარტო ამის შემეცნების გამო მიღირს ორი შვილი მყავდეს.
მეორეს ელოდება ელენე. პირველი გოგო ჰყავდათ, ბარბარე, და ბიჭიაო, უხარიათ მეორეზე. ასეთი ეგოისტი დედა არ მინახავს, სულ თავისთვის უნდა ბავშვიც და ბავშვის სათამაშოებსაც არავის ათხოვებს. ერთხელ ლუკას და რეზის არაფერი ათხოვა და ლუკამ პირში დანა ჩაიდო. კივილით მივვარდით სამივე. თეომ რომ მონათლა თავისი ნინი, მაშინ გვყავდა ისინი ტაძარში, ხელში მომაჩეჩეს, ჩვენ ვნათლავთ, შენ ეკლესიაში მაინც არ შემოდიხარ და დაიჭირეო. მაშინდელი ფოტოები ვნახე, ლამის იყო გამვარდნოდა, მამებს უფრო კარგად ეჭირათ და შემრცხვა. მერე საწოლზე ყველანი დავაწვინეთ და სურათებს ვუღებდით. ნინი ყველაზე უცნაური ბავშვია, თოჯინას ჰგავს, მგონია პლასტმასის თვალებს ახამხამებს და თმა რომ მოგლიჯო, თოჯინასავით ნაჩვრეტებს დატოვებს. იცით, რა მინდება? ბავშვები დავიჭირო და თითები გავუტკაცუნო, თქვენ არა? ერთხელ ლუკამ დედა დამიძახა: ის იყო, ლაპარაკს სწავლობდა, რომ აკვანში გადავაბრუნე და დედაო, მე მითხრა. არ დამიჯერებთ და ვიტირე.
მოხუცი და ზღვა
ამბობენ, სამყაროში დავიწყება რომ არ არსებობდეს, ადამიანები ორმოცს ვერ მიაღწევდნენო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამიწა წყალმა დაფარა და ადამიანები გადარჩენისთვის ამატებდნენ სართულებს.
ყოველი დილა თავთან შეკითხვით იწყება: როგორ ხარ? – და პასუხის გაცნობიერებით გრძელდება.
ოღონდ თბილ ლოგინში ჯერ ჩიბუხს გააბოლებდა, კისერს მოიფხანდა.
იმ ასაკში არ იყო, ცხოვრება რომ ესწავლა და სიკვდილს სწავლობდა, ალბომის ფონზე, ჩიბუხით ხელში, კომოდზე ცოლის ჯერ კიდევ შემორჩენილი სამკაულებით. ზღვა ჩანდა მისი ფანჯრიდან.
ყოველ ჯერზე აღებდა იატაკზე ამოჭრილ ფანჯარას და თევზაობდა ანკესით ხელში. ქვემოთ დაცურავდენ ქალაქები, ჩიტების ნაცვლად თევზები რომ არტყამენ წრეებს. ამბობდა:
– ვახშამზე თევზი და ღვინო მექნება, – არ ამბობდა, ფიქრობდა, იმდენი ხანი არ ესაუბრა, იფიქრებდი, საუბარი დაავიწყდაო. შეიძლება მართლა დაავიწყდა.
საამური საღამო იდგა, წყლის ფოთლებივით შრიალს უსმენდა, ტელევიზორმა მოთენთა და ჩააძინა.
დილით ისევ კისერი მოიფხანა, კომოდზე დადებული ჩიბუხი ხელის ცეცებით მოძებნა და ორივე ფეხი წყალში ჩატოპა, – იატაკზე გუბე დამდგარიყო, მის ანარეკლში ლივლივებდა ოთახი, ფანჯრიდან კი ზღვის ჰორიზონტი ჩანდა, მოცეკვავე თევზებს პირდაპირ კართან რომ რიყავდა.
