მოხუცი და ზღვა

/”კუბიკიანი სახლის” მიხედვით/

ამბობენ, სამყაროში დავიწყება რომ არ არსებობდეს, ადამიანები ორმოცს ვერ მიაღწევდნენო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამიწა წყალმა დაფარა და ადამიანები გადარჩენისთვის ამატებდნენ სართულებს.

ყოველი დილა თავთან შეკითხვით იწყება: როგორ ხარ? – და პასუხის გაცნობიერებით გრძელდება.
ოღონდ თბილ ლოგინში ჯერ ჩიბუხს გააბოლებდა, კისერს მოიფხანდა.

იმ ასაკში არ იყო, ცხოვრება რომ ესწავლა და სიკვდილს სწავლობდა, ალბომის ფონზე, ჩიბუხით ხელში, კომოდზე ცოლის ჯერ კიდევ შემორჩენილი სამკაულებით. ზღვა ჩანდა მისი ფანჯრიდან.

ყოველ ჯერზე აღებდა იატაკზე ამოჭრილ ფანჯარას და თევზაობდა ანკესით ხელში. ქვემოთ დაცურავდენ ქალაქები, ჩიტების ნაცვლად თევზები რომ არტყამენ წრეებს. ამბობდა:

– ვახშამზე თევზი და ღვინო მექნება, – არ ამბობდა, ფიქრობდა, იმდენი ხანი არ ესაუბრა, იფიქრებდი, საუბარი დაავიწყდაო. შეიძლება მართლა დაავიწყდა.

საამური საღამო იდგა, წყლის ფოთლებივით შრიალს უსმენდა, ტელევიზორმა მოთენთა და ჩააძინა.

დილით ისევ კისერი მოიფხანა, კომოდზე დადებული ჩიბუხი ხელის ცეცებით მოძებნა და ორივე ფეხი წყალში ჩატოპა, – იატაკზე გუბე დამდგარიყო, მის ანარეკლში ლივლივებდა ოთახი, ფანჯრიდან კი ზღვის ჰორიზონტი ჩანდა, მოცეკვავე თევზებს პირდაპირ კართან რომ რიყავდა.

დანანებით შეავლო თვალი კომოდზე დადებულ ცოლის სამკაულებს და რამდენიმე ფოტოს. სახურავზე კიბე მიადგა და გაჭირვებით აბობღდა, რადგან სახლის ზემოდან დაიწყო ახალი სახლის შენება. სახლის, სადაც დაეტეოდა ანკესი, მაგიდა თუ საწოლი. იმ სიმაღლეზე წყალი კიდევ კარგა ხანი არ მისწვდებოდა.

როცა ახალი სახლი გადახურა, ნავი აიღო და ნივთების წასაღებად დაბრუნდა. მხრებზე კომოდი მოიკიდა და ჩიბუხი გაუვარდა. იატაკზე ამოჭრილ ხვრელში ჩაუვარდა და ჩაყვა:

ჯერ ნიჩბებით იპოვნიდა, ეგონა, მერე ჩაყვინთვა გადაწყვიტა, ოთახების ჩავლით, ოთახების, რომლებსაც იატაკის ფანჯარა ამოჭრილი და გაღიავებული ჰქონდათ.

როცა დაკეტილი ფანჯარა დაინახა, ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი, დაცემული ჩიბუხი ნახა და აიღო.
ერთხელ ამ იატაკიდან სწორედ ეს ჩიბუხი მიაწოდა მეუღლემ, თავად ქანქარა სკამზე იჯდა, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოღონდ მოხრილი.

ცოლი არასდროს დასცინოდა, როცა მოხუცდა, გაკეთებულ სათვალეს რომ ეძებდა: “საყვარელო, ვერც მე შევამჩნიე, თურმე გიკეთია..”

გარისკა და ამ ოთახის ფანჯარაც გახსნა, ჯერ ზემოთ აიხედა, სუნთქვას მოუჭირა და გაცურა: იმ სახლში მოხვდა, სადაც ცალი საწოლი დატოვა და პატარა ტაბურეტკა კუთხეში, ღამეებს რომ უთენებდა მეუღლეს ავადმყოფობისას, მოუკეცავდა საბანს და ჩაათბუნებდა.

მერე კიდევ გარისკა, იატაკზე კიდევ გამოაღო ფანჯარა და ჩავიდა.

დივანი დახვდა. ის დივანი, რომელზეც მისი ცოლი და შვილი იჯდა ოჯახთან, თავად კამერას აყენებდა დროის რეჟიმზე. მათთან ერთად გაცუნცულდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოარტყა და დაცემის პროცესში იყო, რომ დაჩხაკუნდა. სასაცილო სურათი გამოვიდა, რომ ნახეს, ბევრი იცინეს.

