ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

რიდერი და ტაბლეტი

Reader_of_novels

გაკვირვების თემა რომ გავნაგრძო, მეგობარს ახალი რიდერის საყიდლად ძველის გაყიდვა დასჭირდა და კიდობანს მივადექით. მივხვდი, რომ კამათი ქაღალდის წიგნი ჯობს თუ ელექტრონული, ჯერ კიდევ, ცოტა არ იყოს, ავანგარდულია. მის შესახებ არავინ იცოდა და არც ოდესმე ვინმეს უკითხავს.
სამაგიეროდ, ვაიფაიანი ტაბლეტები ინტერნეტ ვაჭრობასა და პრესტიჟულ მაღაზიებს გასცდა და მცირე დროში დიდ პროცესორიანი კომპიუტერებისა თუ ლეფტოპების გაყიდვა შეაფერხა. მე კი ერთი კაცის სიტყვებზე,  რიდერი არავის უკითხავს, კითხვა არავის უნდა, დაახლოებით ისეთი სახე მქონდა თანამშრომელმა 17 მაისზე რომ თქვა, ჰომოსექსუალები საქართველოში ათამდე არც იქნებიანო, მეორემ კი, გაცილებით პრესტიჟულმა პროგრამისტმა, ვის პროგრამებსაც სხვადასხვა ორგანიზაციები მთელ ქვეყანაში იცნობენ, მათი რიცხვი ოცდაათამდე გაზარდა. ანუ ის სახე, რომელიც სარკეში გაკითხინებს: შენ აქ არა ხარ? კაცმა შემატყო და თბილად გამიღიმა: ალბათ სხვა წრეში ხარ.
საღამო მეგობართან მაკში გავაგრძელე, ვისაუბრეთ მის კონფერენციებზე საზღვარგარეთ საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობებზე და სასხვათაშორისოდ უცხოური სტატია ვნახეთ ათ ყველაზე მოულოდნელ მაღალანაზღაურებიან პროფესიაზე: დამკრძალავი ბიუროს შემდეგ, მეორე ადგილზე მწერლები იყვნენ. 

ქინდლის რომანტიკა


შაბათ–კვირის ამინდია:
ბუხართან რომ ზიხარ, მუხლებში ჩაის ფინჯანი რომ გაგიჩხირავს და წიგნში საინტერესო ადგილებს ნიშნავ: ამას დავუბრუნდებიო.
დაბრუნება კი მომავალ ქარიშხალს, მაგნიტურ დღეს ან მთვარეობას შეგიძლია, – გარემო აქტიურობისთვის რომ გფიტავს და შიგნით იკეტები.
ისეთი ამინდია, მეგობრებთან წასვლას დაგაზარებს, კიდევ უფრო მიუახლოდები გამათბობელს და წერ.
წერა კი შეიძლება სახლშიც და გარეთ.
ამას წინათ გარეთ ძველ ლექტორს შევხვდი:
ჩინეთის სკოლებში შემოქმედებითი წრეაო გახსნილი: მწერლების პირადი დეტალების გავლით, ეპოქის სულიდან დაწყებული სტილისტური წყობით დასრულებული, ასწავლიან სხვადასხვა მწერალს.
საკონტროლო წერისას კი მათნაირად დაწერას სთხოვენ:
“დაწერე ისე, როგორც დაწერდა ჯოისი გლობალურ დათბობაზე”,
“დაწერე ისე, როგორც დაწერდა კაფკა დაბალ პენსიებზე” და სხვ.
პლაგიატი.
შენ დაგიწერია პლაგიატით?
სინამდვილეში, ამაში ცუდი არაფერია: ცდილობ ბოლომდე შეხვიდე მწერალში, გახსნა ის და შენს თავზე განიცადო სხვა.
მერე რა, რომ ჩინურად, მთავარია არ აითქვიფო. ალბათ.