დანანებით შეავლო თვალი კომოდზე დადებულ ცოლის სამკაულებს და რამდენიმე ფოტოს. სახურავზე კიბე მიადგა და გაჭირვებით აბობღდა, რადგან სახლის ზემოდან დაიწყო ახალი სახლის შენება. სახლის, სადაც დაეტეოდა ანკესი, მაგიდა თუ საწოლი. იმ სიმაღლეზე წყალი კიდევ კარგა ხანი არ მისწვდებოდა.
როცა ახალი სახლი გადახურა, ნავი აიღო და ნივთების წასაღებად დაბრუნდა. მხრებზე კომოდი მოიკიდა და ჩიბუხი გაუვარდა. იატაკზე ამოჭრილ ხვრელში ჩაუვარდა და ჩაყვა:
ჯერ ნიჩბებით იპოვნიდა, ეგონა, მერე ჩაყვინთვა გადაწყვიტა, ოთახების ჩავლით, ოთახების, რომლებსაც იატაკის ფანჯარა ამოჭრილი და გაღიავებული ჰქონდათ.
როცა დაკეტილი ფანჯარა დაინახა, ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი, დაცემული ჩიბუხი ნახა და აიღო.
ერთხელ ამ იატაკიდან სწორედ ეს ჩიბუხი მიაწოდა მეუღლემ, თავად ქანქარა სკამზე იჯდა, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოღონდ მოხრილი.
ცოლი არასდროს დასცინოდა, როცა მოხუცდა, გაკეთებულ სათვალეს რომ ეძებდა: “საყვარელო, ვერც მე შევამჩნიე, თურმე გიკეთია..”
გარისკა და ამ ოთახის ფანჯარაც გახსნა, ჯერ ზემოთ აიხედა, სუნთქვას მოუჭირა და გაცურა: იმ სახლში მოხვდა, სადაც ცალი საწოლი დატოვა და პატარა ტაბურეტკა კუთხეში, ღამეებს რომ უთენებდა მეუღლეს ავადმყოფობისას, მოუკეცავდა საბანს და ჩაათბუნებდა.
მერე კიდევ გარისკა, იატაკზე კიდევ გამოაღო ფანჯარა და ჩავიდა.
დივანი დახვდა. ის დივანი, რომელზეც მისი ცოლი და შვილი იჯდა ოჯახთან, თავად კამერას აყენებდა დროის რეჟიმზე. მათთან ერთად გაცუნცულდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოარტყა და დაცემის პროცესში იყო, რომ დაჩხაკუნდა. სასაცილო სურათი გამოვიდა, რომ ნახეს, ბევრი იცინეს.
მერე ახალი ოთახი იყო, ალბათ იმ პერიოდის, ცოლი რომ მოიყვანა, მშობლებს გააცნო და მოიყვანა.
ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქორწინება წარმოადგენდა მიზანს, რომელის გაცნობიერებას ოჯახური ცხოვრებით ახერხებდა. ისწავლა, რომ ცოლის გაღვიძების სწრაფი საშუალებაა, მისთვის სხვა ქალის სახელი დაეძახა. მერე ამაზე დიდხანს იცინოდა, ყოველ დილა კოცნიდა, ის კი ყოველ დილა უსწორებდა ჰალსტუხს. როგორ უყვარდა.. მერე შვილი. გემზე ჩასვა და სასწავლებლად გაუშვა. მაგიდაზე კარაქიანი პური დარჩა.
უფრო ღრმად ჩავიდა და სახლის ფსკერი ნახა, მიწაში ჩაშენებული ნივთებითა და იატაკზე აღარ იყო ფანჯარა.
კარები გააღო და გარეთ გავიდა, სახლს დაბლიდან მაღლა ახედა, მაღალი კოშკი იყო, მრავალგზის მიშენებული სახლებით, არქიტექტურით რომ წყალს გაქცეოდნენ. წყალი კი სულ მაღლა და მაღლა იწევდა.
გარშემო მისი ძველი ქალაქი იყო, შეყვარებული მისი მშობლები ბებერ ხეს წრეებს რომ არტყამდნენ, დაფრინავდნენ პეპლები და ჩიტუნები. მერე დაჭრეს და სახლი სულ აგურ–აგურ ააშენეს, ის სახლი, სადაც ცხოვრებას აპირებდნენ.