მერე ახალი ოთახი იყო, ალბათ იმ პერიოდის, ცოლი რომ მოიყვანა, მშობლებს გააცნო და მოიყვანა.

ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქორწინება წარმოადგენდა მიზანს, რომელის გაცნობიერებას ოჯახური ცხოვრებით ახერხებდა. ისწავლა, რომ ცოლის გაღვიძების სწრაფი საშუალებაა, მისთვის სხვა ქალის სახელი დაეძახა. მერე ამაზე დიდხანს იცინოდა, ყოველ დილა კოცნიდა, ის კი ყოველ დილა უსწორებდა ჰალსტუხს. როგორ უყვარდა.. მერე შვილი. გემზე ჩასვა და სასწავლებლად გაუშვა. მაგიდაზე კარაქიანი პური დარჩა.

უფრო ღრმად ჩავიდა და სახლის ფსკერი ნახა, მიწაში ჩაშენებული ნივთებითა და იატაკზე აღარ იყო ფანჯარა.

კარები გააღო და გარეთ გავიდა, სახლს დაბლიდან მაღლა ახედა, მაღალი კოშკი იყო, მრავალგზის მიშენებული სახლებით, არქიტექტურით რომ წყალს გაქცეოდნენ. წყალი კი სულ მაღლა და მაღლა იწევდა.

გარშემო მისი ძველი ქალაქი იყო, შეყვარებული მისი მშობლები ბებერ ხეს წრეებს რომ არტყამდნენ, დაფრინავდნენ პეპლები და ჩიტუნები. მერე დაჭრეს და სახლი სულ აგურ–აგურ ააშენეს, ის სახლი, სადაც ცხოვრებას აპირებდნენ.

მაშინ სახლები ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, ამოდიოდა ბალახი და ხეხილი ყვაოდა. ისინი კი შეიყუჟებოდნენ სახლში და ღვინოს სვამდნენ ორცხობილასთან.

კაცს ცრემლი მოადგა, იატაკზე დაგდებული ჭიქა იპოვნა, თავის სართულზე აიტანა. ვახშმად ისევ თევზი ექნება და ღვინო. მაშინ ძალიან ბევრი თევზი დაუჭერიათ, ფრინველებიც თევზებად გადაიქცნენო. ეს სართული ბოლოა ალბათ.

 

 

 

 

 

ქალი, რომელმაც მამშობიარა

ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი.  ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.

მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.

ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.

ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.

ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…

არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში  დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.

მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.

მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.

აჩუ-აჩუ, დრაკონო, საით გაგაჭენო

1+1=1(3)

  ” უფალმა ადამი ღრმა ძილით დააძინა, ამოსჭრა ერთი ნეკნი და მისგან ევა შექმნა”. (მოსე).  

” დასაწყისში ცოლსა და ქმარს ჰქონდათ ერთი სხეული და ორი სახე. შემდეგ ღმერთმა მათი სხეული ორად გააპო და თითოეულს თავისი ხერხემალი მისცა”. (თალმუნი).  

 ჯერ კიდევ განუყოფელი არსება სრულ წონასწორობას ფლობდა. მთელი იყო. პლატონი ”ნადიმში” წერს, რომ ადრე ადამიანებს სხვა სქესი ჰქონდათ, ანდროგინები იყვნენ, ანუ სრულები. ბედნიერები იყვნენ და ღმერთისთვის დრო არ რჩებოდათ. და ღმერთმა ისინი გაყო. გაყო ქალად და კაცად. ნაწილებმა ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. ვინც იპოვნა, სრულყოფილებას ეზიარა. 

 ანდროგინი ჰერმაფროდიტი არაა. ეზოთერულ მოძღვრებებში ნათქვამია, რომ ჰერმაფროდიტი არასდროს არსებობდა. იყო მხოლოდ სწრაფად შეწყვეტილი ცდები.

 მდედრობითში დარჩა მამრობითი და მამრობითში – მდედრობითი. უარყოფითი და დადებითი ორივეში ნაწილდება.  დიფერენციის დროს წარმოებს საწყისების განცალკევება, ხოლო განცალკევებული საწყისები განსხვავებულ სფეროებში არიან გატაცებულნი. ეს საჭიროცაა. სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც საწყისებში ჩადებულმა მაგნიტმა გარდაქმნას და საწყისები გააერთიანოს. ესაა კოსმოსის მწვერვალი და იდეალური დასრულება.  