თქვენი არ ვიცი და მე წიგნის წაკითხვამდე ძალიან მხიბლავდა ავტორის პირადის მოძიება.
წიგნის კითხვა ისტორიის გარეშე რიზომული კონტაქტია.
ამასობაში გავიგე, რომ ტერენტი გრანელი ომში ყოფილა, “მემენტო მორი” კი საბჭოთა ხელისუფლებას მიუძღვნა, ცოცხალი ადამიანები მიწაში რომ ჩამარხა:
ამდენი სხეულისგან თურმე მიწა იძროდა. ის კი საფლავებთან საათობით მდგარი, ტიროდა და მერე უთქვამს: სიკვდილი არც თქვენ აგცდებათო.
ტერენტი აუცილებლად იქნებოდა ბლოგერი.
დღიურად გაგვაცნობდა პირად ცხოვრებას. იწუწუნებდა: “აქ სხვები წერენ ქალის ფეხებზე, მე კიდევ ვუწერ უსაზღვროებას”.
მისნაირად რომ მეწერა, შევეცდებოდი გარკვევას, სად მთავრდება უსასრულობა.
სამაგიეროდ, მოთხრობებს ვერ ამთავრებდა ალ. ყაზბეგი.
სულიერად იყო ავად. წერდა და წერტილს ვერ სვამდა.
აი, უბრალოდ ვერ ამთავრებდა.
იმასაც ამბობენ, არავის დარჩენია ამდენი დაუსრულებელი ნაწარმოებიო.
მისნაირად რომ მეწერა, თუთიყუში რომ ყავდა, მოთხრობაში მის დიალოგებსაც ჩავურთავდი. გამოვიდოდა თითქოს ორი პიროვნება წერდა. ახლა მოდაშია ისტერიები.
ისტერიისგან შორს იქნებოდა ვაჟა.
იცი, სტალინისთვის გაურტყამს.
ჰო, ოღონდ სტალინი ჯერ ბავშვი იყო. ვაჟა სკოლაში მუშაობდა.
ისე გაარტყა, კიბიდან გადავარდა.
მერე საბჭოთა კავშირში კაი ხნით ვაჟას სწავლება აკრძალული იყო.
მე რომ მისნაირად მეწერა, აუცილებლად გამოვიდოდი წიგნის, როგორც ქაღალდთა კრებულის, წინააღმდეგ.
მწვანეთა რიგებში ჩავეწერებოდი და დავწერდი ხეებზე, რომლებსაც აჩანაგებენ მორიგი წიგნის ან ჟურნალის შექმნისთვის.
დავწერდი ხეზე, რომელსაც ჩეხავენ, ფართო მკრედიანი ქალი რომ დაახატონ.
ან თუნდაც ხეები დაახატონ და დაწერონ: “ტყე შეუნახე მამულსა”.

რა კარგი გამოგონებაა ქინდლი.
არც ხეს ჭრი, ისე კითხულობ.
რა კარგი გამოგონებაა გაზი.
არც ხეს წვავ, უბრალოდ თბები.
ძველ დროში როცა გაზეთის ან წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი გამოდიოდა, ახლა ათასობით ტირაჟით იბეჭდება.
მალე ხეზე შექმნილი პერიოდიკაც იწყებს გაქრობას.
მეგობრების მოთქმა კი წიგნის ვირტუალური სისტემით ჩანაცვლებაზე, ცაცხვების რომანტიკას გავს, რომ ქინდლს გადაფურცვლისას სუნი არ ასდის, რომ ნამდვილი წიგნი ქაღალდისაა და ა.შ.
როცა მათ ვეკითხები, რატომ ურჩევნიათ ქაღალდის ვარიანტი, პასუხობენ, რომ ხიბლი აქვს. ეს კი ისეთი პასუხია, გოგონებმა მონარქიაზე რომ მიპასუხეს: რომანტიკულია, წარმოიდგინე პრინცი და პრინცესა, როგორც ზღაპრებშია..