მაშინ სახლები ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, ამოდიოდა ბალახი და ხეხილი ყვაოდა. ისინი კი შეიყუჟებოდნენ სახლში და ღვინოს სვამდნენ ორცხობილასთან.
კაცს ცრემლი მოადგა, იატაკზე დაგდებული ჭიქა იპოვნა, თავის სართულზე აიტანა. ვახშმად ისევ თევზი ექნება და ღვინო. მაშინ ძალიან ბევრი თევზი დაუჭერიათ, ფრინველებიც თევზებად გადაიქცნენო. ეს სართული ბოლოა ალბათ.
მუჰამედის ცოლები
მუჰამედი თმას ინით იღებავდა და თავზე ზეთის ხილის ზეთს ისვამდა, ხის ტოტისგან დამზადებული სახეხით იხეხავდა კბილებს და სუნამოს იპკურებდა. ამბობდა ხოლმე, ლამაზად ჩაცმა რწმენისთვისაა საჭირო. თუ სადმე წავიდოდა ჰიგიენის ნივთებს თან წაიღებდა, თუ სადმე წავიდოდა აქლემით, სახელად ყასვა. ბრძოლის დროს ცხენი ჰყავდა, სახელად სექბი. მას კიდევ რამდენიმე ცხენი ჰყავდა მიმდევრებისგან ნაჩუქარი. ჯორიც ჰყავდა, სახელად დელდულ და ვირი იაფური. მას კიდევ ცოლები ჰყავდა.
მას შემდეგ, რაც მუჰამედმა სასწაულებრივი მოგზაურობა განახორციელა მექადან იერუსალიმის ტაძარში, უფლება ჰქონდა შეერთო ნებისმიერი ქალი – ქალწული თუ ქმარგაცლილი, უცხო თუ ნათესავი, მუსლიმანი თუ სხვა. უფლება ჰქონდა სამხედრო ნადავლის წილის მიღებაში და ნებისმიერი ქალის შერთვაში.
ისლამში კაცს შეეძლო რამდენიმე ცოლი ჰყოლოდა, ოღონდ მრავალქმრიანობის უფლება ქალს არ ჰქონდა, ბავშვის წარმომავლობა რომ არ ყოფილიყო სადავო. მუჰამედს უფლება ჰქონდა ცოლის სიკვდილის მერე და მანამდეც სხვა მოეყვანა, ხოლო ცოლებს გათხოვება ეკრძალებოდათ, – სხვას ვის უნდა გაჰყოლოდნენ მუჰამედზე უკეთესს.
თუ ქალი, რომელსაც სამოთხის ღირსი ქმარი გარდაეცვალა და სხვაზე აღარ იქორწინებს, ალაჰი მას სამოთხეში ქმართან მოათავსებსო.
მუჰამედი დაყვედრებისთვის ზოგჯერ სცემნდა ცოლებს. ისინი კი მას იმით სჯიდნენ, რომ საღამომდე ხმას არ სცემდნენ. ამ დროს სახლში მოწყენილი დადიოდა მუჰამედი.
თუ ალაჰი მორწმუნეთაგან მოითხოვდა სიტყვისადმი ერთგულებას ალაჰის წინაშე, მუჰამედს უფლება ჰქონდა სიტყვა გაეტეხა მორწმუნეთა წინაშე.
ბოლო შუამავალი იყო, ვისაც უშუალოდ ჰქონდა ღმერთთან კონტაქტი. “არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია ალაჰის მოციქული”. ბედნიერი კაცი იყო მუჰამედი.
მუჰამედის ყოველ ქორწინებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ზოგადი იყო, რომ გაეცნო თავისი კანონები ქალებისთვის და მათ შთამომავლობისთვის გადაეცათ ცოდნა.