 კაბალა ამბობს, რომ იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთაც შენს ირგვლივ ხედავ, მათი სულები უნდა ნახო, ანუ ის პაწაწინა წერტილი, მარცვალივით რომ ნებისმიერ ადამიანში არსებობს. სიყვარული კი ამ ორი მარცვლის ერთიანობაა. მაგრამ მათ სწამთ სულის დაყოფის. მაგალითად, რეინკარნაციის დროს ქალს ვერაფერი დაეხმარება მამაკაცად დაბადებაში. ის იბადება ქალად, იმიტომ, რომ სულის სხვა ტიპი აქვს. ქალის სული კაცის სული მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ კაცის სული აცხონოს. ქმრის სულის ცხონებით, სული თვითონაც გაუბრწყინდება. 

ინდოეთს კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი თვითჩაღრმავებისკენ და სამყაროს მთლიანობის ძიებისკენ. თუმცა კასტების სისტემამ და ქალებისადმი დამოკიდებულებამ, ეს პროცესი შეაფერხა. აქ ქალის გაუთხოვრობა უბედურებად ითვლება. ბავშვებს ხშირად ჩვილობის ასაკში ათხოვებენ. მეტიც, ათხოვებენ ორსულ მდგომარეობაში მყოფი დედის მომავალ შვილებს. თუ ერთი სქესის ორი ბავშვი იბადება, ბრამინები მას ქორწინების აუცილებლობისგან ათავისუფლებენ. აქ ქალს არ აქვს უფლება, მხოლოდ მოვალეობათა ხროვა. მართალია, ინგლისის მთავრობამ გარდაცვლილ ქმრებთან ერთად ქვრივი ქალების დაწვა აკრძალა, მაგრამ ბრამინებმა მათ სიკვდილზე გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს. ქალს თმას და წარბებს პარსავენ, ოჯახის წევრებს რომ მონებად ემსახურონ.

  თეოსოფოსების აზრით, ადამიანი ბრძენია, თუ იმას შეიცნობს ამ ქვეყანაზე, რასაც სიკვდილის მერე იგრძნობს ანუ შეიმეცნებს რა მთლიანობას სამყაროსთან და საკუთარ აზრებს არ მიმართავს ეგოისტურად მხოლოდ თავისკენ. ნარცისიზმი ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, რადგან ადამიანი აღარ ვითარდება, – ღრუბლების სახით აზრთა ნაკადი ჯგუფდება და ისევ მას აზიანებს.

 ტანტრათი დაკავების შემთხვევაში, საწყისების გაერთიანებით ადამიანები იცნობენ ორგაზმს და მის მერე ჭეშმარიტებას. აქ ორგაზმი განხილულია როგორც ველი და არა როგორც სიამოვნების პიკი. მთავარია გრძნობა (ანუ გონება) არ უშლიდეს ხელს. ამ დროს სრული გათიშვა უნდა ხდებოდეს სამყაროსგან.

 ძველად, ვენერასა და  მარსს ერთ ადამიანად გამოსახავდნენ. ვენერას უკეთებდნენ კაცურ გარეგნობას და ამით მარსთან შერწყმის ხდომილებას კვეთდნენ. მაგრამ მერე პლატონისეული სიყვარულიდან რომანტიკული სიყვარულის გავლით სიყვარულის ფროიდისეულ, იუნგისეულ  გაგებასთან ვჩერდებით: ყველა კაცშია ფარული ქალი, ანიმა. სამყაროს კი საკუთარი სქესი ამოძრავებს.

 ჩემი აზრით, სიყვარულში სამების, სამი ერთიანობის კანონი უნდა იყოს: ფიზიკურობის,  მენტალობის, სულიერების ( Душа́ ). ერთის დაკლების შემთხვევაშიც, ირღვევა მეორე ნახევრის პრინციპი. ვერ გამოვყოფ, რომელია ურთიერთობის მწვერვალი: ფიზიკური სიახლოვე, გონებრივი შეთავსება თუ სულიერი მხარე. ყოველშემთხვევაში, ქალი კაცის ისეთივე ნაწილია, როგორც კაცი ქალისთვის. ესაა ინი და იანის პრინციპი. ერთობა კი ძირფესვიანად მოქმედებს სულზე ( Дуx ). თუმცა ორი ადამიანი ეს დუალიზმია. მათ მესამე ( შვილი ) აკლიათ სამებისთვის.

ძაფის გორგოლა ანუ ერთი სულის ნული ისტორია

ნაგავსაყრელთან გამიგორდა
ძაფის გორგოლა,
შენ დაეწიე და მომართვი
მასზე აკრული ორშვილიანი ჭიანჭველა,
რომელიც დაქვრივდა.
მითხარი: ეშმაკს
არ მიჰყიდე სული,
თავად იგი გევაჭრება:
იაფად ვყიდი სულს,
სანაცვლოდ სხეული მომე, –
მოვწევ და გავალო.