მაგალითად, ცოდნა იმისა, რომ ჯოჯოხეთს ცეცხლის ყარაულებად ცხრამეტი ანგელოზი ჰყავს, რომ ცეცხლ მისჯილნი ვერ გამოვიდნენ. ხიდი ბეწვზე უფრო წვრილი და მსხვილზე მეტად ბასრი: ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. რომ სიკვდილის მერე 99 ცოდვა სასწორზე დევს და ალაჰის სიტყვა აქეთ მისი მადლის შეჯამებით, სუბიექტურია ალაჰი. რომ მექას მახლობლად არაფატის მთაზე ცხოვრობდნენ ადამ და ევა. ადამმა აკრძალული წიგნი წაუკითხა ანგელოზებს, რის გამოც ღმერთმა მიწაზე გამოაგდო. მიწაზე გაყრილნი ცოლ-ქმარი კი ღმერთმა ერთმანეთს აქ შეახვედრა. დღემდე მუსლიმები არაფატზე ადიან და ცოდვებს ინანიებენ.
პირველ სურებში უმეტესად სამოთხე და ჯოჯოხეთია აღწერილი, რადგან ხალხს ჯერ მიზეზი სცოდნოდა და შემდეგ მასთან მისასვლელი გზები.
მუჰამედის მშობლების ქორწინება ზეცაში მოხდა და უშუალოდაა დაკავშირებული ჭასთან, სიზმართან და მსხვერპლთან.
როცა ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები წელიწადში ერთხელ ბუვანს სცემდნენ თაყვანს, კერპთან მუჰამედს თეთრწვერა კაცი ესაუბრებოდა, მასზე მთხვევა არ გაებედა.
როცა მუჰამედი ყურაიშელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა, ქვედატანის სამოსელი რომ გაიხადეს და მხრებზე დაიგდეს, რომ ქვების გადაზიდვისას მხრები არ სტკენოდათ. რაღაც ძალამ ჩასძახა მუჰამედს, რომ ქვედატანის სამოსი წელზე დაემაგრა. იმ დროს საზოგადოებაში უტანსაცმლოდ გამოჩენა ნორმად ითვლებოდა, მაგრამ მუჰამედის ზნეობრივი ზღვარი უცოდინრობისასაც არ ირღვეოდა.
ღმერთი მუჰამედს სურებს ცხოვრებიდან გამომდინარე აწვდიდა. მაგალითად, როცა მუჰამედმა ზეინები მოიყვანა, დიდი სუფრა გაიშალა. დასასრულს სამი აბეზარი სტუმარი შემორჩა. მუჰამედს ერიდებოდა რა მათი გაშვება, ალაჰმა წესის შემოღება გადაწყვიტა: მუჰამედის სახლში სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მასთან ის დროებით უნდა დარჩეს. მორიდებულია, თვითონ ვერ ამბობსო. ეს საღამო ფარდების დაკიდების საწყისად ითვლება.
უფარდებოდ საუბარი სტუმრებთან ისედაც ეკრძალებოდათ შუამავლის ცოლებს.
ერთხელ ისინი რომ ერთად შეიკრიბნენ, აინტერესებდათ ქმრის სიკვდილის მერე პირველი ვინ შეუერთდებოდა მას. მუჰამედი არ დაბნეულა, ისე უპასუხა: ვისაც ყველაზე გრძელი ხელები აქვსო. მთელი საღამო ატოლებდნენ ხელებს. თურმე სევდას ჰქონდა, მაგრამ ზეინაბი გარდაიცვალა, რადგან ხელგაშლილი ყოფილა. ჰო, აზიელი კაცი იყო მუჰამედი და უყვარდა ირიბი საუბარი.
თუ იმ ქვეყნად ალაჰი, ამქვეყნად ყველაზე მეტად ქალები უყვარდა მუჰამედს. ამბობდნენ, საიქიოს ყველაზე ხეირიანი ქალი მარიამია, საამქვეყნოსი კიდევ ხატიჯეო.
ხატიჯე პირველი მუსულმი იყო, უმეცრების ხანაში ორჯერ გათხოვილი. მუჰამედს სამსახური მისცა და ასე გაიცნო. მერე ხელიც სთხოვა. ისინი ჩუმად ასრულებდნენ ნამაზს და ისლამის ძირითად პრინციპებს იცავდნენ: რწმენა ღვთისა და ბოლო ჟამისა და ანგელოზისა, რწმენა მუჰამედისა და ყურანისა, რწმენა ბედისწერისა.
ერთხელ ალიმ მშობლებს ნამაზის დროს შეუსწრო. არ დაბნეულა და ქელიმეი შეჰადითის ლოცვა აღავლინა მან, როგორც მეორე მუსულიმმა. წლების მერე მიმდევრებიც გამოუჩნდა, ისლამს სექტად რომ გამოეყო, ალაჰს შეშლია მუჰამედს სურებს რომ უგზავნიდა, ალი ეგონაო.
როცა ხატიჯემ მუჰამედს ჰკითხა მკვდარი შვილების ამბავი: -სად არიან ჩემი შვილები?
მუჰამედმა უპასუხა: -სამოთხეში.
ხატიჯეს სიკვდილის მერე, თუ მის სახლში ცხვარი დაიკვლებოდა, ცოლის ნათესავებს ყოველთვის უგზავნიდა ხორცის ნაჭერს. ამბობდა: ის იყო ჩემი შვილების დედა და შესანიშნავი დიასახლისი. როცა არავის სჯეროდა ჩემი, მან დაიჯერა.
აიშასთან შეუღლების ბრძანება ალაჰისგან მოვიდა. ბავშვი 9 წელი გაჭირვებაში ცხოვრობდა მუჰამედთან. მაგრამ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. ზოგ ქალს მუჰამედი არ ირთავდა, ზოგს მუჰამედი არ უნდოდა. მისი ცოლებიდან მხოლოდ აიშე იყო ახალგაზრდა და გაუთხოვარი. ზოგი ამბობს, ექვსის იყო მუჰამედს რომ გაჰყვაო, ზოგი ამბობს, რომ ჩვიდმეტის. აზიური კლიმატიკის გამო ქალი ადრე მწიფდებოდა.
მუჰამედმა აიშა რომ მოიყვანა, შვილს უთხრა: ”ისე უნდა გიყვარდეს, როგორც მე”.
ერთხელ, როცა მუჰამედს ჰკითხეს: – ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?
უპასუხა, რომ აიშე.
– მამაკაცებიდან?
– აიშეს მამა.
აიშეს თეთრი, სიფრიფანა კანი ჰქონდა და მუდამ წითლდებოდა. ამის გამო ხალხმა ჰუმეირა შეარქვა, წითელ ლოყებას ნიშნავდა. მასთან საუბრის დროს მეზობლობის ინსტიტუტი შემოიღო მუჰამედმა: ”ჯერ ეწვიე მათ, რომელთა ჭიშკარი შენთან უფრო ახლოსაა”.
ძალიან ეჭვიანი იყო აიშე, თუმცა მუჰამედის სიკვდილის მერე, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქმარი მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და სხვა ცოლებთან შედარებით, ხშირად რჩებოდა მასთან.
მუჰამედს უთქვამს კიდეც:
– თუ ჩემზე ადრე მოკვდები, ჩემი ხელით გაგახვევ სუდარაში და საფლავში ჩაგტან.
– გინდა მალე მოვკვდე, ჩემს ნაცვლად რომ ახალი შეირთო?
არაბული ღიმილი ჰქონდა მუჰამედს, ცოლის ეჭვიანობას ბავშვურ ვნებებად თვლიდა. მაგრამ ერთხელ, როცა მუჰამედი აიშეს საწოლიდან ადგა და გარეთ გავიდა, ცოლი დაედევნა, მაინტერესებდა, ვისთან წავიდოდაო. მუჰამედი სალოცავად წასულიყო და აიშეს შერცხვა:
– როდესაც ღმერთის კეთილგანწყობა გინდა მოიპოვო, მე სურვილებით ვარ შეპყრობილი.
ერთადერთი ცოლი იყო აიშე, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობდა და დაჭრილებს უვლიდა. ამის გამო უსიამოვნებასაც გადაეყარა, როცა ტუალეტში გავიდა. როგორც ახსენებს, მაშინ საპირფარეშო ჯერ არ იყო სახლზე მიბმული, სამკაულები დაკარგა და მის ძებნაში ქარავანმა გაასწრო. ჭორაობდნენ, გარყვნილი ქალიაო და მუჰამედმაც დაიჯერა. ქმრის სიცივეს აიშე ვეღარ უძლებდა და მის გამო ალაჰისგან აიათები გარდმოვლინა.
როცა აიშეს ქორწინებისთვის ხელს ჯერ ასაკი არ უწყობდა, მასთან დანიშნულმა მუჰამედმა ჯერ სევდაზე იქორწინა. თუ აიშამ განათლებით მოხიბლა ქმარი, მუჰამედი სევდამ შვილებზე ზრუნვით მიიზიდა.
50 წელს იყო სევდა გადაცილებული შუამავალს რომ გაჰყვა. მან და მისმა ძველმა ქმარმა ისლამი ერთად მიიღეს. ქალმა სიზმარი ნახა და ქმარს მოუყვა, რომ დაქვრივების მერე მუჰამედს მიჰყვებოდა ცოლად. წმინდა შუამავალმა ქალისადმი მოვალეობის გრძნობა იგრძნო.
ჰაფსა, რომლის სიტყვა და საქმე არასდროს შორდებოდა ერთმანეთს, აიშემ და სევდამ მიიღეს. მას ხანდახან აიშესთან ჰქონდა კონფლიქტი. ისიც მესაკუთრე ბუნების იყო და მუჰამედმა ის სახლში გაუშვა: სუფთა მამაშენი ხარო. მერე ალაჰი გამოსცხადებია და დაუბრუნებია, რადგან მისი ყოველი ცოლი ალაჰისგან იყო.
მუჰამედი არასდროს შორდებოდა ცოლებს. დროებით გაუშვებდა ხოლმე სახლში და ისვენებდა.
ერთხელ როცა მუჰამედმა ზეინაბის სახლში შარბათი დალია, ცოლებმა იეჭვიანეს და უთხრეს, პირიდან ცუდი სუნი ამოგდისო. მუჰამედმა იხუმრა, შესაძლოა ფუტკარმა ასეთი თაფლი შეაგროვა, თუ თქვენ გინდათ, აღარ დავლევო. მერე ალაჰი გამოსცხადებია და უთქვამს, ცოლთა გამო დალევაზე უარი არ ეთქვა.
ჰაფსას ძალიან უყვარდა მუჰამედი. საჩუქრებს თუ მიიღებდა, ხელს არ ახლებდა, ქმარს უნახავდა.
ზეინები უფრო ღარიბთა და უსახლკაროთა დედა იყო. მისი გვარის დანათესავება კონფლიქტის მოგვარებისთვის სჭირდებოდა. ქვრივი იყო და თავადაც მუჰამედთან ქორწილის მერე 3-4 თვე იცოცხლა.
მეორე ზეინებიც ჰყავდა მუჰამედს. რომელიც ჯერ მის შვილობილს გაჰყვა ცოლად, გათავისუფლებულ მონას. ამით მუჰამედმა სოციალურ ფენებს შორის კავშირის შექმნა გადაწყვიტა. კონტაქტი ვერ აეწყო და მაშინ სურა გარდმოვლინდა ალაჰისგან, ქალი მუჰამედს მოეყვანა, შეცდომის გამოსწორების გამო, მცდარი წეს-ჩვეულებების ამოსაძირკვად.
ქორწილისას ზეინებმა სამკაულები მოიხსნა და ახალი ამბების მაცნე მოახლეს გადასცა. არაფრით მივიდა ზეინები მუჰამედთან და მიუძღო კარაქში გახვეული მედინური ფინიკი. სწორედ ის გაჰყვა პირველი მუჰამედს სიკვდილის შემდეგ.
სამაგიეროდ, სხვა ცოლებთან შედარებით ყველაზე დიდხანს ჰინდიც იცოცხლა. უმმუ სელემეს ეძახდნენ, შვილი ჰყოლია დაღუპული, სელემე ერქვა, ჰოდა, შეარქვეს ”სელემეს დედა”. პრობლემებით აღსავსე იყო ჰინდის ცხოვრება მუჰამედამდე.
საქმროს თავიდან უარი უთხრა, მიზეზად შვილები მოიყვანა და თავისი ასაკი, ასევე ის, რომ ეჭვიანი ბუნების იყო და არც მაყარი ჰყავდა გვერდში რომ დადგომოდა. ეჭვიანობას გამოგისწორებ, ბავშვებზე ვიზრუნებ, ასაკს და მაყარსაც მნიშვნელობა არ აქვსო, მუჰამედმა.
მას ჰინდის მოყვანა აწყობდა, რთული საკითხების გადაჭრაში ეხმარებოდა, ქმრის სიკვდილის მერე კი მის შვილიშვილებს უვლიდა.
უმმუ ჰაბიბი ქვრივი ქალი იყო, ერთხელ საკუთარი არამორწმუნე მამა მუჰამედის საფენზე დაჯდომის ღირსად რომ არ გახადა. მასთან ქორწინების გამო მუსლიმებსა და ყურეშებს შორის ხიდი გაიდო.
როცა კვდებოდა, აიშე და ჰინდი მოიხმო და ლამის პატიებას სთხოვდა აქამდე რომ იცოცხლა. ძლიერ მორიდებული ქალი იყო უმმუ ჰაბიბი.
მგონი ყველა ქალს, რომელიც მუჰამედის ცოლი გახდა, ერთი სიზმარი აერთიანებთ, თითქოს მთვარე ჩამოვიდა მიწაზე და ხელებში დაეღვარათ. საფიე ტყვეობაში იყო, იგივე რომ ნახა. მათი შეუღლების რომანტიკული ისტორია ვიცი: სეირნობს მუჰამედი ტყვეთა ბანაკში, საფიეს იჩემებს და ეუბნება:
– ხომ არ ისურვებდი რამე უკეთესს?
საფირმო აზიური ღიმილით ეკითხებოდა მუჰამედი მას.
– რას გულისხმობ, მუჰამედ? – ვერ მიხვდა ქალი.
– ტყვეობიდან გიხსნა და ცოლად შეგირთო.
ცოტა ხანში საფიე გამუსულმანდა. მამასაც უნდოდა მისი დახსნა, რაც არ უნდა გიჭირდეს, არ შემარცხვინოო, არიგებდა. მაგრამ ერთხელაც ქალმა გამოუცხადა:
– მე ვირჩევ ალაჰის შუამავალს.
მამამ მიუგო: – შენ მე შემარცხვინე.
ყველა ცოლს უყვარდა მუჰამედი. ის კი ხშირად აიშეს ეკითხებოდა რჩევებს ქალებში.
– ოჰ, აიშე, როგორ მოგწონს საფიე?
– ჩვეულებრივი ქალია.
– ნუ ლაპარაკობ ასე, აიშე! მან გულწრფელად მიიღო ისლამი და მუსლიმი გახდა.
მაგრამ აიშე და ჰაფსა ხშირად დასცინოდნენ საფიეს იუდევლური წარმომავლობის გამო. სულ იუდეველს ეძახდნენ და ერთხელ აიშეს ისიც წამოსცდა, როგორი ტანდაბალი ხარო.
– ეს ისეთი რამ თქვი, აიშე, ზღვაში რომ მოხვდეს, მას მთლიანად დააბინძურებს, – გაკიცხა მუჰამედმა.
როცა მუჰამედი ავადმყოფობდა, შენ მაგივრად, ნეტა, მე მტკიოდესო, საფიემ უთხრა. ცოლებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს, მუჰამედმა კი თქვა, სიტყვებში გულწრფელია საფიეო.
ტყვეთა განმანთავისუფლებელი მეიმუნე გახლდათ. ვალებს იღებდა, რომ მონები ეხსნა. ხატიჯეს მერე მეორე ქალი იყო, ვისგანაც მუჰამედს შვილი ჰყავდა. ხშირად თვიურის დროს, როცა ნამაზის შესრულება არ შეიძლებოდა, მეიმუნე მუჰამედთან ჯდებოდა, მისი სამოსის კიდე რომ მოხვედროდა.
მუჰამედმა მას უთხრა, მექქას გარეთ გარდაიცვლებიო. სიკვდილის მოახლოვება რომ იგრძნო მეიმუნმა, დაიბარა, მექქადან გამიყვანეთ, წინასწარმეტყველება რომ ასრულდესო. ასე უწყობდა წინასწარმეტყველობაში მეიმუნე ხელს.
კიდევ ერთი ქალი იყო, მარიე კოპტიელი ეგვიპტიდან. ჯერ შვილი, იბრაჰიმი რომ დაიღუპა, სახლში ჩაიკეტა. მუჰამედი რომ მოუკვდა, ასკეტიზმში ჩავარდა. ჰადისებიც არ დაგვიტოვა.
ყველაზე მეტი ჰადისი მუჰამედთან ცხოვრებაზე და ალაჰზე აიშემ გადმოგვცა.
კაცობრიობის სიამაყე 50 წლიდან ირთავდა ცოლებს, მანამდე მარტო ერთი ჰყავდა. მათ სახე და ხელის მტევნებ დაფარულს უნდა ეარათ. ბედნიერი კაცი იყო მუჰამედი.
one night stand
<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ.
შენი ლილიტი. >>
თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.
ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.
ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.
ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.
ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.
იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.
იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
– იცოცხლებს?
– ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.
”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.
ბაბა იაგურად
ჩვეულებრივი სახლია ხის კედლებით და ინდაურის ფეხებით. დილით ადრე იღვიძებს და თავისი დინჯი ნაბიჯებით სამსახურში მივყავარ. შუქნიშნებზე ისიც ჩერდება. გაწელილი მთქნარებით ცალ ფეხს სწევს, თითებს ბზიკავს და ჭიმავს, შემდეგ მეორე ფეხს ანაცვლებს და რაც შეუძლია სწრაფად გარბის. საოცარი სანახაობაა უკნიდან: მისი დაბნეული სირბილი მანქანათა შორის. ამ დროს ოთახში ყველა ავეჯი ერთ კედელთანაა მიყრილი და გვეღვიძება.
სახლში ქმართან ერთად ვცხოვრობ. ამას წინათ გამომიცხადა: “მუდამ გაწეწილი თმა გაქვს და ბებრულად გაცვია, – სახლიდან მივდივარ.”
ქონების გადანაწილების ჯერი რომ დადგა, ვთქვი: “ცოცხი ჩემია.”
თქვა: “ავეჯი ჩემია.”
ერთად: “სახლი ჩემია.”
გადავწყვიტეთ სახლი დაგვეკლა და გაგვეყო. სახლმა კი საუბარი რომ მოისმინა, შეეშინდა და გაიქცა.
ქმარმა: “ერთად მოვძებნოთ.”
მე: “სახლი რომ ვიყო და ინდაურის ფეხები რომ მქონდეს, სად წავიდოდი?”
ქმარმა: “ტყეში მოვძებნოთ.”
ტყისკენ გავეშურეთ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, შეჯგუფებულ ხეებთან მივედით. შუაგულში ჩვენი სახლი იჯდა, კვერცხები დაედო და იქიდან პატარა სახლი იჩეკებოდა.
სახლმა: “არ დამკლათ, ახლა ორნი ვართ!”
ქმარმა ხელი ჩამჭიდა, ცრემლი მომწმინდა და მითხრა: “მინდა ჩვენც შენნაირი ჭაღარათმიანი და ლამაზი შვილი გვყავდეს.”
დავუბრუნდით ბინას და იქიდან კაი ხანი გამოდიოდა ხმები: “აჰ, წიპიდოხ, წიპიდოხ!”
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა
/წინასაახალწლო ამბავი/
თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.